ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2015


შენ გეშინია ****

შენ გეშინია თოვლის
და გეშინია,
როცა ის ემსგავსება სულებს,
და რჩები სახლში.
შენ გეშინია როცა თოვს,
და სითეთრეში დაკარგული თვალებით,
ფანჯრიდან ყნოსავ ქარის მონაბერ მის სუნს.

შენ გეშინია და რჩები სახლში,
ეხები დედაჩემის დამჭკნარ ხელებს
და მეძებ,
ფიქრობ რომ მანდ მიპოვნი.

შენ გეშინია სულებად ქცეული თოვლის,
რომ გადააწყდე საკუთარ თავს,
და რჩები სახლში.
შენ გეშინია რომ ვეღარ გაატარებ ველიკს,
ბორბლებიან ველიკს, დედასთან ერთად,
დედასთან, რომელთან ერთადაც,
არასდროს გიტარებია ის
და ეფერები მის დამჭკნარ ხელებს..

შენ გეშინია რომ ვერ მიპოვნი,
და გეშინია თოვლის,
რომელშიც შეიძლება ვიყო...
და რჩები სახლში.

შენ გეშინია, თოვლში გასვლის,
თოვლში რომელიც სულს ჰგავსდა გეშინია..
გეშინია რომ ვერ იპოვი საკუთარ თავს,
თავს რომელიც არასდროს გქონია
და რჩები სახლში.

შენ გეშინია,
რომ ვერ მიპოვნი დედის ხელებში,
დამჭკნარ ხელებში,
რომლებიც მხოლოდ მაშინ მეხებოდნენ,
როცა თოვლად ვიქცეოდი.
და რჩები სახლში.

შენ გეშინია,
რომ შეხვდე საკუთარ თავს,
და თუნდაც თოვლში,
სულად ქცეულს მკრავ ხელს...
და რჩები სახლში.

შენ გეშინია,
რომ იპოვი სულს,
რომელიც დატოვე სახლში,
სახლში, რომელიც არასდროს აგიშენებია...

შენ გეშინია,
რომ ვეღარ გაატარებ ბორბლიან ველიკს,
ველიკს,
რომელიც არასდროს გქონია.

შენ უყურებ თოვლში გაკვალულ ბილიკს,
და გეშინია,
რომ შეიძლება შენ იყო ეს,
და რჩები სახლში,
რომელიც არასდროს გქონია.

შენ გეშინია და ფანჯრიდან გაჰყურებ ქუჩებს,
სადაც მამაშენი ატარებდა ბორბლიან ველიკს,
და რჩები სახლში.

შენ გეშინია რომ აღიარო,
რომ ხედავ ქუჩებს,
რომლებიც არასდროს არავის უნახავს,
მამას, რომელიც არასდროს გყოლია,
ბორბლიან ველიკს რომელიც არასდროს გინახავს.

და გეშინია,
რომ დარჩე სახლში,
რომელიც არასდროს გქონია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები