 | ავტორი: ილუ ჟანრი: პროზა 24 იანვარი, 2016 |
1
დიდი სახლი მქონდა, მაგრამ მე ყოველთვის ერთ ოთახში ვიყავი. იმ ოთახში იყო ჩემი აწმყო. არეულ, პატარა ოთახში, რომლის კედლებზეც საყვარელი შემსრულებლების პოსტერები მქონდა გაკრული. პატარა მაგიდა იდგა, რომელზეც უამრავი რვეული, ფანქრებით სავსე ჭიქა, სახატავი ფურცლები და წიგნები ერთი მეორეზე იყო დაყრილი. არა, არ გეგონოთ რომ არ ვალაგებდი. ყოველდღე ვალაგებდი, მაგრამ დალაგებულს ვერასდროს ვაჩერებდი. როცა წერას ვიწყებდი, მაშინვე ხატვა მინდებოდა, ხატვის დროს კი წიგნის კითხვა, წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი, კადრების ფირზე აღბეჭდვა მსურდა, ხოლო ფოტოაპარატს რომ დავიჭერდი-ხოლმე ხელში, მერე თამაში მინდებოდა. ერთი პატარა ოთახი იყო, რომელშიც სახელოსნო, „კინო-ფოტო სტუდია“, კაბინეტი და საერთოდ ყველაფერი მქონდა. ჰო, კაბინეტს რაც შეეხება, წარმოვიდგენდი-ხოლმე რომ ცნობილი მწერალი ვიყავი და აუცილებლად მაგიდასთან მჯდარს მეწერა. ეს ბავშვური წარმოდგენა იყო, მეგონა რომ მწერლები კაბინეტში ისხდნენ და ისე წერდნენ. თუმცა, მე არასდროს დამიწერია მაგიდასთან მჯდარს და ეს მიკვირდა-ხოლმე, მერე ვბრაზდებოდი, არ ვარ მე ნამდვილი მწერალი-მეთქი. ჰო, ეს სტერეოტიპი რა თქმა უნდა ძალიან მალე დამენგრა, მას შემდეგ რაც ერთ ფილმს ვუყურე „მუქთახორა“ აწ უკვე აღიარებულ მწერალზე. ამ დროს, მივხვდი რომ მეც „მუქთახორა“ მწერალი ვიყავი და გამიხარდა. თამაშს რაც შეეხება, წიგნების კითხვა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა და სულ ვკითხულობდი. ოღონდ ჩემი თანატოლებისგან განხვავებით, მე ე.წ მუღამით ვკითხულობდი, რადგან ვიცოდი რატომ ვიწყებდი კითხვას. ჰო, ალბათ ეს არ უნდა იცოდე, მაგრამ მე ვიცოდი ხოლმე. თითოეული წიგნის პერსონაჟისგან სახეს ვქმნიდი, შემდეგ როლს ვირჩევდი ხოლმე და როგორც კი დავამთავრებდი მის კითხვას, უკვე თამაშზე გადავდიოდი, წიგნიდან გამოსული, ახლა ჩემებურად შევდიოდი მასში. ხან გოგო ვიყავი, ხან კი ბიჭი. ერთხელ მოხუცი ჯადოქარი მერლინი განვასახიერე. ბარბის თოჯინებს თმები წავაჭერი, გავაერთიანე და „დიდ“ წვერად ვაქციე, რომელსაც სახეზე ვიმაგრებდი-ხოლმე და სარკის წინ ვთამაშობდი. ისე ვიჭრებოდი როლში, მერე სულით-ხორცამდე განვიცდიდი ყველაფერს და მიჭირდა როლიდან გამოსვლა. ერთხელ მაგალითად, დავიჯერე რომ ჯეინ ეარი ვიყავი და ერთი კვირა ისე ვიცვამდი, როგორადაც მისი ჩაცმულობა წარმომედგინა. ჰო, კიდევ ჩემ ნათამაშებ როლებს, შემდეგ ფილმებში ვაკვირდებოდი და ვიძახდი-ხოლმე, ჰაჰ, მე რომ ვიყო ხომ სულ სხვანაირად ვითამაშებდი-მეთქი. არასდროს მქონია მარტოობის განცდა, ამ დროს. უბრალოდ, ზოგჯერ გული მწყდებოდა რომ ვერავინ ხედავდა როგორ ვთამაშობდი და რამდენი „სახის“ მორგება შემეძლო. ამ დროს, ეზოში გავდიოდი და ვფიქრობდი გარე სამყაროზე, თუ როგორი სხვანაირი იყო დღითიდღე ყველაფერი. თურმე ვიზრდებოდი.
ჩემს უბანში, ყოველდღე, დილა უთენია ერთი ქალი მოდიოდა, მემაწვნე ეთერი ერქვა. ჰოდა, ყოველი დილა იწყებოად ფრაზით : „აბა, მაწონიიი, მააწონიიი, კამა, პეტრუშკა, ზელეენ-ზელეეენ“... ეთერი, ერთი ტანმორჩილი, ჭაღარა მოხუცი იყო. მუდამ, შავი ტანსაცმელი ეცვა და ამინდის მიუხედავად, თავზე შავი, სიძველისგან გახუნებული შარფი ქონდა წამოხვეული, რომელშიც ჭაღარა, მრავალი წლის შეუღებავი თმა მოუჩანდა. ზრდილობიანი და მორცხვი ქალი იყო, თუმცა ეს რომ დაგენახა, აუცილებლად უნდა ჩაგეხედა მის თვალებში. მე დიდი ზარმაცი ვინმე გახლდით, არც ახლა ვარ სხარტი, მაგრამ იმ დროს, ძალიან მეზარებოდა დილით ადგომა და სკოლაში წასვლა, თუმცა სხვა რა გზა მქონდა. ოთახიდან მაინც გავდიოდი-ხოლმე. 7 წელი, თითქმის, ყოველი დილა ასე იწყებოდა, სანამ ერთხელაც კაცის ხმამ არ შეცვალა ის, თუმცა იგივე ინტონაციით :“ აბა, მაწოონიიი, კამა, პეტრუშკა ზელეეენ-ზელეენ“, თუმცა ეს ხმა ბევრად დინჯი იყო ვიდრე მემაწვნე ეთერასი. ეთერა განგრენით დაიღუპა, ის კი მისი ქმარი ვანო იყო.
ჩემი ოთახის კედლები, თითქოს, გამუდმებით მებრძოდნენ. ვუყურებდი და ვღიზიანდებოდი, რადგან მათი ასაკი ვიცოდი, მე კი მათთან შედარებით ძალიან პატარა ვიყავი. ისეტი შეგრძნება მქონდა, თითქოს არ მოვწონდი, რეალურად, ალბათ მე არ მომწონდნენ ისინი. ყოველ წელს, როცა ახალი სასკოლო წელი იწყებოდა, ძველ რვეულებსა და ნივთებს კარადაში ვუკრავდი-ხოლმე თავს, საბოლოოდ იმდენი რაღაც დაგროვდა, ალბათ ერთი დიდი მაღაზია შეივსებოდა. ჰოდა, ერთხელაც, როცა უკვე მაღალ კლასებში ვიყავი, გადავწყვიტე რომ გავიზარდე და ყველაფერი უნდა გადამეყარა, რაც იმ კარადაში იყო და წარსულს მახსენებდა. არა, წარსულის გამო დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ. დეპრესიაში მხოლოდ აწმყო თუ ჩამაგდებს-ხოლმე, ეგეც იშვიათად. მოკლედ, სკოლიდან როგორც კი დავბრუნდი, კარი მივიჯახუნე და შევვარდი ოთახში. ჯერ ტანსაცმელი გამოვიცვალე, მეგონა ბევრი ნაგავი იქნებოდა, უფრო სწორედ დარწმუნებული ვიყავი. ამიტომ, სახლის ტანსაცმელი ჩავიცვი. მოკლე, ცისფერი შორტი, დიდი მწვანე მაიკა და წითელი „ბენდენა“ შემოვიკარი თავზე. ღრმად ჩავისუნთქე და კარადა გამოვაღე. ლამის მთელი სხეულით შევძვერი ხარა-ხურებში, რომ სულ ყველაფერი გამომეღო. იქ იყო წიგნები 2-ე კლასიდან მოყოლებული, ფერადი წიგნის გადასაკრავებით, რვეულები, რომელსაც ჩემი და კლასის ხელმძღვანელის სახელი და გვარი ეწერა, ჰო კიდევ წელი და კლასის ნომერი. ასევე, ამავე წლიდან მოყოლებული სასკოლო რვეულები, რომელთა ყდაზეც, გარედანვე ეწერა ის, თუ რა საგნის იყო. ყველაზე მეტად ქართულის რვეულები მიყვარდა. იქ ჩემი „თავისუფალი“ თემები მეწერა, კლასგარეშე ლიტერატურაზზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, სამშობლოზეც კი. სინამდვილეში, ყველა ის რვეული კომუნიზმიდან გამოვარდნილი სისტემის ხატი იყო. ჩამუხლული ვიყავი, ჩემს განვლილ ცხოვრებაში, რომელიც კარადაში მქონდა გამოკეტილი. ვფურცლავდი რვეულებს, წიგნებს და ყველაფერი, ახლა უკვე ისე მარტივად მეჩვენებოდა, ვფიქრობდი, როგორ მიჭრდა მათი სწავლა ან რატომ მეზარებოდა. ალბათ, ახლა რომ იგივე გავაკეთო, აი მაგ მაღალი კლასის წიგნებზე ვიტყვი იმავეს.
დღიურები მიყვარდა და ყოველთვის მედო მაგიდაზე. თუმცა, კარადაშიც ბევრი აღმოვაჩინე. იმდენი რაღაც იყო მაშინ იქ, რომ გამიკვირდა, სადმე ერთ პორნოგრაფიულ ჟურნალსაც რომ არ გადავწყდი. პატარა, შავი რვეული ეგდო კუთხეში, დამტვერილი. ავიღე, მტვერს ხელი გადავუსვი და ყდაზე ჩემი ნათითურები აღიბეჭდა. გადავშალე, აღმოჩნდა, რომ ჩემი პირველი ჩანახატები, აღწერილობები იყო. უმეტეს შემთხვევასი ადამიანების აღწერილობა მქონდა, რომლებსაც ჩემი თვალით დანახულ ადამიანებს ვუწოდებდი.
ერთ ქალზე მეწერა, რომელსაც ჩემთან ერთად უმგზავრია ტრანსპორტში.
„ახლა 21 ნოემბერია, 2005 წელი. თიხის გაკვეთილზე მივდივარ. საღამოა და გარეთ შებინდებულია, აქა-იქ ლამპიონები ანათებენ. ჩემ გვერდით ასაკიანი ქალბატონი ზის და ძალიან ცუდი სუნი ასდის, თანაც ვიღაცას მახსენებს. არ ვიცი ვის. როგორ ვუთხრა რომ გადაჯდეს? მერიდება. არადა, ახლა თუ არ გადაჯდება მსუქან მუხლებზე დავარწყევ. შენობებს ვუყურებ, ჯერ არ მივსულვარ სახელოსნოსთან, ალბათ კიდევ 20 წუთის გზაა იქამდე. რა ვქნა? ფანჯარა გავაღე, ახლა ცოტა ამოვისუნთქე, მაგრამ ისეთი სახით ჩამომყურებს, თითქოს დამნაშავე ვიყო, თან რაღაცას ბურტყუნებს. „ეს უპატრონო ბავშვები, როგორ ყრიან ასე მშობლები, მარტოები რომ დადიან აქეთი-იქითო“, ამას გონია ვერ მივხვდი ჩემზე რომ ამბობს? აყროლებული !“ ტრანსპორტი გავაჩერე და ფეხით გავიარე სახელოსნომდე დარჩენილი გზა. მთელი ეს დრო იმაზე ვნერვივულობდი, რომ იმ ქალის სუნს კიდევ ვგრძნობდი და მეგონა მეც ვყარდი“
ზიზღიანი ბავშვი ვიყავი. ახლაც ასეთი ვარ. სუნი ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როცა ადამიანთან ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან კარგი გოგო ხარ... :))
ძალიან კარგი გოგო ხარ... :))
2. წარმოვიდგენდი-ხოლმე რომ ცნობილი მწერალი ვიყავი და აუცილებლად მაგიდასთან მჯდარს მეწერა. ეს ბავშვური წარმოდგენა იყო, მეგონა რომ მწერლები კაბინეტში ისხდნენ და ისე წერდნენ. თუმცა, მე არასდროს დამიწერია მაგიდასთან მჯდარს და ეს მიკვირდა-ხოლმე, მერე ვბრაზდებოდი, არ ვარ მე ნამდვილი მწერალი-მეთქი. ჰო, ეს სტერეოტიპი რა თქმა უნდა ძალიან მალე დამენგრა, მას შემდეგ რაც ერთ ფილმს ვუყურე „მუქთახორა“ აწ უკვე აღიარებულ მწერალზე. ამ დროს, მივხვდი რომ მეც „მუქთახორა“ მწერალი ვიყავი და გამიხარდა.
გაიხარ შენ რა მაგრად გამაცინე. =)) ძალიან კარგია, შესანიშნავი. წარმოვიდგენდი-ხოლმე რომ ცნობილი მწერალი ვიყავი და აუცილებლად მაგიდასთან მჯდარს მეწერა. ეს ბავშვური წარმოდგენა იყო, მეგონა რომ მწერლები კაბინეტში ისხდნენ და ისე წერდნენ. თუმცა, მე არასდროს დამიწერია მაგიდასთან მჯდარს და ეს მიკვირდა-ხოლმე, მერე ვბრაზდებოდი, არ ვარ მე ნამდვილი მწერალი-მეთქი. ჰო, ეს სტერეოტიპი რა თქმა უნდა ძალიან მალე დამენგრა, მას შემდეგ რაც ერთ ფილმს ვუყურე „მუქთახორა“ აწ უკვე აღიარებულ მწერალზე. ამ დროს, მივხვდი რომ მეც „მუქთახორა“ მწერალი ვიყავი და გამიხარდა.
გაიხარ შენ რა მაგრად გამაცინე. =)) ძალიან კარგია, შესანიშნავი.
1. სუნი ყველას განსხვავებული და თავისებური აქვს, სუნი ურთიერთობისას მნიშვნელოვანია. სუნით შეიძლება შეგიყვარდეს ან შეგძულდეს. სუნი ყველას განსხვავებული და თავისებური აქვს, სუნი ურთიერთობისას მნიშვნელოვანია. სუნით შეიძლება შეგიყვარდეს ან შეგძულდეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|