ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 სექტემბერი, 2015


ჩემი ცხოვრება

ჩემი ცხოვრება...

ჩემი ცხოვრება ჩემს ფანჯარაში გამოჭრილი,
ბაბუაჩემის გაკეთებული წრეა "ფეჩის" მილისთვის,
ჩემი ცხოვრება სიძველით გაშავებული პარკეტია,
რომელსაც ყოველდღე ზიზღით ვურტყამ ფეხებს...

ჩემი ცხოვრება ჩემივე ხელებით მოკლული ღმერთია,
ღმერთი რომელმაც მეც მომკლა,
ჩემი ოცნებების ადგილი, ძველი მაგიდის ქვეშ,
სადაც გამომკეტა ცხოვრებამ...

ჩემი ცხოვრება 19 წლიანი ტრაგედიაა,
როცა მე უბრალოდ არაფერი ვარ,
მყავს ყველა და ვცხოვრობ არაფერში,
არაფერში, სადაც, ყველაფერია...

ჩემი ცხოვრება ძველი წიგნების კარადაა,
მუქი ყავისფერი, მუქი წიგნებით,
სადაც, ყველა სიტყვა რუსულია,
მათი თარგმანი არასდროს ვიცოდი...

ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი ფიქრებია არაფერზე,
არაფერზე რომელშიც გავიზარდე,
არაფერზე, რომელმაც მასწავლა ყველაფერი,
და ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი არაფერია...


ჩემი ცხოვრება გადანახული ძველი გაზეთებია,
გაზეთები, რომელთაც ბებო სანთლის შუქზე გვიკითხავდა,
სანთლის, რომელსაც ორი დღე ვიზოგავდით...

ჩემი ცხოვრება ჩემი მოგონებებია,
მე უკვე მოგონებებით სავსე ვარ,
მოგონებებით, რომლებშიც არ მახსოვს ღიმილი...

ჩემი ცხოვრება ჩემი ორი წლის "მეა",
საძინებლის კუთხეში ჩამუხლული და დედაჩემის ჯემპრს ამოფარებული...
ჩემი ცხოვრება მისი ჯემპრის სუნია,
მონატრებით რომ აღარ ვიცოდი როგორ მეგრძნო...

ჩემი ცხოვრება ჩემი ხუთი წლის "მეა",
მომაკვდავი პაპის წინ მდგარი პრინცესა,
პრინცესა, რომელიც დღეს ყველაფერია პრინცესის გარდა,
მის გარდა პრინცესად არავინ მთვლიდა...

ჩემი ცხოვრება მამაჩემის წასული თვალებია,
6 წლისას რომ ორი სნიკერსი მაჩუქა,
მარტის 7-ში გამდნარი სნიკერსები,
ჩემი ცხოვრების გამდნარი მოგონებები...

ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი ომია,
ომი არაფრისთვის....
ჩემი ცხოვრება დაუმთავრებელი კამათია,
კამათი არაფერზე...
ჩემი ცხოვრება ჩემი ხელით მოკლული ღმერთია,
ღმერთი რომელმაც მომკლა არაფრისთვის,
მომკლა, მაშინ, როდესაც მივხვდი რომ ჩემი არაფერი ყველაფერია...

ეს ყველაფერი ჩემი 19 წლის ცხოვრებაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები