ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევიდ
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2016


... – '

გთხოვ ნუ განიცდი სიკვდილი, რომ ყელში გვაწვება,
რომ სურდოსავით ჩვენს სხეულებს სუნთქვაც გაუვლის...
იმას წავიღებთ უსათუოდ რაც აქ არ რჩება,
ანუ ჩვენს სულებს, ყოველწამს რომ ღრჭენა გაუდით...
გუდას მოვიკრავთ ცოდვით სავსეს და იქეთ გავსწევთ,
სადაც სიცოცხლე კი არ ქრება, მართლა იწყება.
სასახლეები მოგვიმზადეთ, რომ ჩვენით ჩავწვეთ,
ბევრი გვიცინეთ, ჩვენ ცრემლები არ დაგვჭირდება.
დაგვიმახსოვრეთ ისეთივე, როგორც აკვანში,
რადგან ცოდვილებს, ცოდვის რეცხვა გაგვიჭირდება.
ნუღარ მოძებნით ახალ სიტყვებს იმ ძველ ანბანში,
რასაც ფასი აქვს, არაფერი არ იყიდება!
ჰო, დამთავრდება ბოლო სტროფიც ჩვენ, რომ არ გვწერდა,
ჩვენც დაგვიდგავენ თითო ქვას და გვექნება ტირე.
მე ამ ბოლო დროს შორით წასულს მოსვლა დამჩემდა
და ნუ ენდობით მაგ რიცხვებს და იმ სახელს მცირეს...
ერთი იცოდეთ სიყვარული თან გავიყოლე,
მეტად ძვირფასი ჩემს გულს და სულს არა გააჩნდა.
ჩემი დარდების მთელი სკივრიც თან ჩავიყოლე
და სიხარულიც, რომ ჩემს სახელს ჩრდილი არ ადგა...
ალკოჰოლს ვსვავდი, ბოლო დროსაც ვეღარ დავთმე და,
მეგონა ამით მთელ ჩემს სევდას გადავსანსლავდი.
დიდი ხანია, რომ ამინდებს ვეღარ ვარჩევ და
ვინ იფიქრებდა თბილისის მზეს კვლავ თუ ვნახავდი.
ალბათ, ვმთავრდები ასე თბილად ბოლოსდაბოლოს,
ალბათ, სიცოცხლემ ბოლო პრიზი გაათამაშა.
ვეტანებოდი ქალებს, სასმელს, ფულსა და ოქროს
და რომ ვიღებდი, სწორედ ამან გამათამამა...
მემატიანე აედევნა ჩამქრალ ბილიკებს,
ჩემს ცხოვრებაში ან რა ნახა მან მოსაყოლი,
სადაც მივედი წრფელი გულით არსად მიმიღეს,
სადაც ვიყალბე არვინ მითხრა გამოსათხოვი..
მიწიდან ბალახს ნუ მოგლიჯავთ, იქ რაც ამოვა,
ცხოვრებასავით ითანაბროს კარგმაც და ცუდმაც,
სისულელეა რამის თხოვნა და არც გამოვა,
ვისაც გიყვარდით გამიხსენეთ არიფმაც, ქურდმაც...
და ნუ განიცდით სიკვდილი, რომ ყელში მაწვება,
რომ სურდოსავით ამ ჩემს სხეულს სუნთქვაც გაუვლის.
მე ამაყი ვარ, რომ მივდივარ და თან დამყვება
ლანდი, რომელსაც შეხვდებით და გვერდს არ აუვლით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები