ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2015


  ჩამოტვირთვა

წერილი არეული ფურცლების ქუჩიდან

წერილი არეული ფურცლების ქუჩიდან
                                                                                                            ადრესატი: შენ
                                                                                                            საფოსტო ინდექსი: 14
                                                                                                           

„შენი თვალები იმდენად ღრმაა, ზღვასაც კი შეშურდებოდა შიგ ჩაგუბებული სილურჯის“.
                                                                                                      ყვითელი წერილებიდან.

როცა შუადღის ჯამში ჩაფშვნის ხმიადს საღამო
და გაუწოდებს პირველ ლუკმას დამშეულ ღამეს,
ზურგით ვბრუნდები, შენი ღმერთი მიდგას პირისპირ
და ვარსკვლავებად აცემინებს ჩემს ლოცვებს ცაზე,
როგორც ომის დროს ალალბედად გაფრენილ ტყვიებს
და ხერხემლიდან ჩამოცვენილ თოთხმეტ აპრილებს,
ქარია დღესაც,- შენი პალტოს სარჩულში მდგარი
დადის კარდაკარ, შენს სიყვარულს ხალხში არიგებს.
ხალხი ბევრია. რამდენია. ჰეე, სად მთავრდება ...
მე თვალუწვდენელ რიგის ბოლოს ვდგავარ მორჩილი,
იქნებ გაწვიმდეს, იქნებ თავსხმამ ხალხი დაშალოს
და შენი გული მე მომერგოს ოქროს ქოშივით....
ღმერთმა თუ წვიმამ, მნიშვნელობა არ აქვს, ინება-
ქუჩა აივსო ტალახებით, გუბე-ტბორებით,
სამყარო ადგა,- წარღვნის შიშით სადღაც წავიდა
(იმ დალოცვილი წარღვნის შიშით) და შენ მოხვედი.
უმატა წვიმამ. კიდობანი მოჰქონდათ დევებს,
ჭიპი მოვწყვიტეთ ზღვის შუაგულს, ჩავუშვით ღუზა,
იყო ზაფხულის პარასკევი - გრძნობებით მსგეფსი
და ფეხაკრეფით მიდიოდნენ სიტყვები ყულფთან.
გათენებამდე უკემსავდნენ ზეცას ფარაჯას,
თუმც მთელი ღამე ძაფის ზოლში წვეთავდა წვიმა,
პეშვით მასმევდი ნეტარებას, სველსა და მოტკბოს
და ნისკარტებით ეწეოდნენ ჩიტები დილას.
მერე ცამ  ფარდა გადასწია, ხელი შეახო
ღრუბელს. ღრუბელი დაიღვარა კივილად, ოფლად,
მზე დაიბადა და ჩემს თმებზე ჩამოაძინე
და მოგყვებოდი უკან... გაღმა... გამოღმა... ცოლად ...
ვხნავდით სიყვარულს აფუებულ გულის ბოლქვებში,
ვზელდით, ვაცხობდით მოლოდინებს, მომავალს, იმედს,
ვიმკეთ ყოველი, ერთობლივად რაც კი დავთესეთ
და თითო ყლუპად აბოჭილი წყალივით ვივლეთ.
შემოდგომისას შენი ხათრით კიდებდა ნისლი
სარეცხებივით ხის ტოტებზე თექვსმეტ ნოემბრებს,
და მივდიოდით ზამთრებისკენ და იმის იქით
მივდიოდით და ვბრუნდებოდით უკან ყოველდღე.
და მერე თოვდა. გულს ირევდა ფიფქებით ღმერთი
თმებში მაპნევდა მუჭა-მუჭა შენს ორ თებერვლებს,
შეესეოდნენ ყვავილები ცხვრებივით ბილიკს
გაზაფხული  კი მწვანე ნაბადს შლიდა სერებზე...
ახლაც ნესტოებს ვაფართოებ, როცა ქარს შენი
სურნელი მოაქვს, მინდა ქარი სულ შენით ვიცნო,
და ვენთო ასე მოლოდინით ჩამქრალ ქუჩებში,
ცამ ვასრკვლავები ვერ აანთოს ერთ დღესაც ვინძლო;
ჩემი თვალების ჩაგუბებულ სიღრმე-სილურჯეს
გამოგაკიდებ, დაგადევნებ სინათლედ გზაში,
მეც გამოვყვები, მოვიხურავ კარს და ვიქნები
წყალიც, ჰაერიც, ლუკმა პურიც, საწოლიც, სახლიც...
და გადის წლები, კიდობანი ზღვაში ტივტივებს
ისევ თოთხმეტი აპრილების წვიმებით სველი,
ქარი კი ახლა ჩვენს სიყვარულს არიგებს ხალხში,
გამოხეული სარჩულებით, ბებერი ძვლებით ...
ვფიქრობ, ძვირფასო, ამ ფიქრს განა ყავლი გაუვა,
როს გაუწოდებს პირველ ლუკმას საღამო ღამეს,
ვწვები და ვიცი, სასთუმალთან უფალი მიდგას
ვარსკვლავებად რომ აცემინებს ჩემს ლოცვებს ცაზე,
შენთვის ვლოცულობ,
თუნდაც მთელი ღამე იარე ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები