 | ავტორი: ნარმო ჟანრი: პროზა 25 იანვარი, 2016 |
("დაგვიანებული" მეორე ნაწილი,პირველი ნაწილის ნახვა შეგიძლიათ აქ http://urakparaki.com/?m=4&ID=89118 ან უბრალოდ ჩემს ნაწარმოებებში)
მოხდება ხოლმე ასეთი ამბავიც,ერთს მეორე შეუყვარდება.ო,ერთი წამი!არ იფიქროთ რომ რამე მოსაწყენზე და უკვე ათასჯერ თქმულზე გესაუბრებით.ეს არც ხორცის ამბავია,არც ქიმიის და არც სამი წლის შემდეგ რომ ქრება,იმის.არა,ღმერთმა დამიფაროს,ასეთები მკითხველსაც ბევრი იქნება გამოვლილი და იქნებ თქვას კიდეც,რათ მინდა ამის კითხვა,როცა ჩემიც ბევრი მაქვსო.არა,არსებობს კიდევ სხვა რამე,უფრო ნამდვილი და რთული.წინდაწინვე გეტყვით,ახსნას ნუ მომთხოვთ.ეს იქნებ ერთადერთი რამეც იყოს,რასაც ახსნა არ აქვს.შეყვარებასაც იმიტომ ვამბობ,რომ სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე ჯერ,ვერც მე და ვერც ჩემზე ჭკვიანებმა.მაგრამ სახელის არქონის მიუხედავად არსებობს,ნამდვილია და სამყაროსავით ძველიცაა.მაგრამ გადავიდეთ საქმეზე.სად გავჩერდი?ჰო,ერთს მეორე შეუყვარდება მეთქი. როცა ეს ხდება,სხვა ყველაფერი ნგრევას იწყებს ,რადგანაც ისეთი არარეალურია,რომ ყველაფერი რეალური და ჩვეულებრივი ყანყალს იწყებს,რადგანც გრძნობს რომ ამ ჩვენი ბებერი,მაგრამ ლამაზი სამყაროს კედლის ვერცერთ გამონგრეულ ადგილზე ვერ ჯდება.ეს საშიშია,ისე როგორც დიდ ორმოზე გადახტომა.თუ გადახტი გამოგივა,თუ არადა ისე ჩავარდები ამ ორმოში,რომ ყველაფერი უკან დაგრჩება.ამიტომ ან ბოლომდე და უნდა მოეჭიდო ან გაუშვა საერთოდ ხელი.ხელის გაშვება კი წარმოუდგენელია როცა ერთს მეორე უყვარდება.ხედავთ რატომაა არარეალური?არჩევანი არ არსებობს.ნუ შევადარებთ სუნთქვას,აქ თუ არ ისუნთქებ,შენი ჯანები გაჩერდებიან და შენც სადმე გაქროლდები.გააჩნია რისი გჯერა.მაგრამ იტყვი კი არას,როცა გიყვარდება ვინმე?გაცვლი არარეალურს რეალურში?თან ისეთ არარეალურში რომელიც ყველაფერზე უფრო რეალურია.რადგან ხვდები რომ ამის გარეშე არ იარსებებს არაფერი.ცოტა ავირიეთ,მე ნამდვილად და თქვენ ხომ აირეოდით და აირეოდით.მაგრამ მალე მოვრჩები.მოკლედ ასეთი ამბავი დაემართათ ზემოთ ნახსენებ გოგო-ბიჭს.უფრო ბიჭს ვიდრე გოგოს,მაგრამ არც გოგო იყო ნაკლები.იქნებ გოგოს ის რაღაც სამ წლიანიც ჰქონოდა,მაგრამ არაა ამაში ცუდი არაფერი.დაემართათ და დაემართათ.როგორც გითხარით,როცა ეს ხდება ყველაფერი ნგრევას იწყებს.გასაქცევადაც ამიტომ ხდება საქმე.გაიქცევი აბა რას იზამ,როცა მოგდევენ და შენ ბრძოლით დაიღალე.მათ არც სავარცხელი ჰქონდათ,არც სალესავი და არც ის ერთი კოკა წყალი,ჯადოქრობებით რომ გაეჩინათ მრუმე ტევრი,კლდეები და და ზღვები,მაგრამ ალბათ ესეც ვერ დააკავებდა მდევარს,რადგან მისი ხელები ძლიერი იყო და გარშემო ხალხიც ყავდა.ამიტომ იქ წავიდნენ სადაც შეეძოთ.ყველასაგან დავიწყებულ ტყეში,არა,მეშლება,თითქმის ყველგასგან დავიწყებულ ტყეში.
***
დაბალ ღრუბლებში ალაგ-ალაგ აღწევდა მზე,ისე როგორც თხელ ფარდაში.იმ დღეს წვიმა არ იქნებოდა,გაუხარდა,პირველივე დღეს დასველება არ უნდოდა.ამიტომ სანამ ბიჭი ჩანთიდან ძირს გასაფენ პლედს იღებდა,პომ ფეხი მოირთხა,ხელებით დაეყრდნო კლდის ზედაპირს და უკან გადახრილმა სახე მზეს შეუშვირა.ქვემოთ ტყეებში,ხეებს მხოლოდ ალაგ-ალაგ შერჩენოდათ ფერი.აქ შემოდგომა ყოველთვის უყვარდა,მაგრამ დაიგვიანა ამჯერად.ვეღარ მოუსწრო იმ დროს,როცა პატარა ბილიკზე მიმავალს თმებზე ნეკერჩხლის ალისფერი და რცხილის ყვითელი ფოთლები ეცემოდა.კუნელებს კი ბოლომდე მოეშორებინათ ფოთლისფერი და ახლა მხოლოდ წითლად ბრდღვიალებდნენ.ისე როგორც ზღაპრებში. -რამდენ ხანში გვიპოვიან?-ჰკითხა ბიჭს,რომელსაც თავისი საქმე დაესრულებინა და ახლა პატარა კონტეინერით საჭმელი მოუტანა. -აქ რა უნდათ მაგათ.ქალაქში მოგძებნიან ჯერ,დაქალებთან,მოდი აიღე რა,რა გიჭამია დილიდან,-ბიჭი მის გვერდით დაჯდა და კონტეინერი მუხლზე დაიდო. -ბოზები,-გაეცინა პოს,-მაგათ რამეს ვეტყოდი!?მაგრამ ორ დღეში აქაც მოვლენ,დედაჩემი ეტყვის. -რომ დაგვიჭირონ,მე მცემენ,იქნებ მომკლან კიდეც,შენ ძალით წაგიყვანენ.ხო იტირებ? -დავპორჭყნი ყველას,ბიჭო!-ყელში ხელი მოუჭირა პომ,-ამ ყელს მოგაჭამ იცოდე.მამაჩემის ფეხოსნებს ყველას ვაჩმორებ. -არა,მართლა,არ აგეტირება? -ჰოო,თავს მოვიკლავ შენთვის.ნუ ფიქრობ მაგეებზე.ეგენი ჩვენი მომრევები არ არიან.ვინ იმალებოდა აქ?რა მითხარი იმდღეს? -არსენა?ჰო,ეგ იმალებოდა ცოტა ხანს.მაგის სოფელი აქედანაც ჩანს,-ბიჭმა მარცხნივ გაიშვირა ხელი,სადაც შორს პატარა ტბა მოჩანდა. -ხოდა ჩვენც არსენები ვართ. -ცოტა ხანს ვიყოთ აქ და მერე ჩავიდეთ ტყეში.უფრო კაი ადგილი ვიპოვოთ. -ან ნამდვილი არსენა მოვა და გაგვყრის,-პომ ხელი გაიქნია ერთ-ერთი ჩამონგრეული კედლის ძირში მიყრილი ძველმანებისაკენ. -იქნება ისე დატოვეს ვიღაცეებმა. -ჰოო,ჭიქები და ჟაკეტი.ვიღაცა ცხოვრობს აქ და სახლს რომ ვართმევთ,არ მოეწონება. -მოვიდეს ბატონო და წავალთ. რას ვუშავებთ?! -მღვდელმა რო დაგვინახა? -მერე და რა? -ვინმეს არ უთხრას.-პირგამოტენილი პო კონტეინერს ჩაჰკირკიტებდა და გემრიელ ნაჭრებს არჩევდა ჩანგლით. -არა,ლაპარაკი რომ სდომნოდა აქ ხო არ იქნებოდა. პო და ბიჭი,კლდის შვერილზე ისხდნენ,რომელიც ტყეს გადაჰყურებდა,ქვევით.ციხის მთას ერთ მხრიდან ძნელად ასასვლელი ფერდი ჰქონდა,მეორედან კი ქარაფი,რომელზეც ეშმაკიც ვერ ამოძვრებოდა.მთას ქედის განშტოებაზე ჩაეზარდა ფესვები,რომელიც იქით გაჭიმულიყო ლარივით,საიდანაც მზე ამოდის.ლამაზი,ლამაზი,რომ მეტი არ შეიძლებოდა.აი ასეთ ადგილზე იყვნენ ისინი. ბიჭი წამოდგა და მოიხედა.ციხის ამოსასვლელში გაბანჯგვლული კაცი მოიხვნეშოდა,რომელსაც ხელი გულის მხარეს,ფერდზე დაებჯინა. -ამ ამოსასვლელს ხო ვეღარ მივეჩვიე.გამარჯობა ხალხო! პო წამოხტა და ბიჭს ამოუდგა უკან,სახეზე შიში ედგა. -გაგიმარჯოთ,-ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და ხელი გაუწოდა.კაცმა მის ხელს დახედა,გაეღიმა,მაგრამ წვერში იქნებ არ შემჩნეოდა,შემდეგ კი ხელი მოიქნია და ტყლაშუნით ჩამოართვა. -გაგიმარჯოს ძმაო,-იგრძნო როგორი სუსტი მაჯა ჰქონდა ბიჭს,თვალი კი მის მხარს უკან,გოგოსაკენ გაექცა. -შენც გამარჯობა მშვენიერო,-დაამატა ისე,რომ ბიჭისათვის ხელი არ გაუშვია.გოგოს თვალი მისი ნივთებისაკენ გაექცა,რომლებიც დაუდევრად ეყარა ეს ხანები. -აი,ყოჩაღ.ჰო,ჩემებია,კარგად გამოიცანი,-გაეცინა კაცს. გოგომაც უნებურად გაიღიმა.ღიმილმა მისი სახე გაანათა და დათას გულმუცელი ამოუტრიალდა და დაეჯახა რაღაც ისეთი,რაც დაეჯახება ხოლმე მოხუც მაჰმადიანს,როცა პირველად დათვრება ღვინით,თან ისე რომ თვითონაც ვერ გაიგებს.ეს კი არის ტკბობა ეშმაკეული,რომელიც არც ვიცით რომ სიტკბოა. შავ თმაში გაბურდული სახიდან,მზერა ქვევით,ვიწრო წელისაკენ გაექცა,რომელსაც გოგოს მჭიდრო ჯემპრში იკვეთებოდა.შემდეგ კი თეძოებისაკენ.წელის შემდეგ ისინი ჰარმონიულად ფართოვდებოდნენ და შემდეგ ისევ ვიწროვდებოდნენ ფეხებისაკენ. -აქ ცხოვრობთ?-ჰკითხა გოგომ,ისე როგორც შეეკითხებოდა რომელიმე სახლის მცხოვრებს რაიმე სტატისტიკურ გამოკითხვაზე და ბიჭს დაუდგა გვერდით. -ასეთია მაწანწალის ბედი,-წაიმღერა დათამ და როგორც იყო ბიჭს ხელი შეუშვა. -დაბრძანდით,მოდით,-თქვა ბიჭმა და პლედისაკენ მიუთითა,რომელიც წეღანვე გაეშალა. -ისე კი მე უნდა გეუბნებოდეთ მაგას,-უთხრა დათამ ღიმილით და პლედისაკენ წავიდა,მაგრამ მის გვერდით დაჯდა მუხელბგადაჯვარედინებული და ზედ ხელებდაწყობილი.. -აქ რატომ ცხოვრობთ?-ჰკითხა პომ და გვერდით ჩამოჯდა პლედზე. -თქვენ რატომ ამოხვედით?-დათამ კითხვა შეუბრუნა და თვალებმოჭუტულმა გახედა გოგოს.რომელსაც ის იყო უნდა ეპასუხა,მაგრამ ბიჭმა დაასწრო: -სასეირნოდ,-თქვა მან ისე რომ დათას რომც არ ცოდნოდა,მაინც არ მოტყუვდებოდა. -გამოქცეულები ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ,-მუხლებს დაეყრდნო და ისე წამოდგა.ბიჭს გაეღიმა,ისე,როგორც გაეღიმებოდა მოსწავლეს,რომელსაც მასწავლებელი გადაწერისას დაიჭერს. პომ კი ახედა და ჰკითხა: -ვის გამოექეცით? დათა ფეხზე იდგა,მან კი მუხლებზე წამოიწია და ქვემოდან უყურებდა.ეს სცენა სიკვდილის ბოლომდე ემახსოვრება დათა გულანშარს.
***
მეორე ამბავი სიყვარულისა,რომელიც აქ ნამდვილად უნდა ვახსენოთ.ეს არის ამბავი შეხედვისა,გულგვამში ბოროტის მანქანების ჩართვისა,თვალზე ლიბრის გადაკვრისა და ამ ეშმაკის ფილტრებში მხოლოდ იმის დანახვისა,რის დანახვასაც შენი დემონი გაგიშვებს.იყო ასეთი მეფე,აზნაურის ქალი რომ შეუყვარდა და გამოიტაცა სასახლეში.სულაც არ დაუწყია ზედმეტი ფიქრი.ჰო,ესეც სიყვარულია.ბევრჯერ კი არ მინდა ვახსენო ეს სიტყვა,რადგანაც ბრძენებისაგან გამიგონია,ცვდებაო. გამცვდარი იქნებ ყველაფერი კი არ იყოს ცუდი,მაგრამ ეს სიყვარულიდ არა:ეს ახალი ფეხსაცმელია,რომელიც ისე გტკენს ფეხს,რომ მეორედ ჩაცმაზე აღარც ფიქრობ,მაგრამ გარედან კია ლამაზი და მოგწონს.ცოტა ხანში მოგაცვება და ისე გემრიელი საბიჯელა ხდება,სულაც არ გახსოვს ის ტკივილები. ახლის პეწიც კი დაეკარგება ხოლმე.რომელი უფრო კარგია,თქვენ თქვით ეგ,მაგრამ ჩვენი საქმე სხვაგანაა.ამას ამგვარ ნდომას და ვნებას ერთი გზა აქვს,რომელიც მიდის იქით,სადაც სიკვდილია.აჰა,ისევ უგაცვეთილესი სიტყვა.მაგრამ ასეა.გინდათ სიკვდილი დაარქვით,გინდათ დამთავრება,მაგრამ ერთი კია:სასასრული ყოველთვის სევდიანია.ასე ვეფხვებს უყვარდებათ….შეუნდე,შეუნდე,შეუნდე ბნელ ცოდვილს...
***
ვაი დათა გულანშარს.ვაი გადამხტარ წასულს.ადრე მდევნელს,ახლა დევნილს,დაცხავებულს მარტო ყოფნითა და მომავლის არ ქონით.რა ეშველება მას,გახვეულს ასეთ ამბავში,მაგრამ ჩვენ რა გვანაღვლებს,როცა ამაზე თვითონ ნამდვილად არ ფიქრობდა, როცა ციხიდან დაეშვა ბნელი ფიქრებითა და უფრო ბნელი წვერით,რომლის მოშორებასაც აპირებდა. მღვდელი სატრაპეზოში დახვდა,წვერი შეეკრა,საფეთქელთან სასაცილოდ მიემაგრებინა და კარტოფილს თლიდა.მისი ხელები ისევე ოსტატურად ხმარობდნენ დანას,როგორც ნაჯახს. -დათას გაუმარჯოს.მოდი,მომეხმარე,-მღვდელმა ხელის ზურგით შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია. -ასწორებს შემწვარი კარტოფილი,-დათა წინ დაუჯდა მაგიდაზე,რომლისთვისაც ძველი,ყვავილებიანი სუფრა გადაეფარებინათ და კარტოფილის ქერქების წვალება დაიწყო. -ჩავყრი და ვჭამოთ,მომინდა დღეს მეც. -ეგ ხო გრეხია მამაო? -რა? -აი რომ გინდება რა. -აა,დარდი გაუშვი,შეგინდობს.მთავარია ის არ მოგინდეს,რაც შენი არაა. -რაც შენია,ეგ რაღატო მოგინდება რო?! მღვდელმა გულიანად გადაიხარხარა.დიდ ხანს იცინოდა,დანიან ხელს დააყრდნო ლოყა და ისე.ბოლოს ცრემლი მოიწმინდა თვალიდან და პირჯვარი გადაიწერა. -ღმერთო შემინდე.რა კაცი ხარ,დათა,რა კაცი. -რაზე,რაზე?-დათა დაბნაულად გაღიმებული უყურებდა მღვდილს ასეთ მოულოდნელ ქცევას. -შე კაი კაცო,თუ სხვისი რამეები გინდოდა,აქ რა მოგარბენინებდა. -ოო,რა ნაგლი ხარ მამაო,აქა ზიხარ და მაინც როგორ ყველაფერი იცი. -კარგი,მაგას გავანებოთ თავი,იმ ბავშვებს რა უნდოდათ?-მღვდელმა თლა დაამთავრა და ახლა მაგიდიდან ქერქებს ჯამში ყრიდა. -სასეირნოდ ვართ ამოსულები ერთი-ორი დღითო.რავიცი. -და შენც დაიჯერე? -რატო არ უნდა დამეჯერებინა? - არ მოგეჩვენა საეჭვოდ? -ეგრე მითხრეს და...წამოვალ ცოტა ხანს აქ.იქ უნდათ დარჩენა და მე ხელს ხო არ შევუშლი.ტეხავს,ხო აზრზე ხარ. -კი კაცო,იყავი აქ.აქამდეც გეუბნებოდი. -წყალს გავიცხელებ რა.ბანაობა მინდა,-დათა წამოდგა და ქერქებიან ჯამს მოჰკიდა ხელი. მღვდელმა თანხმობის ნიშნად ხელი აიქნია და შენდეგ სწრაფი მოძრაობით ტაფაზე ზეთი მოასხა. -მოხმარება ხომ არ გინდა? დათამ არაო და გარეთ გამოვიდა.შუადღე გადასული იყო.მზე საბოლოოდ მორეოდა ღრუბლებს,მაგრამ სიცივისთვის ვერაფერი დაეშავებინა.ციხეს ახედა,რომელიც ეკლესიას ღმერთივით გადმოჰყურებდა.აქედან არაფერი ჩანდა,მაგრამ გოგოს დანახვის იმედს მაინც არ კარგავდა. წყალი დიდ ზეზადგარზე შემოდგმულ სპილენძის ქვაბში გააცხელა და შემდეგ მეორეში გადაანელა.ცხელი წყალის სიამოვნებით ისხამდა ტანზე პატარა ქილით და სითბოთი ტკბებოდა,როცა მორჩა,წვერიც გაიკრიჭა დიდი მაკრატლით,რადგან მღვდელს საპარსი არ აღმოაჩნდა. მერე იდგა და პატარა,ყვითელ,მზის ფორმის ჩარჩოიან სარკეში საკუთარს თავს ათვალიერებდა,იქიდან სიმპატიური კაცი შესცქეროდა.რომელსაც ძველი დათასი არაფერი ეცხო,მაგრამ იმ დღეს ვერ დაიძინა,მღვდელმა იატაკზე გაუშალა ლოგინი,სიამოვნებით იყნოსავდა სუფთა თეთრეულის სურნელს და გეგმებს აწყობდა,ფიქრობდა.ღამე კი მოგეხსენებათ,როგორი ფიქრების დროა.
***
უთენია წამოდგა მღვდელი საწოლიდან,მზე ჯერ არ ამოსულიყო და კელიაშიც სუსხი იდგა.შეამცივნა,პირჯვარი გადაიწერა და ჩაცმა დაიწყო.ფრთხილად გავიდა გარეთ,ვარსკვლავები უკვე ქრებოდნენ,მხოლოდ ცისკრის ვარსკვლავი ბრდღვიალებდა აღმოსავლეთით.ხეზე ჩამოკიდებულ პირსაბანთან მივიდა და ყინულივით ცივი წყალი სახეზე შეისხა,ლოყებზე დარჩენილი წვეთები კანს სწვავდნენ,მაგრამ ესიამოვნა მაინც ჩახუთული კელიიდან გამოსულს.ციხეს ახედა,ღრუბლები თითქმის წვერზე ეხებოდნენ და ნისლში ხვევდნენ ძველთაძველ ქვებს.შეშის რამდენიმე ნაჭერს ხელი მოავლო და ისევ კელიაში შებრუნდა.დათას ეძინა,საბანში მთლიანად ჩამალულსა და მოკუნტულს.მღვდელმა ღუმლის გახურება დაიწყო ცალ მუხლზე დაჩოქილმა. -დათა,ახვალ დღეს ბავშვებთან?-ჰკითხა დაბალი,მჟღერი ხმით და ფეხზე წამომდგარმა მუხლი ჩამოიბერტყა.ანაფორა ჯერ არ ჩაეცვა. დათამ რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდზე გადაბრუნდა. -რაღაცეებს გაგატან,მშივრები არ იყვნენ,უთხარი საერთოდ ჩამოვიდნენ.გაიყინებიან მანდ. -რას მაღვიძებ ტოო,-როგორც იყო,წამოყო თავი დათამ და ცალი,ძლივს გახელილი თვალთ გახედა მღვდელს,რომელიც ღუმელთან იდგა და ფანჯარაში იყურებოდა,-თვითონ ვერ ახვალ? -და შენ არ გინდა ასვლა? -რატოც არა?! -ხოდა ჯერ მომეხმარე რაღაცეებში და ადი მერე,გაგატან საჭმელს,რამეს,-მღვდელი ფანჯარას მოცილდა და კარადისაკენ წავიდა,სადაც ანაფორას ინახავდა,სუფთად. -ადექი,ვილოცოთ,არ გინდა დათა? -ძმურად რა,გათენდეს ჯერ.რა უსწორდება ეგრე შენი წვალება. მღველმა ჩაიცინა,ანაფორა ერთი მოძრაობით გადაიცვა და იქვე,უხეშად გალესილი კედლიდან,ლურსმანზე ჩამოკიდებული ჯვარი ჩამოხსნა და ეზოში,სიბნელეში გააბიჯა. დათამ ვეღარ დაიძინა.ნახევრად მთვლემარე მდგომარეობაში გუშინდელი ამბები ახსენდებოდა,მუცელს უთბობდა და სიამოვნებისაგან იზმორებოდა.ისე როგორც გაიზმორებოდა მერვე კლასელი,როცა მის კლასში ახალი მოსწავლე გოგო გადმოვიდოდა.აბა როდის უყვარდა ბოლოს,რაღა ახსოვს ან რა იციან სიყვარულის წასულებმა. სანამ გათენდებოდა,გეგმებს აწყობდა,ერთმანეთზე მიამიტს,მერე წამოხტა,უცებ ჩაიცვა უკვე გამთბარ ოთახში და გარეთ ხტუნაობით გავიდა.მღვდელი ეკლესიის უკან რაღაცას ჩიჩქნიდა ბარით…
<==.=>
...დავისვენოთო თქვა მღვდელმა და დათაც დაბალ კუნძზე ჩამოჯდა.მუშაობაში დღეც გამოსულიყო,ღრუბლებს სინათლე მომატებოდა.მღვდელი სამზადში გავიდა და მარტო დატოვა.ციხეს ახედა და თვალი მოჰკრა რომ იქიდან ვიღაც მობობღავდა.უყურებოდა როგორ ჩამოდიოდა ბიჭი ციხიდან,როგორ მარჯვედ აბიჯებდა კლდის შვერილებზე ფეხს და დაბლა მოიწევდა.მიხვდა,რომ პირველად არ იქნებოდა აქ და მასში მეტოქე იგრძნო,დათა გულანშარის მეტოქეები კი ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ. ამასობაში მღვდელიც დაბრუნდა.მომცრო,ჩარექიანი ხელადით წყალგარეული ღვინო მოიტანა და ორ ჭიქაში ჩამოასხა,ქათქათა ნაჭერში კი ყველი და ნახევარი პური გაეხვია. -აბა დალიე,იცი რა ჯანზე მოგიყვანს? -ჩვეულებრივი მოგეტანა ტო,რა წყლებს ურევ -ჩვეულებრივი მერე,საღამოს,კაი საქმეს კი უნდა აღნიშვნა. -ჰო არა?-დათამ უცებ გადაყლაპა ღვინო,დიდი ყლუპებით და ყველიც მოაციცქნა. -მაიტა,ავალ ახლა მე იქ. -დაგესვენა კაცო ჯერ,-მღვდელმა ჭიქა მოზომილი,პატარა ყლუპებით დაცალა და პური მიაყოლა. -ავალ,ავალ,რა დასვენება მინდა.რა უნდა გამატანო აბა? -სამზადში ნახე,კალათაა მაგიდაზე.ჩაგიწყე უკვე.ძალიან კი გეჩქარება,არ მოგწონს ჩემი კამპანია? -ჰო,მამუშავებ შენ,წასულის მუშაობა გაგიგია?გინდა რო გამაფუჭო. -მოგაქცევ მალე,-გაეცინა მღვდელს,მაიტა ერთიც… -ჰო,დაასხი და დავაწექი,მაგრამ სადღეგძელოებს რატო არ ამბობ ხოლმე შენ მამაო? -ჩემ წილს იქ ვამბობ,-მღვდელმა ხელი,პატარა,თეთრი ეკლესიისაკენ გაიშვირა,რომლის ჩრდილიც დაეცემოდათ,მზე რომ ყოფილიყო. -რა სტრანი ვინმე ხარ,-თავი გააქნია დათამ და წამოდგა,მღვდლის ნაცრისფერი,ბამბის ხალათი შარვალში ჩაეტანა და ძალიანაც უხდებოდა. -წვიმა მოვა? -დღეს არა,ხვალ ვნახოთ.
<==>
პატარა სამზარეულოში პურის სასიამოვნო სუნი იდგა,მაგიდაზე სიმინდის ფუჩეჩისაგან ნაქსოვი კალათა დაეტოვებინა მღვდელს.დათამ შიგნით ჩაიხედა და ორი რბილი,ოდნავ ნივრის სუნიანი,ნოტიო პურები,ყველის პატარა თავი,მარლაში გამოხვეული,დამარილებული ხორცის ნაჭერი და ეკლესიის სეფისკვერები დაინახა.მღვდელს ერთი ბოთლი ღვინოც ჩაედგა კალათაში.დათას ტუჩები მოეღრიცა მოწონების ნიშნად.ოთახს თვალი მოატარა,ერთ-ერთ თაროზე რამდენიმე წითელი ბროწეული დაინახა,ერთი ცალი აიღო და ისიც კალათაში ჩადო. <=>
მღვდელმა მესამე ჭიქაც დაისხა,ღვინო არ ათრობდა,რადგან წყალი უხვად გაერია,მაგრამ ფიქრში ეხმარებოდა.ჭიქიდან ოდნავ პურის ნაჭერს დააწვეთა,დალია და პურიც მიაყოლა.წელში მოხრილი იჯდა დაბალ კუნძზე და ცარიელი ჭიქა ორივე ხელით ეჭირა. დაინახა როგორ გამოვიდა დათა სამზადიდან კალათით ხელში და სწრაფი ნაბიჯით ციხისაკენ წავიდა.უცებ გულში რაღაც იგრძნო,ცუდად ენიშნა.უკვე შორს წასულ დათას პირჯვარი გადასწერა და წამოდგა,რომ ეკლესიაში ელოცა.გარშემო მოქუფრული სიჩუმე იდგა.ისეთი,რისთვისაც მოცილდა ქალაქს და აქ დასახლდა.
***
პოს საძილე ტომარაში ეძინა,ბიჭს იქვე პატარა კარავიც კი გაეშალა,მაგრამ გარეთ,ღია ცის ქვეშ ერჩივნა.ტომარაში მაინც არ შესცივდებოდა.როცა ბიჭი ჩავიდა ქვემოთ,ტყეში,იფიქრა,რა გავაკეთოო და დაძინება გადაწყვიტა.სახლში სულ მოუსვენრად იყო,სულ დაძაბული,აქ კი ხმელ კლდეებზე ისე ეძინა როგორც ჩვილს. -მოხვედი ბაიყუშო?,-ამოსძახა ყრუდ საძილე ტომრის გულგვამიდან,როცა კლდეზე ფეხსაცმლის ფხაკუნის ხმა გაიგონა. -ჰა?-გამოეპასუხა მოსალოდნელისაგან განსხვავებული,სულ სხვა ხმა. უცებ გაახილა თვალები და წამოჯდა.საძილე ტომრის შესაკრავი ძირს ჩამოუცურდა.წელსზევით მხოლოდ მოკლე მკლავიანი თეთრი მაისური ეცვა,ძილის დროს ყელზე თმა შემოხვეოდა და ნამძინარევი თვალებით კაცს უყურებდა,რომელსაც ხელში კალათა ეჭირა და მოურიდებლად ჭამდა მზერით. -სხვა მეგონეთ,-თქვა პომ და ისევ გაეხვია ტომარაში,-ის ჩასულია ქვევით ტყეში,შეშას ამოვიტან და წყალსო. -ბოდიში,არ ვიცოდი თუ გეძინებოდა,-უპასუხა კაცმა,მაგრამ სულაც არ შესტყობია სახეზე სინანული,ისე მიუჯდა გვერდით და კალათიდან ბროწეული ამოიღო,-დაიჭი,კაი ტკბილი უნდა იყოს წესით.სხვა რაღაცეებიც ამოვიტანე,კაროჩე საჭმელია რა. გოგომ თვალისმოუცილებლად ამოყო ხელი ტომირადან და უსიტყვოდ გამოართვა ბროწეული.კაცმა თვალი გააყოლა მის შიშველ ხელს. -შეგაშინე?-მისკენ მიტრიალდა დათა და გაუღიმა. -არა,-პო ღიმილის გარეშე უცქერდა,-საჭმლისთვის გმადლობთ. -ხო არ გეწყინა,რომ ამოვედი,წავიდე? -არა,ახლადგაღვიძებული ვარ უბრალოდ.აქ კარგად მძინავს. -ჰო,მეც დავაკვირდი მაგას,ჰაერის ბრალია. გოგოს ჩაეცინა. -თქვენც კარგად იცით,რომ ჰაერის ბრალი არაა. -აბა? -ვერ ხვდებით?არც თქვენ და არც ჩვენ აქ ჰაერის გამო არ ამოვსულვართ. -რისთვის ამოხვედით რო? -თავისუფლებისათვის,შენ? დათა გაიყინა.გოგომ ზუსტად ის თქვა,რითაც ის ამდენი ხანი ტკბებოდა,მაგრამ სახელი არ იცოდა.ამის გამო დაბოდიალობდა გაშიშვლებულ ტყეში და ეძინა ცივ ქვებზე.წასული არასდროს იქნება თავისუფალი,ღია ზღვაში კი მას უამრავი ბორკილი და ჩარჩო არტყია გარშემო.აქ ამოსვლის შემდეგ კი ყველაფერი გაქრა და დარჩა მხოლოდ ის,მაგრამ მხოლოდ გუშინდლამდე. -გმადლობთ,-ამოთქვა როგორც იყო. -არაფრის,-უპასუხა პომ წარბშეუხრელად,თავის სიმართლეში დარწმუნებულმა. -კარგი თვალები გაქვს,პო,-კდიევ ერთი წინადადდების ამოღერღვა მოახერხა დათამ. -გმადლობთ,-უპასუხა ახლა პომ და სახიდან თმა გადაიყარა. დათა ვეღარაფერს გაუძლებს.მისი ბებერი,გამოუცდელი სხეული სურვილით იწვის,მის გულს ნაცრისფერი,ძვლიანი ხელი უჭერს ფრჩხილებს.თვალებზე კი მისი მოსასხამი ეფარება,ის წამოიჭრება,გოგოს მიეხლება და ხელებში მოიქცევს.გამშრალი ტუჩებით კოცნის,ჯერ ლოყაზე,მერე ყელშიი,კოცნას შეუჩვეველი მისი ტუჩები უხეშად ინაცვლებენ სახის ერთი ნაწილიდან მეორეზე,თვალთან,ყურთან,ღაწვზე.შემდეგ ისევ ყელზე,გოგოს თმაზე ჩაის სუნი ასდის.დათა ხარბად იყნოსავს.პო გაუნძრევლად ზის,თვალებდახუჭული.დათა ხელს წელზე უცურებს,შემდეგ ნეკნებთან,მხარზე და შიშველ ხელზე ეფერება.როგორც იქნება გაბედავს და ტუჩის კუთხეში აკოცებს,შემდეგ ქვედა ტუჩზე,სავსესა და ალისფერზე..გოგოს ბაგებს საოცარი გემო აქვთ და ისეთი სირბილე,თითქოს თაფლში ყოფდეს სახეს.როგორც კი დათა ოდნავ მოაშორებს გამშრალ ტუჩებს,გოგო იტყვის: -კიდევ დიდხანს გაძელი,-მისი ხმა ყოველგვარ ემოციასაა მოკლებული.მისი ტუჩები დათას ველურ კოცნას არ პასუხობენ,მაგრამ არც ეწინააღმდეგებიან. დათა ისევ აკოცებს,უნდა რომ უფრო იგრძნოს გემო,ტუჩებს გახსნის და ენით შეეხება,გოგო ოდნავ მიატრიალებს სახეს,მაგრამ ეს საკმარისია დათასთვის,მაშინვე გახტება უკან და ისე უყურებს,როგორც ტყვე დამტყვევებელს,ზიზღით,ბრაზით და შიშით. -მორჩი?-ჰკითხა პომ და მის ხმაში ისეთი დამამცირებელი ტონი გამოსჭვიოდა,რომ დათამ საბოლოოდ დამარცხებულად იგრძნო თავი.ისე ღრმად სუნთქავდა,როგორც მაშინ როცა გაფუჭებული საქმიდან გამორბოდა ჯანოსთან თავშესაფრის საძებნად. -მოვრჩი,-უპასუხა დაბოღმილმა -იმას არ ვეტყვი,მეცოდები. -მიყვარხარ. -წადი ახლა,ხვალ აქ აღარ ვიქნებით.შეგიძლია ამოხვიდე და დაიმალო ისევ,მაგრამ სანამ აქ ვართ,არ დაგვენახო. დათა ძლივს წამოდგა,ძალა აღარ ჰქონდა.გოგოს აღარც შეხედა,ისე წავიდა ჩასასვლელისაკენ. -შენი საჭმელი წაიღე. -მღველმა გამომატანა,ვერ მივუტან უკან,-თქვა დათამ მოუხედავად. იმის შემდეგ რაც კაცი თვალს მოეფარა,პომ ერთადერთი ცრემლი მარჯვენა თვალიდან და უცხო ნაკვალევი სახიდან საძილე ტომრის ნაჭრით მოიწმინდა,თითქოს საკუთარი სახისათვის ხელის შეხება ეზიზღებოდა.
***
ვაი,დათა გულანშარს.ვაი გადამხტარ წასულს.ადრე მდევნელს,ახლა დევნილს,დაცხავებულს მარტო ყოფნითა და მომავლის არ ქონით.დამარცხებულს,შეყვარებულს,სავსეს ბოღმითა და კიდევ ბევრი ტიტულის მქონეს.ვაი მას,რადგან შურისძიება სწყურია.ისე,როგორც სჩვევიათ უარყოფილებს და დამცირებულებს.აგორდა,აგორდა და აი სად მივიდა.აქ იწყება დასასრული ისეთი ამბისა,როგორებიც მრავლად მომხდარა ამ ბნელსა და ჯადოსნურ ტყეში.აქედან უკვე აჩქარდება ამბის ყოლა,რადგანაც ავტორს აღარ აქვს იმის ნერვები,რომ მდორედ მიყვეს მოვლენებს.
***
როცა მზე ჩავიდა და ვარსკვლავები გამოძრომას ერთმანეთს ასწრებდნენ მოჭარბებულ სიბნელეში,დათამ კელიის კარი შეაღო.მღვდელი მაგიდას უჯდა და რაღაც მარცვეულს არჩევდა ნავთის ლამპის შუქზე. -აა,მოხვედი? -დათა უსიტყვოდ ჩამოჯდა მეორე სკამზე და მაგიდიდან ვაშლი აიღო. -აბა,რა გააფუჭე?არ გინდა აღსარება ჩამაბარო? -თუ ძმა ხარ,მამაო.ბევრი მომიპარავს,ბევრიც გამიმწარებია და ბევრიც მომიკლავს.აღსარება არა ის.ჰო იცი არ მჯერა მაგეების. -გეცადა მაინც. -დავწვები მე,დავიღალე დღეს. -შენ იცი ბატონო,გაიშალე ლოგინი. როგორც იყო,გაიმზადა ქვეშაგები,დაეგდო დაუმსახურებლად რბილ ლეიბზე და თავზე საბანი წაიფარა.მხოლოდ ხანდახან შეხტებოდა ხოლმე,ისე როგორც მოსწავლე,რომელსაც მეორე დღეს სკოლის ხულიგნებთან ელოდება შეხვედრა. ციხეზე კი დიდი კოცონი ბურბურებდა,ისეთი როგორიც არ დაენთოთ იმ დროის შემდეგ,როცა ციხეს ფუნქცია ჰქონდა,კოშკისა საგუშაგოსი.მაგრამ ახლა ცეცხლი გიზგიზებდა და ანათებდა,როგორც მებრძოლის თვალები.
< === > დილით აღარ გააღვიძა მღვდელმა,როგორც კი მოდღევდა,ჩაიცვა და სოფლისაკენ დაეშვა,რომელის ტყეს ესაზღვრებოდა.უკანა ჯიბეში ქაღალდს სინჯავდა,რომელზეც ნომერი ეწერა. სოფელში ერთ-ერთს სახლს მიადგა და ტელეფონი ითხოვა.გლეხმა სახლში შეიყვანა,ოთახში,სადაც ძველი,დისკიანი ტელეფონი იდგა და მარტო დატოვა.დათამ ნომრის აკრეფა დაიწყო და თვითოეულ წრესთან ერთად უფრო შორს რჩებოდა უკანდასახევი სახე. -გისმენთ. -შენი შვილი აზეულაზეა. -მარტოა? -არა. -იცი,მე ვინ ვარ? -არა -კარგი,იცოდე რომ ზვიად ავისაშვილი ყოველთვის აბრუნებს ვალს და ყოველთვის აკეთებს გასაკეთებელს. დათა გაჩუმდა. -ვინ ხარ,რატომ მეცნობა შენი ხმა? დათამ ყურმილი დაკიდა ფრთხილად და იქვე,დივანზე ჩამოჯდა გაგონილით გახევებული...ხედავთ როგორ დატრიალდა ბედის მანქანა-ჭანჭიკები?თუ ამას ბედი შეგვიძლია დავუძახოთ.როგორ დააკავშირა მან ჩვენი დევნილები და როგორ აღმოჩნდა საწყალი პოს მამა საწყალი დათა გულანშარის მდევნელი და გულში დანის ჩასმის მსურველი?ფიქრობთ რომ დამთხვევაა?ამ ტყისათვის თავის შეფარებაც დამთხვევა გგონიათ?თქვენი ნებაა. ერთი კია,არ ვიცი ბედი ვის როგორ ეთამაშებოდა,მაგრამ დათა გულანშარი ნამდვილად არ დაუნდია.ალბათ,ამიტომაც ლანძღავდა კლიტეზე ნასწავლი მდიდარი ლექსიკონით მას,როცა ეკლესიისაკენ მირბოდა გულამოვარდნილი,გული კი მისი სავსე იყო რამე-რუმეებით -მამაო,მამაო!-ყვირილით შევარდა ეზოში,მღვდელი არსად ჩანდა.ერთი წამით იფიქრა,რომ საერთოდ არ იყო აქ,მაგრამ ბოლოს მაინც გამოვიდა ეკლესიიდან დინჯი ნაბიჯით. -სად წახვედი კაცო,დილაუთენია? -მაიცა რა,სადა მცალია,-ამოიქოშინა დათამ მუხლებზე დაყრდნობილმა,-მოიხედე,თუ ვინმემ მიკითხოს,არ მიცნობ,გაიგე?ვაბშე რო დაიმალო,კაის იზამ.მაგათ მოშნად კიდიათ შენი რამეები. მღვდელს წარბიც არ შეუხრია,სულ არ გააკვირვა ამ ამბავმა ეტყობა. -მოგაგნეს მაინც?-გაიღიმა მაინც,-ახლა სად აპირებ გაქცევას? -მარტო მე მომაგნეს?ტყეში ჩადი,ძმურად,რამე არ გიქნან ტო,-დათა სწრაფად ლაპარაკობდა და ღობის ძირში ხელებს აფათურებდა. -შენ ნუ გეშინია.აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მასო,არ გაგიგია? -კაროჩე,რაც გინდა ის ქენი.მე წავედი,-დათამ იპოვა,რასაც ეძებდა,ცელოფანში გახვეული სასროლი ამოიღო და გახსნა,რომ გაესინჯა. -შენ თურმე სულაც არ აპირებ გაქცევას.რისთვის გინდა ეგ? მაგრამ დათა აღარ უსმენდა,მობრუნდა და ციხისაკენ წაძუნძულდა,მაგრამ მღვდელმა მაინც მიაძახა: -დათა ხომ იცი ეს გამოცდაა,მთელი შენი აქ ყოფნა გამოცდაა! დათა შეჩერდა,მოტრიალდა და მხრები აიჩეჩა: -ჩავჭრილვარ და ეგაა,-უღონოდ ამოთქვა,როგორც იყო. -მე რაში მოგეხმარო? -თუ მოვედი შენთან,დასამალი უნდა გაჩითო,ორი კაცის. -ერთი შენი,მეორე ვისი? დათამ ხელი აიქნია და ციხისაკენ მიბრუნდა ისევ.
< == >
სად მიდის დათა?რატომ მიუყვება გოლგოთის ამ გზას,როცა კარგად იცის რაც ელოდება ბოლოში.რატომ არ გარბის?იქნებ იმიტომ რომ არ უნდა მტრის შვილის დამბრუნებელი გამოვიდეს. ნუთუ ფიქრობს,რომ ამით ცოდვას გამოისყიდის?თუ მიხვდა,როგორ ერთ ბედქვეშ არიან ისინი და ამ მიხვედრამ ეშმაკის ჯადო-ხაფანგებს ძალა დააკარგვინა?ნუთუ დათა გულანშარმა ეშმაკს სძლია?
< === >
-მამაშენი მოდის, - ამოისუნთქა დათამ და კედელს მიეყრდნო. -უკვე? - წამოიძახა გაოცებულმა ბიჭმა და კიდისკენ გაიქცა,რათა მაღალ კედელზე ამძვრალიყო და მთის ფერდზე გადაეხედა. პო გაუნძრევლად იდგა,ჟოკეის ვიწრო შარვალი და კრემისფერი ქურთუკი ეცვა,მთელი თმა ერთ მხრიდან გადმოეყარა მხარზე და დათას უყურებდა - მაპატიე. - შენ საიდან გაიგე რომ მოგვდევს? - ჰკითხა პომ. - გავიგე რა,შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, - დათა ცდილობდა თვალებში არ შეეხედა პოსათვის,რადგან ისევ უყვარდა ის და სიმართლეს ვერ ეტყოდა. -ძმაო,თუ რამე გაქვთ წამოსაღები,მიდი,აკრიფეთ და ჩავიდეთ ქვემოთ,-გასძახა ბიჭს,რომელიც მიდამოს ათვალიერებდა,-დაგმალავთ სადმე. -რა გინდა საერთოდ,რას გადაგვეკიდე? - ახლოს მივიდა პო და ჯიქურ მიაჩერდა სახეში.დათაზე დაბალი კი იყო,მაგრამ მაინც ზევიდან უყურებდა,როგორც უპირატესობის მგრძნობელი. დათამ უცებ მოთოკა,რაც კი სათქმელი ჰქონდა და ისევ ძველი წასული დაიჭირა. -მამაშენი მეც დამეძებს,ხოდა არ მინდა რო მამაშენს რამე გაუსწორდეს,-უთხრა დაბალი ხმით,მაგრამ თვალებში ვეღარ შეხედა. -შენთან ერთად არ წამოვალთ არსად,თუ მოდიან ჩვენ გზას ვნახავთ,მაინც მივდიოდით -გიპოვიან,-პოს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია დათამ. -მიპოვონ,-შენც ისინი ხარ,ერთნაირები ყველანი,ეგ არ ვიცი?!არ მოვდივართ შენთან ერთად,წადი,შეძვერი სადმე,-გოგო დათას მოშორდა და ჩანთისაკენ წავიდა. დათამ არაფერი უპასუხა,ბიჭისკენ წავიდა,რომელიც კედლიდან ჩამოდიოდა. -უთხარი შენ,-წინ დაუდგა დათა,-შენი გაიგოს იქნება. -ჩემი? - გაეცინა ბიჭს, - არ იცნობ შენ მაგას.არავის გაუგონებს,რაც არ უნდა მოხდეს,ეგეთია.რატო არ უნდა შენთან,ხო არ იცი? -გავაბრაზე ეტყობა.იცი მაინც სად უნდა წახვიდეთ? -ქალაქში ალბათ ისევ,აქაც აცივდება მალე. -მოდი მომეხმარე,-დაუყვირა ბიჭს პომ,-რას ელაპარაკები საერთოდ. ბიჭს გაეცინა და დათას შეხედა,ხედავ რა დღეში ვარო. დათამ თვალი გააყოლა,როგორ წავიდა ის პოსაკენ და დაბალ ქვაზე ჩამოჯდა,რომელიც თითქოს იქ სპეციალურად დაედოთ. ბავშვები ნივთებს დიდ ჩანთაში ალაგებდნენ,პლედებს,საძილე ტომრებს,პატარა კარავს შლიდნენ და ახალ ადგილზე გადასასვლელად ემზადებოდნენ.იცოდა რომ მათი ქალაქში ჩასვლა და დაჭერა ერთი იქნებოდა,თვითონაც ამიტომ მისცა თავი ტყეს. ოც წუთში მზად იყვნენ ჩასასვლელად,პო საერთოდ არ უყურებდა დათას,მხოლოდ ბიჭი გამოხედავდა ხოლმე მორცხვი მზერით,თითქოს პოს ქცევისა რცხვენოდა. -ძმაო მოდი ერთი აბა, -ბიჭი მოიხმო ხელით, - ორი სიტყვა გითხრა. -რა გინდა!?- ბიჭს მაგივრად პომ დაუყვირა თავის კუთხიდან,მაგრამ დათამ წაუყრუა და ციხის იმ მხრისაკენ წავიდა,რომელიც ტყეს გადაჰყურებდა.ბიჭმა რაღაც ჩასჩურჩულა პოს,მან კი მხოლოდ ნაწყენი თვალებით შეხედა და ჩასასვლელისაკენ წავიდა. ბიჭი გვერდით დაუდგა დათას ციცაბო კლის პირზე.ჩანთა მოიხსნა და ფეხთან მიიყუდა.ფრთხილად ჩაიხედა ქვემოთ. -აქედან გადმოაგდებდნენ ხოლმე მოღალატეებს ადრე,-თქვა სხვათაშორის. -რა დვიჟენია იყო აქ,საერთოდ,კი არ ვიცი,-დათას ხელები დაეკრიფა გულზე,-ამდენი ხანია აქ ვარ და არ ვიცი. -დიდი არაფერი,მეფეები ამოდიოდნენ ზაფხულში.თამარი იცი?აქ დაღუპულა. დათამ თავი დაუქნია. -იმას ხედავ?-წინ გაიშვირა ხელი,პატარა ბორცვზე შეფენილი სოფლისაკენ,რომელიც შორს მოჩანდა,ტყის გადაღმა -ჰო,ლამაზია. -აქედან როგორმე ტყეში ჩადით,მერე იქიდან მანდ.მათია იკითხე,ყველა გეტყვის.უთხარი დათას ნაცნობები ვართო და რამდენი ხნითაც გინდა,დაგიტოვებთ.თან ისე რომ წასულები კი არა,ეშმაკიც ვერ გიპოვით.რავიცი,მაინც გქონდეს ვარიანტი.ბიჭი ხარ.შენი გოგო დასტოინია,მაგრამ არ ესმის რაღაცეები.დაგიჭირენ და უნდა გაგტანჯონ ორივე. -თუ ეგეთი კარგი ადგილი იცოდი,შენ რატო არ ჩახვედი?-ბიჭმა კაცს ეჭვით გახედა. დათას ჩაეღიმა,თითქოს რაღაც გაახსენდაო. -მე რომ ჩავიდე მომკლავს.ძველი ამბავია. -და ჩვენ დათა?ჩვენ რაღატო გვაგზავნი იქ? დათამ ისევ ჩაიცინა და ხელი მოატარა გარშემო: -ეს ადგილი მომენტარება...კარგი ადგილი პაბეგისათვის.თქვენ ხო პირველად ეს გაგახენდათ,რო გარბოდით,ისე გამოვიდა რო მეც აქ წამოვედი,მაგრამ ყველა სროკი მთავრდება ერთხელაც.ეგრეა.ეს გოგო მამის არ ჩაუგდო ხელში იცოდე.ცოდოა. -მაინც არ მითხარი,-ჩანთა ასწია ბიჭმა და ცალ მხარზე გადაიკიდა,-მაგრამ ვხვდები მგონი. -ხოდა ძალიანაც კარგი,-დათამ მეორე მხარზე გადაკიდებაში მიეხმარა,-მიდით იქ და მერე გამოჩნდება რამე.დავაწექით ახლა ქვემოთ და დავიშალეთ. -შენ საით წახვალ? -ტყეების მეტი რა არის,დავუმუღამე ამ ბოლო დროს საკაიფოდ.წამო დავეწიოთ,თორე დაგვხოცავს. ბიჭი წინ მიყვა,დათამ ერთხელაც მოათვალიერა იქაურობა,ძველ,დაბამბულ ქურთუკში კარგად გაეხვია და უკან მიჰყვა.ძველი ქვები,კლდეებსა და კედლის ნარჩენებს ცისთვის მიებაძათ და ისინიც გამუქებულიყვნენ.გუშინ ზუსტად აქ კოცნიდა პოს და მას გარდა არაფერი ახსოვდა.დღეს ეს ვნება სადღაც გამქრალიყო და დარჩენილიყო მხოლოდ გამოუთქმელი ღიტინი გულში,რომელიც უხაროდა რომ ჰქონდა.დათა გულანშარი კი ვერ ხვდებოდა,მაგრამ ეს იყო სიამოვნება,მონიჭებული,იმისაგან რომ უბრალოდ გიყვარს. ჩასასვლელამდე არ იყვნენ მისულები,როცა იქიდან პომ ამოირბინა,წეღანდელი სიმტკიცე მის სახეზე წაშლილიყო და ახლა შეშინებულ ბავშვს გავდა. -მანქანები,-თქვა მან და პირზე ხელი აიფარა.
*** დათამ ხელის აწევით გააჩუმა ორივე და უკან გაიქცა და კედელზე აძვრა.ერთი ფეხი გამოშვერილ ქვაზე და კედლის გადაღმა გადაიხედა.გორაკის ძირში ორი მანქანა იდგა და ფერდობს კაცები მოუყვებოდნენ. -ვინ არიან დათა,-დაუძახა ქვემოდან ბიჭმა დაბალი ხმით. დათამ ისევ ხელი გაუქნია.პოს აღარ მოუცდია,ისიც აძვრა კედელზე,საკმაოდ მოქნილად დადგა ერთ-ერთ შვერილზე და ხელები კედელს ჩასჭიდა. უცნობები ისევ ამოდიოდნენ,მთელ ფერდობზე გაშლილნი ფრთილად მოიწევდნენ ზემოთ. დათამ გონება დაძაბა,სასწაფოდ უნდა მოეფიქრებინა რამე,რომ ისინი ზემოთ არ ამოეშვა.გვერდით გოგოს გახედა: -პო,მალაპარაკე და აქედან გაგიყვანთ. -ვისთან გალაპარაკო,იცნობ? -მამაშენს?ჰო,ძველი ნაცნობები ვართ.
< = > -ზვიად,იცი ვინ ვარ?-დაიყვირა დათამ და წინ წამოიწია,კარგად რომ გამოსჩენოდა სახე. -დათა ხარ,გულანშარი.გიცანი ადრევე. -ჩემთან მოდიხარ ზვიად? -არა,არ მოვდივარ შენთან.ჩემი ბავშვი მაინტერესებს,შენთანაა? -ჩემთან არავინ არაა,მე მარტო ვარ ყველგან. -პროზეპინა აქ ხარ? დათა უცებ ვერ მიხვდა,ვის დაუძახა წასულების ბარონმა. -პო?-ჰკითხა გვერდით გოგოს,-პროზეპინა გქვია? გოგოს სახეზე ღიმილი გაკრთა. -შენც შეიცვლიდი სახელს,პროზეპინა რომ გერქვას. -პროზეპინა,-ენით მოუსინჯა გემო დათამ სახელს,-მაცადე ახლა,ხო?დაველაპარაკები და აქედან როგორმე გავძვრებით. -როგორ აპირბ მაგას დათა ნაწასულარო,-გესლიანად გაჰკრა პომ,-შეეხვეწები და გაგიშვებენ?თუ ფრთებს გამოგვასხამ. დათამ ნამდვილად არ იცოდა რა ექნა,ციხეს ერთი ჩასასვლელი ჰქონდა და იქიდანაც ზვიად ავისაშვილი ამოდიოდა ფეხოსნებითურთ. -დათა,გოგო გამოუშვი და წადი შე გზაზე.არ მოვსულვარ აქ საშენოდ,-ასძახა ზვიად ავისაშვილმა ციხის მცველს. - ზვიად,გახოვს გომელის პაბეგი?გახსოვს ერთად რომ მოვრბოდით?-დათას პასუხისათვის არ დაუცდია,ისე განაგრძო,-ამათ ერთად უნდათ,მაგიტო გამოიქცნენ.წადი შენ გზაზე,ყველანი ჩვენ საქმეებს მივხედავთ ან აქ დავიხოცებით. -პროზეპინა,შვილო ჩამოდი,ჩამოიყვანე ეგ ბიჭიც და ქვემოტ ვილაპარაკოთ,ეგ კაცი არაა სანდო,აქამდეც უღალატია და ახლაც გიღალატებს.მაგან დამირეკა დღეს.
< = >
აქ გავჩერდეთ ცოტ ხანს.ორი სიტყვა ზვიად ავისაშვილზე,რომელსაც მუდამ ჰქონდა სათადარიგო გეგმა,მაგალითად დროის მოგება ლაპარაკით იქამდე,სანამ მისი ერთი დამქაში,ზუსტად ის,უფრო ჩათლახი და უფრო აპასნი,მთის ფერდობზე მიიპარებოდა ბუჩქსა და ბუჩქს შორის,ქვასა და ქვას შორის შემართული იარაღით და ჩვენ ხომ ვიცით,რომ თუ პირველ სცენაში კედელზე თოფი ჰკიდია,მეორეში აუცილებლად გაისვრის.
***
პომ დათას გახედა,რომელიც ძლივს იკავებდა თავს კედელზე. -არ მიკვირს,-თქვა მან ხმადაბლა,-აქამდეც უქნიათ ჩემთვის ეგრე,უიმედო ბოღმით შეპყრობილებს. -პო… დაიწყო დათამ,მაგრამ ვეღარ დაამთავრა,რადგან საიდანღაც სასროლი გავარდა.ხმა იყო არაბუნებრივად ძლიერი.ის გაიგო დათამ,ბიჭმა,ზვიადმა,მღვდელმა რომელიც ეკლესიის კარში იდგა,უჩინარმა მგლებმა,რომლებიც ამ ყველაფერს ტყის მრუმე ჩრდილებიდან აკვირდებოდნენ.გლეხმა,რომლის ტელეფონითაც დათამ დარეკა,კლდეებმა და კლდის ბზარებში შეფარებულმა მოჩვენებებმა. გავიდა რამდენიმე წამი ან ძალიან დიდი ხანი,ვიდრე ვინმე ხმას ამოიღებდა. პირველი იყო სათას დამბაჩა,რომელმაც უსწრაფესად უპასუხა პირველს.თვითონ კი ძლივს ჩამოფორთხდა კლდიდან.მკლავიდან სისხლმდინარი. მეორე იყო ბიჭი,რომელმაც რაღაც დაიღრიალა,არც ისე ხმამაღლა,მაგრამ ზვიად ავისაშვილისათვის საკმარისი იყო,რომ ძარღვებში სისხლი გაჰყინვოდა. მესამი კი თვითონ ზვიადი იყო,რომელმაც შვილის სახელი დაიყვირა. დათამ მკლავს თვალი მოაშორა.ტყვიას მხოლოდ კანი გაეკაწრა,ტყვიამ,რომელმაც ყველაფერი შეცვალა,თითქმის ვერაფერი გააკეთა.
...ბიჭი თავზე დამდგარიყო გოგოს.
...გოგო არასდროს ყოფილა ისეთ,უეცარ გასროლას რომ არ შეეშინებინა და კლდიდან ფეხი არ დასცდენოდა.
დათა დაიხარა და ხელით კეფა მოუსინჯა გოგოს,რომელიც მის სილამაზესთან შეუდარებლად კანკალებდა და გრძელი თითებით მიწას ფხოჭნიდა. ბიჭი უაზროდ ირჯებოდა,არ იცოდა რა გაეკეთებინა,სისხლიან ხელებს ხან სად დაადებდა გოგოს ხან სად. ზვიად ავისაშვილმა მეორედ დაიყვირა. -პროზეპინა! - ის ვერ ხედავდა რა ხდებოდა ციხეში. დათამ გოგოსთვის თვალმოუცილებლად უპასუხა, -კარგადაა ზვიად,ნუ გეშინია ბიჭო,მე მომხვდა,მე! და ბიჭს შეხედა,მას არ ეტყობოდა თუ რამე გაეგო.ხელი თმაში შეეცურებინა გოგოსთვის და მასთან ერთად ანელებდა არათანაბარ სუნთქვას. -დათა,თავისით ქნა,მე არ მიბრძანებია!არაფერი დაუშავო დათა! -გამოჩნდები და მოვკლავ,დაიყვირა ისევ დათამ და საკუთარი თავი შეეზიზღა.
***
ციხე ძალიან ძვეი იყო,ასეთივე ძველი იყო ეკლესია.ძველ დროს ციხეს და ეკლესიას ყოველთვის ჰქონდათ კავშირი.მეფე და ღმერთი.ეკლესიის ამბიონში თუ ერთ ჩვეულებრივ ქვას გადასწევდი,გირაბში აღმოჩნდებოდი,რომელშიც წელმოხრილს უნდა გევლო,იქამდე სანამ მეორე ქვას არ მიადგებოდი,გადასწევდი და ციხის ერთ-ერთ კელიაში აღმოჩნდებოდი.ეს კავშირი ბევრჯერ გამოდგომიათ ციხის მცველებს. მღვდელი ჯიბის ფანრით მიიკვლევდა გზას და ცდილობდა სწრაფად ევლო ნახევრად ჩამოწოლილ გვირაბში.ამ გზას პირველად იყენებდა და ლოცულობდა რომ ბოლომდე გასულიყო.როდესაც ქვა გადასწია,ჯერ დათა დაინახა,რომელსაც ხელი შუბლზე მიედო და ისე იდგა,პირით მისკენ,მის უკან კი ბავშვები. -ხელზე რა გჭირს?-ჰკითხა მას დაბალი ხმით და ორმოდან ამოძვრა. -არაფერი,ისე… მღვდელი აღარ უყურებდა,გასცდდა და ბავშვებთან მივიდა. გოგოს ყელთან მიადო ორი თითი,შემდეგ შუბლზე დაადო ხელი და ხმადაბლა მოჰყვა ბუტ-ბუტს. დათა ორმოს ათვალიერებდა,ქამდე რომ სცოდნოდა...მაგრამ უკვე უნდა მიმხვდარიყო,ყველა ციხეს აქვს გვირაბი,საიდანაც გაიქცევი. არც ახლა იყო გვიანი. დათა მღვდელთან მივიდა. -მამაო,ამათ გამაყვანინებ? მღვდელმა თავი დაუქნია.გოგოს სისხლიან თმაზე სვამდა ხელს და ლოცულობდა. -ესენი თუ აქ ნახა,არცერთს არ გვაცოცხლებს.ცოტა ხანი დაგვმალე და მერე ვნახოთ. მერე კი,რადგან არავინ უპასუხა,გოგოს სხეულთან დაიხარა და ხელში აიყვანა.არავინ შეეწინააღმდეგა,მღვდელიც ცალ მუხლზე დაეყრდნო და წამოდგა. დათას გოგოს აქამდე მკვრივი სხეული ახლა საზიზღრად დარბილებული მოეჩვენა.თითქოს ხელში კატა ეჭირა. მღველმა ბიჭს შეაშველა ხელი: -წამოდი შვილო,აქედან ჩავიდეთ. ბიჭ არ შეწინააღმდეგებია.ხელებზე დაიხედა და უხერხულად შეიწმინდა შარვალზე.არაფერი ემჩნეოდა სახეზე.მხოლოდ იშვიათად ამოუშვებდა ხოლმე ფილტვებიდან ჰაერს. ყველანი ორმოს თავზე შეგროვდნენ.რომელსაც პირი შავად დაეღო. ბიჭმა დათას შეხედა,უფროსწორად გოგოს,რომელიც დათას მიეხუტებინა გულზე. -მიდი ძმაო,მე წამოვიყვან,შენ ვერ ატარებ. ბიჭი დაემორჩილა და უთქმელად ჩავიდა ქვის კიბეზე. -ნეტა ცოტა ადრე ამოსულიყავი მამაო,-ჩაიჩურჩულა და ჩასასვლელად გაემზადა,მაგრამ მამაომ გააჩერა. -შენ არ წამოხვალ დათა,-საშინელი შესახედი იყო მღვდელი,-მომეცი ბავშვი,ჩავალთ და ქვა ადგილზე დადე. -მე აქ რა ვქნა მერე? -რასაც აქამდე აკეთებდი,დაიმალე. დათას უნდოდა ეთქვა,ხო მომკლავენო,მაგრამ გაჩუმდა.უთქმელად მიაწოდა მღვდელს და უკან დაიწია. -ჰო,მართალი ხარ. -ცოტა დამაკლდა,-ბავშვს უყურებდა მღვდელი,-ღმერთი შენსკენ დათა.ამათ მე მივხედავ,-თქა მან და პირველ საფეხურზე დაადგა ფეხი. -ძმაო,მომხედე,-დათამ სიბნელეს ჩასძახა,სადაც გითხარი,მიდი იქ.ყველა პონტში.ყველაფერში მოგეხმარება ის.გაზაფხულზე მეც იქ მოვალ.გაიე? სიბნელიდან არაფერი გაუგია,ისე დააფარა ქვა ჩასასვლელს და გარშემო მიმოიხედა.სისხლის კვალი უნდა გაექრო.ბიჭს ჩანთაში წყალი მოძებნა და მიწიდან ამოზრდილ ქვას დაასხა,შემდეგ კი თვითონაც დაიბანა ხელები. თავი ეზიზღებოდა,როცა ამ კვალს აქრობდა და ბრაზობდა.ქამრიდან სასროლი ამოიღო და მოსინჯა,ხუთი ტყვია კიდევ დარჩენილიყო,დათა გულანშარი ბოლო ბრძოლისთვის ემზადებოდა.ეს შეეძლო,მომწყვდეული ვეფხვივით. -ზვიად,აქ ხარ? ხმამ მალევე უპასუხა: -დათა რა ხდება,ბავშვებს რა უქენი? მან მხოლოდ ხმადაბლა ჩაიცინა.რევოლვერი თავთან ასწია და ერთი ტყვია გაისროლა
ეპილოგი
არა,თავი არ მოუკლავს.ვერ ქნა, დარჩენილი ოთხი ტყვია მაინც საკმარისი იყო საბრძოლველად,მაგრამ როცა ისინი ამოვიდნენ,არც ეს ქნა.გოგოს სიცოცხლის სანაცვლოდ ეს დაბალ საზღაურად მიიჩნია.როცა ამოვიდნენ და ზვიად ავისაშვილმა დიდი თოფის კონდახი ჩაარტყა სხეში,ის მხოლოდ იციანოდა და ეუბნებოდა რომ ვერასდროს იპოვიდა მათ და რომ ისინი ძალიან მაგრად იქნებოდნენ ასი წელი.წაიყვანეს თან,ქალაქში.რამდენიმე კვირა ყოველდღე ცემდნენ,მაგრამ მაინც არ თქვა,ვერ გაიმეტა ასე ძველი მეგობარი.ბოლოს გაუშვეს,მოსწყინდათ და აღარც მოკლეს. ზამთარს უკვე დაეკარგა ძალა და გაზაფხული მოდიოდა,მზიანმა დღეებმა მოიმატეს.კოჭლობით ისევ ჯანოსთან მივიდა.ის იქ ფეხმოტეხილი დახვდა.ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ შუშაბანდში.მერე დათა წავიდა.ფიქრობდა ისევ ტყეში ასულიყო,მაგრამ იცოდა რომ იქ აღარ წავიდოდა. ავტობუსით სოფელში ავიდა,იქ სადაც ბავშვობის მერე არ ყოფილიყო.ვერავინ იცნო გზაზე ავლისას.ეზოში მამამისი დაუხვდა,დათამ გაეღიმა და დანებების ნიშნად ხელები ასწია. -ვიცი,მითხარი მოგკლავო,მაგრამ პროსტა მაინტერესებს რაღაცა და წავალ. -შემო,შემო,აქაა ახლაც,-მამამ ხელი დაუქნია,-დაჯექი,გამოვიყვან.ბაღშია,ბარავს. -არა მოიცა,-დათა გრძელ სკამზე ჩამოჯდა,-მომიყევი რა,როდის როგორ იყო. მამამისმა კეფა მოიქექა და დაბალ სამფეხაზე დაჯდა: -ბიჭზე?ტყეებიდან ჩამოსულა,იქ იპოვეს და მერე ჩემთან მოიყვანეს.ბევრიც კი არ გვილაპარაკია. -და გოგო? -გოგოც თანა ჰყავდა,იმხელა ტყეებში ხელით ატარა.კი არ მისცა არავის.ჩვენთან დავმარხეთ ზემოთ.შენ გამოგზავნიდი. -ჰო,მე ვიყავი,-დათა შეიშმუშნა,აქაურობა თითქოს გუშინ ნახა ბოლოს,ყველაფერი თავის ადგილზე იყო,-სხვაგან ვერ წავიდოდა. -შენ ვერ ჩამოჰყევი? -არა,ვერ გამოდიოდა. -ისევ იმ ამბებში ხარ დათა?შენი ამბავია ესეც? დათა გაჩუმდა.ჰო,მისი ამბავი.ვითომ ზღაპარი იყოს საკანში მოსაყოლი -ჩავალ იმასთან,რაღაცეები მაქვს დასამთავრებელი. -მიდი მიდი,მე სუფრას გავშლი,-გაიღიმა დათას მამამ და წამომდგარ დათას უხერხულად ჩაეხუტა.დათამაც ერთი-ორჯერ ზურგზე წაუტყაპუნა ხელი.არ შეეძლოთ ასეთები მამა-შვილს.
< = >
დათამ ბაღის დაბალი კარი შეაღო,ისევ ლეღვის ხე შესასვლელთან,ქვის ბილიკი,შემდეგ კიდევ კარები და ვენახში ხარ,გაივლი ათ მეტრს და ვენახი რჩება,იქით უკვე ხილის ხეებია.ბიჭი მართლაც ბარავდა.თბილი დღე იყო და შავ მიწას ოხშივარი ასდიოდა.ვერ შეატყო როგორ მიუახლოვდა. -აჰა,მოვედი. ბიჭი მოულოდნელობისაგან შეხტა.გაოცებულმა შეხედა ახლადმოსულს.ბარი მიწაში დარჩა. -მე მეგონა რომ ცოცხალი აღარ იყავი,-თქვა ბიჭმა და დაიხარა,ბარზე მოკიდებული მიწა რომ ჩამოეფხიკა. -ეგრე გამოვიდა,-ზემოდან დახედა ბიჭს დათამ და თვითონაც ჩაიკუზა,-აჰა,აიღე იარაღი და ქენი თუ გაქვს გასაკეთებელი რამე.გინდა ახლა,გინდა მერე. სცენა ასეთია:ორივე ჩაკუზული,დათას ხელისგულზე იარაღი უდევს.ბიჭი დათას უყურებს.შედეგ გაიცინებს და წამოდგება,ისევ ბარვას განაგრძობს.დათა თავის თავს დაუქნევს თავს.შემდეგ თვითონაც წამოდგება და იქვე ღობეზე მიყუდებულ ბართან წავა,იარაღს იქ მიაგდებს და ბარით ბიჭს ამოუდგება.ერთად ბარავენ,მაგრამ ბიჭი ჯობნის,დათა ნელ-ნელა იღლება და ჩერდება.ბარს ღობეზე აყუდებს,იარაღს ისევ ჯიბეში იდებს და ბაღის გასასვლელისკენ მოდის.
საერთოდ კი ყველაფერი კარგადაა,ვიღაცეებისათვის გაზაფხულიც კი მოდის.
დასასრული. 15.04.1996.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რამდენიმე დღეა რაც წავიკითხე. მთლიანობაში არ მომეწონა, მაგრამ ვერც "დავიკიდე" - რაღაც არის ამ მოთხრობაში ისეთი, რისი გატარებაც არ იქნება სწორი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის მასალა, საიდანაც შეიძლება კარგი მოთხრობა გამოვიდეს. ბარემ - რა არ მომეწონა და როგორ შევცვლიდი:
სიუჟეტი, უპ. ყოვლისა. ავტორის თხრობასთან არ მაქვს პრეტენზია - ის კარგია ძირითადად და ალაგ-ალაგ მშვენიერიც.
1. 18-19 წლის შეყვარებულები გაიპარებიან და მიდიან .... ტყეში, ღია ცის ქვეშ, კარვის და სახლიდან წამოღებული სანოვაგის ამარა. ირგვლივ არც სურსათის ფარდულია ახლო-მახლო, არც მდინარე, არც ნაკადული. ზამთარი კარზეა მომდგარი, ემალებიან ყველას და ყველაფერს. აქ აპირებენ ზამთრის გატარებასაც, როგორც ჩანს. უფრო სწორად, არაფერი ჩანს, რას აპირებენ. ამ ასაკშიც გვარიანი იდიოტური გადაწყვეტილებაა. ცხადია, რომ ავტორმა ისინი ამ მივიწყებულ ტყეში დათასთან "შემთხვევით" შესახვედრად ამოიყვანა.
ალტერნატივა: კი, ბატონო, შეიძლება დარჩეს ასე - შეხვედრა უნდა შედგეს. ოღონდ ამ წყვილის ტყეში ამოსვლა უნდა მოხდეს მათ მიერ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. დავუშვათ, რომ მათ ჰქონდათ ბევრად უკეთესი (ნორმალური) გეგმა - მიდიოდნენ ბიჭის ახლობელთან, ან სულაც მიდიოდნენ საზღვარგარეთ (თურქეთში, ბოლოსდაბოლოს), მაგრამ მათი გეგმა გასკდა, ცნობილი გახდა მათი მდევრებისათვის, მათაც ამის შესახებ როგორღაც გაიგეს და გადმოუხვიეს ტყეში, დროებით.
2. არ ვარ დარწმუნებული, რომ საჭირო იყო დათას გამიჯნურება გოგონასთან და მისი "დამარცხება". იმისათვის, რომ დამარცხებულს შურისძიების გრძნობა გასჩენოდა და გოგოს მამასთვის წყვილის ადგილსამყოფელი ეცნობებინა? - ეს შეიძლებოდა გაეკეთებინა მღვდელს, რომელსაც დათას ვნებები არ გამოეპარებოდა და ჩათვლიდა, რომ ეს იქნებოდა უკეთესი გამოსავალი. დიახ, მღვდელსაც უნდა ჰქონოდა ტელეფონის ნომერი.
3. გაუგებარია, ყველაფერი ამის შემდეგ, რატომ უჩნდება დათას მდევრებისაგან ამ წყვილის დაცვისა და მათი გულისთვის თავის გაწირვის სურვილი? პოლიციისაგან და კრიმინალებისაგან ძებნილს და ორივესაგან გამოქცეულს და ტყეში დამალულ ნაძირალას სიყვარულის გუდა გაუსკდა? ხოხ... ვისგან იცავს გოგონას, აღარ იკითხავთ? საკუთარი მამისაგან. რას ეტენება, ვინ თხოვა, საიდან მოეთრა...
დათასა და გოგოს მამის გასაუბრება ამ აბსურდის აპოგეა გახლავთ: - ჩამოდით ჩემთან ორივე და ვილაპარაკოთ, ნუ ენდობით მაგ ნაძირალას - ეუბნება მამა გოგოს და ბიჭს - შენ წადი შენს გზაზე და ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენ თავსო - დათა პასუხობს ყველას ნაცვლად. ვის დაჰკარგვია, რა უნდა, საკუთარ დასვრილ საჯდომს მიხედოს ამ ვირთხამ. კი, ასეთია ის ჩემს თვალში - ვირთხა. დათა, გოგო, ბიჭი - ამათი მოქმედება და აზროვნება არაადექვატურია. თითქოს სიმძიმის ცენტრი აქვთ წანაცვლებული.
შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად დალაგებულიყო - დავუშვათ, ბიჭთან საუბრისას დათასთვის ცხადი გახდა, რომ ბიჭი მისი საკუთარი შვილია. იმ მომენტისთვის, როცა მდევარი უკვე ციხეს მოადგა. რავარია?
4. შემთხვევით იღუპება გოგო. ყველა თავისთავს მიხედავს, აღარც მამა ეძებს და არც არავინ. ამ გოგოს უპატრონო კატასავით დამარხავენ სადღაც და ვითომც აქ არაფერი - ზოგისთვის გაზაფხულიც დგება. არ ხდება ასე. ალბათ საჭიროა, რომ ფინალში ვიღაც მოკვდეს, მაგრამ გოგოს სიკვდილი ყველაზე ცუდი ვარიანტია ყველა შესაძლებელთაგან. დანარჩენი ყველა უკეთესია შეიძლება მოკვდეს ბიჭი ბიჭი და გოგო, ორივე უკეთესია, თუ მოკვდება დათა. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ მკითხველს რაღაც სიმპათიები გაუჩნდეს ამ პერსონაჟის მიმართ. რავი, კაი კინოს სცენარივით გამოვიდა
დანარჩენი ავტორზეა დამოკიდებული.
რამდენიმე დღეა რაც წავიკითხე. მთლიანობაში არ მომეწონა, მაგრამ ვერც "დავიკიდე" - რაღაც არის ამ მოთხრობაში ისეთი, რისი გატარებაც არ იქნება სწორი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის მასალა, საიდანაც შეიძლება კარგი მოთხრობა გამოვიდეს. ბარემ - რა არ მომეწონა და როგორ შევცვლიდი:
სიუჟეტი, უპ. ყოვლისა. ავტორის თხრობასთან არ მაქვს პრეტენზია - ის კარგია ძირითადად და ალაგ-ალაგ მშვენიერიც.
1. 18-19 წლის შეყვარებულები გაიპარებიან და მიდიან .... ტყეში, ღია ცის ქვეშ, კარვის და სახლიდან წამოღებული სანოვაგის ამარა. ირგვლივ არც სურსათის ფარდულია ახლო-მახლო, არც მდინარე, არც ნაკადული. ზამთარი კარზეა მომდგარი, ემალებიან ყველას და ყველაფერს. აქ აპირებენ ზამთრის გატარებასაც, როგორც ჩანს. უფრო სწორად, არაფერი ჩანს, რას აპირებენ. ამ ასაკშიც გვარიანი იდიოტური გადაწყვეტილებაა. ცხადია, რომ ავტორმა ისინი ამ მივიწყებულ ტყეში დათასთან "შემთხვევით" შესახვედრად ამოიყვანა.
ალტერნატივა: კი, ბატონო, შეიძლება დარჩეს ასე - შეხვედრა უნდა შედგეს. ოღონდ ამ წყვილის ტყეში ამოსვლა უნდა მოხდეს მათ მიერ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. დავუშვათ, რომ მათ ჰქონდათ ბევრად უკეთესი (ნორმალური) გეგმა - მიდიოდნენ ბიჭის ახლობელთან, ან სულაც მიდიოდნენ საზღვარგარეთ (თურქეთში, ბოლოსდაბოლოს), მაგრამ მათი გეგმა გასკდა, ცნობილი გახდა მათი მდევრებისათვის, მათაც ამის შესახებ როგორღაც გაიგეს და გადმოუხვიეს ტყეში, დროებით.
2. არ ვარ დარწმუნებული, რომ საჭირო იყო დათას გამიჯნურება გოგონასთან და მისი "დამარცხება". იმისათვის, რომ დამარცხებულს შურისძიების გრძნობა გასჩენოდა და გოგოს მამასთვის წყვილის ადგილსამყოფელი ეცნობებინა? - ეს შეიძლებოდა გაეკეთებინა მღვდელს, რომელსაც დათას ვნებები არ გამოეპარებოდა და ჩათვლიდა, რომ ეს იქნებოდა უკეთესი გამოსავალი. დიახ, მღვდელსაც უნდა ჰქონოდა ტელეფონის ნომერი.
3. გაუგებარია, ყველაფერი ამის შემდეგ, რატომ უჩნდება დათას მდევრებისაგან ამ წყვილის დაცვისა და მათი გულისთვის თავის გაწირვის სურვილი? პოლიციისაგან და კრიმინალებისაგან ძებნილს და ორივესაგან გამოქცეულს და ტყეში დამალულ ნაძირალას სიყვარულის გუდა გაუსკდა? ხოხ... ვისგან იცავს გოგონას, აღარ იკითხავთ? საკუთარი მამისაგან. რას ეტენება, ვინ თხოვა, საიდან მოეთრა...
დათასა და გოგოს მამის გასაუბრება ამ აბსურდის აპოგეა გახლავთ: - ჩამოდით ჩემთან ორივე და ვილაპარაკოთ, ნუ ენდობით მაგ ნაძირალას - ეუბნება მამა გოგოს და ბიჭს - შენ წადი შენს გზაზე და ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენ თავსო - დათა პასუხობს ყველას ნაცვლად. ვის დაჰკარგვია, რა უნდა, საკუთარ დასვრილ საჯდომს მიხედოს ამ ვირთხამ. კი, ასეთია ის ჩემს თვალში - ვირთხა. დათა, გოგო, ბიჭი - ამათი მოქმედება და აზროვნება არაადექვატურია. თითქოს სიმძიმის ცენტრი აქვთ წანაცვლებული.
შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად დალაგებულიყო - დავუშვათ, ბიჭთან საუბრისას დათასთვის ცხადი გახდა, რომ ბიჭი მისი საკუთარი შვილია. იმ მომენტისთვის, როცა მდევარი უკვე ციხეს მოადგა. რავარია?
4. შემთხვევით იღუპება გოგო. ყველა თავისთავს მიხედავს, აღარც მამა ეძებს და არც არავინ. ამ გოგოს უპატრონო კატასავით დამარხავენ სადღაც და ვითომც აქ არაფერი - ზოგისთვის გაზაფხულიც დგება. არ ხდება ასე. ალბათ საჭიროა, რომ ფინალში ვიღაც მოკვდეს, მაგრამ გოგოს სიკვდილი ყველაზე ცუდი ვარიანტია ყველა შესაძლებელთაგან. დანარჩენი ყველა უკეთესია შეიძლება მოკვდეს ბიჭი ბიჭი და გოგო, ორივე უკეთესია, თუ მოკვდება დათა. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ მკითხველს რაღაც სიმპათიები გაუჩნდეს ამ პერსონაჟის მიმართ. რავი, კაი კინოს სცენარივით გამოვიდა
დანარჩენი ავტორზეა დამოკიდებული.
4. გმადლობთ გმადლობთ გმადლობთ
ახლა კითხვები პოს მამაც წასულია,ოღონდ მაღალი რანგის უფრო,პირველ ნაწილში არაფერია მასზე.
ბავშვები ალბათ სადღაც17-18-19.გამოპარვა რო დასჭირდებოდათ,სადღაც მაგ ასაკის.დათა უკვე 40-ს უკაკუნებს.ალბათ გმადლობთ გმადლობთ გმადლობთ
ახლა კითხვები პოს მამაც წასულია,ოღონდ მაღალი რანგის უფრო,პირველ ნაწილში არაფერია მასზე.
ბავშვები ალბათ სადღაც17-18-19.გამოპარვა რო დასჭირდებოდათ,სადღაც მაგ ასაკის.დათა უკვე 40-ს უკაკუნებს.ალბათ
3. აშკარად იმაზე ბევრად უკეთესი მოთხრობა აღმოჩნდა ეს, მე რომ მეგონა პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ :)
ჯერ ერთი ის, რომ კარგად იკითხება- სიუჟეტიც საინტერესოა და თხრობის ავტორისეული მანერაც.
ვერცერთი პერსონაჟის ვერცერთი ქმედება ვერ ამოვიცანი წინასწარ (ფინალი განსაკუთრებით) და ესეც ღირსებაა ნაწერის.
სასულიერო პირის და კრიმინალის ( წასულის) ურთიერთობის ბევრი მაგალითია მსოფლიო თუ ქართულ პროზაში და ამ შაბლონურობასაც კარგად გაართვა თავი ავტორმა.
რამდენიმე ბუდნოვანი მომენტი იყო მაინც (ჩემთვის).
ვინ არის პოს მამა? არც წინა ნაწილიდან მახსოვს.
რამხელები არიან პო და ის ბიჭი? სიტყვა "ბავშვები" და პოს ქცევა დათასთან ვერ შევუხამე ერთმანეთს.
მოკლედ, არ მენანება ამ მოთხრობის წაკითხვაში დახარჯული დრო, კარგი იყო!
აშკარად იმაზე ბევრად უკეთესი მოთხრობა აღმოჩნდა ეს, მე რომ მეგონა პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ :)
ჯერ ერთი ის, რომ კარგად იკითხება- სიუჟეტიც საინტერესოა და თხრობის ავტორისეული მანერაც.
ვერცერთი პერსონაჟის ვერცერთი ქმედება ვერ ამოვიცანი წინასწარ (ფინალი განსაკუთრებით) და ესეც ღირსებაა ნაწერის.
სასულიერო პირის და კრიმინალის ( წასულის) ურთიერთობის ბევრი მაგალითია მსოფლიო თუ ქართულ პროზაში და ამ შაბლონურობასაც კარგად გაართვა თავი ავტორმა.
რამდენიმე ბუდნოვანი მომენტი იყო მაინც (ჩემთვის).
ვინ არის პოს მამა? არც წინა ნაწილიდან მახსოვს.
რამხელები არიან პო და ის ბიჭი? სიტყვა "ბავშვები" და პოს ქცევა დათასთან ვერ შევუხამე ერთმანეთს.
მოკლედ, არ მენანება ამ მოთხრობის წაკითხვაში დახარჯული დრო, კარგი იყო!
2. ჰაჰ.მეთქი მალევე დავდებ.იჰჰ ჰაჰ.მეთქი მალევე დავდებ.იჰჰ
1. უჰ, ეს ჩემთვისაც კი დიდია :)
წავიკითხავ ხვალ- გაგიკვირდებათ და ის პირველი ნაწილი მახსოვს :)
უჰ, ეს ჩემთვისაც კი დიდია :)
წავიკითხავ ხვალ- გაგიკვირდებათ და ის პირველი ნაწილი მახსოვს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|