| ავტორი: იასონ ჟანრი: იუმორისტული 25 ოქტომბერი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კი, ვმსაჯობდი. შენ საიდან იცი? არა, რა საკავშირო... საკავშიროზე ვინ მიმიშვებდა, საქართველოს ჩემპიონატზე ვმსაჯობდი, თანაშემწედ, გვერდით მსაჯად რა... როგორ და ჯერ კურსებზე დავდიოდი ფედერაციაში, მერე საკვალიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე. ქარხნიდან არ წავსულვარ, ასე ცვლაში ვმუშაობდი მაშინაც. არ იყო ადვილი, მაგრამ ოჯახი ითხოვდა ძმაო. მარტო ხელფასით ვერ იცხოვრებ, მოპარვით კიდევ მე ვერ მოვიპარავ და ვერც ვერავის დავაყაჩაღებ. არ იყო ცუდი ვარიანტი. აი, ჩავიდოდით ვთქვათ, რომელიმე რაიონში, ხო? დაგვხვდებოდა გუნდის წარმომადგენელი და მოგვხედავდა- სასტუმრო მათი იყო, ერთი სადილი თუ ვახშამი და ზედაც ერთი წითელი თუმნიანი. ეს იყო დაუწერელი კანონი, ყველა რაიონი ასე აკეთებდა, არაფრის ვალდებული არ ხდებოდი ამით, ერთადერთი - პატიოსნად უნდა გემსაჯა. ეხლა მთავარი მსაჯის სტავკა რა იყო - ეგ მე არ ვიცი. ბევრი ხო არაფერი თითქოს, მაგრამ ცოტა ხელფასი იყო ძმაო, ცოტაც მივლინების ფული გვეზოგებოდა, პლუს კიდევ ეს... არაუშავდა, რა... ვიჭირვებდი და ვახერხებდი... კაცო, ყოველდღე კი არ ვმსაჯობდი, საშუალოდ, კვირაში ერთხელ მიწევდა. ხან დასვენების დღეს დაემთხვეოდა, ხან სმენას გავცვლიდი, ხანაც ადრე მიშვებდა ბრიგადირი და ასე რა... აი, ამ საამქროში ყველაზე ბლატნოი სამუშაო ხო ვითომ თქვენა გაქვთ, ოპერატორებს, დღე არის თუ ღამე, ზიხართ, პრიბორებს უყურებთ და დისპეტჩერს უდაკლადებთ ხანდახან, მაგრამ თქვენი თვალის მოტყუება არ შეიძლება ერთი წუთით, ჩვენ კიდე, მაშველები, ზოგჯერ ცვლა ისე დამთავრდება, კაციშვილს არ გავახსენდებით. ჩვენთვის ყველაზე ცუდი უბანი ისევ თქვენი სამქროა, თქვენი და თქვენი მეზობლების... ხო. რომელი საათია? აჰა... მე ახლა რო წავალ და ჩემს ოთახში დავბრუნდები, წამოვწვები მხართეძოზე და გათენებამდე ერთ გამოძინებას კიდევ მოვასწრებ. რატომ შევეშვი... ჰოოო... კაი ხნის ამბავია. ჭიათურაში ვმსაჯობდით. დაგვხვდნენ ნორმალურად, ყველაფერი ისე იყო, როგორც გითხარი. პრინციპული თამაშია - დედაქალაქის გუნდია ჩამოსული, თანაც, აღარ მახსოვს ახლა, როგორი რასკლადი იყო, მაგრამ ორივეს ძალიან სჭირდებოდა ქულები. დაიწყო თამაში და პირველივე ტაიმის ბოლოს უკვე რაღაც ცუდი მიგრძნო გულმა. მთავარი მსაჯი არ მომწონს ბიჯო რაღაც, მეთქი - ფული აქვს აღებული. სხვა ფულზეა აქ უკვე საუბარი, ხო ხვდები... თავში ქვა უხლია, ასეთ ამბებში თანაშემწეებს არავინ გვრევდა, მაგრამ მეთქი შარში არ გაგვხვიოს ამ შეჩვენებულმა. ძალიან ტონკად უნდა იმსაჯო რა... განსაკუთრებით, როცა სტუმარ გუნდს უდგები, მაგრამ ვინც ფეხბურთი იცის, იმას ვერაფერს გამოაპარებ და ვინღა არ იცის დღეს ფეხბურთი? თანაბარი თამაშია რა... მსაჯის წყალობით, ცოტათი თითქოს სტუმრები ჯობიან, მაგრამ გოლი არ გადის და ჰა... მაგრად დგანან აქეთაც. რა ქნას ახლა მსაჯმაც, ტექნიკურობს რაც შეუძლია და იმათ მაგივრად გოლს ხომ ვერ გაიტანს.. მოკლედ, ცუდ დღეში ვართ ყველანი. მთავრდება თამაში, წუთები რჩება, ჰა, ერთი-ორი წუთიც დაამატოს ... ტრიბუნები სადაცაა აფეთქდება, ფეხზე დგას მაყურებელი. ამათ ფრეც აწყობთ, მაგრამ ხვდებიან, რომ რაღაც ვერაა ისე და ცუდის მოლოდინში არიან, ჩემსავით. ზურგი მეწვის და უკან გახედვის მეშინია. რაღაც უნდა მოხდეს ძალიან მალე, დრო აღარ რჩება, ერთი პატარა არეულობა მასპინძლების საჯარიმოში და მსაჯი ალბათ რაღაცას გააჩალიჩებს - სხვა შანსი აღარ რჩება. ჰოდა, დადო ბიჯო პენალტი, დადო ნაგლად ამ უნამუსომ... ზედ ბოლო წუთზე დადო ბიჯო და გადმოვიდა ხალხი ტრიბუნებიდან გაგიჟებული… აი იმათი სახეები უნდა გენახა... ჩემი თვალებიდან არ ამოვა ასი წელი... რის მილიცია და რის დრუჟენიკები, არ გამაცინო, ყველა საკუთარ თავს შველის ამ დროს. შენ ბრბო არ გინახავს, ბრბო რასაც ჰქვია. დაგვცხეს დაუზოგავად. სად გინდა რომ დაიმალო? გადავიფარე თავზე ხელები, ჩავღუნე თავი და გავიქეცი გასახდელისაკენ. მომხვდა ერთი, მეორე, მესამე... თავში, გვერდებში, კისერში. რატომღაც მგონია, რომ გასახდელს თუ მივაღწევ, გადარჩენილი ვარ, იქამდე მისვლაა მთავარი და მივიწევ იქით ნელ-ნელა, ვცდილობ რო არ წავიქცე და ამ დროს -აქეთ მოდი ბიძია, შენ, აქეთო -მესმის, - გამოუშვით ეგ გამოუშვით, არ ჩანს ცუდი ბიჭიო. ამოვხედე ასე ქვემოდან - ერთი ზორბა ბიძაა, სალიდნი, პიჯაკით, ჰალსტუხით ... მერე გავიგე, რაიონის სამხედრო კომისარი ყოფილა, ზედ გასახდელში შესასვლელის წინ დგას და მიქნევს ხელს. აღარავის დაურტყამს მეტი, მართლა. მივირბინე ბავშვივით გახარებულმა და გულში იმას ვფიქრობ უკვე და ვაწყობ გეგმებს, რომ მერე იქნებ სხვებსაც მივხედო როგორმე, აი, მე ხო ასპროცენტიანი გადარჩენილი ვარ რა... როგორც კი მივედი ახლოს და შევაცქერდი ასე ხბოსავით, რო მომიქნია ხელი და მრეკა - გამასწორა ჰაერში. გონზე რომ მოვედი, გასახდელის ჭერი დავინახე... იმ დღეს დამთავრდა ჩემი მსაჯობა. მეთქი, მაგის დედაც... კატეგორიაზე ვერ ვქაჩავდი, თანაშემწედ კიდევ - რა პონტია, 90 წუთი მავთულზე გაბმული ძაღლივით დარბიხარ წინ და უკან, ვიღაც პიდარასტი რაღაცას იმაიმუნებს და შენ გიბრაგუნებენ, ამ დროს კი აზრზეც არა ხარ... ჰოდა დავანებე თავი რა... უფრო რაზე მწყდება გული იცი... აი რატომ შე კაი კაცო, რატომ... რატომ, შე ოჯახაშენებულო... ეეეეჰჰ... რაც იყო - იყო. წავედი ახლა მე, წავედი დღეს უარესი პიდარასტობები ხდება, რომ იცოდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საწყენია ძალიან. ვინ არის იასონი, რა ასაკის? საწყენია ძალიან. ვინ არის იასონი, რა ასაკის?
4. დღეს შემთხვევით გავიგე რომ იასონი გარდაცვლილა. ურაკპარაკზე ხანდახან იხედება მისი და, როცა ძმა ენატრება.
ცხონდეს ამ გვერდის პატრონი. ამინ.
დღეს შემთხვევით გავიგე რომ იასონი გარდაცვლილა. ურაკპარაკზე ხანდახან იხედება მისი და, როცა ძმა ენატრება.
ცხონდეს ამ გვერდის პატრონი. ამინ.
3. მშვენიერია...კარგად ვიცინე...:)) სტადიონზე მეგონა თავი... 5
მშვენიერია...კარგად ვიცინე...:)) სტადიონზე მეგონა თავი... 5
2. მომეწონა. ხდება ასეც... 5 მომეწონა. ხდება ასეც... 5
1. მომეწონა. 5 ქულა. რეალური იყო. ცოტა მეტად წამატებული იუმორი მოუხდებოდა.
მომეწონა. 5 ქულა. რეალური იყო. ცოტა მეტად წამატებული იუმორი მოუხდებოდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|