ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიატა
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2016


უღელი

მელნისფერი შარფის ბოლოთი გამხდარ ღაწვებზე ოფლით დანამული ღარები მოიწმინდა და დაბინდული თვალებით ძლივს გაარჩია მის წინ მდგარი ბანკის ოფიცრის სახე, ახალგაზრდა გოგონა სახეზე  აშკარად გამოხატული თანაგრძნობით უხსნიდა, რომ არ შეეძლო წინასწარ მიეცა შემდეგი თვეების პენსია . ათასიფიქრითდამძიმებული თავი მკერდამდე დახარა, გამშრალი ტუჩებით მოუბოდიშა და ნელი დამძიმებული ნაბიჯებით ქუჩაში გამოვიდა.  გოგონა იდგა და თვალს არ აშორებდა მის ყოველ მოძრაობას, სანამ თვალს არ მიეფარა და სხვა კლიენტის ხმამ არ გამოაფხიზლა.
მიდიოდა და თან ისეთ სიმძიმეს გრძნობდა მუხლებში, მკერდში, თავს ძლივს იმაგრებდა არ წაქცეულიყო. თავშესაფრიდანაც უარით გამოუშვეს, შემნახი და პატრონი გყავთ და ვერ მიგიღებთო. ყველას ხომ ვერ აუხსნიდა, რომ მისი ერთადერთი შვილი, მძიმე სენით იყო შეპყრობილი, განუკურნებელი ავადმყოფობა უფრო და უფრო აბნელებდა მის გონებასა და აზროვნებას, დღითიდღე უფრო და უფრო ეფლობოდა ამ სენის ჭაობში, სხვა და სხვა მდიდარი ქალბატონების წყალობით კაზინოების მუდმივი ხელმოცარული სტუმარი იყო.
მიდიოდა მტვრიან ქუჩაზე და უცებ ნაბიჯი შეანელა, დახრილი თავი ასწია და იმ ადგილას გაიყინა, ღრმა და ნათელი თვალები ცრემლებმა ამოუვსეს, წვეთები დაღარულ ღაწვებზე ჩამოუგორდა....რამდენიმე წლის წინ მათი სახლიც შეეწირა მისი შვილის ავანდყოფურ ზნეს . სახლი, რომელიც მართალია მუდამ ბედნიერებითა და სიხარულით არ იყო სავსე, მაგრამ მაინც ყველაფერი მისი ხელით იყო შელამაზებული, თითოეული კუთხე და კუნჭული უყვარდა და ემშობლიურებოდა.  სულ პატარა, ბავშვი იყო, ჯერ კიდევ  თექვსმეტი წლის ამ სახლში რომ მოიყვანა მისმა რჩეულმა , რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულ ბიჭად ითვლებოდა მათ უბანში და რომელმაც იმ დღიდან უღელში შეაბა და მთელი სიმძიმე მის სუსტ ბავშვურ მხრებს აზიდინა .  მუდმივი ჩხუბისა და ალიაქოთის ხმა გამოდიოდა მათი ფანჯრებიდან, როდესაც მისი ქმარი სახლში ბრუნდებოდა, ხშირად ნასვამი, პირიდან ალკოჰოლის ოხშივარს რომ ამოაყოლებდა ხოლმე ლანძღვა-გინებას. ყოველ კაპიკს ამადლიდა , თავის შრომას ყელში ადენდა... რამდენჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ მშობლებმა უთხრეს აქ ვეღარ დაბრუნდები, სახლში რძალი და შვილიშვილებიც ვეღარ ეტევიან და თუ გადადგი ეგ ნაბიჯი, მაშინ ბოლომდე იტვირთე კიდეცო. ბედს შეეგუა, ახლა თავის ჩაწოლილ ქმარსაც თვითონ უვლის, ორივეს პენსია იმის წამლებსაც აღარ ჰყოფნის, პატარა  მიტოვებულ ფარდულში ცხოვრობენ ეულები და გაყინულები...
გული კიდევ უფრო დაუმძიმდა, ტკივილმა ძვლებში გაატანა და ფეხები მოეკვეთა, იქვე თავის მშობლიურ ქუჩაზე,  თავგადაჭრილი აკაციის ქვეშ ჩაიმუხლა და ზურგით ხეს მიეყრდნო...  ერთმა მოდურად ჩაცმულმა, ფერუმარილიანმა ქალმა  ოცთეთრიანი დაუდო გახუნებული კაბის კალთაზე, იმას მეორე მოჰყვა, მესამე და ცოტა გონს რომ მოვიდა , კალთა სავსე ჰქონდა ხურდებით, ზოგს რკინის ლარიანიც გაემეტებინა...მეორე დღესაც იმ ადგილს მიაკითხა, თავსაფარი თვალებზე ჩამოიფარა და  დანაოჭებული სახე მუხლებში ჩარგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები