ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია არგანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 ივნისი, 2015


მცირე შენიშვნა

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ წაკითხვის დროს მკითხველი ხშირად ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, რაც შემდეგ კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს. საქმე ეხება პოემის პირველ თავში ამ ორი სტრიქონის გაგებას:
„ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მიდის გზაზედა“
მკითხველთა უმრავლესობა (სამწუხაროდ მათ შორის ცნობილი მკვლევარებიც არიან) ამ მგზავრში რატომღაც ჯოყოლას ხედავს. ამ შეცდომის მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ როგორც შემდეგ ტექსტიდან ირკვევა სწორედ ჯოყiოლაა ის პერსონაჟი, რომელსაც ძმა მოუკლეს, ხოლო ზვიადაურის მოკლულ ძმას ავტორი სხვაგან აღარ ახსენებს.
როგორც მოგახსენეთ, აქ მკითხველი ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, რადგან მგზავრი, რომელსაც „ძმის მკვლელის სისხლი სწყურია“ სინამდვილეში ხევსური ზვიადაურია.
პოემის დასაწყისში ჩვენ ვეცნობით ორივე მთავარ პერსონაჟს. საინტერესო სწორედ ისაა, რომ ორივე მათგანი შურმაძიებელია, ორივე ძმის სისხლის საძიებლად არის გამოსული სახლიდან და შემთხვევით ისინი ერთმანერთს ხვდებიან...
დამეთანხმებით, რომ ამგვარი გაგების შემთხვევაში, ამ შეხვედრის კონცეპტიც სხვანაირ აზრს იძენს, რაც თავისთავად მთელი პოემის განსხვავებული წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.


P.S. კარგად მესმის, რომ აქ ამ შენიშვნის გამოსაქვეყნებლად საუკეთესოდ დრო და ადგილი ვერ არის შერჩეული, მაგრამ მეც სულ ახლახანს მოვისმინე საჯარო ლექცია (ერთ-ერთ ტელეარხზე) ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე, სადაც ლექტორმა სწორედ ამ შეცდომაზე ააგო პოემის გაგების ძირითადი კონცეფცია. ვითვალისწინებ რა, რომ ამგვარ ლექციებს ჩვენში ბევრი მსმენელი (ძირითადად აბიტურიენტები) ჰყავს და მოახლოებული გამოცდების პირობებში ალბათობა მოსწავლეთა მხრიდან შეცდომის დაშვებისა საგრძნობლად იზრდება. ამიტომ, გადავწყვიტე პრევენციისთვის სწორედ ეს საჯარო სივრცე გამომეყენებინა
გია არგანაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები