ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2016


ლურჯი ღამე

მე ახლაც მახსოვს გაზაფხულის ის ლურჯი ღამე,
არაგვის ტალღებს რომ ვტაცებდით ანარეკლ სხივებს.
მახსოვს, ცის კიდეს მიჯაჭვული რძისფერი მთვარე,
მკერდზე შეწყვეტილს რომ ვეძებდით ბალახში ღილებს.

მე ახლაც მახსოვს სულ პირველი ბაგეზე კოცნა,
გულში ვიკრავდი შენს ქათქათა ვნებიან თითებს.
მახსოვს, სულიდან ამომსკდარი პირველი ლოცვა,
ცას აპყრობილი, ამოსთქვამდი უნაზეს რითმებს.

მე ახლაც მახსოვს მაგ სხეულის უმანკო თრთოლვა...
თითქოს შევეხე მარადქალწულ, ტყის ველურ ნიმფებს.
თითქოს სამყაროს უცნაური ვიგრძენი შფოთვა
და ჩემში ვქმნიდი სიყვარულის ზეციურ მითებს.

მე ახლაც მახსოვს გაზაფხულის ის ლურჯი ღამე,
არაგვის ტალღებს რომ ვტაცებდით ანარეკლ სხივებს,
აქ, ყოველ ღამით, კვლავ ამოდის რძისფერი მთვარე
და იმ ადგილას ისევ ეძებს დაკარგულ ღილებს.

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები