ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე05
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 დეკემბერი, 2015


* * *

ქუჩები ისეთი გამომშრალია, რომ მე აუცილებლად ცუდ ხასიათზე უნდა ვიყო. არ მინდა თქვენი მზრუნველობა-შეპარული შეშფოთებები და შეცხადებები...
სულის შეძვრამდე მიზიდავს უკანასკნელი ტანგო პარიზში, მაგრამ არც ტანგოს ცეკვა ვიცი და პარიზამდე მანძილიც ისევე გრძელია, როგორც იქ წასასვლელი ბილეთის ფასში ნულიანების რიგი. მიჯაჭულობა რაიმესგან თავის დახსნის უიმედო მცდელობაა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო ნათქვამია, ბედი კი გვწყალობს თუ არა კიდევ საკითხავია...
გავიღოთ სიყვარული, იქნებ აკენკოს შიმშილით გაუმძღარმა, სხვისი ცხოვრების შემყურე ხალხმა. ჩვენ თუ ცუდად მოგვხვდა მათი "ნისკარტი" ეგ არაფერი.  გვეშინია და ეს შიშია შეუსრულებელი მოქმედებების საზრდო. როგორ ჩასუქებულან ჩვენში აუხდენელი ოცნებები, ღმერთმა ამრავლოს!..
ხან მზის სხივი გვახარებს, ხან ყვითელი ფოთლები, ეს მოსალოდნელი ნალექიც მცირე თოვლის სახით რა უდროო დროს გამოგვეცალა ხელიდან. საოცარია პირდაპირ ჩვენი ბედისწერა, რომელიც ტანზე ვერა და ვერ მოვირგეთ და მზად ვართ ყველაფრის ფასად ჩავიცვათ, თუნდაც შემოგვეხეს. ალბათ ასეც მოხდება...
ვანდალიზმად შემირაცხავენ ერთ დღესაც გრძნობებს, რომლებსაც ფურცელზე ვეღარ დავატევ და ჯერ ჩემს, შემდეგ კი საზოგადო საკუთრებაზე გადავიტან. სულ არ მადარდებს ახლოს ჩავლილი ჭკუამხიარული თაობის აზრი და შეხედულება. მე ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი...
სიცივისგან გამოწვეული სილურჯე უფრო და უფრო ფართოვდება და იმ ოკეანეთა ნაკრებს ემსგავსება ხმელეთზე მეტი რომაა დედამიწაზე. ისევ და ისევ სითბოსა და სიყვარულის მათხოვრებად ვქცეულვართ, წაგვლეკოს ეგებ გრძნობების ცხელმა ლავამ, დაგვტოვოს ფერფლად და მოსაგონად. მერე იმ ვულკანის სახელსაც ვეღარავინ მოიფიქრებს ჩვენივე ხსოვნის საპატივსაცემოდ...
ბუხარიც არ მაქვს რომ გავთბე და დავდივარ "ბურატინოს სინდრომით" დაავადებული, რა იცი რა ხდება და ვის ვხვდები ჩემს გაუბედურებულ წარმოსახვაში. სილურჯეს სიყვითლე ცვლის, იმას კდიევ სიშავე, თუმცა არ ჯდება ეს ჩემი ლოგიკა არანაირ ფერთა გამაში. რაღა ნაჯღაბნი ნოტებით აწყობილი აკორდები და რაღა ჩემი ნაწერი...
სულ კარგად მეყოლეთ მეგობრებო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს