ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2015


გიჟი სისე



                ხელში სადგისი ეჭირა,ჯიბეები ქვებით  ჰქონდა სავსე...
სტატუსი- გიჟი. სახელი - გიჟი სისე.''მოფერებით''- გიჟუა... ასე იცნობდა ყველა.
შემდეგ როგორც გავარკვიე-ალბათ, რვა წლის იქნებოდა,პირველად გიჟად რომ მოიხსენიეს და მას შემდეგ , როგორც ''ლეონარდო''-ს  - ''და ვინჩი'', ისე შეეზარდა მის სახელს - გიჟი.
    ბაზართან ცხოვრობდა თუ არა, არავინ იცოდა , მაგრამ მას ყოველთვის ბაზართან ხედავდნენ. დღეში  რამდენჯერმე გამოვარდებოდა, თავისი სადგისით მანქანებს დაკაწრავდა , ბორბლებს დაუხეთქავდა , ვინმეს ქვას ესროდა და მერე - ,,არ შეგრჩება , არ შეგრჩება''-ს ძახილით გაიქცეოდა უთავბოლოდ, ყველა მიმართულებით.
-გიჟია , გიჟიო, - ასე ამშვიდებდნენ დაზარალებულებს.
დაზარალებულებიც  გაცოფებულნი გაჰკიოდნენ: - მერე ასე თავისუფლად რა ჯანდაბისთვის დადის , საგიჟეთი დაილია თუ საგიჟეთამდე მისაყვანი ტრანსპორტიო?!
    გიჟ სისეს ერთადერთი მეგობარი ჰყავდა - პო.
ნახევრად ბოშა,უსახლკარო, მურიანი ბავშვი, რომელსაც სათოფზე არვინ იკარებდა... პოს მეტყველება უჭირდა , თუმცა ''სისე''-ს გამართულად წარმოსთქვამდა , გიჟს -ვერა , ან არა , ეგ არავინ იცოდა, იმასაც ვერ ამაბმდა თავს, ვინმესთვის  წესიერად აეხსნა , რატომ მეგობრობდა გიჟ სისესთან .
ერთადერთი, რა გქვიაო,  თუ ჰკითხავდი, -პოო - გიპასუხებდა .
ვინ დაგარქვა ეს ერთმარცვალა სახელიო , რომ დასცინოდნენ ,
გაუგებრად თვალებს გადაბრეცდა და  მერე ისინიც უადვილებდნენ კითხვას  - სახელი, სახელი, ეგ სახელი საიდან მოიტანეო , - სისე, სისემ მითხრა,  ასე შენ უნდა გერქვესაო, -ამოილუღლუღებდა გაუგებრად...
* * *
    კალენდარს რომ დავხედე, 23 ნოემბერი წითლად მქონდა შემოხაზული . როდის ჩავნიშნე -მეთქი, გავიფიქრე...  ორწუთიანი ფიქრის შემდეგ მომაგონდა, ბაზარში უნდა მივსულიყავი: ათი დღის წინ ნაცნობ გამყიდველს  მანქანის ნაწილი დავესესხე -ათი დღით. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა 22 ნოემბერი გათენებულიყო ისევ ...
    არ წვიმდა , მაგრამ არც მზე იყო. მშვენიერი ამინდია, - დავიმშვიდე გული , ჩავჯექი ჩემს ნაწილგამოცვლილ მანქანაში და პირდაპირ ბაზრის მიმართულებით დავიძარი.
მივაღწიე...
მაღაზიის წინ აღმართულ,გასაყიდად გამზადებულ  სილის გროვასა და ბოსტნეულის დახლს შორის უხერხულად გავაჩერე მანქანა, -სულ რამდენიმე წუთით.
,,ფულს მივცემ და გამოვიქცევი,'' - საკუთარ თავთან გავიმართლე,საკუთარი თავი.
-შენ გაიხარე, ნეტა ყველა კლიენტი შენისთანა მყავდეს, - მითხრა ჩემმა ნაცნობმა გამყიდველმა...
(ყველა ისე ოცნებობს , როგორც ცხოვრობს- ვიფიქრე მე)
-დიდი მადლობა.სიტყვა,სიტყვაა-მეთქი ვუთხარი და გავუღიმე.
    თითქმის გამოსული ვიყავი ... ვიღაც ფქვილში ამოთხვრილი კაცი აღელვებით  შემოვარდა  მაღაზიაში.ეტყობოდა მტვირთავი იყო. და თეთრი ფორდი ვისიაო - იკითხა...
-ჩემია, რა ხდება - მეთქი?- წარბებშეკრულმა ვუპასუხე,ცივად.
-მერე ეგრე დაყენება როგორ შეიძლება?! მთელი გზა ჩაგიხერგავს! ვანო პაპა ათ წუთზე მეტია  უცდის,ამ წვიმაში პატრონის გამოჩენას, გზა რომ გაუთავისუფლდეს!
-მე რომ შემოვედი, არ წვიმდა,- თემის გადატანას შევეცადე.
-ჰოდა , ახლა წვიმს!-  მომიჭრა  უხეშად.
-მაშინ შენ როგორღა შემოხვედი ?! - აღარ შევარჩინე უხეშობა.
-შემოვუარე  ''შენს სიამაყეს,''- ერთი-ორად დამამცირებელი ხმით მითხრა.
,,შემოვუარეო“ ?!_ სახე გამინათდა.
_ ჰოდა, მასაც შემოევლო, რა იცით ეს ბუზის სპილოდ გადაქცევა , სულ ორი წუთით გავჩერდი!
-ვერ შემოუვლიდა, ბატონო  ჩემო, ეტლში ზის!
    სახე შემეცვალა, ვერაფერი ვერ ვთქვი , გარეთ გავვარდი და მანქანასთან მივირბინე. სუსტად წვიმდა , თუმცა პირველივე წვეთის დაცემაზე  ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა... ეტლში მჯდომთან მივირბინე და, საშინლად დაბნეულმა, - ბოდიში-მეთქი, _ძლივს აღმოვთქვი...
    ვანო პაპა ელექტრო ეტლში იჯდა და, ჩემი არ იყოს, მასაც რაღაც ნაწილის ყიდვა უნდოდა თავისი ''ტრანსპორტისთვის''...
    რადგანაც ჩვენს ქალაქში  ჩემი ნაცნობის  მრავალგანყოფილებიანი მაღაზია ერთადერთი იყო, რომელსაც პანდუსები ჰქონდა და რომელშიც ამ მოხუცისთანა ადამიანებს თავიანთი ტრანსპორტისთვის ახალი ნაწილების ყიდვა შეეძლოთ, ვანო პაპამაც, წვიმისდა მიუხედავად , უკან გაბრუნებას  მოცდა არჩია- იმ იმედით , რომ ''თეთრ ლოდს'', რომელსაც შესასვლელი ჩაერაზა დევის გამოქვაბულის კარებივით და რომელსაც ჩემი მანქანა ერქვა , დევი თუ არა, ვინმე ღვთისნიერი პატრონი გამოუჩნდებოდა და მალევე ''გადააგორებდა''  შეუფერებელი ადგილიდან.
    ბოდიშის მოხდის შემდეგ  კეთილშობილმა მოხუცმა,რომლის თვალებშიც-''ინ იანივით'' გამთლიანებულიყო,სიცოცხლის ახალგაზრდული ჟინი და უკანასკნელი დაღამების ყოველ დღიური მოლოდინი - არა უშავს , უარესები გადამხდენია თავსო, -მითხრა ხუმრობანარევი ღიმილით და მეც ოდნავ დავმშვიდდი...
    ჯიბიდან  გასაღები ამოვიღე თუ არა , მარცხენა მხარში საკმაოდ მოზრდილი ქვა მომხვდა და უკან მოვიხედე. - რა ჯანდაბას შვრები-მეთქი!-  დავუღრიალე აწ უკვე ჩემს წინ მდგომ გაუპარსავ, ტანსაცმელჩამოფლეთილ კაცს , რომელსაც მარჯვენა ხელი ჯერ კიდევ ნახევრად ჰაერში ჰქონდა შერჩენილი და გვერდით , მასზე ცუდ ფორმაში მყოფი  გაღლეტილი ბავშვი ედგა.
-სისე, ჩქარე, ჩქარე!-  დაიყვირა ბავშვმა.
- არ შეგრჩება , არ შეგრჩება! - მომაძახა ამ წვერიანმა  მაწანწალამ და გაიქცა .
ავენთე...
-სად გამექცევი - მეთქი!- ვუღრიალე.
- არ გინდა გიჟია ეგ, გიჟიო,- გამაჩერა გვერდით მდგომმა გამყიდველმა...
-რა ჯანდაბაა, რა  ფეხზე ავდექი!  - საშინელი ხმით ვანჩხლობდი მე.
-დამშვიდდი, ეგ გიჟი სისეა , ასე მოვარდება და ადამიანებს უმიზეზოდ ესხმის თავსო...
-ყოველდღე - მეთქი ?! -გაოცებულ-ბრაზნარევი ტონით ვიკითხე.
-არა,ხანდახან სამი - ოთხი დღე ისე გავა, საერთოდ არ გამოჩნდება , მხოლოდ მისი ძმადნაფიცი პო დაეხეტება აქეთ-იქეთ დილიდან საღამომდე , მათხოვრობს და თან იძახის - ''სათვალთავლო მაქვს დავალებულიო''. რას გაუგებ მაგათ , საზრუნავი აქვთ  რამე თუ სადარდებელი , იმ ჭკუით ცხოვრობენ მთელი დღე , რა ჭკუაზეც გაახელენ თვალს დილით.
    რაღას ჩავძიებოდი? საშინლად დაიწყო დღე და ერთი სული მქონდა, ამ ადგილს გავცლოდი...
  -მადლობა -მეთქი , ვუთხარი ინსტიქტურად გამყიდველს, მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი.
* * *
ღამით,ყველა საქმე მოლეულს , რთული დღის შემდეგ , დაწოლისთანავე უშფოთველი  ჩაძინება მჩვევია , მაგამ ამ ავადსასხესებელ დღეს, ყველაფერთან ერთად ჩემი ჩვევაც აირია...
თვალი არ მქონდა მოხუჭული,- მაღვიძარას ზარივით  ჩამესმოდა ყურში ამაზრზენად ნათქვამი სიტყვები - ''არ შეგრჩება , არ შეგრჩება''!
როდის უნდა დამთავრდეს ეს დღე ?! - ვეკითხებოდი საკუთარ თავს და საწოლში მოუსვენრად ვბორგავდი...  თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა ბრძოლა ჩემს დაღლილობასა და საზარელ ხმას შორის , თუმცა დაღლილობამ თავისი გაიტანა და გამთენიისას ჩამეძინა.
    უქმე დღე იყო , თვალი ჩემი სურვილისამებრ გავახილე.დღის გეგმა არ მქონდა და არც მინდოდა მქონოდა- სახლიდან გარეთ გასვლას არ ვაპირებდი... წამოვდექი თუ არა, ვიგრძენი,-  წინა დღე ნაბახუსევივით შემრჩენოდა თავში.
სამზარეულოში გავედი... ერთი ქილა ლუდი უნდა გდებულიყო სადღაც... თაროზე დამრჩენია, მაცივარში შესანახად გამზადებულ სხვა პროდუქტებთან ერთად.
აღარ გავაცივე , ლოდინი დამეზარა... გავხსენი. დავლიე. აბაზანაში შევედი , სახეზე წყალი მივისხი და სარკეში ჩავიხედე ... თვალებში წვერებიანი კაცი მედგა ,საშინლად დამცინავი სახით ...მგონი ეს გიჟი , აქეთ მაგიჟებს, - გავიფიქრე და სახე მოვიწმინდე , პირსახოცი მხარზე გადავიგდე და აბაზანიდან გამოვედი...
    ტელევიზორი ჩავრთე ... როგორ ვერ ვიტან ამ სულელურ ყუთს , მაგრამ ჩაბნელებული ისე იმზირება , გულგრილად ვერ ჩაუვლი.  ჩართავ და იცი- ხეირიანს ვერაფერს მოისმენ, მაგრამ მაინც რთავ... ერთხელაც მოვისვრი  სახლიდან , თუმცა დღეს სიბრაზის თავი აღარ მაქვს , დავჯდები მშვიდად, იქნებ გამიმართლოს და  კარგ ფილმს გადავაწყდე.
    ტელევიზორს გაუმართლა , მე -არა... ფილმი ვერ ავარჩიე , თუმცა სიბრაზის თავი  არ მქონდა , ამიტომაც ეგ უხეირო ყუთი იქ დარჩა,სადაც იდგა (იმ დღეს მაინც).
    ფანჯარასთან მივედი, ფარდა გადავწიე , მზემ შემომანათა... რატომაც არა - ვიფიქრე მე გარეთ გასვლასთან დაკავშირებით.უცერემონიოდ ჩავიცვი, რაც პირველივე მომყვა ხელში.
-დღეს არავითარი ტრანსპორტი! - დავაწესე საკუთარ თავთან , ამიტომ ლიფტი აღარ გამოვიძახე და ჩემი კარების ზღურბლიდანვე ფეხით დავადექი გზას.
ფილტვებისთვის დიდი ვერაფერი შვებაა ეს  ვითომ სუფთა ჰაერზე ხეტიალი. გაბუღულია მთელი ქუჩა . ათი ათასი მანქანა ერთმანეთშია აზელილი , თან ამ სიგნალების და ძრავის საშინელი ხმა. მოკლედ, რომ დავფიქრდი, თავი ქუჩაში კი არა, საკუთარ ჩაიდანში მეგონა - დუღილისას ისიც საშინელ ხმებს გამოსცემს.
  სასწრაფოდ პირველივე ჩიხში ჩავუხვიე , ოღონდ იმ ადგილს გავცლოდი და აღარ მიფიქრია, საით მიდიოდა ეს ვიწრო,ორღობისმაგვარი ქუჩა ...
ჰო, აი ახლა უკვე გამიმართლა - სრულიად მშვიდ გარემოში აღმოვჩნდი , ალაგ-ალაგ ნახევრადფოთლებშერჩენილი ხეებიც მხვდებოდნენ , ჯერარგაფრენილი გადამფრენი ჩიტებიც და ეზოებში მოთამაშე ბავშვებიც, რომლებიც ბოლო დროს ძალიან დააკლდნენ თვალს. სხვა სიტყვებით რომ არ ვთქვა, პირდაპირ ვიტყვი - გამიხარდა!
  მთელი საათის ნახევარი გავატარე ამ ორღობისმაგვარ ქუჩაში , შეიძლება მეტიც , არ ვიცი. აინშტაინს თუ დავუჯერებთ, ასეთ დროს დრო ისე გადის, შეიძლება ვერც იგრძნო დილით სახლიდან გამოსულს,თავზე მთვარე როდის წამოგადგა...
ხეტიალ-ხეტიალში გართული, სიგნალის ხმამ გამომაფხიზლა.  -ჯანდაბა!  - ვთქვი მე და თავი ავწიე...
უქმე დღე , კარგი ამინდი , ახლადასული მზე ზენიტში და მე, სრულიად შემთხვევით, ბაზრის შესასვლელთან აღმოვჩნდი!
შექსპირის  რომელიღაც ჩვენამდე არმოღწეული ნაწარმოების მთავარი გმირი მეგონა თავი... -ტრაგედია!- წამოვიყვირე დაუფიქრებლად.
    ისე შევიშმუშნე, თითქოს ყველა კოვზს, რომელიც სამზარეულოში მაქვს, ხელი მოჰკიდეს და ჩემს თვალწინ ნაცარში ჩაყარეს... სასწრაფოდ უკან უნდა დავბრუნდე , მაგრამ ვიცი, ასე საამურად ვეღარ ჩავისეირნებ სახლისკენ , მახსოვს სამ-ოთხჯერ სადღაც მივუხვ-მოვუხვიე , მაგრამ არც ერთი მოსახვევი არ დამიმახსოვრებია... ჯანდაბა, ჯანდაბა და ჯანდაბა! ფუ, ეს ჯანდაბა სამჯერ რატომ ვთქვი ?! ერთ პოლიტიკურ მოღვაწეს  მახსენებს უსიამოვნოდ! წყალი უნდა ვიყიდო - ამშვიდებსო.
    ბაზარში ერთი ბოთლი წყალი რთული საშოვნელი არ იყო, სამიოდე მეტრი გავიარე და პირველივე მაღაზიაში შევედი. წყალი ვიყიდე, მაღაზიიდან გამოვედი და კარების გვერდით , ორი წუთით გავჩერდი _ გემრიელად დავლევ - მეთქი...ბოთლი პირთან მიტანილი არ მქონდა , გუშინდელი ჩემი საშინელი დღის მთავარი შემოქმედი -  ძინძგლიანი გიჟი სისე დავინახე სადგისით ხელში , გვერდით თავისი ''აგენტი'' პო ედგა, ოთხად მოკეცილი , მხოლოდ თვალები უკვესავდა , ეტყობოდა იქაურობას ზვერდა, უცებ  გაგნაგში რომ აეტეხა და გაქცეულიყვნენ... შავი , შავი, დაოთხილი , ხელები და ფეხები მიწაზე ისე ელაგა, ერთი შეხედვით, ნამდვილი მალევიჩის ,,კვადრატი''  იყო!
ვერ შემამჩნია , ან აღარც ვახსოვდი, ამით ვისარგებლე და ჩუმად მივუახლოვდი , მინდოდა გამეგო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
გიჟმა სისემ თავისი სადგისი პირდაპირ ბორბალში გაუყარა იქვე მდგომ მანქანას...
-კარგად გადავრჩენილვარ, - თავისდაუნებურად გამეფიქრა მე.
რომელიღაც გამყიდველმა განწირული ხმით დაიყვირა: გიჟი სისე , გიჟუა , გიჟუაო!..
პოს აღარაფრის თქმა არ დასჭირვებია , განგაში უიმისოდაც ''ჩაირთო'' და ორივენი გაიქცნენ...

,,არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა''
-ა.აინშტაინი

აინშტაინს რომ არ ეთქვა , კაცობრიობას მე მაინც არ დავტოვებდი ამ ფრაზის გარეშე...ჩემში გამომძიებლური ცნობისმოყვარეობა  ჯერ კიდევ ბავშვობაში თვით შერლოკ ჰოლმსმა  გააღვივა.
რა მიშლიდა ხელს?! - დრო მქონდა, მშვენიერი ამინდიც იყო და რატომაც არა ?!- კიდევ ერთხელ გავიფიქრე, მე.
დავედევნე... ისინი არც ისეთი სისწრაფით მირბოდნენ , უკან  რომ ვერ გავყოლოდი.თითქმის მთელი კილომეტრი ირბინეს და ნაგავსაყრელისნაირ ადგილას გაჩერდნენ... ერთ-ერთ ურნას მოვეფარე , მაინტერესებდა, ეს ორი ერთმანეთთან საერთოდაც თუ საუბრობდა , რამეს...
-პატრონის მოსვლამდე რომ გამოგვაქციეს, ცუდია!-  ამოიოხრა გიჟმა სისემ.
-ხოო აბაა , ვერ მივაძახეთ!- მოაბორძიკა პომ.
-არა უშავს, დღეიდან მიხვდება,  რომ არ უნდა შეაგინოს ახალგაზრდა გამყიდველს  ორი ცალი გაფუჭებული კარტოფილის გამო...
-სისე ... და რო ვერ მიხვდენს?
-ვერ მიხვდება და დანარჩენ ბორბლებსაც დავუხეთქავ!
    პირველი, რა კითხვაც გამიჩნდა, ეს იყო:  -გიჟი?... ნუთუ გიჟები ასე საუბრობენ ?! და  თუ ის გიჟი არ არის,მაშინ მთელი ცხოვრება სიგიჟეს რატომ შეალია?
  დიდებული გამოწვევის წინაშე დავდექი ! გამოსაძიებლად მქონდა საკმაოზე მეტად ჩახლართული ''საქმე'' , რომლის ''გახსნაც''  ჩემი სუსტი, მაგრამ მაინც დედუქციური  უნარის წყალობით  ნამდვილად შემეძლო. ეს შეიძლება იყო სულელური პარალელების მცდელობა დიდ შერლოკთან , რომლად ქცევაც ბავშვობიდანვე მინდოდა  ერთხელ მაინც , მაგრამ რაც არ  უნდა ყოფილიყო და როგორც არ უნდა ყოფილიყო, ყოველმიზეზგარეშე მე ერთი მყარი მოტივი მქონდა და ეს იყო ცნობისმოყვარეობა ...
  სახლში მისულმა,  პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო  დამშვიდობება ტელევიზორთან. იმაზე ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი.  არც სიბრაზე ,არც სინანული, პირიქით,  თითქოს თავიდან მაგრად მოჭერილი და კარგად ჩაბოქლომებული ჯაჭვი მომხსნეს - ამოვისუნთე. ...შემდეგ გზად ნაყიდი ლუდი წინ დავიდგი, ჟურნალების პატარა მაგიდაზე,მაგიდასთან სავარძელი მივაჩოჩე და დავიწყე ფიქრი...
    ჩემი ამოცანა მარტივია: უნდა ვიპოვო გიჟი სისე , უნდა წავიყვანო სადმე მშვიდ გარემოში , უნდა დავარწმუნო , რომ არაფერს დავუშავებ და ამის შემდეგ ჩემს რამოდენიმე შეკითხვაზე  უნდა მივიღო მისგან პასუხი...
  გიჟი სისეს პოვნა რთული ნამდვილად არ არის - ჩავუსაფრდები და მივაგნებ, მაგრამ მასთან გასაუბრება მეტად საჩოთირო რამაა. ერთი ადეკვატური საუბარი  ნამდვილად ვერ გადასწონის მის თითქმის ნახევარსაუკონოვან გიჟის სტატუსს, იქნებ და სიტყვაც არ მათქმევინოს, ისე გამიყაროს მისი ბასრი სადგისი. ვერ ვენდობი...
  ''სიფრთხილეს თავი არ სტკივაო,'' ტყუილად არ იტყოდნენ , სწორედ ამიტომ,  ფრთხილად  და გეგმიურად უნდა ვიმოქმედო... პო გაცილებით კონტაქტურია , ეგეც რომ არა ბავშვია  და თან მათხოვრობს , ეს გარემოება კი ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს,რადგანაც ვინც მთელი დღე რაღაც  გროშებითვის შეუსვენებლად დაწანწალებს,  მისი მოსყიდვა ადვილად შეიძლება...მე ვერ ვხვდები ,რატომ ვერავინ მოიფიქრა ეს აქამდე.
      დილით დრო რომ არ დამეკარგა, არ ვისაუზმე, მხოლოდ ყავას დავჯერდი და სახლიდან სასწრაფოდ გავეშურე ბაზრისაკენ... ამინდმა კიდევ ერთხელ გაამართლა- მზე იყო. -რა ტკბილი ხარ , ნოემბერო! - ვთქვი მე და მანქანიდან გადმოვედი.ამჯერად მანქანა წესების სრული დაცვით დავაყენე , გულდამშვიდებულს აღარც ჯარიმის და აღარც გიჟი სისეს შიში აღარ მქონდა,მთელი მზიანი დღე ჩემს ხელში იყო  და საფუძვლიანად შევუდექი ''საქმის'' ძიებას.
    პირველი , რაზეც მე უნდა მეზრუნა, ეს იყო არა გიჟი სისეს უშედეგო  ძებნა , არამედ აღმოჩენა  ბაზარში რომელიმე ახლადმოსული მყიდველის , რომელიც დაუწერელ ''მორალურ კანონებს'' უმოწყალოდ თელავდა ფეხქვეშ.თავიდან ვიფიქრე, ეს ადამიანი თავადვე ხომ არ ვყოფილიყავი,  როგორც ერთგვარი სატყუარა , მაგრამ ეს ფაქტი შემდგომ, გიჟ სისესთან გასაუბრებისას (თუკი ამას მოვახერხებდი) შემიშლიდა ხელს ,რაც ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში.
    საცხობის წინ , მაგიდაში ამოზრდილი ქოლგის ქვეშ დავჯექი , რომელიც თურმე საცხობის საკუთრება იყო და ტყუილად იქ ჩამოჯდომა  არ შეიძლებოდა.
-რას ინებებთ? -მკითხა გამყიდველმა.
  არ მისაუზმია , მაგრამ ნამდვილად არ მშიოდა , ამიტომ იქაურობა შევათვალიერე....როგორც ყველა საცხობში, აქაც იდგა  გამჭირვალე  მაცივარი , რომელშიც სასმელები ელაგა. -მშვენიერია, - გავიფიქრე და ღიმილით ვუპასუხე: -მინერალური წყალი მომეცით!

შეყოყმანდა , შევატყვე, არ ესიამოვნა , მაგრამ რა ექნა , სასმელს ჰყიდდა და არ მოგცემო , ხომ ვეღარ მეტყოდა ?! 
-აჰა, აიღე! - მითხრა გულისწყრომით.
-გმადლობთ, ხურდა არ მინდა, - ეს  ერთგვარი ქრთამი იყო ჩემი მხრიდან მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ,მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კეთილგანწყობის მოპოვება ან ძვირი ღირს ან სრულად უსასყიდლოა - არ დაიტოვა... -რა გაეწყობა, - გავიფიქრე , აღარ შევეწინააღმდეგე  და გამოვბრუნდი.
    ადგილი მოვიპოვე, ცოტა ხნით მაინც ... დავჯექი და დავიწყე თვალთვალი.
მარტივად მიიქცია ჩემი ყურადღება დიდმა  შავმა ჯიპმა, დაბურული მინებითა და არასწორ ადგილზე გაჩერების სურვილით. იქვე,ნახევარი მეტრის მოშორებით, ოც წლამდე ახალგაზრდა ზებრატომრის დახეულ ხეხეშზე იწვა და წინ ერთჯერადი პლასტმასის  მოზრდილი ჭიქა ედო. დიდი დაფიქრება არ სჭირდებოდა იმის გამოცნობას, რომ ეს ბიჭი იქ მათხოვრობდა.

ერთი გამაფრთხილებელი სიგნალი მოისმინა , მაგრამ არ წამოდგა...  არ ვიცი, ამ ბიჭმა იცოდა თუ არა საგზაო ნიშნები , მაგრამ ნათელი იყო , რომ იმ ადგილზე, სადაც ის იწვა, მანქანების გაჩერებას  არ იყო ჩვეული და არც მოელოდა... გამაფრთხილებელი სიგნალი მეორედაც გაისმა.  ბიჭი ისევ არ დაიძრა.
-მანდედან გაეთრიე! _ დაიღრიალა ვიღაცამ მანქანიდან... ბიჭმა ხმის გაგონებაზე ინსტიქტურად ჭიქას ჩაავლო ხელი და მაგრად მიიკრა. გულწრფელად შემეცოდა. _ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც თავისივე მსგავსის  დამცირება შეუძლია, - გავიფიქრე  მე . და თურმე წინ უარესი მელოდა - მოხდენილად ჩაცმული , წვერგაპარსული  შუა ხნის მამაკაცი  მანქანიდან  ჩამოხტა, ვერც შევამჩნიე , როდის მიირბინა ამ არაფრისმქონე შეშინებულ ბიჭამდე , ძრავი არ გამოურთავს, ეტყობოდა, ჯიუტად აპირებდა მანქანის იქ ჩაყენებას. .გავიგონე,ბიჭს რაღაც სიტყვები რომ უღრიალა და მერე დავინახე,როგორ მიარტყა ფეხი , თითქოს ეზოში ფეხბურთის მოედნიდან გადმოვარდნილი ბურთი ყოფილიყო,რომლის უკან დაბრუნებას გთხოვენ ხოლმე,ბავშვები... გაიქცა ბიჭი და აკრძალული ადგილიც გათავისუფლდა...
    -ეს კაცი ჩვეულებრივი მოკვდავი არ უნდა იყოს -  ან მთავრობასთან დაახლოებული პირია, ან დიდი ბიზნესის წარმომადგენელი... პრინციპში ეგ ორი ერთმანეთს არც გამორიცხავს - მეთქი,- მყარად დავასკვენი მე.

ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.
-გოეთე.

მინერალური წყალი და ამ წყლის საფასურით მოპოვებული ქოლგიან მაგიდასთან ჯდომის დრო- ერთნაირად ამომელია...
-იქნებ სხვაგან გადაჯდეთ , ადგილს იკავებთ ტყუილუბრალოდ, - მითხრა გამყიდველმა...- ამ ქალბატონის კეთილგანწყობა აშკარად ძვირი ღირს, - გავიხუმრე საკუთარ თავთან . არაფერი მითქვამს , თავი დავუკარი და ავდექი.
ამ შავ ჯიპს,რომელსაც გიჟი სისეს ყურადღება სავარაუდოდ უნდა მიეპყრო,ძალიან რომ არ მოვშორებოდი , იმ გამოპრანჭულ მამაკაცს შევყევი მაღაზიაში...
თავად მაღაზია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ შეგხვდება ისეთი იყო -არაფრით გამორჩეული.
-აქ რამ შემოიყვანა ეს წარმოსადეგი კაცი , როდის იყო მისთანები ასეთ ადგილებს სტუმრობდნენ - მეთქი,-დაეჭვებულად გამეფიქრა...
მაღაზიაში ბევრი ხალხი არ იყო. სულ ოთხნი ვიყავით: ეს წვერგაპარსული , კიდევ ვიღაც ჩალისფერ ქუდიანი მყიდველი , ერთი გოგონა დახლს მიღმა( სავარაუდოდ, გამყიდველი) და მე.თუმცა მე,მყიდველებში არ ვითვლებოდი , ჩემთვის ვიდექი , გასასვლელთან ახლოს , მანქანასთვის რომ მედევნებინა თვალ-ყური... როგორც კი ჩალისფერ ქუდიანმა მოივაჭრა და მაღაზია დატოვა , წვერგაპარსული დახლთან მივიდა და გოგონას ჰკითხა :
-დღეს არ მოხვალ? დედაშენის დაბადების დღეა...
-ვიცი, მივულოცე!
(გოგონას  იმდენად არ გაჰკვირვებია ამ კაცის სტუმრობა, წესიერად თავიც არ ასწია დახლიდან , თუმცა შეიძლება ეს დაძაბული ურთიერთობის მანიშნებელიც იყო.)
-ეგ არ კმარა , ენატრები, შენი ნახვა უნდა!
-მამა, მე არ დავბრუნდები , ხომ იცი, რომ მე არ დავბრუნდები?!
-რატომ? რატომ უნდა მუშაობდე ამ სანაგვეში , ვიღაც ვიგინდარასთან?!
-მეცინება ... არც კი გიპასუხებ მაგაზე!
-მისმინე, ნინა, მე მამაშენი ვარ და მეტ პატივისცემას ვითხოვ! არ მინდა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი , სახლიდან გაქცეული, სადღაც, სანაგვეში მომუშავე გამყიდველი იყოს! შენი აზრით, რამდენ ხანს დამიჯერებენ , რომ სადღაც მითიურ ადგილას,დასასვენებლად თუ სასწავლებლად ხარ წასული?! მე ამომრჩეველი მყავს ,  გავლენიანი მეგობრები მყავს , რატომ არ ფიქრობ ამაზე ?! ყველაფერი გაქვს, რასაც ნატრობ , რა გინდა ამ ღმერთისგან მივიწყებულ ქალაქში?!
-როდის უნდა მოგბეზრდეს ეს დაზუთხულ,ზედაპირული სიტყვები?!ფილმის პერსონაჟს მაგონებ ''აბსურდული კომედიიდან'', იმასაც ვერ ხვდები ,ყოველ ჯერზე  ამომრჩევლებს და შენს გავლენიან მეგობრებს  რომ არ დამაკავშირო... ''ყველაფერი გაქვს''?! რა მაქვს ? - სირცხვილი მხოლოდ, ერთადერთი, რასაც იმ შენს მილიონიან სასახლეში ვგრძნობ - სირცხვილია!
ეს ადგილი კი, ღმერთისგან მივიწყებულად  რომ მონათლე , პირველ რიგში შენ დაგავიწყდა ! მახსოვს წლების წინ სწორედ  ამ ქალაქის ცენტრში შემაღლებულ ტრიბუნაზე იდექი , გარს ათასობით შენით დაიმედებული ადამიანი გეხვია  და შენც რას აღარ ამბობდი ,შენი სახელი რაც შეიძლება ომახიანად  რომ დაეძახა ამ შენისთანების სიტყვებით ტვინგამორეცხილ ხალხს... ისიც მახსოვს, დედა - შვილი  რომ გამოიყვანე ათიათასი კაციდან , სად ცხოვრობთო, ჰკითხე და პასუხად - არსად, სახლი არ გვაქვსო , მოისმინე. იმათ საჯაროდ დაჰპირდი ''თბილ კერას'', თვეების შემდეგ , მათი წერილი  რომ მოგივიდა, კაბინეტში მდივანი ბოლომდე არც კი შემოუშვი- არ მცალია , ეგენი სხვა დეპარტამენტს ეკუთვნის და იქ გადაამისამართეო, -უპასუხე...კიდევ რამდენი რამ უნდა გავიხსენო , საკუთარი თავი რომ დაგანახო , მაგრამ რა შედეგი ექნება მაგას ?! კარგად იცი, ვინც ხარ და როგორიც ხარ... შენ უბრალოდ არ გრძნობ ისე, როგორც მე,ამიტომ იმ სახლში, სადაც გამუდმებით მესმის  ათიათასი იმედჩამორთმეული ადამიანის ხმა- არ ვიცხოვრებ!
-ნინა, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ ! საჯაროდ განვაცხადებ ამას და აღარაფრის დამალვა აღარ მომიწევს... ხალხი გამიგებს... უღირსი  და დაუფასებელი შვილის ყოლას , ჯობია, საერთოდ არ მყავდეს !  აი, ზუსტად ასე ვეტყვი ყველას!
-არ იდარდო,მამიკო , გაგიგებენ,-საოცარი ცინიზმით უპასუხა გოგომ.
-ჰეჰ, არადა მე ყველაფერს შენი გულისთვის ვაკეთებდი , შენი ნათელი მომავლისთვის, მაგრამ შენ, როგორც ვატყობ, ვერაფერს ხედავ...
-ჩემი ნათელი მომავალი ადამიანად დარჩენაა, მამა!
-შენ ჯერ  კიდევ ბავშვი ხარ , გაიზრდები და მიხვდები, რომ ამ სულელური შეგნებით ვერაფერს  მიაღწევ... მაგრამ შენ, მე კი არა ვერცერთ პოლიტიკოსს ვერ იტან , შენთვის ყველა ერთნაირად სალანძღავი  ობიექტია...
-არც,მთლად.რამდენიმე შენი მეგობრებიდანაც კი მომწონს.
-აბა მე რაღა დაგიშავე ?!
-თქვენ ის დააშავეთ ბატონო თეიმურაზ, რომ ჯერ პოლიტიკოსი ხართ და მერე სხვა დანარჩენი...
    ისევ ცინიზმი... ამას ნამდვილად ვეღარ მოითმენს , კიდევ კარგი ვერ მამჩნევს , თორემ შეიძლება ჯავრი ჩემზე იყაროს , საშინლად გაცოფებულია , მისი მესმის -მეთქი ვერ ვიტყვი,ამ წვერგაპარსულ კაცს ნამდვილად ბევრი უკლია ჩემს წარმოდგენაში მყოფ თანამედროვე ადამიანამდე ...გადავწყვიტე , რაიმე რომ არ ეეჭვათ , ისე მოვქცეულიყავი თითქოს ამ წამს შემოვაღე კარები.უკუსვლით დავიძარი და ნახევრად ღია კარებში უპრობლემოდ გავძვერი შეუმჩნევლად. უკან შებრუნება რატომღა გადავწყვიტე, არ ვიცი, მაგრამ კარის სახელურზე ხელი არ მქონდა წავლებული , ვიღაცამ - გიჟი სისე, გიჟი სისეო! - დაიყვირა.მივბრუნდი... სადგისით და დიდი ქვით შეიარაღებული იდგა.ჩემი ვარაუდი გამართლდა.ეტყობოდა, ყველაფერი დაინახა , ან პომ სიტყვა-სიტყვით მოუყვა. უცებ მანქანას დავხედე და წინა ორი ბორბალი დაშვებული მეჩვენა , სანამ ახლოს მივიდოდი ,  გიჟმა სისემ კიდევ ერთ ბორბალს გამოაცალა ჰაერი  თავისი სადგისით და მივხვდი, ოთხივე ბორბლის გახეთქვას აპირებდა... პო, სრულიად შემთხვევით,ჩემთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. მივირბინე და -სწრაფად გაიქეცით სანამ პატრონმა დაგინახათ - მეთქი,- ვუთხარი. მივხვდი, ეს ამბავი გიჟ სისეს ასე ადვილად აღარ შერჩებოდა და მის დაცვას შევეცადე...
პომ თავიდან გაურკვევლად შემომხედა , თითქოს არ მენდო , მაგრამ მერე შეეშინდა და გიჟ სისესკენ გაიქცა.
- ჩქარე, ჩქარე ,  სისე!  - ყვიროდა ის.
-უნდა მივაძახოთ პო, უნდა მივაძახოთ! - გამალებით უპასუხა გიჟმა სისემ.
-აი , იქ არი, იქ არი! - ხელი გაიშვირა პომ ...
    წვერგაპარსული პოლიტიკოსი მაღაზიიდან გამოსულიყო ... გიჟმა სისემ ქვა აიღო ხელში , მისი მიმართულებით ისროლა და -არ შეგრჩება , არ შეგრჩებას ძახილით გაიქცა ...
- მე თქვენ გაჩვენებთ!-  პოლიტიკოსმა  სასწრაფოდ ვიღაცის ნომერი აკრიფა ტელეფონზე და ორ წამში ყველაფერი მოუყვა...  ხუთი წუთი არ გასულა, ბაზარი ერთი-ორად გაიზარდა ხალხით , კვალის მისაგნებად ძაღლებიც კი მოიყვანეს...
...მათ გიჟი სისე შებორკილი მოჰყავდათ.
  შავ ფურგუნიან მანქანაში  სანამ ჩასვამდნენ, გამყიდველების დიდი ჯგუფი მანქანას გარს შემოერტყა და - სად მიგყავთ ?! გიჟია სისე, გიჟიო ,- ხმამაღლა დაიწყეს ყვირილი...მერე ერთმა შავებში  ჩაცმულმა კაცმა , ერთ-ერთ გამყიდველს ხელი მოჰკიდა , ჯგუფიდან გამოიყვანა და  მაღალი ტონით ჰკითხა - იცნობ ამ კაცსო?... დაბნეულობისგან გამყიდველმა დიახ-ის ნაცვლად - კიახ , უპასუხა და მიიყუჟა.შავებში ჩაცმულმა კაცმა კიდევ ერთი შეკითხვა დასვა: - თუ იცნობ, მაშინ ისიც მითხარი, ვინ არისო ... ეგ, ეგ გიჟიაო ,- უკვე დამშვიდებული ჩანდა გამყიდველი. ჰოდა თუ გიჟია, საგიჟეთში წავიყვანთ , თქვენ მაგაზე არ იდარდოთო,- მძიმედ უპასუხა შავებში ჩაცმულმა...
  ჯგუფი უხმოდ დაიშალა ,გიჟი სისე წაიყვანეს...
  პო უნდა მოვძებნო, - ვთქვი მე.არ ვიცოდი, სად უნდა მეძებნა , თუმცა ვგრძნობდი , იმ ნაგავსაყრელისკენ უნდა წავსულიყავი, წინა დღით  რომ ვნახე ორივე ერთად.მივედი. ბევრი ვიხეტიალე. საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო. საბოლოოდ, თითქმის დავნებდი თან საშინლად მშიოდა და გადავწყვიტე , ხუთი წუთით ჩამოვმჯდარიყავი , ცოტა დამესვენა და სახლისკენ წავსულიყავი...-მანქანა იქ არ უნდა დამეტოვებინა , რა ჩაბრუნდება უკან ფეხით, - სინანულით გავიფიქრე.
-შენ კარქი ქაცი ხარ,- მომესმა ხმა.
-პოო?
-ჰო, მე პო ვარ , რა იცი რო მე პო ვარ?
-ვიცი, გიცნობ, კარგი კაცი ხარო, რატომ მითხარი?
-წეღან, ისინი  რო გამომგვეკვიდნენ , სანამ გამომკვევკიდნებოდნენ , ხო მითხარი , გაიქეციო , მე ვერ შევხედე , შენ რო არ გეთქვა, მეც წამიყვადნენ! 
-გიჟი სისე  როგორ დაიჭირეს ?
-სისემ იქეთ გაიქცა , მე აქეთ და ისინი სისეს მიეკიდნენ.
-სისეს გიჟს რატომ არ ეძახი ?
-ეგრე სხვები უძახიან ... მე სისეს ვეძახი , ის მე მივლის და როცა წვიმს, სულ მის კარდონებში შევყავარ, თითონ გარეთ გადის და მეუბნება , სამსახურში მივდივარ , ჩემ მოსვლამდე გარეთ არ გამოხვიდეო ...
-ლაპარაკი მან გასწავლა?
-ქი, იმან ... მარა ვიცი მაინც ვერ ვლაპარაქობ , არა ქი ვლაპარაქობ , მარა ქარქათ არ გამომდის 
-თქვენი საქმიანობის შესახებ მომიყვები ?
-არა, მაგას არ გეტყვი , სისემ მითხრა არავის არ უთხრაო!
-მე ხომ კარგი კაცი ვარ ? მე რომ მითხრა, არაფერი დაშავდება.
-არა , შენ ხარ მართლა კარქი ქაცი , მარა სისეს არ უთქვამს კარქ ქაცებს შეგიძლია უთხრაო , სისემ თქვა, არავისო!
-კარგი პო , აი მე შენ ამას მოგცემ, თუ მომიყვები,-  ჯიბიდან ქაღალდის ფული ამოვიღე.
-ეგ პულია? 
-კიი, თან ბევრი , ხომ გიყვარს ფული ?
-ჰაჰაჰა, პული როგო უნდა მიყვარდეს? ეგ არ სუნთქვს და არც მოპერება  არ შეულია, სისემ მითხრა , პული იმისთვის გინდა , რო  საჭმელი ვიყიდოთ ცოტაო.
-ჰოდა აი ამ ფულით ბევრ საჭმელს იყიდი!
-ბევრი რად მინდა? დღეს  რო უნდა ვჭამო იმის პული მაქვს.
ვერასდროს ვიფიქრებდი , მათხოვრისთვის ხვეწნა თუ დამჭირდებოდა ფული რომ აეღო.

ადამიანი ადამიანისთვის დღეა
-გ.დოჩანაშვილი

    მოსაღამოვდა...პოსგან კი ვერაფერი გავიგე, რისი გაგებაც მსურდა... რაღაც უნდა მოვიფქირო , ფულით არაფერი გამოვა , რაღაც ისეთი უნდა შევთავაზო რაც მასთან უფრო დამამეგობრებს...
-პო,წამოდი ჩემთან!
-შენთან სად?
-სახლში.
-იქ სისე არი?
-არა , მაგრამ ერთად მოვიფიქროთ როგორ დავაბრუნოთ სისე.
-ჰო , აი შენც სისეო თქვი...
-ჰო, სისე, აბა ?
-არა, გიჟი სისე კი არაო , სისეო.
(ვერა,ვერ ავხსნი რატომ ვთქვი სისე , თავისდაუნებურად ითქვა.  - ასეა, ადამიანს სანამ არ ჩაუღრმავდები , შენც ისე იცნობ- მას , როგორადაც ყველასთვისაა ცნობილი).
-ჰო, პო, ერთად მოვიფიქროთ , როგორ დავაბრუნოთ სისე,კარგი?
-შენ სახლში ტელევიზორი არი?
(ღმერთო ჩემო - რა დაგიშავე ?! )
-არა, უკეთესი რაღაცები მაქვს და იმით გავერთოთ.
-მე მგონია, რო შენთან უნდა წამოვიდე. ქარგი  ქაცი ხარ შენ!
-მადლობა პო , გზად გამოსაცვლელ ტანსაცმელს გიყიდი...
პოს  სრული კეთილგანწყობა დავიმსახურე.ამასთანავე, მეც დადებითად განწვეწყე მის მიმართ , ეს ბიჭი ჩემთვის აღარ იყო - მურიანი , გაღლეტილი მათხოვარი , არც მისი დაუბანლობა მაწუხებდა და არც- საუბრის მანერა. როგორც დავპირდი, გზად ტანსაცმელი ვუყიდე და სახლში მისვლისთანავე აბაზანაში შევიყვანე. ჭკვიანი ბიჭი გამოდგა , მხოლოდ ერთხელ დამჭირდა  იმის ახსნა, თუ როგორ უნდა ებანავა  ამ თანამედროვე აბაზანაში , სადაც ხანდახან  მეც კი მეშლებოდა სად და რაზე უნდა მიმეჭირა ხელი...იმ , ღამეს კითხვებით აღარ დავღალე , საჭმელი ვაჭამე და დაიძინე - მეთქი,- ვუთხარი.
    სამი დღე მყავდა სახლში პო და მესამე დღეს  - შენ მე ყველაფერს გეტყვიო, - მითხრა...რატომ გადაწყვიტე-თქო? - შევეკითხე. მე ბაზარში უნდა წავიდე , იქ საქმეები მაქვსო,- მიპასუხა. ასე ვერ გაგიშვებ , შენ ის მაწანწალა ბიჭი აღარ ხარ ადრე  რომ იყავი-მეთქი,- ვთქვი ოდნავ განაწყენებულმა.მკითხე , მკითხე , რაც გაინტერესებსო, -საერთოდ ბანზე ამიგდო სიტყვა... კარგი, მოდი დავიწყოთ! - იქვე სავარძლში ჩავჯექი . გვერდით მომიჯდა, - მითხარიო.
დავიწყე იქიდან, სადაც გავჩერდი...
-რას საქმიანობდით შენ და სისე ერთად?
-მე მივდიოდი  დილით და ვმათხოვრობდი , თან იქაურობას ვუყურებდი, რო თუ ვინმე ცუდად მოიქცეოდა , სისესთვის მეთქვა.
-შენ როგორ ხვდებოდი მერე რომელია ცუდად მოქცევა?
-ეგ სისემ მითხრა , ასე და ასე თუ იქნება, მითხარიო.
-როგორ და როგორო?
-აი ქაცი რო მოვიდოდა და გოგოს შეაგინებდა, უნდა მეთქვა , ან მათხოვრებს თუ ვინმე გალახავდა უნდა მეთქვა , ყველაპერი უნდა მეთქვა. შენც ხო იცი ცუდი მოქცევა რომელია ? ჰოდა მეც ვიცი !
-რამდენი წელია, რაც ამ ''სამსახურში'' ხართ?
-მე - სისე რაც გავიცანი, მას მერე და სისე  სულ ამ სამსახურში იყო ...სისემ მითხრა- რვა წლის ვიყავიო, ვიღაც ბიჭის ველოსიპაპედის ბორბლები  რო დავხეთქე , იმან გოგოს დაარტყაო , მერე მე გასალახათ  რო მექიდებოდა , ქვა ვესროლე და თავი გაუხეთქეო , მერე მე რადგან უპატრონო ვიყავი, სადღაც(აღარ მახსოვს სად) წამიყვანესო და მერე იქედანაც გამომაგდესო.
-შენ სად გაიცანი სისე?
-მე ბაზარში , ჩემი ოჯახი სხვა ქალაქში იყო ,მარა დედა რო მოკვდა,  გამოვიქეცი და აქ რო ჩამოვედი, ბაზარში დავიწყე ცხოვრება.
-პო რატომ  გქვია?
-ეგ  სისემ მითხრა, შენ ასე უნდა გერქვესაო...
-ჰოდა რატომ? ეგ არ უთქვამს ?
-ქი, მე ვქითხე ეგ მერე, ლაპარაქი  რო ვისწავლე,  ხოდა, ასე მითხრა,  გოგო მიყვარდა ერთხელო , ანა  ერქვაო , მარა სისე მას- ანასა და ბელას ეძახდა ერთად  , მე ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ეს ორი სახელი , მარა ჩემთვის მას ასე ერქვაო ,სისემ მითხრა... მერე ლექსი მომიყვა , მე ვისი სახელიც მქვია , იმას დაუწერია თურმევ , იმ ლექსშიც  ორი სახელი იყო ... ლექსი ქაი იყო მარა , ეს ორი სახელი მაინც ვერ მივხვდი, რა საჭიროა.
(აჰა, თურმე - პო! ჰეჰ და სისე გიჟი ! ... ცხოვრება იმდენად შეგიძლია მიადარო ყველაფერს, რომ საბოლოოდ არაფერს არ ჰგავს , უფორმოა , უყველაფროა , არ არსებობს რაიმე, რაც მიესადაგება,  რაც ამოხსნის ,  რაც ოდნავ მაინც შეგიქმნის წარმოდგენას მასზე... არ არსებობს გზები და არ არსებობს ხიდები , რომლებიც სადმე მიგვიყვანს, თუ მათზე დავდგებით , ყველაფერი თვალის გახელით იწყება დილით და სრულდება ღამით -ღრმა ჩაძინებაში...)
-პო,ჩვენ დავიბრუნებთ სისეს!
-შენ  გააქეთებ  მაგას ?
-კი,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის , რომ სისე დავაბრუნო !
მადლიერი თვალებით შემომხედა... ვუთხარი: ახლავე უნდა გავიდე სახლიდან და სისე უნდა მოვძებნო-მეთქი... დამეთანმა. ოღონდ სახლში იყავი, არსად გახვიდე-თქო, დავუბარე....
  ერთი საგიჟეთი იყო ჩვენს ქალაქში , უფრო სწორად, ქალაქთან ახლოს და მეც პირველად იქეთ წავედი. შენობაში შევედი თუ არა, განურჩევლად ყველას  ვკითხე სახელი -სისე. მხოლოდ ერთი ადამიანი გამომელაპარაკა: - იმ წვერებიან მაწანწალას კითხულობო? თვალები გამინათდა. - ჰო-მეთქი.ჩვენ ის უპატრონო გვეგონაო,-მომიგდო სიტყვა.უპატრონოა თუ პატრონიანი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს , რა გაუკეთეთ - მეთქი!- ავენთე... -არაფერი,სადღაც ეყოლებათ გამწესებული - მითხრა მშვიდად.
-ის არ არის გიჟი! -  რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ შევაწყვეტინე.
- აბა ვინ არის , მთელი დღეები დახტუნავს , სისულელეებს გაიძახის და ახლოს არცერთ ექიმს არ იკარებს! ...
(არ ვიცი... ვერაფერს ვამბობ... არც დედუქციური უნარი მშველის და არც ინტუიცია. სისე ჩემთვის ამოუხსნელი ადამიანია).
- ხუთი წუთითაც  არ შეიძლება რომ ვნახო ? - ვიკითე სხვათაშორის .
-წამობრძანდით!- მითხრა  მან.
კაბინეტში შემიყვანა , დაბრძანდიო,- მითხრა . თავად საქაღალდეების ჩირჩნა დაიწყო.
-აი, ვიპოვე, - ფარატინა ქაღალდი ამოიღო, ზედ რაღაცები ეწერა.- გამომართვი და წაიკითხეო,- მითხრა . ეს დასკვნა იყო , წესით მე ამ დასკვნიდან სრული სიმართლე უნდა გამეგო . ბოლოს და ბოლოს, დასკვნას მთავარი ფსიქიატრის ხელმოწერა ამშვენებდა... ჩავიკითხე და ერთ წინადადებაზე შევტორტმანდი - ,,საფრთხეს უქმნის ადამიანებს'' ... ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს - ირონიულად გავიფიქრე გულში...
-ანუ,მისი გამოშვების შანსი არ არსებობს?
- გული უნდა დაგწვიტოთ, მაგრამ  არა, - იყო რაღაცნაირად თავდაჯერებული , ბაქია პასუხი.
-კარგი, გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ, - ვუთხარი მე და გამოვბრუნდი.
    სახლისაკენ მიმავალ გზაზე  უამრავი აზრი ტრიალებდა ჩემს თავში... თუ სისე გიჟი არ იყო , მაშინ მთელი ცხოვრება , სიგიჟეს რატომ შეალია?.. მაგრამ თუ ის მართლაც გიჟი იყო , ნუთუ გიჟებს  შეუძლიათ ადამიანობის სადარაჯოზე ასე მყარად დგომა?საერთოდაც, ვინ არის გიჟი ?! იქნებ ის ექიმი იყო გიჟი , წეღან რომ ვესაუბრებოდი , იქნებ ის პოლიტიკოსი- ვერც ოჯახის და ვერც ქვეყნის საქმე რომ ვერ მოეგვარებინა, იქნებ მე ვარ გიჟი , როცა ამ ყველაფრით დავინტერესდი , იქნებ საერთოდ ყველა გიჟია ამ ქვეყნად და ამავდროულად არავინ! არაფერზე არ მქონდა ზუსტი პასუხი გარდა ერთისა: სისე ნამდვილად არ ერჩოდა ადამიანებს.დიახ,არც მე ვიყავი იმ მომენტში ადამიანი,როცა სისეს რისხვა დავიმსახურე,როცა ჩემი ჯაბახანა ყელში გაჩხერილ დაუღეჭავ ლუკმასავით გავჩხირე,შეუფერებელ ადგილას და არც არავისზე არ ვიფიქრე საკუთარი თავის გარდა.დიახ იმ დღეს მე ადამიანობა -მოუთმენლობასთან ერთად დავკარგე და ეს მე სისემ დამანახა. ვინ იცის კიდევ რამდენში გააღვიძა მსგავსი გრძნობა,სისემ.
თვალზე ცრემლი მქონდა და გულში სიცარიელე , ვერაფერს გავხდი , ვერაფერი ვერ მოვახერხე , რა უნდა მეთქვა პოსთვის...საცოდავი ბავშვი, - გავიფიქრე და გაზს მივაჭირე- რაც შეიძლება, სწრაფად მინდოდა სახლში მისვლა.
-პოო! - შევაღე კარები თუ არა დავიძახე...-პო, სად ხარ?! გამოდი , სისეზე უნდა გითხრა...პოოოო! - გავაგრძელე მარცვალი.ჯანდაბა!  კარები უნდა ჩამეკეტა , ალბათ ბაზარში წავიდა , ხომ დავუბარე სახლიდან არ გასულიყო!
    სასწრაფოდ ბაზრისკენ წავედი , ბაზრის ქუჩაზე შევუხვიე და ნელი სიჩქარით მიმავალი მანქანიდან ვათვალიერებდი, სადმე ხომ არ იდგა პო...
ორასამდე  მეტრი გავიარე და დავინახე... ხელში ქვა ეჭირა - სასროლად მომართული, მაგრამ ეტყობოდა, ორჭოფობდა, ესროლა თუ არა... თვალის დახამხამებაში ჩამოვხტი მანქანიდან,მასთან მივირბინე და, გული  რასაც გეუბნება , ისე მოიქეცი - მეთქი,- ვუთხარი.
გამომხედა , კარგად დამათვალიერა , თითქოს მიხვდა, სისეს დაბრუნებაზე კარგი  რომ არაფერი მქონდა სათქმელი.ღრუბლიანი დღე იყო , ციოდა... ჩემთვის ძალიან ციოდა. პოს კარგად დავაკვირდი სახეზე. მის თვალებში პირველად დავინახე ობოლი ბავშვის მზერა , ხელის გადახვევა დავაპირე,  განზე გადგა , წარბები და ტუჩები ერთდოულად მოკუმა , ორი ნაბიჯით უკან დაიხია ,  ''არ შევარჩენო''-თქვა და ატირდა, -ქვა არ დაუგდია,ისე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები