| ავტორი: მურად ჟანრი: პროზა 18 ნოემბერი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მურად ბეი მთელი ღამე თავის სამუშაო ოთახში იჯდა, ბიბლიოთეკაში ფოლიანტებსა და ჩამოტანილ წიგნებს აწესრიგებდა. ერთი თვეა რაც მძიმე ლაშქობიდან დაბრუნდა და ამ საქმისათვის ვერა და ვერ მოიცალა. ლაშქრობა მთელი ორი თვე გაგრძელდა, მძიმე ბრძოლები გადაიხადეს და ბოლოს გამარჯვებულები, უკან მდიდარი ნაალაფარით დაბრუნდნენ. კაიროში დაბრუნების შემდეგ მურადს სულთან ნასირ ნასირ ად დინის სასახლეში ყოფნა უწევდა. სულთანმა გამარჯვება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა და ყველა თავისი ამირა და მისი კარის მოხელე მოიწვია. მურადი ამ მუდმივი მიღებებითაც დაიღალა. როგორც იქნა დრო მოიხელთა, სულთანს რამდენიმე დღე სთხოვა და დასასვენებლად თავის მამულში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდგარ ციხე-კოშკში ჩავიდა. საქმეს რომ მორჩა დილის ბინდ-ბუნდი იყო. ღია ფანჯარასთან დადგა და ზღვიდან მონაბერი ჰაერი შეისუნთქა. ზღვის ნიავმა მის სმენამდე ქნარის შორეული, სასიამოვნო ხმა მოიტანა, რომელსაც ზღვის ტალღების ხმა შეენაცვლა. მურადი წამოწვა, მაგრამ რატომღაც ძილი არ ეკარებოდა, რაღაც აფორიაქებული იყო. გადაწყიტა ზღის სანაპიროზე გაესეირნა. უფრო სწორედ წყაროსთან ჩასულიყო, რომლის რაკრაკიც, შერეული ზღვის ტალღების ნაზ დგაფუნთან, ყოველთვის ამშვიდებდა. სანაპიროს ეს მხარე და წყარო მურად ბეის საყვარელი ადგილი იყო. წყარო კონცხის ძირას გადმოსჩქეფდა, გზას წყლის ხავსებსა და ნაპირზე უხვად მზარდ გვიმრემში მიიკვლევდა და ზღვას უერთდებოდა. ვიღაცის ხელს ეს ადგილი მოეწესრიგებინა, ქოლგად გაშლილი მაგნოლიის ხის ძირში ხის მორებისაგან შეკრული საკმაოდ მოზრდილი დაბალი მაგიდა დაედგა და გადაჭრილი მორები სკამებად დაელაგებინა. აქვე, ზღვაში, რამდენიმე, სხვადასხვა ზომის, პატარა კლდოვანი ბორცვი, ზღვის ზედაპირიდან ზღაპრული გველეშაპივით ამოწეულიყო და ზღვის მხრიდან სანაპიროს ფარავდა. დილაადრიან, ან გვიან საღამოს, მურადი აქ ხშირად ჩამოდიოდა, ზღვის პირას დასეირნობდა, წყაროსთან მიდიოდა, პირს იგრილებდა და მერე კლდეში გამოკვეთილ საფეხურებს კვლავ ზევით, სასახლისკენ აუყვებოდა. ახლაც წამოდგა, შიშველ ტანზე ხალათი მოიხურა და წყაროსაკენ მიმავალ კიბეებს ჩაუყვა. წყაროსთან ჩაიმუხლა, ცივი წყალი სახესა და განიერ მხრებზე შეისხა და წელში გასწორდა. მოეჩვენა რომ ზღვიდან ნიავს რაღაც საკრავის ნაზი ხმა მოჰქონდა, სმენა დაძაბა, სანაპიროსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ხმა უფრო გარკვევით გაიგონა, საკრავზე რაღაც ტკბილ, წყნარ მელოდიას უკრავდნენ, რომელსაც მოჰყვებოდა ხავერდოვანი, მელოდიური ხმა. სიტყვებს ვერ არჩევდა, მაგრამ სიმღერა იყო სევდიანი, გულშიჩამწვდომი და კაეშნით სავსე. ეს ხმა იზიდავდა და მთვარეულივით ზღვის ნაპირისაკენ მიჰყავდა. ზღვას მიუახლოვდა, წინ გაიხედა და გაშეშდა. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს, უფრო სწორად ბუნდოვნად ახსოვს, უმშვენიერესი სიზმარივით. ზღვაში ჩაწოლილ კლდის პირზე იჯდა ზღაპრული არსება, მშვენიერი ფერია, თუ ქალთევზა, რომელიც ქნარზე უკრავდა და წყნარად მღეროდა. ალისფერი თმა ტალღებად ეშვებოდა და მჯდომარეს თითქმის მთლიანად ფარავდა. დილის ბინდ-ბუნდი და მის ალისფერ გაშლილ თმებში ამომავალი მზის სხივის ციალი, ამ სურათს კიდევ უფრო ფანტასტიურს ხდიდა. შემდეგ ეს არსება წამოდგა, კლდის ქიმზე წამოიმართა, ფეხის წვერებზე აიწია, წელში გაიზნიქა, ხელები მაღლა აღმართა, თითქოს გაფრენას აპირებსო და ზღვაში გადაეშვა. მურადი მონუსხულივით იდგა, ვერც ხმას იღებდა და ვერც ინძრეოდა, თითქოს დამბლა დაეცაო. ცოტა ხანში ეს სირინოზი ზღვის ტალღებიდან წამოიმართა და ნაპირისკენ წამოვიდა. თეთრი ტილოს თხელი შარვალი და მოკლე პერანგი მის ნაქანდაკებ სხეულს მჭიდროდ შემოკვროდა, სველი თმიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. სირინოზი ნაპიროზე ამოვიდა, შეჩერდა, თმა ბროლის თითებში მოიქცია, გაწურა, თავის მკვეთრი მოქნევით მხრებზე გაშალა, შემოტრიალდა და ეხლაღა შენიშნა ქვის ქანდაკივით გაშეშებული მამაკაცი, რომელიც მისტიური შიშითა და აღფრთოვანებით უყურებდა. ქალღმერთი ჯერ შეკრთა, შემდეგ გასწორდა, თვალი თვალში გაუყარა და თანდათან მიუახლოვდა. მისი მომნუსხველი მზერისგან მურადს ქუთუთოები დაუმძიმდა, თვალები დაეხუჭა და ბურანში ჩაიძირა. რამდენ ხანს იყო ამ მდგომარეობაში არ ახსოვს. უბრალოდ კეფაში იგრძნო მზერა და თითქოს რაღაც ხმამ უბრძანა თვალი გაეხილა. გონს რომ მოვიდა თითქმის აღარაფერი ახსოვდა და ალბათ კარგად ვერც გაიხსენებდა, ფეხებთან გამჭვირვალე, საუცხოოდ ნაქსოვი, აბლაბუდასავით ნაზი იისფერი თავშალი რომ არ დაენახა, დაიხარა და როცა ის ხელში აიღო, თითქოს რაღაცამ ელვასავით დაჰკრა და ნანახი მის მეხსიერებაში გაანათა. ნანახის დაჯერება კი მისთვის მაინც შეუძლებელი იყო. ვერ გაეგო, ეს მოელანდა, თუ ცოცხალ სიზმრად ნახა. საწინააღმდეგოს მხოლოდ ხელში ჩაბღუჯული არაჩვეულებრივი მანდილი უმტკიცებდა, ისეთი ჰაეროვანი, რომ მის მუჭში მთლიანად ეტეოდა. მურადი ბარბაცით აუყვა კიბეებს, შევიდა საწოლ ოთახში, ტახტზე დავარდა და მკვდარივით დაიძინა. როცა გაიღვიძა საღამოვდებოდა, უცბად ვერც გაიხსენა სად იყო. ნელ-ნელა აღიდგინა, რომ სალაშქრო კარავში კი არა, თავის ზღვისპირა კოშკში იწვა. თავისი ოთახი შეათვალიერა, თითქოს რაღაც შეცვლილიყო მაგრამ რა, არ იცოდა. საწოლში წამოჯდა, ხელში რაღაც ეჭირა, მუჭი გაშალა, დახედა და გულში ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს ხანჯალი ჩასცესო. მისმა ერთგულმა მეაბჯრემ კარებში შეწუხებულმა შემოიხედა. -რა იყო მაჰმუდ, რამე მოხდა? თუ მოვიდა ვინმე? -არა აღა ბეი, მთელი დღეა არც გამოსულხართ, არც არაფერი გიჭამიათ და რამდენიც შემოვიხედე გძინავთ. - ყველანი ძალიან შევწუხდით, გუშინ გვიან დაბრუნდით სანაპიროდან და პუჯა წუხს ჩვენი საყვარელი ბატონი ზღვის ალქაჯმა ხომ არ გათვალაო. -რომელმა ალქაჯმა? -აი ჩვენს სანაპიროზე დროდადრო რომ ჩნდება და მეთევზეებს აჯადოებს. მასთან შეხვედრის შემდეგ ისინი რამდენიმე დღე გონდაკარგული დადიან და ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვთ. -რა სისულელეა, საიდან მოიტანეთ ეს ზღაპრები, -შეუწყრა მურადი, თუმცა რაღაც ენიშნა. წამოდგა, უგემურად ივახშმა და თავის კაბინეტში განმარტოვდა. არაფრის თავი არ ჰქონდა, ღია ფანჯარასთან დადგა და ზღვის უკიდეგანო სივრცეს, ჩამავალ მზეს წითლად რომ შეეღება, უაზროდ გასცქეროდა. უცებ ფანჯარაში შემოჭრილმა ნიავმა ქნარის ხმა მოიტანა, მურადს შეაჟრჟოლა, ოთახიდან გავარდა, კიბეები ჩაირბინა და ზღვის სანაპიროზე გაიჭრა. გარშემო სულიერი არ ჭაჭანებდა და არც ქნარის ხმა ისმოდა. მურადი დიდხანს იდგა გარინდებული, მომეჩვენაო გაიფიქრა. შემდეგ გონს მოეგო, ტანთ გაიხადა, ზღვაში გადაეშვა და გაცურა. გრილმა წყალმა ცოტათი გამოაფხიზლა. კარგა ხნის ცურვის შემდეგ ნაპირზე დაღლილი ამოვიდა და ეს ჰერკულესივით ათლეტი კაცი, რომელიც რკინის კუნთებისაგან იყო აწყობილი და დაღლა რა იყო არ იცოდა, ქვიშაზე მოცელილივით დაეცა. თვითონაც ვერ გაერკვია რა ემართებოდა. ნამდვილად მომაჯადოვეს! გაჰკრა ფიქრმა და უმალვე წარმოუდგა ის ფერია, თუმცა არა! მხოლოდ ალისფერი თმა, ოქროსფერი რომ გადაჰკრავდა და უცნაური, იისფერი, ტბასავით უძირო თვალები, რომლებიც თანდათან დიდდებოდა და რომელშიც ის მთლიანად იძირებოდა, არა, კი არ იძირებოდა, არამედ იხრჩობოდა და ვეღარ სუნთქავდა. ფიქრებიდან გამოერკვა და შეშინებულმა ღრმად ჩაისუნთქა, მართლაც იგუდებოდა. წამოდგა, კიბეები ძლივს აათავა და საწოლს მიაღწია. მეორე დღეს მურად ბეი დილით ადრე წამოდგა, სასწრაფოდ ისაუზმა და თავის ციხისთავთან ერთად ციხე კოშკის მეორე დამცავი გალავნის, რომელიც შედარებით დაბალი იყო და უფრო დიდ სივრცეს საზღვრავდა, დასათვალიერებლად გავიდა. მისი სასახლე, ზღვაში შეჭრილი ასე ასი მეტრი სიმაღლის, პატარა კონცხის წვერზე იყო აშენებული. სამივე მხიდან მიუვალი კლდე, მხოლოდ ერთი მხრიდან მისასვლელი გზა, გალავნის გარედან შემოვლებული თხრილით და ზედ ხიდით, სასახლეს საკმაოდ მიუვალს და ბუნებრივი ზღუდეებით დაცულს ხდიდა. გალავნის შიდა ეზოში პატარა ციხე-კოშკი, კომფორტული სასახლე, მსახურთა შენობა და საჯინიბო იდგა, აქვე პატარა ბაღი იყო გაშენებული, რომელშიც ხეების ჩრდილი და ვარდების ფანჩატური მოჩუხჩუხე შადრევანთან ერთად, მშვენიერ, გრილ, დასასვენებელ ადგილს ქმნიდა. მთელი გალავანი მოიარა, ჩაინიშნა დაზიანების ადგილები, მათ შესაკეთებლად განკარგულებებები გასცა და პატარა ნავმისადგომისკენ დაეშვა, სადაც მისი პატარა, მკვიდრად ნაგები ფელუკა იდგა, რომლითაც თავისუფლად შეიძლებოდა ზღვაში შესვლა, თევზაობა და ნაპირის გასწვრივ მოგზაურობა. აქაც ზღვის ტალღებს მისადგომი დაეზიანებინა, რაც დაუყოვნებლივ შეკეთებას მოითხოვდა. აქ მდგომ მცველებს შეეხმიანა. ისინი ზღვისპირა ქიმზე იდგნენ და ზღვის სივრცეს დაძაბული ყურადღებით ათვალიერებდნენ. მურადმაც გახედა ზღვას და ჩაეკითხა: -მანდ რას დაეძებთ? -სირინოზს, -რაა? რომელ სირინოზს? -რამდენიმე წელია, პერიოდულად ამ მიდამოებში ჩნდება, ამბობენ მომაჯადოებელი სიმღერით მეზღვაურებს ზღვაში იტყუებს და მიჰყავსო. გუშინაც გამოჩენილა. -ეს სისულელე ვინ გითხრათ? -მეთევზეებმა, საკუთარი თვალით ნახეს, ზღვის ტალღებში არაჩვეულებრივი სისწრაფით დაჰქროდა და ისე იცინოდა, თითქოს ვერცხლის წკრიალა ზარები ერთდროულად ჩამოჰკრესო, შემდეგ გაუჩინარდა. -ალბათ დიდი თევზი, რომელიც გადაღლილებს სირინოზად მოეჩვენათ? - რატომ? გუშინ ღამით საკუთარი ყურით გავიგონეთ არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც ზღვისპირა კლდეებიდან მოდიოდა, ხმას გავყევით, მაგრამ სიმღერა შეწყდა და მართალია ვერაფერი დავინახეთ, მაგრამ წყლის დგაფუნის ხმა გავიგონეთ, ნამდვილად სირინოზი იქნებოდა. ეტყობა ისევ ჩვენს ნაპირებთან დაცურავს. -ზღვაში უაზროდ ყურებას, გირჩევნიათ საქმეს მიხედოთ-ალმაცერად გადახედა მურადმა მცველებს და სასახლეში დაბრუნდა. დაბრუნებულმა ისადილა, ტახტზე წამოწვა და დაღლილს მაშინვე ჩაეძინა. როცა გაიღვიძა უკვე საღამო იყო. უბრძანა შანდალი შემოეტანათ და ბაქრი ბეის ჯანმრთელობა მოიკითხა. მაგრამ სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ მისი ასაკისათვის შეუფერებელი სისხარტით, დარბაზში თეთრ თმა-წვერში გახვეული კაფანდარა მოხუცი შემოქანდა, რომელსაც ტანთ სხვადასხვა წამლებისგან დასვრილი, ნაირფერ ლაქებიანი და ზოდიაქოს ნიშნებიანი, გრძელი ბალახონი ემოსა. ბაქრი ბეი მურადთან მიიჭრა და მამაშვილურად გადაეხვია. -მიხარია შენი შინ მშვიდობით და უვნებლად დაბრუნება,- სიყვარულით მოიკითხა სწავლულმა. -ისე ერთი პატარა ჭრილობა, შენთვის სახლში ყოფნა რომ აეძულებინა, ნამდვილად არ გაწყენდა და ჩვენც შენი აქ ყოფნით გავიხარებდით. ძალიან გამოვყრუვდი, აქ წესიერად ვერავისთან ისაუბრებ, -დაიწუწუნა მოხუცმა. მურადს გაეღიმა. მას უყვარდა ეს ასტროლოგიით და ალქიმიით გატაცებული, ენციკლოპედიური განათლების მქონე მოხუცი, რომელსაც ყველა მისი ღრმა განსწავლულობისა და კეთილი ხასიათის გამო პატივსიცემით ეპყრობოდა და ბაქრი ეფენდის ეძახდა. დიდხანს ისაუბრეს, მერე დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი მოხუცი მოსასვენებლად თავის ოთახში ავიდა. მურად ბეი ფანჯარასთან იდგა, ზღვას გასცქეროდა და საკუთარ ბედზე ფიქრობდა. როგორც მამლუქების რაზმის მხედართმთავარს გამუდმებით ლაშქარში ყოფნა უწევდა. ოცდარვა წლის ვაჟკაცს ხუთი სახელოვანი ბრძოლა ჰქონდა გადახდილი, სადაც სიმამაცისა და საბრძოლო ხელოვნების დიდი ცოდნა გამოავლინა. ლაშქრობებს შორის შესვენების პერიოდში, ისევ ჯარს წრთვნიდა, თავისი რაზმის მამლუქებს ავარჯიშებდა და ბრძოლის ხერხების დაუფლებაში ეხმარებოდა. მოსვენების დროს წიგნს კითხულობდა, თუმცა მალავდა მის ამ ,,სისუსტეს” მეომართა დაცინვის საგანი რომ არ გამხდარიყო. უყვარდა მეგობრების წრეში სმა, მხოლოდ კარგი ხარისხის ღვინის, სასიამოვნო მუსიკა და ფილოსოფიური საუბრები. აფასებდა მოსწრებულ ხუმრობას. ხარჭებს ხშირად იცვლიდა, მიაჩნდა რომ ქალი მხოლოდ მამაკაცის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყო შექმნილი და გურმანის მსგავსად სხვადასხვა ტიპის ქალს აგემოვნებდა. მათ ნაზად, ოდნავ ირონიით ექცეოდა, არასოდეს ძალადობდა და უხვად დასაჩუქრებულს ისტუმრებდა. ამბობდა, რომ ქალები ლამაზი ყვავილების მსგავსად გარემოს ამშვენებენ, თვალს ახარებენ და დასცინოდა მეგობრებს, რომლებიც რომელიმე ხათუნის გამო დიდხანს ოხრავდნენ და სევდას მიეცემოდნენ ხოლმე. დაოჯახებაზე არც უფიქრია, თუმცა თვით სულთანის დიდმა ვაზირმა დამოყვრებაზე სიტყვა რამდენჯერმე გადაუკრა და მისმა ასულმაც მოწონებით სავსე მზერა სტყორცნა, მაგრამ მურადის ,,ჯავშანი” ვერ გატეხეს. ახლა კი ვერ გაიგო რა ემართებოდა, თავისი მდგომარეობა ვერაფრით აეხსნა, მოუსვენრად იყო, ციებ-ცხელება შეჰყროდა, სული ეხუთებოდა, ყველაფერს უგულისყუროდ ასრულებდა და მადაც სულ დაეკარგა. ბაქრი ბეიმ მისი გონებაგაფანტულობა შენიშნა და ალერსით ჩაეძია: -რა გემართება მურად? ასეთი რა დარდი გაწევს გულზე? -ისეთი არაფერი, -ცუდი ამბავი ხომ არ მოგიტანეს შიკრიკებმა? -არა, უბრალოდ გადაღლილი ვარ, -ლაშქრობიდან ციება ხომ არ ჩამოიტანე და ის გტანჯავს?-არ ეშვებოდა მოხუცი.- მითხარი, ეგებ დაგეხმარო. თუ დასამალი ამბავია, ხომ იცი საიდუმლოს შენახვაც კარგად ვიცი. მურადი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ თავისი მდგომარეობა აუწერა. სწავლულმა ყურადღებით გასინჯა, ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა და დაკითხვა განაგრძო: -ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ. ეგებ ლაშქრობაში ჩაიდინე ისეთი რამ, რაც შენს სულს ტანჯავს? მურადმა მას წყენით გახედა და ამაყად უთხრა: -ეგრე მიცნობ ბაქრი ბეი? არც ზედმეტი სისასტიკე და არც კარის ინტრიგები მე არ მახასიათებს. მოძალადეც არასოდეს ვყოფილვარ. -დაწყნარდი მურად, გასაბრაზებლად არ მითქვამს. უბრალოდ სულის შეშფოთების მიზეზს ვეძებდი. სხვა არაფერი. მურადმა ბაქრი ბეის გამომცდელად შეხედა, ფანჯარასთან მივიდა და ყრუდ უთხრა: -რამდენიმე დღის წინ, ზღვის პირას, ზმანება ვიხილე, -უცნაური, -ქალის?- ეშმაკურად ჩაიღიმა ბაქრი ბეიმ, მურადმა არაფერი უპასუხა, შემდეგ მოტრიალდა და ჰკითხა: -შენ, სირინოზის არსებობის გჯერა? -სერიოზულად მეკითხები? -საკმაოდ, -მხოლოდ ზღაპრებში. საიდან მოგივიდა ეს აზრი? -არ ვიცი, რა გითხრა, -და მურადი მოუყვა თავისი ხილვის შესახებ. -ეტყობა შენმა გადაღლილმა გონებამ ზმანება მოგივლინა, ვერ აცნობიერებ, მაგრამ შენს ბრძოლისგან დაღლილ გულს სიყვარული და ქალის მოფერება სჭირდება,-უპასუხა მოხუცმა. -ზმანება? კი მაგრამ ასეთი რეალური? -იცი რა! გირჩევ, ახლავე სატახტო ქალაქში გაემგზავრო და რომელიმე ლამაზმანთან გაერთო. დამიჯერე, ეგ შენი გულისწუხილი და უცნაური ავადმყოფობა მაშინვე გაქრება. მურადი ჩაფიქრდა, ბაქრი ბეის გუნებაში არ დაეთანხმა, რომ ზმანება მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, უბეში შენახული თავსაფარიც საწინააღმდეგოს უმტკიცებდა, მაგრამ მოხუცის რჩევა ჭკუაში დაუჯდა. მით უმეტეს, რომ მისი ძიება, ეპოვნა მისი ზმანების ქალღმერთი, უშედეგო აღმოჩნდა. არც ახლომახლო და არც მოშორებით სოფლებში მიმსგავსებულიც კი არავინ იყო. გადაწყვიტა რომ აჯობებდა ყველაფერი დაევიწყა და ამის საუკეთესო გზა ბაქრი ბეის რჩევა იყო. 2 როგორც კი ინათა მურადმა მსახურს უბრძანა ბაქრი ბეისათვის დაეძახა, უნდოდა მისთვის, ბიბლიოთეკაში შესანახად, ქაღალდები და წიგნები გადაებარებინა. სასახლე ადრე სელიმ ხანს ეკუთვნოდა, რომელიც მეცნიერებითა და ასტროლოგიით იყო გატაცებული და ეს მდიდარი ბიბლიოთეკაც მისი დამსახურება იყო, თუმცა მის გამდიდრებაში მურად ბეისაც დიდი წილი ედო. უაღრესად ნიჭიერს და არაჩვეულებრივი მეხსიერების პატრონს, თვითონაც ძალიან უყვარდა კითხვა. როცა ბრძოლაში გამარჯვებისათვის სულთანმა ეს მამული აჩუქა, ბიბლიოთეკა მისთვის სასიამოვნო აღმოჩენად იქცა. მან სასახლეში დატოვა სელიმ ხანის მიერ მოყვანილი, მისი მეგობარი, სწავლული, ალ-ბაქრი ან-ნუვაირი, რომელსაც აქ თავისი პატარა ლაბორატორია და ციხის მაღალ კოშკში, სელიმ ხანის მიერ მისთვის შეძენილი ტელესკოპი ჰქონდა. სანამ ცოცხალი იყო, სელიმ ხანიც ხშირად ამოდიოდა ამ ..ობსერვატორიაში” და ორი მოხუცი გატაცებით აკვირდებოდა მნათობთა მოძრაობას და საუბრობდა სამყაროს კანონთა შესახებ. თავისუფალ დროს ის უჯდა თავის ფუნდამენტურ ნაშრომს, რომელსაც დიდი ხანია წერდა და რომელსაც პირობითად დაარქვა ,,კეთილაღმზრდელობით მეცნიერებაში უაღრესად აუცილებლის ცოდნა”. სელიმ ხანის გარდაცვალების შემდეგ, ალ-ბაქრი ან-ნუვაირი მარტო დარჩა. მიუკარებელი და გულჩათხრობილი, თავისი სამყაროდან, რომელსაც შეადგენდა ბიბლიოთეკა, ობსერვატორია, ლაბორატორია და მისი საცხოვრებელი რამდენიმე ოთახი, თითქმის არ გამოდიოდა. მის მყუდროებას, მხოლოდ მისი უსაზღვროდ ერთგული, მისივე გაზრდილი, სიტყვაძუნწი ალი თუ დაარღვევდა. მასთან შესვლის უფლება სხვას არავის ჰქონდა. ზოგჯერ გვიან საღამოს, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს, ბაქრი ბეი ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ ჩადიოდა, თუ რაიმეს საძებრად, ვერ გაიგებდი. მურადს ჯერ ალმაცერად უყურებდა, მაგრამ როცა ნახა რომ ის კეთილშობილი ადაიანია, ნაკითხი, წიგნების მოყვარული და საინტერესო მოსაუბრე, შვილივით შეითვისა. მურად ბეისაც ძალიან მოეწონა ეს განათლებული მოხუცი, საინტერესო პიროვნება და კარგი მასწავლებელი და მისი სამყარო ხელუხლებლად დაუტოვა. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, მისი თხოვნით, ბიბლიოთეკაში დამხმარედ, მისივე შერჩეული პატარა ბიჭი აუყვანა. ბაქრი ბეის თქმით, მან ეს ბიჭი მეთევზეთა სოფელში იპოვა. მისი სახლ-კარი მშობლებთან ერთად ცეცხლს შთაუნთქავს, ბავშვი სასწაულებრივად გადაურჩენიათ და იზრდებოდა სოფელში სამადლოდ. ბაქრი ბეი გააოცა მოზარდის საზრიანობამ, შეეცოდა ეს სახედამწვარი, კოჭლი არსება და წამოიყვანა. ის ნასირს ,,შოშიას” ეძახდა და შერჩა ეს ზედმეტსახელი მოზრდილობაშიც. ,,შოშია” საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, ნაზი, კოჭლობა რომ არა, შეიძლება კარგი ტანადიც ყოფილიყო, დამწვარობის კვალი სახეს შეუხადავს ხდიდა, თუმცა არა ამაზრზენს ამას აგვირგვინებდა სქელი სათვალეები. ასე რომ ბიბლიოთეკაში წიგნებთან მჯდომი მოხუცი და მისი მოწაფე ორ ბუს გავდა, დიდსა და პატარას. ბიჭი ძალიან ნიჭიერი გამოდგა, ბევრს კითხულობდა და თავის მასწავლებელს ეხმარებოდა. კიდევ ერთი ნიჭი აღმოაჩნდა. იცოდა სამკურნალო ბალახები, მოტეხილის ჩასმა და სასახლის მობინადრეთა მკურნალი იყო. ყველას ეცოდებოდა ,,შოშია”, კეთილი, სხვებისთვის დასახმარებლად მუდამ მზადმყოფი. მისი დაცინვა და დაჩაგვრა ცოდვად ითვლებოდა. თუმცა ,,შოშიას” ვინ დაჩაგრავდა, მას მცველად, ალ-ბაქრის მსახური, გოლიათი ალი ედგა, რომელიც შვილივით უფრთხილდებოდა და გვერდიდან არ შორდებოდა. საკმარისი იყო შოშიას უკმაყოფილო წარბის აწევაც კი, რომ ალი მზად იყო დამნაშავე თავისი გიგანტური მუშტით იქვე გაესრისა. რამდენიმე წლის წინ ალიმ თავი, როგორც მამაცმა მეომარმა, ისახელა. მურად ბეი მორიგ ლაშქრობაში იყო წასული, როცა მის ზღვისპირა კოშკს ჯვაროსანთა მოხეტიალე გუნდი გადაეყარა. ჯვაროსნებმა, დაუცველი სასახლის გაძარცვით, ხელის მოთბობა გადაწყვიტეს, მაგრამ მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. სასახლე კარგად გამაგრებული აღმოჩნდა და მცირერიცხოვანი მეციხოვნეები მას მედგრად იცავდნენ. გალავნის კედელზე მდგარ ალის თავისი მშვილდიდან არც ერთი ისარი უქმად არ გაუსროლია, ზედიზედ, სწრაფად და მძლავრად სტყორცნიდა და რამდენიმე ჯვაროსანი ცხენებიდან ჩამოაგდო. ჯვაროსანთა რაზმი დიდი არ იყო, ეტყობა ჩათვალეს, რომ ეს პატარა კოშკი ამდენ დანაკარგად არ ღირდა, თავი ანებეს და თავისი გზა განაგრძეს. ლაშქრობიდან ჩამოსულმა მურად ბეიმ მცველები უხვად დაასაჩუქრა, ალის კი დამატებით, ლაშქრობიდან ჩამოტანილი არაჩვეულებრივი, მსუბუქი და რკინასავiთ მაგარი ხისგან დამზადებული, მშვილდი აჩუქა. ცოტა ხანში ბაქრი ბეის ნაცვლად ბიბლიოთეკაში მისი მოწაფე ნასირი შემოვიდა, თავი მდაბლად დაუკრა და უთხრა: -ბაქრი ბეი შეუძლოდაა, ვერ ჩამოვა და მე გამოგზავნა. მურად ბეიმ წარბები უკმაყოფილოდ შეჰყარა და ,,შოშია”ს გადახედა. ამ ერთ წელიწადში კიდევ უფრო გაზრდილიყო, თუმცა ხმა ისევ ნაზი და მელოდიური ჰქონდა და აღნაგობაც სუსტი. მას მოსწონდა ეს ჩუმი, შრომისმოყვარე, გონიერი ახალგაზრდა, რომელიც ბაქრი ბეის სამფლობელოდან თითქმის არ გამოდიოდა და ჩრდილივით ისე ფაქიზად მოძრაობდა, რომ არავის აწუხებდა. -კარგი, მაშინ შენ ჩაიბარე,-მიმართა ნასირს და წიგნები გაუწოდა. მის გამოხედვაში დაინტერესება და ცნობისმოყვარეობა რომ დაინახა, გაუღიმა და ჰკითხა: -გიყვარს კითხვა? -ძალიან? -კითხვა ბაქრი ბეიმ გასწავლა? -დიახ, -წაკითხული რა გაქვს? -აქ რაც არის თითქმის ყველაფერი. -ყველაფერი?-გაიკვირვა მურადმა,-აქ რამდენიმე ენაზე დაწერილი წიგნებია,- და თაროებს ახედა, - ბაქრი ბეი მრავალ ენას ფლობს და ზოგი მათგანი მეც შემასწავლა. თქვენდა გასაკვირად უნდა გითხრათ, რომ მე გარდა არაბული წერა-კითხვისა, ვიცი ბერძნული, იტალიური, ქართული და ცოტა ფრანგულიც.,-თავი მდაბლად დაუკრა ახალგაზრდამ, -ახალ შენაძენზე რა აზრისა ხარ? ნასირმა წიგნებს ყურადღებით დახედა, -ეს საუკეთესოა გონების სავარჯიშოდ, -მიუთითა ბერძნულ ენაზე დაწერილ არისტოტელეს ფილოსოფიურ ტრაქტატზე, -რაც შეეხება ამ წიგნს,-გააგრძელა მან,-ის ქართველი პოეტის დაწერილია და არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი პოემა, რომელიც მოიცავს ადამიანურ ურთიერთობებსაც, სიყვარულსაც და ფილოსოფიასაც. მურადი ნასირს გამომცდელად უსმენდა. მისი აზრის გამოთქმის სისხარტითა და მსჯელობის სიღრმით გაოცებული იყო, რასაც ჯერ კიდევ უწვერული ყმაწვილიდან, ნამდვილად არ ელოდა. შემდეგ ხელში ქართული პოემა აიღო და დასძინა: - -მართალი გითხრა ამ სარაინდო წიგნის ჩამოტანა დიდი რისკის ფასად დამიჯდა. ჩემმა მებრძოლებმა რომელიღაც დიდებულის კარვიდან მომიტანეს. კარვის მცველს გულში ჰქონდა ჩახუტებული და ხელი არ გაუშვია, მკვდარს ძლივს ააგლიჯეს. მაჰმადიანს არ შეჰფერის ასეთი წიგნის ფლობა, მასში ნახატებია დართული ადამიანთა გამოსახულებებით. 3 მურადი, ბაქრი ბეის რჩევას მიჰყვა, მეორე დღესვე ბედაური შეაკაზმინა და თავის მამლუქების რაზმთან ერთად დედაქალაქისკენ გაეშურა. კაიროში ჩასვლისთანავე სულთანს ეახლა, თაყვანი სცა, მოიკითხა და შემდეგ თავისი სასახლისკენ გაემართა, რომელიც ქალაქის გარეუბანში იდგა, მტვრისა და ყაყანისგან მოშორებით. მეგობრებს უკვე გაეგოთ მისი ჩამოსვლა და ტანსაცმლის გამოცვლა ძლივს მოასწრო, რომ ასლან ბეი და იბრაჰიმ ბეი თავზე დაადგნენ, მოიკითხეს და სულის მოთქმაც არ აცალეს, მაშინვე გასართობად გააქანეს. ომისა და ნაალაფარის შემდეგ სულთანის სასახლე და კარისკაცები განცხრომას ეძლეოდნენ და კარის ინტრიგებით ერთობოდნენ. ასლან ბეიმ, რომელმაც როგორც ყოველთვის ყველაფერი იცოდა, დაწყებული სახელმწიფო საიდუმლოდან დამთავრებული ჰარამხანის ჭორებით, მურადს ყველა ამბავი ერთბაშად მიაყარა და მთელი ამქარი ფატიმას დაწესებულებაში შელაგდა. მალე მათ შიჰაბ ბეიც შეუერთდათ. -აბა შენ იცი, მურად ბეის ყველაზე საუკეთესონი მოუყვანე, დიდი ხნის ,,ნაშიმშილებია” და კარგი საქონლისათვის უხვად დაგასაჩუქრებს, -უბრძანა ასლანმა ფატიმას. ფატიმამ თავისი ლამაზი თავი მეგობრებს მდაბლად დაუკრა და მისი ფაშფაშა სხეულისათვის მოულოდნელი სიჩაუქით, ფარდებს მიღმა გაქრა. ქალების მოლოდინში, მეგობრები დარბაზში მდიდრული ხალიჩებით მორთულ ტახტებზე წამოწვნენ და საუბარი განაგრძეს. -მაინც ასე მოულოდნელად სად დაიკარგე? ეს ორი კვირა რომ არსად ჩანდი. დავიჯერო იმ შენს მიყრუებულ სასახლეში იყავი? მტვრიან წიგნებთან?-მოუბრუნდა ასლანი მურადს. - არა, ნამდვილად რომელიმე ნორჩმა სოფლელმა ხათუნმა მოგხიბლა და თავისი მაცდური ღიმილით დაგაბა,- თავისი ვარაუდი გამოთქვა იბრაჰიმ ბეიმ, რომელიც ფიქრით თავს დიდად არ იწუხებდა, მისი საქმე ბრძოლა და დასვენებისას ქალები იყო. ამ ათლეტის ომში გამობრძმედილი სხეული ერთიანად ხმლის ნაკვალევით იყო დაფარული, ერთი სახესაც უსერავდა და ცოტა არ იყოს სასტიკ იერს აძლევდა. თუმცა გული კეთილი ჰქონდა და მეგობრებისთვის თავდადებული. -აქ ასიე ხანუმი ლამის ყოველდღე გკითხულობდა, ამბობენ შენით მოხიბლულს ღამით სულ აღარ სძინავსო-ღიმილით გახედა ასლანმა. -ისე, რას ერჩი, საუკეთესო საპატარძლოა, ლამაზი, თავნება, მდიდარი, თან სულთანის პირველი ვაზირის საყვარელი ქალიშვილი,-ჩაერია საუბარში იბრაჰიმი. -ჰოდა შეირთე, ვინ გიშლის-უპასუხა გაღიზიანებულმა მურდმა. -ვაა, მე უღელში შებმისთვის ჯერ მზად არ ვარ, თანაც თვალებს შენ გიჟუჟუნებენ და არა მე, - ისე შენს ადგილას უარისგან თავს შევიკავებდი. საიფ იბნ-ჰალდუნის სიძეობა ხუმრობა არ არის, სულთანის კარზე დაწინაურება გარანტირებული გექნება, თანაც ძალაუფლების მქონე ამ სასტიკი კაცის გადამტერებას არ გირჩევდი,-ჭკუა დაარიგა სასახლის კარის ინტრიგებში კარგად ჩახედულმა ასლანმა. მურადმა მასაც შეუბღვირა, თუმცა არაფერი უთქვამს. -თავი დაანებეთ, რას გადაეკიდეთ,-დაიცვა მეგობარი შიჰაბმა. - ვაზირი თუ გაბრაზდა, ვერ გიშველის სულთანის კარის ქათიბის, შიჰაბ ად დინის, მეგობრობაა! -წაუმღერა ასლანმა და ღიმილით გადახედა შიჰაბს. არისტოკრატული, ყოველთვის გემოვნებით ჩაცმული, ლამაზი სახით, თხელი, მაგრამ დაკუნთული სხეულით, ტაქტიანი, დახვეწილი მანერების მქონე ასლან ბეი, ადამიანის კეთილგანწყობას ადვილად იმსახურებდა. ავი ენები ამბობდნენ, რომ ის ფრანგი არისტოკრატი ჯვაროსნის უკანონო შვილი იყო, რომელმაც მოახერხა დედამისის მოხიბვლა და ჰარამხანაში მასთან შეღწევა. ქალებთან ურთიერთობაში ალერსიანი და რბილი, ქალთა ბუნების ცოდნით, გემოვნებით შერჩეული საჩუქრებით, უმალვე იპყრობდა მათ გულებს. დაშორებითაც როგორღაც უმტკივნეულოდ შორდებოდა და მათთან მეგობრობას ინარჩუნებდა. ალ ბაქრი ალ ნუვაირი იბრაჰიმ ბეი ამირა ალ ჰალაბი ასლან ბეი შიჰაბ ად დინი ტახტზე წამოწოლილმა შიჰაბმა ასლანს ბალიში ესროლა: -ახლა არ ამაყენო, თორემ..-და დასძინა:-საერთოდ მოეშვით მურადს, ხომ ხედავთ გუნებაზე ვერაა. -აქ რისთვის მომიყვანეთ, ასიაზე დასაქორწინებლად?-მიუბრუნდა მურადი თავის ერთგულ მეგობრებს. მათი მეგობრობა, რომელიც ყმაწვილობაში დაიწყო, მრავალ ბრძოლაში, ჭირსა და ლხინში გამოიწრთო, ერთმანეთს ხასიათებიც შეუწყვეს და ეხლა ერთმანეთს უსიტყვოდ ენდობოდნენ. მზად იყვნენ პირველივე დაძახებაზე ერთმანეთისთვის თავი გაეწირათ. ახლა მუთაქებზე წამოწოლილები მხიარულად მასლაათობდნენ და მურადს ,,აბრაზებდნენ”. მართალია კიდევ ერთი მეგობარი, ათაბეგი ალ ჰალაბი აკლდათ, მაგრამ ის სულთან ნასირ ად-დინ მუჰამადს ახლდა ამალაში და თანაც მსგავსი გართობების დიდი მოყვარული არ იყო. მსახურებმა ხილი, შერბეთი, ტკბილი ნუგბარი, ჩილიმი შემოიტანეს და უხმოდ გავიდნენ. მალე ფარადა გადაიწია და ფერად, გამჭვირვალე ქსოვილში გახვეული მშვენიერი ხათუნები შემოსრიალდნენ. ორი მათგანი მურად ბეის შემოეხვია. ნაზად უალერსებდა, ყოველნაირად ცდილობდა მისთვის ეამებინა. სხვა დროს მურადი მაშინვე სიამოვნების მორევში გადაეშვებოდა ხოლმე, ახლა კი, ამ უდაოდ ლამაზ ასულებს სრულიად გულგრილი შესცქეროდა. უკვირდა თავისი გულგრილობა, უცბად შეშინებულმა გაიფიქრა, ნამდვილად ხომ არ მომაჯადოვეს და მამაკაცური უძლურებაც ხომ არ შემყარესო. ნელ-ნელა აჰყვა ქალის ვნებას, მაგრამ უწინდელი სიამოვნება ვერ მიიღო. ასლანმა შენიშნა მეგობრის უხასიათობა და ფატიმას გასძახა: -ეს რა არის, ხომ გთხოვე მურადისთვის რაიმე განსაკუთრებული. იცი რომ ფულს არ დავიშურებთ. -მყავს ერთი უცხო ასული ჩრდილოეთიდან. არ მოგიყვანეთ, რადგან ჯერ ვამზადებთ, მაგრამ თუ თქვენი უმაღლესობა ინებებს ეხლავე აქ მოგგვრით,- ეშმაკურად გაიღიმა ფატიმამ. ღვინით შეზარხოშებული იბრაჰიმ ბეი მურადს ხუმრობის ტონით მოუბრუნდა: -რა არის ცხვირ-პირი რომ ჩამოგტირის? ცოტა გამხიარულდი, -ჩემი განხილვა აღარ მოგბეზრდათ?-შეეპასუხა მურადი. -მეტი რა გინდა! აქ ყველაფერია რაც კაცის ბედნიერებისთვისაა საჭირო!-განაგრძო იბრაჰიმმა და აბუ ნუვასის ლექსი ჩააბუხუნა: ,,მე მინდა ვსვა ღვინო და დავტკბე ყველაფრით რაც აკრძალულია. ღმერთია მოწამე-მე მინდა მთვრალი ვიყო ათას წელიწადს. ვერ დამინახავს მე ალახი ისე, რომ ხელში თასი არ მეპყრას, ან ლამაზმანს არ ვკოცნიდე, ან უგონოდ მთვრალი არ ვეგდო.” მგონი ერთადერთი ლექსი რომელიც იცოდა, თუ არ ჩავთვლით ომარ ხაიამის რამდენიმე სტროფს. ამასობაში ფატიმა შემოვიდა და შემოიყვანა მართლაც მშვენიერი ასული, ხორბლისფერი თმით, ღია ცისფერი თვალებით, წინ წამოწეული ყვრიმალებით და მაცდური გამოხედვით. და თუმცა ის აჩრდილიც არ იყო მისი ღამის ზმანებისა, მურადს რატომღაც ,,ის” გაახსენა, სული შეეხუთა, აქ დარჩენა აღარ შეეძლო, წამოხტა და დარბაზიდან ისე გავარდა, მეგობრებმა გაკვირვებაც ვერ მოასწრეს. მურადი ბედაურს თავის სასახლისაკენ ისე მიაგელვებდა, თითქოს მდევრისაგან თავშესაფარს ეძებდა. სასახლესთან მეგობრები წამოეწივნენ და დარბაზში შეჰყვნენ. ფატიმას დაწესებულება, მურადის კვალდაკვალ, მათაც მიატოვეს და მურადს დაედევნენ. -რა იყო, რა ბზიკმა გიკბინა?-ჰკითხა შეწუხებულმა ასლანმა, - თუ ჩვენთან ყოფნა არ გსიამოვნებს?-საყვედურით გახედა შიჰაბმა, -ვაა, რას დაგვარბენინებ,- ბურდღუნებდა იბრაჰიმი და გულდაწყვეტილი იხსენებდა მიტოვებულ სუფრასა და ქალებს. –გვითხარი რამ შეგაწუხა და რით დაგეხმაროთ?-მხარზე ხელი მოხვია შიჰაბმა. რა უნდა ეთქვა მურადს მეგობრებისთვის? ის რომ რაღაც ზმანება იხილა და მოსვენება დაჰკარგა? ხომ საცინად აიგდებდნენ, მით უმეტეს ასლანი, ამ ამბავს მთელ ქალაქს სახუმაროდ მოსდებდა. -რაღაც კარგად ვერ ვიყავი, ცალკე მგზავრობამ გამთანგა, თქვენ კი მაშინვე დამეტაკეთ და ფატიმასთან გამაქანეთ-თავი იმართლა მურადმა. შემდეგ მსახურებს მოუხმო და უბრძანა სუფრა შადრევანთან გაეშალათ, სადაც მეტი სიგრილე იყო. ამან იბრაჰიმ ბეი ცოტათი დაამშვიდა და კვლავ მხიარულ გუნებაზე დააყენა. კარგმა ღვინომ და უდარდელმა საუბარმა მურადსაც გამოუკეთა გუნება, კარგ ხასიათზე დადგა და მეგობრებიც დამშვიდდნენ. მოგვიანებით ალ ჰალაბიც შემოუერთდათ. მეგობრები გვიან ღამით დაიშალნენ. მარტო დარჩენილი მურადი დიდხანს ბორგავდა და თუმცა ღვინო კარგა გვარიანად ჰქონდა მოკიდებული, მაინც გვიან, განთიადის ხანს ჩაეძინა. მიუხედავად ამისა, დილით ადრე ადგა, სასახლის მოვლის თაობაზე განკარგულებები გასცა, მსახურთუხუცესის მიერ ნაყიდი ახალი მსახურები შეათვალიერა და კაბინეტში განმარტოვდა, მაგრამ ასლანმა არ აცალა. ის ოთახში სწრაფად შემოიჭრა და მისი პროტესტის მიუხედავად, ალ ჰალაბის სასახლეში გაიყოლა. 4 ასია ადგილს ვერ პოულობდა, გაიგო მურადი კაიროშიაო და საბაბს ეძებდა რომ როგორმე შეხვედროდა. პირველად მურადი სულთანის სასახლეში იხილა. მოდიოდა მაღალი, დაკუნთული, ამაყი, მონაცრისფერო-ფოლადის თვალების მტკიცე გამოხედვით, არავის უყურებდა და არ ეპირფერებოდა, მასში ძალა და სიმტკიცე იგრძნობოდა და ასიაც მაშინვე მოიხიბლა. მამას, საიფ იბნ-ჰალდუნს, შეუჩნდა და სახლში რამდენჯერმე მოაწვევინა. შემდეგ ,,შემთხვევით” ხან ბაღში და ხან დერეფანში შეეჩეხა, სახეც უჩვენა და თბილადაც გაუღიმა, მაგრამ ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი სიტყვის გარდა ვერაფერი მიიღო. ვაზირმა შენიშნა მისი სათაყვანებელი შვილის მურადით გატაცება, სასახლის ინტრიგების მხლართავს, სახლში რა გამოეპარებოდა. თვითონაც მოსწონდა მურადი, შესანიშნავი მეომარი, სულთანის კარზე წარმატებული, გავლენიანი მეგობრების პატრონი და მის სიძეობაზე უარს არ იტყოდა, რამდენჯერმე სიტყვა კიდევაც გადაუკრა, მაგრამ მურადმა რატომღაც წაუყრუა, არადა ეცოდებოდა თავისი თავნება, ნებიერა ასული, რომელიც უარის თქმას მიჩვეული არ იყო. ლაშქრობიდან დაბრუნებულმა მურადმა კი ასია საბოლოოდ დაატყვევა. სულთანის კარზე გამართულ სადღესასწაულო შეჯიბრზე შუბის კვრაში, ჯირითსა და ისრის ტყორცნაში გამარჯვება მოიპოვა და თავისი დახვეწილი, მოქნილი სხეულის უზადო ფლობით, არამარტო მისი, არამედ მრავალი დიდებული ლამაზმანის გული მოიგო. ეჭვით სავსე ასია გაცოფებული უყურებდა თავის გარშემო აღტაცებით მოკისკისე ქალებს, რომლებიც მურადს ხოტბას ასხამდნენ და გულში გადაწყვიტა, რომ მურადი აუცილებლად მისი გახდებოდა, თუნდაც ამისათვის მამის გავლენა გამოეყენებინა. მაგრამ ტურნირის შემდეგ მურადი მალე გაქრა და ასიამ აღარ იცოდა რა ეფიქრა. ასლან ბეისაგან გაიგო, რომ ის საქმეების მოსაწესრიგებლად თავის მამულში გამგზავრებულიყო და აი ახლა მურადი ისევ კაიროშია. მის ხელში ჩასაგდებად, სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა, დიდხანს არ უფიქრია და მამის პალატას მიადგა. კისერზე შემოეჭდო, მოეფერა, მოესიყვარულა და სთხოვა მურადი და ასლანი სახლში მოეწვია. დიდი ვაზირი შეიჭმუხნა, მურადთან გაურკვეველი საუბრის შემდეგ, ეს ძალად მოპატიჟება არ სიამოვნებდა, ერთი პირი უარის თქმა სურდა, მაგრამ შვილის მუდარით სავსე თვალები რომ დაინახა, ვეღარაფერი უთხრა და დათანხმდა. სხვების მიმართ სასტიკი და დაუნდობელი, მისი ქალიშვილის წინ ცვილივით დამყოლი ხდებოდა. გადაწყვიტა რაიმე საქმე მოემიზეზებინა და თავის მდიდრულ სასახლეში სამივე მეგობარი მოეწვია. 5 ალ ჰალაბის შედარებით პატარა, სადა, მაგრამ გემოვნებით მოწყობილ სასახლეში ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, სხვადასხვა სჯულის სწავლულები. მას საინტერესო ადამიანების აღმოჩენის უნარი ჰქონდა და ვის არ იხილავდით აქ, ისლამის მქადაგებლებიდან დაწყებული მოხეტიალე დევრიშებით დამთავრებული. სტუმრებთან და მეგობრებთან ერთად ალ ჰალაბი კამათობდა პოეზიასა, თუ მუსიკაზე, სულიერსა თუ ხორციელზე. თვითონ ალ ჰალაბი სუფიზმის მიმდევარი იყო. მიუხედავად თავისი რელიგიური მრწამსისა, მუსულმანურ ლიტერატურაში წარმოქმნილი ამ ახალი მიმდინარეობით, მრავალი პოეტი იყო გატაცებული. მურადიც დაინტერესდა და ახლა მეგობრის შეხედულებებს ისიც იზიარებდა. ეს მიმდინარეობა, რომელშიც გრძნობადისადმი, სიცოცხლის სიყვარულისადმი მღერა, ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი მისტიურ მისწრაფებას და ღვთაებრივთან სულიერ შერწყმას ეფარდებოდა, შემოქმედებისათვის ფართო შესაძლებლობებს ქმნიდა და ამიტომაც ხიბლავდა მეგობრებს. ამჯერად ალ ჰალაბს აშუღები მოეწვია და მეგობრებს გასართობად ეპატიჟებოდა, მის გამჭრიახ თვალს მეგობრის უგუნებობა არ გამოჰპარვია. მურად ბეი, მისი რაინდული ბუნებისა და პატიოსნების გამო, გამორჩეულად უყვარდა. მის განსწავლულობასაც დიდ პატივს სცემდა. მურადის უგუნებობა ვერაფრით აეხსნა. სულთანის კარზე წარმატებული, ლაშქრობიდან გამარჯვებით დაბრუნებული, მდიდარი ბეი, რომელიც ქალებშიც წარმატებით სარგებლობდა და თვით ყოვლისშემძლე ვაზირის ქალიშვილიც მოეხიბლა, ნამდვილად განცხრომაში უნდა ყოფილიყო. ასლანს და მურადს, შიჰაბ ად-დინი უკვე იქ დახვდათ. რაც შეეხება იბრაჰიმ ბეის, ის ასეთ შეხვედრებს ვერ იტანდა და ტყუილ ტვინის ჭყლეტად მიაჩნდა. ახლაც სადმე კარგ ,,სარდაფში” იქნებოდა ჩასული თავისნაირ ,,დოსტებთან” ერთად, საქეიფოდ და დროის სატარებლად. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, კარგი ლექსების და მსუბუქი სახუმარო კამათის ფონზე. ალ ჰალაბს ქალაქის ცნობილი მომღერალიც მოეწვია, რომლის ნაღველნარევმა ბაიათებმა ის კვლავ სევდის გუნებაზე დააყენა, სახლში უგუნებოდ დაბრუნდა. მურადი კაიროში ვეღარ ჩერდებოდა, გულმა ისევ ზღვისპირა კოშკისკენ გაუწია. აქ მისთვის ყველაფერი მომაბეზრებელი იყო. დილაადრიან შეკაზმა ცხენი და ზღვისპირა მამულისკენ გაემგზავრა, თუმცა დაბარებული ჰქონდა, რომ ასე ორი თვე მაინც არ ჩამოვიდოდა. ქალაქს გაცილებული არ იქნებოდა, რომ მის სასახლეს, შეტყობინებით ხელში, ვაზირის გამოგზვნილი მამლუქი მოადგა, მაგრამ იქ აღარავინ დახვდა. საიფ ჰალდუნი გამწარდა, არ უყვარდა როცა გეგმები ეშლებოდა. 6 რამდენიმე დღის შეუჩერებელი მგზავრობის შემდეგ, მურადმა საღამოს სასახლეში ჩააღწია, მაშინვე ტანსაცმელი გამოიცვალა, ივახშმა და სულმოუთქმელად წყაროსთან ჩაირბინა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა იქითკენ ექაჩებოდა. წყაროს მიუახლოვდა და გაშეშდა. ოდნავ მოშორებით, გვიმრებში, მისი ფერია იწვა და ეძინა. თვალებს არ დაუჯერა და რამდენჯერმე მოიფშვნიტა, მაგრამ ზმანება არ გაქრა. ქალი მშვიდად იწვა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ტანთ არაჩვეულებრივი სილამაზით ნაქარგი კაბა ემოსა, საიდანაც ისეთი ნატიფი, პატარა, ვარდისფერი ტერფები მოუჩანდა, რომ ნებისმიერ მხატვარს აღაფრთოვანებდა. იქვე ოქრომკედით ნაქარგი ქოშები ელაგა. მწვანე ბალახზე მზის სხივებივით გაშლილი მისი ალისფერი თმები, საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ნაზ, თლილ თითებში გაშლილი წიგნი ეჭირა, გულში ჩახუტებული, თითქოს კითხვისას ჩაიძინა და წიგნი გულში ჩაიკრაო. ----------------- მურადს სუნთქვა შეეკრა. თვალთ დაუბნელდა, ამოსუნთქვის ეშინოდა, ზმანება რომ არ გამქრალიყო, ან ქალი არ გაეღვიძებინა. რამდენიმე ხანი დასჭირდა, რომ გონება მოეკრიბა და ოდნავ დამშვიდებულიყო. თანდათან მხედველობა დაუბრუნდა. ახლაღა შენიშნა, რომ მუხლებში ჩაკეცილიყო და იქვე მორზე ჩამომჯდარიყო. ამჯერად ასული უფრო გულდასმით შეათვალიერა. სახის ნაკვთები უნაკლო ჰქონდა, წვრილი ოდნავ აზიდული წარბები, წითელი, ბავშვივით გაბუტული ტუჩები, კანი მარმარილოსავით თეთრი, იმ ჯიშისა მზის სხივებს რომ არ იკარებს და არ მუქდება. ასე 18-19 წლისა იქნებოდა. ისეთი ნაზი და სათუთი ჩანდა, რომ მურადს გული სიბრალულით შეეკუმშა. უნდოდა ეს ფაქიზი არსება ყველანაირი საფრთხისგან დაეცვა და დაეფარა. მზად იყო ასე მჯდარიყო და მისთვის უსასრულოდ ეცქირა. ასე თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ, რომელიც მურადს საუკუნოდ ეჩვენა, ასული შეირხა, თვალი გაახილა, ცას ახედა და გაიღიმა. სახეზე ისეთი ნათელი მოეფინა, რომ მურადს გული კვლავ მძაფრად შეეკუმშა და გაფითრდა. ქალიშვილი წამოჯდა, თავი მოაბრუნა და ეხლაღა დაინახა უცხო მამაკაცი რომ მიშტერებოდა, შეჰკივლა, ფეხზე ფიცხლად წამოხტა, თვალები რისხვით დააკვესა და დამფრთხალი ქორციკივით გასაქცევად მოემზადა. მურადს უნდოდა ეთქვა, რომ მისი არ შეშინებოდა, რომ არაფერს ავნებდა, ოღონდ არ გამქრალიყო. ან თუნდაც ხელი წაევლო, რომ შეეჩერებინა. მაგრამ გაშეშებულმა ვერც ხელი გაანძრია და ვერც ენა დაძრა. მხოლოდ, მთელი თავისი მუდარა თვალებში ჩააქსოვა. ქალმა შეხედა და ეს მრისხანე მეომარი ქანდაკივით გაშეშებული და მუდარით სავსე თვალებით რომ იხილა, გაეღიმა და შეჩერდა. გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა, იქ, ზღვის სანაპიროზე. ზღვიდან ამოსულმა, რომ მოიხედა და მურადი დაინახა. ის იდგა ამაყად, მაღალი, მხარბეჭიანი, შილიფად მოხურული ხალათიდან მზისგან გარუჯული, მუქი ბრინჯაოსფერი, დაკუნთული სხეული მოუჩანდა, რომლის თითოეული კუნთი მკვეთრად ამოზნექილიყო, ვაჟკაცურ სახეს გარს მუქი წაბლისფერი თმის კულულთა გვირგვინი ევლებოდა, რომელიც შუბლზე ოფლისა თუ წყლის გამო მიწებებოდა. მოგრძო სახე, დახვეწილი ნაკვთები, სწორი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, დიდი, ვნებიანი ტუჩები, გამოკვეთილი ნიკაპი ზედ ნაჭდევით, მას კეთილშობილურ იერს აძლევდა. მის დიდ მონაცრისფერო-ფოლადისფერ თვალებში დილის შუქი უცნაურად ციალებდა და სითბოს ასხივებდა. იდგა და უსიტყვოდ, გაოცებითა და აღფრთოვანებით უყურებდა. მურად ბეის ადრეც შეხვედრია, მაგრამ გაკვრით თუ შეხედავდა და თვალებსაც ზევით არ სწევდა, ყურადღება რომ არ მიეპყრო. როგორც მამაკაცისთვის კი არასოდეს შეუხედავს.A და ახლა, მის წინ იდგა მამაკაცური სილამაზისა და ვაჟკაცობის განსახიერება. ანას გულმა აჩქარებით დაუწყო ცემა, თუმცა არ უნდოდა რომ ამაში თავს გამოტყდომოდა. უცბად დაიბნა, არ იცოდა რა ექნა. როგორც ყოველთვის, თავისი თვალების მომნუსხველი ძალა უნდა გამოეყენებინა, გაეთიშა, დაევიწყებინა ნანახი. ყოველთვის, შემთხვევით შეხვედრისას, მისი არსებობა რომ დაეფარა, შემხვედრს ნუსხავდა და ნანახს ავიწყებდა, დღემდე ასე იქცეოდა. ასე რომ, მისი არსებობის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ახლა სანაპიროზე მურადს რომ გადაეყარა, შეყოვნდა, დაიბნა, მაგრამ მალე გონს მოეგო, ნელა მიუახლოვდა, თვალი თვალში გაუყარა და გათიშა. შემდეგ კლდის ქიმს მოეფარა, მზერით გამოაფხიზლა, თან უთვალთვალებდა რომ გაეგო, მის მეხსიერებაში შეხვედრის კვალი თუ რამდენად წაშალა. დაინახა გაოგნებული მურადი გარშემო როგორ იცქირებოდა, თითქოს არც არაფერი ახსოვდა, შედეგი მიღწეული იყო და უცბად მის ხელში საკუთარი თავსაბურავი დაინახა. ეს უკვე დიდი შეცდომა იყო. მაინც მისი დაკარგვა როგორ ვერ შენიშნა? შემთხვევითობა იყო თუ ბედისწერა? Nნამდვილად დარჩა, თუ ნიშნად თვითონ დატოვა? რატომ? ნუთუ ისე, რომ თავსაც არ უტყდებოდა, ვაჟკაცმა მის გულში რაღაც სიმი შეარხია? ანამ თავი გააქნია, აბეზარი ფიქრები მოიშორა და კლდის შიდა გვირაბით გაუჩინარდა. მან, ეს შემთხვევითი შეხვედრა, თავიდან თითქოს ამოიღო. ისევ წიგნებს და ვარჯიშს დაუბრუნდა. კიდევ უფრო ფრთხილობდა, ჩაიკეტა, რომ არავის შეემჩნია, გარეთ აღარ გამოდიოდა. ბაქრი ბეი ისედაც დაჟინებით აფრთხილებდა და მის წასვლა-მოსვლას მკაცრად აკონტროლებდა. სანამ მურად ბეი სასახლეში იყო გარეთ ცხვირიც არ გამოუყვია, არადა ზღვა და თავისი დელფინი ,,ქარიშხალა” ძალიან მოენატრა. როგორც იქნა მურად ბეი დედაქალაქში გაემგზავრა და ორი თვე მაინც აღარ ჩამოვიდოდა. ანამ თავისუფლად ამოისუნთქა, რამდენიმე დღე კიდევ მოიცადა და შემდეგ ჩვეული სიფრთხილით გარეთ გასვლა იწყო. ციხე-კიშკის გარეთა გალავანი, მურად ბეის ბრძანებით, კარგად იყო გამაგრებული და მკაცრადაც იცავდნენ. ასე რომ ზღვის სანაპირო, აქ, უკაცრიელი, კარგად დაცული იყო და საფრთხეც ნაკლებ მოსალოდნელი. აი დღესაც გადაწყვიტა ჰაერზე გაესეირნა. საყვარელ წყაროსთან მიირბინა, იქვე ჩამოჯდა, თან წამოღებული წიგნი გადაშალა და რატომღაც ჩათვლიმა. დაჟინებულმა მზერამ გააღვიძა და მის წინ მდგარი მურად ბეი დაინახა. ინსტიქტურად გაქცევა სცადა, მაგრამ მისმა მუდარით სავსე მზერამ შეაჩერა. ის უსიტყვოდ უმზერდა ანას. ქალიშვილს შიში არ ეტყობოდა, თავი თავისუფლად ეჭირა და მშვიდად იდგა. მურადმა როგორც იქნა გონება მოიკრიბა, მღელვარებისაგან გამშრალი ენა ამოიდგა და მიმართა: -ვინა ხარ და საიდან გაჩნდი? ზღვის ქაფიდან დაბადებული ფერია ხარ, თუ სულიერი არსება? ანა თავდახრილი იდგა. -ნუთუ შესაძლებელია, რომ ეს სილამაზე ადამიანის გაჩენილი იყოს? –განაგრძო მურადმა, -გთხოვ, ზმანებასავით ნუ გაქრები. ჩემი ნუ შეგეშინდება. -მე არავისი მეშინია, თავის დაცვა კარგად ვიცი და თუ ბედმა მიმტყუნა სიკვდილი ხომ მაინც ჩემს ხელშია. ასე რომ გაფრთხილებ, მოძალადეს მხოლოდ ჩემი უსულო სხეული შერჩება, -უპასუხა ამაყად ქალიშვილმა. -მე მხოლოდ შენი ყურმოჭრილი მონა და შენით აღფრთოვანებული, შენი ერთგული რაინდი ვიქნები. -შენი არ მეშინია, ვიცი რაინდული სულის ადამიანი ხარ და სიტყვის პატრონი,-და დასძინა, -თუ ჩემთან მეგობრობა გსურს, ხვალ, ამ დროს, წყაროსთან მოდი და ვისაუბროთ, ახლა კი უნდა დაგემშვიდობო. და მურადმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ქალიშვილმა თვალებში ჩახედა და უეცრად გაქრა, ისე რომ ვაჟი კვლავ გაურკვევლობაში დატოვა. მურადმა აღარ იცოდა რა ეფიქრა. ყოველ შემთხვევაში მის წინ ხორციელი არსება იდგა, თუმცა როგორ ახერხებდა ასე გრძნეულივით გაუჩინარებას ვერ გაეგო. დაძაბულობისაგან მთლად გაოფლილიყო. სანაპიროსკენ გასწია, ტანთ გაიხადა და ზღვის გრილ ტალღებში გადაეშვა. ცოტათიGგაგრილდა, გონს მოეგო, გული სიხარულით უცემდა, თავისთვის იღიმებოდა. სხარტად გადაიცვა და კოშკში მხიარულ გუნებაზე დაბრუნდა. მთელი ეს საღამო და მომდევნო დღე გონებაგაფანტული დადიოდა. მიხვდა რომ მხოლოდ იმ სირინოზთან შეხვედრაზე ფიქრობდა. ვერაფრით დაეჯერებინა რომ იპოვა, ეშინოდა ეს შეხვედრა მირაჟი, მისი აფორიაქებული გონების ნაყოფი ხომ არ იყო. ანამ მურადთან საუბრის შემდეგ თავისი ხერხი გამოიყენა და ფაკირივით მის თვალსაწიერიდან აორთქლდა. თავი კვლავ თავის მხსნელ სანაპირო კლდეებს შეაფარა და მურადს იქედან უთვალთვალებდა. თან, მურადის დაბნეული სახის შემხედვარე, სიცილს ძლივს იკავებდა. შემდეგ უნებურად თვალი ვერ მოწყვიტა მის კეთილშობილ სახეს, უზადოდ ჩამოსხმულ ათლეტურ სხეულს, ზღვაში რომ მოხდენილად გადაეშვა. უყურებდა, მისი დაკუნთული, მძლავრი მკლავები ზღვის ტალღებს როგორ მიაპობდნენ. წყლიდან ამოსულს სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, რომლის მიზეზიც ალბათ თვითონ იყო და მისდა უნებურად, მოზღვავებული გრძნობებისაგან გული შეეკუმშა. არ იცოდა რა ემართებოდა, ჯერ არასოდეს გული ასე არ აჩქარებია, თანაც კაეშანი შემოაწვა. თავის ოთახში ავიდა, ტახტზე ჩაფიქრებული წამოწვა, რა ექნა არ იცოდა, დღევანდელი შეხვედრის ამბავი ბაქრი ბეისთვის გაემხილა თუ არა. პირველი შეხვედრის შესახებ მოხუცმა მურადისაგან გაიგო, საშინლად შეშინდა და მკაცრად დატუქსა. ყოველნაირად ეცადა მურად ბეის ეს ამბავი დაევიწყა და მისივე რჩევით იყო, ის რომ დედაქალაქში გაემგზავრა. ახლა ეს შეხვედრა რომ გაიგოს, თანაც ის რომ მან გაბედა და პაემანი დანიშნა, საერთოდ ჩაკეტავს და ოთახიდანაც არ გამოუშვებს. ბიბლიოთეკაში შესვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.Aანამ გადაწყვიტა ჯერ არაფერი ეთქვა და საუბარი შემდეგისთვის გადადო. საღამოს მურადმა თავი წესრიგში მოიყვანა, საგულდაგულოდ მოიკაზმა. ამდენი ჩაცმაზე ჯერ არ უფიქრია და საერთოდაც აქამდე ჩაცმულობას დიდ ფიქრს არც ანდომებდა. უბრალოდ ყოველთვის საუკეთერსო ქსოვილს არჩევდა და ყველაზე დახელოვნებულ თერძს აკერვინებდა. არ უყვარდა ტანსაცმელი უხერხულად რომ ადგა და მოძრაობას უზღუდავდა. ჩაცმის სტილს კი ასლანს არჩევინებდა. იცოდა მისი უზადო გემოვნება. ჯერ ადრე იყო, მაგრამ დარბაზში ვერ გაჩერდა და წყაროსთან ჩავიდა. ბოლთას კარგა ხანს სცემდა, ხან ადგებოდა, ხან დაჯდებოდა, თავში ყველა ფიქრი ერთად ერეოდა. უცბად ზღვის სურნელში შერეული იის სურნელი იგრძნო, მისი სურნელი. ის არ ჩანდა, მაგრამ მის მოახლოებას მთელი სხეულით გრძნობდა, ეტყობა სიყვარულმა შეგრძნება გაუმახვილა. მალე ისიც შენიშნა, უბრალო, თხელი, ფირუზისფერი ტილოს კაბა ეცვა, მაგრამ არაჩვეულებრივი ხელოვნებით მოქარგული, თავზე ასეთივე ნაქარგი გრძელი, გამჭვირვალე თავსაბურავი ეფარა, ოქროსფერი სალტით დამაგრებული. მუსულმანი ქალებისგან განსხვავებით, სახეს არ მალავდა, მოდიოდა მშვიდად, ნარნარად, თითქოს მოცურავსო. თმა ამჯერად ორ მსხვილ ნაწნავად ჰქონდა დაწნული, შუა განაყოფზე წვრილი მარგალიტების ძაფი მიჰყვებოდა, ყურზე, იშვიათი სილამაზის, მონაცრისფერო მარგალიტის დიდი ბურთები ეკიდა. სხვა სამკაული არ ეკეთა და არც სჭირდებოდა, იმდენად მომხიბლავი იყო. როცა მურადს მიუახლოვდა, ქალწული შეჩერდა და თვალები ნაზად დახარა, სახეზე გრძელ წამწამთა ჩრდილი გაწვა. მურადიც თავის დახრით, მოწიწებით მიესალმა. ანა წყაროსთან მდგარ მაგნოლიის ხისკენ უსიტყვოდ გაემართა და მის ქვეშ მდგარ ხის მორისაგან გაკეთებულ სკამზე ჩამოჯდომა დააპირა. მურადმა დაასწრო, მხრებიდან ხალათი მოიხსნა, სკამთან მიიჭრა, გადააფარა და მოწიწებით განზე გადგა. ანას ვაჟის გალანტურობა ესიამოვნა და ნაზად გაუღიმა. მისი წითელი, ვარდის ფურცელივით ნაზი ტუჩებიდან ბროლივით თეთრმა უზადო კბილებმა გაიელვა, მურადს თავგზა სულ აებნა და გაფითრდა. შემდეგ როგორც იქნა თრთოლვა შეიკავა და ჰკითხა: -თუ სულიერი არსება ხარ, სახელი მაინც მითხარი, ჩემო ღვთაებავ. -ანა, -მოესმა პასუხად მისი მელოდიური ხმა. ცოტა ხანს უხერხულად ისხდნენ და დუმდნენ. ანა მურადის მოპირდაპირედ, ხის მაგიდის მეორე თავში იჯდა, ძალზე გამართულად, ოდნავ დაძაბულადაც კი, ვაჟს თვალს ვერ უსწორებდა და გრძნობდა რომ ლოყები უხურდა. მურადი კი თვალს არ აშორებდა და კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. -ღმერთო ჩემო, რა ლამაზია!- ფიქრობდა მურადი. თვალს ვერ სწყვეტდა მის ალისფერ ტუჩებს, ვარდისფერ ღაწვებს, უძირო, იისფერ თვალთა დაკვირვებულ მზერას. ნამდვილი ქალღმერთია, ჯადოქარი, ფერია. მოულოდნელად, მურადი მის წინაშე მუხლებზე დაეშვა და მთრთოლვარე ხმით მიმართა: - მე, არასოდეს! არასოდეს, თვით მძვინვარე მტრის წინაშეც კი არ დამიჩოქია და ახლა შენს წინაშე ქედმოხრილი გემუდარები, გახდი ჩემი მეუღლე. მოულოდნელი წინადადებისგან ანა დაიბნა, ყველაფერს მოელოდა: სიყვარულის ახსნას, გაბრაზებას, გაოცებას, მაგრამ პირველივე შეხვედრაზე ხელის თხოვნას? არაფრით. როგორც იქნა გონი მოიკრიბა და უპასუხა: -უმორჩილესად გთხოვთ ახლავე ფეხზე წამოდგეთ, მურადი არც შერხეულა. -ადექით, მე არ მოვითხოვ ჩემს წინაშე დაჩოქებას, რაც შეეხება თქვენს დამცირებას, ეს აზრადაც არ მომსვლია. მურადი მაინც მუხლებზე ჯიუტად იდგა და პასუხს დაძაბული ელოდა. მაშინ ანა წამოდგა, მიუახლოვდა, მხრებზე ხელი შეახო და აიძულა წამომდგარიყო. რაც არც ისე იოლი იყო, რადგან მისი სიახლოვისა და ხელის შეხებისაგან, მურადს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ფეხები საერთოდ მოეკვეთა. ბოლოს ძლივს წამოდგა და მის პირისპირ ჩამოჯდა. ანამ თვალი მშვიდად გაუსწორა და ალერსიანი ხმით მიმართა: -მისმინეთ ბატონო! თქვენ ხომ მე სულ არ მიცნობთ, არც კი იცით ვინ ვარ, როგორი ბუნების, რა ქცევის და როგორი ხასიათის. თქვენ ჩემმა გარეგნობამ დაგატყვევათ და იმის იქით რა იმალება აღარ დაეძებთ. ხომ შეიძლება რომ მე ყოვლად უღირსი, უზნეო და მაცდური არსება ვიყო, თქვენ კი ოჯახში შეყვანას მიპირებთ. -ქალის შეხებისაგან დარეტიანებულმა მურადმა, უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და გაურკვევლად რაღაც ჩაილაპარაკა. უბრალოდ მისი სიახლოვითა და მელოდიური ხმით ტკბებოდა, ნათქვამის აზრი კი მის გონებამდე გვიან დადიოდა. - და საერთოდ გიყვარვართ კი?-განაგრძო ანამ,-ან რა არის თქვენთვის სიყვარული? ის წამიერი ვნება, რომელმაც ჩემი დანახვისთანავე მოგიცვათ? და როცა ის გაივლის? როცა ჩემზე ლამაზმანს გადაეყრებით? მაშინ მე როგორც უსარგებლო ნივთს მომისვრით? -მე, მთლიანად ჩემს თავს, ჩემს ქონებას, ჩემს სახელს გთავაზობ, მზად ვარ მთელი ქვეყნიერება შენს ფერხთ დავდო და შენ კიდევ რა გაუგებარ ენაზე მესაუბრები? თუ გეზარები პირდაპირ მითხარი!-წამოიძახა აღშფოთებით მურადმა და ანას თვალი გაუსწორა. -რა არის აქ გაუგებარი? ეს ენა, ჭეშმარიტი სიყვარულის ენაა, ურთიერთგაგების ენა, რომლის დროსაც ქალი და მამაკაცი სულიერადაც და ხორციელადაც ერთადაა, როცა ორივე თანასწორია, როგორებიც ვართ ჩვენ ყველანი, ღვთის წინაშე. – განა ვერ ხედავთ, რომ მე, სამუდამოდ თქვენი ტყვე ვარ!-გიმეორა მურადმა. ანამ უნდობლად განაგრძო: -ანუ ჩემი გარეგნობის ტყვე? თქვენ ჩემში მხოლოდ ხორციელს ხედავთ, მე როგორც პიროვნება არც კი გაინტერესებთ. თქვენთვის მე ვინ ვარ? უსულო არსება? რომელსაც გრძნობები არ აქვს? თქვენი აზრით ქალს სული არა აქვს? და არც აზროვნების უნარი? თუ ის მხოლოდ ნივთია, მამაკაცის გასართობად გაჩენილი? სიტყვათა ამ ნაკადით გაოგნებული მურადი დუმდა, ასეთ საუბარს ნამდვილად არ მოელოდა, გაოცებული იყო ქალიშვილის გონიერებით, აზრის ნათლად გამოხატვის უნარით. ამგვარად მოაზროვნე ქალს არასოდეს შეხვედრია და საერთოდაც ვერ წარმოედგინა, რომ ქალს შეეძლო განსჯა, თავისი ღირსების დაცვა და ლოგიკური აზროვნება. ანა წამოდგა, წასასვლელად შეტრიალდა, შემდეგ თავი კოხტად მოატრიალა, მურადს ირონიულად გადმოხედა და უთხრა: -მეგონა განათლებული, მოაზროვნე ადამიანი იყავით, გრძნობების, სულიერი მისწრაფებების დამფასებელი, თქვენთვის კი მგონი მარტო თქვენი სურვილია მთავარი, რომელიც სხვის გრძნობებს გამორიცხავს. როგორც ჩანს ასეთია თქვენი შეხედულება და ეტყობა თქვენი აზროვნებაც, - შემდეგ დაამატა: -თქვენს წიგნთსაცავში მქონე ახლადმოპოვებული ქართული პოემა მაინც წაიკითხეთ, თუ ლეილისა და მიჯნუნის ამბავი არ იცითო. მკაცრად გააფრთხილა უკან არ გაჰყოლოდა და ზღვის სანაპიროსკენ დაეშვა. მურადმა განძრევაც კი ვერ გაბედა, მხოლოდ მუდარა დაადევნა და თუნდაც კიდევ ერთხელ შეხვედრა სთხოვა. 7 სასახლეში ასულმა მაშინვე თავის ბიბლიოთეკას მიაშურა, ლაშქრობიდან მოპოვებული ქართული წიგნი გადმოიღო, ხელი გადაუსვა, შეათვალიერა. -მაინც რა ეწერა ასეთი? რა სიბრძნე? Aან ამ უცხო ასულმა რა იცოდა შიგ რა ამბავი იყო მოთხრობილი? და საერთოდ ნუთუ კითხვაც იცოდა? თუმცა ამაში მურადს ეჭვი აღარ ეპარებოდა. მსახურს უბრძანა ბაქრი ბეისათვის დაუყოვნებლივ დაეძახა. ამჯერად მოხუცი მალევე გამოჩნდა, მხნედ იყო, კარგ გუნებაზე და სასაუბროდ განწყობილი. მაგრამ მურადმა არ აცალა, ქართული სამიჯნურო წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი” გაუწოდა და სთხოვა წამიკითხეო. -შენ რა შენი ,,სევდის სენისაგან” არ განიკურნე?Eიცი ეს წიგნი რას ეხება?-გამომცდელად შეხედა სწავლულმა. -დაახლოებით ვიცი,-აღარ უთხრა ისიც ,,შოშიასგანო”, პირველ შეკითხვას კი საერთოდ წაუყრუა. ბაქრი ბეი, წიგნით ხელში, რბილ ტახტზე მოხერხებულად მოკალათდა და კითხვა დაიწყო, რა თქმა უნდა ქართულად, რადგანაც წიგნი ქართულ ენაზე იყო დაწერილი. კარგა ხანს კითხულობდა. მურადი გულისყურით უსმენდა. მან ქართულად კითხვა არ იცოდა, თორემ ენა კარგად ესმოდა. ეს მისი მშობლიური ენა იყო. ჯერ კიდევ პატარა, შვიდი წლისა, შორეულ საქართველოდან მოიტაცეს, კაიროს ბაზარზე გაყიდეს, სადაც ის, სხვა მონებთანN ერთად, მამლუქთა შეიარაღებული რაზმის შესავსებად, ეგვიპტის სულთან კალოუნის ათაბაგმა, ისმაილ უსუფმა შეისყიდა. სამხედრო ხელოვნების შესასწავლად ის, მდინარე ნილოსის ერთ-ერთ კუნძულზე, როდზე გაიგზავნა, სადაც წვრთნას რჩეული მამლუქები გადიოდნენ. შემდეგ იყო გამუდმებული წვრთნა, ჯირითი, ბრძოლები, სადაც მან ყველაფრის მიმართ შესანიშნავი უნარი გამოავლინა და მშვენიერი მამლუქი დადგა. მასავით ცხენიდან ისარს და შუბს ვერავინ სტყორცნიდა. გაჭენებული ცხენიდან მოტრიალდებოდა და მოწინააღმდეგეს ისარს, აუცდენლად ისე მიაწევდა, თითქოს მიწაზე მყარად იდგა და სროლისათვის საგულდაგულოდ ემზადებოდა. უშიშარი ვითარცა უხორცო, იქ გაჩნდებოდა სადაც მის მებრძოლებს ყველაზე მეტად უჭირდათ და ბრძოლაში მხნეობას მატებდა. საზრიანი და მარჯვე ქართველი ბიჭუნა, ათაბაგს თავიდანვე მოეწონა, სახელიც თვითონ შეურჩია- მურადი და ხშირად თავის ამალაში იახლებდა ხოლმე. ახალგაზრდა, ნიჭიერი და ძლიერი მეომარი ეგვიპტის სულთანმაც შეამჩნია და თავისი გვარდიის ერთ-ერთი რაზმის უფროსად დანიშნა. პირველი საბრძოლო ნათლობა მურადმა აიუბიდების არმიის ომებში მიიღო, შემდეგ იყო ბრძოლები თურქებთან, მონღოლებთან, ჯვაროსნებთან. ათაბაგს ის შვილივით უყვარდა, ლაშქრობებისას გვერდიდან არ იშორებდა. მურადიც მის გვერდით თავგანწირვით იბრძოდა და მთავარსარდალს იცავდა. ერთ-ერთ ბრძოლაში, როცა ისმაილ უსუფს, თურქებთან შეტაკებაში ცხენი მოუკლეს, მურადი უმალ დაქვეითდა და თავის ცხენზე შესვა. თვითონ ქვეითმა რამდენიმე მოწინააღმდეგე განგმირა, მის გასათელად წამოსული მხედარი შუბის მარჯვე ტყორცნით ცხენიდან ჩამოაგდო, უნაგირს მარჯვედ მოევლო და სარდლის ამალას შეუერთდა. ისმაილ უსუფმა არ დაივიწყა მისი თავდადება, დააწინაურა, სულთანის მცველი რაზმის უფროსი გახადა და ხმელთაშუაზღვისპირა სასახლის ჩუქებაც მისი დამსახურება იყო. ისმაილ უსუფის დაღუპვის შემდეგ, სარდლის თანამდებობა, მურდის მეგობარმა, ამირა ალ ჰალაბმა დაიკავა. ასე რომ მურადის პოზიცია სულთანის კარზე კვლავ მყარი იყო. ბავშვობის მოგონებებიდან შემრჩა მხოლოდ ციხის ქონგურები, ლამაზად მორთული ოთახი, თვითონ საწოლში და მისკენ დახრილი მშვენიერი სახე მოსიყვარულე თვალებით, ალბათ დედისა. ენა კი არ დაავიწყებია, რადგან რაზმში მრავლად იყვნენ საქართველოდან გატაცებული და მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მამლუქები. მურადი თანდათან შეეგუა ახალ სამშობლოს, ერთგულად და თავდადებულად ემსახურებოდა. წარმატებულიც იყო, ერთგული სამსახურისთვის მრავალი ჯილდო და საჩუქარი მიეღო. ახლა ტახტზე წამოწოლილი, ისმენდა ბაქრი ბეის მოღუღუნე ქართულს და მის თვალწინ იშლებოდა უცხო სამყარო მეფეებისა, მეფის ამაყი ასულებისა, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას, თავის რაინდებს მოუწოდებდნენ გმირობისაკენ, თავდადებისაკენ, იცოდნენ მეგობრობისა და სიყვარულის ფასი. უცებ თხრობა შეწყდა. კითხვით დაღლილმა ბაქრი ბეიმ დასასვენებლად წასვლა სთხოვა. -არა, უნდა დაასრულო! თხრობას ამ ეპიზოდზე როგორ მიწყეტ! -გაბრაზებული წამოჯდა მურადი, მაგრამ მოხუცის დაღლილი სახე რომ დაინახა შეჩერდა. -რადგან შენსას არ იშლი, მე წავალ და ,,შოშიას” გამოგიგზავნი, კითხვას ის დაასრულებს -ამ სიტყვებით, ბაქრი ბეიმ მურადს თავი დაუკრა და გავიდა. ათ წუთში, რომელის მურადს საუკუნედ მოეჩვენა. ,,შოშიაც” შემოვიდა, წიგნი ხელში უსიტყვოდ აიღო, ხალიჩაზე ფეხი მოირთხა და კითხვა განაგრძო. მურადი კვლავ გადაეშვა გმირობის, ღალატისა და სასოწარკვეთის, მეგობრული თავდადების, უანგარო დახმარებისა და ამაღლებული სიყვარულის ზღაპრულ სამყაროში. კითხვას რომ მორჩნენ თავზე დაათენდათ. მურადი ჯერ ვერ გამორკვეულიყო, ბურანში იყო, ისევ პოემის გმირებთან. წიგნის დახურვის ხმამ გამოაფხიზლა. შოშია ადგა და მდაბლად თავდახრილი გასვლას აპირებდა. მაგრამ წიგნის შინაარსით აღელვებული მურადი ვერ ისვენებდა, აზრის გამოსათქმელად თანამოსაუბრე სჭირდებოდა და ..შოშიას” მიმართა: -ეს პოემა ღმერთის შექმნილია!- მღელვარედ წამოიძახა მურადმა,- მასში მთელი ფილოსოფია და დიდი სიბრძნეა ჩადებული. შოშია უსიტყვოდ დაეთანხმა. -თანაც ასეთი მეგობრობა, სიყვარული, თავდადება. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რეალურად არ არსებობს! -რატომ? –მშვიდად ჰკითხა ,,შოშიამ’, -თქვენს აღმატებულებას ერთგული მეგობრები არ ჰყავს? -კი, მაგრამ…….. -ბრძოლის ველზე რაინდული თავდადება არ უნახავს? -რა თქმა უნდა, მერე.. – თავდადებული და ერთგული ქალი არ შეხვედრია? განათლებული და გონიერი? თუ გგონიათ ქალის გონება შეზღუდულია? - შენ მართალი ხარ, მსგავსი რამ ცხოვრებაშიც ხდება,-ჩაფიქრებით უპასუხა მურადმა, -რაც შეეხება ქალებს! მათში მხოლოდ ოქროს სამკაულებით, ძვირფასი სამოსითა და ფუფუნებით ცხოვრების გატაცება მინახია. და ამ ასპარეზზე, მართლაც გასაოცარ გონიერებას და მოხერხებას ავლენენ ხოლმე. -ესე იგი თქვენ არ გჯერათ, რომ ქალს შეუძლია მეგობრობა, ერთგულება და უანგარო სიყვარული? -სისულელეა!! ქალი სხვა რამისთვისაა შექმნილი, -ანუ, მხოლოდ გართობისათვის?! -თუმცა არა! ამ ბოლო დროს ისეთი გადამხდა, რომ.. და ფანჯრიდან ზღვას გახედა. -თუ თქვენ ამ პოემის შემქმნელის ქვეყნის ისტორიით დაინტერსდებით, პოემაში აღწერილ მსგავს ქალთა ამბავსაც მრავლად შეიტყობთ, მარტო მათი მეფე ქალის, მზე თამარის ისტორია რად ღირს, ვისაც, როგორც ამბობენ, პოეტმა ეს პოემა მიუძღვნა. -ჰო, რაღაც გამიგია. - კი მაგრამ შენ ამდენი საიდან იცი? მოტრიალდა მურადი, მაგრამ ,,შოშია” უკვე გასულიყო. მურადი თავის გრძნობებს ჩაუფიქრდა. წაკითხულმა მთელი სამყარო გადმოუტრიალა. დაუფიქრდა თავის ყოფიერებას. ვინ იყო? რას წარმოადგენდა? რისკენ ისწაფოდა? ის შორეული ქვეყანა ხომ მისი ისტორიული სამშობლო იყო. ახლა აქ კი, ახალი სამშობლო და მეგობრები შეიძინა, თავისი მამული და სახლ-კარი. მაგრამ თვითონ მისი გული სად იყო? რომელ სამყაროს ეკუთვნოდა, ძველს მიტოვებულს, რომელიც ბუნდოვან მოგონებადღა დარჩა, თუ ახლადშეძენილს? ამაზე არასოდეს დაფიქრებულა. მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას. ცდილობდა მხოლოდ თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა, თავისი საქმის და მეგობრების ერთგული ყოფილიყო, ურთიერთობებში პატიოსანი, ვერ იტანდა ინტრიგებს, რაც სულთანის კარზე ასე უხვად იყო. თვითონ უებრო მეომარი, სხვებშიც ვაჟკაცობასა და ერთგულებას აფასებდა. თავის რაზმში სულ რჩეული და მისთვის თავდადებული მამლუქები ჰყავდა. თვითონაც ბრძოლის ველზე მათ გვერდით იბრძოდა, ბრძოლაში ახალბედებს იცავდა და მრავალი მათგანის სიცოცხლეც გადაურჩენია. რაზმს თავისი მამაცი მეთაური, რომელიც მათთან ერთად იზიარებდა ლაშქრობის მთელ სიმძიმეს, ძალიან უყვარდა და მისთვის სულსაც უყოყმანოდ დადებდა. ამდენი საკუთარ თავზე საერთოდ არ უფიქრია. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ქვევით წყაროსთან სულმოუთქმელად ჩაირბინა, თუმცა ამაოდ, არავინ გამოჩენილა. ზედიზედ სამი დღე ელოდა ანას, სასახლეში დაბრუნებული ისეთ საშინელ ხასიათზე იყო, რომ მსახურები შიშით გვერდს უქცევდნენ, ცდილობდნენ თვალში არ მოხვედროდნენ. ბაქრი ბეისთან საუბარიც აღარ ართობდა, რამდენჯერმე ,,შოშია” მოიკითხა, მისი წყნარი ხმის მოსმენა სურდა, მაგრამ ბაქრი ბეიმ უთხრა რომ ის რაღაც საქმეზე ჰყავდა გაგზავნილი და რამდენიმე დღე არ იქნებოდა. უკვე მეხუთე დღე იყო, რაც წყაროსთან გვიმრას მოუთმენლად და დაჟინებით ტკეპნიდა, აღარ იცოდა რა მოემოქმედა, რომ უცებ ზღვის სურნელთან ერთად, კვლავ იის მათრობელა სურნელი შეიგრნო, სურნელი რომელიც მის სირინოზს ყოველთვის თან ახლდა, მოტრიალდა და ანა დაინახა. სიხარულისაგან თავი ვერ შეიკავა, მივარდა, მხრებში ხელი წაავლო, უნდოდა გულში ჩაეკრა და ალერსით დაეხრჩო. ანამ იუკადრისა უხეშობა და ხელის კვრით ჩამოიშორა. მურადი შეცბუნდა და ქალს მიმართა: -შენი განაწყენება არ მინდოდა, უბრალოდ შენი დანახვისაგან აღელვებულმა თავი ვერ შევიკავე, -მერე, ეს უფლებას არ გაძლევთ უხეშად მომექცეთ, -უსაყვედურა ანამ. -შენ ხომ ამდენი ხნით მიმატოვე, ისე რომ იმედიც არ დამიტოვე! - მერე, ფიქრობთ რომ უხეშობით რამეს მიაღწევთ? ან სიყვარულს ძალით მოიპოვებთ? -მაპატიე ჩემო დედოფალო, მაგრამ მიჩვეული არ ვარ უარს, მით უმეტეს ქალისგან. - რატომ? რადგან მდიდარი და ძლიერი ხართ, ფიქრობთ ყველა ფეხქვეშ უნდა გეგებოდეთ და თქვენს ბრძანებებს ასრულებდეს? -მოძალადე არასოდეს ვყოფილვარ!- აღშფოთებით შესძახა მურადმა. ანა კი განაგრძობდა: -და სხვისი სურვილი, სხვისი აზრი არ გაინტერესებთ? სხვისი გრძნობების, თუნდაც ქალის გრძნობების, პატივისცემა არ შეგიძლიათ? -ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ და აზრადაც არ მომსვლია მსგავს თემებზე ქალებთან მესაუბრა. და საერთოდ ფილოსოფიური მსჯელობები დამეწყო ქალთან, რომელთანაც უნდა დავწოლილიყავი. მე ის მინდოდა, მას ვუნდოდი და სხვა ყველაფერი სისულელეა! -ჰოდა დროა დაფიქრდეთ რა გსურთ. ვინ გინდათ თქვენს გვერდით რომ იყოს, თქვენი ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებელი ლამაზი სათამაშო, თუ თქვენი მოყვარული და მეგობარი ქალი, რომელიც თქვენი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი იქნება. -ირონიულად შენიშნა ანამ. -რომელი სათამაშო! მე ფიანდაზად გეგები და შენ ერთი კოცნის ღირსადაც არ მიგაჩნივარ?-კვლავ აღშფოთდა მურადი. -არამცთუ ურთიერთობა, თვით კოცნაც კი აბსოლუტურად განსხვავებულია ძალით არის მოპოვებული, ორივე მხრის ნებით, თუ სიყვარულით. -კოცნა, კოცნაა, მას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება,- ქედმაღლურად შენიშნა მურადმა. ანას ჭკუის სასწავლებლად, ერთმა ეშმაკურმა აზრმა გაუელვა და განაგრძო: -მართლაა? მოდი ვცადოთ! ნებას გაძლევთ, მაკოცეთ! მურადი ყურებს არ უჯერებდა, გაუბედავად მიუახლოვდა და მის ტუჩებს მწყურვალივით დაეწაფა, მაგრამ მაგრად მოკუმულ, ცივ ტუჩებს შეეხო და გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ანამ ხელი ჰკრა და ზიზღით გადააფურთხა. აღშფოთებისაგან მურადს თვალთ დაუბნელდა, მზად იყო ანა გაეგლიჯა და თავი ძლივს შეიკავა რომ სილა არ გაეწნა. შექანდა და იქვე ხის მორზე ჩამოჯდა, რომ არ წაქცეულიყო. მდგომარეობიდან ისევ ანას მშვიდმა ხმამ გამოიყვანა: -ეს პირველი ვარაუდი იყო, ძალადობით მოპოვებული კოცნა. რა იყო, არ მოგეწონათ ბატონო?! აღშფოთდით? და რა გგონიათ, ქალი რას გრძნობს ამ დროს? დაძაბულმა მურადმა შუბლზე ცივი ოფლი მოიწმინდა და ხმა ვერ ამოიღო. -ახლა სხვაგვარად ვსცადოთ, მოესმა ანას მელოდიური ხმა. შემდეგ ბურანში იგრძნო, მისკენ როგორ დაიხარა ანა, მისი სახე როგორ გაეხვია ალისფერ, აბრეშუმივით ნაზ თმებში, როგორ მიუახლოვდა სათაყვანებელი სახე და როგორ ფაქიზად შეეხო მის ტუჩებს ანას ტუჩები, მთელ სხეულში როგორ დაუარა ჟრჟოლამ, შემდეგ თვითონ როგორ ვნებიანად დაეკონა მათ და მთელი თავისი სიყვარული, წუხილი და ვნება ამ ხანგრძლივ, ტკბილ კოცნაში ერთიანად როგორ ჩააქსოვა. როცა გამოერკვა, მორზე იჯდა, მარტოდმარტო, უკვე ჩამობნელებულიყო. ვაჟის ვნებიანმა კოცნამ ანა მთლიანად დაიპყრო, თვალები დახუჭა და ამ ხანგრძლივ ყოვლისმომცველ კოცნას მთელი არსებით მიჰყვა. იგრძნო, რომ თამაშში შორს შეტოპა. მალე გონს მოეგო, მურადს ხელი მსუბუქად ჰკრა, მოიშორა და უკანმოუხედავად გაიქცა. თავის სამალავში ავიდა, გული გამალებით უცემდა. მიხვდა, რომ ეს თამაში აღარ იყო და არც მისი დამარცხების დრო იყო ძალიან შორს. თავის ოთახში ასული საწოლზე გადაწვა, თავი ხელებში მოიქცია და თავის მდგომარეობას ჩაუფიქრდა. გრძნობდა დიდხანს ვერ გააგრძელებდა ამ თამაშს, რამე უნდა გადაეწყვიტა. მიხვდა, რომ თავდავიწყებით იყო შეყვარებული მურადზე და თანაც უკვე დიდი ხანია. უფრო სწორად პირველივე ნახვაზე შეუყვარდა, როცა მურადი თავის კაბინეტში რუქებს ჩაფიქრებული დასცქეროდა. მისი მზემოკიდებული სახე ისე ვაჟკაცურად და კეთილშობილურად გამოიყურებოდა, რომ ანა მაშინვე მოიხიბლა. თხუთმეტი წლისა გახდა და პირველად ხედავდა ასეთ მომხიბლავ მამაკაცს. თუცა ვის შეადარებდა, თავის მამობილ ბაქრის? თუ ერთგულ მეგობარსა და მეორე მამობილ ალის? სხვა ვისი ნახვა შეეძლო საბრალო ტყვედყოფილს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მანანა კაკაჩიას უხეშ მაგალითს მოვიყვან: ცისფერყანწელებს ბესიკივით, ან საიათნოვასავით რომ ეწერათ არ მგონია რომელიმე მათგანს მოეღწია დღევანდელ დღემდე. ჩემთვის კი სტილიც და თემატიკაც მოძველებულია და საერთოდ არ ეხმიანება ეპოქას. არ მგონია რომ მამელუქების თემა იმდენად აქტუალურია, რომ მის გარეშე ვერ ძლებდეს 21 საუკუნის ქართული ლიტერატურა.
პ.ს. კიდევ ერთხელ წარმატებები ავტორს მანანა კაკაჩიას უხეშ მაგალითს მოვიყვან: ცისფერყანწელებს ბესიკივით, ან საიათნოვასავით რომ ეწერათ არ მგონია რომელიმე მათგანს მოეღწია დღევანდელ დღემდე. ჩემთვის კი სტილიც და თემატიკაც მოძველებულია და საერთოდ არ ეხმიანება ეპოქას. არ მგონია რომ მამელუქების თემა იმდენად აქტუალურია, რომ მის გარეშე ვერ ძლებდეს 21 საუკუნის ქართული ლიტერატურა.
პ.ს. კიდევ ერთხელ წარმატებები ავტორს
12. კარგი იყო, შემდეგებსაც წავიკიტხავ, მაგრამ სუფიზმზე რომ გიწერიატ ლიტერატურული მიმდინარეობაო, იკქნებ ცაასწოროტ, რელიგიურ მიმდეინარეობად უფრო სწორად კი ისლამის შიგნიტ , მიმდინარეობად, სხვამხრივ მე ვერ გამოვდგენბი შემფასებლად ისტორიული სინამდვილისა და საკიტხავად კი მომეწონა და ალაბრ მტავრიც ეგაა:) წარმატებებს გისურვებტ კარგი იყო, შემდეგებსაც წავიკიტხავ, მაგრამ სუფიზმზე რომ გიწერიატ ლიტერატურული მიმდინარეობაო, იკქნებ ცაასწოროტ, რელიგიურ მიმდეინარეობად უფრო სწორად კი ისლამის შიგნიტ , მიმდინარეობად, სხვამხრივ მე ვერ გამოვდგენბი შემფასებლად ისტორიული სინამდვილისა და საკიტხავად კი მომეწონა და ალაბრ მტავრიც ეგაა:) წარმატებებს გისურვებტ
11. მენემო, საუკუნეს რა მნიშვნელობა აქვს? კარგად დაწერილს მკითხველი ყოველთვის ეყოლება. ისეთი ნაწერია, რომ ბოლომდე ჩაგეკითხება :) დანარჩენებს ხვალ წავიკითხავ. წითელი ხელი რატომ აქვს ნეტა? მენემო, საუკუნეს რა მნიშვნელობა აქვს? კარგად დაწერილს მკითხველი ყოველთვის ეყოლება. ისეთი ნაწერია, რომ ბოლომდე ჩაგეკითხება :) დანარჩენებს ხვალ წავიკითხავ. წითელი ხელი რატომ აქვს ნეტა?
10. წავიკითხე და დავტოვებ კომენტარსაც. ჩემის აზრით ნაწარმოები დროშია აცდენილი, რომ დაწერილიყო მეოცე საუკუნის დასაწყისში ალბათ ჩემი ბავშვობის საყვარელი ნაწარმოები გახდებოდა (ტექნიკურ პრობლემაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან არ არის მნიშვნელოვანი). პ.ს. კომენტარს არ ვწერ, რომ რამე გაითვალისწინოთ, ჩემ აზრს გამოვთქვამ უბრალოდ. ნაწარმოებს აუცილებლად ეყოლება და ყავს საკუთარი მკითხველი, წარმატებებს გისურვებთ წავიკითხე და დავტოვებ კომენტარსაც. ჩემის აზრით ნაწარმოები დროშია აცდენილი, რომ დაწერილიყო მეოცე საუკუნის დასაწყისში ალბათ ჩემი ბავშვობის საყვარელი ნაწარმოები გახდებოდა (ტექნიკურ პრობლემაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან არ არის მნიშვნელოვანი). პ.ს. კომენტარს არ ვწერ, რომ რამე გაითვალისწინოთ, ჩემ აზრს გამოვთქვამ უბრალოდ. ნაწარმოებს აუცილებლად ეყოლება და ყავს საკუთარი მკითხველი, წარმატებებს გისურვებთ
9. ხალისიანად იკითხება. ხალისიანად იკითხება.
8. ხალისიანად იკითხება. ხალისიანად იკითხება.
7. დიდი მადლობა კომენტარებისათვის. ნეფერტარის შემდეგ ჯერ საერთოდ გადავიფიქრე დადება. შემდეგ მაინც გავბედე. საერთოდ ამ საიტის ბევრი ავტორი ისე კარგად წერს, მე ახლოსაც ვერ მივალ. დიდხანს მხოლოდ სტუმარი ვიყავი, რეგისტრაციის გარეშე. დიდი მადლობა კომენტარებისათვის. ნეფერტარის შემდეგ ჯერ საერთოდ გადავიფიქრე დადება. შემდეგ მაინც გავბედე. საერთოდ ამ საიტის ბევრი ავტორი ისე კარგად წერს, მე ახლოსაც ვერ მივალ. დიდხანს მხოლოდ სტუმარი ვიყავი, რეგისტრაციის გარეშე.
6. დავტოვე ხუთი ქულა, წავიღე ასლი. ნორმალურად დავალაგებ და კიდევ წავიკითხავ გულდასმით "ტანჯვის" გარეშე. ამისი წაკითხვა ხელმეორედ ღირს. დაწვრილებით მაშინ მოვიწერები მოსაზრებას.
ადმინებო, თუ შეიძლება დადეთ რაიმე ინსტრუქცია ტექსტის ფორმატირებისთვის ამ ვებ გვერდზე. ხომ ხედავთ რომ ახალბედებს უჭირთ.
დავტოვე ხუთი ქულა, წავიღე ასლი. ნორმალურად დავალაგებ და კიდევ წავიკითხავ გულდასმით "ტანჯვის" გარეშე. ამისი წაკითხვა ხელმეორედ ღირს. დაწვრილებით მაშინ მოვიწერები მოსაზრებას.
ადმინებო, თუ შეიძლება დადეთ რაიმე ინსტრუქცია ტექსტის ფორმატირებისთვის ამ ვებ გვერდზე. ხომ ხედავთ რომ ახალბედებს უჭირთ.
5. მურად ბატონო, დიდი მადლობა პირველ ყოვლისა. ახლა თქვენს მოთხრობაზე, გთხოვთ დიალოგები ახალი ხაზით დაიწყო. გამიჭირდა წაკითხვა, მაგრამ მომეწონა...:)
მურად ბატონო, დიდი მადლობა პირველ ყოვლისა. ახლა თქვენს მოთხრობაზე, გთხოვთ დიალოგები ახალი ხაზით დაიწყო. გამიჭირდა წაკითხვა, მაგრამ მომეწონა...:)
4. ფრიად საინტერესოა,ველოდები მოვლენების შემდგომ განვითარებას ) ფრიად საინტერესოა,ველოდები მოვლენების შემდგომ განვითარებას )
3. აქ კომენტარი რომ არ დავტოვო არ შეიძლება, იმდენად საინტერესო თხრობაა, მდიდარი ლექსიკა, სიუჟეტის დამაჯერებელი, ხატოვანი აღწერა, გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის არა განყენებული თხრობით გადმოცემა, არამედ მოქმედებით აღწერა. მხოლოდ მცირე შენიშვნა მაქვს (მე არა, საიტის სხვა წევრების აზრს ვითვალისწინებ), მცირე ნაწილად დადევით, თორემ უმრავლესობას დიდი მოცულობის კითხვა ეზარება და აქ მხოლოდ ჩემნაირი შემოხეტიალდება, შესაბამისად კომენტარების რაოდენობაც ცოტა იქნება). თავფურცელზე ისევ გავა ნაწარმოებები, რომლებიც ბევრ კომენტარს დააგროვებენ, მაგრამ მათი ლიტერატურული და ესთეტიკური ღირებულება საეჭვოა. ჭეშმარიტი მწერლის ხელწერაა, წარმატებები. აქ კომენტარი რომ არ დავტოვო არ შეიძლება, იმდენად საინტერესო თხრობაა, მდიდარი ლექსიკა, სიუჟეტის დამაჯერებელი, ხატოვანი აღწერა, გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის არა განყენებული თხრობით გადმოცემა, არამედ მოქმედებით აღწერა. მხოლოდ მცირე შენიშვნა მაქვს (მე არა, საიტის სხვა წევრების აზრს ვითვალისწინებ), მცირე ნაწილად დადევით, თორემ უმრავლესობას დიდი მოცულობის კითხვა ეზარება და აქ მხოლოდ ჩემნაირი შემოხეტიალდება, შესაბამისად კომენტარების რაოდენობაც ცოტა იქნება). თავფურცელზე ისევ გავა ნაწარმოებები, რომლებიც ბევრ კომენტარს დააგროვებენ, მაგრამ მათი ლიტერატურული და ესთეტიკური ღირებულება საეჭვოა. ჭეშმარიტი მწერლის ხელწერაა, წარმატებები.
2. ძალიან მომეწონა, საინტერესო იყო და , ისე შემიყოლა თხრობამ რომ ბოლომდე შეუმჩნევლად მივედი, ძალიან სასიამოვნოდ წამეკითხა. ნაწარმოების ავტორზე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ არის განათლებული, ინტელექტუალური, რომატიკული,ფილოსოფიურ -საკითხებში გარკვეული ამავე დროს კარგი პიროვნება. ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მომეწონა, საინტერესო იყო და , ისე შემიყოლა თხრობამ რომ ბოლომდე შეუმჩნევლად მივედი, ძალიან სასიამოვნოდ წამეკითხა. ნაწარმოების ავტორზე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ არის განათლებული, ინტელექტუალური, რომატიკული,ფილოსოფიურ -საკითხებში გარკვეული ამავე დროს კარგი პიროვნება. ვუსურვებ წარმატებებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|