ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერენა რომერსონ
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2015


"მალეუსი" გიჟი მამა დეკემბერა

                                                          "amnes pater in december"

სან-პედროს თავზე მზე უცნაურად ამოცურდა, ჩვეული კაშკაშა ოქროსფერი სხივების ნაცვლად გახუნებული ნათებით ძლივს ბჟუტავდა მოღრუბლულ თაღზე, რაღაც კოსმიურ ეპიდემიას ჰგავდა ეს მოვლენა, ან პლანეტურ სურდოს, რომელიც ვარსკვლავებს კაშკაშა სხივებს უხშობდა. ზოგჯერ ჩვენი მზე თითქოს აცემინებდა, უხვად გადმოყრიდა სხივებს და მერე ისევ მინავლდებოდა ღრუბლებს მიღმა, ასე გაფითრებული თოვლის გუნდას უფრო ჰგავდა ვიდრე გავარვარებულ ციურ სხეულს.


მზის ანომალიური თეთრი ნათება ადამიანის თვალისთვის ფერების ჩვეული აღქმის უნარს პირდაპირპროპორციულად ცვლიდა და ასახიჩრებდა, მონაცრისფრო კონტრასტი და ჩამუქებული ჩრდილები ყველაზე ფერად ყვავილებსაც კი გახუნებულსა და გაცრეცილს აჩენდა, ყველაფერს ნისლის ფერი დაჰკრავდა, ოღონდ თვითონ ნისლი, რომელიც ბუნებრივ შემთხვევებში თვითონ ფერავს სამყაროს სევდიან ფერებში, ახლა არსად ჩანდა. თავისუფალი აჩქარებით ვებერთელა ღრუბლის გროვები მაღალი მთის წვეროებზე ეშვებოდა, ეცობოდა და ნაკუწებად იფატრებოდა, იფანტებოდა, ნაჭრებად იძონძებოდა, სულის შემხუთავი კონტურები, მაღალი ციდან დაბალ ცამდე.
მოხეტიალე დაღლილი ღრუბლები ოფლში იწურებოდა და ცად გაფანტულ ზღვისა და ტბის წვეთებს უხვად ასხავდა სან-პედროს გახუნებულ ქალაქს. ბარელიეფებს, გეოგლიფებსა და ქანდაკებებს ალურჯებდა ცივი ნაკადი.


ფანატიკოსთან გულის გასახარად ბუნებამ იცის ხოლმე გახუმრება საცოდავ ადამიანებზე და აუხსნელი სიცელქით მოავლენს ხოლმე ისეთ რამეს რასაც ადამიანები მაინცდამაინც ღვღთაებრივს მიაწერენ დაუფიქრებლად, დღესაც დედაბუნება ცელქობის ხასიათზე ყოფილა, სუფთა წყალბადისა და ჟანგბადის ნაერთის ნაცვლად ციდან ქაფ-გარეული სითხე იღვრებოდა, მიწაზე გროვდებოდა, გუბეეს სწრაფი შხაპუნით ეხეთქებოდნენ ჩმორჩენილი წვიმის წვეთები და აქაფებულ ქულებად იქცეოდნენ. ქაფის ზვინებში ჩაიძირა სან-პედრო და ახალხი.
ყველა გარეთ გამოცვივდა ამ საოცრების დასანახად, ხელშესახებად და არა მხოლოდ... ადამიანებს უყვართ როდესაც სასწაულებს ხედავენ და მთლად სიხარულისგან გიჟდებიან თუ ეს “საოცრება” ხელშესახებიცაა ამავდროულად.

შეშლილი მამა დეკემბერა გაწუწული და თმა აწეწილი ქუჩებში უზარმაზარი ხის კოვზით დარბოდა, ქაფს კარაქის ჭრიდა და გამვლელთ სახესა და სარცხვინელზე აშხურებდა:
-ჩმოიბანეთ და გამოიბანეთ თქვენი ცოდვები გველის შეცდენილებო, უღვთო, წარწყმედილებო, უმაქნისებო, სიძვა გამოიბანეთ, შური ამოირეცხეთ, ღმეღთმა შეისმინა ლოცვა ჩემი და აჰა მოგვივლინა ქაფი ღვთიური და წყალი ნაკურთხი, რათა უკეთ იბანდეთ, აბა მარტო ნაკურთხი წყალი იყო საქმე? ქაფიც საჭიროა აბა რა, აბა რა...
-მამა დეკემბერა გვიშველეთ, გვიშველეთ დიდება ანგელოსთა და დიდება წმიდათა დასს რომელმაც ეს სასწაული მოავლინა- კიოდა ხალხი, მამა დეკემბერასთან იმოდენა ბრბო ჩამოდგა რომ ჩიტის ბუმბულს ვერ გააცურებდი მათ შორის, ზოგი ხელებს უშვერდა რომლითაც ქმარი მოეკლა, ზოგი იმ ხელებს უშვერდა რომლითაც ცოლი დაეხრჩო, ზოგი იმ ფეხს დაჭრილის სასიკვდილოდ ბოლო წიხლად რომ გამოდგა, ზოგიც სარცხვინელს, რომლითაც ასე ხარობდა მისი ქისა ოქროთი და ვერცხლით. საყოველთაო გადარჩენა იდგა სან-პედროს ქუჩებში.

პადრე მილაკიც აქვე დაცურავდა ერთგულ თაკასთან ერთად, რომელიც თიხის ჭურჭელში მილაკის ბრძანებით გულმოდგინეთ არჩევდა და აგროვებდა ქაფს, პადრე დაჰყვებოდა და თავზე დაჰქაქანებდა, სუფთა და შეურყვნელი ქაფი აგროვეო ბრძანებდა მისი უმაღლესობა. თაკა ვერ მიმხვდარიყო- რა საჭიროა ამდენი ქაფის შეგროვება ჩემო ხელმწიფე?- უხერხულად დასვა შეკითხვა, პადრემ თავში ხელი წამოჰკრა, რითაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა რომ ის სულელი იყო და ჯერ ღირსი არ გამხდარიყო მღვდლის სამოსი ეტარებინა, რომელსაც პადრე აგერ უკვე რამდენი ხანია ჰპირდებოდა, ხმაში ის სიამაყე ჩაუდგა მასწავლებლებს რომ აქვთ ხოლმე, როცა შტერ მოსწავლეს ცდილობენ რაიმე ასწავლონ, მაგრამ თაკა არ იყო შტერი და არც მილაკი ის მასწავლებელი რომელმაც უნდა ასწავლოს- თაკა, ნუ ხარ ასეთი სულელი, დღეს და მხოლოდ დღეს მოგვმადლა ზეციერმა ეს სასწაული, სად გინახავს დაუსრულებელი ღვთიური სასწაული, ანდაც ბუნების რომელიმე მოვლენა? ხვალ აღარც წვიმა იქნება და აღარც ქაფი, ჩვენ კი ამ ქაფს სან-ლუისშიც წავიღებთ და აქაც გავყიდით, ბოლოსდაბოლოს ჩვენც ხომ უნდა ვჭამოთ ლუკმა პური? რატომ არაფერზე ფიქრობ?!- შეწუხდა მილაკი და აგრძნობინა თაკას რომ უმისოდ ან შიმშილისგან გაძვრებოდა სული თაკას ან სიშტერისგან.

ბოლოს ყველა ამ დღისთვის და მომხდარ საოცრებაზე სალაპარაკოდ სან-პედროს საკათედრო ტაძარში შეიკრიბა, სადაც ქადაგების წარმატება პადრე მილაკს მიანდეს, როგორც ქალაქის მთავარ სტუმარს. ბევრი იმასაც იძახდა რომ მისმა სიწმინდემ გამოიწვია ცოდვათა განსაბანი ქაფის მოვლენა და მის დანახვაზე გაწუწული ბრბო მუხლებით მარმარილოს ფილაქანს დაასკდა, ავე! ავე მილაკუს... გაიძახდა მრევლი, მამა დეკემბერაც ტაძარში იყო, ისიც სველი, ისევ თმა გაწეწილი, როდესაც მილაკს ადიდებდნენ გულის თავზე თითქოს ეკლის გვირგვინი დაადგეს და ათასი ჩხვლეტით კინაღამ სული განუტევა, ის გიჟი იყო, შურიანი არასოდეს ყოფილა, მაშინ რა ესაქმებოდა ეკლის გვირგვინს მის გულზე? -დაეჭვდა გიჟი დეკემბერა.

მილაკი შედგა კვარცხლბეკზე და დაიწყო ქადაგება, სწორედ იმ დროს როდესაც ქაფის ღვთაებრივ ნიშან-თვისებებზე და მის სიმბოლურ მნიშვნელობაზე დაიწყო საუბარი მთავარ შესასვლელთან ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა, პირველივე სვეტი იპოვა რომელზეც თვითმკვლელი იუდა თავით ჩამოკიდებულიყო ჩუქურთმაში, იუდას მიეყრდნო, ფარანჟა არ ეფარა, მილაკისკენ აპარებდა თვალს და თუ მის მზერას შეისწრებდა მორცხვად უღიმოდა, თავიდან პადრეს არ შეუმჩნევია ქალის უცნაური ქცევა, მაგრამ რამდენჯერმე რომ განმეორდა მისი ღიმილი მიმართული მილაკის მზერისკენ დარწმუნდა რომ უცხო მას უღიმოდა.


ღიმილი საოცრად მშვენიერი ჰქონდა უცხო არსებას, ქანდაკებას უფრო ჰგავდა ვიდრე ხორციელს, მილაკის ხმა ახლა ტონით დაბლა ჟღერდა, უფრო მშვიდი და ნაზი გახდა, იუდას სვეტზე მიყრდნობილ ქალს თვალს ვეღარ აცილებდა, ქალი ისევ უღიმოდა, სულ ბოლოში იდგა, მარტო პადრეს უხილავი ვნებით აგიჟებდა, გრძნობდა, მერე კორსეტი შეიხსნა, ძუძუ ამოაგდო ნაზი ხელი მოუჭირა და მილაკს მიუშვირა მოვარდისფრო აბუზული თავბიძგი, ვითომ შერცხვა ხორცის ნაჭერი ისევ კორსეტში ჩააგდო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ტაძრიდან, სწორედ ამ დროს მილაკს საკმეველი გაუვარდა ხელიდან, რომელიც დაიმსხვრა კიდეც, ზეთი ძირს დაიღვარა და ცეცხლი მოედო, პადრე კვარცხლბეკიდან ჩამოვარდა, თაკამ სასწრაფოდ შეაშველა ხელი, აურზაური ატყდა, სადღაც სანთლებით სავსე შანტალი წაიქცა და ახლად შეღებილ კედლებს მოედო ცეცხლი, რომელიც ისე მალე გავრცელდა ხის ძელსკამებსა და ხალიჩებზე რომ გონს მოსვლა ვერც მოასწრეს, ღვთის სახლში პაწაწინა ჯოჯოხეთი შემოიჭრა, გარბოდა ყველა, ზოგი ეცემოდა, ყველა გადარჩებოდა, მაგრამ ვინც ეცემოდა მათ ხალხი სრესდა, ცეცხლი არავის მოედო, ყველა გალუპმულიყო ქაფსა და წვიმაში.


ტაძარი გვიან ჩააქრეს, ფერფრლი თოვდა და თოვდა, ყველა უნდა გადარჩენილიყო, ბევრი კი დაიხოცა, ხალხმა გასრისა თვითონ, არადა მამა დეკმბერა გიჟიაო ამბობენ და თუ მართლა არის, ის ყოველთვის მაინც არის გიჟი, სხვები კი წუთით გიჟდებიან და მათი სიგიჟე სისხლითაა სავსე.
მამა დეკემბერა ტიროდა, ის ხის კოვზი დაეწვა თურმე ყველას რომ უკაკუნებდა თავში, მხოლოდ მან დაინახა სინამდვილეში რაც მოხდა იქ და იძახდა ძუძუებმა წაუკიდეს ცეცხლი ტაძარსო, სიმართლის თქმას მხოლოდ ასე ახერხებდა, უბრალოდ არ იცოდა სხვა სიტყვებით როგორ შეიძლებოდა მომხდარის გადმოცემა. ალბათ ამის გამოც ტიროდა საბრალო, სიგიჟე ენას უყადაღებდა, ტვინს ურევდა, მაგრამ სიმართლე კი იცოდა, ის არ იცოდა როგორ ეთქვა ეს სიმართლე ისე რომ სიგიჟეს არ მსგავსებოდა, მამა დეკემბერა ხომ გიჟი იყო, დეკემბერში გაგიჟდა.


    გაგრძელება>>>>

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს