ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუკა.ოლირი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2016


საუბარი საკუთარ თავთან (ასე, უბრალოდ)

                                              *  *  *
-ჰეეეი!  არის აქ ვინმე?!  ჰეეეი!  ხმა ჩამიწყდა!
-აქ ვარ, აქ!
-რომელი ხარ?!
-მე „შენ“ ვარ!
-მე? როგორ თუ მე?!
-აი შენ რომ გსურს ესაუბრო, ის ვარ!
-და რა იცი მე ვის მსურს ვესაუბრო?
-მე ხომ „შენ“ ვარ! მე ყველაფერი ვიცი... ჩემ გარდა ხომ, აქ ისედაც არავინაა...
-მაშინ, მითხარი, ვინ ხარ?!
-წუხანდელი სიზმარი ვარ შენი...
-წუხელის, ზღვა მეზისმრა!
-და კიდევ ნავი, პატარა, თეთრი იალქნებით...
-და შენ რომელი იყავი?
-ზღვაც და იალქნებიც... ნავიც!
-ვბოდავდი თურმე, მეუღლემ შემომჩივლა...
-ბოდვას ეძახიან მოკვდავნი, სინამდვილეში ეს უფსკრულიდან ჩემი ამოძახილია!
-ვინ შენი?!
-სულის! შენი სულის ამოძახილი ვარ!
-მატყუებ! ჩემი სულის ამოძახილი ვერ მესაუბრებოდა ასე მშვიდად!
-საკუთარ თავს ხომ არ ვუყვირებ?!
-რატომ?! მე...
-ვიცი, სარკის წინ ბევრჯერ გიყვირია, მხოლოდ უხმოდ! სანამდეც სუნთქვა გკმაროდა!
-იმ დღეს...
-აბაზანაში ფეხი მოგიცურდა, თავი დაარტყი და ისევ მე დამინახე!
-არა, ღრუბლები ვნახე...
-აკი გითხარი, მე მნახეთქო!
-და ჩემი მიგდებული სხეული! სხვისი თვალით!
-შეგეცოდა?
-სისხლისთვის არა, უფრო იმისთვის რაც მომელოდა.
-გოდება?
-სპექტაკლი!
-რატომ გგონია?
-შენ თუ მართლა „მე“ ხარ, კარგად უნდა იცოდე რატომაც...
-ხედავენ ფიზიკურს და ვითომ დარდობენ! მთავარ ჭრილობებს ვერ ამჩნევენ!
-ამჩნევენ! არ იმჩნევენ!
-მესმის შენი, მე ხომ „შენ“ ვარ და „შენ“ ვიყავი მაშინაც, სიმწრისაგან ფანქარი რომ გადატეხე!
-ჰმ... სასაცილოა!
-როგორ გვსურდა! ოხ, როგორ გულით გვსურდა...
-გვებღავლა და კარი ჩაგვერაზა!
-რატომ დავდუმდით?! ფანქარმა რაღა დაგვიშავა?!
-ალბათ გულია დამნაშავე, მუდამ სხვების გულებს რომ უფრთხილდება...
-უფრთხილდება, მას კი თელავენ! გახსოვს, როგორ გვითხრა?!
-„შეეშვი მაგ სისულელესო“!-ნეტავ რა გაეგება?!
-გაეგება, მაგრამ არ ეგების! ყოველთვის მოგიძებნიან „უფრო მნიშვნელოვან“ საქმეს!
-მე ხომ ვუსაქმურობ!
-მე „შენ“ ვარ, მაშასადამე, მეც ვუსაქმურობ!
-ლექსებს რომ ვუძღვნიდი, იმ ლამაზ წარსულში, რომელსაც შეჰნატრის, მაშინ...
-მაშინ არ ვუსაქმურობდით, ვწერდით მისთვის, ეხლა კი ჩვენთვის ვწერთ, მას არ ეხება...
- არც კი კითხულობს!
-„იმან“ ხომ წაიკითხა?! მეორემ...
-ნუ მაცინებ! „გამოცემას თუ არ აპირებ, რისთვის წერო“! გინდა თქვა რომ წაიკითხა?!
-მეც მეწყინა...
-მე არა, არ მწყენია, მივეჩვიე მათ ულოგიკო ლოგიკურობას! სცადე აბა აუხსენი!
-„მესმისო“ მაინც გეტყვის...
-თვალთმაქცობა! ამიტომაც მეცოდება ჩვენი თავი!
-გვეშველება რამე?
-ჩვენი ბრალია, სხვა რას გვიშველის?! ისევ თვითონ...
-დაგეთანხმები...
-ჩვენი სითბო სისუსტედ მიაჩნიათ, იდეები აუსრულებლად, ოცნებები სისულელედ, ტკივილი მონაგონად, ბღავილი კი მდუმარებად!
-ჰეეეი! არის აქ ვინმე?! ჰეეეი!!!
-აქ ვარ, აქ!
-ჰმ... ისევ მარტონი ვართ, არა?!


5/02-2016წელი
ლ.ო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები