ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილიგრიმი
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2015


ხელმოცარულნი

  თამბაქოსა და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ, თვალისათვის მეტად უამურ დაწესებულებაში, რომელსაც ერთნი _ ,,პივნოიდ,“ მეორენი _ ,,ზაბეგალოვკად,“ მესამენი _ ლუდის ბარად,  ხოლო მეოთხენი (იშვიათთაგან უიშვიათესნი) ლუდხანად უხმობდნენ, იმ დღესაც, ჩვეულებრივ, საკმაოდ ჭრელ საზოგადოებას შეეყარა თავი. დაწესებულების ერთადერთ სამკაულს მისივე სახელწოდება ,,ტაო“ წარმოადგენდა. მეპატრონეს, ვარლამ (ვოვა) გაბისკირიას  ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე (თავის დროზე ეს დაწესებულება სახელწოდებიანად შეისყიდა ვინმე ჯ. შაინიძისგან) და გულში იდუმალ ნატვრასაც ატარებდა, ,,ოჩამჩირედ“ გადაენათლა ,,ტაო“. ამ წადილით მოსვენებაგანძარცვულმა, ერთხელ, სარეკლამო წარმოება ,,firstmaker"-საც  მიაკითხა, თუმცა რეკლამის მამების მირ შეთავაზებული ყველაზე შეღავათიანი ტარიფებიც კი მეტისმეტად ძვირად მოეჩვენა თავის ნოსტალგიასთან შედარებით დაკარგული ტერიტორიების მიმართ და ასე დარჩა ,,ტაო“ ,,ტაოდ.“
  თუ ლუდხანის გაზუნტლულ მაგიდებს, მორყეულ სკამებს, ტუჩჩამოტეხილ კათხებს და მიმტანის უგერგილო გამომეტყველებასაც მიიღებდით მხედველობაში, აშკარა იყო, არცერთ მეტროსექსუალს აქ სიცოცხლეში არ შემოსცდენია ფეხი,  ეს კი, თავის მხრივ, ვერაფრით ახუნებდა აქ მყოფთა სიჭრელეს.
  ასე მაგ:
  მარჯვენა კუთხეში , გამაგრილებელი სასმელების სულამოცლილ მაცივარზე ძალად მიხორცებულ მაგიდასთან მჯდომი ვინმე ანზორი, სრულიად უადგილოდ ედავებოდა მიმტანს ფასების სიძვირეზე. მართალია, მიმტანი ოდნავადაც არ აუღელვებია კლიენტის პროტესტს, მაგრამ მათმა საუბარმა მეზობელ მაგიდასთან  მსხდომი, უმუშევარ ეკონომისტ ბადრისა და მასთან სტუმრად მყოფი სოფლელი ნათესავის _ ინდ. მეწ. ანტონის ყურადღება მიიპყრო და მათაც, უმტკივნეულოდ გადაიტანეს განხილვის თემა თანამედროვე სოსისის ვარგისიანობიდან ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაზე.
_ როდესაც სახელმწიფო ბევრ ფულს ბეჭდავს, მაშინ კურსი ავტომატურად ეცემა. _ დაიწყო ბადრიმ ახსნა, მაგრამ ანტონს არაფრით სურდა ამის ყურში შეშვება:
_ რაია, ძამა, იცი? ადრე მე რომ ხბოს გავზრდიდი და დოვუშვათ, იმას მანათად გავყიდდი, ახლა თუ იგივე ხბოში ორ მანათს გადამიხდიან, აგი ნიშნავს რომ საქონელზე მოთხოვნა გეიზარდა და აი კაია. მარა თუ იმ ორი მანათით ზუსტად იმდენ პროდუქტს ვიყიდი, რასაც ადრე მანათად ვახერხებდი, ამას ფულის გაფუჭება ქვია. ა, ამფერი ეკონომიკის ცოდნით ვცხოვრობთ ჩვენ ლანჩხუთში. ისე რავა ვთქვა, მარა მე ერთ მანეთს ორი მირჩოვნია მაინც!
_  კი, მაგრამ ვინც მხოლოდ ხელფასზეა დამოკიდებული?
_ ა, აბდალია აი _ ჩაიფშლუკუნა გურულმა _ წამევიდნენ სოფელში და გაზარდონ იგენმაც ხბოი!
  ეს მეტნაკლებად საამური საუბარი  მოპირდაპირე მაგიდასთან ამტყდარმა ჩოჩქოლმა შეაწყვეტინათ. ახალგაზრდა პოეტს, როლანდ ჯავრაძეს, გადაეწყვიტა სწორედ აქ და ახლავე წარედგინა თავისი კოლეგა-მეგობრებისთვის ახალი პოემა და  მკერდგაბრექილი, ცალფეხწინწარსდგმული, მჭექარე ხმით კითხულობდა თავის ,,მეკუბოვეს.“
  ,,ტაომ“ სული განაბა.
  პოემაში მოთხრობილი იყო ამბავი გიორგი ჯიბლაძისა, რომელსაც დღიდან დაბადებისა აქობამდის, სხვა საქმე არა უკეთებია რა, ოდენ კუბოების დამზადებისა და ამა კეთილშობილს საქმეში სრულყოფილებისთვინ უწევნია. ერთ დღესაც, როცა მას თავად სწვევია სიკვდილი, გიორგის უთქვამს: ამდენი წელია სხვებს ვუკეთებ კუბოებს და გევედრები, მადროვე ერთი კვირა, ბარემ საკუთარ თავსაც მე ავუგებ ძვალშესანახსო. არ ჰქონია გიორგის ცუდი რეპუტაცია სიკვდილის თვალში და დაუნანებლად მიუბოძებია შვიდი დღის სიცოცხლე. ოღონდ სიტყვა სიტყვა იყოსო, დაუბარებია წასვლის წინ.  იქნებ ეგ ცელიც აქ დაგეტოვებინათ, ბატონო, თორემ ხომ იცით, ხათრიანი კაცი ვარ და ამ ერთი კვირის განმავლობაში ვინმე კუბოსთვის რომ მომადგეს, ჩემს საქმეს მოვცდებიო. მთლად ზედმეტიც ნუ მოგივაო _ კოპები შეუკრავს სიკვდილს _ დღეს ისეთი დროა, უჩემობა არსად ვარგა, მე კი უცელოდ არ ვვარგივარ არსადო. მაგრამ გპირდები, რომ საქართველოში ადამის არცერთ შთამომავალს ფრჩხილიც არ წამოსტკივდება შენს აღსასრულამდეო.
  ერთი კვირა არცა რა უსმია, არცა უხმია, არცა უძინია და არცა წამი დაუკარგავს დასასვენებლად გიორგის. კვირის თავზე კუბო შექმნა, ავ თვალს არ ეჩვენებოდა, თურმე. ფერი ისეთი ჰქონდა, დავინჩს ყალამი გაუცუდდებოდა მის გადმოსაცემად. ლაქი ისეთი ეცხო, თითი რომ დაგეკაკუნებინათ, სტრადივარსაც დააღონებდა მისი ხმა. ლეიბი ისე იყო ზამბარებით გაწყობილი, რომ მასთან შედარებით ღრუბლის სარეცელი თივისა გეგონებოდათ. აქვე გახლდათ წარმოდგენილი მიცვალებულის ნორმალური არსებობისთვის აუცილებელი ისეთი პირობები, როგორიცაა: გათბობისა და გაგრილების სისტემა, უახლესი აუდიო სისტემა, სენსორული მონიტორი ინტერნეტისთვის და სხვ. მრ.
    სულ ბოლოს, კუბო ყველაზე მტკიცე საკეტით აღჭურვა, რომელიც სახურავის დაფარებისთანავე ავტომატურად ირაზებოდა. უკანასკნელი ჭანჭიკის მიმაგრება და სიკვდილის მოსვლა ერთი იყო.
მზად ხარო? _ ჰკითხა გიორგის.
მზად ვარ, ბატონო, მიმსახურეო.
გიორგი, ეს რა გიქნია შე, შეჩვენებულოო? _ მრავლისმნახველი სიკვდილიც კი შეუზარავს კუბოს მშვენიერებას.
თქვენი წყალობითა და შემწეობითო.
გიორგი, კაცი ხარ ქვეყანაზე, ერთი წამით დამაჭაშნიკებინე შენი კუბო, თორემ ვკვდები ინტერესითო. _ აცმუკებულა სულთამხუთავი.
შენგან დავალებული არ ვიყო, ბარემ არ დაგრთავდი ნებას, მაგრამ ახლა სხვა რა ჩარააო.
  ჩაწვა თურმე სულთმექარავნე კუბოში, ჩართო მუსიკა, თვალები მიელულა ,,ჩაკრულოს“ ჰანგზე... მერე პოემაში აღარ ჩანდა, გიორგის ეს წინასწარ ჰქონდა განზრახული, თუ სწორედ მაშინ ეწვია ცბიერი აზრი _ მოულოდნელად, ჰკრა ხელი კუბოს სახურავს და წამის უმალ სიკვდილი სამუდამოდ გამოამწყვდია მკვდართა განსასვენებელში. ამის შემდეგ აღარავინ კვდებოდა დედამიწაზე. სულ ბოლოს კი, როლანდი შეგონებით ასრულებდა პოემას: მოუფრთხილდით, მოუფრთხილდით გიორგის, თორემ თუ აიყარა გული მოყვასზე და გაათავისუფლა კუბოდან სიკვდილი, ე, მერე ნახეთ თქვენი სიკვდილიო.
_ ა, კიდომ ერთი აბდალი! _ ჩაიფშლუკუნა გურულმა ისევ და ლუდის კათხას ურქინა.
  ,,ტაოს“ დანარჩენი შემადგენლობა სხვაგვარად სჯიდა: მიმტან ქალს, რომელსაც გულგრილი გამომეტყველება ძილშიაც კი არა ტოვებდა, წამით, თითქოს სულში ჩასწვდა პოეზიის სხივი _ თვალები აუელვარდა, ბაგენი ვნებიანად გამოებურცა და ჰაეროვანი ამბორიც სტყორცნა მაესტროს... მერე კი, სხივი თანდისთანობით ჩაიბჟუტა და ბოლოს მთლად ჩაქრა. სხვანი თანამიმდევრულად გაჰყვიროდნენ ,,ბრავო“ და დაღლამდე სცემდნენ ტაშს. როლანდის მზეს მცირე ღრუბელი მაშინ ჩამოეფარა, როცა მისმა ერთ-ერთმა თანამეინახემ შენიშნა, ნაწარმოებში რამდენსამე ალაგს, სწორედაც რომ ჰქონდა ალაგი ერთი და იმავე მეტყველების ნაწილის (კერძოდ ზმნის) სარითმო წყვილად გამოყენებას, რაც დაუშვებლად მიაჩნდა ყველას.
_ ამოდენა თხზულება შევქმენი და შენ იქ სამიოდე ზმნის გარდა ვერაფერი აღმოაჩინე?! _ დაიგრგვინა როლანდმა.
  ჰაერის დამძიმებას მეხის გავარდნაც მალე მოჰყვებოდა, მიმტან ქალს, მოულოდნელად, პოეზიის მთელი კოცონი რომ არ აჰგიზგიზებოდა სულში კვლავ:
          ,,ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს,
          ასე ჩუმი, ასე ნაზი, ჯერ ცა მე არ მახსოვს...“
ან მთლად უარესი:
          ,,რომ აჩრდილნო, მე თქვენს ახლოს სიკვდილს ვეგებები,
          რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები...“
  წაუციტირა მეტიჩარა ოფიციანტმა პირდაღებულ ახალგაზრდა პოეტებს და მსწრაფლ გაიძურწა. როლანდ ჯავრაძემ კი იმ დღიდან ურყევად იწამა, რომ მიმტან ქალებზე უფრო პოეტური არსებანი არსად იპოვებიან.
  დროსტარებაში მხოლოდ ორი ადამიანი არ იღებდა მონაწილეობას. ისინი ცალ-ცალკე ისხდნენ და ერთი შეხედვით, საერთო მხოლოდ ის ჰქონდათ, რომ განუწყვეტლივ თამბაქოს აბოლებდნენ და ყოველი საათის მხოლოდ ერთ მეოთხედს უთმობდნენ 180 გრადუსით მზერას.
  ერთი, რომელიც ,,ტაოს“ შესასვლელშივე მდგარ მაგიდას ერთგულებდა, მაღალი იყო, ღიპიანი და ცხვირს მოზრდილი მეჭეჭი უმშვენებდა. თმაშევერცხლილს, მარჯვენა ხელის არათითი  ოქროს რგოლით აღეჭურვა, სახე კი _ მსხვილი ულვაშით.
  მეორე, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა სტუმართა გასამხიარულებლად გამართულ მუსიკალური ცენტრის სიახლოვეს (და ამის გამოისობით ფრიად შეჭირვებულიც გახლდათ) საშუალო სიმაღლისა იყო, ტანწვრილი და თმათხელი. ყავისფერი, ზოლებიანი შალვარ-კოსტიუმი ემოსა, ფეხები კი, ჭვინტზეაპრეხილ, ქუსლებჩაკეცილ ტუფლებში ჩაეწყო.
  პირველი კათხას კათხაზე ცლიდა ლუდისას, მეორე მხოლოდ ჩაის მიირთმევდა და სწორედ ამ მიზეზით იწვევდა ანტიპათიას ვოვა გაბისკირიას სამწყსოში.
  თუმცა, მთელი ,,ტაოური“ ღრეობის მანძილზე, მხოლოდ მათი ცქერით უნდა ყოფილიყავით დაკავებული, ამ ორი ადამიანის კიდევ ერთი, უუცნაურესი საერთო ,,ჩვევა“ რომ აღმოგეჩინათ: 
  მაღალს, ლუდხანაში შემოსვლისას, მთლად ფხიზელი ადამიანის იერი ეცხო, მაგრამ კარის ზღურბლს ისე სიღრმისეულად წამოსდო ფეხი, მთელი ტანით მოადინა ზღართანი იატაკზე.
  არც დაბალს  გაუმართლა _ დაჯდომისთანავე უმტყუნა სკამმა და ბეჭებით გაეკრა იატაკს.
  მაღალმა ლუდი შეუკვეთა _ მიმტანმა უშფოთველად გადაავლო ნახევარი კათხა კრემისფერი სვიტერის სახელოზე.
  დაბალმა შავი ჩაი მოითხოვა _ მწვანე მოართვეს.
  მაღალმა ლუდის კათხის სატუჩეზე მარილის მოყრა გადაწყვიტა _ მარცხენათი სამარილე მოიმარჯვა და სწორედ მაშინ, როცა მარჯვენაც უნდა ჩაერთო საქმეში, სამარილე ხელიდან გაუცურდა და კათხაში მოადინა ტყაპანი.
  დაბალს, როგორც იქნა, აღირსეს მუქი ჩაის მოტანა, კოვზითაც აღიჭურვა სითხის დასატკბობად, მაგრამ სწორედ იმ წამს ამოეწურა 180 გრადუსით მზერის საათობრივი ლიმიტი, რის გამოც საშაქრეს ხელი წაჰკრა და დააპნია.
  ამ ორ უიღბლოს შორის მაინც იყო ერთი განმასხვავებელი ნიშან-თვისება _ მაღალი ყოველ პირად მარცხს საარაკო სიდინჯით, ხოლო დაბლის უმწეობას კეთილი ღიმილით ხვდებოდა. დაბალს კი კბილთა ღრჭენა ეძალებოდა წარუმატებლობისას და მაღლის არსებობას საერთოდაც ვერ ამჩნევდა.
  ერთ-ერთი ასეთი ხელისმოცარვის შემდგომ მაღალი წამოდგა, ,,ტაოში“ შესმული ლუდის მსხვილი წილი ,,ტაოსივე“ საპირფარეშოში დატოვა, მერე ზურგის მხრიდან მიუახლოვდა დაბალს, ტუჩები ყურთან მიუტანა და რბილი, ხავერდოვანი ხმით წასჩურჩულა:
_ მაინც რომელ ხერხს ამჯობინებდით, ბატონო?
_ ალბათ, თოკს! _ უპასუხა უცნობმა, თავმოუბრუნებლად.

                            (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები