ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მმმმმ
ჟანრი: პროზა
30 ნოემბერი, 2015


თავები

- უკაცრავად, რა ხდება, სად მივდივართ? - ისე იკითხა, უმისამართოდ. არავინ რომ უპასუხა, მაშინ მკლავში წაავლო ხელი გვერდით ნიკაპაწეულ ქალს. - ხომ ვერ მეტყვით, სად ვართ?

- არ ვიცი, არ ვიცი. - ყურში ჩასჩურჩულა ქალმა და მისი ხელი დაბნეულად მოიშორა.

- თქვენ ხომ არ იცით, საით მივდივართ? - მაშინ მეორე მხარეს გადაულაპარაკა ქუდიან კაცს.

- არაფერი ვიცი. - უპასუხა მან.

წინიდანაც მოუბრუნდნენ და უთხრეს - არ ვიცით, არაფერი ვიცით.

- მაშინ სხვებს კითხეთ, იქნებ მათ იცოდნენ.

- არც მათ იციან, უკვე ვკითხეთ. ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ არაფერი იციან.

- მაშინ, საერთოდ რატომ მივდივართ, თუ არავინ იცის საით მივდივართ?

ყველამ ისე აიჩეჩა მხრები, გეგონება შეთქმულები ყოფილიყვნენ.

- წინ ხომ მიდის ვიღაც, იმას მაინც ეცოდინება. - გადაულაპარაკა ქალს, რომელიც უკვე თითის წვერებზე აწეულიყო, წარბები კი უკან გადაქაჩვოდა ზედმეტი მონდომებით თვალებდაფჩენილს.

- ვერაფერს ვხედავ. იქნებ თქვენ სცადოთ.

თვითონაც აიწია როგორც შეეძლო და ასე იდგა სანამ თითები არ ეტკინა.

- მეც ვერაფერს ვხედავ თავების გარდა.

- სჯობს იაროთ, თორემ გადაგვთელავენ. - ახლა ქალმა წაავლო მკლავზე ხელი და თავისკენ მიიზიდა.

- რატომ მეჯაჯგურებით?! - უკან მიუბრუნდა სხვებს და მათაც მაშინვე ჩაწიეს ხელები.

- ჩვენც გვაწვებიან, აბა რა ვქნათ? - მიუგეს მოწყენილი სახეებით. - წინ თუ არ წახვალთ, კი ვწუხვართ, მაგრამ იძულებულები გავხდებით, გადაგიაროთ.

- ო, როგორ ჭირს სუნთქვა. - ჩაიბუტბუტა ქალმა. - იქნებ ადგილი მაინც იცნოთ, სად ვართ?

- მარტო ცას და უამრავ თავს ვხედავ, წარმოდგენა არ მაქვს, სად ვართ. - მიუგო და გაჩუმდა.

- რაზე ფიქრობთ?

- წინ ხომ არ წავიდეთ? - ჰკითხა ქალს.

- უკვე ვცადე, არაფერი გამოგივათ. სჯობს წყნარად ვიაროთ და ვნახოთ სად მივალთ.

- დიახ, ასე აჯობებს. - დაეთანხმა ქალს ქუდიანი კაციც. - აქედან გასვლა რომ შეგეძლოს, ან გოლიათი უნდა იყო, ყველას რომ გადაუარო და ან ისეთი პატარა, ფეხის დადგმითაც რომ ვერ გაგსრისონ.

- როდემდე ვიაროთ ასე? - იკითხა, მაგრამ არავინ უპასუხა.

ვიღაცამ იკივლა. ისე შეტორტმანდა ხალხი, რომ თავადაც მიყვა ტალღას.

- გადათელეს. - თქვა ქალმა და პირზე ხელი აიფარა. ვერ გაიგებდი შეშფოთებას მალავდა თუ ღიმილს.

- მივეხმაროთ მერე. - თქვა და იქით გაიწია, სადაც კივილის ხმა ჩუმდებოდა, მაგრამ არავინ გაატარა. ყოველ განძრევაზე ისე შემჭიდროვდა ხალხი, რომ გაძრომა ვერაფრით მოახერხა. იფიქრა ჩავიკუზები და ისე მაინც გავძვრები ფეხებს შორისო, მაგრამ დასახრელი ადგილიც ვერ გამონახა.

- ფრთხილად!- შეჰკივლა ქალმა და ფეხზე იტაცა ხელი. - ხომ ხედავთ, თქვენ გამო ყველას გადაგვთელავენ.

- მაპატიეთ. - ხელი მიაშველა და ფეხზე წამოაყენა.

- გაიარეთ, გაიარეთ - ღრიალებდნენ უკნიდან. - ვერ ხედავთ, თქვენ გამო ყველას გადაგვთელავენ!

მიბრუნდა რომ ენახა, ვინ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველა პირი დახურული დახვდა.

- როდემდე ვიაროთ ასე? - კითხა ყველას.

- დაველოდოთ და ვნახოთ.

ისევ გაისმა ყვირილი, მაგრამ ახლა სხვა მხრიდან. აღარაფერი უცდია, თავი მიაბრუნა მხოლოდ, მაგრამ თავების გარდა ვერაფერი დაინახა.

- სანამ ასე მივდივართ, დრო ხომ არ გაგვეყვანა მაინც რამით? - კითხა ქუდიანმა კაცმა და პასუხი რომ ვერ მიიღო, დაამატა - მე პედაგოგი გახლავართ. თქვენ ვინ ბრძანდებით?

- მე ბუღალტერი ვარ. - მიუგო ცივად.

- მე კი მუსიკოსი. - ჩაერია ქალიც. - რას ასწავლით?

- ლიტერატურას.

- ო, საინტერესოა! ალბათ, თქვენს მოსწავლეებს ძალიან უყვარხართ.

- ზოგს კი, ზოგს კი -არა. - დინჯად მიუგო ქუდიანმა, თუმცა ქედმაღლურმა ღიმილმა გაუნათა სახე.

- გოგონებს ძალიან ეყვარებით. - თქვა ქალმა და კბილებგამოჩენილი სახე ისე მისწია ქუდიანისკენ, რომ ლოყით ბუღალტრის ცხვირს შეეხო. - ოჰ, რა ცხიმიანი ცხვირი გქონიათ. - შეიცხადა ზიზღით და ლოყა მოაშორა.

- ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. - მიუგო ქუდიანმა და მანაც ქალისკენ გამოსწია თავი, ახლა ისინი ცხვირებით ეხებოდნენ ერთმანეთს და ბუღალტერმა უხერხულად იგრძნო თავი. უკან დახევა სცადა, მაგრამ მაშინვე უთავაზეს ზურგში მუჯლუგუნი.

- აი თქვენი ცხვირი კი სულაც არ არის ცხიმიანი. - თქვა მოხიბლულმა ქალმა

- თქვენზე მიამბეთ რამე.

- ჩემზე რა გიამბოთ?

- რაც გნებავთ, ხელოვან ადამიანებს ბევრი რამ აქვთ მოსაყოლი.

ქალმა გადაიკისკისა და ახლა ტანითაც ისე ახლოს მიიწია, რომ ბუღალტრის მხარს მიეკრო.

- ადგილს გაგიცვლით, თუ გნებავთ. - დაბნეულად თქვა ბუღალტერმა.

- ოჰ, არა, რას ამბობთ. არაა საჭირო.

- როგორ არაა საჭირო. ერთმანეთში ლაპარაკობთ, მე კი თქვენს შორის ვდგავარ და აშკარად ხელს გიშლით.

- ოჰ! აი, თურმე რა ყოფილა!. - გადაიკისკისა ისევ ქალმა. - როგორი ეჭვიანი ყოფილხართ. - და ისე სწრაფად დაკრა თითი ცხვირის წვერზე, რომ ბუღალტერი შეხტა.

- რა შუაშია?

- როგორ არაა შუაში?! იეჭვიანეთ, რადგან ყურადღება მოგაკლდათ, ამას ისიც დაუმატეთ, რომ თქვენი ცხვირი დაიწუნეს.. - მეგობრულად გაკრა მხარი ქუდიანმა და გაუცინა. - ეს სრულიად გასაგებია.

- ალბათ, ხშირად ვარდებით მსგავს უხერხულ სიტუაციებში. - თქვა ქალმა. - დარწმუნებული ვარ, თქვენს მამაკაც მეგობრებს არ უყვართ თქვენთან ერთად დროის გატარება, რადგან მთელი ყურადღება თქვენ გრჩებათ, ისევე როგორც ყველაფერი საუკეთესო. მათ კი მხოლოდ ნარჩენებითღა უწევთ დაკმაყოფილება.

- ეს არცაა გასაკვირი.

- დიახ, არაა გასაკვირი, თქვენ ისეთი მომხიბვლელი ხართ. შემოგხედავთ ადამიანი და თვალი თქვენზე დარჩება.

- მგონია ეს არც თქვენთვის უნდა იყოს უცხო, ისე მალე მიხვდით ყველაფერს.

- ვერ უარვყოფ, მაშინ ეს ტყუილი გამოვა, მე კი მატყუარა არ გახლავართ. - ქალმა ისევ გადაიკისკისა და ამ აუტანელმა ხმამ ეკლებივით დაკბინა ბუღალტერი.

- უკაცრავად, სად ვართ, ან სად მივდივართ, ხომ არ იცით? - გაისმა იქვე ხმა და ბუღალტერს ისევ გაახსენდა თავისი კითხვები.

- არ ვიცით, არ ვიცით. - მიუგეს ხმას.

- როგორ არ იცით არავინ, მაშინ რატომღა მივდივართ? - იკითხა ხმამ.

- ვინ ლაპარაკობს? - იკითხა ბუღალტერმა ხმამაღლა და შეეცადა თითის წვერებზე აწეულს ევლო. - ხელი ასწიეთ, რომ დაგინახოთ.

იქვე ვიღაცამ ასწია ხელი.

- ეს კი მე ვარ. მხედავთ?

- კი, კი, დაგინახეთ. თქვენ მაინც არ იცით რა ხდება?

- არა, აქ არავინ იცის, რა ხდება.

- წინ ხომ არ შეგიძლიათ წასვლა, რომ ნახოთ ვის მივყვებით, აქედან ვერაფრით გამოვდივარ.

- ვერა, ვერც წინ ვძვრები და ვერც უკან. ყველა მხრიდან ხალხია.

- მაშინ რა ვქნათ?

- არ ვიცი, ვცდილობ რამე მოვიფიქრო, მაგრამ არაფერი მომდის თავში.

- თქვენს წინ მდგომს დაავალეთ თავის წინ მდგომს გადასცეს კითხვები და ასე გააგრძელონ, სანამ უკან არ დაგიბრუნდება პასუხი.

- ასეც მოვიქცევი. - უპასუხა და ასეც მოიქცა.

- გადაეცით? - იკითხა ხმამ.

- კი, გადავეცი. ახლა დაველოდოთ.

- როდემდე ველოდოთ? რა იცით რამდენი ხალხია წინ, ასე ხომ რამდენიმე დღე შეიძლება მოგვიხდეს ცდა.

- დაველოდოთ, სხვა რა გზაა.

- ხელს ნუ გვიშლით! - მკაცრად შესჭყივლა ქალმა და ახლაღა შეამჩნია, რომ ქალს და ქუდიანს თავები მის ზურგთან შეეერთებინათ.

- რას აკეთებთ?

- რას ქვია, რას ვაკეთებთ?

- ერთმანეთს კოცნით და ეხვევით, მე კი თქვენს შორის ვდგავარ!

- ოჰ, შე ეჭვიანო. - თქვა ქალმა და მხარზე უკბინა.

- შემეშვით! - თქვა ბუღალტერმა და სცადა მოშორებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

- იცით რა, - თქვა ქალმა ცოტა ხნის შემდეგ. - ფეხები ძალიან დამეღალა - და ბუღალტერს ზურგზე შეახტა. - ცოტა ხანს ასე ვიქნები, თუ არ შეგაწუხებთ.

ბუღალტერი შეფართხალდა, მაგრამ მაინც ვერაფრით მოიშორა.

- იქნებ ასე მაინც ხედავთ რამეს? - ჰკითხა დანებებულმა.

- დიახ, ვხედავ. მაგრამ ახალს არაფერს. მხოლოდ თავებია გარშემო, უამრავი გოგრასავით თავი.

- არაფერია? - იკითხა ნაცნობმა ხმამ მოშორებით.

- არაფერია, ჯერ არ დაბრუნებულა პასუხი.

- შე სულელო, ეგრე რამდენიმე დღის წინაც გადავეცით წინ კითხვები, მაგრამ პასუხი ჯერ არ დაბრუნებულა. - მხიარულად უთხრა მხრებზე მოკალათებულმა ქალმა. - აბა, მოდი, თქვენ მე ამომაცოცდით და იქნებ ასე მაინც გამოჩნდეს რამე. - უთხრა მერე ქუდიანს და ბუღალტერმა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე სწრაფად ააცოცდა ქუდიანიც.

- არა, არაფერი ჩანს. - თქვა მან ზემოდან.

- ახლავე ჩამოდით! თუ არ ჩამოხვალთ წავიქცევი. - ასძახა ქვემოდან.

- ცოტა ხანს ასე ვიყოთ, ფეხებს დავასვენებთ. - მიუგეს ზემოდან.

- რა არის ეს, როგორ იქცევით? - აღშფოთდა ბუღალტერი. - ჩამოდით, თორემ ჩამოგყრით ორივეს!

- აბა, სცადე, თუ გამოგივა. - კისკისით ჩამოსძახა ქალმა.

ბუღალტერი ხან იქეთ მიბრუნდა, ხან აქეთ, მაგრამ ისე ამოსდგომოდნენ სხვები გვერდებში, ვერაფერს გახდა. მხრების აჩეჩვა სცადა თავისი უძლურების გამოსახატად, მაგრამ ძალიან ჰქონდა დამძიმებული და ესეც არ გამოუვიდა.

- ასე თუ ვიარეთ, მე წავიქცევი და თქვენც ჩემთან ერთად. - ასძახა ზემოთ.

- თუ წაიქცევით, ჩვენ დაგეცემით და არაფერი მოგვივა. - ჩამოსძახა ქუდიანმა, მერე კი ქალს უთხრა - შენ არ ინერვიულო, ბაჭია.

და ქალმა გადაიკისკისა.

- სად ვართ, რა ხდება? - იკითხა ვიღაცამ, მაგრამ ბუღალტერმა ხმა აღარ გასცა.



ზუზუნით სავსე დრო ჭიაყელასავით გაიწელა. წებია და ლორწოვანი ცხელი ჰაერი სულს უხუთავდა ბუღალტერს, ფეხები კი დაღლილობისგან ეკვეთებოდა და როცა გვერდებზე ჩასჭიდა სხვებს ხელები თავის შესამაგრებლად, მათ მუჯლუგუნებით მოიშორეს.

- უყურე ამას! - იყვირეს - ჩვენს ხარჯზე უნდა სიარული, ვერ მოგართვით, ბატონო! აბა ერთი გაბედე!

- არ ვიცითო.- უცებ მოუბრუნდნენ წინიდან,

- რა?

- წინიდან გადმოგვცეს, არაფერი ვიცითო.

ბუღალტერი გაშეშდა. ჯერ უკან გადაიწია, მერე წინ. ქუდიანი და ქალი კივილით ჩამოყარა მხრებიდან, ორივეს დაახტა, აქედანაც ახტა და სხვებს დაახტა თავზე. მერე კიდე სხვებს. ხალხი ყვიროდა, თავზე ხელს იტაცებდა, ბუღალტერი კი მირბოდა და მირბოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები