ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2015


აფხაზი ბიჭი

აფხაზი მეზობელი მყავდა. ახსალბა იყო გვარად. ტიკვა ერქვა სახელი. ასე ოცდაორ წლამდე ბიჭი. ქერა, მაღალი და აწოწილი. ჩემი კარის მეზობელს ემეგობრებოდა და გათენიბისთანავე, მე რომ დედას ბაღში მივყავდი, ისინი უკვე ცხენისწყალზე გარბოდნენ. თევზაობდნენ.
- დღეს საჭმელს არ გავაკეთებ, თქვენი ნადავლის იმედი მაქვსო - გაეხუმრებოდა დედა. გზაში ჯირითობდნენ, ააამტვერებდნენ შუკას, ბუღში გაეხვეოდნენ და უკვე შორს ვხედავდი, გზა რომ გადაიწმინდებოდა.
ომი რომ დაიწყო და ჩვენ უკვე გამოსაქცევად ვემზადებოდით, პირველი ტიკვა მოვარდა აფხაზური დასახლებიდან. სხვა არც ერთი აფხაზი გაგავკარებია ! ოფლში იწურებოადა, ცხენიც გათქვირული, მეგობართან მიიჭრა, აფხაზურად მოსთქვამდა, ზარი იყო უფრო, რაღაც დატირების მაგვარი. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ სხვისი ტკივილის გასაგებად სულ არაა საჭირო, ენა იცოდე !
- შენ არ წახვიდეო, ეხვეწებოდა , მე დაგიცავო ! მოხუცები გაუშვი და დარჩი... დამიჯერე, ძმაო, ეგენიც მალე დაბრუნდებიანო !
ერთ ადგილას ვერ აჩერებდა ცხენს, ტუჩებს იკვნეტდა და ტიროდა, სულ ტიროდა.... ამიტომ დამამახსოვრდა , პირველად ვნახე კაცის ტირილი და მიკვირდა. ქალები კი მინახავს , მეზობლის გასვენებაში როგორ იკაწრავდნენ სახეს, იმათ ჰგავდა მაშინ ტიკვა. თავში იშენდა ხელებს, უდანაშაულო ცხენს მალ- მალე გადასცხებდა მათრახს, ისევ ძველებურად ამტვერებდა  გზას...
ყველა წამოვედით. თითქმის დაცარიელდა სოფელიც. მხოლოდ კაცები დარჩნენ, ისინიც საბრძოლველად და მერე იხსენებდნენ : დათვრებოდა აფხაზი ტიკვა და მეგობრის ჭიშკარს მიადგებოდა თურმე ყოველ ღამით. ზეპირად იცოდა ტიკვამ, ვის ღვინო ჰქონდა და ვის არაყი , ცარიელ სახლებში შედიოდა და გამოტყვრებოდა.
- ძმაო, ძმაო, ძმაო - ეძახდაო რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე.  ბღაოდა, მიწას ჩიჩქნიდა, ჭიშკრის  წინ დიდ ქვაზე ჩამოჯდებოდა და  ტიროდა. ის ქვა მეც მახსოვს, თევზაობა თუ გადაიდებოდა, სულ იქ ისხდნენ ბიჭები...
გამოუვარდებოდა მერე რომელიმე სოფელს შეხიზნული, რუსი, ჩეჩენი, მეგრელი თუ აფხაზი :
- აქ აღარ ცხოვრობს შენი ძმა, დაახვიე, თორემ შუბლს გაგიხვრეტო !
- აა...ხო...გამახსენდა... წავიდა, ხო... ვიცი...არ დარჩა...ბოდიშით, არ მახსოვდა... ძმებო, მისამართი ხომ არ იცით? ... არა ხო ? ... კაი, კაი, მივდივარ ! - და არეული გაუყვებოდა გზას.
რამდენიმე თვეს იწვალა ასე.
მერე... მერე მეგობრის სახლში იპოვეს.
ცხენი ნახეს ჭიშკარზე გამობმული და ახსალბას ცხენიაო, იცნეს !
თავი ჩამოიხრჩო ტიკვამ...
ვერ ზიდა ცარიელი სოფელი მარტომ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები