ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტკბილი ნო-ემ-ბე-რი
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2016


დღეს შობაა, იოჰან!

დღეს შობაა, იოჰან, ღმერთის დაბადება და ...
-"გისურვებ, ღმერთი იშვას შენს გულში"-მითხრა უკვე მეოცე მეზობელმა.
ულოცავს ერთმანეთს ხალხი, შენ კი ალბათ ქიმიურ ფორმულებს ჩაჰკირკიტებ, პიჟამაზე ხალათმოსხმული, კარაქიანი ტუჩებითა და ჩაის ფინჯნით, საათის წიკწიკი და ნიუტონის ბურთების ხმა გესმის მხოლოდ... ჩაჰყურებ ფორმულებს და ვერც იაზრებ, რომ ამ დღეს ღმერთი დაიბადა და რომ ეს დღე საოცრებაა, თუმცა შენთვის ყველა საოცრება ღიმილისმომგვრელია და მეტ-ნაკლებად რთული ფორმულებით გამოისახება.
ისე, ხანდახან ვფიქრობ, რომ რობოტი ხარ, არა, კი არ ხარ, არამედ იქეცი რობოტად. ადამიანები, მოკვდავები ყველაფრისგან ვიცლებით, შენ კი თავის დროზე სამართლიანობისთვის ბრძოლაში დაიცალე და დაიშრიტე-ემოციებისგან. წახვედი და სიზუსტეში იპოვე სიმშვიდე, რომელმაც შენში ისე დაისადგურა, რომ სიყვარულზეც უარი თქვი და უკვე წლებია, წლებია იოჰან, რაც შენს ცხოვრებას მექანიკური სიზუსტით განაგებ. ცხოვრებას, რომელშიც ადგილი ვერ მომიძებნე...
გიშვებ, იოჰან, აღარ მინდიხარ და წადი!...
გუშინ მინდოდა, მიმავალი დამეხატე, მაგრამ პალიტრა გაშავდა, ფერები გაქრდნენ, მე კი, ძველი სავარძლიდან ვუყურებდი პალიტრიდან მოლბერტზე დატანილ უნებლიე სიშავეს. მერე ნისლები მოვიდნენ და მოლბერზე გამოსახული ჩემი თავი დავინახე. დავინახე და არ მომეწონა მიტოვებული, წელში მოხრილი ლილი. მერე გამახსენდა, რომ დღეს შობაა და თითქოს ამ გახსენებით ხელახლა დაიბადა ღმერთი ჩემში. ღმერთი, ანუ სიყვარული. მერე გამახსენდა, რომ სიყვარულის განცდა ყველას არ შეუძლია და სიამაყისგან მხრებში გავიშალე, რადგან გრძნობის სიჯანსაღე ადამიანებს უკეთესობისკენ ცვლის.
და მერე გამეღვიძა, ამაყს...
მწამს იოჰან, სიყვარულის მწამს და მჯერა, რომ ადამიანი შეიძლება ყველაფრისგან დაიცალოს, გარდა სიყვარულისა და გისურვებ, რომ დღეს, შობას, შენში დაიბადოს ღმერთი და თუ იგი სიყვარულია, შენში აღმოცენდეს და იქცეთ ერთ არსებად, თავისდა შენდა სასიკეთოდ და პური შენი არსობისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს