ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტკბილი ნო-ემ-ბე-რი
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2015


(მონახაზი) ნილზე

      როცა უიმედობის კუნძულზე მებადურმა ალიმ ლიმნისფერთმიანი და გაკნაჭულფეხებიანი ბიჭი იპოვა და შეიფარა, მზემ იფიქრა, რომ უსამართლოდ გაანაწილა სხივები და უიმედობის კუნძული ოცდახუთწლიანი ნისლისა და ღრუბლებისგან, მუდმივი ღამისგან გაათავისუფლა და თავისი კალთის ქვეშ შეფარებული ყველაზე სათუთი სხივი გააგზავნა.
      დაიბადა ნილი. ოცდახუთი წლის შემდეგ პირველად მოევლინა ახალი სიცოცხლე კუნძულს. მოვიდა ნილი და აღარ იყო ომი და იყო მშვიდობა, წავიდნენ ნისლები და წაიღეს სიცივე. მოვიდა ნილი და მოიყოლა მზე, სითბო, სიკეთე და სიყვარული. თავად სიყვარული იყო ნილი...
      იზრდებოდა და ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს, კურნავდა ყველა სნეულს, აპურებდა ყველა მშიერს. ხალხი კი უყურებდა და ამბობდა ბევრ რამეს. ამბობდნენ, რომ ნილი ისეთი გრძნეულია, შეუძლია ჩიტების ენაზე ილაპარაკოსო, ისეთი ლამაზია, ვინც თვალებში ჩახედავს ყველა ტყვევდებაო, ამბობდნენ, რომ ნილს მზესუმზირების ბაღი აქვს და ამ ბაღში არასოდეს ღამდებაო.
        ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ სადაც ნილი იყო, იქ ყველაფერი კაშკაშებდა და ბრწყინავდა, არავის შიოდა და არავის არაფერი სტკიოდა, და ყველა იღიმოდა... ყოველ გაზაფხულზე მოდიოდნენ ნილთან გადამფრენი ჩიტები შორეული ქვეყნებიდან და მოჰქონდათ სხვა და სხვა ფერის ყვავილები, მოჰქონდათ საუცხოო სურნელი და ტოვებდნენ ნილთან.
        მოხუცი ალი ამბობდა, რომ ნილმა თავის ღრმა თვალებში შეიტყუა და მისი სხეულიდან სიმსივნე ამოძირკვა. ისიც თქვა, იმ ღამეს ნილის მზესუმზირები არ ანათებდნენო და მზესთან ერთად მოვიდაო ეს გოგო ჩვენს გადასარჩენად.
        ნილს გრძელი, გიშრისფერი თმა და აკვამარინისფერი, ზღვის ფსკერზე ღრმა თვალები ჰქონდა. ეს თვალები ყველაზე მეტად ლიმნისფერთმიან ბიჭს უყვარდა, უფრო სწორად, ბიჭს უყვარდა სიკეთე ნილის თვალებში, მზესუმზირის ყვავილების გვირგვინი თავზე და ღიმილი ნილის სახეზე. ნილსაც უყვარდა გაკნაჭულფეხებიანი ბიჭი. ნილს ყველა უყვარდა.
        და ყოველ დილით მოხუც ალისთან ერთად სათევზაოდ წასულ ლიმნისფერთმიანს ნილისთვის მარგალიტის ნიჟარები მოჰქონდა. ნილი მარგალიტებს აგროვებდა და ჩიტების მოტანილ ყვავილებთან და შორეული ქვეყნების სურნელთან ერთად სკივრში ინახავდა.
      და როცა ლიმნისფერთმიანი ბიჭი ნილთან სკივრის სანახავად მიდიოდა ნილის ბაღში მზესუმზირები კაშკაშებდნენ და ბედნიერებისფერი ხდებოდა ნილის ქოხის კედლები, ლიმნისფერთმიანი ბიჭიც და ნილიც, როცა ოდნავ წამობურცულ მუცელს უყურებდა. ბედნიერი იყო, მაგრამ როცა მის ბაღში ერთი მზესუმზირა ჩაქრა, ნილმა იგრძნო, რაღაც ცუდი იყო მოსალოდნელი. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ქრებოდნენ მზესუმზირები და ერთი კვირის თავზე დაიღუპა კაცი იმ კუნძულზე, რომელსაც დიდი ხანია სიკვდილი არ მიჰკარებია.
      ხალხი პანიკაში ჩავარდა, ერთი დაიღუპა, ათი დასნეულდა, იფიქრეს, გრძნეული ნილის ჯადოქრობის გამო გვსჯიან ნისლებიო.
      ხმა გავარდა-ბოროტიაო ნილი, უბედურება და მანკიერება მოაქვსო,უნდა წავიდესო აქედან, დატოვოსო კუნძული...
        აღარ გვინდიხარო, მიაძახა ხალხმა და მაშინ ჩაქრა ნილის თვალებში სინათლე და ნელ-ნელა დაშრა ნილი სიკეთისგან. თებერვლის სუსხიან თვეში სიცოცხლისგანაც დაშრა ნილი, გოგონა, რომელსაც გიშრისფერი თმა და ყველაზე ღრმა თვალები ჰქონდა მსოფლიოში და მის სიკვდილთან ერთად სიყვარულისა და სიკეთის ნაყოფიც ჩაკვდა ნილის სხეულში.
      მოდიოდნენ ჩიტები, შორეული ქვეყნებიდან უდროოდ ბრუნდებოდნენ და მოჰქონდათ მზესუმზირის გვირგვინები და აცილებდნენ გოგოს, რომელიც სიყვარულად მოევლინა კუნძულს, მაგრამ სამყარომ არ დაიმსახურა იგი...
      მიჰყვებოდა ნილისკენ მიმავალ გზას ლიმნისფერთმიანი ბიჭი. ბიჭი, რომელიც აღმართზე მიმავალი პატარავდებოდა, მიდიოდა კუნძულის ყველაზე ამაღლებულ ადგილას, სადაც ნილის გაშეშებული სხეული და სამუდამოდ დახუჭული თვალები ეგულებოდა. მიდიოდა ნისლში და მხოლოდ გამთენიისას მიაღწია მწვერვალს, რომელიც უკანასკნელად გაანათა მზემ და გული გაიღო ლიმნისფერთმიანი ბიჭის შესაფარებლად.
      სამუდამოდ გამოიხმო მზენ თავისი ყველაზე სათუთი სხივი, რომელიც დაუმსახურებლად მიუვლინა კუნძულს და უკან მიმკრთალი დაიბრუნა. იმ დღეს იმედმაც დატოვა კუნძული. იმ იმედმა, რომელსაც გაკნაჭული ფეხები ჰქონდა და ლიმნისფერი თმა... იმ დღეს სამუდამოდ წავიდნენ ჩიტები და წაიღეს უცხო ქვეყნების მომაჯადოებელი სურნელი, იმ დღეს სულ მთლად გახმა მზესუმზირის ბაღი და წავიდა სინათლე.
      და იმ დღეიდან მებადურმა ალიმ კუნძულს მარადიული გასაჭირის კუნძული დაარქვა.
      ცოტა ხანში კუნძული სიმართლემაც დატოვა-მებადური ლიმნისფერთმიანი შვილობილისკენ არსაით მიმავალ ბილიკს გაუყვა, მარადიული გასაჭირის კუნძულს კი ნისლები სამუდამოდ დაეპატრონნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს