ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია არგანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ივნისი, 2015


ლომისის სალოცავი

                   
-ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა-მთიულეთის სალოცავებსა, ყოვლად დიდ ლომისასა, ქსნისა და არაგვის ხეობათა თავდამყურებელსა, ხორასნიდან შვიდი ათასი ქართველი ტყვის დამხსნელ-დამბრუნებელსა, საქართველოს სალოცავთა მეფეთ-მეუფესა!
ამ რამდენიმე წინადადებაში ჩატეულია ლომისის მთელი ისტორია, მისი დაფუძნებიდან დღემდე და ის უდიდესი  ღვაწლი, რომელიც ისტორიულად ლომისის მთავარმოწამის სახელს უკავშირდება.
ალბათ,  უკვე შვიდ საუკუნეზე მეტი ხანია, რაც  თეთრი არაგვის სათავეში, დღევანდელ მთიულეთში, რომელიც  ისტორიულად ქართლის მთიულეთად და შიდა ქართლადაც იწოდება, ხალხის მიერ  არჩეული ხატის მსახური - დეკანოზი  ხატების სადიდებელს მთიულეთისა და ქსნის ხეობის უპირველესი სალოცავის ლომისის დიდებით იწყებს.
-ღმერთო გაუმარჯვეო -
ამას მოყვება საქართველოს სხვა სალოცავების სადიდებელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ეს ლოცვები არის საქართველოს სულიერი ცხოვრების  ყველაზე სანდო  მატიანე, რომელიც იმავდროულად  ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და მხატვრულ სახეებში  კოდირებულ ინფორმაციასაც ატარებს.
ლეგენდის მიხედვით ლომისის სალოცავი  გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც  მეცამეტე საუკუნეში  ჯალალ-ედინის ლაშქრობის დროს  არაგვის ხეობიდან  გატაცებული  7000 ათასი  ტყვე დაუხსნია ხორასნიდან და დაუბრუნებია  სამშობლოში. მას შემდეგ  ლომა ხარის რქებზე დაბრძანებული ხატი მლეთის მთაზე დამკვიდრებულა და იქ აუშენებიათ მისი სალოცავი. ასწლეულების მანძილზე მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.
ლომისის და გზოვანის სალოცავების იგივეობას ისიც ადასტურებს , რომ სადიდებელ ტექსტში ლომისის შემდეგ წიფორის წმიდა გიორგი  იხსენიება:
-ღმერთო გაუმარჯვე წიფორის წმინდა გიორგისა ხმელ გორზე დაბრძანებულსა, სამასსამოცდასამი წმინდა გიორგის მოძმე მოთავესა!
ზოგიერთ ლოცვაში კი ის დიდი ლომისის მოყმე-მოძმედ ითვლება.
გადმოცემით კი წიფორის წმიდა გიორგი სწორედ გზოვანის სალოცავის  სიახლოვეს იყო დაბრძანებული და მათი ერთად მოხსენიება სავსებით ლოგიკურია.
მკვლევარები ლომისის სალოცავის ასაკს მეცამეტე საუკუნიდან ათარიღებენ. თუმცა ვარაუდები უფრო შორსაც მიდის.
აქ  სრულიადნ ვეთანხმები ხელოვნებისმცოდნეობის დოქტორს ქალბატონ ასმათ ოქროპირიძეს მოსაზრებას. რომ ლომისა არის ადრექრისტიანული და არა წინარექრისტიანული ანუ წარმართული დღესასწაული, როგორც ზოგიერთი ფიქრობს.
„ქართლის ცხოვრებიდან“ ვიცით, რომ  როდესაც წმინდანი შემოვიდა საქართველოში და იქადაგა სარწმუნოება, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, ილოცა და აქვე სასწაულებრივად გამოჩნდა ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღესასწაულად გამოაცხადა.
ლომისობის დღესასწაული ემთხვევა ამ დღეს და ქალბატონი ასმათის მოსაზრებით, სწორედ იმიტომ ემთხვევა ეს ორი დღესასწაული, რომ მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა.
სასწაულებრივი გამოჩენა ქრისტიანული სიმბოლო ჯვარისა გადაეცა მთის ხალხს, როგორც დღესასწაული უშუალოდ ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც  ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყო, ანუ წმიდა გიორგის პიროვნებაში.
როგორც მოგახსენეთ, ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. ის აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირის ოთხშაბათ დღეს.
მის ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი ჯაჭვი (ლეგენდის მიხედვით ეს ჯაჭვი დადიანის ქალის მიერ არის შეწირული, თუმცა, შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს  დადიანეთის (ქსნის ხეობა) მკვიდრიც), ვისაც რაიმე აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და სამგზის ლოცვით შემოუვლის ტაძარს.
ლომისაში სრულდება ფერხისა, სწორედ ამ ჯაჭვთან დაკავშირებული ცნობილ ლექსის თანხმლებით:
„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
  არავინ იცის ვისია
  შახედა ქალმა, შასტირა,
  ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია
  შავეთით გამოგზავნილი
  შავგვრემანაის ყმისია,
  ოქრო დაადნო, შაწურა
  ლომისის საკადრისია
  დაეხსენ ჟანგი შეჭამოს
  ალბათ მაგისი ღირსია“
საინტერესოა, რომ ამ  ლექსი ოდნავ განსხვავებულ ვარიანტს მღერიან ახალციხეში:
  „ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
  არავინ არ იცის ვისია,
  ე ჯაჭვი ჩემი ძმისია
  მესხეთით (შავშეთით) წამოღებული
  შავგვრემანაის ყმისია“
ამ ორ ლექსს შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ აქ შავეთი შავშეთით არის შეცვლილი.
  მაგრამ რა შუაშია ლომისასთან ახალციხე? რატომ მღერიან სწორედ ამ ლექსს?
საქმე ისაა, რომ მდინარე ფოცხოვოს მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით ლომისის ხატის სახელწოდებიდან გამომდინარე დასახლებულ პუნქტსაც ლომისი ერქვა.  ციხე -სიმაგრე ლომსია მეთორმეტე საუკუნეში სამცხის ათაბაგებმა-ჯაყელებმა აღადგინეს, განაახლეს და მას ახალციხე ეწოდა.
ადგილობრივი თქმულების მიხედვით სწორედ აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისის სალოცავში.
ცნობისმოყვარეობა აქაც ბევრ ისტორიებს შეთხზავს. თუმცა  რეალური კავშირი ლომისის და ახალციხის სალოცავს შორის ჯერ არ სჩანს. ჯერჯერობით ამ ვერსიას ერთადერთი ხელის მოსაკიდი მხოლოდ ეს ლექსია, რომელიც, როგორც ვთქვით,  დღესაც გავრცელებულია ახალციხის მხარეში.
და შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით ლომისის დეკანოზს არასოდეს ავიწყდება არც მესხეთ-ჯავახეთის სალოცავები:
-ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მესხეთ-ჯავახეთის სალოცავებსა ვარძიის ღვთისმშობელსა, საფარის წმინდა გიორგისა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა საქართველოს გარეთ დარჩენილ ტაო-კლარჯეთში დაბრძანებულ წმინდა სალოცავი
საუკუნეების განმავლობაში ლომისა მოწმე  იყო იმ ისტორიულ მოვლენებისა, რომელმაც არსებითი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორიაზე.
ხვარაზმელები, მონღოლები, ჩრდილოელი თუ ჩრდილოკავკასიელი  ტომები დღენიადაგ თარაშეშობდნენ მის საყმოში.
თუმცა არცთუიშვიათად ბრძოლა  სხვადასხვა ხეობის (ქსნის და არაგვის) მცხოვრებთა შორისაც ხდებოდა (ერთ შემთხვევაში ამ დაპირისპირების ინსპირატორები და წამქეზებელნი  გიორგი ბრწყინვალი უფროსი ძმები ვახტანგ მესამე და დავით მერვეც იყვნენ)  ამ ლექსში  კი ერთდროულად ლომისის ისტორია და შიდადაპირისპირების კვალიც იკითხება:
„ ხოროსან ლაშქრად ვიყვენით, ჩვენ ლომნი ლომისისანი
იქ გავიგონეთ ჟღერანი ჟამურ-ბერციხის კლდისანი.
მუხლი გვქონდა და ვიხმარეთ ამ ჩემის ჭარმაგისანი
სადილით სამხრობამდისა ჟამურ დავლახეთ ქვიშანი,
შვიდნი ჩვენ, შვიდნი ქსნელები სისხლის ტბად შევიყარენით
გაშჭრა ი შაბათის ძალმა ბარდაბარ გავიყარენით“
როგორც ჩანს, ამ სამარცხვინო სისხლიანმა დაპირისპირებამ  შთააგონა გიორგი ბრწყინვალეს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის და კერძოდ მთიულთათვის სამართლის წიგნის („ძეგლისდება“) შექმნა. 
1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს არაგველებსა და ქსნელებს უკვე ერთად  მებრძოლებს ვხედავთ კაზაკთა ჯარის ნაწილებს წინააღმდეგ.  ამ შეტაკების დროს  მათ ლომისის ფერდობზე  მაიორი მელა დაამარცხეს და ზარბაზნები წაართვეს .
თუმცა მანამდის იყო კრწანისის ომი, სადაც  არაგველები ლომისის მთავარმოწამის შემწეობით გულმოცემულნი შევიდნენ...
მუზეუმში დღესაც ინახება  ვერცხლის თასი, რომელიც  შუამავლის ფუნქციას ასრულებს წარსულსა და აწმყოს შორის.  ეს თასი,  ვახტანგ-ალმასხან  უფლისწულს ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიაში  ლომისის მთავარმოწამისთვის შეუწირავს 1797 წელს:
„ქ. შენ წმინდისა და დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგისა ეკლესიასა ლომისად წოდებულისა -  წერია თასზე - თასი ესე მსასოებელმა მფარველობისა შენისამან ყოვლისა საქართველოსა მეფის ირაკლის მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმან არაგვისამან ოდეს ჩღჟზ წელსა აღამაჰმადხანის მეორედ მომავლობა გვეგულებოდა და ჩვენ შენს დღესასწაულზე მოვედით და არაგველნი სრულ აქ გვახლდნენ და შენი დიდებული ბავარაყი ნაღვარევის ეკლესიაში ჩამოვასვენეთ და იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ და უნაკლოდ ლაშქრობაზედ და თუ ვინმე შემსახიზნავად სულ იყვნენ იმის კეთილად დაცვაზედ და ამისათვის შენი დიდებულის ბავრაყის პატივისაცემლად მოგართვით თასი ესე შეიწირე მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის რომელნიც არაგველნი აღამაჰმადხანის ომში მოისრნენ რათა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს იქმნენ. მისხალნი პ. (80)“
როგორც ჩანს, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიაში ლომისის ბავარაყის ჩამობრძანება, იმითაც იყო გამართლებული, რომ ამ სალოცავის დღესასწაული სწორედ ლომისობის მეორე დღეს ხუთშაბათს მოდის და  ამის გამო ხალხურ ზეპირგადმოცემაში იგი ლომისის წმიდა გიორგის „ბიძაშვილად“ იხსენიება.
  სწორედ სამასი არაგველის ხსოვნას უკავშირდება  პირველი ცნობა  იმ უამრავი შესაწირის შესახებ, რომლის შესახებაც ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ საყვედურს მრევლის ან როგორც აქ ეძახიან მლოცავის მიმართ. საყვედურის მიზეზი ხშირად მართლაც  ბევრი  პირუტყვის (უმეტესად ცხვრის) შეწირვაა. როგორც გითხარით,  ცნობილია, რომ  ამ ორი საუკუნის წინ 300 არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად სწორედ 300 ცხვარი დაიკლა სალოცავში.
„საღვთო ქნეს ლომისაშია
დაკლეს სამასი ცხვარია“
ვინაიდან მსვერპლშეწირვის ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება სალოცავში, ამიტომ მცირეოდენი განმარტება ამის შესახებ ჩვენც მოგვიწევს, რათა მრევლი არ დაბრკოლდეს.
მართალია,  ცოდვების მონანიების მიზნით უფლისათვის ცხოველების მსხვერპლშეწირვა ახალი აღთქმის მიხედვით ქრისტიანისთვის მიუღებელია („..რამეთუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი... გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. „), მაგრამ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ მლოცავი ძალზე შორიდან მოდის აქ ღამისთევით და საკლავის დაკვლა ნაწილობრივ სოციალური აქციადაც შეიძლება იქნეს აღქმული.
თუმცა, ვნახოთ რას გვასწავლის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ შედგენილი „მცირე სჯულისკანონი“ -  82 კანონი:
„...ხოლო საკლველსა თუ დაჰკლვიდეს, ლოცვათა წართქუმაჲ საკლველსა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თვით იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაჲ თქუას და დაკლას, გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაჲ, და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა, და ხორცი იგი გინათუ მგბარი (მოხარშული), გინათუ უმგბარი (მოუხარშავი) განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარეშე ეკლესიისა. და მღდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს სახსენებელის მოქმედსა მას. ხოლო რომელნი ამას წესსა გარდაჰხდენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაჲ დაესაჯოს.“
  დღეს საკლავი ეკლესიიდან მოშორებით იკვლება, სანთელიც, მას შემდეგ რაც წირვა-ლოცვა აღსდგა მცირედი გამონაკლისების გარდა უმეტესად უკვე ტაძარში ინთება.  ყველაფრის ამის გათვალისწინებით, ამგვარი შესაწირის მიმართ პატრიარქმა ბრძანა:  „მინდა ვთქვა, რომ შესაწირი, რომელიც მოდის ცხვრის თუ სხვა სახით, როგორც იყო, ისევ დარჩება სოფლისთვის, ჩვენ არავითარ წინააღმდეგობას არ შევუქმნით მათ. მთავარია, წირვა-ლოცვა შესრულდეს, რადგან ეს დიდი მადლია ამ სოფლისათვის და მთელი საქართველოსთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მადლი, რომელიც აქ ტრიალებს ძალიან ძლიერია და ის მოეფინება მთელს საქართველოს“.
შესაძლოა, დღეს აქ კიდევ არის იმგვარი წეს-ჩვეულებანი, რომელიც კანონიკურ ჩარჩოების საზღვრებში, ეკლესიურობის წიაღში დაბრუნებას ითხოვს. თანდათანობით ეს ყველაფერი მოხდება.  თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ კომუნისტური ხელისუფლების დროს,  როგორც მრავალ სხვა სალოცავში  წირვა-ლოცვა აქაც მოშლილი იყო და ის რაც დღემდე შემოინახეს სწორედ მრევლის დიდი ძალისხმევით მოხდა. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი ადგილობრივნიც და მოსულიც  ამისთვის მადლობასაც იმსახურებს,  რადგან წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ეკლესიური ცხოვრების გარეშე, სათანადო ლიტერატურის არქონის, ეკლესიის  მსახურთა არარსებობის პირობებში  სწორედ მათ გამოატარეს და შეინახეს რჯულისა და სარწმუნოების უდიდესი პატივისცემა და მსახურების ვალდებულება.  ისინი ისეთივე ერთგულნი არიან თავიანთი ტრადიციების და სალოცავების, მიმართ, როგორც ლომისის მთის ის ფრინველები, რომლებიც წელსაც  ისეთ დროს დაუბრუნდნენ თავიანთ კუთხეს, როცა მთები ჯერ კიდევ თოვლით  იყო გადალესილი
წელსაც (დღესაც) საქართველოს ყველა კუთხიდან  შეიკრიბება  მლოცავი ლომისის მთავარმოწამის ტაძარში . ათასობით  ადამიანი მოვა. ზოგი დაბლა მლეთის ეკლესიაში ილოცებს, ზოგიც წვერზე წავა ღამისთევით.
მე მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული და აქაურ წესზე ვუთხრა:
-წყალობა  მოგცეთ  ლომისის მთავარმოწამის სალოცავმა!

გია არგანაშვილი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები