ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატტასი
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2015


ნაძირლის შვილი (სიმინდი)

შვილმა იცის მამამისი ნაძირალაა. ბავშვობიდან ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაშინ როცა ბიჭი 2 წლის იყო, პირველად. ჩამოჰყურა მწვანედ ანთებულ თვალებში მსგავსი თვალებით, გაუცინა, ხელს მოიქცია რძისფერი თითები, რაღაცეები ელაპარაკა. ნაძირალა თვითმარქვია პოეტი იყო და მატყუარა. ტყუილებს ისე იგონებდა, როგორც კომბლე თლიდა კომბლებს და ჭერში აწყობდა. მოვიდოდა და გადმოანთხევდა საიდანღაც დაგროვილ ყალბ სიყვარულს, რომლითაც გამოკვებილი ბიჭი მძიმედ იწამლებოდა. შვილის ბებია გიჟს ეძახდა ნაძირალას. დედა  იყო ერთადერთი და საოცარი, შვილის კეთილი გულის წყარო. მზის სხივებს აცლიდა თმიდან ბიჭს და სახეზე ჭიამაიებს უფერებდა, არასდროს ულანძღავდა მამას . ნაძირალა დააპატიმრეს, ახლა ალბათ ციხის თემატიკაზე დაიწყებდა ლექსების წერას, თავს ჩამოიცმევდა მსხვერპლის პერანგს, როგორც უყვარდა, კრავის კანში შეძვრებოდა, გულს და თვალებს მოიწყლიანებდა. ბიჭი თვალმწვანე და ხელგულღია, სევდა მაინც ჩრდილივით მიჰკედლებია, გულით მზეს დაატარებს. ნაძირალას დედა, ბებია ისე უყურებდა თავიდან როგორც შვილის მსგავსს, ახლა უკვე იცნობს და უყვარს, სიხარულით ელოდება მის სტუმრობებს, ბებიობა უფრო ახარებს, ამაყია.
შვილმა დედას ცხენი აჩუქა მოქაფქაფე ბალახმინდვრიანად, ცხენი ''მზესწვდა'' . დედა განა არ შეუშინდა დამზაფრ ეჭვებსა და მუხთალ მომავლებს. დედა არ იყო უშიშარა, მაგრამ შიში ვერ აშინებდა. შვილის გულს სიძულვილს არ აკარებდა და სამართლიანობასა და სიკეთეს ჯაჭვის პერანგად ახვევდა.
ვინ რა იცის რომელ ბილიკს გაჰყვეს, ნათელსა და უხიფათოს, თუ დაბურულსა და ეკლიანს? სად დაიჭერს სასწაულს და ბედნიერებას?  ცოტამ იცის ამით ტკბობა და მოფრთხილება, უფრო ცოტას შეუძლია მისი არდათავისება, სხვისთვის წილადობა. განა რომელი დღე უფრო გვათბობს, მზიანი, თუ გულმზიანი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები