ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2016


რომ შემიყვარო


რომ შემიყვარო, ალბათ უნდა ამომხდეს სული,
გამიქრეს უნდა, ყველა ტანჯვა რომ შემიყვარო,
როგორც ის ნავი, შენს ნაპირთან მე ვარ მიბმული,
შორს გამაქანე, დამავიწყე მიწა გრიგალო.

ვეღარ ვგრძნობ უკვე გაზაფხულის სხივნარევ კოცნას,
მეძინა როცა გადამწვანდა ნაბრძოლი კორდი,
გიცდიდი და ეს ქანცგამცლელი მტანჯველი მოცდა,
ჰგავდა ღრუბლიან ღამეებში ვარსკვლავის ლოდინს.

და ღამე შვილმკვდარ დედასავით შეშლილი სახის,
მიცქერდა ცივად, მიმიზნებდა თვალების ნაგანს,
ოდესღაც ალბათ მათხოვარსაც იპოვნის სახლი
და ამოგლეჯილ ნერგებს ისევ გრიგალი დარგავს.

ივსება შურით, რომ გიყურებს ვარდივით მოვლილს,
დრო გონებაში გისერავდა აბრეშუმს გვალვით,
როგორც ნაწვიმარ სახურავებს ქათქათა თოვლი,
შემორჩა ისე, შენს ბაგეებს ღიმილის კვალი.

მე ჩემი თავიც არ მეკუთვნის, რა უნდა მოგცე
მხოლოდ და მხოლოდ გისახსოვრო ცრემლები მუნჯი,
როგორც გრიგალში გაშიშვლებულ, დაჩოქილ მლოცველს,
მინთია შენი სიყვარულის სანთელი ლურჯი.

ეჰ გაფრენისთვის როდი კმარა ბუმბული თეთრი,
პატარა ფრთებიც გადაგაქცევს უსუსურ მწერად,
რომ შემიყვარო ალბათ უნდა მომიკვდეს ღმერთი
და ალბათ უნდა მივატოვო ლექსების წერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები