ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერენა რომერსონ
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2015


მწვანეყვავილა

*****

უძველესი კოლხეთის დედაქალაქის ბულვარში მორიგი ჭორი 1998
წლის 13 მაისს დაიბადა.
დაბადების დრო: 19.10
სიმაღლე:49.8
წონა: 3.3
სახელი: ჭორი
დედის სახელი: ადამიანი ქალი
მამის სახელი: ადამიანი კაცი
ნათესავები: ადამაიანები
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი ჭორთა ბულვარული სამშობიარო.

   


    ******

მითქმა-მოთქმა მაშინ ატყდა როდესაც გვანცა პირველად  რვა წლის შემდეგ დაბრუნდა ქალაქში და გიგასთან ერთად გადაკვეთა ცენტრალური ბულვარი, მორთულ-მოკაზმული ათასგვარი მცენარეებითა და ქანდაკებებით, ბაღის შესასვლელთან, ბერძნული სვეტების ახლოს გვანცას მეგობრები ისხდნენ, როდესაც დაინახეს ყველა მიუახლოვდა სანახავად. გოგონა თითქმის არ შეცვლილიყო, ყველას ახსოვდა მაშინდელი გვანცა, როცა ის მუსიკალური სასწავლებლის ეზოში თავისი წითელწინწკლებიანი კაბით პეპელასავით დაფარფატებდა, არა, ისეთი სხარტი იყო რომ კალიას უფრო ჰგავდა, ხმაც მჭექარე და ჟღერადი ჰქონდა, კარგად მღეროდა, საერთოდაც გვანცას ბევრი რამ ეხერხებოდა, ცეკვა, სიმღერა,  ხატვა, ქარგვა, ქსოვა კერვა და ათასგვარი თამაშობებიც იცოდა, რითაც ხშირად ართობდა ხოლმე ეზოს ბავშვებს.

ჰო, ისეთივე იყო ახლაც, მაგრამ ყველა გრძნობდა რომ რაღაც შეცვლილიყო მასში, თითქოს მათ წინ გვანცა იდგა და არც იყო ეს ქალი გვანცა რომელიც ასე ჰგავდა მას.
ძველებური სხივი წართმეოდა მის თვალებს, სხარტი მოძრაობები გაზულუქებოდა და კაცი იფიქრებდა სიარულიც უჭირსო. დრო და რდო გიგას ჩმოეყრდნობოდა, მერე ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა და ისევ მეგობრის დახმარებით განაგრძობდა სვლას.

მუსიკალურის ამხანაგები ჟრიამულით შეეგებნენ, გვანცამ წარბები შეკრა, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ფერი ეცვალა, თითქოს ამდენი ხმის ერთად გარჩევა უჭირსო, ყველა სახის ერთად დანახვამ მოგონებები აუშალა და გაწამებულმა ტკივილიასაგან მოიკუნტა, ტირილი მორთო, გიგა სწრაფად შეეშველა, ამხანაგებს მოუბოდიშა,თავაზიანად გამოეთხოვა მათ, ტაქსი გააჩერა და გვანცა შინისაკენ წაიყვანა.

აი იმ დღეს დაიწყო თუ დაიწყო, ყველა ფიქრობდა რომ იცოდა რაც მოხდა რვა წლის წინ, როცა პატარა გვანცა წაიყვანეს, გაიტაცეს, თუ გააქრეს ღმერთმა უწყის, არც არავინ ვარაუდობდა მის ადგილ-სამყოფელს, ყველაზე მოქნილი ენის ჭორიკანაც კი, ვერც დაუჯერებელს და ვერც დამაჯერებელ ჭორს ვერ შეთხზავდა, მარგამ ერთი რამ ფაქტად რჩებოდა, მისი გაუჩინარება მწვანე ყვავილას უბანს უკავშირდებოდა, კერძოდ იქ მდებარე ერთ სახლაკს, რომელიც განთქმული იყო მთელს ქალაქში თავისი იდუმალი ბინადარით.
ქოხში ქალი ცხოვრობდა. მახინჯი ქალი, ლამაზი თვალები ჰქონდა, მომწვანო-ცბიერი, სახეზე ტურას ჰგავდა და უამრავ სამკაულს ატარებდა, აკეთებდა სხვებისთვისაც ძვირფასი ქვებისგან აკინძულ ათასგვარ ზიზილ-პიპილოებს, ჯადოსაც ხსნიდა და მომავალსაც წინასწარ ჭვრეტდა.

ხოჯა ბაბუცა, ასე იცნობდა ქალაქი ჯადოქარ ქალს, ბაბუცა იმდენად განთქმული იყო თავისი ჯადოქრობით რომ სტუმრები თბილისიდანაც ჩამოსდიოდა და ამბობდნენ უცხოელებიც ხშირად სტუმრობენო, ქალს ჯადოქრობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეესწავლა ერთი ქართველი ებრაელისგან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქუთაისის “ურიათა” დასახლებაში ცხოვრობდა, ხოჯა ბაბუცაც იმ ქალის სახლში ცხოვრობდა რომელიც უანდერძა მას.

სახლი ზედ ფერდობზე დაეშენებინათ, ველური ხე-მცენარეებით შემორტყმული გზა გველივით შემოხვეოდა კლდეებს, რომლის თავიც მაღლა, სამლოცველოსკენ მიემართებოდა და სადღაც შორს გველის ენასავით ორად იყოფოდა, გველის ერთი ენის მხარეს ხალხი ცხოვრობდა, მეორე მხარეს მხოლოდ ხოჯა ბაბუცა, ყველას ეშინოდა მისი, მის ჭიშკარს გვერდს უქცევდნენ მეზობლები, “ბაბუცას ჩარაზული ჭიშკარი ბედს ურაზავს ქალსო”-იძახდნენ, ამიტომ სანამ  მასპინძელი არ გაუღებდათ დაუკითხავად არავინ შეივლიდა ქალთან.

ხშირად აკითხავდნენ წამლებისთვის, საცხებისთვის, ათასგვარი შელოცვებისთვის, მამა პავლე ებრძოდა ამ ცრურწმენებს, მწვანე ყვავილას სალოცავში არა ერთხელ წაუკითხავს ქადაგება და უთქვამს- შვილებო ყოველგვარი ჯადოსნობა, მისნობა და მისთანანი ეშმაკისეულია, თქვენი რწმენა მხოლოდ აძლიერებს მამონას, ბადებს ცოდვას და ცოდვათა მთელ ჯაჭვს თქვენს გულებში, დაეხსენით ცრუ ჯადოქარს და ეცით თაყვანი ქრისტეს, მობრუნდით სინათლის მხარეს, აქციეთ ზურგი ლუციფერს და მის ნაშიერებს, ცოდვილია არა მხოლოდ ის ვინც ჰქმნის ჯადო-წამლებს, ცრუ, ეშმაკისეულ ლოცვებს, არამედ ის ვინც იყენებს ამ უღვთო მასალას პირადი ვითომდა კეთილდღეობისთვის და ბედნიერებისთვის, მომავალს მხოლოდ უფალი უწყის და ნუ შეგიყვანთ სიცრუეში ეშმაკური თამაშები, შეინანეთ!” - შეინანეთ, ბრძანებდა მამა პავლე, ხალხიც თავს უქნევდა, ქრისტეს ადიდებდა, ხატებსა და ჯვრებს ემთხვეოდა და ცოდვებისგან გათავისუფლებული, სახლში მიბრუნებული მრევლი გზად ყოველი შემთვხვევისთვის ბაბუცასთან შეივლიდა (რომელიც ამ დროს ჭიშკარს ღიას ტოვებდა) რათა ის სასწაულმოქმედი საცხი ეყიდა რომელმაც ქმარს სოკოვანი დაავადება მოურჩინა, ან იმ სითხეს რომელმაც ასე არგო კუჭნაწლავს, ან იმ შელოცვას წითელ ქარს რომ აქრობდა უკვალოდ.

ეს მანამ გაგრძელდა, სანამ ერთ დღესაც ბაბუცასთან მოსული ახალგაზრდა ქალიშვილები არ გაუჩინარდნენ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი იყო გვანცა რუხაძე, განთქმული ექიმის ერთადერთი ქალიშვილი. ბევრი გაუჩინარდა და აღარ დაბრუნდა, ბევრი ვთქვი და ყველა ვიგულისხმე, დაბრუნებით მხოლოდ გვანცა დაბრუნდა, ან ის რაც მისგან დარჩა, ხოლო სად გაგზავნა ბაბუცამ იგი არავინ იცოდა,როდესაც ეკითხებოდნენ გაუგებრად პასუხობდა:


-ჟოლოს ზღვა იყო, ძალიან ღრმა და მოიასამნისფრო, მე საზამთროს გემზე დამსვეს, მას კომბოსტოს იალქნები ჰქონდა და ლიმნის შუქურა, რომელზეც ცეცხლი ენთო, მერე მატარებელში გადაგვსხეს და წელიწადი ვიმგზავრეთ, საშინლად მყრალი მატარებელი იყო, მგზავრთაგან ბევრს სახე არ ჰქონდა.
-სახე? როგორ თუ არ ჰქონდა? - ეკითხებოდა ფსიქოლოგი, მაშინდელი ფსიქოლოგები მაშინდელ პოლიტიკოსებს ჰგავდნენ, იცოდნენ ყველაფერი საკუთარი პროფესიის გარდა, იყვნენ მეტწილად თამადები, ან კრიმინალურ სამყაროში ერკვეოდნენ კრიმინალი ბიძის წყალობით და ასე შემდეგ, მოკლედ მის შეკითხვებზე გვანცა ოდნავ გაიღიმებდა და პასუხობდა- დიახ, დიახ! არ მოგესმათ, მათ არ ჰქონდათ სახე, ანუ არ იყო მათ სახეზე ის რაც სახეს სახედ აქცევს ხოლმე, თვალები, ცხვირი, ტუჩები, ოჰ ტუჩები მითუმეტეს არ ჰქონიათ, მხოლოდ მუქი ჩრდილები, გამოუყვანელი, წარმოიდგინეთ პირველი კლასის ვაგონში დგარზე საათები კაირ ელაგა, არამედ ეღვარა.

-როგორ თუ ეღვარა?- ისევ გაიკვირვა ფსიქოლოგმა

-აი ასე, ჟელეს რომ გადმოღვრით ჯამიდან და დაეწებება დგარს ისე, დალის ნახატები თუ გინახავთ?, აი ზუსტად, ზუსტად ისეთი, ცხოვრებაში უკეთესი სანახავია.

თავაზიანი მხოლოდ ვირთხები და ტარაკნები იყვნენ იქ, დანარჩენი შეშლილები, გადარეულები, თითქოს მე ალისა ვიყავი და საოცრებათა სამყაროში მოვხვდი, მაგრამ ეს სამყარო კიდევ უფრო დიდი და გიჟური იყო, გაუგებარი, არავითარი ლოგიკა, წარმოიდგინეთ იქ არ იციან რა არის ლოგიკა, მეც ახლა გამახსენდა მხოლოდ, დავიწყებული მქონია, თქვენთვის ხომ ლოგიკურია თუ ჩაიდანიდან ჩაის გადმოღვრით  ის  კი იქ დაიღვრება სადაც უმიზნებთ? აი იქ  სხვა ამბავია, როდესაც მის აღმატებულებას ჩაის ვუსხამდი ჩემი ჭიქა ივსებოდა, ამიტომ ეტიკეტის თანახმად აუცილებელი გახდა ჯერ ჩემი ჩაის ჭიქა ამევსო და შემდეგ მისი უმაღლესობის, რომ ჯერ მას ავსებოდა და მერე მე, გესმით ჩემი?

-დიახ, მე კარგად მესმის თქვენი.

-ჰო და წარმოიდინეთ მივეჩვიე კიდეც იქაურ წესებს, მართლა და მატარებელი როდის გადის? წუხელ თუ არა გასულ სამშაბათს კარტის არ თმაში გვქონდა დაგეგმილი მე და პრემიერ მინისტრს.

-გვანცა, როგორ შეიძლება დაგეგმოთ გუშინ რაიმეს არ გაკეთება, თუ კი...

-აკი გითხარით, იქ სხვგავარადაა ყველაფერი, გუშინ უნდა დაგეგმო დღე რომ მაშინ შეასრულო ის საქმე რომელსაც გეგმავ, თორე ასე ხომ დრო ყველაფრისთვის არ გეყოფა, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა და მიწევდა წარსული დღეების გამოყენებაც იმისთვის რომ  თანაბრად გამენაწილებინა დრო.
მაგალითად თუ რომელიმე მეგობარს დღეს ვერ ვნახავდი გუშინ დავიბარებდი და გულიც აღარავის დაწყდებოდა. ყველა ასე იქცეოდა და მეც მათ ვბაძავდი, აბა რა მექნა? თქვენ რას იზამდით?

- მე არ ვიცი, ალბათ მაშინ დავიბარებდი როცა ამის დრო მოვიდოდა.

-ოჰ, აღარც ის მახსოვდა აქ დრო თუ დადიოდა სადმე, როგორი სტუმარია?

- დრო აბსტრაქციაა და ის არ დადის ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა.

-მაგრამ თუ ის არ დადის მაშინ რატომ იძახით ხოლმე რომ ჩვენი დრო გავიდაო, მე კი ამ დროს ყოველთვის კარისაკენ ვიყურებოდი და მეგონა ეს ესაა გაიხურა ის და ვერ შევასწარი თვალითქო.
-დრო საათზე დადის გვანცა

-საათი ხომ დროა?

-არა ის მხოლოდ აჩვენებს მას.

-გამოდის საათს დრო ვერ სცდება ის კი მაინც დადის, უცნაურია, მემგონი ეს სამყაროც არანაკლებ გიჟური და საინტერესოა, ვფიქრობ ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ და მომიწევს თავიდან შევისწავლო ყოველივე. ბევრი რამ ისე დამვიწყებია რომ უბრალოდ არ მესმის, ძნელია ორი სამყაროს ლოგიკას მიჰყვეთ, ლევან, თქვენ იცით? სადაც მე ვიყავი იქ ლოგიკა არ არსებობდა...

-დღეისათვის მოვრჩეთ, ჩვენი დროც... მოკლედ შემდეგ პარასკევს განვაგრძოთ

-ხომ არ ჯობია წინა ხუთშაბათს მობრძანდეთ?- ჰკითხა გვანცამ თავაზიანად

-არა, მომავალ პარასკევს მოვალ ჯობს.

-კეთილი, წასვლამდე ჩაი ხომ არ დავისხა?

-სხვა დროს იყოს. - თქვა და ოთახი დატოვა.

გვანცა გამოემშვიდობა ფსიქოლოგს, ჩანაწერები ამ უჩვეულო შემთხვევის შესახებ საგულდაგულოდ შეინახა ქეისში, ლევანი გრძნობდა ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდოდა, გვანცას მამასაც ეუბნებოდა და ურჩევდა რომ გოგონა კლინიკაში მოეთავსებინათ, სახლის პირობებში მისი სულის განკურვნა შეუძლებელი იქნებოდა.
ტაქსი დაიჭირა თუ არა შინისაკენ გასწია,  ფიქრობდა გვანცაზე და მის ხედვაზე, ჩაიდანი გაახსენდა, გუშინდელი და ხვალინდელი გეგმები, გვანცას ყველა სიტყვა მოაგონდა და დააინტერესა, რას ფიქრობდა ის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად სიკვდილზე, ავადმყოფობაზე, ისტორიაზე, ომზე... გაეღიმა ლევანს, მოსწონდა თავის ახალი სამუშაო და შარშანდელ შეკითხვებს აუცილებლად დაუსვამდა გვანცას იმ პარასკევს, რადგან ეს პარასკევი უკვე დასრულებულიყო. ჰო და აუცილებლად უნდა ჰკითხოს გვანცას იქ პარასკევი თუ სრულდება ოდესმე.

ანგარიშმიუცემლად ტროულეიბუსის გაუქმებულ სადგურზე ჩამოდგა, წვიმამ შეისწრო, ტანსაცმელიც დაუსველდა....ტრანსპორტს არ დაუგვიანებია, მალე სვლაც შეანელა და პირდაპირ ცხვირ წინ გაუჩერა. ყვითელი , დაჟანგებული მეტალის კარი ჭრიალით გაიღო, კონტორლიორმა ბილეთი სთხოვა, მას სახე არ ჰქონდა, ლევანმა ჯიბე მოქექა და მწვანე ყვავილი ამოიღო, უსახურმა ბილეთი ფოლაქის თვალებით შეათვალიერა, ალბათ სურდა ეთქვა შეგიძლიათ ამობრძანდეთო მაგრამ პირი  ადგილი ძაფით ჰქონდა ამოკემსილი და მოქნილი ჟესტით გზა გაუთავისუფლა, მგზავრმაც სამი საფეხური აიარა.

მალე ზღვა გამოჩნდა, საზამთროს გემი და კომბოსტოს იალქნები, ლევანს გული აუჩქარდა და გამცილებელს ჰკითხა

-მალე ვიქნებით?  -გამცილებელმაც არ დააყოვნა  და მიუგო:

-შარშან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები