ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2015


საიდუმლო ჩანაწერი

ყველაფერი ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. ჩვენი უბნის ახალგაზრდობა, როგორც ყოველთვის, ერთად შევკრებილიყავით და სხვადასხვა ამბებზე ვბჭობდით, როდესაც რაღაცამ გაიელვა და სადღაც თორმეტი წლის მოკლე ატმისფერკაბიანმა, თმაგაშლილმა, პატარა გოგომ ჩემს ქუჩაზე გაირბინა. უკნიდან მომესმა ბიჭების ჩურჩული:
-აი, ეგ არის, ეგ...
მათთან ერთად მეც გაშტერებული ვადევნებდი თვალს მის ხალისიან სიცილს და ბავშვური სილაღით მოფარფატე სხეულს, სანამ გოგონა არ მიეფარა ქვედა სახლის კედელს. თითქოს არც არაფერი, გამოვბრუნდი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ მან არამარტო ჩემს ქუჩაზე, არამედ ჩემს გულშიც ჩაირბინა.
ერთი, ჩვეულებრივი, 14 წლის ბიჭი ვიყავი, არაფრით გამორჩეული თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სკოლის წარჩინებული მოსწავლე და ნორმალური ფეხბურთელი ვიყავი.
ზუსტად იმ დღის შემდეგ ავირიე. აღარ ვიყავი ერთი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა. ჩვენი ქუჩის დასაწყისში, ლეღვის პატარა ხესთან უფორმო, დასაჯდომად გამოსადეგი ქვა იდო. ყოველდღე იქ ვიჯექი და ახალი მეზობლის დანახვას ველოდი. უცნაური გავხდი, მსიამოვნებდა მარტოობა და გაუთავებელი ფიქრი. თითქოს აღარაფერი მსურდა, გარდა იმისა, რომ მეყურებინა როგორ თამაშობდა და ხალისობდა ყოველდღიურად ფერადი სარაფნებით მომღიმარი არსება. ვუყურებდი და არ მბეზრდებოდა... ფილმის კადრებს გავდა, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში.
მოკლედ, ძალიან მცირე დროში შესისხლხორცდა ჩემი გრძნობა, რომელსაც ჩემებური სიყვარული ვუწოდე. დავიწყე გაუთავებელი წერილების წერა, სანთლის შუქზე უკეთ გადმომქონდა ჩემი შინაგანი სამყარო. დასასრულს, რვეულის შუა ფურცლიდან კონვერტს ვაკეთებდი და გამზადებულს ვუგზავნიდი სასურველ ადრესატს.
ასე დავიწყეთ ურთიერთობა.
ჩემთან ეზოში ყვავილების ნაირსახეობას წააწყდებოდით, დედას უყვარდა მათი მოვლა. საღამოს, ქუჩაში მომესმა რაღაც სიყვარულის დღეზე საუბრობდნენ, ადრე მსგავსი არაფერი მსმენია. დილით ადრე ავდექი, ჩუმად დავკრიფე მზისფერი ნარცისები და სკოლის ეზოში წერილთან ერთად მივართვი პატარა გოგოს. ასე ვცდილობდი, რაღაც მცირედით მიმენიჭებინა მის ღიმილიან სახეზე სხვანაირი ღიმილი, მე რომ მაწყობდა ისეთი...
მახსოვს, სკოლაში დედა ოცდახუთ ან ორმოცდაათ თეთრს მომცემდა „ბულკისთვის“, მე კი ბედნიერი, თვეებიდან თვეებამდე ჩუმად ვაგროვებდი, რომ რაიმე მცირედი საჩუქარი გამემზადებინა პატარა გოგონასთვის, ჩემი გრძნობის დასამტკიცებლად.
ერთი დღე განსაკუთრებით მახსოვს, რადგან არ დაღამებულა, სულ მზე იყო, როდესაც მისი ბაგეებიდან ამოხეთქა სიტყვამ - მიყვარხარ. პატარა ბავშვს რომ ბრჭყვიალა, ფოჩებიან კანფეტს აჩუქებენ, მთელი სხეული რომ სიხარულს გრძნობს და ტკბება, სამყარო რომ ერთ მუჭაში აქვს მოქცეული, ისე მიხაროდა. აი, მაშინ დაიწყო ჩვენი ხელჩაკიდებული ცხოვრება. ახლა პატარა გოგო, ჩემი გოგო გახდა. სად არ დავდიოდით, რას არ მოვივლიდით, წვიმაში დავაბოტებდით, თავიდან ბოლომდე ვსველდებოდით და მერე გიჟებივით ვიცინოდით, მთებზე აღმართულ ტაძრებში ფეხით ავდიოდით, იებს ვკრეფდით და თავზე ვიბნევდით. ასე, ფერადდებოდა მრავალი დღე.
ცხოვრება ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავთ და ბედნიერებასაც შენარჩუნება უნდა, შენარჩუნებას კი დრო სჭირდება. ჩვენ ნაცრისფერი დღეებიც გვინახავს, ტკივილსაც არაერთხელ გავმკლავებივართ, ერთმანეთის დაკარგვაც გვიგემია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი, ცხორებისეული გაკვეთილებია, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები, ვსწავლობთ. ჩვენ დავამტკიცეთ ის თეორია, რომ დრო სულაც არ კურნავს არაფერს და ასეთი უკურნებელი სიყვარულით თავად ვხდებით მკურნალი.
საოცარია წუთისოფელი. გავიდა წლები და ახლაც, ქუჩაში მისი დანახვისას ძარღვებში სისხლი თბება, მისი შეხებისას კი სრულიად არ მივეკუთვნები ამ სამყაროს. ასე მგონია გულიდან კი არა, სადღაც უფრო სიღრმიდან მიყვარს, გულის გულიდან, ან საერთოდ სიყვარულზე მეტადაც კი.
პატარა რომ ვიყავი მეგონა შემეძლო დროის შეჩერება. ჩემი სახლის ძველ კედელზე დიდი ისრებიანი საათი ეკიდა. ჩამოვხსნიდი, ბატარეას ამოვაცლიდი და ბედნიერ წუთებს ასე ვაჩერებდი. მეგონა ასე უფრო გავახანგრძლივებდი ჩვენს ერთად ყოფნას.  ახლა, ვხვდები რაოდენ უძლური ვარ დროის წინაშე, თუმცა წლებმა არაფერი დაგვაკლო, არამედ გაგვაძლიერა.
წლების წინ მე და ჩემმა  გოგომ მინდვრის დიდი ბაბუაწვერა ვიპოვეთ, თვალები დავხუჭეთ, სურვილი ჩავიფიქრეთ და იმედიანად, ღრმა ამოსუნთქვით შევუბერეთ სული. პატარ-პატარა ბაბუაწვერები მიმოიფანტნენ ჰაერში და ოცნებების საქანელა მოხატეს...
ახლა ოცდაოთხის ვარ და ჩემი ატმისფერკაბიანი გოგო დღესაც უცვლელი სინაზით მეფერება თითებზე... ალბათ, მაშინ ბაბუაწვერებმა ცამდე მიაღწიეს...
მ.ჭ. (გ.ტ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები