ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახ
ჟანრი: პროზა
25 იანვარი, 2015


თბილი თბილისის ცივი უბნები

პლაზმური ტელევიზორის გამოსხივება,პრესტიჟული უბნის თანამედროვე ბინას,ათასობით ფერით ავსებს.ხმა საშუალოზე ბევრად მაღალა აწეული და მონოტორულად ეფინება "რიგის ქუჩას".აქ დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი და ავტომობილი გადი-გამოდის.ახლა კი ,ღამის 3 საათზე,მხოლოდ მარტოსული,თავისავე მოვარდისფრო ათინათში გახვეული ლამპიონი დგას და ებრძვის ბნელ ღამესა და ცივ ნოსტალგიას.

    5 საათია.უკვე ირიჟრაჟა.როგორც მთელი ღამის ნატანჯი ტელევიზორი იუწყება, თბილი და მზიანი დღე ელის თბილისს. "რიგის ქუჩაზე" მოხუცი ქალის სილუეტი გამოჩნდა.იგი სწრაფად მიუახლოვდა ლამპიონს და უკვე რიტუალად ქცეული სიმარჯვით მოკალათდა თავისსავე მოტანილ სკამზე.ქალი ასაკის მიუხედავად ენერგიულად გამოიყურება.გამხმარი ხელების ერთმანეთზე სწრაფი ხახუნისა და მათზე ხშირი დაურთქლების 5 წუთიანი ცერემონიის შემდეგ,თითქმის განდევნა მთელი ღამის ნაგროვები სიცივე.(არა სიცივე ჩვეულებრივი გაგებით,არამედ ნესტიანი და ბნელი ხიდის ქვეშ გატარებული ღამის სიცივე.)

    აი სამი საათიც გავიდა.ღამის ათასფრად მოციმციმე თბილისი-დღის ხალხით მოფუსფუსე ქალაქად გადაიქცა.პროგნოზი გამართლდა.მზე ანათებდა და ცაზე ერთი ღრუბელიც  არ იყო გაწოლილი.მოხუც ქალს უკვე მოეგროვებინა ორიოდე ლარი, რაც "რიგის ქუჩის" ადრე ამდგარმა მოსახლეობამ გაიმეტა.მათთვის ეს უკვე რიტუალად ქცეულიყო,რადგან ქალი10 წელია ამ ქუჩას სტუმრობდა და ის მოსახლეობა,ვინც თავიდანვე დაეხმარა წვრილი ხურდებით,შემდგომაც აგრძელებდა ამ ქველმოქმედებას.ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე იყო "სკლეროზით" დაავადებული ქალი- გიული.სწორედ იმ ბინის პატრონი,სადაც მუდამ ტელევიზორი იყო ჩართული,განურჩევლად იმისა უყურებდნენ თუ არა მას.გიული მარტო ცხოვრობდა.შვილები საქმიანი მოქალაქეები იყვნენ და  თვეში ერთხელ თუ მოაკიტხავდნენ ხოლმე დედას.ფულს მოუტანდნენ,ეტყოდნენ ხომ არაფერი გიჭირსო და მიდიოდნენ.ოჰ როგორ უნდოდა შველებთან უფრო დიდი დროის გატარება გიულის.უბრალოდ მათი ამბების მოსმენ,მათი ჭირისა და ლხინის გაზიარება უნდოდა დედას და არა ცივი მისალმება,დამადლებული ფულადი ანგარიშწორება და უსწრაფესი დამშვიდობება.(სკლეროზი ყველაფერს ავიწყებდა ამ სურვილის გარდა.)გიული ყოველ დილას მიდიოდა პურის საყიდლად და ორ ლარამდე ამდიდრებდა მოხუცი ქალის ბიუჯეტს.ლარს გავლისას აძლევდა.ლარსაც გამოვლისას.რადგან, სკლეროზის გამო, აღარ ახსოვდა მისცა თუ არა გავლისას.                                         

    როგორც ხედავთ მოხუცი ქალი ბედს არ უჩიოდა.მას ყველაზე უიღბლო დღესაც კი შეეძლო იმდენი ფულის შეგროვება,რომ გამოკვებავდა არა მარტო საკუთარ თავს,არამედ კიდევ 3-4 მოშიებულ ქართველ ვაჟკაცსაც.ამ მხრივ "რიგის ქუჩა" ნამდვილი განძის კუნძული იყო და სწორედ ეს აწუხებდა მოხუცსაც.ეს ხომ საიდუმლო კუნძული არ იყო და ამრიგად მასთან მისვლა და ჩაზიარებაც ყველას შეეძლო.მისი ყველაზე დიდი კონკურენტები იყვნენ "ციგნები",რომელთაგან არაერთხელ მოხვედრია კიდეც.მათხოვრებში ასეთი წესია: ადგილი იმისია ვინც პირველი მივიდა და დაიკავა.მაგრამ ამ წესს არავინ ასრულებდა დიდი ხალისით და მოხუცის დაკავებულ ქუჩას ხშირად სტუმრობდნენ მისი კონკურენტები.ასეთ პერიოდში მოხუცს ერთი კაცი შველოდა,რომელიც ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაცვად მუშაობდა და ვერ იტანდა უსამართლობას.ყოფილა შემთხვევა,როდესაც ჩხუბიც მოსვლია მოძალებულ მათხოვრებთან და გაჭირვებით შეუნარჩუნებია ქუჩა მოხუცისთვის.მოხუციც არ რჩებოდა ვალში.მეგობრობაზე მეგობრობით პასუხობდა და ხშირად ფუნთუშები მიჰქონდა მისთვის.(ამ შემთხვევაში დაცვის ხელფასი რამდენადმე ჩამორჩებოდა მოხუცის გამომუშავებულ ფულს.დაცვა ფულს  ტკბილეულობაში ვერ დახარჯავდა- მას ხომ ყავდა ცოლ-შვილი,რომელთაც მხოლოდ ხელფასის დღეს უნდოდათ ქმარი თუ მამა.)

    გავიდა კიდევ რამოდენიმე საათი.მოხუცი ქალი კმაყოფილი ღიმილით ათვალიერებდა მომავალ "მსხვერპლებს".მას უკვე საკმარისზე მეტი ფული ეშოვა და აზარტში შესული ცდილობდა გამოცნობას: თუ ვისთვის ღირდა ფულის თხოვნა და ვისთვის არა.(თუმცა მაინც ყველას სთხოვდა.)ჩნდება კითხვა:სად მიჰქონდა მოხუც ქალს ამდენი ფული?რატომ არ ქირაობდა ბინას მაინც,რათა თავშესაფარი ჰქონოდა? სხვადასხვა აზრი იყო ხალხში: ზოგი ფიქრობდა,რომ იგი ფულს თავის შვილს უგზავნიდა,რომელიც თურმე ციხეში იჯდა საზღვარგარეთ.ზოგის აზრით მას ფული ბანკში შეჰქონდა,რათა უძლურობის ჟამს გამოეყენებინა სამკურნალოდ.იყო ვერსიაც,რომ მას უბრალოდ ფულის დაგროვება უყვარდა და მთელი ათი წლის ნაგროვები ფული ერთ ძველ ჩემოდანში ედო,რომელსაც სულ თან დაატარებდა მოხუცი.სწორედ ამ ვერსიას ემხრობოდა მის ნაცნობთა უმრავლესობა,რადგან მოხუცს განსაკუთრებულად უყვარდა ეს ჩემოდანი.სხვისი თანდასწრებით  არასდროს ხსნიდა და მუდამ გულმოდგინედ იცავდა.

    მოსაღამოვდა.თუმცა თბილისი ამ დროს უფრო ცოცხლდება ხოლმე.ლამპიონი აინთო მოხუცის თავს ზემოთ.სულ ტყუილა.მის ნათებას ამ დროს არ ჰქონდა ისეთ ეფექტი,როგორიც ბნელ ღამეში მბჟუტავ ლამპიონს აქვს ხოლმე.ბინაში კვლავ განაგრძობდა მონოლოგს პლაზმური ტელევიზორი.მოხუცმა მიაყურადა.პოლიტიკური გადაცემა დაწყილიყო.მიდიოდა ტკბილი ბაასი: თუ როგორ შენდება ქვეყანა,კლებულობს უმუშევრობა და როგორ შფოთავენ დასავლეთის დიპლომატები.თურმე პოლიტიკურადაც დათბა თბილისშიო დაასკვნა მოხუცმა.ტელევიზორთან მჯდომი გიული კი ფიქრობდა ,თუ რა კარგი იქნებოდა ადემიანურ ურთიერთობებშიც გაჩენილიყო ისეთი სითბო, როგორ ტკბილადაც თბილოდა ამ დღეს თბილისში.

      უფრო დაღამდა.თბილი თბილისის ზმანება თანდათან გაქრა და ნათლად გამოიკვეთა ცივი უბნებისა და ცივი ღამის პერსპექტივა.მოხუცი დაღლილიყო.გადაწყვიტა ფუნთუშა ეჭამა (რბილი საკვები ერჩივნა მიეღო 5-6 კბილის  პატრონს).ქუჩაში არავინ ჩანდა.აიღო ჩემოდანი და წავიდა საცხობისკენ.

-მიდი მოემზადე!ვერ ხედავ?...გამოვიდა.

-ვხედავ.დაიმალე!მარტივად მოვუვლით.

-კარგი,როგორც მოვილაპარაკეთ,დავუცადოთ.

      მოხუცი მიდიოდა და არ იცოდა დიალოგის შესახებ,რომელიც ქუჩების კვეთაზე გაიმართა ორ ახალგაზრდას შორის.ისინი დიდი ხანია მოხუცს უთვალთვალებდნენ და მასზე მეტად მისი ძველი ჩემოდანი აინტერესებდათ.მოუთმენლად ელოდნენ ქალის მიახლოებას და სანუკვარი ნივთის ხელში ჩაგდებას.მათი გაანგარშებით,რამდენიმე წუთში, უდიდესი განძის მფლობელები გახდებოდნენ.მართლაც,ყველაფერმა ელვისებური სისწრაფით ჩაიარა და რაც მთავარია მძარცველებიასთვის წარმატებით დასრულდა. ერთ-ერთმა მათგანმა მოხუცს გზა გადაუჭრა.მეორემ  დაარტყა,შემდეგ ჩემოდანი გამოსტაცა და ორივე მათგანი სწრაფად მიეფარა თვალთახედვის არეს.მოხუცმაც სწრაფად გაიაზრა სიტუაცია და თავს მოდუნების უფლება არ მისცა.ძლიერი ტკივილის მიუხედავად,თავდაუზოგავად გაიქცა მშენებარე ობიექტზე და ხმამაღლა უხმობდა დაცვას დასახმარებლად.მისდა საუბედუროდ დაცვა ავად გამხდარიყო,მისი შემცვლელი კი უჟმური კაცი გამოდგა და ქალის ცრემლიანმა და ნატანჯმა სახემ ვერ მოალბო,უხეშად გაუძახა გარეთ.ცრემლიანი ქალი ქუჩაში დაიარებოდა,შველას ითხოვდა და დიდძალ თანხას,მთელ თავის ქონებას პირდებოდა იმას, ვინც ჩემოდანს დაუბრუნებდა.იცოდა, პოლიციას თუ ეტყოდა გამტაცებლები ჩემოდანს არ დაუბრუნებდნენ,ამიტომ ცდილობდა,როგორმე გამტაცებლებამდე მიეწვდინა ხმა და გამოესყიდა თავისი ჩემოდანი.

      -ჰა,მოვდეით,მიდი გახსენი!

      -ეხლავე.არ იღება... საკეტს გავტეხავ.

      -ხომ გახსოვს!? 50-50 ზე ვიყოფთ!აბა ჩამახედე,რა დევს?

      - ფუუ,მაგის დედაც! ეგ წყეული კუდიანი.აქ არაფერია,მხოლოდ რაღაც "ხარახურა".ბილეთები,წყლის თოფი,რაღაცის გასაღები და ძველი დიქტოფონია.ხო კიდევ წამლის აბებიცაა,მაგრამ ამ ყველაფერს კაპიკის ფასიც არ აქვს.

      -შეუძლებელია!ჩემოდანში ძვირფასეულობა უნდა ყოფილიყო.აბა რატომ უფრთხილდებოდა ასე სათუთად?

      - ეშმაკმა იცის,წყეული დედაბერი...ჯობია დროზე მოვიშოროთ ეს ნაგავი!

    მოხუცი ქალი სულიერ ტკივილს განიცდიდა.ხშირად ხდება რომ,ის რაც ერთი ადამიანისთვის ნაგავია,მეორისთვის განძი აღმოჩნდება ხოლმე.ეხლაც ასე მოხდა.მოხუცის საყვარელ ჩემოდანში მთელი მისი მოგონებები იდო,რაც მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს ერჩივნა.ჩემოდანში იდო: დიქტოფონი-რომელზეც მისი გარდაცვლილი მეუღლისა და შვილების ხმა იყო ჩაწერილი.ისინი საშობაო სიმღერას მღეროდნენ.(სწორედ ამ ჩანაწერის მოსმენით თბებოდა მოხუცი ნესტიანი და ცივი ხიდის ქვეშ,ფიზიკურ სიცივეს დევნიდა ხმებით მოგვრილი სულიერი სითბო).ასევე იქ იყო მათი სახლის გასაღები,სადაც გადავიდა მეუღლესთან ერთად ქორწინების შემდგომ და გაზარდა ტყუპი გოგონები.ჩემოდანში ინახავდა წამლის აბებსაც,რომელიც ავადმყოფობისას შვილებმა ამოუტანეს აფთიაქიდან და მათმა ამ საქციელმა მალევე გამოაჯანმრთელა.(ეს მხოლოდ წამლის დამსახურება არ ყოფილა).მეოთხე ნივთი ჩემოდანში- ეს იყო წყლის თოფი,რომელიც მან თავად უყიდა გოგონებს ერთ ცხელ ზაფხულს და რომლის გამოც ტყუპებს მუდამ კამათი ქონდათ.დაობდნენ თუ პირველს რომელს უნდა გაეწუწა  დედიკო და მამიკო. ბოლო ჩემოდნის საგანძურიდან კი იყო თეატრის ბილეთები.ეს  ქალს ახსენებდა იმ საბედისწერო დღეს,როდესაც მისმა ოჯახმა უყურა საბავშვო სპექტაკლს "ბურატინო".ამ სპექტაკლზე ბავშვებმა ბევრი იხალისეს.ნასიამოვნებნი ბრუნდებოდნენ შინ. გზაში,ერთ-ერთ ქუჩასთან,საშინელ ავტოავარიაში მოყვნენ.ქალის მეუღლე და შვილები დაიხოცნენ.თვითონ გადარჩა,მაგრამ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.გაყიდა მისი საყვარელი ბინა,ოჯახის წევრების დაკრძალვისა და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად.დაკარგა ყველაფერი გარდა ჩენმოდნისა და გახდა ის,ვინც ზემოთ უკვე გავიცანით.ადამიანი,ვისაც მოგონებები ფულზე ბევრად უღირდა და ფულსაც მხოლოდ იმიტომ აგროვებდა,რომ მისი ერთ-ერთი მოგონება-ბინა-უკან გამოესყიდა.ამით კი დაებრუნებინა მყუდრო თავშესაფარი ანუ მოგონებებთან,ნოსტალგიასთან და მარტოობასთან მარტო დარჩენის საშუალება.

    მზიანი თბილისის სითბოთი სავსე ქუჩებს,ღამის სიცივე ამ სითბოს პარავდა.ქალი შუა ქუჩაში იჯდა,ათი წლის ნაგროვები ფული წინ გაეფინა და ყველა გამვლელს სთავაზობდა. -აიღეთ,აიღეთ მე აღარ მჭირდება.ეს თქვენი ფულია,თქვენი წყეული ფული,მაგრამ მე ფული აღარ მჭირდება! დამიბრუნეთ მოგონებები! დამიბრუნეთ დაკარგული სითბო და წაიღეთ რაც გინდათ,წაიღეთ!წაიღეთ!ყველაფერი წაიღეთ...                                                                                             

    ...და იყო ღამე.ლამპიონი კვლავ ებრძოდა ღამის სიცივეს და ბნელ ნოსტალგიას.ტელევიზორი კვლავაც გადმოსცემდა ახალ ამბებს,დასავლეთზე, თბილ თბილისსა და მეგობრულ მსოფლიოზე.ქალის ყოფილი ბინის ადგილას ახალი შენობა შენდებოდა.ავარიის ადგილზე-ლამპიონის ქვეშ-კი იდო სხეული,რომელსაც აღარ ქონდა სულიერი ძალა გამკლავებოდა ღამის სიცივეს.ამ დროს მის სულს მიაფრენდნენ ნელა, მაღლა და მაღლა.ისე როგორც,ღამის სიცივე მიაფრენს  თბილი თბილისის უბნების სითბოს. 
                                                                                                                  ***.                                                                                                                                                                                    P.S.    თანამედროვე სამყაროში ხშირად ადამიანს ავიწყდება ის,რაც ჭეშმარიტადაა ღირებული.ჩვენ გვავიწყდება,რომ ყოველი ადამიანის მიღმა იმალება პიროვნება,რომელმაც ხანგრძლივი,ტკბილ-მწარე ცხოვრება განვლო.რომელიც ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს ბედნიერების მოსაპოვებლად.ჭეშმარიტ ბედნიერებას კი მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები იწვევს.ნამდვილი,ადამიანური ურთიერთობები და გულწრფელობა გვაქცევს ჩვენ ბედნიერ ადამიანებად.არა-თანამედროვე ტექნიკის მიღწევები.არა-ფული.არა- სტატუსი.არამედ სითბო,სითბო და მხოლოდდამხოლოდ სითბოა საჭირო ჭეშმარიტი ბედნიერების მოსაპოვებლად.ხოდა გთხოვთ,ვთხოვ საკუთარ თავს და საზოგადოებას- ნუ წავართმევთ სითბოს თბილისის ქუჩებს,ნუ წავართმევთ სითბოს საქართველოს.ყველამ ჩვენ-ჩვენი,დამიანური სითბო ვაჩუქოთ  ერთმანეთს და ნახავთ როგორ დათბება ყველა ქალაქში,ყველა უბანში და რაც მთავარია ჩვენს გულებში ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები