ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2015


აკვარიუმი

--- -- - © საავტორო უფლება დაცულია - -- ---

ნასა ___ რა არის მანდ?

აპოლო 11 ___ მთვარეზე სხვა კოსმოსური ხომალდია! ღმერთო ჩემო, ისინი ძალიან დიდები არიან და ჩვენ გვიყურებენ!..

1969 წლის ივლისში _ „აპოლო თერთმეტსა“ და "ნასას" შორის ასეთი საუბარი შედგა.
                                                                                                         
                                                             
                                                                ცდუნება

სისხამ დილით ნისლს შეემუსრა ადრიანი გაზაფხულის ქორფა სიმწვანე და როდესაც მკრთალად მოკიაფე მზემ ჯანღის გადნობა დაიწყო, პალიასტომის ტბას კამარაშეკრულმა თოლიების გუნდმა გადაუფრინა. ცოტა ხანში თეთრ-მონაცრისფრო ბურუსი სრულიად გაქრა, ხოლო ლაჟვარდისფერი ცის ფონზე, გაცრეცილი თეთრი ღრუბლების კუნძულებიღა მოჩანდა. ტყვიისფერი ტბის პირას ახალგაზრდა კაცს ბადე მოემარჯვებინა ხელთ და გულმოდგინეთ ისროდა თევზსაჭერ ქსოვილს მტკნარ წყალში. იმ დღეს ლაშა შელიამ ბლომად კეფალი დაიჭირა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მის ნასროლ  ბადეს, ერთი მტკაველისოდენა _ კომეტას ჯიშის ოქროს თევზიც ამოჰყვა.
როდესაც მეთევზემ თავისი ნადავლით გეზი სახლისაკენ აიღო, ღრუბლები სრულიად გაქრნენ და მზე ცეცხლივით აენთო საფირონისფერი ზეცის ფონზე. ლაშამ გადაწყვიტა ოქროს თევზი შეყვარებულისთვის ეჩუქებინა. მან ამ ეგზოტიკურ ჟესტს რომანტიკული დატვირთვა შესძინა და როდესაც მრგვალ აკვარიუმში მოთავსებული კომეტა თავის გულისწორს გადასცა, ურჩია კიდეც, რომ თევზისთვის სურვილის ასრულება ეთხოვა. ცირამ თავისი სატრფოს რჩევა გაითვალისწინა და თევზს სანუკვარი ნატვრის ახდენა ჩაუთქვა.
აი ასე ხალისიანად და რომანტიკულად მიდიოდა ლაშას ცხოვრება და რას წარმოიდგენდა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, პალიასტომის ნაპირებზე თევზაობის მაგივრად, ვენესუელაში მდებარე, თავისი სისასტიკითა და ცუდი პირობებით ცნობილ „საბანეტას“ ციხეში იქნებოდა გამოკეტილი.
ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, როდესაც ლაშა შელია ვენესუელაში სამუშაოდ წავიდა, უამრავი უცხოელი მოვაჭრისა და მუშის ადგილსამყოფელი იყო ეს სახელმწიფო. სამხრეთამერიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების ეკონომიკა უკეთესობისკენ იცვლებოდა, _ გამონაკლისს კი ნავთობით მდიდარი ვენესუელა წარმოადგენდა. ქვეყნის ხელისუფლება, პრეზიდენტ უგო ჩავესის მეთაურობით მყარი ვალუტის გავრცელებას ზღუდავდა და კერძო ბიზნესსაც ავიწროებდა.
კარაკასის ცნობილ ძველ ბაზარში არაერთი რჯულისა და ეროვნების მოვაჭრეს წააწყდებოდა კაცის თვალი. ჰოდა, ვენესუელაში სულ ორი თვის ჩასულმა ლაშამ, ერთი ავლაბრელი სომეხი, ოცდათვრამეტი წლის აშოტ მარტიროსიანი გაიცნო და დაუახლოვდა. ის ვენესუელაში ექვსი წლის წინ ჩასულიყო და იმჟამად ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა გახსნილი.
ერთხელ ლაშა ახლადგაცნობილ სომეხთან, ტანსაცმლის მაღაზიის მახლობლად მდებარე პატარა კაფეში იჯდა, მათ შორის კი ასეთი საუბარი გაიმართა:
_ ლაშა აქ ფული ქუჩაშიც იშოვება. არა აქვს მნიშვნელობა, ერთი ბარელი ნავთობი რვა დოლარი ღირს თუ ათი.
აშოტმა ეს თქვა, ქილა მოიყუდა და ცივი პულკე გადაკრა. ლაშა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და შემდეგ მანაც მოსვა ცივი პულკეთი სავსე ქილა.
_ სად და როგორ იშოვება ფული?
კითხვა გაუჩნდა ქართველს.
_ მე შემეძლო გერმანიაში, ესპანეთში, ბენილუქსისა თუ სკანდინავიის ქვეყნებში ან სადმე სხვაგან წავსულიყავი და თავი კარგად მეგრძნო, მაგრამ იქ ვინმეს დაქირავებული მუშაკი ვიქნებოდი, აქ კი საკუთარი თავის უფროსი ვარ.
_ თავიდან როგორ დაიწყე აშოტ, რომ ჩამოხვედი რას საქმიანობდი?
_ აქ საფრთხეებსა და საშიშროებას ყოველ დღე აწყდება კაცი, მაგრამ როგორც გითხარი ყველაფერთან ერთად ფულიც იშოვება. მთავარია კაცს გარისკვისა არ ეშინოდეს.
_ ყველაფერში რას გულისხმობ?
_ ჯერ ეს მითხარი, რისკი თუ გიყვარს?
_ გარისკვა რომ არ მიყვარდეს, ამ გადაკარგულში რა ჩამომიყვანდა.
_ შემიძლია საქმე შემოგთავაზო, რომელშიც მეც უნდა მივიღო მონაწილეობა. ჩემს გარდა კიდევ ორი კაცია, მარსელელი ძმები არიან, მაგრამ საჭიროა, რომ ოთხნი ვიყოთ. მათ ინგლისური იციან, ესპანურადაც ახერხებენ საუბარს და აქედან გამომდინარე მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ გექნება. მოკლედ, ხვალ, რესტორან „ოქროს თევზში“ მოდი, ფრანგებიც იქ იქნებიან და მოვილაპარაკოდ.
_ კარგი, მოვალ, მაგრამ ყველაფერის შოვნაში რა იგულისხმე?
_ ნარკოტიკები, სასმელი, ქალები...
_ არა აშოტ, ნარკოტიკები საჩემო საქმე არ არის.
_ მე ხანდახან ოპიუმს ვყნოსავ ხოლმე, მაგრამ ვინა თქვა, რომ ეს საშენო საქმეა. მე ვთქვი, რომ ნარკოტიკები იშოვება-მეთქი. ისე შენ რა, აქ ბერივით აპირებ ცხოვრებას?
_ ჩემი ანგარიშით აქ სადღაც ორი წელი უნდა დავრჩე. მერე კი ყველა ვარიანტში სამშობლოში უნდა დავბრუნდე. გოგო მყავს, რომელსაც სიტყვა მივეცი, რომ ცოლად მოვიყვან და აქ ორ წელზე მეტ ხანს ვერ გავჩერდები. ჰო, იმას ვამბობდი, რომ ოპიუმზე რა გითხრა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ბერივით ცხოვრებას არ ვაპირებ და ამ ხნის მანძილზე ქალის გარეშეც ცოტა არ იყოს ძნელია. სასმელსაც გეახლები ხოლმე.
აშოტმა და ლაშამ გულიანად გადაიხარხარეს.
_ მაშ, ხვალ საღამოს რვა საათზე მოდი.
_ კარგი ბატონო, მოვალ.
მეორე დღეს, საღამოს რვა საათზე, ოთხი კაცი მაგიდას მიუჯდა. მაგიდას მარილითა და სანელებლებით შეზავებული, კარაქში შემწვარი ქათამი, საქონლის ხორცის სტეიკები, მოხარშული ვირთევზა, თხლად დაჭრილი დაობებული ყველი და რუხი პურის ნაჭრები ამშვენებდა. ფრანგ ძმებს, ნათელ იისფერში გარდამავალი, მოწითალო-ლალისფერი „ბოჟოლე“ აერჩიათ დასალევად. რესტორნის კედლებში არაერთი აკვარიუმი იყო ჩატანებული, რომლებშიც ნაირნაირი ზომის, ფორმის და ფერის თევზები დაცურავდნენ. ძმები ლაშას გაეცნენ _ უფროს ძმას ფრანსუა ერქვა, უმცროსს კი ჟანი.
_ ჟანმა ჭიქები შეავსო, პირველი სადღეგრძელოს თქმა კი ფრანსუამ ითავა, ჭიქა ლაშას მიუჭახუნა და აქცენტიანი ინგლისურით მიმართა:
_ ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!
ჟანმა და ლაშამაც მიუჭახუნეს „ბოჟოლეთი“ ნახევრადსავსე ღვინის ჭიქები და უფროსი ძმის მიერ ნათქვამი სიტყვები უმცროსმა ძმამაც გაიმეორა. შემდეგ აშოტის ჯერიც დადგა, რომელმაც დასძინა:
_ თქვენს გაცნობას გაუმარჯოს და გაუმარჯოს იმ საქმეს, რომელმაც აქ შეგვყარა. ვისურვებ, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს ოპერაცია „კობრი კოი“.
_ რას ნიშნავს კობრი კოი?
ლაშას შეკითხვა არ იყო კონკრეტულად რომელიმე იქ მყოფთაგანისადმი მიმართული. მას არც ერთი მათგანისათვის არ შეუხედავს _ ზოგადად  დასვა შეკითხვა.
_ კობრი კოი _ თევზია.
მსუბუქი ღიმილით მიუგო ჟანმა და ერთგვარი რევერანსისმაგვარი მოძრაობა შეასრულა _ დაუკრა რა თავი მდაბლად და ამით ერთგვარი პატივისცემა გამოხატა ქართველისადმი.
_ თევზი?
ლაშას პასუხმა კითხვითი ინტონაცია მიიღო და ჟანისმსგავსად, მასაც ჩაეცინა.
_ დიახ, თევზი.
სერიოზული და დამაჯერებელი გამოდგა ფრანსუას მოკლე პასუხი, რომელმაც საუბარი განაგრძო...
_ აშოტმა მითხრა, თურმე საქართველოში ხშირად თევზაობდი. ჩინებული მეთევზე რომ ხარ, ვალენსიის ტბაზეც დაგიმტკიცებია.
_ სამნი ვთევზაობდით: მე, ჩემი მეგობარი ერევნელი არტური და ლაშა. მან კი, ერთმა კაცმა, სამჯერ მეტი თევზი დაიჭირა ვიდრე ჩვენ ორმა. ერთი ადამიანის მიერ დაჭერილი ამდენი თევზი არასდროს არ მინახია, თუმცა კი თევზაობის მოყვარული ვარ.
ეს მოკლედ ნათქვამი ამბავი, სწრაფად და აღტაცებით ჩაარაკრაკა აშოტმა.
ფრანსუა შესანიშნავად ერკვეოდა თევზებში, რადგან თავის დროზე ზღვისპირა ქალაქ მარსელში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ოკეანოლოგის დიპლომი აიღო. მან საუბარი ენერგიულად, ახალი შემართებით განაგრძო.
_ მტკნარი წყლის ყველაზე პატარა თევზების ზრდასრული ინდივიდები ბუზის ზომისანი არიან, ხოლო უდიდესი თევზი შეიძლება ადამიანზე საგრძნობლად დიდიც იყოს. მტკნარი წყლის ზოგიერთ თევზს, ოქროსფერ კარჩხანასა და კობრი კოის, საუკუნეებია ტყვეობაში ამრავლებენ. ამ ორი თევზის უამრავი სახეობა არსებობს, უიშვიათესი კობრი კოის ფასი კი მილიონ დოლარს აჭარბებს. კობრი კოი ულამაზესი თევზია, რომელიც დიდი დეკორაციული ქერცლით გამოირჩევა.
ფრანსუამ საუბარი შეწყვიტა და რესტორან „ოქროს თევზის“ ერთ-ერთ კუთხეში, სადაც ორი ფრანგი, სომეხი და ქართველი მაგიდას მისჯდომოდნენ, რამდენიმეწამიანმა სიჩუმემ დაისადგურა. კვარტეტში სიჩუმე ჟანმა დაარღვია.
_ ლა-გუაირაში, ერთი შეძლებული ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის შემადგენლობას ცოლ-ქმარი და მათი ორი გოგო შეადგენს. უმცროსი ქალიშვილი ესპანეთში, სალამანკას უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო ოცდახუთი წლის უფროსი გოგო ანჟელა, რომელიც ახალი გათხოვილია, დროებით მშობლებთან ცხოვრობს. მისი მეუღლე აშშ-ში მოღვაწეობს და როგორც ვიცი მალე ჩამოსვლასაც აპირებს, რათა აქ განაგრძოს საქმიანობა. ჩვენ მათ უნდა ვესტუმროთ, ხოლო ვინც ამ საქმეზე მინიშნება მოგვცა, დაგვარწმუნა, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი და მისი ცოლი ჩვენი სტუმრობის დროს სახლში არ იქნებიან, რადგან კაცი საქმიანი ვიზიტით ერთ კვირაში კოლუმბიაში მიემგზავრება _ სავარაუდოდ ცოლიც თან მიჰყავს და თუ არ წაიყვანს საქმის ვითარება დიდად მაინც არ შეიცვლება. მოკლედ, უნდა შევიდეთ მათ სახლში, _ არა, უფრო სწორედ ეზოში, სადაც არის აუზი, რომელშიც ორი თევზი დაცურავს, დიახ ორი თევზი _ ორი კობრი კოი!
_ კარგი ჟან, მაგრამ მე რა მევალება, რა უნდა გავაკეთო?
_ თევზები უნდა დაიჭირო.
_ და რა ხეირი მექნება ამ საქმიდან?
_ აშოტმა ღვინის ჭიქები შეავსო. ფრანსუამ კი ლაშას დასმულ კითხვას უპასუხა.
_ კლიენტი გვყავს. თევზებში ორი მილიონ ოთხასი ათასს გადაიხდის. ორი მილიონ ოთხასი ათასი დოლარიდან, მილიონს ის კაცი მიიღებს, ვინც ეს საქმე შემოგვთავაზა. მე და ჟანიც მილიონ დოლარს ავიღებთ, აშოტის წილი, ისევე როგორც შენი, ორასი ათასი დოლარი იქნება.
როგორც გითხარით, ლაშა ორ წლამდე აპირებდა ვენესუელაში დარჩენას. ქართველი სულ ორი თვის ჩასული იყო კარაკასში და თევზის მაღაზიაში მუშაობის შედეგად, მხოლოდ 1500 დოლარი ჰქონდა გადადებული. მისი ჯამაგირი კი თვეში 1000 დოლარის ექვივალენტს შეადგენდა ვენესუელური ბოლივარის სახით. ჰოდა, ორიოდ წუთი იფიქრა, შემდეგ ფრანგ ძმებს გამჭოლი მზერა სტყორცნა და ომახიანად მიმართა.
_ კარგი, გასაგებია. მივიღებ ამ საქმეში მონაწილეობას!
ფრანგული „ბოჟოლეთი“ სავსე ოთხი ჭიქა ერთმანეთს დაეჯახა.
_ სალიუტ!!!
დაიძახეს ფრანგებმა.
_ გაგვიმარჯოს!!!
არტურმა ავლაბრელი სომხებისადმი დამახასიათებელი აქცენტით, ქართულად შესძახა.
_ გაგვიმარჯოს!!!
დასჭექა ლაშამაც.
კიდევ დაილია რამდენიმე ღვინით სავსე ჭიქა, შემდეგ კი ჟანმა, რომელიც თავის ძმასთან ერთად რესტორნის მფლობელი იყო, ნაშებს გასძახა.
ჟანმა, მასთან მისულ, ქალური ღირსებებით უხვად დაჯილდოებულ მულატ გოგონას წელზე ხელი მოხვია, მერე ფეხზე წამოდგა, გოგოს საჯდომზე მარჯვენა ხელის მტევანი ამოსცხო და რესტორნის სასტუმროს ერთ-ერთი ნომრისკენ სულ კუნტრუშით წაიყვანა.
ასევე, სასტუმროს სხვადასხვა ნომრებისკენ წაიყვანეს თავიანთი ქალები; ფრანსუამ, აშოტმა და ლაშამ, _ ერთი კვირის შემდეგ კი, ძვირადღირებულ თევზებზე მონადირენი რესტორან „ოქროს თევზში“ კვლავ შეიკრიბნენ.
                                                 
                                                    ოპერაცია კობრი კოი

_ ახლა კი მეგობრებო გაგაცნობთ გეგმას, რომელიც იმ კაცის მოფიქრებულია, რომელმაც ეს საქმე შემომთავაზა. ხვალ ლა-გუაირაში წავალთ, ხოლო ზეგ, ღამის ორ საათზე, უკვე იმ ეზოში შევალთ, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. სახლს ერთი უიარაღო კაცი იცავს, მას მხოლოდ რაცია და დაცვის ოპერატიულ სამსახურთან დასაკავშირებელი სასიგნალო აპარატურა აქვს. მე და ჟანს მაყუჩიანი რევოლვერები გვექნება, აშოტი გარეთ დარჩება მანქანაში. შენ კი როცა ნიშანს მოგცემთ, თევზსაჭერი აღჭურვილობით შემოხვალ ეზოში. აუზი ოვალური ფორმისაა და სიგრძეში ათი, ხოლო სიგანეში ექვსი მეტრია. ლაშა შენ შემოსვლისთანავე აუზთან მიხვალ და შეეცდები რაც შეიძლება მალე დაიჭირო თევზები.
_ გასაგებია.
დაადასტურა ლაშა შელიამ.
ფრანსუამ ლაშას ოთხი სურათი გადასცა, სადაც კობრი კოის ჯიშის თევზები იყვნენ აღბეჭდილი და საუბარი ისევ განაგრძო.
_ იმ ორი კობრის გარდა, როგორც ჩემთვის ცნობილია, სხვადასხვა ჯიშის რამდენიმე თევზიც დაცურავს აუზში. აი სახლს კი ორი სათვალთვალო კამერა აქვს, აქედან ერთი ქუჩის პერიმეტრს აფიქსირებს. ჩვენ კამერებს დავამტვრევთ და ჩანაწერსაც გავანადგურებთ.
შემდეგ საუბარი ჟანმა გააგრძელა.
_ არაერთი გადამოწმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყოველ ღამე, დაცვის თანამშრომელი იმყოფება იმ ჯიხურში, რომელიც ქუჩაში, ეზოს გარეთ, ჭიშკართან დგას.  მე მანქანიდან გადმოვალ, ჯიხურთან მივალ, მცველს ვთხოვ, რომ სიგარეტზე მომიკიდოს და ამასობაში იარაღს მივადებ. სანამ ის ჭიშკარს გააღებს, ფრანსუაც გადმოვა მანქანიდან და როგორც კი ეზოს კარი გაიღება, მე მსახური ქალების ოთახში შევალ და მასპინძელის საძინებლისკენ წავიყვან მათ. როდესაც სახლში მარტოდ დარჩენილ ქალიშვილთან მივალ, ისინი უკვე ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. მცველს კი ფრანსუა მიუშვერს იარაღს. ამასობაში შემოხვალ, შენს საქმეს შეუდგები და თევზებს დაიჭერ.
ჟანმა საუბარი დაამთავრა. გეგმა ყველასთვის ცნობილი გახდა. ახლა მთავარი ამ გეგმის წარმატებით შესრულება იყო.
გავიდა ერთი კვირა...
ღამის ორი საათისთვის, შავი ფერის „შევროლეტ კამარო“, რომელშიც გრიმგაკეთებული და ულვაშებმოშვებული ოთხი კაცი იჯდა, ნელი სვლით სახლის ახლოს მიგორდა, შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა...
გეგმის თანახმად ფრანსუას უკვე ჩამორთმეული ჰქონდა მცველისთვის რაცია და იარაღსაც უმიზნებდა მას. სახლში მხოლოდ ერთი მსახური ქალი დარჩენილიყო, ხოლო მეორე რამდენიმე დღით გაენთავისუფლებინათ სახლის პატრონებს. ლაშა ეზოში სწრაფად შევიდა და შეუდგა საქმეს. აშოტი გარეთ იცდიდა, საჭესთან იჯდა და ნერვიულობდა, ხოლო ჟანის ხელთ ორმოცდაშვიდი წლის მსახური ქალი და აბრეშუმის მოკლე წითელი პერანგით შემოსილი, ოცდახუთი წლის ულამაზესი ახალგაზრდა გოგონა იყო.
ლაშამ ბადე წყალში ჩაუშვა, აშოტმა ფრჩხილების კვნეტა დაიწყო, ფრანსუამ მცველს უბრძანა სახლის კედლისკენ მიტრიალებულიყო და ხელები თავზე შემოეწყო, ხოლო ჟანი, მზეზე გარუჯულ, ლამაზ გრძელ ფეხებს შეჰყურებდა და სისხლი ემღვრეოდა. ავადმყოფურად დაუოკებელმა ჟანმა მსახურს ზურგით შეტრიალება უბრძანა, თვითონ კი ახალგაზრდა ქალს ეცა, აბრეშუმის წითელი პერანგი უცებ ააფრცქვნა ტანიდან, ტრუსი შემოახია, მაგიდაზე გულდაღმა გადააწვინა, მარცხენა ხელით ოქროსფერი დალალები მოქაჩა და მისი გაუპატიურება დაიწყო. ლაშა ნერვიულობდა და თევზების დაჭერის პროცესი ცოტა გაუჭინაურდა. მან როგორც იქნა დაიჭირა კობრები და მათ წყლით სავსე მოზრდილ ვედროში მიუჩინა ადგილი. ფრანსუას სახეზე კმაყოფილების გამომხატველმა ალმურმა გადაჰკრა.
_ ყოჩაღ ლაშა! მიდი ეხლა, სწრაფად შედი და ჟანს მიეხმარე ქალების გაკოჭვაში. ოღონდ რაც შეიძლება მალე ქენით, შემდეგ აქ გაჩნდით და ესეც მიაბით აი იმ ხეზე.
ფრანსუამ ხისკენ მარცხენა მტევნის საჩვენებელი თითი გაიშვირა.
ლაშა შევარდა სახლში, აირბინა ხის ხვეული კიბე, მეორე სართულზე ავიდა და ლამის ენა მუცელში ჩაუვარდა. შარვალჩახდილი ჟანი ძირს ეგდო და თავიდან სისხლი თქრიალით სდიოდა. ლაშა დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში რეტდასხმულივით უყურებდა ამ ამაზრზენ სანახაობას. მერე უცებ აზრზე მოვიდა და თავქუდმოგლეჯილი დაეშვა ქვევით.
_ ფრანსუა! ფრანსუა!..
გაისმა ლაშას ყვირილი და ამასობაში ხუთმა პოლიციის მანქანამ სახლს ალყა შემოარტყა. რადგან ღამე გზები თავისუფალია, პოლიცია მალევე გაჩნდა ადგილზე.
აი რა მოხდა. სანამ ლაშა შელია სახლის მეორე სართულზე აირბენდა, დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე, გონებაამღვრეულ ჟანს, რომელიც დუჟმორეული აუპატიურებდა ანჟელას, მსახურმა ძვირფასი ბროლის მძიმე ლარნაკით თავი გაუხეთქა. მსახურმა ქალმა დრო იხელთა, როცა ფრანგი ძირს დაეცა და სული განუტევა, ტელეფონს მივარდა და პოლიციას ორი სიტყვით აუხსნა საქმის ვითარება, შემდეგ ტანისამოსის კარადის კარი გამოაღო, ხალათი გამოიღო, ატირებულ და შეშინებულ ახალგაზრდა ქალს სწრაფად გადააცვა ტანზე და მალე ისინი იმავე სართულზე მდებარე, ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტნენ.
ეზოს დაახლოებით მეტრანახევრიანი ღობიდან პოლიციელებმა ფრანსუას იარაღები დაუმიზნეს და დანებება უბრძანეს. ფრანსუამ ცეცხლი გახსნა. მან ერთი პოლიციელი დაჭრა, ხოლო ერთი სამართალდამცავი ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. თავის მხრივ პოლიციელებმაც გახსნეს ცეცხლი და ფრანსუას ლიკვიდაცია მოახდინეს. სახლის მცველი კი მხარში მსუბუქად დაიჭრა _ ოდნავ გაკაწრა ტყვიამ.
როგორც კი პოლიციელები მოვარდნენ, საეჭვოდ გახიდული შავი „შევროლეტიდან“ აშოტი გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. უიარაღო ლაშა შელიაც ჩაბარდა პოლიციას.
                                 
                              ხუან ისლერისა და კარლოს ესპინოს გასაუბრება

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ლაშამ ჯარში იმსახურა, ხოლო შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა. ის კარგად დაეუფლა ინგლისურსა და ესპანურ ენებს, ხოლო რუსულად სკოლაშიც საუბრობდა ხოლმე. როდესაც თბილისში უმაღლესი სასწავლებლი დაამთავრა, დედაქალაქშივე დაიწყო მუშაობა _ მან ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში იმსახურა თარჯიმნად, შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ასევე ორი წელი იმოღვაწა ფოთის მერიაში რიგით ჩინოვნიკად. არც ერთ სამსახურში ლაშა შელიას მაინცდამაინც სახარბიელო ჯამაგირი არ ჰქონია და ესპანური ენის კარგად მცოდნეს, როგორც კი ესპანურენოვან ვენესუელაში სამუშაოდ წასვლის შანსი გაუჩნდა, ბევრი არ უფიქრია და სამხრეთამერიკის კონტინენტზე გამგზავრების გადაწყვეტილებაც მიიღო. ერთმა დამსაქმებელმა კომპანიამ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყნებში ასაქმებდა, ლაშას ვენესუელაში ამოაყოფინა თავი. კომპანიის დახმარებით ლაშამ მალე თევზის საკმაოდ მოზრდილ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და როგორც უკვე მოგახსენეთ, თვეში 1000 დოლარის ექვივალენტს იღებდა ვენესუელური ბოლივარის სახით.
ახლა ლაშა შელიას აღნაგობაც ავღწეროთ და ორიოდ სიტყვა მის გატაცებებზეც ვთქვათ... საშუალო ტანის, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, მხიარული და მეტყველი სახის მქონე, ოდნავ ტალღოვანი ქერა თმით უნდა წარმოიდგინოს მკითხველმა ამ მოთხრობის მთავარი გმირი. მისი საყარელი საქმიანობა: თევზაობა, ცურვა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და საფოსტო მარკების შეგროვება იყო, თუმცა თევზისჭერა მაინც ყველაფერს ერჩივნა. ჰო, ლაშა ასტროფიზიკითაც დიდად იყო გატაცებული.
სამშობლოდან გამგაზავრების წინ, ლაშამ თავის გულისსწორს სიტყვა მისცა, რომ ფინანსურად მოძლიერდებოდა, ორი წლის შემდეგ დაბრუნდებოდა საქართველოში და ცოლად მოიყვანდა მას. ახლა კი ის, შორეულ ვენესუელაში, საბანეტას ციხეში იყო გამოკეტილი. ლაშა შელიას ბედის ჩარხი კი სრულიად შესაძლებელი იყო წაღმა არ დატრიალებულიყო, რომ არა ვინმე ხუან ისლერისა და მისი მეგობრის საუბარი...
აი ასეთი საუბარი შედგა მათ შორის:
_ ხუან იცი ანჟელას რა სიურპრიზი მოვუმზადე?
_ არა, არ ვიცი.
_ მოგეხსენება მისი ეგზოტიკური თევზებით გატაცების შესახებ _ ჰოდა, არც მეტი, არც ნაკლები, ბრადენტონში ერთი ნაცნობი იაპონელისგან ორი უიშვიათესი თევზი შევიძინე და ანჟელას ვაჩუქე. მიზანში გავარტყი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
_ ჰო, ეგ მართლა კარგად მოგიფიქრებია.
_ აჰა, მართლაც რომ.
_ და ესეთი რა თევზებია?
_ კობრი კოის ჯიშია. მაგ თევზის ფასი მილიონ დოლარს აღემატება ანუ ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების არის ეგ ორი თევზი, მაგრამ ძველი ნაცნობობის გამო და იმის გამოც, რომ ის იაპონელი ჩემგან დავალებული იყო, ორი კობრი კოი სულ რაღაც მილიონ დოლარად მომყიდა.
_ რას ამბობ კარლოს, თევზებში მაგდენი გადაიხადე?
_ ხუან ფული არ მაკლია, ბოლო დროს ჩემი საქმეებიც ჩინებულად აეწყო და მაინცდამაინც ერთი მილიონით მეტი მექნება თუ ნაკლები დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის. თან, როგორც გითხარი, ორ მილიონზე მეტი ღირებულების ნადავლი, ნახევარზე ნაკლებ ფასად ჩავიგდე ხელთ.
_ გილოცავ ძმაო, გილოცავ!
_ მადლობა ხუან.
_ და სად მიუჩინე მათ ადგილი. ესეთ ძვირადღირებულ თევზებს, დამეთანხმები ალბათ, რომ შესაფერისი სამოსახლოც სჭირდება.
_ თევზები ჯერ-ჯერობით ლა-გუაირაში, ჩემი სიმამრის აუზში არიან. მე ორ კვირაში, დაახლოებით ერთი თვით ბრადენტონში მივდივარ, რაღაც საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი, ხოლო შემდეგ ჩამოვალ და კარაკასში განვაგრძობთ ცხოვრებას, ფლორიდას კი წელიწადში ორჯერ-სამჯერ ვესტუმრები ხოლმე, რადგან რეგულარულად ჩემი იქ ყოფნა აღარ იქნება საჭირო. აქ ალმასის საბადოში ფული დავაბანდე, სამსართულიანი ჰიპერმარკეტის გახსნასაც ვაპირებ და თან უცხო ქვეყნებში ცხოვრებითაც დავიღალე. ორი წელი ესპანეთში ვიცხოვრე, ერთი წელი იაპონიაში, ხოლო ხუთი წელია აშშ-ში ვარ. სამშობლო მომენატრა.
კარლოს ესპინომ ჩაიცინა და თავის ბავშვობის მეგობარს, რომელიც ბრადენტონში მასთან ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მხარზე ხელი ძმაკაცურად მოხვია.
_ ძალიან კარგი ჩემო კარლოს, ძალიან კარგი...
ხუანს თავში ვერაგმა აზრებმა გაუელვა, თუმცა ამ აზრების დათრგუნვას უმალ შეეცადა.
_ ჰო, მართლა ხუან _ ახალი სახლის ყიდვას ვაპირებ კარაკასში და იმ ორი თევზის შესაფერისი, ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიც მინდა დავამონტაჟებინო მისაღები ოთახის კედელში.
_ კარლოს ძალიან მიხარია  შენი წარმატებები, დარწმუნებული ვარ ანჟელაც ძალიან გახარებული იქნება შენი საჩუქრით.
_ მართალი ხარ ძმაო, მართალი ხარ! ესე ძლიერ მგონი არც ერთი საჩუქარი არ გაახარებდა ჩემს მეუღლეს, როგორც იმ ორმა თევზმა აღაფრთოვანა.
ორმა კვირამ მალე გაირბინა. კარლოსი ბრადენტონში გაემგზავრა, ხოლო ხუან ისლერის თავში ვერაგმა აზრებმა გაიმარჯვა. ხუანი თავის ნაცნობ ფრანგ ძმებს დაუკავშირდა, ორი ძვირადღირებული თევზის შესახებ მოახსენა და თავის წილად მილიონი დოლარი მოითხოვა.
როგორ განვითარდა მოვლენები, თქვენთვის უკვე ცნობილია და მიუხედავად იმისა, რომ ხუანი ამ საქმიდან მშრალად გამოვიდა, მას მაინც არ გაუმართლა და კიდევ ერთ შავბნელ საქმეს შეეწირა. ის დაიჭირეს, მარაკაიბოს ციხეში ჩასვეს და დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ, მან სულიც განუტევა. ინცინდენტი ციხეში ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. კონფლიქტის მიზეზი მარაკაიბოს ციხეზე კონტროლის აღება იყო. ძალიან სასტიკი დაპირისპირება გამოდგა _ რამდენიმე პატიმარს თავი მოკვეთეს, ხოლო ერთ-ერთი თავმოჭრილი ხუან ისლერის ცხედარი იყო.
ვენესუელას ქალაქ საბანეტაში არსებულ კიდევ ერთ ციხეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილია მთელ მსოფლიოში, ლაშა შელია იყო გამოკეტილი. ეს ციხე სასტიკი პირობებით გამოირჩევა და ზოგიერთი ტუსაღი იძულებულია ციხის ვიწრო დერეფანში გაჭიმულ ჰამაკში დაიძინოს, ხოლო კორუმპირებული სისტემის შედეგად უფრო შეძლებულ პატიმრებს საშუალება ეძლევათ, ქრთამის წყალობით უკეთეს ადგილებზე განთავსდნენ საკნებში. სატუსაღოში ყოველ ასორმოცდაათ პატიმარზე ერთი დაცვა მოდის, ამიტომ ხშირია ხოლმე აჯანყების მცდელობა და პოლიციის თანამშრომლებზე ტუსაღების თავდასხმის შემთხვევებიც არაერთი ყოფილა.
ამ გაუსაძლის პირობებში გაატარა ლაშამ სამი წელი და რადგან ის შეძლებულ პატიმართა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, მკითხველს თავად შეუძლია წარმოიდგინოს თუ რაოდენ აუტანელი იქნებოდა მისი ყოფა საბანეტას ციხეში. მას კიდევ ექვსი წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ, რამდენიმე პატიმარი ამოარჩია და მათ სასჯელის განახევრება შესთავაზა იმ პირობით თუ ისინი დათანხმდებოდნენ, ალმასის მოსაპოვებელ, ოთხი კილომეტრი სიღრმის მაღაროში მუშაობას. ამ პატიმართა შორის ქართველიც იყო და მან ეს შეთავაზება მიიღო.
რვა თვის განმავლობაში იმუშავა ლაშამ მაღაროში. ერთ დღესაც ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მაღარო ჩამოინგრა და სამუშაოდ მივლენილი თხუთმეტი პატიმრიდან თორმეტი დაიღუპა, ხოლო სამი მათგანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. იმ სამიდან, ერთ-ერთი ლაშა შელია იყო. ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების პოვნა მაშველებლმა ათ დღიანი დაუღალავი შრომის შემდეგ შეძლეს. მათ თვრამეტი მაღაროელი იპოვეს, რომლებიც ნანგრევებში იყვნენ მოყოლილნი. თვრამეტი ადამიანიდან ორო პატიმარი იყო, ხოლო თექვსმეტი მათგანი მაღაროს მუშა. ამ თვრამეტი ადამიანიდან სიკვდილს მხოლოდ თორმეტი გადარჩენოდა _ მათ შორის ერთი პატიმარი. გაუჩინარდა მხოლოდ ქართველი ტუსაღი _ მაშველებმა ვერაფრით იპოვეს იგი და მის გაუჩინარებასაც  ვერავითარი ახსნა მოუძებნეს.
                                                   
                                                                მე და მთვარე

ლაშა შელია ერთი წლის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად გამოჩნდა. ის გადარჩა, ციხესაც თავი დააღწია და ვენესუელასაც. უკვე 33 წლის ლაშა მშობლიურ ფოთს საღსალამათი დაუბრუნდა, თუმცა უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ დააბრუნეს! მან რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტა, დოკუმენტური ხასიათის, მხატვრულად შელამაზებული მოთხრობა დაეწერა. ლაშას მკაცრი დოკუმენტალიზმის შეეშინდა, რადგან ამ შემთხვევაში, მისი ვარაუდით, ყველას თვალში ჭკუაგალაყებულად გამოჩნდებოდა _ არადა, ნაწარმოებში აღწერილი, ერთი შეხედვით ყოვლად დაუჯერებელი ამბავი სრულ სინამდვილეს ასახავდა.
2013 წლის 1 აპრილს ლაშა შელია წერას შეუდგა და თავისი თავგადასავლის რაღაც ნაწილის (არცთუ უმნიშვნელოსი) დაწერა მოასწრო კიდეც.  მაშ წავიკითხოთ დაუმთავრებელი მოთხრობა, რომელსაც  _ „აკვარიუმი“ _ ჰქვია.

                                                              პროლოგი

ჩვენი პლანეტის ერთგული თანამგზავრი დედამიწიდან დაახლოებით 384 400 კილომეტრის დაშორებითაა. მთვარე დედამიწის გარშემო შემობრუნებას იმდენსავე დროს ანდომებს, რამდენსაც დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთვარე დედამიწისკენ ყოველთვის ერთი მხრითაა მიმართული. მთვარის ხილულ მხარეზე არაერთი კრატერი და უამრავი ეგრეთწოდებული ზღვაა დაფიქსირებული, მაგრამ სინამდვილეში, ისინი კლდოვანი დაბლობებია. „სიმშვიდის ზღვა“ _ ასე ჰქვია იმ კლდოვან დაბლობს, სადაც მთვარეზე ასული პირველი ასტრონავტები გადმოსხდნენ. კოსმოსურ ხომალდს, მთვარის მეორე, ფარული მხარის გამოსახულებაც აქვს გადაღებული, _ მასზე კი უამრავი კრატერი, მაგრამ შედარებით უფრო ნაკლები „ზღვა“ აღმოჩნდა.
                                                   
                                                        პირველი ნაწილი

ბედის უკუღმართობის შედეგად, ვენესუელას ქალაქ საბანეტას ციხეში გახლდით გამომწყვდეული. სამი წელი უკვე მოხდილი მქონდა და დარჩენილი ექვსი წლის განახევრების იმედით, ციხის ადმინისტრაციას ალმასის მოსაპოვებელ მაღაროში მუშაობაზე დავთანხმდი. რვა თვე ვიმუშავე ოთხი კილომეტრი სიღრმის მიწის ქვეშა წიაღში. ერთ დღესაც ალმასის მაღარო ჩამოინგრა, მე გონება დავკარგე, ხოლო აზრზე, რომ მოვედი, თურმე მიწის ზედაპირიდან, თითქმის 100 კმ სიღრმეში ვიმყოფებოდი.
დედამიწის ზედაპირთან ახლოს, ნახშირბადის ატომები წარმოშობს რბილ, შავ, დანაოჭებულ გრაფიტს. მაგრამ დედამიწის გარსში, 100 კმ სიღრმეში, იქ, სადაც წნევა მაღალია, ნახშირბადის იგივე ატომები მაგარსა და სუფთა ალმასს ქმნის. ჰოდა, მთვარეზე მცხოვრებ არსებებს დედამიწის წიაღში ბაზა ჰქონდათ გაკეთებული. როცა მაღარო ჩამოინგრა, მე გონება დავკარგე, ხოლო როდესაც აზრზე მოვედი, ხსენებულ ბაზაზე აღმოვჩნდი, სადაც საოცარი და გამაოგნებელი სურათი დამიდგა თვალწინ. ჩემს მახლობლად დაახლოებით სამმეტრიანი ადამიანისმსგავსი არსებები დაიარებოდნენ, მათ მიზანს კი უმაღლესი ხარისხის ალმასის მოპოვება წარმოადგენდა.
თევზისსახიანმა გოლიათებმა მთვარეზე წამიყვანეს. მე მთვარის ფარულ მხარეს ვეწვიე, იქ ორი კვირა დავყავი და ამ ხნის განმავლობაში, დიდ აკვარიუმისმსგავს გამჭვირვალე საცხოვრებელში ვიყავი გამოკეტილი. საცხოვრებლად ორი პატარა კაიუტისმაგვარი ოთახი მქონდა გამოყოფილი, რომლებიც აკვარიუმის შუაში იყო განთავსებული.
მოგეხსენებათ სატუსაღოში ადამიანი დღეებს თითებზე ითვლის, ერთი სული აქვს რაც შეიძლება მალე გავიდეს დრო და აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მაღარო ჩამოინგრა 2007 წლის 17 აპრილი იყო. გონებაზე რომ მოვედი, მალევე, ორიოდ საათში დავტოვე დედამიწა, ხოლო როცა ალმასზე მონადირეებმა, უჩინარი მფრინავი ხომალდიდან, ფოთის ნაპირთან ახლოს, წყალში ჩამსვეს _ 2008 წლის 1 მაისი თენდებოდა. როგორ ვცხოვრობდი, როგორ ვახერხებდი მათთან კომუნიკაციას, რატომ წამიყვანეს, რატომ ჩამომიყვანეს ისევ დედამიწაზე, რას ვჭამდი, რას ვსვამდი, რანაირად ვსუნთქავდი და საერთოდ რანაირად ვსულდგმულობდი, ამას ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით _ მანამდე კი სანამ კიდევ ერთ დაუჯერებელ რამეს გეტყოდეთ, მინდა მოგახსენოთ, _ მათ მე, კატის თვალისოდენა უმაღლესი ხარისხის ალმასი მაჩუქეს.
ამის მეტი ლაშა შელიას აღარ დაუწერია, ის 2012 წლის 2 აპრილს ისევ გაუჩინარდა _ მიწამ ჩაყლაპა თუ ქარმა გაიტაცა, არავინ იცოდა.

*** *** ***

2012 წლის 1 მაისს პატარა ბექამ დედას გასძახა.
_ დედა! დეე!..
_ რა იყო ბექა?
გაისმა ცირას ხმა.
_ დე ნახე რა ვიპოვე...
ცირა შვილს მიუახლოვდა, რომელსაც თაბახის ორი გადაკეცილი ფურცელი ეჭირა.
_ დედა ნახე, ფურცელს მგონი მამიკო აწერია!
ეს გუმანით იგრძნო სამი წლის ბექამ და შემდეგ შეეცადა დამარცვლით ამოეკითხა მინაწერი.
_ ლ...  ლა...  ლაა  ელ...  ელი...  ელია _ ეს ხომ მამიკოა დე?
სამი წლის ბექამ მხოლოდ რამდენიმე ასო იცოდა _ „შ“ _ ჯერ-ჯერობით უცნობი იყო მისთვის.
ცირამ ბავშვს ფურცლები გამოსტაცა და ლაშას თავს გადახდენილი ამბავი წაიკითხა.
ცირა მას შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე ცას შეჰყურებდა და პატარა ბექაც დედის მსგავსად ხშირად აკვირდებოდა ხოლმე მთვარეს.


რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით მიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა, ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.

--- ვეფხისტყაოსანი - შოთა რუსთაველი ---

                             
                                ლაშა შელიასა და ფირუზ მაჩხანელის საუბარი

2014 წლის 2 აპრილს, ლაშა შელია კანავერალის კონცხზე იდგა. ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალური სამართველოს ორ თანამშრომელს ემშვიდობებოდა. ვენესუელელი ბიზნესმენი კარლოს ესპინო და ამერიკაში დაბადებული იაპონელი ასტროფიზიკოსი ქართველს გამოეთხოვნენ და წარმატებები უსურვეს. ლაშა შელია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გარე სამყაროსგან და თვით ოჯახისგანაც იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველოსკენ გამოემართა. ლაშას კომპიუტერს სოციალური და საკომუნიკაციო არხები დაბლოკილი ჰქონდა, მხოლოდ სამჯერ მისცეს „სკაიპით“ ოჯახთან დაკავშირების საშუალება, აქედან ერთხელ გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ, მეორეჯერ მთვარიდან დაბრუნების შემდეგ და მესამეჯერ საქართველოში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ლაშამ ნაჩუქარი ალმასი გაუჩინარებამდე აქცია ფულად და როდესაც ფოთში დაბრუნდა, ფინანსური კუთხის ასპექტში ყველაფერი მწყობრში დახვდა, თან მას „ნასაშიც“ ხუთასი ათასი დოლარი გადაუხადეს, რადგან მისთვის აენაზღაურებინათ მორალურად მიყენებული ზიანი _ ის ხომ ორი წლით ოჯახსა და სამშობლოს იძულებით მოწყვიტეს, ოჯახის წევრებმა კი როგორც მოგახსენეთ, მისი გაუჩინარებიდან ორი თვის განმავლობაში არაფერი არ იცოდნენ.
ლაშამ ცხოვრება ოჯახური სიამტკბილობის ჰარმონიაში უზრუნველად განაგრძო. მისი საზრუნავი და საფიქრალი მხოლოდ სამყაროსეულ საიდუმლოებებსღა დასტრიალებდა. მან ასტროფიზიკის შესწავლა გულმოდგინედ გააგრძელა და მალე სტანდარტული ფიზიკის ჩარჩოებიდანაც გამოვიდა. ლაშას თვალსაწიერი უკვე დიდ ადრონულ კოლაიდერს და მასში მიმდინარე პროცესებსაც სწვდებოდა. საერთო ინტერესების თანხვედრამ ლაშა შელიასა და ფირუზ მაჩხანელის დამეგობრებაც განაპირობა. ფირუზი „CERN-ის“ ნაწილაკების ამაჩქარებელი, საერთაშორისო ლაბორატორიის თანამშრომელი იყო. მან და ლაშამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ის საქმიანი ვიზიტით _ აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალურ სამართველოს ეწვია. ფირუზი მეცნიერი გახლდათ, თუმცა სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობების წერით მან სამწერლო ასპარეზზეც მიაღწია წარმატებებს. ფირუზ მაჩხანელმა გადაწყვიტა, რომ ლაშა შელიას ცხოვრებაზე მხატვრული ნაწარმოები დაეწერა _ მისი ცხოვრება და თავგადასავალი, სწორედ, მისწრება იყო ფანტასტიკური ჟანრისთვის. ლაშას გადაფიქრებული ჰქონდა „აკვარიუმის“ დასრულება და ესიამოვნა კიდეც მეგობრის გადაწყვეტილება. მას ერჩივნა, რომ მის შესახებ სხვას დაეწერა ნაწარმოები. ფირუზმა ჩანაფიქრი „ნასას“ ხელმძღვანელებს გაანდო, _ მათ კი სთხოვეს, რომ სათქმელი დოკუმენტური სახით არ მიეწოდებინა მკითხველისთვის, რადგან საზოგადოების გონი ჯერ მზად არ იყო, რათა მსგავსი ამბები სინამდვილედ მიეღო.
ლაშას სამშობლოში დაბრუნების წელს, ფირუზ მაჩხანელმა ზაფხულის შვებულება საქართველოში გაატარა და ზღვისპირეთსაც ეწვია. ლაშაც ოჯახით ჩავიდა ბათუმში, ხოლო ნაწარმოების სრულყოფის მიზნით ფირუზ მაჩხანელმა ლაშასთან საუბარი მოისურვა.
ივლისის ერთ დღეს, როდესაც საათის ისრები შუადღეს წაეპოტინნენ, მზე ძალზე გავარვარდა ბათუმის ცაზე. ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კაფეში კი მეგობრები სიგრილეში მოკალათდნენ და განყენებულ თემებზე დაიწყეს მუსაიფი. ამ ორი ადამიანის ბაასი ყოველდღიური რუტინისა და მასთან წილნაყარი წვრილმანების კალაპოტში არ ეტეოდა, რადგან მათი საუბრის კალაპოტი და სიღრმე გაცილებით განიერი და ღრმა იყო. ლაშას და ფირუზის დიალოგი, ვარდისფრად განათებულ მყუდრო კაფეში, მოგუდულად აჟღერებული კლასიკური მუსიკის ფონზე წარიმართა.
ლაშამ ცივი ლუდი მოსვა და თავისი თავგადასავლის მოყოლა დაიწყო:
_ იმ პერიოდში, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი და თარჯიმნად ვმუშაობდი, ერთი უცნაური რამ გადამხდა თავს. თანამშრომლებმა, ჩემი სახლიდან არც ისე შორს, გმირთა მოედანზე მდებარე დუქანში წავიქეიფეთ. ქეიფს რომ მოვრჩით, შეზარხოშებულ მდგომარეობაში, ფეხით წამოვედი სახლისაკენ. ჯიბეში გახვრეტილი ხურდა ფულიც აღარ მიჩხაოდა _ უკანასკნელი 50 თეთრი გზად შემხვედრ მათხოვარს მივეცი. ბინდი იყო ჩამოწოლილი უკვე _ სახლს სადღაც ნახევარი კილომეტრი მაშორებდა. ლამპიონებით განათებულ მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან ახლოს, ჭადრის ძირას საფულეს მოვკარი თვალი. საფულე ავიღე, ჯიბეში ჩავიდე და სადღაც ორასი მეტრის გავლის შემდეგ გავხსენი კიდეც. საფულეში ექვსი ცალი ასლარიანი კუპიურა, ორმოცდაათლარიანი, ათლარიანი, ხუთლარიანი და რკინის ლარიანი აღმოჩნდა _ სულ 666 ლარი. ამ საკრალურ რიცხვს მაშინ არცთუ ისე დიდი მნიშვნელობა მივანიჭე. საფულე, რომ გავხსენი ტოტალიზატორ „აჭარასთან“ ვიდექი. ჩავედი ტოტალიზატორში და დადებითი ემოციისგან უკვე ნამთვრალევ მდგომარეობაში მყოფმა, ხუთასი ლარი ორ თამაშზე დავდე. კოეფიციენტის ნამრავლმა 2.7 შეადგინა. ჩემმა რჩეულმა გუნდებმა გაიმარჯვეს და მე 1350 ლარი გამოვიტანე _ სუფთა მოგება 850 ლარი გამოვიდა, _ ჩემი თვიური ხელფასი კი 500 ლარს შეადგენდა. დილით ნაბახუსევს, რომ გამომეღვიძა და გამახსენდა წინა დღის პერიპეტიები, ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. თითქოს ციდან ჩამოვარდაო _ არაფრისგან ჩემს საფულეს 1516 ლარი ამშვენებდა. კვირა დღე და ჯიბეში ფული ერთობ ჰარმონიულ კომბინაციას ქმნიდა. გადავწყვიტე ბახუსისთვის პატივი მიმეგო და დილით, „მედუქნე“ თანამშრომლებს დავურეკე _ ხაშზე გეპატიჟებით-მეთქი. ორი წამოვიდა, ერთი არა, ჩვენ სამმა კი ცხელი ხაშით, ქაფქაფა ხინკლებითა და ცეცხლივით ჭაჭათი დიდად ვისიამოვნეთ. ფული, რომ ვიპოვე არ მიხსენებია, ვთქვი უბრალოდ, რომ თითქოს ასი ლარი მოვიგე. საღამოს კვლავ ჩავედი „აჭარაში“ _ კვირა დღეს არჩევანი დიდია ხოლმე, ბევრი თამაში უნდა გამართულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში. „ბარსელონა“ მადრიდში „რეალს“ ხვდებოდა. იმ პერიოდში „ბარსაში“ რონალდინიო დაფრინავდა, გუნდიც გამართულად თამაშობდა და ვიფიქრე, მაინც ნაპოვნი და მოგებულია ეს ფული, ჰოდა, _ 1000 ლარს ჩავალ „ბარსელონას“ მოგებაზე-მეთქი. ეგრეც მოვიქეცი. კატალონიელებმა კი სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს მადრიდელებს _ რონალდინიომ ზღაპრულად ითამაშა და მას მადრიდელი გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ. „ბარსელონას“ მოგებაზე კოეფიციენტი 2.5 იყო. ისევ მოვიგე, _ 2500 ლარი გამოვიტანე, ხოლო სუფთა მოგებად 1500 ლარი დამრჩა. ასე და ამრიგად, ორ დღეში ჩემმა შემოსავალმა 3016 ლარი შეადგინა. წავხალისდი, ორ დღეში კიდევ დავდე თანხა და კვლავ მოვიგე 639 ლარი. მეორე დღესაც იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩები. ისევ ვითამაშე და მოვიგე, ამჯერად 666 ლარი. ჰო, _ 666 ლარი, მაგრამ ამჯერადაც არ მივაქციე ყურადღება სამ ექვსიანს. მოკლედ ხუთ დღეში ჯიბე გვარიანად გავისქელე და რაღა გამაჩერებდა, გადავეში თამაშის სამყაროში. მაგრამ აღმართს დაღმართი მოჰყვა... წავაგე, წავაგე, წავაგე, მოვიგე, ისევ წავაგე, ისევ მოვიგე, მერე წავაგე, წავაგე, ისევ წავაგე, ისევ, ისევ ისევ და ისევ... წავაგე, წავაგე, ვაგებდი და ვაგებდი. ერთ დღესაც ფული ვისესხე, რომ ტოტალიზატორში დამედო _ ჰოდა, ნასესხები 200 ლარიც წავაგე. მე ვთქვი, ეხლა კი ნაღდად მოვიგებ-მეთქი და ამ იმედით ლომბარდს მივაკითხე, ტელეფონი 300 ლარად დავალომბარდე და ტოტალიზატორში ჩავედი. ვიფიქრე „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ სოფლის გუნდს დედას როგორ არ უტირებს-მეთქი. დავდე სამასი ლარი მანჩესტერელებზე, _ იგებდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ დამთავრდა _ სოფლელებმა ბოლო წუთზე გაუთანაბრეს „წითელ ეშმაკებს“ _ მე კი ეშმაკი კვლავ არ მასვენებდა, საქართველოს ბანკის 500 ლარიანი „ნარინჯისფერი“ საკრედიტო ბარათი ავიღე და 500 ლარიც ტოტალიზატორის ბიუჯეტს შეემატა. შემდგომ ამისა კვლავ დავიდე ვალები, მერე სამუშაოდ ფოთში წამოვედი, მაგრამ ჯამაგირი ისეთი არ მქონდა, რომ ვალები დამეფარა და როგორც კი ვენესუელაში წასვლის შანსი მომეცა, დიდხანს აღარ მიფიქრია.
ლაშა შელიამ თხრობა დაასრულა და ლუდი მოიყუდა. ოფიციანტმა სავსე კათხები კვლავ მიიტანა სუფრასთან. მან ლუდს, შავი პური, მდოგვი, შემწვარი ხონთქარი და ტკაცუნა სოსისები მოაყოლა. ფირუზ მაჩხანელმა კი სიგარეტს მოუკიდა, ხოლო შემდეგ ლაშას შეხედა და დასძინა!
_ ლაშა შენი ამბები ვიცი, _ ვიცი რაც გადაგხდა თავს ვენესუელაში, როგორ აღმოჩნდი მთვარის ფარულ მხარეს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინტერესებს, მთვარეზე მოგზაურობების გარდა, იმ ორი წლის მანძილზე „ნასაში“ რას აკეთებდი, რითი იყავი დაკავებული?
_ ვცხოვრობდი „ნასას“ ტერიტორიაზე კარგად მოწყობილ ბინაში. დაკავებული ვიყავი ვარჯიშით! ვარჯიშობდი გონებრივად და ფიზიკურად. „ნასას“ თანამშრომლების მეთვალყურეობის პარალელურად, კვირაში სამჯერ ვჯირითობდი ცხენზე, ვთამაშობდი მაგიდის ჩოგბურთს და დავცურავდი აუზში. დანარჩენ დროს კითხვას ვუთმობდი... ერთ დღეს წიგნები მოვითხოვე და იმ კაცმა, რომელიც მე მყავდა მოჩენილი, _ ოჰენრის მოთხრობების კრებული და მელვილის „მობი დიკი“ მომიტანა. ორივე წიგნი უცხო იყო ჩემთვის და აქედან გამომდინარე, ერთ კვირაში ორივე დიდი ინტერესით წავიკითხე. ოთახში კომპიუტერი მქონდა და ზოგ წიგნს ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებითაც ვეცნობოდი ხოლმე. წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა. დეტექტიური, ისტორიული და სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა მომწონდა. წაკითხული მქონდა დეტექტიური ჟანრის კორიფეების: ედგარ ალან პოს, ართურ კონან დოილის, ჯეიმს ჰედლი ჩეიზის, სიდნეი შელდონის, აგათა კრისტის, ჟორჟ სიმენონის და სხვათა ნაწარმოებები... სათავგადასავლო რომანებიც ბლომად მქონდა გადაკითხული... ჯონათან სვიფტის, დანიელ დეფოს, მაინ რიდის, მარკ ტვენის, ალექსანდრე დიუმასა და ჯეკ ლონდონის თითქმის ყველა ნაწარმოები ნაცნობი იყო ჩემთვის. ქართველი ავტორებიდან, განსაკუთრებით: კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის და ლევან გოთუას შემოქმედება მხიბლავდა, ხოლო ჩემი რჩეული წიგნი ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" იყო. მოკლედ, ოჰენრისა და მელვილის შემდეგ, ჰომეროსის „ოდისეა“ და ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღო“ მომაწოდეს. მარიო პიუზოს ჯერიც დამიდგა. მისი ოთხი წიგნი: „ნათლია“, „სიცილიელი“, „უკანასკნელი დონი“, და „ომერტა“ ერთ თვეში წავიკითხე. შემდეგ ფანტასტიკური წიგნებით დავინტერესდი, რის შედეგადაც რეი ბრედბერისა და აიზეკ აზიმოვის შემოქმედებას გავეცანი. პოეზიის განწყობაზეც დავდექი და ბაირონის ლექსების პირველი კრებული _ „მოცალეობის საათები“ გადავიკითხე. ბოდლერის ლექსებსაც ვერ ავუარე გვერდი. ნიკოლოზ ბარათაშვილის, პაოლო იაშვილის, ლადო ასათიანის, გალაქტიონისა და ვაჟას  პოეზიასაც გავუსინჯე გემო!.. მერე პოემებზე გადავედი და შექსპირის „ჰამლეტი“, ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ და გოეთეს „ფაუსტი“ წავიკითხე დიდი გულისყურით. ამას სერვანტესისა და ბალზაკის თითქმის მთლიანი შემოქმედების გაცნობა მოჰყვა. რუსი მწერლების ჯერიც მოვიდა _ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ და ტოლსტოის „აღდგომა“ ავირჩიე. „აღდგომა“ ბოლომდე ვერ დავასრულე, რადგან „ნასას“ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებთან ერთად მთვარის ფარულ მხარეში მომიწია გაფრენა. ეს კაცობრიობის ისტორიაში სადებიუტო ექსპედიცია იყო, რომელიც მთვარის ფარული მხარისკენ საიდუმლოდ განხორციელდა, მე კი ერთადერთი ადამიანი ვიყავი ჩვენს პლანეტაზე, რომელსაც იდუმალებით მოცულ მთვარის უჩინარ ადგილას ფეხი დაედგა და ადგილობრივ გოლიათებთან ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონდა. დედამიწის თანამგზავრიდან, რომ დავბრუნდი „აღდგომის“ კითხვა მაშინღა დავამთავრე. შემდეგ თანამედროვე მწერლებს მივადექი _ არჩევანი პაოლო კოელიოსა და ორჰან ფამუქის წიგნებზე შევაჩერე. თანამედროვეობიდან წარსულში გადავეშვი და ჰეროდოტეს ისტორიულ წიაღსვლებს ჩავუჯექი. ჩემს გონებას ნელ-ნელა ფილოსოფიურმა ქარბორბალამაც შემოუარა და ფილოსოფიური ლიტერატურის სიღრმეებშიც შევიჭერი... ერთი მეორის მიყოლებით გადავაბულბულე: სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს აზროვნების ნაყოფები, ასევე მაკიაველის „მთავარი“, კანტის „წმინდა გონების კრიტიკა“, ჰეგელის „გონის ფენომენოლოგია“ და ნიცშეს „ანტიქრისტე“. მერმისს ისევ პოემაზე შევაჩერე არჩევანი და „ვეფხისტყაოსანი“  წავიკითხე გულდასმით. კვლავ მომიწია „ნასას“ ეკიპაჟთან ერთად მთვარეზე გაფრენა. მთვარიდან, რომ დავბრუნდი ბიბლიის კითხვა დავიწყე, ხოლო ბიბლიის პარალელურად მეცნიერულ ლიტერატურასაც ვეცნობოდი, განსაკუთრებით კი უმცირესი ნაწილაკების თემა მაინტერესებდა! ატომებს, ატომის შემადგენელ პროტონებს, ელექტრონებსა და ნეიტრონებს _ კვარკებს, ღვთიურ ბოზონებს, უხილავ სიმებსა და მემბრანებს დასტრიალებდა ჩემი გონება და ფიქრები... დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ ჭიანჭველაზე უთვალავჯერ მცირე, _ ნანო და თუნდაც პიკომეტრული ზომის მატერიაში, სრულიად შესაძლებელია, რომ სიცოცხლე ჩქეფდეს, ცხოვრება დუღდეს, ოკეანის ზვირთქაფები ფრიალო ქარაფებს ეშხეფებოდეს, ხოლო გემებს, დღეებისა და თვეების განმავლობაში უწევდეთ აქოჩრილ ოკეანეში მგზავრობა. ამის თქმის უფლებას, უწინარეს ყოვლისა ჩვენი პლანეტა მაძლევს _ დედამიწა ხომ უკიდეგანო სამყაროსთან მიმართებაში თვალით უხილავ ატომზეც კი ბევრად, წარმოუდგენლად ბევრად მცირე ზომისაა. ჩვენი პლანეტა წერტილიც არ არის იდუმალებით მოცული სამყაროს ფონზე.
_ ოფიციანტმა ტკაცუნა სოსისები და ლუდით სავსე კათხები კიდევ მიუტანა ლაშა შელიასა და ფირუზ მაჩხანელს. სქელშუშიანი მძიმე კათხები ვარდისფერი შუქის ფონზე ქარვისფრად ელვარებდა. ამასობაში გარეთ ბინდბუნმა დაისადგურა და შავ ზღვას ვარსკვლავებით მოხატული ზეცა მიესალმა. მოვარსკვლავებულ ცას ოქროსფერი მრგვალი გულსაბნევი ამშვენებდა, სადაც სტოუნჰეჯისა და ნაზკას ხაზების შემქმნელი გოლიათები დააბიჯებდნენ.

                                                              1981

მეორე დღეს ფირუზ მაჩხანელი ოჯახითურთ თბილისში გაემგზავრა, ხოლო ლაშა შელიამ, თავის ცოლ-შვილთან ერთად, ბათუმის პლიაჟისკენ გასწია. შელიების ჯალაბობამ ცურვით გული იჯერა, _ შემდეგ ქოლგებს შეაფარეს თავი, შეზლონგებზე მოკალათნენ და საქმე გამონახეს. ცირამ ყურთბალიშები მოირგო, თვალები დახუჭა და მუსიკის სამყაროში გადაეშვა. ბექამ პლანშეტი ჩართო და ფეხბურთის თამაში დაიწყო. ლაშამ კი ფირუზის წიგნი გადაშალა, რომელიც წინა დღეს აჩუქა ავტორმა. ფირუზ მაჩხანელის საავტორო თხზულებების კრებული იწყებოდა მოთხრობით, რომელსაც _ „1981“ ერქვა. მოდი ლაშასთან ერთად ჩვენც წავიკითხოდ ეს მოთხრობა.


ისინი ასნი არიან და ერთმანეთს სახელებით არ მიმართავენ. მათ სხეულში მცირე ზომის ჩიპები ჩაუყენეს და როგორც კი სახელებს გაამხელენ, გამგები გაიგებს და უმალ საჯარიმო სანქციები ამოქმედდება მათ წინააღმდეგ. ამის მიზეზი რა არის, ზუსტად ვერ გეტყვით, მგონი რაღაც ეზოთერული საიდუმლოების ამბავი უნდა იყოს. გავა კიდევ რამდენიმე დღე და ასეული მარსზე გაემგზავრება. მათ უკან დაბრუნების შანსი აღარ ექნებათ _ სამუდამოდ, სიკვდილამდე მარსზე უნდა დარჩნენ. ჯერ კიდევ აქვთ დრო, რათა აზრი შეიცვალონ, მაგრამ თითქოს პირი შეკრესო, ყველას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი _ ცხოვრება წითელ პლანეტაზე განაგრძოს!..
კოსმოსური სააგენტო „E & M“ (“EARTH and MARS“ – „დედამიწა და მარსი“) მსოფლიოს მასშტაბით სამი წელი ეძებდა მსურველებს, რომლებიც მარსზე დარჩენას განიზრახავდნენ. „E & M-ის“ პრინციპი იყო, რომ ასეულში, _ ორმოცდაათი ქალი და ორმოცდაათი მამაკაცი ყოფილიყო.
და აი, როგორც იქნა, არაერთი გამოცდის ჩაბარებისა და აუცილებელ კრიტერიუმთა დაკმაყოფილების შემდეგ, ასი კაჟივით ჯანმრთელი ადამიანი შეირჩა. ზოგს რა სურვილი ჰქონდა და ზოგს კიდევ რა უტრიალებდა თავში რა მოთვლის... ვიღაცას მარსზე სექსი აღაგზნებდა, ზოგს ისტორიაში შესვლა სურდა, სხვას კი იმ თანხის წარმოდგენა ხიბლავდა, რომელსაც მის ოჯახს გადასცემდნენ და ასე შემდეგ...
ოცდახუთი ამერიკელი, ჩვიდმეტი რუსი, რვა ინგლისელი, შვიდი იტალიელი, ხუთი ფრანგი, ოთხი ჩინელი, ოთხი იაპონელი, სამი გერმანელი, სამი კანადელი, სამი ბრაზილიელი, სამი ესპანელი, ორი პორტუგალიელი, ორი ნიგერიელი, ორი ყატარელი, ორი სამხრეთ კორეელი, ერთი არგენტინელი, ერთი კოლუმბიელი, ერთი მექსიკელი, ერთი სამხრეთ აფრიკელი, ერთი ავსტრალიელი, ერთი ახალი ზელანდიელი, ერთი უზბეკი, ერთი უკრაინელი, ერთი სომეხი და ერთი ქართველი შეადგენდა ასეულს.
„E & M-მა“ პატარა ქალაქი ააშენა მარსზე და კარგი საარსებო პირობები შექმნა. ას ადამიანს ხუთი წლის განმავლობაში ყველაფერი სამყოფი ექნებოდა, ყოველ ოთხ წელიწადში კი მათ დედამიწიდან მივლენილი საჰაერო ხომალდი ჩააკითხავდა ათკაციანი ეკიპაჟით და სრულიად უზრუნველყოფდა მათ მოთხოვნებს. ასეულის წევრებს დედამიწასთან ვირტუალურად დაკავშირების საშუალებაც მიეცემოდათ!
კოსმოსურმა სააგენტომ ასივე მოხალისეს საჩუქარი უძღვნა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ექვსი თვის მანძილზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამოგზაურა ისინი. მიზანი ორი იყო, ერთმანეთთან დაახლოება და დედამიწის სამუდამოდ დატოვებამდე სრული რელაქსაციის მიღება. „E & M-მა“ თითოეულ მათგანს სოლიდური თანხა გადასცა და ამ ექვსი თვის მანძილზე ყველას სრული თავისუფლება მიანიჭა. ასეულმა, სპეციალურად მივლენილ ჯგუფთან ერთად იმოგზაურა. გოგო-ბიჭებმა კი ბლომად ფული დახარჯეს და არაფერი დაიკლეს. ისინი მრავალ ქვეყანას ეწვივნენ, მათ შორის პორტუგალიასაც.
ერთ დღეს ასეულის წევრები ატლანტის ოკეანის პირას შეიკრიბნენ. ოთხმოცდამეერთე ნაზარეს სანაპიროსთან ჩამოჯდა. პორტუგალიის ამ სანაპიროზე, შორეული ატლანტიკური შტორმებისგან წარმოქმნილი ვეებერთელა ტალღები იქოჩრებოდა. უშველებელი ტალღები ოთხმოცდამეერთეს გულს, სისხლსა და ტვინს შეერწყა... ოკეანე ბობოქრობდა, ის კი რეკორდული სიდიდის ზვირთებს შეჰყურებდა. განრისხებულმა ტალღებმა გული გაულაღა და სული სპეტაკი ალმურით გაუთბო, მაგრამ გეგონებოდათ ვულკანუსმა მოაჯადოვაო _ სისხლი აუდუღდა ძარღვებში, ტვინი დაუბზრიალდა და ნერვები ლარივით დაეჭიმა _ შემდეგ თითქოს რამდენიმე მათგანი გაწყდაო _ სწორედ ასეთი შეგრძნება დაეუფლა ოთხმოცდამეერთეს. თანდათან მისი გონება მოწყდა ამქვეყნიურ უბადრუკ რუტინას, სულში ძლიერი ჭექა-გრგვინვა დაეწყო და სისხლის მდინარებამ, შეთანხმებული მოქმედი ორგანოებისგან შემდგარი, სალი კლდესავით მყარი ორგანიზმი აუფორიაქა.
ასე ძლიერ რამ გამოიყვანა წყობილებიდან ნეპტუნი, რა უნდა ყოფილიყო მისი, ესოდენ ძლიერი გაშმაგების მიზეზი?
გარშემო სხვა აღარაფერი არსებობდა, ოკეანემ ყველაფერი შთანთქა. ყველაფერი უბადრუკ არარაობად მოჩანდა ოთხმოცდამეერთეს თვალში. არსებობდა მხოლოდ ის და აქაფებული, ვეებერთელა ტალღები. იგი უნდა შეჭიდებოდა, სულში უნდა ჩასძვრომოდა დაგორგლილ ტალღებს...
რატომ?
იმიტომ რომ სული ამოეხადა გათავხედებული ოკეანესთვის!
იქვე ახლოს, ოთხმოცდამეერთესგან ათიოდე მეტრის მოშორებით, მეცხრე ჩამომჯდარიყო და ნაზარეს სანაპიროდან ჩაფიქრებული უმზერდა აღელვებულ ოკეანეს.
_ სხვა გზა არა მაქვს, უნდა შევიჭრა ტალღებში!
ჩაილაპარაკა ოთხმოცდამეერთემ.
თქმა და გაკეთება ერთი იყო. აიღო სერფინგის დაფა და გაიქცა!
მეცხრე კი ისევ მშვიდად იჯდა, ტალღებს გაჰყურებდა და ფიქრობდა...
საინტერესოა, მაინც რაზე ფიქრობდა, რა აზრები უტრიალებდა თავში?
თუმცა სჯობს თვალი ოთხმოცდამეერთეს მივადევნოთ, რადგან სწორედ ის არის მთავარი როლის შემსრულებელი და არა მხოლოდ ნაზარეს სანაპიროზე, არამედ მთელ სამყაროში!.. თითქოს მთელი სამყარო სულგანაბული, გაყუჩებული შესცქეროდა აბობოქრებული ნეპტუნისა და სისხლადუღებული ოთხმოცდამეერთეს შერკინებას.
_ ოოო რა უდრეკი სულისკვეთება აქვს... შეხედეთ, როგორ დაიმორჩილა ტალღები. არა, არა, კარგად უცქირეთ _ ნახეთ, სასწაულია სწორედაც რომ.
ისმოდა შეძახილები...
_ გიჟია, ნამდვილი გიჟია!
შესძახა მეასემ.
_ მე მგონი შეიშალა...
_ თქვა მეთექვსმეტემ (რომელიც სერფერი იყო) და იქვე მდგომმა მეხუთემაც (ასევე სერფერმა) მას კვერი დაუკრა.
_ მაგარია, მაგარი!!!
შეთანხმებულებივით შესძახეს ოცდამეთხუთმეტემ და ორმოცდამეათემ.
დრო ტაატით გადიოდა, ოთხმოცდამეერთე კი არანორმალურ ტალღებზე დათარეშობდა. ტალღა როცა აიზვირთებოდა მილის ფორმას იღებდა, სერფერი კი ცდილობდა იქამდე დარჩენილიყო მილის შიგნით, სანამ ტალღა ჩამოზვავდებოდა. ამას ისე წარმატებით ასრულებდა, რომ ნაზარეს სანაპიროზე მყოფი მეორე, მესამე, ოცდამეჩვიდმეტე, ორმოცდამეოთხე, სამოცდამეექვსე, ოთხმოცდამეთერთმეტე _ მოკლედ ყველა მეასეს ჩათვლით _ აღტაცებისა და გაოცებისაგან, დაჭრილი ლომებივით დვრინავდნენ.
თუმცა ყველა არა. მხოლოდ მეცხრე და პირველი გარინდულიყვნენ და უზაკველი თვალებით შეჰყურებდნენ ოკეანეს.
სანაპიროდან რვა სერფერი უმზერდა ოთხმოცდამეერთეს სასწაულებს, რადგან ასიდან რვა (ოთხმოცდამეერთეს გამოკლებით) სერფერი იყო. იმ დღეს კი ვერავინ გაბედა ოკეანეში შესვლა. დიახ, ვერავინ _ თვით სამოცდამეექვსესაც არ ეყო გამბედაობა. მაგრამ ამდენ ხალხში იყო ერთი გამონაკლისი, რომელიც ყველასგან განირჩეოდა.
აი მეცხრეს კი ნერვი არ ასტოკებია და არც აღტაცებისა ეტყობოდა რამე. ის ისევ ისე, მშვიდად იჯდა და მისი გამომეტყველება სრულიად შეუსაბამო იყო შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში. უბრალოდ იჯდა, ოკეანეს გაჰყურებდა და ფიქრობდა...
ისე საინტერესოა, მაინც რაზე ფიქრობდა, ჰმ?
მეცხრე პატივს სცემდა ოთხმოცდამეერთეს. ღირსეულ პიროვნებად მიაჩნდა იგი. მას მოსწონდა ოთხმოცდამეერთეს სულისკვეთება, სიმამაცე, სინაღდე და მიზანსწრაფულობა. თავის მხრივ ოთხმოცდამეერთეც პატივს სცემდა მეცხრეს, თუმც კი ქვეცნობიერად. მას კონკრეტული კრიტერიუმები არ ჰქონდა იმისათვის თუ რატომ უნდა ყოფილიყო პატივისცემით განმსჭვალული იმ კაცისადმი, რომელიც ამდენი ადამიანისაგან განსხვავებით, _ გულგრილად, ყოველგვარი ემოციის გარეშე უყურებდა მის გმირობას. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, სრულიად გაუთვითცნობიერებლად პატივს სცემდა მეცხრეს _ უბრალოდ გრძნობდა, რომ ასე უნდა ყოფილიყო. უზადო სერფერს ხშირად ახსენდებოდა ხოლმე მეცხრეს სერიოზული გამომეტყველებით ნათქვამი წინადადება. ერთხელ როცა ვისკის წრუპავდნენ, წარბებშეკრულმა და დალევის დროსაც გულჩათხრობილმა მეცხრემ ოთხმოცდამეერთეს თვალებში შეხედა და უთხრა:
_ იცი ლაზერის სხივს, რომელიც სინათლის სიჩქარით მოძრაობს, მთვარესთან მისაღწევად _ 1,28 წამი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ მანძილი დედამიწიდან მთვარემდე.
ვიცი, ეს ხომ გვასწავლეს უკვე, მაგრამ მანძილი ზუსტად აღარ მახსოვს.
მიუგო ამერიკელმა სერფერმა.
_ 384 399 კილომეტრი.
იყო პასუხი.
და ახლა რაზე ფიქრობდა მეცხრე, ნეტავ რაზე ფიქრობდა?
საინტერესოა, სწორედაც რომ.
უკვე ვგრძნობ, რომ მისი ფიქრების გაგება გაინტერესებთ და რადგან ასეა, _ გაჯანჯლება აღარ ღირს.
მაშ ასე, მეცხრე ფიქრობდა...
უკაცრავად, მოითმინეთ ორიოდ წამით. ეს რა ხდება _ სიზმარია თუ ცხადია? ოთხმოცდამეერთე უშველებელ ტალღებშია მოქცეული. თითქოს უზარმაზარი ალიგატორის კბილზე კოლიბრი მოკალათებულაო...
როგორც შემდგომში გაირკვა, ტალღები ოცდაათ მეტრზე მაღალი იყო.
_ ამხელა ტალღებში აქამდე არავის უსრიალია!..
დაიღრიალა მეასემ.
არა და არა. მეცხრეზე მაინც ვერაფერმა მოახდინა ზეგავლენა. ის იჯდა მოღუშული და ფიქრობდა...
ის ტვინს იღრღნიდა იმაზე ფიქრით, შესაძლებელი იყო თუ არა ისეთი ძლიერი მიკროსკოპის შექმნა, რომლის დახმარებითაც დედამიწის დანახვა... არა დანახვას და აღქმას ვინ ჩივის, _ უბრალოდ შემჩნევა, თვალის მოკვრა მაინც თუ იქნებოდა შესაძლებელი.
ესეც მეცხრეს მაშინდელი ფიქრები, სწორედ მაშინდელი, როდესაც ოთხმოცდამეერთე გათავხედებულ ტალღებზე ბობოქრობდა...
ერთი ჭიანჭველის თავი ნეიტრონული ვარსკვლავის მასალისაგან რომ იყოს დამზადებული, დაახლოებით 1 095 000 ტონა იქნება, ხოლო სინათლის სხივი დედამიწას წამში შვიდჯერ შემოუვლის.
ფიქრობდა მეცხრე.
სინათლის სხივის სიჩქარით მოგზაურობისას მთვარემდე მიღწევას _ 1,28 წამი სჭირდება, მარსამდე _ 4 წუთი, იუპიტერამდე _ 35 წუთი, ნეპტუნამდე _ 4 საათი, უახლოეს ალფა კენტავრის ვარსკვლავეთამდე _ 4 წელი, უახლოეს ანდრომედას მთავარ გალაქტიკამდე _ 2,5 მილიონი წელი, ხოლო სამყაროს კიდემდე _ 45,7 მილიარდი წელიწადი.
ჰო, არ გაგიკვირდეთ _ სამყარო სულ ციფრებში ჰქონდა გაზეპირებული, ყოველშემთხვევაში იქამდე, სადამდეც უსასრულო სამყაროს, ასევე უსასრულო დათვლის სისტემა მისწვდებოდა. მგონი აბსტრაქციაში გადავინაცვლეთ. სჯობს ისევ ოთხმოცდამეერთეს დავუბრუნდეთ.
_ მოიცა, მოიცა... რა ხალხის  ჩოჩქოლია? სად არის ოთხმოცდამეერთე?
_ სად არის ოთხმოცდამეერთე?
_ სად წავიდა ოთხმოცდამეერთე?
_ რა მოუვიდა ოთხმოცდამეერთეს?
ყვიროდა პირველი და მისი თვალებიდან ცრემლი ჩანჩქერივით გადმოიღვარა.
ოთხმოცდამეერთე ტალღებმა ჩაყლაპა, ოთხმოცდამეერთე ვეებერთელა ტალღებმა შთანთქა, ის დაიხრჩო.
ჰოდა, პირველმა ზურგი აქცია მარსს _ იქ აღარაფერი ესაქმებოდა, რადგან მოგზაურობის დროს ძლიერ შეუყვარდა ოთხმოცდამეერთე  და ისიც კარგად იცოდა, რომ ის მისი გულისთვის შეუვარდა ოცდაათმეტრიან ტალღებს.
მეცხრემაც გადაიფიქრა მარსზე გამგზავრება. ის ხომ ისედაც უცნაური კაცი იყო.
ხელშეკრულების თანახმად, კოსმოსურმა სააგენტო „E & M-მა“ პირველი და მეცხრე დააჯარიმა. პირველი და მეცხრე კოსმოსური სააგენტოს მომსახურე პერსონალს შეუერთდნენ. მათ ერთი წლის განმავლობაში, ძალზე მცირე ანაზღაურების ფასად უნდა ემუშავათ.


*** *** ***

მოთხრობა _ "1981" _ ავტორის ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ეხება. მეცხრესა და პირველის პროტოტიპები, (ისინი სწორედ ამ ციფრებით იყვნენ დანომრილნი) _ ფირუზ მაჩხანელი და მისი ამერიკელი მეუღლე, _ ვიკა მელოუნი არიან.
ფირუზ მაჩხანელმა რამდენიმე თვეში დაასრულა თავისი ახალი ნაწარმოები, რომელიც მისი მეგობრის ლაშა შელიას უჩვეულო თავგადასავალზე მოგვითხრობდა, ხოლო როცა ლაშამ წიგნი წაიკითხა, მას რაღაც უცნაურმა სურვილმა შეუმუსრა სული და გონება... ლაშა შელიას სამუდამოდ იქ ყოფნა მოუნდა, სადაც უცხოა ცნებები: ფული, ომი, საზღვარი და ასე შემდეგ...
დიახ, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა კიდევ ბევრი ცნება უცხოა მთვარის ფარულ მხარეში მცხოვრებთა ერთობლიობისთვის და მიუხედავად ამისა, ისინი ტექნოლოგიური განვითარებით ძალზე წინ უსწრებენ დედამიწელებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები