ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2016


ციკლიდან "ბებო"


ეპილეფსია აქვს ბებოს. ომის შემდეგ დასჩემდა და აგერ უკვე ოცდაორი წელია იტანჯება.
არასოდეს მეშინოდა მისი ამ მდგომარეობის და ახლა ხომ მით უფრო, მივრჩვიე კიდეც.
ეს ჩემი ძმები ვერ გამომყავდა ხოლმე საწოლის ქვეშიდან, როცა ბებო ფართხალს იწყებდა.
ბოლო ორი დღის მანძილზე სამჯერ ჰქონდა შეტევა. მოხუცდა ბებო, ოთხმოცდასამ წელს ითვლის უკვე.ოდესმე ვრცლად დავწერ მასზე.
საძინებლის კარი გამოვაღე და მივაყურადე, ლაპარაკობს, ათენებს კიდეც ზოგჯერ ლაპარაკში. ძირითადად მიცვალებულებს ესაუბრება - შვილებს, ჩემს ძმას...
პირველი შვილი დედულეთში გარდაეცვალა.
"ბატონები" უბრძანდებოდა ბავშვს და ჩემმა დედ- მამამ ღორი დაკლეს. სისხლს ვერ იტანს ის დალოცვილი ბატონები და მე შვილი წამართვაო - მიყვებოდა უფრო პატარა რომ ვიყავი.
ახლა ვუსმენ, ტირის და საყვედურობს დედას :
- მე ბავშვი ვიყავი და არ ვიცოდი, თქვენ ხომ იცოდით მაგდენი ! ჰმ, რად გიკვირს რომ ჩემი ქმარი არ მიშვებდა მას მერე თქვენთან... სახლში გამომიშვა და გარდაცვლილი ბავშვი, ჩემოდნით გამატანეთ, ვერ გადავასვენეთ და შვილის სხეულს ზედ ვეჯექი ვითომ ტანსაცმელი გადამქონდა....
ვეღარ ვითმენ :
-ბებო, ბებო, სად ხარ, რეებს ჰყვები, მეშინია - მისი უსუსური ხელი მიჭირავს.
- აქ ვარ - ამომხედა, არ მივყავარ დალოცვილ ღმერთს, არ მაღირსა ჩემი წილი ამოსავსები მიწა , იქნებ არც არსებობს ჰა ?! ან ასე უსამართლო რად არის ჩემთვის ?! - მეკითხება...
პასუხი არ მაქვს ! ვერც ვიპოვი ვერასოდეს, ვიცი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები