ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა დღიურით
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2015


•ინდიანა• ( ჩანახატივით )

ინდიანამ ფეხები დააბაკუნა და ცხვირი აიბზიკა.
-  ასეთ ამინდში ვერ გავალ !
  გარეთ წვიმა გულს იჯერებდა. ფანჯრებს თავისებური ცეკვით შემოურბენდა და მერე, განწირული და დაქანცული, მიწაზე ენარცხებოდა. ცას მუქი ფერი დაჰკრავდა, მზის სხივთა მხურვალებას შავი ღრუბლებით იგერიებდა.
- სხვა გზა არ არის.
მან ბუხართან მჯდომ მამას გადახედა და თავი გამალებით გააქნია.
- რა საჭიროა იქ წასვლა.   
- დედაშენს, როგორც ხედავ, შეაგვიანდა. ნუღარ ჯიუტობ.
  ინდიანამ მამამისს ზიზღით გახედა და გაუაზრებლად, მგავსი შეგრძნება დედის მიმართაც გაუჩნდა.
- ასეთ ამინდში ვერ გავალ. - გაიმეორა და თვალებიდან ცრემლთა ნაკადი გამოუშვა.
  კიბიდან ხმაური მოისმა. მამა ფეხზე წამოდგა და მისკენ მიმავალ ექიმს ბუნდოვანი მზერა სტყორცნა.
- არაფერია, არაფერი, - გაიღიმა თეთრწვერიანმა ექიმმა, - ყველაფერი კარგად იქნება.
მამამ თავი ჩაღუნა და გაირინდა.
ინდიანა წვიმას ჰყვებოდა და ტირილს განაგრძობდა. ვერ გაეგო, რა ატირებდა: ის, რომ ასეთ ამინდში მოუწევდა ფეხით მდელოს გადავლა, თუ ის, რომ მისი პატარა, საყვარელი ძმა ზემოთ, საწოლში უსაქმურად იწვა.
- არა მგონია, ასე მარტივად მოგვარდეს ყველაფერი. - აღიარა შუბლშეკრულმა მამამ, როცა ექიმი გააცილა.- ავდარი გადაივლის, დრო კი არ იცდის.
ინდიანამ თვალები გადაატრიალა, მაგიდიდან რეცეპტი და რამდენიმე მონეტა აიღო და მუჭაში ჩაიბღუჯა. ოთახი კაბის შრიალით გადაიარა და ზღურბლზე შედგა. ბუხართან დაბრუნებულ მამას ერთხელაც გადახედა და ამაყი გამოხედვით წინ დატრიალებულ ქაოსს შეხვდა. იმდენად თავდაჯერებული, მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდა, წამიერად ინანა კიდეც სისუსტე რომ გამოავლინა. მაგრამ მაინც ვერ გაერკვია, რა საჭირო იყო ამ თავსხმა წვიმაში ერთი კოლოფი წამლის გამო სიარული.
და მაინც, რატომ აიძულეს ის წასულიყო და არა მამა? ან მის ძმას რა სჭირდა საიმისო, რომ რამდენიმე საათს ვეღარ ითმენდა? დედა სადღა დაიკარგა... მან ცას ახედა - ისევ რუხი სამოსი ეცვა და გამოცვლას არ აპირებდა. მის წინ მწვანედ აბიბინებული მდელო გადაშლილიყო, ის კი მარტოდ მარტო მიაბიჯებდა სველ ბალახზე. ირგვლივ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა.
სახლში დაბრუნებულმა უკვე იცოდა, რომ დედას მხურვალედ ჩაეხუტებოდა და ისევ ტირილს მორთავდა. ასეც მოიქცა. ქალმა სველ თმაზე ხელი მზრუნველად გადაუსვა და ტკბილი ხმით დაამშვიდა:
- არ იტირო, ძვირფასო. არ იტირო.
მაგრამ ის  მაინც ტიროდა. მერე რა, თუ წვიმას გადაეღო და დაგვიანებული მზე ახლა უკვე ჩასვლას ლამობდა. მან ცრემლების მიზეზი უკვე იცოდა. ამას გზაში მიხვდა.
უეცრად იგი დედას მოსცილდა და ერთ ადგილას გაიყინა. მერე ჩვეული სიჯიუტით ფანჯრისკენ გაემართა, ფართოდ გამოაღო და ოქროსფრად მოელვარე მდელოს თვალი მოავლო.
ირგვლივ წამლის, ნესტიანი მიწისა და სიკვდილის სუნი ტრიალებდა.

თ.ნ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები