ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუკა.ოლირი
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2015


დარაბები

                                                                          დარაბები
      ჩვევა ზედიზედ უკვე მეშვიდედ დავარღვიე და ალიონს აღფრთოვანებული არ მივსალმებივარ. განა ჩამომეძინა, ვფხიზლობდი, ხელები თავქვეშ ამომიჩრია და ჭაღს შევცქერი, რომელიც დარაბების ღრიჭოებიდან შემოპარული სხივების ანარეკლით, ოთახის კედლებზე, სულ უფრო და უფრო მკაფიო ორნამენტებს ხატავს. ზუსტად ისეთივე დილა დგას, ალი კვალი გუშინდელისა და გუშინწინდელისა და იმისწინდელისა. ოთახში მარტო, შემზარავი სიჩუმე, რომელიც ოდესღაც ასე ძლიერ მიყვარდა, ეხლა  სასტიკად მეზიზღება და წუხილი, ჩემგან დამოუკიდებელი და გაუგონარი. ნეტავ რა დღეა? რიცხვიც კი არ მახსოვს ზუსტად, ვფიქრობ ჩვიდმეტი უნდა იყოს ან თვრამეტი, თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?! არც ერთის განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. ოთხივე კედელი მოიხატა, ანუ მზე სადღაც შუა წელსაა მიღწეული. ადგომის დროა, ხელ-პირი მაინც დავიბანო, თავი მეზიზრება.ტანზე გადავივლებ! ჭუჭყი ჩამოვირეცხო, ბინისა და უქნარობის ჭუჭყი.
      გრილა, ეს პერანგი ვერ მათბობს, სპორტული ზედა უნდა მომეცვა, ნიავია. ან საერთოდ რაღას გამოვდიოდი გარეთ?! ნაბანავები... -სალამი ეკა-როგორც ყოველთვის ნაძალადევი ღიმილი პასუხად, ყველას ასე ესალმება, ალბათ ჰგონია თვალთმაქცური ღიმილი და მოჩვენებითი მეგობრულობა შეუნარჩუნებს მაღაზიის კლიენტებს. სხვა გზა არაა, ან ორი კილომეტრი უნდა იარო სხვა მაღაზიამდე ან მასთან უნდა მოხვიდე და აიტანო ეს პირფერობა!
-ბავშვი კარგადაა, მადლობა, ეკა! ეხლა ბებიამისთანაა და რომ ჩამოვიყვან გამოვისეირნებთ შენკენ!-იმაზე მეტად არ აინტერესებს ჩემი ბავშვის ნახვა ვიდრე მე მისი ბავშვისა. თუმცა რას გადავეკიდე ამ ეკას?! ალბათ საერთო აღრენილობის ბრალია, გარშემო ყველაფერს რომ მოედება ხოლმე. მის გამო მძაგს და მეზიზღება ყველა და ყველაფერი, ეკა კი ალბათ უფრო შესაბრალისია,  ვიდრე შესაძაგლისი. ისევ ეკა! აკი შევეშვი ორიოდე წუთის წინ! 
      ან ამ სამარშრუტოში რა მინდა? უკვე ქალაქიდანაც გავსულვართ, ეხლაღა შევნიშნე, მძღოლის გრძელმა სიგნალმა დამცა მიწაზე, გამომგლიჯა ფიქრებს. ძალზედ ბევრი მანქანაა, ბევრი ხალხია, ორი ვარიანტიღა რჩება, შაბათია ან კვირა, დანარჩენი დღეები გამოირიცხა. როგორც იქნა გასცდა სარემონტო სამუშაოებს და ავტობანზე მთელი ძალით ჩააზილა წიხლი გაზის პედალს. ისევ გავითიშე?! ჰმ... ჩემი საყვარელი მეტეხი. იქნებ აქ სჯობდეს დასრულება ყოველისა?! ასი ათასთა კვალდაკვალ, მხოლოდ სხვა მხარეს მომიწევს შეხვევა, არა სამოთხისაკენ, მათსავით...
      დონალდსი აქ როდიდან დგას? თურმე რამხელა დრო გასულა ფოთლებიანი ბიჭის ბოლო ნახვიდან. ისევ ორომტრიალი. ახალგაზრდობა-სახეშეცვლილი. შარვალი წელზე მაინც ასწიე ძამიკო, ქალების უკანალის ცქერა არ მსიამოვნებს ქუჩაში, ვულგარულობისა და გამო, არათუ კაცის სათიბისა! დამდგარი დროებიდან დადებითი აითვისეთ, მაგ დაბალწელიან შარვლებსაც შნოიანად უნდა მორგება...  - არ ვეწევი დაიკო- კაცისაგან მეზარება სიგარეტის თხოვნა, უკვე ქალებიც არ გერიდებიან, არადა ვეწევი, განა რამე, უბრალოდ მწეველს სამათხოვროდ არ უნდა გქონდეს საქმე ან შეეშვი. საწამლავი რა დასანანია, ეგაა რომ საწამლავია და სხვას ნუ უმატებთ მკვლელის ცოდვას, თვითმკვლელისაც ეყოფათ.   
      და მაინც, აქ რას ვაკეთებ? შეხვედრა არავისთან მაქვს დანიშნული და არც საქმე უნდა მქონდეს რამე. ჰმ...
        -ოც თეთრიანი ჩამომისხი რა, დეიდა-არ მეყო, მიყვარს ბურახი, ან ოც თეთრიანი რაღა იყო?! ბარემ დიდში-იყოს, ამავე ჭიქაში დაასხი, გენაცვალე-პირველად ამ სამი წუთის მანძილზე თვალები კასრის ონკანს მოსწყვიტა და მზერა მარგუნა-მადლობა შვილო...  -მადლობა?! რისთვის?! ჭიქისთვის?! ხელები, ხელები უფრო მეტს მიამბობენ ვიდრე თავად ამ ქალს შეუძლია მიამბოს. დანით ასათლელი კოჟრები... რა შრომა, ჯაფა, წვალება და ტანჯვაა მათში! და მთავარი, ძაძებზე, ახალგაზრდა ბიჭის ღიმილიანი სახის ფოტო მკერდზე- დეიდა, რამდენი ხანია?-მწუხარებისაგან ძირს დახრილი თვალები-ომიანი აგვისტოდან შვილო-გმირის უპატრონო  დედის მოუშუშებელი ჭრილობის ცრემლები და შეუღებავი ჭაღარა მეტკინა. ნუთუ ასეთი შეუმჩნეველია? რა ვულგარულად მოსთხოვა ამ ღორმა მომსახურება! სარკეში თუ იხედება საერთოდ? ღიპი მაისურში ვერ ეტევა და რა ბურახი ამოავსებს ამის სტომაქვს?! მთელ კასრს თუ ჩაცლი! ამაზრზენო! სჯობდა საერთოდ არ დაგეტოვებინა ის ზედმეტი ათი თეთრი, მათხოვარივით რომ მიუგდე და არც კი შეგინიშნავს ამ საბრალოს ნაწკეპლარი გულიდან ამონანთხევი ხვნეშა, საკუთარი დიდებულების დამტკიცებაზე ფიქრობ მხოლოდ!
        ჰმ... დავბრუნდე? სხვა გზა მაქვს? სჯობს დროულად გავეცალო ამ საგიჟეთს, ზოგს სამოთხე რომ ჰგონია! ათი მობოდიალედან ერთი თუ გამოერევა რიდით თავდახრილი, ცხრა დიდგვაროვანია, მხოლოდ რომელნი არიან უფლისწულნი და რომელნი დედოფალნი, ჯერ თავადაც ვერ გაურკვევიათ შარვლიანებსა და კაბიანებს, თუმცა მათთვის არც ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. წინაპართა კაბიანები უფრო კაცობდნენ ვიდრე დღევანდელ შარვლიანთა წარმომადგენლები. მალე ტრიკოებზე გადავლენ. უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს, დემოკრატიაა, განნვითარდით, ქალებმა თუ მოირგეს შარვლები, კაცებს რატომ არ უნდა დამშვენდეთ მანდილი? ქალებმა ხომ უკვე დაივიწყეს მისი მნიშვნელობა და ძალა.
      ისევ გაბმული სიგნალი. ისევ მომწყვიტეს ფიქრებს. რაზე ვფიქრობდი? ალბათ უკაცრიელ ნაპირზე პალმებით, ხშირად ვნატრობ ამ ბოლო ხანებში. უკაცრიელს რატომ?! არა, არა, დედიშობილა გასარუჯად არა, მომწონს ჩემი ფითქინა ფერი და არ მესმის თქვენი, რომელთაც ისე ძალიან გიყვართ გარუჯვა, რომ ახალი ჰობი მოგიფიქრებიათ-სოლარიუმი. ისე, ცნობისათვის, ლეღვის მურაბა საჭმელად გამოიგონეს და არა სახურავზე ასატანად ძვირფასო, ხო, აი შენ, ჩემი სამარშრუტოს სკამის წინა მეზობელ სკამზე წამოსკუპებულო ქალბატონო. რომ გესმოდეს ჩემი ეს სიტყვები შემეკამათებოდი, სოლარიუმისაა, გოიმოო. დაგეთანხმები, გოიმი ვარ.
        მალე ჩავალთ? სად ვარ? ჯერ სიონია და... ეს ვინ არის? მარიაა? რა უბრალო მზერაა, ნამდვილად იმ ერთეულთა წრიდანაა, თავმდაბლურ ბოდიალს რომ ამჯობინებენ, შეუძლებელია ამ მზერის პატრონი უმრავლესობას ეკუთვნოდეს. რა სინატიფეა თითებში, ჩემი სუსტი წერტილი. რა წვრილამანმა მიიბყრო შენი ყურადღება? ალბათ ვირტუალური სილამაზით ტკბები, ჩემსავით. მზის წითური სამკაული როგორ გშვენის თმებშე, ნეტავ იცოდე. ჯადოა თუ რა მომდის? აქეთ სანაპიროა, მტკვარი მიიკლაკნება. იქეთ ის არის... მაინც გამირბის თვალე, მსურს ვუცქირო, რა ჩემი ბრალია?! განზრახ არ ვაპარებ მზერას, ვფიცავ, გულო შენ მაინც იცი, ერთგული მეურლე ვიყავი, სამ წილიანი თანაცხოვრების მანძილზე არათუ ხორციელი ღალატი, უბრალოდ გვერდით გახედვის სურვილიც კი არ გამივლია გონებაში და ეს ინტერესი ამ სილამაზის მიმართ  სრულიად არაფიზიკური და არახორციელია. ის სულის მალამოდ მექცა, მწყურვალე სულის ანკარა წყაროდ, არაუბრალო უბრალოებად, ამ მახინჯთა წრეში სილამაზედ. ნაპერწკალმა იელვა, ვიგრძენი, იმედის ნაპერწკალმა. იქნებ ვცდები და არც ისე ცუდადაა ყველაფერი როგორც ჩემი ავადმყოფი გონება თვლის?! იქნებ უბრალოდ მე, პესიმიზმით გაჟღენთილს მიმაჩნია გზა განვლილად, გასაკეთებელი დაკარგულად, მისაღები დაქცეულად და ცხოვრება ჩავლილად?! იქნებ ჯერ ადრეა ხელის ჩაქნევა?! ამ საგიჟეთში ხომ თურმე ნორმალურებიც არიან,ჩემგან განსხვავებით, მისი მზგავსნი... კულულა... ნაზი... მანდილოსანი!
      შვიდი წელია ამ უბნიდან გადავსახლდი, სტუდენტობისას ხშირად ამოვდიოდი აქ, სიყვარულითა და პოეზიით გაჟღენთილი, ახალი რითმების საძიებლად. რა დრო იყო... შტერი მიამიტი ძუძუმწოვარა... კარებზე ბოქლომი ვერ მომატყუებს, ისევ ის არის, მაშინ ერთი დაკვრით რომ მმორჩილდებოდა და მატარებდა. ხედიც კი ისეთივეა, არაფერი შეცვლილა. დრო გარბის, გარშემო კი არაფერი იცვლება, ალბათ თავადვე არ გვსურს შეცვლა. ნიავიც კი ისევ ისაა მაშინ რომ მეფერებოდა სახეზე. დღემდე ვერ გაცლია აქაურობას და მეც აქ ვარ, უწინდებურად...
      დილით ჩემს ოთახს ისევ მოხატავს დარაბებიდან შემოჭრილი სხივების ფერებად ერთფეროვანი ჭაღი, ეკა ისეთივე ნაძალადევი ღიმილით მიესალმება თავისი მაღაზიის კლიენტებს, შარვლები კიდევ უფრო ჩამოცურდებიან წელზე და სტომაქებიც მოიმატებენ მასაში, რათა რესტორანში, ვიღაცის ქორწილში თამადას სტომაქს დაეჯიბრონ ტევადობაში, მაგრამ მე ამას სავარაუდოდ ვერ მოვესწრები. ფრენა მომნატრებია, როგორც არასოდეს და არც არაფერი მაკავებს. ისე ნაზია სიო, ისეთი მიმზიდველია ხედი აქედან და ისე მხიბლავს ამქვეყნიურობისან გაფრენის ფიქრები, რთულია უარის თქმა და უარყოფა... და ნუ დაიმძიმებთ უჭკუო თავებს უაზრო ფიქრით-რატომ?! 
      სახურავის მოაჯირზე აძვრა, ხელები გაშალა, თვალები დახუჭა და სიამით სავსე გულით ხარბად ჩაყლაპა მისი წილი უკანასკნელი ჰაერის ყლუპები. ნეტარების  ღიმილმა გაურბინა სახეზე. ქარმა ზურგიდან უბიძგა და...  ჯიბიდან ფოტო გადმოუვარდა, ინსტინქტურად სწვდა და გამოსტაცა ნიავს. სიყვარულით მომზირალი ცაზე ცისფერი თვალები... სახე აელეწა, ამ თვალებში ცრემლები, სევდა და მარტოობა წარმოიდგინა. ეტკინა... მოაჯირს მოსცილდა...

2015წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები