| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: დრამატურგია 3 ნოემბერი, 2015 |
ჩაკეტილი კარის დავიდარაბა, ანუ კაცი ყველა ერთია
მელოდრამა სამ მოქმედებად
მოქმედი პირები:
რეზო- მარტოხელა მამაკაცი, 45 წლისა თიკა- მისი გასათხოვარი მეზობელი, 28 წლისა სალიტა- თიკას მეგობარი თაზო- თიკას საქმრო მაშველები, მეზობლები
მოქმედება მიმდინარეობს ერთოთახიან ბინაში.
მოქმედება პირველი
ერთოთახიანი ბინა, შეძლებისდაგვარად საზეიმოდ მოწყობილი. თიკა სარკის წინ ტრიალებს. სარაფანს იზომავს, მერე მოსასხამს ისინჯავს. . თიკა- ვაიმე, ცოტა მსუქანს ხომ არ მაჩენს? პრინციპში პროფილში ეგრეა. სალიტამ- უფრო სოლიდურად გამოიყურებიო. მართალს მეუბნება ვითომ? ისე, მთლად გამოწლიკულსაც არ მინდა დავემსგავსო. ამბობენ, კაცებს უყვართ ხორციანი ქალები, მაგრამ მალავენო. არა, თაზო მთლად ეგეთი აზიატი არ არის.თუმცა ეჭვიანობაც არ უნდა აკლდეს. ძალიანაც კარგი, კაცი რომ არ ეჭვიანობს, ის რა კაცია. მაგისი საყვარელი კერძების სია ხელთა მაქვს, ცოტახანში დავამხეცებ ყველაფერს. ესე იგი- მაგის გულზე გამავალი გზა ჩემს ხელთ იქნება. სექსოლოგთა საიტის რეკომენდაციებსაც გავითვალისწინებ- ლოგინში რომანტიულ გარემოს შევუქმნი და იდეალური ცოლი ვიქნები. მოკლედ, ამ დღესაც გადავაგორებთ როგორმე და მერე-... ტრა-ლალა-ლაა- დადგება სანუკვარი დღეც. ვაიმეე! ზარის ხმა კარზე. თიკა საჭვრეტში იმზირება. თიკა- ეს მინდოდა ეხლა მე, რამ მოახეტა ნეტა! ბრეტელებიან სარაფანზე თხელ მოსასხამს მოიცვამს და კარს აღებს. შემოდის რეზო. თიკა- მობრძანდი, მობრძანდი , რეზო! რეზო- გამარჯობა, ჩემო თიკა! ცუდ დროს ხომ არ მოვედი? თიკა- არა. არც ისე. რეზო- აბა, როგორა ხარ, მომიყევი. თიკა- მოსაყოლად ცოტა რთულია,მოკლედ თუ გინდა, ძალიან კარგად! რეზო- (სარაფანზე მისჩერებია) გეტყობა. თიკა- სარაფანზე? რეზო- რაღაც საეჭვოდ გამოპრანჭულხარ. რა ხდება, არ იტყვი? თიკა- არის მიზეზი, ჩემო კარგო! დღეს ოფიციალური ტუსოვკა გვაქვს, თაზოს ველოდები. რეზო- ა, იმ სიმპატიურსა და იმედისმომცემ ბოტანიკოსს? თიკა- ბოტანიკოსი საიდან მოიტანე, იურისტია. რეზო- რა ვიცი, სულ ყვავილებით ხელში კი ვხედავ და. თიკა- შენ რა გითხარი, რეზო! შეყვარებულ კაცს აბა რა უნდა ეჭიროს ხელში, შენი აზრით? ისე, როგორ გამოვიყურები, მართალი მითხარი, არ მომატყუო! რეზო- მაგარი ხარ-მეთქი, ხომ გითხარი. მარა, სიმართლე თუ გინდა, დედაშენი რომ იყო, ტყუილია. ის რომ ჩამოივლიდა ზევიდან, გურგენას მაღაზიის წინ, ეს ახლადშეღერილი ბიჭები ბირჟაზე სულ ჩესტზე ვუდგებოდით. მაშინ მე ყმაწვილი ვიყავი მარა იმისთანა ქალი, რა ვიცი, დღესაც თუა სადმე, არ მგონია. თიკა- არიან, არიან, მაგრამ დანახვა უნდა. იცი რა გამახსენდა, ცამეტი წლისა რომ ვიყავი, პირველად შევიჭერი „კარე” ბებიას ნაჩუქარი ფულით. სალონიდან გამოსულს მეგონა, მთელი ქუჩა მე მიყურებდა. შენც არ მომიკვდე, კაციშვილს არ შემოუხედავს. ვერც ეზოს ბიჭებიდან შეამჩნია ვინმემ. ტირილი მომინდა და ბაქანზე რომ ამოვედი, შენ შემეჩეხე. მგონი ინსტიტუტს ამთავრებდი მაშინ. დამაკვირდი და -ეს რა ლამაზი ვარცხნილობა გაგიკეთებიაო- მითხარი. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. რეზო-არ მახსოვს, მართლა? თიკა- აღარ გახსოვს, არა! მოკლედ დღეს საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ყველაფერი.რეზო- ძალიან კარგი! მერე სადაა? თიკა- ვინ, თაზო? რეზო- საზეიმო სუფრა? თუ შენც რესტორანში აპირებ. ახლა ხომ მოდაში აღარაა სახლში მიღება. თიკა- რას ამბობ, სადა მაქვს მაგის თავი! პატარა ალაფურშეტი გვექნება. მარტო დაქალებს ველოდები. რეზო- აბა მე აღარ შეგაწუხებ. რისთვის მოვედი, კი დამავიწყდა. თიკა- აბა კარგად! რეზო კარისკენ მიემართება. უცებ შემობრუნდება. რეზო- ა, გამახსენდა, ერთი შენს კარის საკეტს მინდა შევხედო, რაღაც უშნოდ იჭედება ჩემი. ამ დილას პურზე რომ გავედი, შემოვბრუნდი და ძლივს გავაღე. შენიც ხომ ისეთივეა. თიკა- კი ბატონო, შეხედე, ოღონდ მალე, სალიტა უნდა მოვიდეს, ჩემი მომავალი მეჯვარე. რეზო- ერთ წუთში, ერთ წუთში ვნახავ ყველაფერს. კართან მიდის, ჯიბიდან სახრახნისს იღებს, ჯახირობს. რეზო- ეჰ, ამ დროს რა ვუთხარი, თუარა, რად უნდა კარს საკეტი. ვინ კეტავდა ადრე კარს. თუ ჩაკეტავდა და ფეხების გასაწმენდის ქვეშ ჰქონდა გასაღები შენახული, ყველამ იცოდა. მოლასი არ იყოს, თავის მეზობელს რომ ეუბნება... თიკა- (აწყვეტინებს) რას შვრები, გაარკვიე რამე? რეზო- ეხლავე, ეხლავე ჩემო კარგო! მინდა შიგნიდან შევხედო. შენ არ ინერვიულო! ყველაფერი კარგად იქნება. თიკა ღიღინებს: „შორი გზიდან სატრფოს ველი” მერე ისევ კართან მიდის. თიკა- აბა რა ქენი? რეზო- ეშმაკი ვერ გაარკვევს ამის ამბავს. თურქული ხლამია. მოდი ერთი შენ გააღე, ჩემი გოგო! თიკა მიდის. კარს ეჯაჯგურება. თიკა- რა უქენი, ვერ ვაღებ! რეზო- მე რა უნდა მექნა, შევხედე მარტო. თიკა- შენს შეხედვამდე არაფერი სჭირდა მაგას. ახლა რა უნდა ვქნათ. რომ ვერ გავაღოთ, რა მეშველება, ვაიმე გავგიჟდები! რეზო- ნუ ნერვიულობ, მოვიფიქრებ რამეს. თიკა- (გულმოსული) რა რამეს. რეზო- ბოლობოლო არმენას დავურეკავ- პირველი სადარბაზოდან- ისაა მაგის ოსტატი. თიკა- რას ამბობ, ერთად თუ გვნახა ჩაკეტილი, თანაც ასეთ ფორმაში- ნახევრადშიშველი, ქვეყანას მოსდებს მაგისი სოფიკა. რეზო- სამაშველო სამსახური რომ გამოვიძახოთ? თიკა- კაი, რა. სკანდალი მინდა ახლა მე, თანაც როგორ დროს! (ტირის). ზარი კარზე. თიკა სამზერში იყურება. რეზოს ტუჩებზე თითით ანიშნებს- გაჩუმდიო. ზარი ისევ რეკს. ზარს ბრახუნი ცვლის.მერე მობილურის ზარიც ისმის. თიკა არ პასუხობს. პაუზა.თიკა ისევ სამზერში იყურება. თიკა- წავიდა, მადლობა ღმერთს! რეზო- ვინ იყო? თიკა- სალიტა- ჩემი დაქალი. რეზო- მერე რატომ არ გაეცი ხმა? თიკა- როგორია გაეგო, შენთან ერთად რომ ვარ ჩაკეტილი. ვინ იცის, რა კუდს არ გამოაბამდა. რეზო- ვითომ იკადრებდა მაგას? ან ვინ მოუსმენდა. 45 წელია ამ კორპუსში ვცხოვრობ, ყველა მიცნობს. ვინ დაიჯერებს ჩემზე მაგისთანას. 19 წელი ვიმუშავე პროფკავშირებში, ერთი საყვედური არ მქონია. თიკა- შენ რა გენაღვლება, ცოლი არ გაწუხებს და შვილი. ერთი მე მკითხე, ჩასაფრებული რომ მყავს ყველა. რეზო- კაი ახლა, თიკა, ვინ რა უნდა იფიქროს შენისთანა კაი გოგოზე, მოლა რომ გზავნის წყალზე ბავშვს, ხომ გახსოვს... თიკა- ნამდვილად გავგიჟდები!რამ შემოგახეტა ამ დილაადრიან? რეზო- მცოდნოდა, ასე მოხდებოდა, ვინ ოხერი... ნეტაი ფეხი მომტეხოდა და შენი ბედის ამბავში არ გავრეულიყავი... კარზე ბრახუნია. ხმა გარედან- არის მანდ ვინმე?თიკა სამზერში იყურება. თიკა- (ჩურჩულით) ვაიმე, დავიღუპე! ვიღაც ფორმიანები არიან. ვინ გააგებინებდა? რეზო- ალბათ იმან თუ დარეკა 112-ში, შენმა დაქალმა. თიკა- ვინ სთხოვა მერე. არ გავუღოთ! რეზო- რას ამბობ, მაშინ შემოამტვრევენ. თიკა- როგორ თუ შემოამტვრევენ? რეზო- ინსტრუქციით აქვთ ამის უფლება. ისევ აბრახუნებენ. ხმა გარედან- სამაშველო სამსახურიდან ვართ, გესმით ჩვენი? თიკა- დიახ, კარი ჩაგვეკეტა, პატივცემულო! თქვენ სახლის პატრონი ბრძანდებით? თიკა- დიახ. ხმა გარედან- მარტო ხართ? თიკა-დდიახ, პატივცემულო. ხმა გარედან- საკეტის მოდელის ნომერს ხომ არ გვეტყოდით? თიკა- რა მოდელს, არ მესმის! ხმა გარედან- პასპორტში იქნება, ნახეთ! თიკა- რა მოდელი, რა პასპორტი, თქვენ კარგადა ხართ? რეზო პირს აღებს, რაღაცის თქმა უნდა. თიკა ეჯაჯგურება და აჩუმებს. ხმა გარედან- მაშინ იძულებული ვიქნებით, შემოვამტვრიოთ. მერე პრეტენზიები არ იყოს. გარედან ისმის მეზობლების ჩოჩქოლი, რომელიც თანდათან ძლიერდება. მეზობლების ხმები- რა ხდება, რა გინდათ ამ კართან, თიკა, ხომ მშვიდობაა, ვინმე ხომ არ შემოგივარდა? სალიტა- თიკა, მე ვარ- სალიტა ხომ ცოცხალი ხარ, ამოიღე ხმა! თიკა- ხო სალი, აქა ვარ. უბრალოდ კარი ვერ გავაღე, ვწვალობდი. სალიტა- მობილურს რატომ არ პასუხობდი, გამისკდა გული. თიკა- წარმოგიდგენია, მაინცდამაინც ახლა დამიჯდა ჩემ ბედზე! (რეზოს ჩურჩულით) სასწრაფოდ დაიმალე, სადაცაა შემოვლენ! რეზო- დასამალი რა მაქვს! თიკა- როგორ არ გესმის, გამაგიჟებს ეს კაცი. გინდა, რომ ქვეყნის სალაპარაკო გამხადო?! რეზო სასწრაფოდ გადის. ბრახუნი გრძელდება. რეზო ბრუნდება. რეზო- გარდირობი პატარაა, თან სავსე, საწოლის ქვეშ არ შემიძლია, სული მეხუთება, ტუალეტში ხომ არ ჩავიკეტები. თიკა- გავაფრენ ეხლა, რამე მოიფიქრე, კაცი არა ხარ, საყვარელთან არასდროს შემოუსწრიათ? რეზო- როგორ გეკადრება. მაგისი კაცი..... თიკა- ვანაში შედი!რეზო გადის.
მოქმედება მეორე კარი იღება. შემოდის სალიტა ხელში ტორტით, მას მაშველები მოჰყვებიან. სალიტა- რა გჭირს, გოგო, გადამრიე მე შენ. გაგონილა ამ დროს კარის ჩაკეტვა? თიკა- არ იცი ჩემი ბედის ამბავი! სალიტა- აუ, რა დაბდურა ხარ, გოგო! მაინც როგორ მოგივიდა, მოყევი ახლა! თიკა- ამ ბოლო დროს რაღაც იჭედებოდა და ყურადღება არ მიმიქცევია. დღეს პურზე რომ ჩავედი, უკან მობრუნებულმა ძლივს გავაღე. რო მოვხურე, ეტყობა, საბოლოოდ გაიჭედა. ბედი არ გინდა! კარებში დიდი თაიგული გამოჩნდება, შემდეგ თაზოც. თაზო- რა ხდება, ხომ მშვიდობაა? (იქაურობას ეჭვით ათვალიერებს). პირველი მაშველი- გამოძახება გვქონდა თერთმეტსა და ათზე, კარის საკეტია დაზიანებული, ბატონო. მე მგონი, ატვიორკითაა ნაწვალები. მეორე მაშველი- გახსნას ცდილობდა ვიღაც. პირველი მაშველი- ეს ქალიშვილი იყო ჩაკეტილი. მაგისი ნებართვით გავხსენით. თიკა- ხო, თაზო, კარი ჩამეკეტა და სალიტამ სამაშველო სამსახური გამოიძახა. ძალიან შემეშინდა. თაზო- როგორ მოხდა ეს ყველაფერი? თიკა- აქამდე არაფერი ეტყობოდა, დღეს მეზობელი შემოვიდა, კარი გაიჯახუნა და ვეღარ გავაღე. ძალიან შეგვეშინდა. თაზო- როგორ თუ შეგეშინდათ, განა მარტო არ იყავი? თიკა- მე და მეზობელს. თაზო- კი, მარა, აკი გავიდაო. თიკა- მე შიგნით, იმას კი გარეთ შეგვეშინდა. თაზო- მერე ატვიორკით რას წვალობდი. თიკა- რა ატვიორკით?თაზო- ატვიორკით გიწვალებია- ასე არ თქვეს? თიკა- ხო. ატვიორკა ის არ არის... დანასავით წვერი რომ აქვს, ოღონდ გადაჭრილი. ისე ვარ დაბნეული, ჯერაც არ მოვსულვარ გონზე.
თაზო- მერე,მაშინვე ვერ გადმომირეკე. თიკა- რა ვიცი, ვერ მოვისაზრე. პირველი მაშველი- (თიკას) თქვენ ბრძანდებით ამ სახლის მეპატრონე? თიკა- დიახ. მაშველი- სამწუხაროდ საკეტი უარგისია, არ უნდა გაგეხსნათ. მოკლედ, გამოცვლა მოგიწევთ. მოდით, ხელი მოგვიწერეთ ამ საბუთზე. თიკა ხელს აწერს. მეორე მაშველი- კარგად ბრძანდებოდეთ! მაშველები გადიან. თიკა სტუმრებს ოთახში შეუძღვება, სადაც მაგიდაა გაშლილი. თიკა თაზოს ყვავილებს ჩამოართმევს. თიკა- რა საყვარლებია, ვერც კი შევამჩნიე! ეტყობა, გრძნობენ, ნახე, როგორ მოიწყინეს!(ყვავილებს ვაზაში დებს). თაზო- არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება! უარესიც ხდება. არ ღირს ამაზე. სალიტა- (ტორტს მაგიდაზე დებს). შენ ესა ნახე, რა ფანტასტიურია! „მადაში” შევუკვეთე. ცოტა ადრე კი მოგვივიდა მოსვლა, მაგრამ არაფერია. დაველოდოთ გოგოებს. რომელზე დაიბარე? თიკა-ექვსისთვის. მოვასწრებთ? ჯერაც ვერ მოვსულვარ გონზე. სალიტა- კაი, რა, შენც რას ნერვიულობ, დაიკიდე! ვის არ ჩაკეტვია კარი, მთავარია, ბედის კარი არ ჩაგეკეტოს. ასე არაა, თაზო? თაზო- ეს უკვე ჩვენს ხელთაა. სალიტა- აბა, მოწყენილი სიფათები არ ვნახო მე დღეს! თაზო ხელებზე იყურება. თაზო- ნახე, როგორ გადადის თურმე ამ ყვავილების ფერი. ხელი სად შეიძლება გადავიბანო? თიკა- იცი, აბაზანის ონკანი დაზიანებული მაქვს, სამწუხაროდ შეკეთება ვერ მოვასწარი, ხელოსანმა გადამაგდო, არ მოვიდა. მაგრამ არაფერია, სამზარეულოში გადაგაბანინებ. თაზო- მერე მე ვერ მითხარი, რად გინდოდა ხელოსანი? თიკა- რა ვიცი, მომერიდა. თაზო- წამო მაჩვენე, რა სჭირს. თიკა- არავითარ შემთხვევაში, ახლა ამისი დრო არ არის. არ მინდა ზეიმი ჩავიშხამოთ. სალიტა- სწორს ამბობს ეს ადამიანი, რა დროს სანტექნიკაა. მობრძანდით, დაბრძანდით. ეს ყვავილები წინ დაიდგით. დღეს მე ვიქნები თქვენი ლაქია ლივრეის გარეშე.. მეფე-დედოფალი ტყუილად ხომ არ შეარქვა ხალხმა სიძე-პატარძალს. ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო ეს. სალიტა თაზოს და თიკას მაგიდასთან სვამს, თითონ სამზარეულოში გადის. იქიდან მისი ღიღინის ხმა ისმის. თიკა-რა გიჟურად დაიწყო ეს დღე. თაზო- ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. თიკა- დამთავრდა კი? თაზო- ყოველთვის პოზიტივზე უნდა იფიქრო, უარყოფით შემთხვევაში თავად იქმნი უარყოფით გარემოს. თიკა- მართალია, გარემო ჩვენ უნდა შევქმნათ. თაზო- ყოველთვის ვოცნებობდი წმინდა ქართული ოჯახის შექმნაზე. ერთგულ ცოლზე, რომელსაც ყველგან შეიძლება ენდო. ახლა ვგრძნობ, რა ახლოა ამ ოცნების ასრულება. თაზო ხელს ხვევს. თიკა მიეყრდნობა. მოულოდნელად შემოიხედავს სალიტა. სალიტა- კოქტეილი რომელ ჭიქებში ჩავასხა? თიკა- (უკმაყოფილოდ) რომელშიც შენ გინდა. სალიტა- ბოდიში, ბოდიში! (გადის). თაზო- ქალისთვის ოჯახია მთავარი და არა საზოგადოებრივი მდგომარეობა. თიკა- და კაცისთვის არაა მთავარი? თაზო- კაცისთვისაც, მაგრამ ოჯახი მაინც ქალის ასპარეზია. მე შენს საოჯახო საქმეებში არასოდეს ჩავერევი. თიკა- რატომაც არა, ჯობია ერთად გადავწყვიტოთ ყველაფერი. თაზო- ასე მგონია, ცხოვრება ბედნიერებას Yთავად გვთავაზობს ლანგრით. თაზო თმაზე ეფერება თიკას. მოულოდნელად სალიტა შემოიხედავს. სალიტა- ვერცხლისფერი ლანგარი სადაა, ვერ ვიპოვე! თიკა- (უკმაყოფილოდ) განჯინაში იქნება, ნახე! სალიტა- ბოდიში, ბოდიში! (გადის) თიკა- რა საყვარელი ხარ, თაზო. ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობ შენს სიახლოვეს. თითქოს აქამდე მიუსაფარი ვიყავი და შენს ფრთებს შევეფარე. თაზო- ჩემი უმწეო ბარტყი! მეც ისეთი განცდა მაქვს, მწყურვალს რომ ეუფლება წყაროსთან. თაზო მის ხელს იღებს. შემოდის შეშფოთებული სალიტა. სალიტა- წყალი შეწყდა, სააბაზანოში მინდოდა შესვლა, წყლის სარეზერვო ბაკი იქ მეგულებოდა და კარი დაკეტილი დამიხვდა. თიკა- დაკეტილი? შეუძლებელია! სალიტა- დაკეტილია, თანაც მგონი შიგნიდან. თიკა- გაგიჟდი! დღეს რაღაც ჩემ კარებებს ჯადო სჭირთ. თაზო წამოდგება და სააბაზანოს კარისკენ გაემართება. თიკა წინ გადაუდგება. თიკა- არა თაზო, მართლა რამე ჯადო არ იყოს! თაზო კარს აწვება. თაზო- შენ რა, ჯადოების გჯერა? მე მგონი, ჯადო არაფერშუაშია, უბრალოდ შიგნიდანაა ჩაკეტილი. აბრახუნებს. მერე წიხლს არტყამს. თიკა- ნუთუ ვინმე შეიპარა? ნამდვილად გავგიჟდები! სალიტა- ხელოსანს ველოდიო და ის ხომ არ იქნება! თაზო- ხელოსანი რატომ ჩაიკეტებოდა? რაღაც სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული. სალიტა- მაშინ, ერთადერთი ვარიანტი რჩება- ქურდია შეპარული და რომ შევამჩნიეთ, ჩაიკეტა. პატრულს უნდა გამოვუძახოთ. თიკა- რას ამბობ, რა საჭიროა. სალიტა- აბა რა ვქნათ?! რეზო- (შიგნიდან) არ გინდათ, ხალხო, ეხლავე აგიხსნით ყველაფერს! კარი იღება. გამოდის რეზო. რეზო- შინაური კაცი ვარ, მეზობელი. 45 წელია ამ კორპუსში ვცხოვრობ, ყველა მიცნობს. სამეზობლოდ შემოვედი. კარის ნახვა მინდოდა. თაზო- კარის? მერე მანდ რას იმალებოდი, გამაგებინე?! რეზო- შეგვეშინდა მე და თიკას, უფრო სწორად თიკას შეეშინდა, თუ არა, მე რა მაქვს საშიში- ცოლი არ მაწუხებს და შვილი. მოლასი არ იყოს... სალიტა- რაებს ბოდავს ეს კაცი! თაზო- ყველაფერი გასაგებია. შენც ასე არ თქვი- შეგვეშინდაო. თიკა- მოიცა თაზო, მე აგიხსნით ყველაფერს. ამ დილით შემოვიდა ჩემთან.ვსაუბრობდით. უცებ კარი ჩაგვეკეტა. ვერაფერი მოვიფიქრეთ. მერე ვანის საკეტს შევხედავო და აქ შემოვიდა... თაზო- არ არის საჭირო! აი, რატომ არ მიშვებდი სააბაზანოში. ყველაფერი გასაგებია! სალიტა- ეხლა ამის გარჩევის დრო არ არის, ხალხს ველოდებით. ურთიერთ ნდობას გავუფრთხილდეთ. ხვალ, მშვიდ გონებაზე გავარკვიოთ ყველაფერი. რეზო- ასე, ბატონო, ახალგაზრდები ხართ, გაუგებთ ერთმანეთს. ვინ თქვა ჩემი ქურდობა, ყველა მიცნობს ამ კორპუსში. 20 წელი პროფკავშირებში ვმუშაობდი, ერთი საყვედური არ მქონია. რა შემიყვანდა ამ ოხრობაში, ჩემ საყვარელ თიკას რომ არ ეთხოვა. სალიტა- ვანაში საკეტის მექანიზმს აკვირდებოდით, ეტყობა. რეზო- არა, ბატონო! ბავშვური სისულელე იყო და მეც ავყევი, ეს დროული კაცი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა. თაზო- გააჩნია ვისთვის. თიკა- (ტირილით) გეფიცები თაზო!, ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ. ნუთუ ამაზე მეტად არ მენდობი? თაზო- ამაო ცრემლებია. თურმე ერთი წელი საკმარისი არ ყოფილა ადამიანის გასაცნობად. როგორ ველოდი ამ დღეს და რა დამხვდა- თურქული სერიალის სიუჟეტი, უნიჭოდ შეფუთული. თიკა- არა გცხვენია, თაზო, ამას რას ფიქრობ ჩემზე? თაზო- აზრზე ხართ, კიდევ მე უნდა მცხვენოდეს თურმე! სალიტა- მოიცათ ხალხო, დამშვიდდით და ისე ჩამოვყალიბდეთ! თაზო- უჩემოდ ჩამოყალიბდით. მე ამ სცენარიდან გავდივარ! თაზო კარისკენ მიემართება. თიკა- თაზო, მოიცა.გეფიცები, მე მართალი ვარ შენთან! (ხმა უწყდება). თაზო გადის.,
მოქმედება მესამე თიკა, სალიტა და რეზო თიკა- მორჩა, ყველაფერი დამთავრდა! ამდენი ხნის ნალოლიავები გრძნობა ერთი ხელისმოსმით გადააგდო სანაგვეში. (ტირის. ყვავილებს დაავლებს ხელს და გადაყრას უპირებს. სალიტა ხელში წვდება). სალიტა- კარგი რა, რას შვრები. არ გავარტყი ეგეთ გოიმ კაცს. ეს ვინ ყოფილა! კიდევ კარგი, დროზე გამოამჟღავნა თავი. ეგეთზე გული არც უნდა დაგწყდეს. თიკა- როგორ არ გესმის, ერთი წელი და ერთი თვე დავდიოდით, მთელმა ქვეყანამ იცოდა. ეხლა როგორ უნდა ავუხსნა ხალხს?! სალიტა- მეც როგორ დებილივით წამოვაყრანტალე! შენც კიდე, თუ კაცი გყავდა დამალული, ვერ გამაფრთხილე! შენც კაი ბოთე ხარ! თიკა- ჯერ ერთი- როდის უნდა მეთქვა, ძალიან მაინტერესებს. მეორეც- საქმე სულ სხვანაირად იყო. კარი შემთხვევით ჩაგვეკეტა. რა არის ამაში დაუჯერებელი. სალიტა- ხოდა, ჩაკეტვამდე რა ხდებოდა, ისაა მთავარი. ან ხმას რატომ არ მცემდი, რომ გამიხეთქე გული? თიკა- მაგისი თავი მქონდა. კარგი რა, შენ მაინც ნუ მიშლი ნერვებს! რეზო- მოიცა, იქნებ მოვიფიქროთ რამე! თიკა- ერთხელ ხომ უკვე მოიფიქრე, გეყოფა. ეს რა უბედური დღე გათენდა. მაინც რა ფეხზე შემოხვედი! რეზო- მე რა შუაში ვარ! დრო გავა, გადაუვლის. მე თვითონ დაველაპარაკები. კაცურად ავუხსნი ყველაფერს. სალიტა- უი, ოღონდ თქვენ არა! თიკა- ექვსზე გოგოები უნდა მოვიდნენ. რა გავაკეთო? ღმერთო, რატომ გავჩნდი! სალიტა- მოიცა, გოგოებს თაზო თუ უნახავთ სახეზე? თიკა- არა, მერე რა არის? სალიტა- იქნებ სხვა დაგვეხვედრებინა ვინმე. თიკა- შენ ჭკუაზე ხარ? სალიტა- დროებით ვამბობ, სანამ გაიასნდება რამე. გიასთან რომ დაგერეკა? იქნებ აღგედგინათ ურთიერთობა. ამბობენ, საკრებულოში გაჩითულა თურმე. თიკა- გაგიჟდი, იფიქრებს, თანამდებობას გამოეკიდაო. თანაც რა მოვასწრო ექვსამდე. სალიტა- ის რო იყო, სათვალეებიანი მასტი- დიპლომატი, როგორ ევასებოდი! თიკა- ეგ ხომ საზღვარგარეთაა რახანია. სალიტა- აბა არ ყოფილა საშველი და ეგ არის, დედაც ვატირე მაგათი! რეზო- გამოსავალი იქნება რამე. მოლასი არ იყოს. თიკა- ჯერ მარტო ის კოსტუმი რამდენი დამიჯდა, ვალი აქამდე არ გადამიხდია. სალიტა- მოიცა, თაზოსთვის რომ შეაკერინე, იმაზე ამბობ, ხომ არ მიგიცია? თიკა- არა, სწორედ დღეს ვაპირებდი გადაცემას, მაგრამ დამცალდა?! (იცრემლება). სალიტა- ხოდა, ძალიანაც კარგი! სადა გაქვს? თიკა- სად იქნება, გარდირობშია, რად გინდა? სალიტა- გამოიტანე ერთი, გამოიტანე! თიკა- დამანებე თავი, მაგისი არაფერი დამანახო! სალიტას გარდირობიდან პიჯაკი გამოაქვს, ათვალიერებს მერე რეზოს მხრებზე წამოასხამს, თმებს გადაუწევს, საყელოს უსწორებს. რეზო გაოცებული მისჩერებია. სალიტა- ა, კაცი. ასე ზუსტად თაზოსაც არ ექნებოდა მორგებული. ცოტა ულვაშების შელევა მოუწევს, ასაკიანს აჩენს. ღმერთმა ეს კაცი გამოგიგზავნა და ვერ ხვდები. (იცინის, მერე გადაყრილ ყვავილებს კრეფს და ისევ ვაზაში აწყობს). თიკა- კარგი რა, შენ გეცინება და... სალიტა- დაივიწყე რა ეს გოიმური აზრები. სიყვარული, ოჯახი, ერთგულება- ეს ყველაფერი კაცებმა მოგვახვიეს თავს, უკეთ რომ დაგვიმორჩილონ, თვითონ კი არაფერი სწამთ. კაცი ყველა ერთია, ჩემო კარგო, მარტო სახელები აქვთ სხვადასხვა. შვილის გასაჩენად ეგენიც რომ არ იყვნენ საჭირო, ვინ ოხერს გაახსენდებოდა ნეტავი. რეზო- (მორცხვად) არც მთლად მასეა საქმე. სალიტა- რეზო-ბატონო, ხომ არ წუნობ ჩვენს საპატარძლოს? როგორც გაუფუჭე საქმე, ისე გამოუსწორე. ნახე, რა მარწყვივითაა! რეზო- შენ ხუმრობ, მარა ამის დედა რომ ჩამოივლიდა 61-ე სკოლის წინ, მაშინ ჯერ უწვერული ყმაწვილი ვიყავი, მარა, მაძაგძაგებდა ტანში. ესეც სულ იმისი ალი-კვალია. სალიტა- აჰა, ხომ ვამბობდი. (იცინის) ირიბ ტრფიალს ჰქონია ადგილი. ჯერ სადა ხართ! რეზო- (თიკას) შენ გგონია, მართლა არ მახსოვდა ის ამბავი შენს მაკიაჟზე?! ისე გულნაკლული ამოდიოდი კიბეზე გული მომეწურა. სალიტა- აქ საქმეები იჩითება, მტრისას! ამ წუთში ესაა გამოსავალი დროებით და ხვალ თავად დრო გვიჩვენებს. რეზო- (გაუბედავად) კი მარა, რატომ დროებით? სალიტა- უი, მიშველეთ ვინცხამ! (სიცილით კვდება) სახელი თუ იციან გოგოებმა თაზოსი? თიკა- რა ვიცი, ალბათ ეცოდინებათ. სულ მაგისი სახელის ხსენებაში არ ვიყავი. სალიტა- (რეზოს) ხოდა, დღეს შენ გერქმევა თაზო, გაიგე? რეზო- მე მშვენიერი ნათლობის სახელი მაქვს. ახლა საფლავში ნუ გადამიტრიალებთ თენგო ნათლიას. რეკავს თიკას მობილური. თიკა დახედავს და აიმრიზება, არ იღებს. სალიტა- ვინ გირეკავს? თიკა- ხათუნაა. სალიტა- უპასუხე მერე, აზრზე ხარ, რას შვრები! თიკა- ხო ხათო... ძალიან კარგად... აბა რა... რას? ხო ვერ მოვუსწარი, სამზარეულოში ვიყავი, ხო აზრზე ხარ, რა ფორიაქი მექნება... რა თქმა უნდა, რეზოც აქ არის... ბატონო? თაზო პასპორტით ჰქვია, ჩვენ- შინაურები სიყვარულით რეზოს ვეძახით... აბა, გელოდებით! 2015, XI
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სალიტა ჭკვიანი გოგოა...:) მოკითხვა ავტორს...:-* სალიტა ჭკვიანი გოგოა...:) მოკითხვა ავტორს...:-*
2. მართლაც მსუბუქი იუმორი იყო :) ცოტა შიგადაშიგ ჩართული ცხოვრებისეული დასაფიქრებლებით
ისე, სიმართლე ვთქვა ამ ავტორისგან უკეთესს ველოდი
ის ანეკდოტი გამახსენდა ახლა რომ გითხრა ტრამვაის ველოდები, ვიცი არ დამიჯერებო :)))
მართლაც მსუბუქი იუმორი იყო :) ცოტა შიგადაშიგ ჩართული ცხოვრებისეული დასაფიქრებლებით
ისე, სიმართლე ვთქვა ამ ავტორისგან უკეთესს ველოდი
ის ანეკდოტი გამახსენდა ახლა რომ გითხრა ტრამვაის ველოდები, ვიცი არ დამიჯერებო :)))
1. მსუბუქი და სახალისო :)
მსუბუქი და სახალისო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|