ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუკა.ოლირი
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2016


17 თებერვალი (ციკლიდან - ბავშვობა)

                                                                                                    17 თებერვალი


ერთ ჰოლივუდურ ფილმში მინახავს თუ როგორ ცდილობდნენ მორგან ფრიმანისა და ჯეკ ნიკოლსონის გმირები თავიანთი ოცნებების ასრულებას, ვიდრე ნაადრევი  სიკვდილი მოაკითხავდათ. აღტაცებული ვიყავი მათით და  ხშირად მიფიქრია, რომ  მართლაც შეიძლება არსებოენ მათი მსგავსი ადამიანები. მართალია, მათსავით  სიკვდილი არ მემუქრებოდა, მაგრამ საკუთარ სურვილებზე მეც დავფიქრდი, მათი  დაწერაც  კი მოვინდომე,  მაგრამ მალევე მივხვდი, რომ  მათ ასრულებაზე მარტო  ფიქრი არ ღირდა  - „ადამიანი ეულად ჭამის დროსაც კი ცოდოაო“ - ამბობს ხოლმე მამაჩემი, რასაც სრულებით ვეთანხმები. ყოველთვის, ყველა წამოწყებისას საჭიროა გვერდით გყავდეს ვიღაც მეორე, თანამგზავრი და თანამოაზრე. მე კი ასეთი არავინ მეგულებოდა... 

ლანა რომ მომისკუპდა გვერდით რომელიღაც წიგნს ვკითხულობდი, თუ ვწერდი რაღაცას, ან იქნებ ვხატავდი, არ მახსოვს. თავისი ჩვეული სიჯიუტითა და დაჩემებულობით გადამეკიდა: “ლუ, ლუ, რას შვები? რას აკეთებ?“-  სულში ჩაძვრომა სჩვევია. „ვერ ხედავ რას ვაკეთებ?!“ „გცალია? ჰა? ლუ.. გცალია?“ - ღიმილით, ზრდილობისთვის დასმული კითხვა.  „- რაღაც მინდა და ვერ გამიგია რა?!“ - რატომღაც უცებ სახე დაეჭმუჭნა - „ ჰა, აფერისტო, მითხარი რა გინდა და მომცილდი აქედან“  „-ეუფ, ეგრე მე ბევრი რამე მინდა...“  თვალის დახამხამებაში ჩამომითვალა ათი სურვილი, რომელიც მაშინ მოადგა ენაზე და არც აპირებდა გაჩერებას. ის ფილმი გამახსენდა მაშინაც და ჩემი სია. -„აი ის მეორე, თანამოაზრე, არ ვიქნები ეულად“ - მეთქი, გავიფიქრე  და ის იყო დავაპირე  სურვილების ჩამოწერა შემეთავაზებინა  -„აუ, ლუ, მოდი ოცნებები ჩამოვწეროთ და ავიხდინოთო“ - დამასწრო. მხოლოდ მას ის ფილმი ნანახი არ ჰქონდა, ვკითხე და არ ვიციო მიპასუხა.  ჩამოწერილ სურვილთა უმრავლესობა მას ეკუთვნოდა, მე რამდენიმე სანუკვარი ოცნება ჩავაკვეტე სიაში...  მამაჩემმა რომ ნახა ჩამონათვალი, პირველ რიგში ეს გვითხრა -„გენატრათ ლოტოში ჯეკ - პოტის მოგება და ეგ იქნებოდაო...“ 

ფული...

მაგ ფილმში ნიკოლსონი ფრიმანივით ღარიბი რომ ყოფილიყო, ალბათ ვერც ვერანაირ სურვილს ვერ აისრულებდნენ, თუმცა... მთლად ასეც არ არის. ახლობელ ადამიანთან  შერიგება, ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიშის მოხდა და მისი დაბრუნება ფულთან რა კავშირშია?!  არც არანაირ... მეც მაგას ვამბობ...  ღარიბები რომ ყოფილიყვნენ, როგორც მე და ლანა, ისინიც შედარებით მოკრძალებულ, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და სახალისო სურვილებს ჩაიფიქრებდნენ...

რა არ მომეწონა იმ ფილმში?  ღმერთთან მისვლა დაავიწყდათ... მე და ლანამ კი პირველ რიგში ღმერთთან მისვლა  ვცადეთ, თუ რა თქმა უნდა, რუსთავის ზემოთ, მთაზე აღმართულ ჯვართან ასვლას ღმერთთან მისვლა შეიძლება ეწოდოს. ყოველ შემთხვევაში მე შემოქმედს უფრო ახლოს ვგრძნობდი...


წითელი და წებოვანი ნიადაგი იცის აქეთკენ. მით უმეტეს წვიმის შემდეგ. ვიდრე კლდოვან ზედაპირამდე მივაღწევდით, ფეხსაცმლის ძირებით ბელტებს მივათრევდით. ბოლოსღა აღმოვაჩინეთ, რომ სასურველ ადგილამდე მისასვლელად ყველაზე რთული  მარშრუტი აგვირჩევია. მთამსვლელებივით მივფოფხავდით ზევით-ზევით, თან ვცდილობდით ხელები არ დაგვსვროდა... ვფრთხილობდით, ჩვენი ბავშვური ჭკუით... ერთი-ორჯერ  ერთმანეთი გადმოვარდნასაც კი გადავარჩინეთ, თუმცა მანამდე ორ მოპირდაპირე ბორცვს შორის გაწოლილი ცხვრების დათვლით ვიხალისეთ და იმ მეცხვარეების ცხოვრების წარმოდგენა ვცადეთ, რომლებიც მათ მწყემსავდნენ. მთელი დღეები მინდვრებში, ცხვრებთან, ღამით კოცონი, ისევ ცხვრები მინდვრებში და ვინ იცის ასე როდემდე და რამდენ ხანს... ჩემი ერთი ლექტორი ყვებოდა - მეცხვარეები თვეობით ვერ ნახულობენ თავიანთ ახლობლებსო -  ეს ადამიანები უდავოდ დიდ პატივს სცემენ თავიანთ პირუტყვსო- ასეცაა,  უნდა დაიცვა თოვლისგან, სიცივისგან, მტაცებლებისგან,  უნდა გაზარდო, მოუარო, უპატრონო... ვაიმე, რამდენი შვილი ჰყოლიათ მწყემსებს...

მეცხვარეები მორიგი ბორცვის უკან დაგვრჩნენ, კლდეზე ავდიოდით და რუსთავის უზარმაზარი ჯვარიც კლდის მიღმა დაგვემალა. ყოველი ბორცვის ძირას ქრებოდა, ზევით  ასულთ კი მისი ცქერით ტკბობა და გასავლელი მანძილის თვალით გაზომვა შეგვეძლო. ხშირად ვისვენებდით, ამდენ სიარულს მიუჩვეველი ფეხები  გვღალატობდნენ: კუნთები ტოკავდნენ, ელავდნენ დაღლილობისგან, მაგრამ იხტიბარს მაინც არ ვიტეხდით. გზა თანდათან ილეოდა, ძალები კი  გვეცლებოდა, მაგრამ კარგად გვესმოდა - ოცნებების ასრულება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არაფერი გვეძლევა იოლად და უბრძოლველად. ჯვართან ასვლა ჩვენი ოცნება იყო, მთა კი, რომელზეც ის აღემართათ დაბრკოლება, რომელიც ოცნების  ასრულებაში გვეცილებოდა. ყველა ოცნებას უდგას წინ დაბრკოლება, დიდი თუ პატარა, მაგრამ მაინც, კლდე, რომლის გადავლაც აუცილებელია. რთულია, მაგრამ რაც უფრო რთულია მიზნის მიღწევა, მით საამო და ტკბილია  მისი მიღწევით  განცდილი გამარჯვების გემო. არც ერთი ნაბიჯით უკან, მხოლოდ წინ! ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, ჯილდოდ საკუთარი თავის მოსაპოვებლად...

ჯვრის ფერხთით მცირე სამლოცველო ჩაუდგავთ . ოთხივე კედელზე კოხტად დაუტანებიათ ხელნაწერი ხატები,  მხოლოდ მზეს საღებავების ფერებზე უმუშავნია. იქვე ეწყო რამდენიმე სანთელი. ინსტინქტურად, ხელი  გულის ჯიბისკენ გამექცა, საიდანაც  ღვთისმშბლის პატარა, ჯიბით სატარებელი  ხატი  ამომყვა. მაშინღა გამახსენდა რომ  მის ასაღებად ქუჩიდან მივტრიალდი სახლში. თითქოს დამიძახა და თან ვიახლე. იქ, ჯვართან, სამლოცველოს სიახლოვესღა მივხვდი რატომაც... დანარჩენ ხატებთან დავაბრძანე და გული სისპეტაკით ამევსო. ლანას თვალებიც ბედნიერებას ასხივებდნენ, მაშინ პირველად ვნახე  მისი სიხარულის ცრემლებით დანამული თვალები... სანთლების ციცქნა ალებში უზარმაზარ სხივებს, ღვთიურ, წმინდა ნათელს ვხედავდი და არ დაიარებოდა ჩემზე აღფრთოვანებული ადამიანი ამ ქვეყნად... 

ისეთი ციცქნა ჩანდა რუსთავ-ქალაქი, „შარტავას გამზირი“, სასტუმრო „რუსთავი“, „მეგობრობა“, თითქმის ყველა ცენტრალკური ქუჩა ტყეპარკიან - ტბიანად... ადამიანები კი ამ ისედაც პაწია ქალაქში, რომელიც ხელის გულზე მთლიანად მეტეოდა, ისეთი ციცქნები ჩანდნენ, როგორებიც სინამდვილეში არიან... დაუცველნი და უსუსურნი, უბრალონი... ფეხის ერთი დაბიჯებით გასათელნი...  მე, ამ მთის მწვერვალზე დევად ქცეულს წერტილებად მეჩვენებოდნენ და ვფიქრობდი იმაზე, თუ რაოდენ პატარები ვართ ღვთისთვის, რომელიც ზეციდან გვიმზერს... და რამდენად დიდია ის ჩვენთვის...

ქვემოთ ჩამოსასვლელად სხვა გზა ავირჩიეთ, ზევიდან უკეთ ჩანდა ჩასასვლელი გზები, ვიდრე ქვემოდან ზევით ასასვლელი... მწვანე ბორცვს ჩამოვუყევით. დაღლილ - დაქანცული ფეხები ჩვენს დაუკითხავად მიაბიჯებდნენ და უნებლიედ მივყავდით დაღმართზე. ასვლაა რთული, თორემ ჩამოსვლა... ისევე, როგორც ოცნებების მსხვრევა არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას... თან და თან ვუმატებდით სიჩქარეს, ბოლოსკენ კი უკვე მივრბოდით. დაღმართის ძალას ვერ ვძლიეთ და მთელი სიჩქარით მივქროდით. უეცრად,  ლანამ თავი ვერ შეიმაგრა, არსაიდან გაჩენილ ტალახის  ტბორზე ჯერ გასრიალდა, შემდეგ კი მთელი ტანით დაეცა ზედ... მე გადავრჩი დაცემას და მეგონა ლანას დასაცინი საბაბი მომეცა, მაგრამ ჩემმა გიჟმა დეიდაშვილმა  არც აცია, არც აცხელა და ტალახით გუნდაობაც გაიმართა... ოხ, რამდენი ვიხალისეთ. ცრემლები ვღვარეთ სიცილისაგან... ბოლოს კი იქვე, ტალახში მივწექით და მთელ ხმაზე ვბღაოდით, ეს თავისუფლებისა და სიხარულის ბღავილი იყო...

ტალახიანი ხელებით გადავხაზეთ ჩვენი ჩამონათვალის რამდენიმე ასრულებული ოცნება: მთელ ხმაზე ყვირილი, ცრემლებამდე სიცილი და პირველ რიგში ჯვართან ასვლა...

ტალახში ამოსვრილები შემოვედით ქალაქში, ისე თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. ხალხი გაოგნებული მიშტერებო ჩვენს ტალახიან სამოსსა და გათხვრილ, ბედნიერ სახეებს,  ჩვენ კი ისევ ისე, უდარდელად მივაბიჯებდით ქვაფენილზე...

უბანში შესვლამდე ერთხელაც მივიხედე უკან და ჯვარს მივაცქედი...

„მე დღეს ოცნება ავისრულე...“


2008 წელი
რუსთავი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები