ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2015


მადლობა,ყველას...ყველას,მადლობა.

გაშეშებული, ოთხ კედელში -
ეკლებ ამოზრდილ საწოლზე მწოლიარე , ვაკვირდები
ობობას , რომლის სასგულდაგულოდ მოქსოვილ ქსელში
გულშესაღონად ფართხალებს , ბუზი და სანამ
ობობა- ამ უჭკუოს, შიგთავს ამოაცლიდეს, - ვათავისუფლებ!
თვალები მძიმდება , გუგების სისველის კოეფიციენტი
გულის პულსთან ერთად , ნელ-ნელა, იკლებს.
ვთვლემ .
სიზმარია ... ობობა მკბენს .
მე,კომიქსების ერთგული ვარ.
მე ახლა ქსელების გაბმა შემიძლია , საკუთარი ხელებიდან.
ფილმში ვარ... მთელი მსოფლიო ვიხსენი.
ჩემს ქსელებში ფართხალებს ყველა, ვინც ბოროტად - ხარხარებდა .
ხმაური.ტაში.ვარსკვლავებმა ცა მიატოვეს .
ჩემი ხელები...მათში ოქროსფერი ბრჭყვიალა , კაცუნა - ''ოსკარი''.
სამადლობელი სიტყვის დრო.
ჩემი გუგები სველდებიან , ჩემი ღაწვები სველდებიან
ტუჩებზე,მარილიან სითხეს, ენის წვერით შევიგრძნობ,
მუცელი შიგნიდან, მზედაჭირებულ სანაპიროს ქვიშასავით ხურს
ვეღარსად გავიქცევი , დანამულ შუბლს ვიწმენდ...
ვივიწყებ ფილმებს.ვივიწყებ როლებს.
ვივიწყებ ალტერ ეგოებს და მკაცრ ეგოიზმს ვამეფებ სულში.
ახლა მე,ჩემი ყველა მადლობა უნდა ვთქვა ,- რომელიც ჩემს სხეულში
ნაზამთრალ ბუხრის მილში დაგროვილი ჭვარტლივით,დაგროვდა.
და ამიტომაც დღეს - არავითარი ჩარლი , გამპი ან ვან ჰელსინგი
არავითარი საგა და არავითარი ბინდი
დღეს მე თქვენ გეუბნებით :
მე ვარ ვანცენტი და ყველაფრისთვის დიდი :
მადლობა დედას , რომელმაც გამიღიმა და მითხრა :
''წადი და ის აკეთე , რაც გაგიხარდეს ''
მადლობა მამას , რომელმაც გამიღიმა და არაფერი უთქვამს.
მადლობა ჩემს მეზობლებს , რომლებიც დღემდე მაიძულებენ ვიყო ჩუმად , - მე, მათი დახმარებით, საკუთარი თავის მოსმენა ვისწავლე.
მადლობა ადამიანებს, რომლებიც ვერ იტანენ ჩემს პოეზიას... სწორედ ისინი ხდებიან ჩემი სიზარმაცის გამო, -არ დაწერილი ლექსების, ორთქლაშვებული ძრავები.
მადლობა ჩემს სიყვარულს , რომელმაც ერთ ღამეს, ათას ერთი დარდი დამიტოვა და წავიდა
მადლობა ჩემს ქვეყანას , რომელიც ელოდება , როდის მოვკვდები , რომ მოვიდეს, გულში ჩამიკრას და მითხრას : ''როგორ დამაკლდი!'' ან ''თურმე''-თი დაწყებული მილიონი თვალცრემლიანი, სენტიმენტი.
მადლობა ჩემს ნათესავებს , რომლებიც იკრიბებიან ერთად , საუბრობენ ყველასა და ყველაფერზე - ერთმანეთის გარდა...მათ შემყურეს , ზუსტად ვიცი რა საკითხები არ მაინტერესებს  ცხოვრებაში , - განსახილველად.
მადლობა ყველა ავტობუსის მძღოლს , რომელიც მე ყავისფერ გზებზე დამატარებდა.
მადლობა ჭიანჭველებს , რომლებიც ცხოვრობენ ჩემს ბინაში , ჩემს ოთახში , ჩემს ძარღვებში
ჩემს ნერვულ სისტემაში.
დიახ, მადლობა იმ ჭიანჭველებს, რომლებიც იშენებენ ბუდეებს ყველგან- კუთხეებსა და უჯრედებში,სამწვერა ნერვში და სამფაზიან დენის გამტარში...
იმ ჭიანჭველებს , რომლებიც არიან იმდენად ერთგულნი , რომ - ჭამენ , სუნთქავენ, დაღოღავენ და კვდებიან ჩემთან ერთად , - ყოველთვის, როცა ჩემს ეპიდერმისზე ქაოტურად იბურძგლება თმები.
მადლობა პურის საცხობის დირექტორებს , რომლებიც ჩემთვის აგზავნიან ბენზინში დამბალ
პურებს! მე სწორედ ამ დროს ვხვდები , - როგორია ყოველ დღე იკვებებოდე , ნაგვის ურნიდან ამოღებული საკვებით.
მადლობა ჩემს მეგობრებს , რომლებთაც ალკოჰოლის სუნზე, ჩემი სახელი ახსენდებათ და დაუფიქრებლად მირეკავენ , - მოსაკითხად... (ჩემი მეგობრები, ხშირად აჭახუნებენ სპირტიან ჭიქებს).
მადლობა ჰიტლერს , სტალინს , ლენინს , პუტინს , ბუშს და ა.შ... ყველას ვინც საკმარისი მიზეზი მომცა , რომ - ვერცერთ მმართველობის ფორმას ვერ ვიტანდე .
მადლობა ქრისტეს , რომელსაც 24 საათში 365 ჯერ ვაკრავ ჯვარზე, ის კი ყოველ ჯერზე ამბობს:
'' შეუნდე მამაო, რამეთუ არ იცის რას იქმნს''
მადლობა მზეს ...ის ერთადერთია, რომელიც მე ღამეს მჩუქნის
და მადლობა საკუთარ თავს, უნიკალური ტალანტისთვის -
მოირგოს უამრავი როლი, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩე -
თიხათა კუნძულზე.
. . .
თვლემა.ძილი.სიფხიზლე...
სიზმარშიც , პოეზიით გამოვიჭერი ყელი.
სისხლი მდის... მე, პოეზიის ერთგული ვარ.
ეს როლი ჩამატანეთ , სხვა ყველაფერი ჭირსაც წაუღია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები