 | ავტორი: ნარმო ჟანრი: პროზა 26 აპრილი, 2015 |
ნიას... ძველი დანაპირები...
„რომელი უნდა გელეწნა რასა და მერამდენე გემტვრია რომი, როცა დაეშვი დაუდგრომელი და მზე გტეხავდა ბარბაროსული.“
-გოგლა ლეონიძე
ყიშლაკში მთვარის მკრთალი შუქი მხოლოდ ერთი ფანჯრიდან შემოდიოდა და რასაც კერაზე დანთებული ცეცხლი ვერ ერეოდა,ვერცხლის თხელ ფენას ადებდა.თაზიმი ფიცრებისაგან შეკრულ დაბალ ტახტზე იწვა და მთელი დღის ნაშრომ სხეულს ასვენებდა.ცეცხლის პირას,სითბოში პატარა გოგოს ეძინა აკვანში,თაზიმის ცოლი კი მოპირდაპირე კუთხეში ტრიალებდა და ჭურჭელს აჩხაკუნებდა. -ტალულა,მთელ სოფელს გააღვიძებ,-თვალების გაუხილავად თქვა თაზიმმა,შემდეგ კი ხელებზე წამოიწია და ცალი თვალით ცოლს გახედა,-მოდი ჩემთან. ცოლი ექვსი წელი იყო,რაც მოეყვანა,როგორც კი სალდათიდან ჩამოვიდა,მისი პოლკი აღმოსავლეთის რომელიღაც უწყლო,გამომხმარ პროვინციაში იდგა და ყოველთვის ვიღაცასთან ომობდა.ჩამოვიდა იქიდან და ძმების დახმარებით პატარა სახლი დადგა სოფელში.გაზაფხულზე კი მამამისთან ერთად გვერდით სოფელში წავიდა ერთ წესიერ ოჯაში ძღვენითა და საჭმლ-სასმლით,აბა ქალს ვინ არ მისცემდა თაზიმს.ტალულას პირბადე მხოლოდ მაშინ აჰხადა,როცა საკუთარ სახლში მოიყვანა.მის მერე ცხოვრობდნენ და შრომობდნენ.სურიც ეყოლათ,ამ წყალობისათვის ღმერთს ყოველ დილას მადლობას სწირავდნენ ორივე.ახლაც,როცა მისი მშვიდი ფშვინვა ესმოდა,მშვიდდებოდა და დაღლილობაც სადღაც ქრებოდა. -დიახ,ბატონო,-თაზიმი ვერ ხედავდა ტალულას ეშმაკურ ღიმილს,მაგრამ გრძნობდა მის ხმაში ამას,-რა გავაკეთო თქვენთვის?
-შეძლებს კი ქალბატონი,რომ ქმრის დაღლილ სხეულს შვება მოჰგვაროს. ტალულა ტახტზე დაიხარა და ის იყო უნდა ეკოცნა,რომ ეზოში ძაღლმა დაიწყო ყეფა,თაზიმმა თავი ფანჯრისკენ მიატრიალა. -ტურა თუ იგრძნო ბატონო,-ჩასჩურჩულა ყურში ცოლმა და აკოცა,მაგრამ თაზიმს გული რაღაცამ გაუვსო.ძაღლი უფრო და უფრო უმატებდა ყეფას. -ტურა არ იქნება,-თაზიმი წამოდგა,ტალულა ტახტზე დასვა და ფანრჯისკენ წავიდა.მისას უკვე სხვა ძაღლებიც აყოლოდნენ და ახლა მთლი სოფლის ძაღლებს აეტეხათ ხმაური. ქოხის ფანჯრიდან არაფერი ჩანდა,მისი კი ნაგაზი აწყვეტას ცდილობდა,მაგრამ დაბალ ლეღვის ხეზე გამობმული საბელი ამის საშუალებას არ აძლევდა და პირზე დუჟმომდგარს ახრჩობდა.ყეფა უკვე ხავილში გადადიოდა.თაზიმმა ორღობეს გახედა,თითქოს არაფერი იყო,მაგრამ ძაღლს რა სჭირდა.ფანჯარას მოსცილდა და კარისკენ წავიდა.ძაღლებისთვის უკვე ძროხებსაც აებათ მხარი და ბოსლიდან ზმუილი ისმოდა. -თაზიმ..-ტალულას შეშინებული ხმა მოესმა თაზიმს,-არ გახვიდე... -ჩუმად,ნუ გეშინია,-თაზიმს მხოლოდ რამდენჯერმე გაეგონა საკუთარი სახელი ტალულას პირიდან და გაუკვირდა,ესეიგი მანაც იგრძნო რაღაც.მიბრუნდა და გაუღიმა დასამშვიდებლად.თან ხის ურდული ჩამოსწია,რომელიც წვრილი ტოტებისაგან შეკრულ კარს კეტავდა.კარი გააღო და სანამ ეზოში გავიდოდა კიდევ მიმოიხედა,მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯი და გარეთ,ეზოში გავიდა. -გაჩუმდი!-დაუყვირა ძაღლს.გულში კი საკუთარ თავს სწყევლიდა ასეთი სიმხდალისათვის.ძაღლმა მხოლოდ წამით გამოხედა და ისევ განაგრძნო ყეფა. -ჰე ჰეი!-თაზიმმა გასამხნევებლად გასძახა სიბნელეს.იქ თითქოს არაფერი იყო,მაგრამ იმ წამს სულ ახლოს,ეზოს კარებთან,ყვითლად მოელვარე თვალები დაინახა,რომლებიც პირდაპირ მას უყურებდნენ,არსება თითქმის მეტრნახევარი იქნებოდა სიმაღლეში,გზაზე იდგა და თავი მისკენ შეეტრიალებინა,ფერს წესიერად ვერ არჩევდა.ძაღლმა წკმუტუნი დაიწყო.ორღობიდან,სადაც ხეები მთვარის შუქს ეფარებოდნენ,ხმადაბალი ღრენვა ისმოდა.თაზიმი როგორც იქნა გამოერკვა და ხმამაღლა დაიყვირა,რომ დაეფრთხო.ნადირმაც თითქოს მას ელოდებოდაო,დაიღრიალა,თაზიმზე ათასჯერ უფრო ძლიერად. ქოხის კარგთან მდგარ ადამიანს ძარღვებში სისხლი გაუჩერა ამ ხმამ.მისი სიმამაცე,რომელმაც ამდენ გამოცდა გაუძლო,სადღაც გაქრა.ბოროტი სული ლეგენდებიდან მის წინ იდგა. -თაზიმ!-მოესმა ყვირილი და სახლისკენ გაიქცა.ტალულა ისევ ტახტზე იჯდა შეშინებული სახით.-თაზიმ,რა ხდება,-თითქმის ტიროდა ტალულა,მაგრამ ლაპარაკის დრო არ ჰქონდა,უნდა მოეფიქრებინა როგორ დაეფრთხო ნადირი. -კედელთან დადექი,-კარების მოპირდაპირე კედლისკენ მიუთითა თაზიმმა ცოლს,თვითონ კი კერაზე დათებულ ცეცხლს მივარდა.ხელები ნაკვერჩხლებში ჩაჰყო,რამდენიც შეძლო მობღუჯა და კარისკენ გადაყარა.რამდენიმე კედელს მოხვდა ნაპერწკლებად დაიშალა,დანარჩენი კი ეზოში დაცვივდა.თაზიმი ცეცხლს გადაახტა,საწოლში მძინარე სური აიტატა და გულში ჩაიკრა.ტალულამ ყვირილი დაიწყო.თაზიმმა ისე,რომ კარისთვის თვალი არ მოუცილებია,ცოლთან მიიჭრდა და პირზე დამწვარი ხელი ააფარა.ტალულას თვალებში ჩახედა და მათში საკუთარი შეძრწუნებული სახე დაინახა.ცოლს ბავშვი მიაწოდა.თვითონ კი კარისკენ მიტრიალდა და სიბნელეში დაიწყო ყურება.მიწაზე კოცონის გაფანტული ნარჩენები სუსტად ანათებდნენ იქაურობას,მაგრამ ისინიც ქრებოდნენ.თაზიმი ყოველ წამს ელოდა,რომ მხეცი ქოხში შემოვარდებოდა,ბავშვი ტიროდა,გაგიჟებული საქონელი ბოსელში ზმუოდა,ძაღლი კი მიჩუმდა,მხოლოდ შორიდან მოდიოდა ყეფის ხმა.გარშემო თვალები მოაცეცა,რათა რაიმე იარაღი ეპოვა,რითიც თავს დაიცავდა,მაგრამ ვერაფერს ისეთს ვერ მოჰკრა თვალი,რომლითაც ოდნავ ზიანს მაინც მიაყენებდა მას.საბოლოოდ იქვე მიგდებულ ცოცხს დასწვდა და ცეცხლს მიუშვირა,ცოცხი უმალ აბრიალდა და ქოხის ბნელი კუთხეები გაანათა.თაზიმი ცეცხლმოკიდებული ცოცხით წინ წავიდა.ცოცხს უკვე დამწვარი ბოლოები სწყდებოდა და ძირს ცვიოდა, გზაზე სადაც ის ფრთხილად მიაბიჯებდა.სანამ ისევ გავიდოდა ეზოში,ტალულას გახედა,მან რაღაც ამოილუღლუღა,თაზიმმა ბავშვის ტირილში ვერ გაიგო,კიდევ ერთხელ სცადე გაღიმება მაგრამ არ გამოუვიდა და ტუჩები უცნაურად მოებრიცა.ისევ კარისკენ განაგრძო სვლა.ალაგ-ალაგ ფეხს უქცევდა მიწის იატაკზე დაყრილ ჯერ კიდევ მბჟუტავ ნაკვერჩხლებს,რომლებიც რამდენიმე წამის წინ შიშველი ხელებით ეჭირა.მხოლოდ ახლა იგრძნო ტკივილი და ხელის ზურგებზე დამწვარ კანსა და სითხით სავსე ბებერებს დააკვირდა.წარმოდგენაც კი არ მოუნდა,რა დღეში ექნებოდა ხელის გულები,რომლებითაც ცოცხის უხეშ ტარს ბღუჯავდა.ცოცხმა გაახსენა,რომ გარეთ უნდა გასულიყო და ისევ წინ წავიდა.სოფელში ადამიანები ყვიროდნენ.
***
დიდი ხანია ეძებს,ბევრი მთვარე ამოვიდა იმის შემდეგ,რაც გზაზე გამოვიდა.რა აზრი აქვს.ელოდება,რომ ყოველ მომდევნო ხევსა ან რაღტაფში იპოვის,მაგრამ ხვდება,რომ ტყუილია,აქამდე იგრძნობდა მის სიახლოვეს,ის აქ არაა.ამიტომ წინ უნდა წავიდეს.აუყვეს ამ დაწყევლილ მდინარეს აღმა და ეძებოს იქამდე სანამ არ იპოვის.სხვა არაფერს აქვს აზრი,სხვა არაფერს ებღაუჭება მისი ბრჭყალები.საჭმელიც კი არ უჭამია რამოდენიმე დღეა,მხოლოდ მდინარის მღვრიე წყლით იკლავს წყურვილს.აქაურ ჭალებში მრავლად დაშლიგინობენ გარეული ღორები და ირმები,მარამ ნადირობა მხოლოდ შეაყოვნებს,მანამდე კი შიმშილს ბალღამი მოუკლავს,რომელსაც მისი გული გაუვსია და ახლა თავშიც კი გრძნობს მას. ხშირად ავიწყდება სად არის და დაუფიქრებლად გარბის სადღაც,ისე რომ სიფრთხილესაც ივიწყებს,ამ დროს მისი ხმა მთელ ტყეს ესმის და შიშით ძრწის,რადგან არ იციან რამ შეიძლება გაამხეცოს ასე სულიერი. რამდენჯერმე ხალხსაც მოჰკრა თვალი,რომლებიც ტყეში ხეს ჭრიდნენ,მაგრამ მაშინვე მოეფარა თვალს,ახლა არც ისინი აინტერესებს,არავინ მის გარდა. გაგიჟებული,თითქოს მას აბრალებდა ყველაფერს,ჯავრს ხებსა და ბუჩქებზე იყრის.ძირიანად გლეჯს ახალგაზრდა მცენარეებსა და ერთიანად ბრდღვნის ასწლოვან მუხებს,ბოლოს ძალაგამოლეული,მაგრამ მაინც შმაგი,მის წარმოსახვით მსხვერპლთა შორის წევს და ღმუის შესაბრალისად.ვაი,იმას,ვინც იტყვის რომ ის ცოდოა,სჯობს ცხრა მთას იქით გადაიკარგოს და მის მზერას არ წააწყდეს,რადგან მაშინ ვერ უშველის ვერც ეშვი,ვერც რქა და ცეცხლიც კი არ იქნება მისი დამცველი...მაგრამ მისი სუნთქვა ნელდება,მშვიდდება, და ის იძინებს.მოსვენება კი არც იქ აქვს.
***
სიზმარი ნახა,მაგრამ ვერ დაიმახსოვრა,ცდილობდა მისთვის კუდში ჩაევლო ხელი და თათებს შორის ყინულისფერი თევზივით გაუსხლტა.ცოტა ხანს თვალდახუჭული იწვა და ნესტიან ტყეს უსმენდა.მის თავზე,ხეზე ჩხიკვი დახტოდა ტოტებზე და ალბათ გაკვირვებული უყურებს,რადგან მისნაირი ჯერ არ არ ენახა.დილის ნიავს მდინარის ჭაობიანი ნაპირების ლელიანის შრიალის ხმა მოჰქონდა,სადღაც შორს,ღორი მიწაში იქექებოდა და ნოტიო ფოთლების ფენის ქვეშ ჯერ კიდევ კარგად შენახულ ხილს და თხილს ეძებდა.სულ ერთი წამით მოშივდა.თბილი სისხლი ენაზე,ლაშებზე,ნიკაპზე,ყელზე და შიშის სუნი,რომელიც ყველაფერს დაავიწყებს ქვეყანაზე,მაგრამ სულ ერთი წამით. თენდებოდა,მაგრამ აღმოსავლეთით მზე არ ჩანდა,ცაა მგლისფერ ღრუბლებს დაეფარათ,რომელნიც მართლაც საწვიმრად ემზადებოდნენ,მისგან მარცხნივ,შორს,იქიდან საიდანაც მდინარე მოდიოდა,უკვე წვიმდა,ღრუბლებს უკვე ჩამოეშვათ თავისი ჩამოძონძილი კალთები. ფეხზე წამოდა და გაიზმორა,წყლისკენ ჩავიდა,მდინარე უკვე მოდიდებულიყო,ამღვრეულს ნაირგვარი ნაგავი მოჰქონდა.როგორც კი წყალს ენა შეახო,წვიმაც დაიწყო,პირველი იშვიათი წვეთები მდინარეზე რგოლებს აჩენდნენ და დინებას მიუყვებოდნენ,შემდეგ მოუხშირა და თითქმის გაზაფხულის თქეში დაატყდა თავს.წყლის ზედაპირი აირია და წვიმის წარმოქმნილმა ბუშტებმა დაფარეს,რომლებიც გაჩენისთანავე ჰქრებოდნენ. მთელი დღე წვიმდა,ის კი მიძუნძულებდა,სახეზე წვიმა ჩამოსდიოდა და ენაზე მლაშე გემოს ვეღარ გრძნობდა.მიწა წყალს დაეჟიებინა და ფეხები ტალახზე დიდრონ ნაფეხურებს ტოვებდნენ,რომლებიც მალევე ივსებოდნენ წყლით.როცა დაბნელდა თავით ფეხებამდე სველი სასწაულით ფოთლებშერჩენილი ხის ქვეშ დაჯდა და მდინარეს დაუწყო ყურება,ისევ წვიმდა,სიცივეს შეეპყრო მისი სხეული და აღარ უშვებდა,ისიც ცდილობდა არ გაეწია წინააღმდეგობა,რადგან არ აქვს აზრი ბრძოლას,როცა უკვე წააგებული ხარ.ვინ ასწავლიდა მას სიცივის ატანას.იმ ღამეს აღარ დაუძინია.ტკივილი იყო,მაგრამ ვერ გრძნობდა,მდინარეს უყურებდა,მაგრამ სულ სხვას ხედავდა და სიზმარი გაახსენდა..
***
შავი ღრუბლები მეწამულ ცაზე მისრიალებდნენ მთის წვერისაკენ,კლდეზე შემდგარი ციხის გადაღმა,რომელიც ოღროჩოღროდ აეშენებინათ უხსოვარ დროში,ნაირგვარი ქვით და ალაგ-ალაგ ამოხეთქილი წითელი აგური გახსნილ ჭრილობებსავით წითლად უჩანდა.ციხეს ლაშქარი შემოსწყობოდა და ზედ აწყდებოდა,რომ კარი ეპოვნათ და შეენგრიათ.მეომრები მთაზე მიბობღავდნენ რათა ციხის კედლებამდე მიეღწიათ,იქ მცველები ჩეხდნენ და ისევ ძირს ყდიდნენ,მაგრამ ყოველი მოკლულის ადგილს ახალი ჯარისკაცი იკავებდა. მთის ძირში,ძველი სამეფოს ხელმწიფე თავის ბანაკში,ვერცხლით მოქარგული კარვის წინ იდგა და ციხეს ასცქეროდა.ტანზე მბზინავი ჯაჭვის პერანგი აესხა,თავზე კი გვირგვინი ედგა,რომელზეც აღმოსავლეთის სამი ვარსკვლავი ბრწყინავდა.გარშემო ყველაფერი მოძრაობდა,მალემსრბოლებს ცნობები მოჰქონდათ ბრძოლის ველიდან და უკან ახალი ბრძანებებით ბრუნდებოდნენ.მკურნალებს დაჭრილი ჯარიკაცები ჩამოჰყავდათ მთიდან და იქვე გზებზე უხვევდნენ ჭრილობებს.ხელმწიფის კარავში სარდლები მაგიდისაკენ დახრილიყვნენ და თათბირობდნენ,იშვიათად მისკენაც გამოაპარებდნენ ფრთხილ თვალს.ჯარისკაცების დაუსრულებელი ნაკადი მიდიოდა ციხისაკენ,ისინი მწყობრი ნაბიჭით ჩაუვლიდნენ ხელმწიფეს და ოცნებობდნენ პირველები შევარდნილიყვნენ ციხეში,ერთნაირად მაღლებს და გაუღიმარებს სიკვდილიც კი არ ედარდებოდათ,რადგან როცა ღმერთს ასე ახლოს გრძნობ შენთან,რთულია სიკვდილზე იფიქრო.მთის კალთებზე სისხლი ნაკადებად ჩამოედინებოდა და თითქმის მათ ფეხებთან მიჩუხჩუხებდა.ხელმწიფეს კი არ აინტერესებდა ისინი,ყველას ამ ციხის კედლებს შეაჭყლეტდა,თუკი დასჭირდებოდა,ხელმწიფეც თავის ჯარისკაცებს გავდა.გაუნძრევლად აჰყურებდა ციხე-სიმაგრეს,მარჯვენაში ხმლის ვადა ეჭირა,მარცხენათი კი ვეფხვს ეფერებოდა თავზე,რომელიც მის გვერდით იდგა.
***
სიმღერის ხმამ გამოაფხიზლა,ხმა მდინარიდან ისმოდა და ახლოვდნებოდა.ცოტა ხანში ტივი დაინახა,რომელიც წყალს მოჰყვებოდა.ტივი ვიწრო იყო,მხოლოდ გრძელი,მსხვილი ხის მორებისაგან შეეკრათ.სადაც ცხვირი უნდა ჰქონოდა,იქ დამაგრებულ წვრილ ბოძზე ფანარი ჩამოეკიდათ,მის გვერდით კი კაცი იდგა გრძელი ჭოკით და ყურადღებით ჩაჰყურებდა ფანრის სუსტი შუქით განათებულ წყალს,თან დაბალის ხმით ღიღინებდა რათა არ დასძინებოდა.ტივის ცენტრში ცეცხლი დაენთოთ,მის გარშემო ნაბადში გახვეული ორი კაცი იჯდა დაბალ სკამებზე და ჩუმად ლაპარაკობდნენ,გვერდში პატარა კასრი მოედგათ,სადაც საჭმელი ეწყო,ხელში კი თიხის ფიალები ეჭირათ და დროდადრო მოიყუდებდნენ ხოლმე.ცეცხლი სუსტად ანათებდა მათ დაღლილ და სველ სახეებს.ტივის ბოლოში კარავი გაეშალათ,კარავიც დაესველებინა წვიმას და კალთები დაემძიმებინა.შიგნიდან სუსტი სინათლე გამოდიოდა,შიგნით ვიღაც იყო.ტივს იქამდის აკვირდებოდა,სანამ მდინარის ნაპირზე მდგარ ხეებს არ მოაფარა დინებამ,შემდეგ კი ადგა და თითქმის სირბილით გაუყვა ნადირთა გაყვანილ ბილიკს,რომელიც ეკლიან ჯაგებს შორის იკარგებოდა.
***
შემდეგ საინტერესო აღარ არის,ის ქალაქთან მივიდა,სადაც მისვლასაც არ ჰქონდა აზრი.ქალაქს არც იერუსალიმი ერქვა და მითუმეტეს არც ტროა.
***
გიორგობა იყო მოსული თითქმის და სოფლის წყაროს სპილენძის პრიალა პირიდან წყალი ძლივსღა მოწანწკარებდა.,ამიტომ რიგიც გრძელი იყო და ათამდე ადამიანი შეკრებილიყო,თითქმის ყველა ქალი,გვერდში სხვა და სხვა ზომის თუნგი თუ კოკა მოედგათ და სოფლის ამბებსა ჰყვებოდნენ,წყაროს ხავსიანი ნავიდან კი პატარა ვირი ნელა,თითქოსდა დაგემოვნებით ხვრეპდა წყალსა. სოფელს ერთი წყარო ჰქონდა და მასთან მოდიოდა კიდეც სოფლის ოთხივე გზა.ორი აღმა-დაღმა უბნებისა,ერთიც ახლო ქალაქისა,სადაც აქაურები მაწონსა და ხორცს ჰყიდნენ და ერთიც ტყის გზა იყო,საიდანაც შეშა მოჰქონდათ და წყარო ჩამოსდიოდათ. მზე ჯერ არ იყო შუბის ტარზე შემდგარი,ამიტომ ხის გრძელ სკამზე,წყაროს გადაღმა,სადა სოფლის ჯალაბობა იყრიბებოდა,მხოლოდ ორი მოხუცი იჯდა,ნაბდის შავი ქუდები მოეხადათ და ნოემბრის უგულო მზეს უშვერდნენ ყოჩაღად დამჭკნარ სახეებს.ალაგ-ალაგ თუ წაიჩიფჩიფებდნენ ორ სიტყვას,რადგან ძვლები გასთბობოდათ და ალბათ გაზაფხულს რომ იხსენებდნენ რომელიმესა. ერთს გაბრიელი ერქვა,მაგრამ გაბუას ეძახდნენ ტოლი ბიჭები,ქალს ამოჰყოლოდა წყაროზე,წყლით სავსე სამ ჩაფიან კოკას მარტო ვერა სწევდნენ,ერთად კი გამოუდიოდათ ჯერ-ჯერობით.ახლა ფეხები გაეჭიმა და მოჭუტული თვალებით მთებს გაჰყურებდა,რომლებიც ქალაქის მხრიდან შემოსწყობოდნენ სოფელს. გვერდით მარტია ეჯდა,ვირი მისი იყო,ტყეში მიდიოდა,ფიჩხის ჩამოსატანად,მაგრამ სკამზე გაბრიელი რომ დაენახა,მისულიყო ისიც იქა.ახლა კი ჯანგამთბარს ადგომა და ტყეში წაჩაქჩაქება ეზარებოდა. მაგრამ როგორც კი ჭრიალის ხმა გაიგონეს,ორივემ თვალები ჭყიტა და ქალაქის გზას გაჰხედეს. -არუთინაც მოსულა,-ჩაილაპარაკა მარტიამ.არუთინა ნავთით ვაჭარი იყო და ყოველ ორ კვირაში ამოაჭრიალებდა ოთხთვალა ცხენშებმულ ურემს,რომელზედაც ნავთის ჭურჭელი ედგა.ამოვიდოდა,დასდგებოდა წყაროს წინა და დაიწყებდა „ნავთი,ნავთის“ ძახილს.სოფლელებმა უკვე იცოდნენ რომელ დღეებში უნდა მოსულიყო არუთინა და სწრაფად შექუჩდებოდნენ ხოლმე. ახლაც დააყენა ურემი შუა გზაზე,საგორავი დაუდო თვალსა და მოხუცებს აუწია ხელი,იმათაც თავის ქნევით უპასუხეს,ანიშნა მოვალ ახლავეო და ურმიდან თუნუქის დაჭეჭყილი სათლი ჩამოიღო,ცხენისთვის წყალი რომ მოეტანა,ერთი-ორ ტალახიან გუბეს მარჯვედ გადაახტა,სათლი ნავში ჩაჰკრა და წყალი ცხენს წამოუღო.ამასობაში პირველი მუშტარიც გამოჩნდა,პატარა ბიჭს მოკალული თუნგი ეჭირა ხელში და ურემთან ელოდებოდა. -აბა შვილო,გაგიმსო ესა?-თუნგი გამოართვა არუთინამ. -ბაბომ სთქო,-ბიჭს ენა ებმოდა და ნერწყვს ხშირ-ხშირად ჰყლაპავდა,-ბაბომ სთქო,ესეც აგიმსოს და ფულს მერმის გავუსტუმრებო,ძველებთან ერთადო. -ვისი ხარ შენა ბიჭო,-ქვევიდან გაჰხედა არუთინამ,-შაშუასი არა ხარ? -ჰო,ამოილუღლუღა ბიჭმა,-ამ ერთხელაცო,ბაბომ.. -ერთხელაცო?-თუნგს უყურებდა ცოტა ხანს არუთინა,-კაი,კაი,მა რას ვიზამ კაცო,-გამოართვა ჭურჭელი და ურმისაკენ მიტრიალდა.ნავთის კასრიდან ამოსაღებად პირმომტვრეული გაშავებული კოკა ჰქონდა,ის ჩაჰყო ხის კასრში და თუნგში ფრთხილად დაიწყო ჩასხმა. -გამომართვი,-ფრთხილად მიაწოდა ბავშვს,-არ დაგეღვაროს იცოდე.ხო არ გემძიმება? -მადლობა არუთინ ძია,ეს რა მძიმეა, - გაიჯგიმა ბიჭი, - ამაზე დიდები არ დამაქ რო?წყლისები! -ძაანაც კაი,ციმ-ციმ წაიღე აბა შინა.მამაშენის არაფერი იცით ისევ? -ბაბო იძახის ჩამოვაო,-ბიჭს თუნგი გულზე მიეხუტებინა ორივე ხელით და თავს გვერდზე სწევდა,ცხვირი რომ მოერიდებინა სუნისათვის,-სიზმარი ვნახეო. -ჩამოვა კაცო,ჩამოვა,მა სად წავა,-თვალები დახარა არუთინამ,-ამე,ქალაქში ყოველდღე ჩამოდგებიან მატარებლები,ერთშიაც მამაშენი იჯდება.მა სად წავა შვილო,-ბიჭმა გაიღიმა და წასასვლელად მიბრუნდა,მაგრამ არუთინამ გააჩირა და ჯიბეებში დაიწყო ქექვა,აჰა ესეც შენაო და ბიჭს უბეში ფოჩიანი კამფეტი ჩაუგდო. -მადლობა არუთინ ძია,-დაიძახა ბიჭმა და გაიქცა,მაგრამ მენავთის ძახილზე,არ გაიქცე,წაიქცევიო,დამნაშავის ღიმილით გამოხედა და პატარა ნაბიჯებით განაგრძნო გზა. არუთინამ ჯიბიდან დასვრილი ნაჭერი ამოიღო და ხელების წმენდით მოხუცებისაკენ წამოვიდა. -როგორა ხართ კაცებო, - გვერდში ჩამოუჯდა მოხუცებს, - ძაან კი დავიღალე,თქვენი გზა მიშვება.ერთ-ორ წელიწადში იქნებ ვეღარც ამოვიდე. -მაშ, - უყურადღებოდ დაეთანხმა გაბრიელი,-არუთინ ქალაქს რა ხდება,შენ კი გეცოდინება.გვითხარ რამე. -დასდევენ და ჰხოცამენ,ვისაც მისწვდებიან,-ხელი ჩაიქნია არუთინამ,-ერთ მაგათიცა,ალალი გულითა და ჯანმრთელითა... -ქაქუცაზე რაო, - აღარ დაამთავრებინა მარტიამ, - რას ამბობენ,აღარ უნდა მოგვხედოს?სანამდის ვიყვეთ ესე? -იჰ,აღარც ქაქუცაა და აღარც არავინა, - ჩაქინდრა თავი არუთინამ, - ტყეშიაო,იძახიან,რას გაიგებ. ორივე მოხუცმა წამოყვეს თავები რაღაცის სათქმელად,მაგრამ გაჩუმდნენ მაინც და ცოტა ხანს სამივე თავჩაქინდრულები ისხდნენ სკამზე და ფეხებს მტვერში ურევდნენ. ურემთან კიდევ მოვიდა ხალხი,არუთინა ზანდად წამოიწია სკამიდან და იქით წავიდა. ასე ისხდნენ მხრებჩამოყრილები და დაღლილნი მძიმე ფიქრებისაგან,რომლებიც ღამეებს ათევინებდნენ და გულს ბოღმით უბერავდნენ,მაგრამ რა დარჩენოდათ გარდა იმისა,რომ კიდევ ცოტა ხანს ეფრატუნათ მოკლე ნაბიჭებით დედამიწაზე და პაპებისაგან გაგონილი ძველისძველი ამბებით ახალგაზრდებისათვის გული გაეკეთებინათ.
***
ტყის გზაზე ორი ძმა მოდიოდა,ცხენებით,ჩოხებით,თოფებით.მალე მოსახვევს გამოსცდებოდნენ და მოხუცებიც დაინახავდნენ.უმცროსს თავისდაუნებურად ეღიმებოდა,ნანადირევი გადაეკიდა ცხენზე,მაგრამ ზემოდან ნაბადი ეფარა და არ სჩანდა რა მოეკლა.უფროსი წინ მოდიოდა,ჩაფიქრებული,თავჩაღუნული.ხანდახან თუ აიქნევდა მხარს,გადაკიდებული სასროლი რომ შეესწორებინა,ალბათ ფიქრი ჰქონდა რაიმე.ქვედა ტუჩს იწვალებთა ხელით,სადავით ცხენი მოჰყავდა.ვერც კი შეამჩნია რომ წყაროსთან მოსულიყვნენ და ძმა ეუბნებოდა რამეს.უმცროსმა სადავე გამოართვა და წყლის დასალევად გაიქცა.უყურებდა როგორ გადმოდგა ერთ-ერთი მოხუცის კოკა გვერდზე და ხელების დაბანვა დაიწყო.შემდეგ ერთი ხელით სპილენძის პრიალა მილს დაეყრდნო და წყლის სმა დაიწყო,დიდი ყლუპებით,როცა მორჩა კოკა ისევ შეუდგა წყალს,იქაურებს მადლობა გადაუხადა და უკან გამოიქცა ჩოხის კალთების ბერტყვით.ძმას გაუღიმა,რომელიც უსიტყვოდ უყურებდა,სადავე გამოართვა და ისევ განაგრძეს სიარული.როცა მოხუცების სკამს ჩაუარეს,უმცროსმა თავი დაუქნია და გამარჯობა უთხრა.უფროსმა კი მოულოდნელად ცხენი გზიდან გადაიყვანა,პატარა არხს გადააბიჯა,სადაც თავდაღმით წყაროს წყალი ჩამოდიოდა და მოხუცებთან მივიდა.ხელი ჩამოართვა ორივეს.ძმას თვალებით ანიშნა,რომ მოსულიყო.პატარა ძმამც ჩამოართვა ხელი ორივეს,მხოლოდ იმის მერე,რაც თვითონ გამოუწოდეს ხელი.უფროსმა რაღაც უთხრა მოხუცებს და ნანადირევს ნაბადი გადააძრო,ცხენზე ცხოველი გადაეკიდათ,ტალახსა და სისხლი მოსვრილი,სისხლში იმიტომ,რომ ბეჭზე ჭრილობა უჩანდა,რომელსაც ბეწვი დაეჟიებინა და ქვევით კისრისა და ყელისაკენ ჩამოსულიყო,იქიდან კი მიწაზე წვეთავდა იშვიათი წვეთებით.ერთ-ერთმა გაოცებულმა მოხუცმა ცხოველს თავში ხელები მოჰკიდა და შეეცადა კარგად დაეთვალიერებინა დიდი ყვითელი თვალები,რომლებშიც კიდევ ჩარჩენილიყო სიკვდილისწინა რისხვა.როგორი გამხადარიაო,თქვა მეორე მოხუცმა.ნადირს ოდესღაც ერთ-ერთ უდიდესს,მართლაც აღარ შერჩენოდა ხორცი,პირველმა მოხუცმა თქვა,რომ ეს დარდისაგან იყო,რადგან შეუძლებელია, მისნაირ არსებას უნდოდეს და საჭმელი არ ჰქონდეს.უმცროსმა ძმამ კი ნანადირევს ხელი დაუტყაპუნა მუცელზე და მოხუცს რაღაც უთხრა.მან ნადირის თავი ფრთხილად ჩამოუშვა ძირს,გასწორდა,უმცროსს შეხედა და მოხუცმა რომელსაც გაბრიელი ერქვა, მოულოდნელად ხელი გაჰკრა,ის არ ელოდებოდა და თავიც კი არ გაუწევია,სილამ შეაქანა და ხელების ქნევა დაიწყო წონასწორობის დასაცავად.თოფი მხრიდან ჩამოუვარდა და გაკვირვებული მიაჩერდა მოხუცს.მეორე მოხუცი,რომელსაც მარტია ერქვა,მათ შორის ჩადგა და ამხანაგის დამშვიდება დაიწყო.მაგრამ ის ახლა უფროს ძმას უყურებდა.ის მიხვდა და ხელი ერთ-ერთი მთისაკენ გაიშვირა,რომელზეც დანგრეული კოშკი იდგა და ერქვა ქოროღლი და მოუყვა რომ ტყეში მოკლეს,როცა სადღაც მიძუნძულებდა და იქამდე ვერ შეამჩნია,სანამ პირველი ტყვია არ ესროლეს ბეჭში,მაშინ იგრძნო ისინი და მოტრიალდა,რათა გაემართა უკანასკნელი ომი,მაგრამ მეორე ტყვია პირდაპირ მკერდში მოხვდა და წაიქცა,რადგან ყველაზე ძლიერი მეომარიც კი ვერ გაუძლებს ფეხზე მდგომი ამდენ სიკვდილს.შემდეგ ეგდო ტალახში და ბორგავდა,რადგან იცოდა რომ უკვე მკვდარი იყო და არ უნდოდა ასე უბრალოდ წასვლა ასეთ დიდებულს და საოცარს.მას კი მხოლოდ იმის ძალა შერჩენოდა რომ ბრჭყალებით ბალახის ფესვებში გაბლანდული მიწა ეთხარა,რომელიც წვიმასა და სისხლს დაესველებინა.ბოლოს მხოლოდ იწვა,ძლივღა სუნთქავდა და იმას უყურებდა,ვინც მოკლა,მაგრამ არა ძმებს.
ბოლოთქმა ეს ამბავი მთლად გამონაგონი არ არის. 1922 წლის ნოემბერში მართლაც მოკლეს თურანის ვეფხვი თბილისთან ახლოს,ამბობენ რომ ის აზერბაიჯანიდან ან ირანიდან მოვიდა და ის უკანასკნელი იყო კავკასიაში და იქნებ მთელ ახლო აღმოსავლეთში.ამჟამად თურანის ანუ კასპიური ვეფხვი გადაშენებულია.
15.04.1996
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ის ეძებს,ის გადარეულია,შეშლილია,გაგიჟებულია,სხვა არაფერი აინტერესებს.ეს ცხოველების თვისებაა,როცა მეორე ნახევარს ეძებენ,მაგრამ ის მთლიანად ცხოველი არ არის,თან თითქოს ადამიანია და ეს გრძნობა უფრო ადამიანურია.თითქოს რაღაც სიყვარულის მსგავსი.მარტო ინსტინქტები არ ამოძრავებს.რატომ წამოვიდა ჩვენსკენ?იმიტომ სადაც საერთოდ კასპიური ვეფხვები ცხოვრობენ,იქ ვერ იპოვა და საქართველოში წამოვიდა,აქ რას იპოვიდა საცოდავი.სულ ბოლოში ვიგებთ რომ მისი ეს ამხელა სვლა,დასაწყისშივე უიმედო ყოფილა.არ ბინადრობდნენ არასდროს თურანის ვეფხვები საქართველოში,მაგრამ ის გაგიჟებულია,ის სიზმარმა მოატყუა და სიზმრის კოშკს ეძებნა თბილისთანაც.ეს სიზმარი ზოგს გონია რაღაც ხილვის მსგავსი,მაგრამ არა.ეს უბრალოდ სიზმარია და ამ სიზმარმა შეაცდინა და უკვე თითქმის მკვდარი,ისევ მასზე ფიქრობდა.იმაზე ვისაც ეძებდა. ის ეძებს,ის გადარეულია,შეშლილია,გაგიჟებულია,სხვა არაფერი აინტერესებს.ეს ცხოველების თვისებაა,როცა მეორე ნახევარს ეძებენ,მაგრამ ის მთლიანად ცხოველი არ არის,თან თითქოს ადამიანია და ეს გრძნობა უფრო ადამიანურია.თითქოს რაღაც სიყვარულის მსგავსი.მარტო ინსტინქტები არ ამოძრავებს.რატომ წამოვიდა ჩვენსკენ?იმიტომ სადაც საერთოდ კასპიური ვეფხვები ცხოვრობენ,იქ ვერ იპოვა და საქართველოში წამოვიდა,აქ რას იპოვიდა საცოდავი.სულ ბოლოში ვიგებთ რომ მისი ეს ამხელა სვლა,დასაწყისშივე უიმედო ყოფილა.არ ბინადრობდნენ არასდროს თურანის ვეფხვები საქართველოში,მაგრამ ის გაგიჟებულია,ის სიზმარმა მოატყუა და სიზმრის კოშკს ეძებნა თბილისთანაც.ეს სიზმარი ზოგს გონია რაღაც ხილვის მსგავსი,მაგრამ არა.ეს უბრალოდ სიზმარია და ამ სიზმარმა შეაცდინა და უკვე თითქმის მკვდარი,ისევ მასზე ფიქრობდა.იმაზე ვისაც ეძებდა.
9. მშვენიერი თხრობა, ემოციების გამძაფრება და საინტერესო ამბავია, საინტერესო ხედვით და მხატვრული თვალსაზრისითაც. მშვენიერი თხრობა, ემოციების გამძაფრება და საინტერესო ამბავია, საინტერესო ხედვით და მხატვრული თვალსაზრისითაც.
7. თუ დააკვირდებით,ვეფხვი რომაა საერთოდ გმირი,ბოლოს ვიგებთ.არ მინდოდა,რომ თავიდანვე სცოდნოდა მკითხველს ვინ იყო. თუ დააკვირდებით,ვეფხვი რომაა საერთოდ გმირი,ბოლოს ვიგებთ.არ მინდოდა,რომ თავიდანვე სცოდნოდა მკითხველს ვინ იყო.
6. გრამატიკულ დროებზე გეუბნება :)
სათაური ? "თურანის ვეფხვი" მოკლედ და კონკრეტულად. აი ასე... :)
გრამატიკულ დროებზე გეუბნება :)
სათაური ? "თურანის ვეფხვი" მოკლედ და კონკრეტულად. აი ასე... :)
5. ამაზე უარესი სათაურები აქვს სხვებს.სათაურებს ვერ ვფიქრობ.რატომ არ ემთხვევა?მანდ რაც ხდება ყველაფერი 1921-22 წლებში ხდება. ამაზე უარესი სათაურები აქვს სხვებს.სათაურებს ვერ ვფიქრობ.რატომ არ ემთხვევა?მანდ რაც ხდება ყველაფერი 1921-22 წლებში ხდება.
4. თითქოს დროში არ ემთხვევა ერთმანეთს სხვადასხვა სურათი.
ისე კი, კარგი მოთხრობაა, უკეთეს სათაურსაც იმსახურებდა.
კარგადაა გამოყენებული საქართველოში (კავკასიაში) მოკლული უკანასკნელი ვეფხვის თემა.
თითქოს დროში არ ემთხვევა ერთმანეთს სხვადასხვა სურათი.
ისე კი, კარგი მოთხრობაა, უკეთეს სათაურსაც იმსახურებდა.
კარგადაა გამოყენებული საქართველოში (კავკასიაში) მოკლული უკანასკნელი ვეფხვის თემა.
3. მოვალ მე აქ :)
მოვალ მე აქ :)
1. ჰო, გადაშენება მაგრად გვერხეხება, შენ შექმნა-გამრავლება თქვი... საინტერესოდ წავიკითხე, ყოჩაღ. კარგი თხრობა გაქვს და სიტყვასაც ფლობ. მთავარია წერა არ დაგეზაროს და ლექსებზე არ გადახვიდე... :)
ჰო, გადაშენება მაგრად გვერხეხება, შენ შექმნა-გამრავლება თქვი... საინტერესოდ წავიკითხე, ყოჩაღ. კარგი თხრობა გაქვს და სიტყვასაც ფლობ. მთავარია წერა არ დაგეზაროს და ლექსებზე არ გადახვიდე... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|