ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტკბილი ნო-ემ-ბე-რი
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2016


არამექანიკური

      ისევ ჩვეულებრივად გათენდა დედაქალაქში.ფანჯრიდან სექტემბრის თბილ სხივებთან ერთად შემოდგომის სიგრილემაც შემოაღწია და სხეულზე სასიამოვნოდ დამიარა. არ მინდოდა გამოფხიზლება და სიგრილეს ყურადღება არ მივაქციე, ძილი კი მშვიდად განვაგრძე, თუმცა ჩემმა მაღვიძარამ მექანიკურად დარეკა და მეც მექანიკურად წამოვჯექი საწოლზე, შხაპი მივიღე  და ვისაუზმე. საუზმე ისეთი მექანიკური აღმოჩნდა, რომ სახლიდან გამოსვლისას ჩემს თავს ვკითხე, ხომ ნამდვილად ვისაუზმე-მეთქი...
      ათის ათ წუთზე უკვე ჩემი მექანიკური მერსედესით სამსახურში მივდიოდი და ბედს არ ვუჩიოდი, რადგან მქონდა განათლება, სტაბილური სამსახური, ვიყავი დამოუკიდებელი. მივდიოდი მექანიკურად კმაყოფილი და უცებ გამახსენდა-დედას ამ დილით არ დაურეკავს. ფიქრის დასრულებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემმა აიფონმა დაიწკრიალა. ამ დილით ჩემი და დედაჩემის საუბარი ერთმანეთის მოკითხვით არ შემოფარგლულა. მან მთხოვა არ შემეწყვეტინებინა საუბარი და დაიწყო:
  „ არ მინდოდა შენთან ამ თემაზე საუბარი, თუმცა, სანამ მარტოობა მწარედ შემოგილაწუნებს, როგორც მშობელმა მინდა გითხრა, რომ ნოემბერში 31ის გახდები. მგონი დროა, რომ მომავალზე იფიქრო, თორემ ცხოვრება შემოდგომის იმ ფოთლებს ჰგავს, რომელიც შენ ასე გიყვარს. გაზაფხულზე იბადებიან, ზაფხულში იზრდებიან და ზრდას ასრულებენ, ხოლო შემოდგომით... შემოდგომით ყვითლდებიან, ხეს სცილდებიან, ხმებიან... დაფიქრდი და სამსახურზე წინ შენი თავი, შენი სურვილები დააყენე. შენ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ხარ, თუმცა არც იმდენად ძლიერი, რომ მარტოობას მოერიო.თუ მეტყვი, რომ თვეში ერთხელ კორპორატიულ წვეულებებზე სიარულში ხედავ მომავალს,ვიფიქრებ, დაბრმავებულხარ, თუმცა არაფერს გეტყვი... შენს მეგობრებს ოჯახები ყავთ, შენ კი დილით ბავშვის ტირილის ნაცვლად მაღვიძარა გაღვიძებს. ხანგრძლივი მონოლოგი გამომივიდა, ეს კი იმას მოვაყოლე, რომ შენი ყოფილი ბოიფრენდი... მას ცოლი მოყავს. ეჭვი მეპარება ამ ამბავმა გული დაგწყვიტოს. ბუნებრივიცაა ასე რომ მოიქცა. ალბათ არ უნდოდა ბედს თქვენი ერთად ყოფნა, ვიცი შენ არ გჯერა ბედისწერის... ისიც გითქვამს, რომ ბედისწერით მხოლოდ ცხოვრებაში ხელმოცარული ადამიანები იმართლებენ თავს...
  კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრა, კვირას ჩემს მეგობარ ჯულისთან მივემგზავრებით ლონდონში. მისი ახალი ქმარი ქართული კულტურითაა დაინტერესებული და ვფიქრობ მამაშენი და ის კარგად გაუგებენ. იქ ყოფნისას ასე ხშირად ვერ დაგირეკავ. რომ ჩამოვალ მოგიყვები ლონდონურ შემოდგომაზე, წვიმებსა და სიმშვიდეზე. შენ კი იფიქრე რა...“
  სამსახურს ვუახლოვდებოდი. მანქანა გავაჩერე და იქ შევაბიჯე, სადაც უფროსის კეთილგანწყობით გამოწვეული შურიანი მზერები შემომხვდა. ნეტავ, მათი ჭორები ისევ ჩემს პირად ცხოვრებაზე კოპირდებოდნენ თუ ამჯერად გადაწყვიტეს ორიგინალურები ყოფილიყვნენ...
    სტივის ქორწინებამ დედა აანერვიულა და მიახვედრა, რომ მომავალზე უნდა ვიფიქრო. არ მინდა შინაბერა კარიერისტი ვიყო, რომელიც კვირაობით მეგობრის შვილებს ჩაით და კექსით ელის, შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის და ბოლოს თავის კატებს კექსის ნარჩენებს სთავაზობს. ბავშვებიც არ იშურებენ სითბოს და ყოველ "უიქენდზე" ახალი ძაფის გორგალი მოაქვთ კატებისთვის, რომლებსაც ახლა ვერ ვიტან, თუმცა, ალბათ მომავალში შემიყვარდება...
      სტივი საფრანგეთში, ჩემს უნივერსიტეტში გავიცანი, ისიც ჟურნალისტიკას ეუფლებოდა. ერთმანეთს ოთხი წელი ვუძლებდით, შემდეგ კი მივხვდი, რომ არ მინდოდა მექანიკური საქმრო, არც მექანიკურად მინდოდა მყვარებოდა იმ ვალდებულების გამო, რომ საქმრო უნდა გიყვარდეს. მისმა ვითომდა პრაგმატულობამ და ჩემმა იდეალიზმმა შედეგი გამოიღო და ერთმანეთს დავშორდით, თანაც ისე, რომ სინანულის გრძნობა არც ერთს არ გაგვჩენია.
      ფიქრებში გართულს გამახსენდა, რომ სტატია უფროსის კაბინეტში მქონდა ასატანი. ძალიან მიყვარდა ჩემი უფროსი, რადგან მისგან ყოველთვის თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობდი და თანაც საოცრად პოზიტიური ადამიანი იყო, ძალიან მენდობოდა. სტატია ავიღე, ლიფტისკენ გავემართე და კვლავ ფიქრების ტყვეობაში ჩავვარდი.
      -ისე, ნეტავ დედამ რა იგულისხმა, როცა მკითხა, შენს თავს ჰკითხე, თუ რას ელი ცხოვრებისგანო? ოო, მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ, მგონი დროა...
      -ფრთხილად!!!-დაიყვირა კაცმა.
      როცა ფიქრებს თავი დავაღწიე და მიმოვიხედე, ძირს მიმოყრილი ქაღალდები დავინახე, ძალიან შემრცხვა...
      -ღმერთო ჩემო, მაპატიეთ, ასეთი რამ არასოდეს დამმართნია
      _თუ თქვენი ღმერთი დამეხმარება, რომ არ დავაგვიანო, გაპატიებთ-მომიგო მამაკაცმა.
      -უხეში, გაუთლელი... და კიდევ ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, თუმცა შემოტრიალებული მამაკაცის მზერით ვიგრძენი-ხმამაღლა მომსვლოდა ფიქრი. იდგა და თვალებში მიყურებდა. მისმა მზერამ შეამჩნია ჩემი ნაწყენი გამომეტყველება, თუმცა არაფრად ჩააგდო. შეტრიალდა და წავიდა.
    გაბრაზებული ავედი კაბინეტში, სადაც უფროსის გარდა კიდევ ორი დაკუნთული მამაკაცი და საშუალო ზომის რამდენიმე ყუთი დამხვდა-შეფი თავის ნივთებს აწყობდა. ბატონმა დავითმა გამიღიმა და მითხრა, რომ კომპანია უკვე ფეხზე დააყენა და საქმე სანდო ადამიანისთვის უნდა გადაებარებინა, საქაღალდე კი მისთვის უნდა მიმეცა.
      -აი ისიც! წარმოთქვა ბატონმა დავითმა და კარისკენ მიიხედა. კარებში სიჩქარისგან აღელვებული მამაკაცი შემოვიდა, მე მისკენ შევტრიალდი და...
      სწორედ ის უხეში კაცი აღმოჩნდა, რომელსაც ფოიეში დავეჯახე (ისე, როგორც ფილმებშია, თუმცა ფილმებისგან განსხვავებით ჩვენი საუბარი რომანტიულად არ დასრულებულა). ჩაცმულობაზე ეტყობა-ღარიბი არ უნდა იყოს. ვიცნობ მისნაირ კაცებს! მასაც ჰგონია, ყველა ქალი ერთნაირია და ყველა გამოიჩენს ინიციატივას მის წინაშე, ალბათ არაა დაჩვეული ქალებისგან უარს, ამიტომაცაა ასეთი თავდაჯერებული!
    სიჩუმე ბატონმა დავითმა დაარღვია და ახალმოსულს ჩემი თავი ყველაზე სანდო თანამშრომლად წარუდგინა, შემდეგ კი მთხოვა, რომ კოლექტივთან და საქმესთან ადაპტაციაში დავხმარებოდი. ბოდიში მოიხადა და ყუთებით დატვირთულ მამაკაცებს კარისაკენ გაუძღვა. როგორც კი გავიდნენ შემომხედა. რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ მიმზერდა და ბოლოს გაიღიმა. ღიმილმა მისი სახე ისე  გაანათა... სანამ მის ნაკვთებს ვსწავლობდი, სერიოზული სახე მიიღო და საუბარი დაიწყო:
    -მგონი დილას ძალიან უხეშად გამომივიდა, იცი, ძალიან მეჩქარებოდა და...
    -არაუშავრს, მივუგე და თავადვე გამიკვირდა, რომ წყენა ასე მალე დამავიწყდა.
    -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვუთხარი და საქაღალდე გავუწოდე.
    -გმადლობთ, მიპასუხა და მარცხენა ხელით საქაღალდე გამომართვა.
    ამ დროს ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო და ადგილზე გავქვავდი. ალბათ, ჩემი გონების რაღაც ძალიან დაბალი პროცენტი მაინც მოქმედებდა, რადგან შევამჩნიე, რომ ისიც ღელავდა. თითქოს საუკუნე გავიდა, არადა მისი ხელის ჩემს თითებზე რონინი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, თუმცა მგონი ეს რამდენიმე წამიც რაღაცას ნიშნავდა.
    გონს მოვედი და შეშფოთებულმა ხელი უკან გამოვწიე. მან სახიდან ღიმილი მოიშორა,სახელი მკითხა და საუბარი განაგრძო:
    -უკაცრავად, მაინტერესებს... თქვენ გჯერათ ბედისწერის?
    მიუხედავად თითქმინს უცნობ ადამიანთან საუბრისა, არ ვიცი როგორ, მაგრამ მივხვდი, რომ სინამდვილეში უნდოდა ეკითხა ერთი ნახვით შეყვარების თუ მჯეროდა და ვუპასუხე:
    -მე საოცარი უნარი მაქვს კონტექსტის წვდომის. ფიქრებსაც ვკითხულობ იშვიათად...
    -უკაცრავად? გაკვირვებულმა შემომხედა.
    -თქვენ სინამდვილეში გსურთ მკითხოთ მჯერა თუ არა ერთი ნახვით შეყვარების. ასე არაა?
    -ასეა.. იქნებ, ჩემმა გულწრფელმა აღიარებამ თქვენი პასუხი დაიმსახურა?
    -სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს "ნაკლი", რომელიც პირველივე შეხვედრისას შეიძლება შევამჩნიო, თუმცა ნაკლად არ აღიქვა, ვთქვი და გავუღიმე.
    -ვერ მიგიხვდით, რას გულისხმობთ? მკითხა და დაბნეულობისგან წარბები შეჭმუხნა.
    -ცაცია ხართ-მივუგე ღიმილით და შევამჩნიე, რომ მანაც გაიღიმა.
    დღის ბოლოს მანქანამდე მიმაცილა, მადლობა გადამიხადა დღევანდელ დღეს გაწეული დახმარებისთვის და ბატონი დავითის გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე თანხლება მთხოვა.
-კარგით, მაგრამ... ნერწყვი გადავყლაპე. არ ველოდი მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას.
-რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ხართ. მგონი, თქვენც გსურთ ჩემი თანხლება...
-კი მაგრამ, საიდან გამოგაქვთ ასეთი დასკვნები?
-ჩემთან საუბრისას ღელავთ, მაკვირდებით და ცდილობთ ჟესტების მეშვეობით გამიცნოთ.
-საიდან მოიტანეთ, რომ გაკვირდებით? ცდებით... მივუგე და გავიღიმე ისეთი ღიმილით, პატარა გოგოს მშობლები დანაშაულში რომ გამოგტეხენ და შენ ძალიან გრცხვენია.
-შენიშნეთ, რომ ცაცია ვარ...ხვალამდე!-მითხრა და  მანქანის კარები გამიღო.
    სამუშაო დღე დასრულდა, მე კი ვიგრძენი, რომ სამსახურის დატოვება არ მინდოდა...
    მანქანა დავქოქე და სახლისაკენ გავეშურე. კვლავ ჩავრთე მუსიკა და ჩემდა სასიხარულოდ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა „knocking on heavens door”-გავიდა რადიო ეთერში. ვუსმენდი და უაზროდ ვიღიმოდი. უაზრო კმაყოფილებას განვიცდიდი.

    მარტივია ყველაფერი, ბედნიერებაც, უბრალოდ ჩვენ ვხვდებით ხოლმე რთულად ყველაფერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები