ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
11 დეკემბერი, 2015


ნაძვის ხე

ძველისძველი ნაძვის ხე მაქვს საახალწლოდ. მასწავლებელმა მაჩუქა მეხუთე კლასში. პატარაა. საცოდავად მოგრიხა წლებმა. სანამ მორთვას დავიწყებ , კარგად უნდა მივამაგრო ,არ ამოყირავდეს... შარშან შეწუხებულმა მითხრა შვილმა :
- ახალს როდის ვიყიდით, დინა ?
- წელსაც ეს დავდგათ და მომავალ წელს გადავაგდებ -
მეთქი.
ვცრუობ ! იცის თვითონაც.
ვერ ველევი. მიჭირს საერთოდ ძველ ნივთებთან განშორება, თანაც ამ პატარა ნაძვის ხეში ჩემი ბავშვობაა დაბუდებული, ყველა ლამაზი სიზმარი და მოგონება კონწიალობს ზედ, ტყუილებიც, ჰო ტყუილებიც, მშობლები რომ ფუთავდნენ ღამღამობით.
ჰოდა, ვერაფრით ველევი !!!
წელსაც გადმოვიღებ, გავწმენდ და შევუდგები გალამაზებას. სულ რამდენიმე წუთით დავხუჭავ თვალებს და უკან, ბავშვობაში ვიბოდიალებ : თითოეული სათამაშოს ჩამოკიდებაზე ვჩხუბობდით მე და ჩემი ძმები - "აქ არა, აქ უნდა ეკიდოსო"... "ვახ, სად გინახავს ძაღლი და კურდღელი ასე ახლოს ?!" - არ ვთმობდი პოზიციებს.
მერე ჩემი ნაძვის ხე ყველაზე ლამაზი მეგონა მთელ უბანში, ზოგისას სიდიდეს ვუწუნებდი, ზოგისას სათამაშოების რაოდენობას...
ჰოდა, უნდა მიერთგულოს წელსაც ამ პატარა მოგონებების სკივრმა და მომავალ წელს .... ალბათ ისევ დავპირდები შვილს, გამოვცვლი და გადავაგდებ თქო, მაგრამ გადაგდება რა ბედენაა, ღმერთმანი ?!
იყოს კარადაში გამომწყვდეული ჩემი ჩუმი და უწყინარი ბავშვობა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები