ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აინინა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 მარტი, 2015


„ორი ქვეყნის საზღვრად ვდგავარ“ ( მურაკამის „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“ მიხედვით)

ახლახან „ურაკპარაკის“ ლიტერატურული პორტალის მეშვეობით ჟანრი და ლუიზა ლოდეშვილებმა შემოგვთავაზეს ჰარუკი მურაკამის შესანიშნავი რომანის „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“ შესანიშნავი თარგმანი. ტყუილად არ უთქვამთ, რომ ეს არის რომანი, რომელიც ერთიანად მსჭვალავს მკითხველს (самый пронзительный роман) უნდა ვაღიარო, რომ  მეც დიდხანს მაფიქრა,  მაკითხა, მაქექინა ტექსტი, ბოლოს კი ეს წერილიც დამაწერინა.
      რომ გადახედოთ ინტერნეტში არსებულ რეცენზიებს, გაოცდებით, იმდენად სხვადასხვაგვარადაა აღქმული მურაკამის ეს რომანი.უამრავი კითხვა ჩნდება კითხვისას და როგორც ეს პოსტმოდერნისტული ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი, მწერალი საშულებას აძლევს მკითხველს თავისი განვითარებისდა მიხედვით გაიაზროს და უპასუხოს ამ კითხვებს, ამიტომაც იმ უცნაურ, იდუმალებით აღსავსე სიუჟეტებს, რომლებიც  რომანში გვხვდება, მკითხველი სხვადასხვაგვარად ხსნის. (არის მოსაზრება,  რომ მასში საუბარია მიღმა სამყაროსთან ურთიერთობის შესახებ ან, პირიქით, არაა არავითარი  მისტიკა  თუ ფანტასმაგორია (В романе нет мистики, нет фантасмагории, нет даже привычной для Мураками иронии.); რომ რომანში  „საშუალო ასაკის“ კრიზისია ასახული;  ზოგი მიიჩნევს, რომ ჰაჯიმეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი მისი ავადმყოფური ფსიქიკის ნაყოფია;  ბუნდოვანია რომანის დასასრულიც, ვისი ხელი ეხება „ქსელიდან გამორთულ“ ჰაჯიმეს, ცოლის, როგორც ზოგიერთები ვარაუდობენ, რათა ძველ ცხოვრებას დაუბრუნოს თუ სიკვდილის, რომელსაც შიმამატოს სამყაროში გადაჰყავს?)  იმიტომაცაა საინტერესო ეს რომანი, რომ მწერალი  საშუალებას აძლევს მკითხველს, თავად შეკრას, ააწყოს თუ დაასრულოს ნაწარმოები.
    მკითხველისთვის  ეს რომანი, ასევე, საინტერესოა ეგზისტენციალური თემებით, როგორიცაა:  პიროვნების ბედი  სამყაროში, რწმენა და ურწმუნოება, სიცოცხლის აზრის დაკარგვა თუ პოვნა. ალბათ ყველა, ვისაც განსჯის უნარი შერჩენია, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იწყებს ფიქრს,  შეასრულა  თა არა თავისი ამქვეყნიური მისია, იცხოვრა კი თავისი ცხოვრებით, რა შეცდომები დაუშვა, შესაძლოა თუ არა მათი კორექცია სიცოცხლის დარჩენილ წლებში? სწორედ ამ საკითხებს ეხება ჰაჯიმე, როცა თავისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
    დავიწყებ იმით, რომ მურაკამის რომანი, როგორც ამას ინტერნეტსაიტები გვამცნობენ,  დაუწერია ამერიკაში, სადაც იგი 1991 წელს გადასულა საცხოვრებლად. „მურაკამი უცებ მიხვდა, რომ სურდა დაეწერა თავისი თავისა და თავისი ხალხის შესახებ. ის წერდა, რომ საკუთარ ქვეყანაზე წერა ადვილია, როცა ის შენგან შორსაა. შორიდან მას ისეთს ხედავ, როგორიც სინამდვილეშია“.ამ ინფორმაციას თუ გავითვალისწენებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს რომანი იაპონიისა და იაპონელების შესახებაა, იმ განსხვავების შესახებ, რაც არსებობს დასავლურ  და აღმოსავლურ კულტურათა შორის, კიდევ უფრო თუ დავაკონკრეტებთ, თავად მწერლისა და მშობლიური ქვეყნის დამოკიდებულების ჩვენების, საკუთარი „სულის ცხოვრებაში“ წვდომის მცდელობაა,    ამიტომაც სამყარო, რომელშიც ჰაჯიმეს სულს გვიხატავს, რეალურისა და არარეალურის ნაზავს წარმოადგენს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში, მაგრამ სული გამუდმებით იკვებება მიღმა სამყაროსეული იმპულსებით, ამიტომაც ადამიანი  ორივე სამყაროს ატარებს თავის თავში.(„არსებობს ისეთი რამეც, რასაც ვერც ვხედავ და ვერც შევიგრძნობ. მოდი დავუძახოთ მათ გრძნობები ანდა შესაძლებლობანი. ისინი სადღაციდან მოდიან და ერთმანეთს ერწყმიან ჩემს შიგნით. მათ მე არ ვირჩევ და მათზე პასუხს ვერ ვაგებ.''-ამბობს ჰაჯიმე) სული და სულიერი სამყარო მოუხელთებელი, საიდუმლოებით მოცული, არსებული და თან არ არსებული სფეროა ადამიანისთვის, ვფიქრობ, მურაკამის რომანის არარეალისტური ეპიზოდები სწორედ ამის მისანიშნებლად სჭირდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, მურაკამისთვის მიღმა სამყარო ისეთივე რალურია, როგორც ჩვენი, მიწიერი:“ იაპონიაში ეს ორი სამყარო ძალიან ახლო-ახლოს დგას ერთმანეთთან. ჩვენ უამრავი ღმერთი გვყავს და მე სულ მქონდა იმის განცდა, რომ სულების სამყარო ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ისეთი შეგრძნება მაქვს, ზღვარზე გადაბიჯებამ რომ მომიწიოს, ჩემთვის ეს ადვილი იქნება. დასავლელისთვის ეს ასეთი იოლი საქმე არაა, იაპონიაში კი იქ მოხვედრას თუ მოისურვებ, ჩათვალე, რომ უკვე იქ ხარ. ჩემს წიგნებში თუ, მაგალითად, ვინმე ჭის ფსკერზე აღმოჩნდება, ის უკვე სხვა სამყაროშია. ასეთი რამეები ადვილად გამომდის. ძნელია, მონახო განსხვავება ამ და იმ სამყაროებს შორის და სწორედ ამ აზრის გაზიარება მინდა ხოლმე..... თუ არსებობს კარი ამ და იმ სამყაროებს შორის, შენ უბრალოდ გაინტერესებს, რა ხდება იქ. მე ყოველდღე ასე ვაკეთებ - შევდივარ, რომ ვნახო, თუ რა არის იქ, მერე კი უკან ვბრუნდები და იქ ნანახის შესახებ ვწერ. ყველაზე რთული მაინც იქიდან დაბრუნებაა. თუ თქვენ ამის უნარი ან ტექნიკა არ გაგაჩნიათ, მაშინ უკან ვეღარ დაბრუნდებით. პირველი, რაც ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, ისაა, თუ როგორ მოხვდეთ იქ, მეორე კი, როგორ უნდა დაბრუნდეთ უკან.“(ინტერვიუ მურაკამთან).
        „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“ პირველად 1992 წელს გამოქვეყნებულა. რისი თქმის სურვილი გაუჩინა მწერალს გარკვეული დროის განმავლობაში  საკუთარი ქვეყნისგან დისტანციით ცხოვრებამ?  წერენ, რომ „ მურაკამი არასასურველი ცნობადი სახეა საკუთარ ქვეყანაში, მწერალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ზედმეტი ყურადღებისგან იცავდა თავს. იგი ცხოვრობდა როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში.“ რამ გამოიწვია ის , რომ „არასასურველ ცნობად“ სახედ ქცეულიყო სამშობლოში?  ესაა მისი დასავლური ორიენტაცია: „როდესაც ჰარუკი 2 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად კობეში გადავიდა. კობე უწესრიგო საპორტო ქალაქი იყო, რომელშიც მუდმივად უცხოელები ირეოდნენ(განსაკუთრებით ამერიკელი მეზღვაურები). სწორედ ამან განაპირობა მურაკამის მიერ სხვადასხვა კულტურების კარგად ათვისების უნარი.  უარყო რა იაპონური ლიტერატურა, ხელოვნება და მუსიკა, ჯერ კიდევ პატარა მურაკამიმ დაიწყო იმ სამყაროს შეცნობა, რომელიც იაპონიის გარეთ იყო, იმ სამყაროსი, რომელსაც მხოლოდ ჯაზის ჩანაწერების, ჰოლივუდური ფილმებისა და რამდენიმეცენტიანი წიგნების მეშვეობით იცნობდა.“
    რომანის  მთავარი გმირის სახელი ჰაჯიმე „დასაწყისს“ ნიშნავს. იგი 1951 წელს დაბადებულა. ახალი ცხოვრების დასაწყისად კი , ვფიქრობ, უნდა მივიჩნიოთ ის ცვლილებები, რაც მოუტანა იაპონიას მეორე მსოფლიო ომმა და მის  შემდგომ „ იაპონური მილიტარიზმის ევროპული დემოკრატიით“ შეცვალამ.ჰაჯიმე-პერსონაჟი  ორი კულტურის ფასეულობათა აღრევისა თუ შერწყმის მტკივნეული პროცესის ნაყოფია. იგი განსხვავებულია თავის თანატოლებისგან, თავისი ხალხისგან. ამაზე მწერალი მიგვანიშნებს უპ. ყოვლისა  იმით, რომ  იგი დედისერთაა,  (ასევე შიმამოტოც), რაც იშვიათი მოვლენა ყოფილა მანამდე  იაპონიაში. (იმ ქალაქში, სადაც მე ვიზრდებოდი, ოჯახებში ჩვეულებრივ ორი, ან სამი შვილი ჰყავდათ. ბავშვობის დროინდელი ჩემი ამხანაგებიც სწორედ ასეთი ოჯახიშვილები იყვნენ. თუ ოჯახი ორშვილიანი არ იყო, მაშინ მათ სამი შვილი ჰყავდათ და პირიქით, თუ ოჯახი სამშვილიანი არ იყო,მაშინ მათ ორი შვილი უნდა ჰყოლოდათ. ექვს, ან შვიდშვილიანი ოჯახები მართლაც ძალიან დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იშვიათობა ერთშვილიანი ოჯახი გახლდათ.ჰაჯიმე და შიმამოტო  არ იზრდებიან  იაპონელთათვის დამახასიათებელ კოლექტიურ გარემოში, პირიქით, გაურბიან თანატოლებთან ურთიერთობას, მარტოსულები არიან და არც არავისთან მეგობრობენ ერთმანეთის გარდა.) ადამიანის სული ისწრაფის თავისუფლებისკენ, რაეალური ცხოვრება, საზოგადოება, ტრადიციები კი ზღუდავს ამ თავისუფლებას. ჰაჯიმეს სული ამ თავისუფლებას  ევროპული კლასიკური მუსიკის საშუალებით ეზიარა, ( მუსიკის ენა ხომ უნივერსალურია;) ხოლო ვინც აზიარა, ეს შიმამოტოა, მისი ბავშვობის მეგობარი, ოცნების ქალი და  მისი „სულის ტოლი“. ჰაჯიმესთვის ეს  მუსიკა, ხელოვნება  ასოცირდება ოცნებისეულ, მშვენიერ, იდეალურ სამყაროსთან, „სამხრეთით, საზღვარს მიღმა, რომლის შესახებაც მღეროდა ნათ კინგ კოული მის და შიმამოტოს საყვარელ სიმღერაში “ South of the Border”; ესაა მისი სულიერი განვითარების,  „ საკუთარი გამორჩეულობის, ინდივიდულობის შეგრძნების,ახალ ცხოვრებასთან ზიარების, არსებობის ახალ დონეზე“ ასვლის საშუალება, ვინაიდან, მისი აზრით, „....რაც მსოფლიოს ამოძრავებს. ესაა ხელოვნება“: .... ჩემი ნაცნობებიდან არავის, რა თქმა უნდა, შომამოტოს თუ არ ჩავთვლით, ლისტის საფორტეპიანო კონცერტები არასდროს არ მოესმინა. ამ ფაქტის მარტო წარმოდგენაც კი მაამაყებდა. მე ხომ ისეთ სამყაროში შევაბიჯე, სადაც ჩემი ნაცნობები არასდროს ყოფილან, თითქოს საიდუმლო ბაღი ყოფილიყოს, სადაც შესვლის ნება მხოლოდ მე დამრთეს. ვუსმენდი და ვგრძნობდი, ზევით როგორ ვიწეოდი, როგორ ავდიოდი არსებობის ახალ დონეზე“.      ჰაჯიმეს მთელი ცხოვრება ამ სამყაროსკენ ლტოლვა და მისი ძიებაა, ეს იქცა მისი ბედნიერებისა და ამავე დროს  ტრაგედიის მიზეზადაც. მიილტვის რა ჰაჯიმე ამ ოცნებისეულ სამყაროსკენ, მშობლიური კულტურა და ტრადიციები, თავის ღრმა ფესვებით თავისკენ იზიდავენ, ითრევენ.  ეს გაორება იწვევს სწორედ მის ტანჯვას. ჰაჯიმეს ,ერთი მხრივ, აწუხებს ის, რომ არ გაუშვას ხელიდან შესაძლებლობა, რათა მოიპოვოს სიყვარული, ბედნიერება; არ დაკარგოს ოცნების უნარი, საკუთარი სახე; გააღწიოს საზღვარს მიღმა, სამხრეთით;  მეორე მხრივ, საშინლად განიცდის, როგორც ჭეშმარიტი იაპონელი, თავის უღირსებობას, ეგოიზმს, ღალატს, რაც სდევს მის ინდივილუალისტურ სურვილებს. მისი სიყრმისეული ორი სიყვარული,შიმამატოსა და იძუმის მიმართ, სწორედ ამ ორ სამყაროს უნდა  განასახიერებდეს. ჩემი აზრით, შიმამატო და იძუმის სახეები სიმბოლური სახეებია.  შიმამოტო სულიერი სამყაროა, იგი ასოცირდება სილურჯესთან, თავისუფლებასთან, ოცნებისეულ სამყაროსთან.  „როკენროლი ყველაზე მეტად მომწონდა, მაგრამ მალე შიმამოტოსთან მოსმენილ კლასიკურ მუსიკასაც გავუგე გემო. ის იყო სულ სხვა სამყაროდან მოსული მუსიკა და თავისი განუმეორებელი მიზიდულობა ჰქონდა, ოღონდ მე ის მუსიკა იმის გამო უფრო მიყვარდა, რომ "ის" ნაწილი იყო იმ სამყაროსი.” შიმამოტოს, 12 წლის გოგონას რამდენიმე წამის ხელის შეხებამ აზიარა იგი მარადიულთან და ამამაღლებელ, დაუვიწყარ თავისუფალ უცხო სამყაროსთან, ამიტომაც აღარ შეუძლია მისი დავიწყება : “თავისი ხელით, ჩემსაზე შეხებით, მან გამაგებინა და დამანახა მათი არსებობა, ჩვენი რეალური სამყაროს გვერდით. იმ ათიოდე წამის მანძილზე, პაწია ჩიტად გადავიქეცი, რომელიც ჰაერში აიჭრა და ქარივით მიფრინავდა. ციდან თვალსაწიერი გამიფართოვდა, მაგრამ სიშორის გამო სიცხადე დავკარგე,იმასაც მივხდი, რომ ერთხელაც იქნებოდა, იქ აუცილებლად მივაღწევდი“. არსებობს კი რეალურად ეს სამყარო?  არსებული სიმღერის არარსებული ალბომი ნათ კინგ კოულისა ეჭვის ბურუსში გვხვევს, ისევე როგორც სულის ან მიღმა სამყაროს არსებობის ჭეშმარიტება-არაჭეშმარიტება, რაც ასე დამახასიათებელია ადამიანური ბუნებისთვის. 
....იძუმი კი რეალურ ცხოვრებასთან, მშობლიურ კულტურასთან, ტრადიციებთან ასიცირდება, არც თუ თვალისმომჭრელი, სულის მიმტაცი, მაგრამ საოცრად მიმზიდველი, ახლობელი, მშობლიური, „სასიამოვნო და გულიანი“ აი ისეთი, ხალხს რომ მოსწონთ“. იძუმი  დედისერთა არაა, მას და-ძმა ჰყავს. ჰაჯიმესგან განსხვავებით, მას მოსწონდა გარემო, სადაც აღიზარდა,  და „არაფრით არ უნდოდა გასცდენოდა შეჩვეულ სიტუციას. არასდროს გაუტაცია ისეთ რამეს, რაც ჭამას ან ძილს დაავიწყებდა. უყვარდა და პატივს სცემდა მშობლებს, მაგრამ ზედმეტად დამოკიდებული იყო მათზე. მისი შეხედულებები ყოველთვის წინასწარ შეგეძლო გამოგეცნოთ, ისინი მთლიანად ემთხვეოდა 16-17 წლის გოგო-ბიჭების სტანდარტულ წარმოდგენებს, რაც თავისთავად მოულოდნელი არ ყოფილა.“ უცხო კულტურას ნაზიარები ჰაჯიმესგან  განსხვავებული ინტერესები ჰქონდა, ვერ იგებდა იმ წიგნებს, ჰაჯიმე რომ კითხულობდა და არც ის მუსიკა მოსწონდა, ჰაჯიმე რომ უსმენდა.  მაგრამ  სწორედ ის ცდილობს ჩაუნერგოს მოვალეობის გრძნობა, ღირსებისა და საკუთარი თავის რწმენა ანუ აზიაროს იაპონურ ფასეულობებს:''მჯერა, შესანიშნავი პიროვნება გახდები, არის შენში რაღაც განსაკუთრებული'',- ხშირად და მთელი სერიოზულობით მეუბნებოდა. ჩემი არასდროს, არავის არ სჯეროდა ისე, როგორც მას.“ როცა მას ღალატობს,  ჰაჯიმე გააცნობიერებს, რომ ამით „გული მარტო იძუმისათვის არ მოუკლავს“. არამედ „ საკუთარი თავისთვისაც მიუყენებია ჭრილობა,“ მიხვდა, რომ იძუმი „ყოველთვის სადღაც იყო და ელოდებოდა, რომელიმე ქუჩის კუთხეში, ანდა რომელიმე მინის მიღმა. ელოდებოდა მის გამოჩენას. მარტო მას ელოდებოდა. მწერალი იძუმისთან ჰაჯიმეს დაშორებით გვაჩვენებს, რამდენად მტკივნეულია და ამავე დროს  შეუძლებელი, მოწყდე რეალობას, მშობლიურ  კულტურასა და ტრადიციებს, ვინაიდან სიღრმეში წასული ღონიერი ფესვებით ხარ მასზე მიჯაჭვული.საყურადღებოა ისიც, რომ იძუმის დედისერთასთან უღალატა, სწორედ იძუმის მიმართ ღალატმა გაუღვიძა ჰაჯიმეს და გაახსენა თავისი ქვეყნის ფასეულობები.(„ამ ქვეყნის  (იაპონიის)მოქალაქეთა უმეტესობას  ხომ ღირსება სიცოცხლეზე მეტად უღირს. ეს ფილოსოფია იაპონიაში საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. იაპონელი ნებისმიერ საქმეს ვალდებულების კუთხით უდგება: იგი ვალდებულია ემსახუროს სახელმწიფოს, იგი ვალდებულია იყოს პატიოსანი, იგი ვალდებულია ბოლომდე დაიხარჯოს სამსახურში, იგი ვალდებულია ყველაფერი გაიღოს სამშობლოსთვის.“) ამას კი მოჰყვა სინანული, სირცხვილის გრძნობა :  „ეჭვს გარეშეა, რომ მე ვიყავი პიროვნება, რომელსაც ბოროტების ჩადენა შეეძლო. მართალია არასდროს დამიგეგმავს, ვინმესთვის ზიანის მიყენება, მაგრამ თუ დამჭირდებოდა, შემეძლო მემოქმედა, როგორც ეგოიზმით სავსე, სასტიკ პიროვნებას. ისეთი ადამიანი ვიყავი, ვისაც შეეძლო, საპატიო რამის მომიზეზებით, მოუშუშებელი ტკივილი მიეყენებინა მათთვის, ვინც გულუბრყვილობის გამო მიენდნენ. როცა ოცი წლის გავხდი, მწარედ ამეკვიატა ერთი აზრი "იქნებ სამუდამოდ დავკარგე ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბების შანსი?" იქნებ ჩემს პიროვნებაში დაბადებიდანვეა ჩადებული ის, რისი შედეგიცაა ჩემს მიერ ჩადენილი შეცდომები? თითქოს უსაშველოდ ვვარდებოდი და ვიცოდი, ძირს რაც მელოდებოდა.“  იძუმის სახე, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ, ნაყოფია სწორედ იმ სინდისის ქენჯნისა, სინანულისა, რასაც განიცდის იაპონელი როცა უღირსებოდ იქცევა, როცა პასუხისმგებლობას არიდებს თავს.
        ჰაჯიმე თითქოს ყოველთვის შიმამოტოს აძლევდა უპირატესობას, მაგრამ იძუმის სახეც ასევე მოუშორებდლად სდევს: „ხშირად მიმტვრევია თავი, თუ როგორ დამებრუნებინა იძუმი, ანდა როგორ მენახა ხელახლა შიმამოტო.“ამ ორი ადამიანის ადგილი 12 წლის განმავლობაში ვერავინ შეუვსო, ამიტომ ჰაჯიმეს ცხოვრება ამ პერიოდში მარტოსული, უსიხარულო და უინტერესოა.  „სამსახური მეტად მოსაწყენი იყო, თუმც თვითონ კომპანია სულაც არ იყო ურიგო. ჩემი პრობლემა ის იყო, რომ სასწავლო წიგნების გამოცემა, ოდნავადაც არ მანიჭებდა სიამოვნებას. დასაწყისში ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, რათა ამ საქმიანობით  რაიმე ღირებული შექმნილიყო. ნახევარი წელი მთელი გულმოდგინებით ვმუშაობდი და ველოდებოდი, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილი დავრჩებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის მერე შევეგუე, რომ სამსახური არ იყო ის, რაც მე ოდესმე კმაყოფილებას მომიტანდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ცხოვრების დასასრული თვალებში მომჩერებოდა. ერთმანეთზე უფრო მოსაწყენი თვეები და წლები თანდათან გაილეოდა და სიცარიელის გარდა არაფერი შემრჩებოდა. პენსიამდე ოცდაცამეტი წელი მაკლდა.
მანამდე კი, ყოველდღიურად მაგიდასთან უნდა ვმჯდარიყავი და ტექსტების კორექტურით,
დიაგრამებში ხაზების თვლით, ანდა მართლწერის შემოწმებით ამეტკივებინა თავი.“
    ჰაჯიმეს ცხოვრების ახალი ეტაპი-იუკიკოსთან ქორწინება, ვფიქრობ, ეს იყო დაბრუნება მშობლიურ კულტურასთან, ტრადიციებთან, რეალობასთან  . იოკიკოც სამშვილიანი ოჯახის წევრია, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე იგი ჰაჯიმესთვის ყველაზე სასურველი ქალია: „თავიდანვე მოიხიბლა მისით“, მათ შორის  ისეთი იდუმალი მიზიდულობა დამყარდა, რომლის მსგავსი დიდი ხანია აღარ განეცადა.მასთან შეეძლო ყველაფერზე ესაუბრა, რაც კი აწუხებდა, არაფერი ჰქონდა მასთან დასამალი. გრძნობდა როგორ ეხსნებოდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში უაზროდ გატარებული ცხოვრებისაგან გამოწვეული ტვირთი. გაჩდნენ ბავშვები, მდიდარი სიმამრის დახმარებით მოახერხა მისთვის საინტერესო საქმეც ეკეთებინა-გახსნა ბარები, სადაც საკუთარ თავსაც და ადამიანებაც  ოცნებისა და თავისუფლების სამყაროსთან ზიარების შესაძლებლობას აძლევდა, (მე მიყვარს ჩემი სამუშაო. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ბარები წარმოსახვით ადგილზე არიან და ჩემი ფანტაზიით შევქმენი, როგორც ჰაერში კოშკები...... ხალხი მზადაა ბევრი ფული დახარჯოს და იცი რატომ? იმიტომ, რომ ყველა იმავეს ეძებს, წარმოსახვითი ადგილს, ჰაერში თავიანთ კოშკს და იქ მათთვის განკუთვნილ სპეციალურ კუთხეს)  და ამავე დროს ფულიც ჰქონდა. მანამდე კი შიმამოტოსთან ურთიერთობის აღდგენის შანსს უშვებს ხელიდან, მის სანაცვლოდ ვიღაც 45 წლის კაცი, რომელმაც იძუმის მამა გაახსენა რატომღაც, ჰაჯიმეს კონვერტით ფულს უტოვებს-კეთილგონიერებას და კეთილდღეობას, რაც ამ სამყაროში დასამკვიდრებლად სჭირდება ადამიანს.
      გარდა ამისა, იუკიკოსთან ქორწინებით იძუმთან დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალება მიეცა, რადგან, როგორც მოგვაიანებით შეიტყო, იოკიკოსაც ისევე მოექცნენ, როგორც ის იძუმის მოექცა და ამის გამო თვითმკვლელობაც კი უცდია. (იმ კაცმა იუკიკოს ღრმა ჭრილობა მიაყენა, ხოლო მე იგივე ჩავიდინე იძუმის მიმართ. ისე მოხდა, რომ იუკიკო მე შემხვდა და ძველი ჭრილობა მოუშუშდა. იძუმი კი ვერავის შეხვდა)
        ჰაჯიმეს თითქოს ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის,  მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის.მის სულში მინავლებულია, მაგრამ მაინც ბჟუტავს ლტოლვა იმ იქნებ არც არსებულ, საოცნებო სამყაროსკენ, რომელსაც შიმამოტომ აზიარა ევროპული მუსიკის საშუალებით, „სამხრეთით, საზღვრის მიღმა“. ჰაჯიმე ასე გადმოგვცემს თავის იმდროინდელ განცდებს: „საკუთარ BMW-ში ვუსმენდი შუბერტის ''მგზავრობა ზამთრობისას'' და ველოდებოდი აოიამას გადასახვევთან როდის აინთებოდა შუქნიშნის მწვანე ფერი. იქნებ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ და არა იმით, რაც ჩემი უნდა ყოფილიყო? იმ პიროვნებიდან, ვისაც საკუთარ თავად მოვიხსენიებ, რა ნაწილია მართლა ჩემი? და რა არაა ნამდვილად ჩემი? ამ ხელების, მტკიცედ რომ ჩეაბღუჯათ BMW-ს საჭე – რამდენი პროცენტი მეკუთვნის მე? სხვების მიერ დადგმულ სცენარში რა ნაწილი თამაშდებოდა და რა ნაწილი იყო სინამდვილე? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ კითხვებზე, მით უფრო ცოტა მესმოდა.“
    ამ იდუმალი წყურვილის ძალით  კვლავ ჩნდება  მის ცხოვრებაში შიმამოტო, ამჯერად კიდევ უფრო ლამაზი და სასურველი, უკვე ჯანმრთელი ფეხით, საოცნებო, მაგრამ იდუმალი, ბოლომდე ჩაუწვდომელი ქალი, როგორც სულიერი სამყარო;  ჰაჯიმეს გამუდმებით სტანჯავს შიში მისი დაკარგვის და ტკივილი იმის გამო, რომ ამ ქალის სულში ვერასოდეს შეძლებდა შეღწევას.(შიმამოტოს შიგნით თავისი პატარა სამყარო ჰქონდა. ის მხოლოდ მისი საკუთრება იყო და მე არ მეწერა მასში შეღწევა.) მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ჰქონდა ბედნიერი ცხოვრებისთვის-ოჯახი, მოსიყვარულე, ჭკვიანი ცოლი, შვილები, საყვარელი საქმე, მაინც რაღაცა აკლდა, მისი მეს „ ეს ნაწილი მუდამ მშიერი და წყურვილითაა სავსე.“ არც  ცოლს და არც შვილებს არ შეუძლიათ ეს წყურვილი მოაკვლევინონ. ამ ქვეყნად შიმამოტო იყო  ერთადერთი პიროვნება, ვისაც ეს შეეძლო.მიუხედავად იმისა, რომ  შიმამოტო აფრთხილებს, ეს გზა- განსაკუთრებულობისა და ოცნების სამყაროსკენ ლტოლვის გზა,  „კატასტროფით დამთავრდება,  ათიდან ცხრა შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩება, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მეათეჯერ უდიდესი სიამოვნება მოჰგვაროს,“  ჰაჯიმეს მტკიცედ სწამს, რომ ესაა გზა, რომელიც მსოფლიოს ამოძრავებს და ძირითადად ხელოვნების სფეროში რეალიზდება. ჰაჯიმე კი  სულით ხელოვანი და მეოცნებეა, თავისუფლების ტრფიალი, მაგრამ ამავე დროს ოჯახის კაცია, თანაც იაპონელი, რომელსაც უჭირს იმ ტრადიციების რღვევა, რითაც გაზარდეს.  უნდა არჩევანი გაკეთდეს, ამიტომაც  მიდის შიმამოტო (თავად იღებს გადაწყვეტილებას სულიერი სამყარო) და მიაქვს  მიღმა სამყაროს ალბომიც და ფულიც, ოდესღაც მის სანაცვლოდ რომ გადასცეს, როგორც იმ სამყაროს მადლი მატერიალურ სამყაროში გამოსადეგი.
              იძუმის სახის მეშვეობით გვიჩვენა მწერალმა, რაოდენ მტკივნეული და ამავე დროს საშიშია რეალობის, მშობლიური ტრადიციების, მიწის ღალატი იაპონელისთვის. იძუმის სახე თავზარს სცემს ჰაჯიმეს და შიმამოტოს მტანჯველი ხატებისგანაც ათავისუფლებს მისი გაქრობის შემდეგ: „… მის სახესაც, ყოველივე, რასაც კი სახის გამომეტყველება შეიძლება ერქვას, გამოცლილი ჰქონდა, და მათ არაფერი ცვლიდა. მის სახეს არცერთი გრძნობის, არანაირი ნაკვალევი არ აჩნდა. ის ოკეანის ფსკერს ჰგავდა, მკვდარსა და უხმოს. აი, ეს უემოციო სახე, პირდაპირ მიყურებდა. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მე მიყურებდა, რადგან მისი თვალების მიმართულება ჩემკენ იყო მომართული და მაინც, მისი სახე არაფერს გამოხატავდა, ან თუ უფრო ზუსტ გამოთქმას ვიხმართ, ის უსასრულობაში მყოფ სიშავეს მიუთითებდა…. ის კვლავ ცოცხალი იყო და ცხოვრობდა მდუმარების მხარეში. მისი უმოძრაო ტუჩები მხოლოდ უსასრულო არარაზე მეტყველებდა“
  ვფიქრობ, ჰაჯიმეს ტრაგედია ისაა, რომ ადამიანები ვერ ვახერხებთ ოცნებასა და რეალობას შორის შუალედური მდგომარეობა დავიკავოთ, ვისწრაფვით რაღაც ამაღლებულისკენ, საოცნებოსკენ, „საზღვარს მიღმა“, რაც რეალურად იქნებ არც არსებობს, ან თუ არსებობს, ადამიანურ ძალებს აღემატება იქამდე გაღწევა. შიმამოტო სთავაზობდა შეენარჩუნებინათ ძველებური „უწყინარი შეხვედრები“, ჰპირდებოდა, რომ „ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო , მაგრამ ჰაჯიმესთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მან „ მთლიანად“ ისურვა შიმამოტო, რაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სიცოცხლის ფასად, სიკვდილის შემდეგ. შიმამოტოს გზა სიკვდილის გზაა. (მისი ერთადერთი შვილიც მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობს). ამას ჰაჯიმე მოგვიანებით გააცნობიერებს: „სიკვდილის აჩრდილი თან ახლდა მას.... აი, რატომ წამომყვა ჰაკონეში! ჩემთან ერთად უნდოდა მომკვდარიყო....''მე კი მთლიანად მინდიხარ. გესმის ეს? გესმის კი რას ნიშნავს ეს? როცა ამას მეუბნებოდა შიმამოტოს ჩემი სიცოცხლე სურდა.“
    ჰაჯიმეს სული განვითარების ახალ საფეხურს შეუდგა,  ნელ-ნელა თავისუფლდება  საოცნებო მშვენიერების ილუზიისა (შიმამოტო) და შურისმაძიებელი სინდისის ქენჯნისაგან (იძუმი) და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჭეშმარიტ იაპონელს რომ შეეფერებოდა- იცხოვროს სურვილებისა და ოცნებების გარეშე დარჩენილმა და იცხოვროს სხვისთვის:„არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა იუკიკოსა და შვილების შესანახად, გავიფიქრე მე. ხედვანი, რაც ოცნებათა წყარო იყო, ვეღარ დამეხმარება. რამდენადაც თვალთ შეუძლიათ ხედვა, სიცარიელე ყველგან სიცარიელეა. სიცარიელეში ადრეც ვყოფილვარ და თავს ვაიძულებდი, რომ შევგუებოდი,ჰოდა იმით დავამთავრე, რითაც დავიწყე და სჯობს ამას შევეგუო. არავინ იქნება ჩემი ოცნებათა წყარო და ალბათ დროა, მე გავხდე სხვათა ოცნებათა წყარო. ესაა, რაც უნდა გავაკეთო. ასეთ ოცნებას შეიძლება ძალა არ ჰქონდეს, მაგრამ თუ მინდა, რომ ჩემს სიცოცხლეს, კვლავ რაიმე აზრი  მიეცეს, ესაა ის, რაც უნდა გავაკეთო.“
  ბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთარგმნელებს იმისთვის, რომ საშუალება მისცეს ქართველ მკითხველებს მშობლიურ ენაზე გასცნობოდნენ მურაკამის კიდევ ერთ საინტერესო და ღრმა ნაწარმოებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები