ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 22 იანვარი, 2016
ნუ მოხვალ
ნუ მოხვალ ჩემს საფლავზე. . მე იქ არ ვწევარ, გატყუებენ, ადრევე მოვკვდი და იმ ქუჩებზე გავიფანტე შენ რომ დადიხარ. .
მაპატიე რომ ზოგჯერ გატირებ, როცა ქარია და მტვრიანი ქუჩები თვალებს გიღლიან. .
ნუ მოხვალ მეთქი ჩემს საფლავზე, იქ შემოდგომის ყვითელი ფოთლებია დამარხული, ცრემლებით ვზარდე ხე, რომ შენ ჩრდილში დაგესვენა. . ფოთლები დამარხულია გესმის? ტოტები დაატეხეს მეზობლის ბავშვებმა. .
მაპატიე, რომ სიყვარულმა ფესვი გაიდგა, რომ წასასვლელი ჩახერგა გზები, გავიტოტე და ისე მჭიდროდ მიგიკარი ვეღარ სუნთქავდი. .
მაპატიე, რომ ფეხებში გედებოდა ჩემი სიყვარული. . მიწას მომაშორეს. . ფესვები დამაწყვიტეს, ვტიროდი. .
თავისუფალია მეთქი შენი გზები. სიმშვიდით გევლოს..
ახლა მოდიან და გატყუებენ, რომ აქ არის ჩემი საფლავი. . ნუ მოხვალ. ადრევე მოვკვდი. .