ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათელა შუბლაძე-ნარმანია
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2015


ბუნებაც პატივს მიაგებს...

              ახალი წლის წინა დღეს - ოცდაცხრა დეკემბერს დედის სასაფლაოზე მივდიოდი შეშელეთში.
              უკვე მეხუთე წელია ვაკვირდები და ასეა ყოველთვის:როცა დედის სასაფლაოზე მივდივარ, კოკისპირული წვიმა, რომ მოდიოდეს, გადაიღებს და გამოიდარებს. ლიპ-ყინულისგან მანქანების სამოძრაო გზა რომ დაკეტილი იყოს, გაიხსნება და სამგზავრო ავტობუსი გამოჩნდება, ქარბუქი რომ კისერს იტეხდეს, გადაიფიქრებს, შეჩერდება და დამშვიდდება. მე კი, ამით, დედის საფლავის წინ ჩამუხლულს სანთლის ანთების საშუალება მომეცემა.  მაშინ, ასე მგონია: ბუნებაც წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ჩემს სულით კეთილ დედასთან ერთად, ყველა ჩვენგან წასულ - აწგარდაცვლილ ადამიანებს.
            ასე იყო იმ დღესაც: როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვედი, ცენტრალურ გზიდან გადავუხვიე და სასაფლაოსკენ მიმავალ მშობლიური სოფლის შარას დავადექი თუ არა,ხანგრძლივი დროით გაბმული უამინდობის შემდეგ, ის იყო გამოიდარა, ცამ, ის უღიმღამო, უნიათო, გულისგამწყალებელი ღრუბლიანი დღეები, ჩვენდა საბედნიეროდ, როგორც იქნა გადაიყარა და მზე გადმოახედა...
            სოფლის შესასვლელში მდებარე სკოლის ეზოდან ატკარცალებული გოგო-ბიჭები გამოვიდნენ.
            ბავშვებთან სამეგობრო ენას მალე ვპოულობ. ისინი ხომ გულწრფელად მოაზროვნე წმინდანები არიან. ჰოდა:
            - რა გიხარიათ, რას ტკარცალებთ-მეთქი - მივეხმატკბილე პატარებს.
            - მზის მოტანილი სითბო და ნათელიო ! - ისევ აჟრიამულდნენ ბავშვები ზოგი საით გაიქცა და ზოგი საით. ერთნი კი... მაღლა სხივებს აკოპწიებულ ყვავილთა კოკრებივით პირდასაფჩენად განწყობილნი დგანან და მიყურებენ.
            - კარგია, მზი მოსვლა რომ გიხარიათ. ჩვენ მზემ გვშობა და გაგვზარდა ოდითგან-მეთქი. ვეუბნები: - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ჩვენთან არს ღმერთი მეთქი. ბოლომდე ვინ მომისმინა. აიტაცეს ეს ჩემი სიტყვები და შემოდგომის მერცხლებივით მიეფარნენ თვალებს.
            - ო, ჰო, ჰოო!.. მზის შობილი ვართ! ე, ჰე, ჰეეი! ღმერთი არს ჩვენთან! - მირბიან და გაჰყვირიან ხმამაგლა.
            - ო! ჰო! ჰოო! ღმერთი არს ჩვენთან. ე! ჰე! ჰეიეი! - გაფრენილ ბავშვებს ხმა დააწია ჩემი მშობლიური სოფლის ექომ. გამიკვირდა, ბუნებაც რომ შეგვეხმიანა.
                                                                                                         
                                                                                                                                                                                                                               
                                                                                                                                                                                                      1990 წელი, 16 იანვარი.                                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები