ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2015


მარგალიტისთვლიანი ბეჭედი

მარგალიტისთვლიანი ბეჭედი

-რა მქვიაო, როგორ თქვი?
  -ვეკო- ვერონიკა, ქალბატონო!
  -სადა ცხოვრობ, ვეკო?
  -ზაზიაშვილზე, ნაქირავებში.
  -მშობლები თუ გყავს?
  -არ ვიცი, ქალბატონო!
  -როგორ თუ არ იცი?
  -ურთიერთობა არა მაქვს, სახლიდან ვარ წამოსული.
  -აქამდე სად მუშაობდი?
  -ადრე აქ არ ვიყავი, ქალბატონო!
  -მაშ სადა?
  -თურქეთში ვმუშაობდი, რესტორანში- მიმტანად.
-გასაგებია!- მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა მწოლიარემ. ნელა, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა, თითქოს სიტყვებს გემოს უსინჯავსო. გოგო საწოლთან იდგა, მორჩილი და შემგუებელი. ეტყობოდა, ამგვარი გამოკითხვა უჩვეულო არ იყო მისთვის.
-დედა ქეთევანმა ძალზედ მიქო შენი თავი. მგონი მაგის მონათლულიც ყოფილხარ, არა?
  -დიახ, ჩემი ნათლიაა. ძალიან მპატრონობდა ძეგვის ბავშვთა სახლში.
  -გათხოვილი ხარ?
  -არა.
  -მეგობარი თუ გყავს? რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმე არ არის, თუ გინდა, ნუ გამიმხელ. მაგრამ ჩვენს შორის დაფარული არაფერი უნდა იყოს.
  -არა, რატომ დავმალავ, ქალბატონო!
-თამარა დეიდა დამიძახე.
  -კარგით!
  -საქმე ბევრი არ არის- ამ ორ ოთახს გამოგვი, სადილს მოამზადებ. ოღონდ იცოდე, სამზარეულოში ყველაფერი დაწკრიალებული უნდა იყოს. ვერ ვიტან სიბინძურეს. კვირაში ერთხელ თეთრეული უნდა გამოცვალო. ჯერ-ჯერობით კვირაში სამჯერ მოხვალ- ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს და მერე ვნახოთ. იმ ორ დღეს ჩემით გავალ იოლას.  შაბათ-კვირას მაკა შემომივლის- ჩემი დიშვილი. იმანაც რა ქნას, დაკავებულია, მთავრობაში მუშაობს.
  -გასაგებია!
  -ერთი შეხედვით, კარგი გოგო ჩანხარ. მაგრამ, ხომ იცი, უცხო ადამიანის შემოსვლა ოჯახში როგორია!
  -მესმის, თამარა დეიდა!
-ფულს, როგორც შევთანხმდით, კვირის ბოლოს მიიღებ. თუ გინდა, თვის ბოლოს მოგცემ.
  -თვის ბოლოს მირჩევნია, დამიგროვდება.
  -კეთილი!
  საქმე მართლაც ბევრი არაფერი იყო. რაც მას გამოეცადა, იმასთან შედარებით, სამოთხედ ეჩვენებოდა. ვეკოს უფრო მოხუცის კაპრიზები აბეზრებდა თავს.ავადმყოფის დაჟინებით ათასჯერ უმეორებდა ერთდაიმავეს. ვეკომ შეამჩნია, როგორ აყურადებდა მწოლიარე მის ყოველ ნაბიჯს. თუმცა, შენიშვნების მიცემა არ უყვარდა. პრობლემები მაშინ ჩნდებოდა, როცა მაკა- გამგეობის თანამშრომელი ესტუმრებოდა დეიდამისს. როგორც ვეკოს ეჩვენებოდა, ამ ქალმა თავიდანვე აითვვალისწუნა იგი. იქნებ იმიტომ, მოსამსახურე გოგოს ცქრიალა სახე და კოხტა ტანი ასე რომ განსხვავდებოდა მისი ჩასქელებული ფიზიონომიისა და მოჟამული სახისგან.  მუდამ უკმაყოფილო გამომეტყველებით მიმართავდა.
  -ვეკო, აქ მტვერი რატომ დაგრჩენია? ვინ წმენდს ახლა ასეთი ჩვრით? აქ ამის დადგმა როგორ შეიძლება! კი, მარა, მე ხომ გაგაფრთხილე! და ასე შემდეგ. ვეკო ბოღმას არ იმჩნევდა, მოკლედ, მორჩილად პასუხობდა. როცა მაკა წავიდოდა, გულში ათასგვარ პასუხს იგონებდა და გულს ამითი იოხებდა. ერთხელ, როცა მორიგი ვიზიტისას მაკამ წყლის მოტანა დაავალა, სამზარეულოში გასულმა ჭიქაში ჩააფურთხა და მერე შეავსო. ეს იყო მისი ფარული პროტესტი. როცა მაკა წყალს სვამდა, სინდისის ქენჯნა არ უგვრძნია.
  საღამოობით დაღლილი ბრუნდებოდა შინ- ნაქირავებ ბინაში, სადაც დაჯისთან ერთად ცხოვრობდა. მისი დაქალი- დარეჯანი ერთერთ სუპერმარკეტში მუშაობდა გამყიდველად სადღეღამისო რეჟიმში. ყოველ მესამე დღეს, ღამის მორიგეობიდან დაბრუნებულს ძილქუში ემართებოდა. გოგოებს უავეჯობის გამო კედელზე ჩამომწკრივებულ ლურსმებზე ეკიდათ თავიანთი ავლადიდება. ხანაც დაჯის სუპერმარკეტიდან მოჰქონდა ლამაზი ყუთები და ჭურჭელს იმაში აწყობდნენ.  დაჯი ფულს აგროვებდა ბინის დასაგირავებლად თავის თანაკლასელ თენგოსთან ერთად, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა და სულ ხელფასის მომატებას ელოდა. „ჩემი მეჯვარე , იცოდე, შენ უნდა იყოო”- ამუნათებდა ვეკოს.ხანდახან გოგოებს დიასახლისის ქმარი- ძველი ქალაქელი კაცი- გოგია შემოაკითხავდათ ხოლმე.„აბა, რასა ფიქრობთ, გოგოებო, ქორწილი როდის უნდა გვაჭამოთო, ხო იცით, ქალი კარგუნახავი არ უნდა წავიდესო”- ქირქილებდა უსიამოდ, თითქოს ახველებსო. თან თვალები მამაძაღლურად უჟუჟუნებდა. სად იყო და სად არა, უკან ცოლი- მათიკო ამოუდგებოდა ქოთქოთით: „რა გინდა ამ ბავშვებთან, თავს რატომ არ დაანებებ, შენი შვილების ტოლები არიანო”.- დატუქსავდა და აბუზღუნებულს წინ გაიგდებდა ხოლმე.
  შაბათის დადგომას  განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა ვეკო. ამ დღეს საგანგებოდ გამოეწყობოდა და ზაზას აკითხავდა მის ბუდრუგანასავით ბუნაგში.არსად გადიოდნენ, ზაზას არ უყვარდა მასთან ერთად უბანში გამოჩენა. ჯერ იაფფასიან ძეხვსა და ლუდს მიირთმევდნენ, მერე ძველ ტახტზე ეძლეოდნენ სიყვარულს. ვეკო ცდილობდა საწოლში თავშეკავებული ყოფილიყო, რადგან ეშინოდა ზედმეტი სითამამით ზაზასთვის მის წარსულზე ეჭვიანობის საბაბი არ მიეცა. ზაზა კაფელის ოსტატი იყო. ქალაქში ბედისა და ფულის საძებნელად ჩამოსულიყო. ფულს შოულობდა კიდეც, მაგრამ ფლანგვაც კარგად გამოსდიოდა, ამიტომაც სულ ფულზე წუწუნებდა და მისდღემში ვალების ტლაპოში იყო ჩაფლული. ვეკო ფულს ჩაიგდებდა თუ არა ხელთ, საჩუქრებს ჩუქნიდა. მათს ურთიერთობას თანასწორს ვერ უწოდებდი, მაგრამ ვეკო ცდილობდა, გამართლება მოეძებნა კაცის საქციელისათვის. რადგან მის გარდა არავინ გააჩნდა დედამიწის ზურგზე.
  ქალბატონ თამარს უყვარდა თავის წარსულზე საუბარი.  ეს მისთვის ყველაზე სახალისო საქმე იყო. ასეთ დროს გამოცოცხლდებოდა და სადღაც მიღმა იმზირებოდა. სრულიად ახალგაზრდა კუკური პატარიძის რეკომენდაციით რეჟისორის ასისტენტად მიეღოთ რუსთაველის თეატრში. მოგვიანებით აქვე გაეცნო თავისი მომავალი მეუღლე-მესამეხარისხოვანი აქტიორი, რომელსაც ნიჭის მიუხედავად, ვერ უმართლებდა, როგორც მეუღლე ირწმუნებოდა.ერთადერთი როლი, რითაც თამარი ამაყობდა, ვენეციელი მავრის შიკრიკი იყო, სადაც თვით ხორავა ყოფილა მისი მეუღლის პარტნიორი. ჰყვებოდა რუსთაველის თეატრის პრემიერებზე, თავის ნაცნობ ხელოვანებზე, რუსეთიდან გასტროლებზე ჩამოსულ აქტიორებზე და სამთავრობო ბანკეტებზე. პათეტიკურად წარმოსთქვამდა სახელებს: „ხორავა, ვერიკო, კაჩალოვი, რასტრაპოვიჩი”, თუმცა ეს სიტყვები ვეკოზე არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენდა. ერთი კი იყო- ხშირად ავიწყდებოდა მონაყოლი და ერთდაიმავეს გაუთავებლად იმეორებდა. მისი აზრით, ყველაფერი ეს ძალზე საინტერესო უნდა ყოფილიყო. ეჭვით მაინც რომ სცოდნოდა, როგორ აღიზიანებდა ეს მაღალი ბანკეტების სკრუპულოზური აღწერები მის მდაბიო მსმენელს, რომელსაც არავითარი შანსი არ ჰქონდა მსგავსის ნახვისა, ალბათ, ანთებული ენთუზიაზმის ალი უმალ ჩაუქრებოდა. ვეკოს გულს უკაწრავდა ის აზრი, რომ შეჭირვებულ  ადამიანებსაც ჰქონდათ წარსულის თუნდაც რაიმე მონაკვეთი, რომლის გახსენებაც არათუ სიამოვნებას, სიამაყესაც ჰგვრიდათ. ის კი წარსულში არსებულ ზოგიერთ ფურცელს სიამოვნებით ამოხევდა, რომ შეძლებოდა. როცა თამარი მისი ბავშვობის, ან თურქული ყოფის ამბებით ინტერესდებოდა, ცდილობდა საკუთარ თავზე ცოტა ელაპარაკა. ჰყვებოდა იზმირის რესტორნების მეპატრონეთა სიძუნწეზე, ქართველი ქალების მდგომაარეობაზე, თურქულ ადათებზე, იქაურ კერძებზე. ზოგჯერ მასაც ავიწყდებოდა, მონაყოლი და ერთდაიმავე ამბის პერსონაჟი ხან თავად იყო, ხანაც მოგონილი დაქალი. თუმცა ამას მისი მსმენელი ვერ ამჩნევდა.
 
  გადატანილი უბედურებების შემდეგ, თითქოსდა ყველაფერი კალაპოტს უბრუნდებოდა. წარსულის მოგონება ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა და მომავლის მინავლული იმედის ნაკვერცხალი ღვივდებოდა. ერთხელ, ზალის ძველი კომოდის დალაგებისას, ვეკომ ერთერთ თაროზე თეთრეულის უკან რაღაც საგანი შენიშნა გადავარდნილი. ხელი გადაყო  და გამოაძვრინა. აშკარად ბეჭდის პატარა ყუთი იყო. გულაჩქროლებულმა გახსნა და მარგალიტის ბეჭდის ელვარებამ მოსჭრა თვალი. გაშეშდა. ოქროულობა და ძვირფასი სამკაულები დიასახლისს სეიფში ჰქონდა შენახული  ძველი,ინკრუსტირებული ზარდახშით. რატომ უნდა ყოფილიყო ეს ბეჭედი ცალკე? იქნებ გადაუვარდათ და აღარ ახსოვდათ. მაგის ქონებას რა შეემჩნევა. მაგრამ რატომ აქამდე ვერ შენიშნა? „ხომ არ მეთქვა? მაგრამ რომ მითხრას, რას იქექებოდი კომოდშიო?!” ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. მონუსხულივით იდგა. გველის ცალი თვალივით მაცდუნებელი დაჟინებით მისჩერებოდა ოქროს ბუდეში ჩასმული მარგალიტი.
-ვეკო, მანდ რას აკეთებ?
  -არაფერს, თამარა დეიდა, მტვრებს ვწმინდავ.
  -რატომ არ მაგონებდი?
  -არ მესმოდა, თამარა დეიდა!
ტვინის დისკი მრიცხველის სისწრაფით უტრიალებდა თავში. „რაში სჭირდება ამ მოხუცს ეს სამკაული? დღეს თუ ხვალ სული უნდა მიაბაროს უფალს. ამით ზაზას ვალებს მაინც გავისტუმრებდი”...
  -ვეკო, ვეკოო, ვერ დაასრულე?
  -ახლავე, თამარა დეიდა! „მაგის განდღრეულ მაკას მაინც არაფერი მოუხდება. რითია ჩემზე უკეთესი, ერთადერთი- ბედი სწყალობს. მეც რომ მაგისნაირი პატრონი მყოლოდა, ახლა ცოცხი კი არ მეჭირებოდა ხელში.!” ყუთიდან ბეჭედი ამოიღო, ყუთი უკან დააბრუნა და კომოდის უჯრა ჩუმად შეწია. ბეჭედი ხალათის ჯიბეში ჩაიდო.
  იმ დღეს ვეკო დაბნეულად პასუხობდა დეიდა თამარას კითხვებზე.ერთი ძველი თეფშიც გაუვარდა ხელიდან. პური საპურის ნაცვლად მაცივარში შეინახა.
  -რა გჭირს, გოგო, როგორ ირჯები?
  -არ ვიცი, თამარა დეიდა, მგონი მაციებს. დილიდან მაჟრიალებს.
  -მერე ვერ მითხარი, წადი, გამოშუშდი, სანამ დაგილეწია ყველაფერი.
  ვეკო წავიდა. იმ შაბათს, შეხვედრაზე ზაზასთვის არაფერი უთქვამს. ზაზამაც შეამჩნია დაბნეულობა.
-რა გჭირს, გოგო, რავა გათვალულივით ირჯები!
  ორი დღის შემდეგ რაღაცნაირი შეცვლილი მივიდა სამსახურში. თამარიც სხვანაირად გამოიყურებოდა- უფრო ანთებული, რაღაც მნიშვნელოვანისთვის ემზადებაო თითქოს.  დღის ბოლოს, როცა ვეკომ თეთრეული გაფინა, და მოხუციც ასადილა, ის იყო, წასასვლელად გაემზადა, რომ თამარმა დაუძახა:
  -ერთი წუთით შემოდი, ვეკო, რაღაც სათქმელი მაქვს შენთვის!
  ვეკო შეცბა, დაძაბული მიუახლოვდა მის საწოლს.
  -აქედან გამგზავრების წინ ადამიანი თურმე ბევრს ფიქრობს იმაზე, როგორ გაიხსენებენ. მინდა კარგად მოგაგონდეს ხოლმე შენი ჭირვეული თამარა დეიდა, როცა სააქაოს აღარ ვიქნები!
  -ჯვარი გწერიათ, თამარა დეიდა!
  -ხვალ ხომ შენი დაბადების დღეა, წინასწარ გილოცავ!
  -უიმე, თამარა დეიდა, აღარც კი მახსოვდა, თქვენ საიდან გახსოვთ?!
  -მე ყველა ჩემიანის დაბადების დღე მიწერია, ჩემო კარგო. ასე რომ, არ გაგიკვირდეს! მე შენთვის საჩუქარი მაქვს!
  -ვაიმე, რატომ წუხდებოდით, თამარა დეიდა!
  -რიგიანი ადამიანისთვის არაფერი მენანება. ზალაში შედი. კამოდი გამოაღე. გამოაღე? ეხლა მეორე უჯრა გამოსწიე. მარჯვნივ, თეთრეულის უკან ხედავ პატარა ყუთს?
  -დიდიახ!..
  -ეგ შენი საჩუქარია. შენთვის გადავინახე, შენს დაბადების დღეს ველოდი. თავის დროზე, ბებიაჩემმა- ელისაბედმა მაჩუქა, შენხელა რომ ვიყავი. აბა დამენახე. როგორია? ნახე, მე მგონი, კარგად უნდა მოგერგოს.
  ვეკომ ხელისკანკალით ამოიღო ბეჭედი, იმ დილით რომ დააბრუნა და თითზე წამოიცვა.
  -დიდი მადლობა, თამარა...
  -რა იყო, რა გული აგიჩუყდა?
  თვალაწყლიანებული ვეკო უსიტყვოდ ეამბორა შუბლზე საწოლის თავზე, ბალიშზე მისვენებულ  თამარა დეიდას.
  როცა კარებში გადიოდა, თამარის სიტყვები დაეწია:
  -ცოდვებს ყველა სჩადის, მაგრამ  გამოსწორება ყველას როდი ძალუძს!
  ვეკოს ზურგი აეწვა. არ შემობრუნებულა, ისე გამოიჯახუნა კარი.

      2015, XII

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები