იყო და არა იყო რა, იყო ერთი ზღვისპირა ქალაქი, რომელსაც მწვანე ქალაქი ერქვა. რატომ ერქვა მწვანე ქალაქი?! იმიტომ, რომ აქ მხოლოდ მწვანე ადამიანები ცხოვრობდნენ, მწვანე თმით, მწვანე კანით, მწვანე სხეულით, მწვანე ტანსაცმლითა და მწვანე ფიქრებით. ქალაქში ყველაფერი მწვანე იყო. თუმცა მრავალფეროვნებისთვის სახლებსა და სკვერებს სხვადასხვა ფერად ღებავდნენ: ღია მწვანედ, ჭაობისფრად, სალათისფრად, მუქ მწვანედ და ა.შ. ყველა თავისთვის ცხოვრობდა მშვიდად, ყველა თავის საქმეს აკეთებდა ისე, რომ არც აინტერესებდა რა ხდებოდა სხვა ქალაქებში. ერთ მშვენიერ დილას ქალაქში აურზაური ატყდა. ქალაქის შესასვლელთან ფერადი გოგონა იდგა. მწვანეებს ასეთი რამ არასდროს ენახათ: გოგონა ქერა თმით, თეთრი კანით, ლურჯი თვალებით, ღიმილიანი ვარდისფერი ტუჩებითა და იისფერი კაბით. მწვანეები გაოცებულები უყურებდნენ „უცხოტომელს“. გოგონა გაფერადების მასწავლებელი იყო და მწვანე ქალაქში საცხოვრებელს ეძებდა. ფერადი ძალიან ლამაზი და სხვანაირი იყო. მწვანეებმა მისი ჩამოსვლის მიზეზი რომ გაიგეს ჯერ გაჩუმდნენ, დაფიქრდნენ, აჩოჩქოლდნენ, შემდეგ კი აქეთ-იქით გაიფანტნენ, რადგან ყველას ეშინოდა სიახლის. ცალყბად უყურებდნენ განსხვავებულ გოგონას. ზოგი სახლში შევიდა, დედები ბაზარში წავიდნენ, მამები სამსახურში, ბავშვები სკოლებში, ხელოსნები სახელოსნოებში, მეზღვაურები გემებზე... ყველამ მაგრად დაკეტა კარი. მხოლოდ მწვანე მოხუცი დარჩა ფერადი გოგონას წინ და თავისი სახლი შესთავაზა საცხოვრებლად. ფერადი სიხარულით ცას ეწია და მოხუცს მადლობა გადაუხადა. იმ საღამოს ჩასასვლელად გამზადებულმა ალისფერმა მზემ ყველას საღამომშვიდობისა უსურვა, მაგრამ მიხვდა, რომ ისევ არავინ უსმენდა და ნაზად, სევდიანად ჩაცურდა ზღვაში. დილით მწვანე ქალაქელები ფერადის მხიარული სიმღერის ხმამ გააღვიძა. ყველა გაოცდა, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ ანინას სიმღერებს უსმენდენ. ანინა მხოლოდ საოპერო არიებს მღეროდა. ფერადი კი რაღაც უფრო მხიარულს. მისი სიმღერის გაგონებისას ბავშვებმა ცეკვა დაიწყეს, უფროსებს კი თვალებში ბედნიერების ნაპერწკალმა გაუელვა. ქალაქელებმა ფერადის სთხოვეს საღამოს საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაემართა და იქ ემღერა თავისი სიმღერა. ფერადი სიხარულით დასთანხმდა მათ, მაგრამ საღამოს მასთან ანინა მივიდა. ის სიმღერის შემთხვევაში ფერადის ქალაქიდან გაძევებით დაემუქრა. ფერადის ძალიან სჭირდებოდა სამსახური ამ ქალაქში. კონცერტი ჩაიშალა. იმ დღიდან ფერადის ლურჯი თვალები გაუმწვანდა. ფერადი ყოველ დილით ეგებებოდა მზეს და ყოველ საღამოს მშვიდობის სურვილებით ემშვიდობებოდა. მეორე დღეს ფერადიმ სკოლაში დაიწყო მუშაობა. ის ბავშვებს გაფერადებას ასწავლიდა. ერთი კვირის შემდეგ ფერადის მოსწავლეებს თითქოს ფერი შეეცვალათ, ისეთი მწვანეები აღარ იყვნენ, როგორც ადრე. შეშინებული მშობლები სკოლაში მივიდნენ და ფერადის გაგდება მოითხოვეს - ჩვენ შვილებს აზროვნებას უცვლისო. დირექტორს არ უნდოდა გავლენიანი მშობლების გადაკიდება და მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვა. იმ დღიდან ფერადის ვარდისფერი ტუჩები გაუმწვანდა. ფერადის ბევრი ლამაზი კაბა ჰქონდა. ამის გამო ქალაქელები ამრეზით უყურებდნენ მას და თავის მწვანე სამოსზე ამაყად ისვამდნენ ხელს. უმუშევარმა გოგონამ ატელიე გახსნა და ლამაზი, ფერადი კაბების შეკერვა დაიწყო. მეორე დღეს ბევრმა ქალმა შეიარა ატელიეში, ათვალიერებდნენ ტანსაცმელს და უკმაყოფილოდ აქნევდნენნ თავს აქეთ-იქით. გულში ყველას ძალიან უნდოდა ძველი, მწვანე კაბის გამოცვლა, მაგრამ ხალხი რას იტყოდა... ერთი-ორმა თუ გაბედა კაბის ყიდვა და მათაც ქმრებმა გადაუყარეს ფერადი ტანსაცმელი. ხალხის უკმაყოფილო სახეების დანახვისას ფერადის გუნება წაუხდა. მან თავისთვისაც მწვანე კაბა შეიკერა და ატელიე დაკეტა. მზე მდუმარედ ჩაესვენა ზღვაში. ფერადიმ სევდიანი ღამემშვიდობისა უსურვა მნათობს. ერთ დილას მწვანეები უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ფერადი ცენტრალურ ქუჩაზე იდგა და და გამვლელ-გამომვლელს ეხუტებოდა. თავიდან ეუცხოვათ ეს საქციელი, შემდეგ მოეწონათ, რადგან ჩახუტების დროს კარგ ხასიათზე დგებოდნენ. მწვანეებმა ჩახუტება დაიწყეს. დედებმა შვილები ჩაიხუტეს, უფროსებმა თანამშრომლები, მსუქანმა ვაჭარმა თავისი თანაშემწე ბიჭი, ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ საათმა ცხრაჯერ ჩამოკრა და ყველას გაახსენდა სამსახური, სკოლა, საქმე. ისევ მოიღუშნენ და საყვედურით შეხედეს ფერადის - დრო რატომ დაგვაკარგვინეო. გულში ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ თქმას ვერავინ ბედავდა... ფერადის რძისფერი კანი გაუმწვანდა. დილით კარგ გუნებაზე გაიღვიძა ფერადიმ. ფარდები გასწია, ალმოკიდებულ მზეს მიესალმა და სახლში შემოიპატიჟა. მზე გოგონას სხივებით მიეფერა, გაათბო, გაანათა და კეთილი დღე უსურვა. ბედნიერი ფერადი ქუჩაში გამოვიდა და სილამაზის სალონში შევიდა, სადაც მხოლოდ ერთნაირ ვარცხნილობას აკეთებდნენ: სწორ, მოკლედ შეჭრილ თმას. გოგონას ყვითელი, გრძელი თმა ჰქონდა და სტილისტს სთხოვა ფრანგული ნაწნავი გაეკეთებინა მისთვის. სტილისტმა არ მოუწონა არჩევანი და ურჩია თმა მწვანედ შეეღება და შეეჭრა, რადგან ყველას ასე ჰქონდა და მასაც მოუხდებოდა. ფერადიმ წინააღმდეგობა აღარ გაუწია, რადგან ფიქრობდა, რომ თუ ყველას ასე ჰქონდა, მასაც ასე უნდა ჰქონოდა... იმ დღიდან ფერადის მოკლე, მწვანე თმა ჰქონდა. მწვანე ქალაქში ფერადის გამოჩენა აღარ იწვევდა ალიაქოთს, რადგან გოგონა უკვე ჯდებოდა მათ გემოვნებაში. ის სხვებივით მოღუშული დადიოდა და იშვიათად იღიმოდა. მწვანექალაქელები ზრუნავდნენ გოგონაზე და ცდილობდნენ მასაც მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდა. შესთავაზეს ატელიეს გახსნა, რათა ეკერა მწვანე კაბები ქალაქის ქალებისთვის. ფერადი მათ ყველა რჩევას ითვალისწინებდა და სულ უფრო მწვანდებოდა. ერთ დილას, მზე ჩვეულებრივად მხიარულად ამოვიდა და ფერადის ფანჯარასთან გაჩერდა მისასალმებლად. ფერადიმ ფარდა ჩამოუშვა, ერთი ამოიოხრა - რა შემაწუხებელი მზეაო და სამსახურისკენ გასწია. იყო ერთი ზღვისპირა ქალაქი, რომელსაც მწვანე ქალაქი ერქვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არ ვპესიმისტობ )) (შეიძლება ვპესიმისტობ კიდევაც...) უბრალოდ მსგავსი ისტორია შემემთხვა ცხოვრებაში და იმის გამოძახილია <3 გმადლობთ არ ვპესიმისტობ )) (შეიძლება ვპესიმისტობ კიდევაც...) უბრალოდ მსგავსი ისტორია შემემთხვა ცხოვრებაში და იმის გამოძახილია <3 გმადლობთ
3. არ ვპესიმისტობ )) (შეიძლება ვპესიმისტობ კიდევაც...) უბრალოდ მსგავსი ისტორია შემემთხვა ცხოვრებაში და იმის გამოძახილია <3 გმადლობთ არ ვპესიმისტობ )) (შეიძლება ვპესიმისტობ კიდევაც...) უბრალოდ მსგავსი ისტორია შემემთხვა ცხოვრებაში და იმის გამოძახილია <3 გმადლობთ
2. მწვანე ქალაქში ყველა მწვანე უნდა იყოს, აბა რა...
ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი გამახსენდა, ოღონდ იქ მთავარი გმირი იმარჯვებს და მწვანე სათვალეებს ხსნის ქალაქის მცხოვრებლებს.
პესიმისტობთ და ცუდია :) მწვანე ქალაქში ყველა მწვანე უნდა იყოს, აბა რა...
ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი გამახსენდა, ოღონდ იქ მთავარი გმირი იმარჯვებს და მწვანე სათვალეებს ხსნის ქალაქის მცხოვრებლებს.
პესიმისტობთ და ცუდია :)
1. კარგი იყო. :)
კარგი იყო. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|