ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ქუჩაში სეირნობისას მგონი ბევრს გასჩენია სურვილი ჩამომჯდარიყო და ხალხისთვის ეყურებინა. დღესაც ვიყიდე ბურბუშელა და ბეტონის სკამზე ჩამოვჯექი, თან ბურბუშელას ვახრამუნებდი. მერე, ნელ-ნელა უფრო ვანელებდი ხელის პაკეტიდან პირამდე მოძრაობას, რადგან ხრაშუნის ხმა ფიქრში მიშლიდა ხელს . ამაზე უკეთესი ფილმი რა უნდა იყოს, ამაზე უფრო საინტერესო, უფრო სასაცილო, უფრო დრამატული, უფრო სატირალი და უფრო სასიხარულო ვიდრე აი ეს ხალხია, რომელთა ერთი ნაწილი სადღაც მიიჩქარის, სულ სადღაც ეჩქარება და სულ ვიღაცის, სულ რაღაცის ძიებაში არის სერიოზული და ფიქრიანი სახეებით. მეორენი კი_ელიან. ელიან რაღაცას, ვიღაცას... საოცარია მათი სახეების და სილუეტების ყურება და მათი ისტორიების კითხვა, ამოცნობა_დიდი აზარტით ვაკვირდებოდი და ვკითხულობდი მათსავე კანის გამომხმარ ან ქორფა ფოთლებივით ხასხასა ფურცლებზე, სადაც ბევრს ვერც დაწერ და რასაც დაწერ, ისიც ვერ იწერება კარგად, თუმც მახვილ თვალს მნიშვნელოვანი სიტყვები არ გამოეპარება! როცა პაკეტში ხელის ჩაყოფის სიხშირე ნულს მიუახლოვდა, ერთი ამბავი გამახსენდა ... ან არც გამახსენდა რადგან სულ მახსოვდა და ან კიდე რას უნდა დაევიწყებინა ის. ეს ამბავი არის მაშოზე , ერთ მაშოზე, რომელიც ცხოვრობდა ან იქნებ კიდევ ცხოვრობს ან კიდე .... *******
იყო ამ ქვეყანაზე, ამ ლამაზ, ცოდვებით გალამაზებულ და დამძიმებულ ქვეყანაზე, ერთი მაშო. რომელიც გგავდათ თქვენ, მგავდა მე, მას, იმათ... ერთი ჩვეულებრივი მაშო, ჩვეულებრივი დახუჭობანათი, რეზინობანათი, ზღაპრებით და ოცნებებით გაჯერებული ბავშვობით, ახლის შეცნობით ანთებული ქალიშვილობით და ცხოვრების ინტერესით, რომელსაც არასდროს კარგავდა და კიდევ, დიდი სიყვარულის უნარით! უზარმაზარი სითბოთი და სინაზით, მორჩილებით და სათნოებით იყო დამშვენებული და ამ თვისებების სიმძლავრე იყო ერთადერთი შტრიხი, რაც ასე ძლიერ გამოარჩევდა მაშოს ბრბოშიც კი. მისი ანთებული, კეთილი, სათნო და ზებუნებრივად მშვიდი ხასიათი წითელ შუქს ანთებდა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ამიტომაც შეუმჩნეველი არსად რჩებოდა, ამიტომაც ყველა მისკენ მიიწევდა, ყველას მასთან მიუწევდა გული. მის სიახლოვეს საოცარი ბედნიერების განცდა ებადებოდა ბავშვსა თუ მოხუცს, და მითუმეტეს დაუცხრომელი ცხოვრებით მცხოვრებ არსებებს! დადგა დრო და მაშო ცრემლით და ღიმილით გამოემშვიდობა ქალიშვილობას, რომელიც პირველი სიყვარულის ხარკი იყო. მსხვერპლშეწირვის შემდეგ, მისმა პირველმა სიყვარულმა ერთგულების ფიცი მისცა და ხატების წინ დაიფიცა ორივემ, რომ არ მიატოვებდნენ ერთმანეთს, ჭირში და ლხინში ერთად იქნებოდნენ სიკვდილამდე, უკუნითი უკუნისამდე! მაშოს პირველი ქმარი და პირველი სიყვარული, ცნობილი სპინტო ტენორი იყო, რომელსაც ხშირად გარეგნობითა და შესრულების მანერით ფრანკო კორელისაც ადარებდნენ. გასაკვირი არაა რომ მაშოს ქმარი მეზღვაურის ცხოვრებით ცხოვრობდა: ხშირად ქონდა გასვლითი კონცერტები და მოწვევები სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინეტზე. მაშოც მორჩილებით და გაგებით უდგებოდა ცოლქმრული თანაცხოვრების ამ დეტალსა თუ მნიშვნელოვან თავისებურებას.ღირსეული და სამაგალითო ცოლივით ელოდა მის დაბრუნებას და ცდილობდა, ქმრის ჩამოსვლისთვის ყველაფერი უცვლელად დაეტოვებინა სახლში, მოეგვარებინა ყველა თავისი თუ ოჯახური პრობლემა, თავი წესრიგში მოეყვანა, ზედმეტად არ გამოჩენილიყო ხალხმრავალ ადგილებში და შორს დაეჭირა თავი ჟურნალისტებისა და პრესისგან. ქმრის ჩამოსვლის დღისთვის ყვავილებით ალამაზებდა მისაღებ ოთახს , საკუთარი ხელით ამზადებდა იმ დღითვე დილით ადრე ნაყიდი პროდუქტისგან უგემრიელეს სალათებს და ცდილობდა მეუღლის გაბარტების მიუხედავად, მაინც გაენებივრებინა იგი გემრიელი, თუმც კალორიული კერძებითა და საკონდიტრო ნაწარმით. ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა. ქმრის არყოფნის პერიოდში მაშო ახალგაზრდა, ჯანსაღ სხეულში მოზღვავებულ ვნებებს სხვადასხვა საქმით კვებავდა. მეუღლის გამოსვლებს ხან რადიო ტრანსლაციის დროს უსმენდა, ზოგს_ტელევიზიით ან ინტერნეტით ადევნებდა თვალყურს. თვალზე ცრემლი_მუდმივი ატრიბუტი იყო მაშოსი, როცა ქმრის ნამღერს უსმენდა. იცოდა, რომ ყოველი სიმღერა მას ეძღვნებოდა. არა, ეს ქმარს არასდროს უთქვამს მისთვის, ანდა თქმა რად უნდოდა, ეს ხომ ისედაც ცხადზე უცხადესი იყო. ქმრის პარტიის დასრულების შემდეგ, როცა ცრემლები სახესა და ყელზე შეუღიტინებდა და საკუთარი თავის ანარეკლს მოჰკრავდა თვალს (ანარეკლის ნახვა კი არც ისე რთული იყო მის სახლში)საკუთარ თავზე თუ მის ინფანტილიურ მდგომარეობაზე გაეცინებოდა, ამაყად წევდა მაღლა თავს,ჩვეული მანერით გადაიწევდა ყურებზე თმას, ხელის გულებით შეიზელდა ცრემლებს ღაწვებზე ნაზი, ხშირ-ხშირი მოძრაობით კანისა და უკუ მიმართულებით და ეფლობოდა ვიმერკატის საყვარელ იტალიურ სავარძელში, თავს გვერდზე გადასწევდა და მიეცემოდა ოცნებასა და ფიქრებს. გასაგებიცაა რომ ადამიანს ეგონებოდა გარეგნობით ამაყობდა მაშო, როცა სარკეში ჩახედვისას თავს მაღლა იჭრდა და ისედაც ნატიფსა და შველივით ლამაზი მოხაზულობის ყელს უფრო იგრძელებდა. ან შეიძლება ვინმეს ეფიქრა გვერდში მდგომი ადამიანით იყო ასეთი ამაყი! არადა, მწარედ შეცდებოდა მოკვდავი! ის, საკუთარი სიყვარულის სიძლიერით იყო ამაყი და ერთგულებით_თავაწეული. ხშირად თვეები ვერ ნახულობდა მეუღლეს და საკუთარ თავთანაც კი არასოდეს უღალატია მისთვის. ვნებიანსა და ჯანმრთელ სხეულს ხშირად მშველელად სიზმრები ევლინებოდნენ, შეიძლება სწორედ ამიტომაც იხანგრძლივებდა ღამეებსა და ძილს, ადრე წვებოდა ქმრის არყოფნაში, თუმც დილას მაინც ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დგებოდა, რადგან დილით ალიონთან შეხვედრა ისეთივე აუცილებელი ენერგიის წყარო იყო მაშოსთვის, როგორც წყალი და საკვები. საღამოობით წარმოიდგენდა რა თუ რას აკეთებდა მისი საყვარელი ადამიანი, გონებაში გეგმავდა თუ რითი გაახარებდა მის გვერდით რომ ყოფილიყო. მთავარი მაშოში იყო ის, რომ მას შეეძლო ეხარა იმითაც, რაც ჰქონდა. რომ გეკითხათ რა არის წუწუნიო, ვერც გიპასუხებდათ ალბათ, ასე მეგონა მე, მის მეზობელ პირველ კურსელ ბიჭს. ყველაფერი ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფად რომ არ მოგეჩვენოთ, იმასაც მოგიყვებით, საიადან აღმოჩნდა პირველ კურსელი ბიჭი, მდიდრული უბნის ერთ-ერთი მდიდრული სახლის ბოლოდან მეორე სართულზე, თუნდაც ერთ ოთახიან მხატვრის ნაქონ ბინაში, თუნდაც ქირით, რომლის გადასახდელადაც არც ისე მცირე ჯაფა მიწევდა და რის გამოც პირველი კურსი დიდად სახარბიელო ნიშნებით ვერ დავხურე! მაშო ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო. მე სუსტი, თუმც თავმოყვარე და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. ჩემი თხელი და გრძელი აღნაგობის გამო, ხშირად ვხვდებოდი დაცინვის ობიექტი იმ სოფელში, სადაც მე და მაშო დავიბადეთ და გავიზარდეთ. ერთ დღეს, როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, ბევრი ჩემნაირი ამოჩემებული ბავშვებისათვის ნაცნობ სიტუაციაში ჩავვარდი: ერთ უფროსკლასელს მოუნდა ჩემთვის ჩანთის თრევა ეიძულებინა. თავისი შეყვარებულის ჩანთა მომკიდა ზურგზე უეცრად და სამჯერ დამატრიალა ერთ ადგილზე. მე ვიუკადრისე, მითუმეტეს ამდენ ხალხში, მაგრამ ამ ყველაფერს ის უფრო ამძაფრებდა, რომ უსამართლობას ვერ ვიტანდი,, მივუტრიალდი და პირში მივახალე: თუ შენი გოგონაა, ადექი და შენ თვითონ წაათრიე მისი ჩანთამეთქი. „ერთი ამას დამიხედეთო_წამოიბღავლა იმ ბიჭმა, რომელსაც ნიკოს ეძახდნენ და რომ წამომებღინძა ზემოდან მუშტებმოკუმული, მე ავდექი, არც ვაციე და არც ვაცცხელე, ჩანთა მოვისროლე. ჩემდა საუბედუროდ ის ჩანთა ჩვენი სკოლის ეზოში ჩამდგარ ერთადერთ გუბეში აღმოჩნდა. ისე, რომ ვერც კი მოვედი გონზე, მეც იმ ჩანთას შევუამხანაგდი სულ ცოტა ხანში და ერთად ვბანაობდით ამყაყებულ გუბეში. თვალები დახუჭული მქონდა, ჭუჭყიანი წყალი რომ არ ჩამსვლოდა , სანამ წიხლით ისევ ტალახში ჩაგდებას მაიძულებდა ნიკო და ფეხზე წამომდგარს ისევ ძირს მაგდებდა, მხოლოდ ჰაერის ჩასუნთქვას თუ ვასწრებდი, ამიტომაც ვერ დავინახე საიდან, ან ვისი ხმა გაისმა მჭექარედ, თამამად და მოურიდებლად, ვისი პირიდან ამოდიოდა საშინელი, დამამცირებელი, თუმც ლიტერატურული, ლამაზი და გამართული წინადადებები ნიკოსა და გარშემომყოფთა მიმართულებით, ყველა ადამიანს ეხებოდა ეს რისხვა, ყველა გარშემომყოფ ადამიანს, ათობით ადამიანს, ვინც მისცა ნიკოს უფლება დაეჩაგრა მასზე სუსტი, პატარა და გამოუცდელი ბავშვი. მე მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, ნიკო კი დამამთავრებელ კლასში სწავლობდა. დამამთავრებელ კალსში სწავლობდა იმ ხმის პატრონიც, რომელიც იმ წუთებში ცისარტყელასავით მოეფინა ტალახში ამოგანგლულ ბიჭს, გამინათა და გამითბო გული მისმა სადღაც ჯიგრიდან ამოსულმა სიტყვებმა და მჭექარე, მაგრამ სიკეთითა და სამართლიანობით გაჟღენთილმა მონოლოგმა. ვერავინ ვერ გასცა ხმა, ყველა გაშეშებული, სულგანაბული, სუნთქვაშეკრული უსმენდა მის შეგონებას, მის მამხილებელ, აღტკინებულ საუბარს. სანამ თვალებში გამოვიხედავდი, ასე მეგონა ჟანა დარკისმაგვარი ქალი იდგებოდა, წითელ თმა გაშლილი, ერთ ხელში დროშითა და მეორეში ხმალატაცებული. როგორც იქნა მოვიწმინდე თვალები იმ ქათქათა და ჯერ კიდევ უთოსსუნ გაუვლელი ცვირსახოცით, რომელიც ამ ხმამ მომაწოდა. მაშინ კი ვიცანი ჩემი უბნელი, ჩემი სახლიდან მეოთხე სახლში მცხოვრები უფროსკლასელი მაშო (რომელსაც გაუთხოვარი მეზობელი მარიამს ეძახდა და მუდმივად დაატარებდა მიტოვებულსა და განძარცვულ სოფლის ძველ ეკლესიაში). მაშოს კეთილშობილ სახეს და მის განრისხებულ თვალებს რომ მოვწყვიტე მზერა, მერეღა დავინახე გარშემო ხალხი როგორ დაპატარავებულიყო. ვერ გეტყვით მაშოსთან მომეჩვენნენ ისინი ასე პატარებად, თუ მისი შეგონების შემდეგ შემცირდნენ ეს ადამიანები თუ არაადამიანები ზომებში. მაშომ ხელი გამომიწოდა , თუმც უკვე ამდგარი ვიყავი, მაინც მოვკიდე ხელზე ხელი და .... ეს იყო ღვთის ხელი ჩემთვის, იმ ღვთის, ვინც წარღვნა მოუვლინა ცოდვებისათვის სოდომს, მე კი ვიყავი აბრაამი და რომელიმე მათგანის გასასამართლებლად ენაც ვერ მომიტრიალდებოდა პირში. ასე დავმეგობრდი მაშოსთან, თუმც ეს მე მეგონა რომ დავმეგობრდი, რადგან სულ ვაკვირდებოდი და კუდში დავდევდი. თავიდან ამ დიდ ყურადღებას სიკეთის გადახდის დიდი სურვილით ვხსნიდი, მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ეს დამოკიდებულება სიკეთის სურვილზე უფრო გაცილებით რთული, ღრმა და ადამიანური იყო. მე ჩემს ასაკთან შედარებით მაღალი ვიყავი და ჩემი თვალები მის ტუჩებს უყურებდა პირდაპირ. გვიან შევამჩნიე რომ მაშო პირველი ადამიანი იყო, ვისაც საუბრისას მხოლოდ ტუჩებში ვუყურებდი. როცა ხელჩაკიდებულები წამოვედით შინისაკენ, რამდენჯერმე შევძელი მისკენ გახედვა. მიკვირდა, ამხელა ხმა ასეთ ნაზ და სათუთ არსებას როგორ ამოუვიდა პირიდან. მან თავისთან მიმიყვანა. მისი ბებია იყო მხოლოდ სახლში (მეტი არც არავინ ჰყავდა). სექტემბერი იყო, მაგრამ საკმაოდ ცხელოდა. ეზოში დამსვა და თავად კაბის გამოსაცვლელად წავიდა (მისი კაბაც შელახულიყო ჩემი ტანსაცმლიდან ჩამონადენი წუწებით). მალევე დაბრუნდა წინსაფრითა და ნახევარლიტრიანი ჩამჩით შეიარაღებული, შემიყვანა მარანში, პატარა ბავშვივით გამაძვრო ტანსაცმელი და როცა მიხვდა რომ ცოტა მეხამუშებოდა, თვალები უკან მიაბრუნა და ისე დამისხა წყალი. შემდეგ ქათქათა თეთრი პირსახოცი შემომახვია, ახალშობილივით შემიკეცა წელთან ისე, რომ არ მომძრობოდა ადვილად, დასვრილი ტანსაცმელი უცებ ამოავლო წყალში და მზეზე გაფინა. მე ქვედა სართულის პატარა შუშაბანდივით ოთახში შემიყვანა, ხის ტახტზე დამსვა და მხოლოდ ამ ყველაფრის მერე გავიგე მისი ხმა, როცა თეძოზე წამოწვა და რაღაც უცნაური ლექსების კითხვა დაიწყო საკუთარი რვეულებიდან. თავიდან მეგონა რომ მისი ლექსები იყო. გავბედე და ბოლოს ვკითხე, მან ვიღაც პოეტი დამისახელა, უცხოელი პოეტი, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე და დიდად ვერც ლექსი დაამახსოვრდა ჩემს მეხსიერებას. იმ ნეტარებას, რასაც მე განვიცდიდი, ჩემი ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე წუთი შეიძლება შეედაროს. წყალი რომ შეაშრა ტანისამოსს, მაშომ უცებ დააუთოვა ნახშირის უთოთი, გამომაწყო და სახლში გამისტუმრა. უკვე ჩემი სახლის ჭიშკართან ვიყავი მისული, როცა შემოტრიალებულმა დავინახე, როგორი დედობრივი სიყვარულით გამომყურებდა მაშო, ხელი დამიქნია და შეტრიალდა სახლში. ამ მზიან და ცხელ სექტემბრის თვეში დაიწყო ჩვენი ნაცნობობა, მეგობრობა თუ... მას შემდეგ მოსვენებას არ მაძლევდა მასზე მიფქრი, მეც მინდოდა მასსავით კარგად მესწავლა, მასსავით ძლიერი და გაწონასწორებული ვყოფილიყავი, მისი ღირსი ვყოფილიყავი... ერთი წლის განმავლობაში არცერთი შაბათ-კვირა არ გამომიტოვებია, ჩემდა უნებურად ეკლესიური გავხდი და ვლოცულობდი, მხურვალედ ვლოცულობდი ბებოს ჩამოქნილი თაფლის სანთლით ხელში. გაზაფხულზე, პირველი ყვავილის გაშლისთანავე მოვპარე სიცოცხლე ლამაზ არსებას და მაშოს ფანჯარასთან ავძვერი, კრამიტით გადახურული ბოსლის საშუალებით მოვხვდი ჯერ ვერანდაზე და იქიდან გადავძვერი მაშოს ფანჯარასთან, რომელიც ნახევრად შემოღებული დაეტოვებინა და რაფაზე ყვავილები დავუტოვე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ იმ ზაფხულს მაშო თბილისში არ წამოვიდა და სამედიცინოზე არ ჩააბარა. ჩვენი სკოლის ფილოლოგ, ქალბატონ მაროს ძალიან დაწყდა გული, როცა გაიგო მაშოს არჩევანის შესახებ. მერე კი ყველამ გავიგეთ, რომ ეს მისი ბებიის სურვილი იყო და არა მაშოსი. ნიჭიერ და გონებაგახსნილ გოგონას ყოველი საქმე ხელეწიფებოდა. პოეზიითა და უცხოური ლიტერატურით კვლავაც იყო გატაცებული. ფორტეპიანოსა და მუსიკის სიყვარული არ განელებია და სტუდენტობის პერიოდში, გახარებული ეფერებოდა ყველაზე დანგრეულსა და აუწყობელ ინსტრუმენტსაც კი, როცა კი სადმე მოხვდებოდა ოჯახში თუ დარბაზში. ამიტომ მას თანაკურსელები ხუმრობით „ოქტავასაც“ ეძახდნენ. საკუთარი ხელნაკეთი ნივთებიდან აღებულ ფულს აგროვებდა კონცერტებსა და ოპერის წარმოდგენებზე დასასწრებად. მისგან კარგი კრიტიკოსი გამოვიდოდა, ყოველთვის ადამიანებსა თუ მოვლენებში კარგის ძიების ნიჭსა თუ სურვილს რომ არ შეეშალა მისთვის ხელი. მის შესახებ ამბებს 6 წლის განმავლობაში ბებიისათვის მონაყოლიდან თუ გავიგებდი. დიდი გულმოდგინებით დავუმეგობრდი მაშოს ბებიას. წყალის მოტანა იქნებოდა, ბაღჩაში მუშაობა თუ ათასი სხვა საქმე, არაფერზე ვეუბნებოდი უარს და ისიც გულს მიშლიდა, გულს იოხებდა ჩემთან საუბით, როცა კი დრო გვქონდა და პატარა ტაბლასთან ჩამოვსხდებოდით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ხოლმე, როცა ზაფხულში მაშო ჩამოდიოდა . 30 დღის განმავლობაში სულ კუდში დავდევდი: დილით მასთან ერთად ალიონთან შესახვედრად ვიღვიძებდი და 4 ზაფხულის განმავლობაში მასთან ერთად ვსეირნობდი ივლისის ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის საყურებლად და ღამის ნიავით ვანებივრებდი გახურებულ სახეს. მერვე კლასელი ბიჭი კი მივხვდი, რომ მხოლოდ შეუმჩნევლად ყოფნას თუ გავბედავდი, მერიდებოდა ღლაპურჭიკა ბავშვივით უაზროდ და მუნჯურად კუდში დევნა. ყვავილებით კი კვლავაც ვანებივრებდი . სკოლა რომ დავასრულე თავიდან მეც ვიფიქრე სამედიცინოზე ჩამებარებინა, მასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ისიც ვიფიქრე რომ სამედიცინოზე სწავლა იმის უფლებას არ მომცემდა მაშოსთან ახლოს ვყოფილიყავი და მისი ცხოვრების ნაწილით მაინც მეცხოვრა, ამიტომაც ისეთი ფაკულტეტი ავირჩიე, სადაც სწავლა შედარებით ადვილი და ლექციებზე დასწრებაც შედარებით თავისუფალი რომ იქნებოდა. მეც იქ ვიქირავე ბინა, სადაც მაშო ქირაობდა და ჩემი თბილისში გადასახლება მაშოსთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ საღამოს , როცა სახლისკენ უჩინრად მივაცილებდი (მე ასე მეგონა) მომიტრიალდა, ცოტა ხანი მიყურა და შემდეგ ხელი ჩამომართვა. მერე თავი დაბლა დახარა, გაიღიმა, შემდეგ ამაყად მოიღერა ყელი და თვალებში მიყურებდა, როცა მტკიცედ და კმაყოფილებით წყნარად, თუმც გარკვევით წარმოსთქვა:“ მე მიხარია რომ ასეთი მამაკაცი გაიზარდე. მადლობა ყვავილებისთვის და ჩემზე და ბებოზე ზრუნვისთვის. ამის შემდეგ იცოდე, რომ ჩემი ვალი აღარ გაქვს. არც მანამდე გქონია ვალი. მაშინ სკოლაში რაც გავაკეთე, უფრო ჩემთვის გავაკეთე ეს , ვიდრე შენთვის. უფრო სწორედ, ისე რომ არ მოვქცეულიყავი, წყნარად ძილს ალბათ ვეღარასდროს ვეღირსებოდი“. ეს ისე წარმოსთქვა, თითქოს ჩვეულებრივ რამეზე საუბრობსო. მე კი, ვისაც მეგონა რომ ჰერბერტი უელსის უჩინარივით შეუმჩნეველი და გამოუცნობი ვიყავი, ხახამშრალი დამტოვა და გამაწბილა. იმ დღის მერე კარგა ხანი მეცინებოდა საკუთარ თავზე, როცა ყველაფერი მახსენდებოდა. მე მეგობრობა შევთავაზე, რაზეც ღიმილით მიპასუხა: „მე მეგონა უკვე მეგობრები ვიყავით! ჩემთვის იმაზე მეტი, არცერთ მეგობარს არ გაუკეთებია, რასაც შენ ჩემთვის აკეთებდი“. ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, როგორ აღმოვჩნდი ჩემს ვიწრო და დახუთულ ოთახში, აღარც კი მახსოვს. ბედნიერებისგან მოგვრილი სულელური ღიმილი რამდენ ხანს გამყვა სახეზე? ალბათ იმ დღემდე, როცა გავიგე, რომ ერთ-ერთ წარმოდგენაზე ოპერაში, თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო და ... გაიცნო კი არა, მოაჯადოვა, მოხიბლა, დაატყვევა და მის მუზად იქცა_როგორც ამბობდნენ მისი მეუღლის თანამშრომლები და მაშოს მეგობრები. იმის მერე, რაც მაშო გათხოვდა, მის კუდში დევნისა და ყვავილებით განებივრების უფლებას საკუთარ თავს ვეღარ ვაძლევდი. სადმე თუ შევხვდებოდით, მეგობრულად და თბილად ვსაუბრობდით ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საუბრის ხანგრძლივობა ძალიან მოკლე იყო, მე ამითაც ბედნიერი ვიყავი. როცა ფიქრები ეგოიზმში დავიჭირე, საკუთარი თავი თავადვე გავკიცხე, გავიკვირვე, საყვარელი მეგობრის სიხარულით როგორ შემიძლია არ ვიყო გახარებულითქო. მხოლოდ ახლა ვხვდები, თუ რამდენად ძლიერ, პლატონური სიყვარულის მაგვარით მიყვარდა მაშო. ხშირად, როცა ოფლში გახვითქულს, თრთოლვითა და აჩქარებული პულსით მეღვიძებოდა, საკუთარი თავი მძულდა სიზმრების მთავარ პერსონაჟად მაშოს არჩევისათვის. მაშო ჩემთვის ის ფაიფურის ფიგურა იყო, რომელსაც მხოლოდ უსაფრთხო სამაგრში, მტვრისაგან და ადამიანთა ოფლიანი ხელებისგან შორს თუ შევინახავდი. ადამიანურ სისუსტეებსა და საჭიროებებზე უფრო მაღლა იდგა მაშო ჩემს თვალში. ჩემი დამოკიდებულება ადვილი შესაძლებელია მხოლოდ ახალგაზრდული სულის ბრალი არ ყოფილიყო. კარგა ხანი ვეძებე ბინა მაშოსთან ახლოს. ადვილი საქმე არ იყო მდიდრულ უბანში, ძვირადღირებული ბინის ქირით აღება. რამდენიმე თვის ძიების მერე გამიმართლა, მეგობარმა გამაცნო მხატვარი, რომლისთვისაც შეძლებულ ასაკიან საყვარელს სტუდიასავით ბინა უყიდია მაშოს კორპუსის მოპირდაპირე მხარეს. მაშოსაც იცნობდა და გამომიტყდა, აუცილებლად დავხატავდი, ჩემი „მეურვე“ ეჭვიანი და ფხუკიანი რომ არ იყოსო. იმ დღეებში გაურკვევია რომ 1 წლით მისი ქალი სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდა საქმეების მოსაგვარებლად. მასაც თან ეპატიჟებოდა. მე გახარებულმა შევთავაზე, სანამ ის ქალაქში არ იქნებოდა, ჩემთვის მოექირავებინა თავისი ბინა. მასაც ჭკუაში დაუჯდა ჩემი შეთავაზება, ზედმეტი ფული არ მაწყენსო და თითქმის ნახევარ ფასში ქირაობაზე შევთანხმდით. ჩემთვის ეს თანხაც ძნელად მოსაპოვებელი იყო, თუმც მაინც კმაყოფილი დავრჩი და სამუშაოს ძიებას შევუდექი, ბინის ქირის ოდენობით გაზრდილი ხარჯის დასაფარად. ჩემი ახალი აპარტამენტიდან კარგად ჩანდა მაშოს სახლის ფანჯრები და ეს ჩემთვს დიდი ბედნიერება იყო. მაშოს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი გადმოსახლება. მე ვუთხარი რომ მეგობარმა მათხოვა ბინა. ჩემდა გასაოცრად როცა მისი მეუღლე ქალაქში იმყოფებოდა, უფრო ხშირად მხვდებოდა საღამოობით მოსეირნეს (ვიცოდი რომ ღამე სეირნობა უყვარდა), ვიდრე მაშინ, როცა მისი ქმარი გამგზავრებული იყო. არ მშორდებოდა იმის განცდა, რომ მაშო ბედნიერი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ამდაგვარი აზრების ერთი ბეწო მიზეზიც არ მოუცია არასოდეს. ასე, ჩემდაუნებურად თუ ნებით, ვიქეცი მაშოს ჟამთააღმწერად.
დეკემბრის თვე იყო, ყველა საახალწლო მზადებაში გახვეულიყო. მეც ჩამომიტანეს მშობლებმა სანოვაგე, მომზადებული და მოსამზადებელი პროდუქტი, რაც შეეძლოთ. მშობლები რომ გავაცილე, მაშინ დავფიქრდი იმაზე რომ, უკვე მეხუთე თვე მიდიოდა, რაც მაშოს ქმარი კვლავ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ცუდი არაფერი მიფიქრია, თუმც ეს გამგზავრება საბედისწერო აღმოჩნდა ყველასათვის. ფანჯრიდან ვაკვირდებოდი მაშოს, უფრო სწორედ მის სილუეტს, სქელი ფარდებიდან რომ მოჩანდა. ცივი ზამთარი იდგა და მაშო მხოლოდ დილა-საღამოს აღებდა აივნის კარებსა და ოთახის ფანჯრებს, ისიც მხოლოდ 30 წუთით. რასაც ვამჩნევდი ის იყო, რომ მაშო კვლავაც მხნედ, ოპტიმისტურად და უდარდელად გამოიყურებოდა. ალბათ თავადაც იგრძნო მაშომ ქმრის ჩამოსვლის გაჭიანურება, ამიტომაც გადაწყვიტა საახალწლოდ სასიამოვნოდ გაეკვირვებინა მეუღლე და მისი საჩუქარი გამხდარიყო. აეროპორტში შეიტყო რომ 40 წუთში ოპერის თეატრში მისი მეუღლის წარმოდგენა იწყებოდა. მიუხედავად იმისა რომ მაშო პირველად იყო თავისი ქვეყნის საზღვრებს გაცდენილი, დროსა და სივრცეში საკმაოდ კარგი ორიენტაცია ჰქონდა. მეტროს საშუალებით პირდაპირ ოპერის შენობაში მივიდა. 2. აფიშებზე მეუღლის სურათი რომ დალანდა, გულმა სწრაფად დაუწყო ცემა. ბილეთი გადამყიდველისგან იყიდა. მაშოს ქმარი მარიო კავარადოსის პარტიას ასრულებდა პუჩინის „ტოსკაში“ კონცერტს ისე მოუსმინა, თვალზე ცრემლი არ დაშრობია, გულაჩუყებული უსმენდა არიებს და მარილწყალს ენის წვეროთი აგემოვნებდა_ამ ცრემლების მოწმენდაც ენანებოდა. ყოველი ბგერა მასსა და მის უსაყვარლეს მეორე ნახევარს შორის გაბმული უხილავი ხიდი იყო მისთვის. რამდენი რამე შუეძლია თურმე თვითშთაგონებას. ხელებათრთოლებულს ეჭირა გვერდმოხეული ბილეთი და სუნთქვაშეკრულს ლამის ფრთები აეფართხიალებინა, მზად იყო მიფრენილიყო სცენაზე და მას დაჰკონებოდა ყვავილების ნაცვლად, ჩაჰვარდნოდა ხელებში. ულამაზესი შენობიდან ისე გაიპარა, ნაცნობ-ახლობლების თვალებით ძებნა არ დაუწყია, თავდახრილი გავიდა დარბაზიდან . პირდაპირ სასტუმროს მიაშურა და პორტიეს დაუბარა მისი მეუღლისთვის წინასწარ არაფერი მოეხსენებინა, ამისათვის სოლიდური მამაკაცის სურათიანი მწვანე კუპიურაც დაუტოვა და ღიმილით, ჰაეროვნად გასცილდა ჰოლს. ლიფტში, სარკეში, რომელიც სპეციალურად მოეწყოთ მგზავრებისათვის, რათა ლიფტის ნელი სვლა არ შეემჩნიათ და უკმაყოფილონი არ დარჩენილიყვნენ, საკუთარ ბედნიერებას შესცქეროდა, ეს ხომ ასე ცხადი იყო_მე ბედნიერი ვარ_ამბობდა მისი თვალები, მე მხურვალე კოცნას ველი_ჩურჩულებდნენ მისი ბაგეები, მე სასურველ სურნელს შევისრუტავ მალე_მალ-მალ იკუმშებოდა ცხვირის ნესტოები და ... აგერ კარი იღება და უსაყვარლესი მამაკაცის ნომერშიც შეაბიჯა ფეხი მაშომ. ჯერ კარადა გამოხსნა და საყვარელი ადამიანის ნივთები დაყნოსა, მოეფერა ხელის შეუმჩნეველი შეხებით, მერე აბაზანაში შევიდა, მოწესრიგდა და სიფრიფანა პენუარში გამოწყობილი სიყვარულით დაჰყურებდა გარშემო ყველაფერს. მას ის ჰაერიც უყვარდა, რომელიც ამ ოთახში დაგუბებულიყო და რომ შესძლებოდა, მასაც მიაგებდა სათანადო პატივს, ან იქნებ ეფერებოდა კიდეც ფილტვების კედლებით, ალბათ აუცილებლად ეფერებოდა და ამას შეგნებულად აკეთებდა.ღრმად სუნთქავდა და ნაზად წმენდდა არარსებულ მტვერს ყოველ ნივთს და ყოველ სხეულს, რაც კი იმ, სხვა ჩვეულებრივ, რიგით ნომრებთან შედარებით მოზრდილ ოთახში იდგა. ჩანთიდან სუნამო ამოიღო, ჰაერს შეაშხურა და ერთი ორჯერ წინ და უკან გაიარ-გამოიარა. როცა დარწმუნდა, მისი საყვარელი სურნელი უკვე საკმაოდ დასდებოდა კანს, ჩამოჯდა და მეუღლის ვერცხლისფერ ნოუთბუქს დაუწყო არარსებული მტვრის გაცლა. ის 85 გრადუსით იყო გადახსნილი და კლავიატურაზე ხელის მიკარებამ ეკრანი გაანათა. „უი, ჩახურვა ვერ მოასწრო ალბათ“ _ჩაილაპარაკა თავისთვის მაშომ და თეთრად ანთებულ ეკრანს შეავლო თვალი. თვალთ დაუბნელდა, მაგრამ არა ეკრანის თეთრი შუქისგან, არამედ იმისგან, რაც ეკრანზე შავი წერტილებივით მოსჩანდა უკვე, როცა თვალები გაუშტერდა ერთ წერტილში. ეს წერტილები მერე ისევ თეთრ ფონს შეერწყა და... ცოტა ხნის მერე გონზე მოვიდა და იმეორებდა რაღაც სიტყვებს, ბუტბუტებდა გაუგებრად, ოდნავ გასაგებად, მერე ისევ გაუგებრად: "ეს შენ გეძღვნება ჩემო ძვირფასო, ყოველი ჩემი ამოსუნთქვა, ყოველი ბგერა, ყოველი აკორდი, ჩემი გულისცემა შენ გეკუთნის...."_მერე ისევ გაუგებრად ეტყობა ბოლომდე არც ჩაუკითხავს , ნახა რა, რომ ადრესატის სახელი არც მის სახელს, არც ზედმეტსახელს და არც მოფერებით სახელს არ ემთხვეოდა. გული ეკუმშებოდა და სუნთქვა უჭირდა. იგრძნო, რომ ხანდახან ცრემლი მხოლოდ ფუფუნებაა. სუნთქვის უნარიც კი დაეკარგა რამდენიმე წამით. ტელეფონით ბილეთის გაცვლა ითხოვა აეროპორტში და ისე დაბრუნდა სახლში, მისთვის არაფერი აუხსნია. **** ფანჯრიდან დავინახე მაშოს სახლში შუქი რომ აინთო. გამიკვირდა. მეზობლებიდან ვიცოდი რომ ქმართან გაემგზავრა. გულზე ლოდივით დამაწვა რაღაც და რომ დავინახე ყინვაში, ღია ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი მაშო, ჯერ გულიდან ლოდი გადამიგორდა, მაგრამ მერე შევწუხდი, ამ ყინვაში არ გაციებულიყო შემეშინდა. გამიხარდა მალევე რომ შევიდა სახლში, თუმც ფანჯარა არ მიუხურავს. ვხედავდი როგორ ტრიალებდა და წრიალებდა სახლში, საგონებელში ჩავვარდი, მივატოვე ბეჭდვა (რითიც იმ პერიოდში ვშოულობდი ფულს) , ჩავაქრე ოთახში შუქი და ასე პარვით ვაკვირდებოდი მის მოძრაობებს. მივხვდი რომ რაღაცაში იყო საქმე, გულმა მიგრძნო და .... კარი იოლად შევაღე, რადგან ისედაც ღია იყო. მაშო სინათლის სიჩქარით დაჰქროდა ოთახებში, კაბები, შარფები და თეთრეული მისტიური სილამაზით დაჰქროდა ჰაერში. გასაოცარი ის იყო, რომ მიუხედავად ამდაგვარი უგონობის ჟამისა, მასზე ფიქრს და ზრუნვას არ წყვეტდა ჩემი გონება. ვიფიქრე არ შემეშინებინა, ამიტომაც ჩავახველე. მეოთხედ უკვე ძალიან ხმამაღლა მომივიდა და მაშო გამშრალი შემობრუნდა ჩემსკენ, 2 წუთით გაქვავდა და გამოექანა ჩემსკენ. სანამ მომიახლოვდებოდა, ვერ მივხვდი რას აპირებდა. ძალიან გამიკვირდა, როცა ცოტა ხანში მისი სახის სისველე მხარზე აშკარად ვიგრძენი, მისი გამალებული სუნთქვა ჩემს თმას სასიამოვნოდ ელამუნებოდა. სისხლძარღვებში წნევის მომატება ვიგრძენი. მუჭები მაგრად მოვკუმე, რაიმე უკადრისი რომ არ მეკადრებინა მაშოსთვის, ამ ჩემი იდუმალებითა და ზებუნებრივი ძალით მოცული ადამიანისათვის. ეს მომენტი ფოტოსურათივითაა ჩარჩენილი ჩემს არა მხოლოდ მეხსიერებაში, არამედ ყოველ ნაწილში სხეულისა, რომელიც მას ეხებოდა. ვფიქრობ სუნთქვაც კი შეკრული მქონდა, ოღონდაც ეს წამი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო მაშო. ნელა ასწია თავი ჩემი მხრებიდან და დარცხვენილმა ბოდიში მომიხადა. მე ხმას ვერ ვიღებდი. ჰაერში ჯადოსნური ფერიები და ელფები დაფრიინავდნენ მეგონა, თავი გრძნეულსა და ჯადოსნურ ტყეში მეგონა, მონუსხული ვიდექი და თვალსაც ვერ ვატრიალებდი, ვერ ვახამხამებდი, ჩემი გულის ცემა მესმოდა. როგორც ჩანდა მორჩა მაშო საჭირო ნივთების შეგროვებას, რომელთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა არც ისე მცირე რაოდენობით ძვირფასეულობა, მომიტრიალდა და სერიოზული სახით მითხრა: უნდა მიშველო_ მისი ხმა სიმშვიდესა და დამაჯერებლობას მოკლებული სულაც არ იყო. ასეთ რთულ წუთებშიაც კი არ კარგავდა მაშო წონასწორობასა და საკუთარი თავის ფლობას. ისე გამიხარდა რომ მაშო სწორედ მე მთხოვდა დახმარებას, ჩემი სიხარული ვერ დავფარე და წამოვიძახე: რაღათქმა უნდა, რასაც მთხოვ, ყველაფერს ავასრულებ, გეხვეწები მითხარი, რით დაგეხმარო! ერთადერთი, რასაც მაშო მთხოვდა იყო შემეფარებიინა ჩემს სახლში.ჯერ გამიხარდა, ვერც ვიჯერებდი რომ ეს სინამდვილე იყო, მერე კი გამახსენდა როგორი არეულობა სუფევდა ჩემს ნაქირავებ ბინაში და ცოტა შევღონდი, თუმც მხოლოდ არეულობის გამო უარს როგორ ვეტყოდი?! ისე სწრაფად გადიოდა დღეები მაშოსთან ერთად...... მისი ქმარი მალე არ ჩამოსულა. მის ჩამოსვლამდეც მაშო გარეთ არ გადიოდა, ფანჯარასთანაც არ მიდიოდა და ცდილობდა არავის შეემჩნია მისი ჩემთან ყოფნა. არც მე არ ვიყავი მიჩვეული სახლში სტუმრებისა და ხალხის მიღებას, ამიტომაც ჩემი ბინა მართლაც კარგი სამალავი აღმოჩნდა მისთვის. თითქმის ერთი კვირა ისე გავიდა არც მე მიკითხავს რამე მაშოსთვის და არც მას მოუყოლია რამე. დაახლოებით მერვე თუ მეცხრე დღეს, როცა მადლობა გადავუხადე იმის გამო რომ ზრუნავდა ჩემზე, მილაგებდა სახლს და ტანსაცმლის მოვლითაც მანებივრებდა, ხელი მტაცა მაჯაზე , მისთვის საკმაოდ უჩვეულოდ სწრაფად და დივანიდან ნელა წამოდგა ფეხზე, თვალებში ჩამხედა, შემდეგ ყურთან მომიტანა ტუჩები და ჩამჩურჩულა :“მადლობა“. მე თავი მკვეთრად გავაქნიე, თავიდან უღირსი აზრების განსაფანტად, მოვტრიალდი, მამას ჩამოტანილი ჭაჭა ვიპივე კარადაში, 2 ჭიქა გადავკარი, მოვუბოდიშე მაშოს საქმე მაქვს მეთქი და კი არ წამოვედი, გამოვიქეცი.დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის ჩემი სისუსტე და ვერც ის გამბედაობა ამიხსნია რაიმეთი, რაც იმ საღამოს გამოვიჩინე. ელვის სისწრაფით მოხდა ყოველივე, მე კაცად ვიქეცი! მიუხედავად იმისა რომ ეს სისუსტე რთულად საპატიებელი გახდა ჩემთვის, დრო რომ დააბრუნოს ვინმემ, დიდი სიამოვნებით განვიცდიდი იგივე ღამეს, ღამეს რომლის მაგვარი და მსგავსი არასდროს მქონია არც მანამდე და არც მას შემდეგ! უკვე მეორე კურსელ ახალგაზრდას ჯადოსნური და ვნებებით გაჟღენთილი საათები მქონდა... დილას რომ გამიღვიძია მაშოს სახელს ვბოდავდი თურმე. სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადამიყვანეს. გამიხარდა, როცა გავიგე სერიოზული არაფერი მჭირდა. მეორე დღეს დავბრუნდი მაშოსთან, შეწუხებული დამხვდა, ყელზე მომეხვია და ღმერთს მადლობა შესწირა რომ ცოცხალი მნახა. ამასობაში მისი ქმარიც დაბრუნდა, როცა მაშო და მისი ტანსაცმელი არ დახვდა პოლიცია გამოიძახა. მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასეულობა ადგილზე იყო და მაშოს ხელსაქმით ნაშოვნი ფულის შესახებ არაფერი იცოდა მისმა ქმარმა, საქმე აღიძრა მაშოს გაუჩინარებასთან დაკავშირებით. არც მისმა მეგობრებმა, არც ახლობლებმა, არავინ არაფერი იცოდა. ქმარს ეტყობოდა საგონებელში იყო ჩავარდნილი. ასე დიდხანს ის ქალაქში არასდროს გაჩერებულა.ეტყობოდა მართლა სწუხდა, თუმც მაშოს გული მაინც ვერ მოულბო მისმა შეწუხებულმა გამოხედვამ ქუჩაში გამოსულს რომ ჰქონდა სახეზე. ბოლოს იმედი გადაეწურათ და საქმე დარჩა გაუხსნელი. ძალიან განვიცდიდი იმას, რომ მაშო გარეთ არ გამოდიოდა. როცა ერთად ვიყავით, საკმაოდ კარგად ეჭირა თავი, არც ცრემლი უჩვენებია ჩემთვის, არც დაუწუწუნია. თავის ხელით შექმნილ ნივთებს მატანდა ყოველ კვირა და მეც მორჩილად მიმქონდა დანიშნულების ადგილას. ფულს არ ვახარჯინებდი მისი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად. ამ დროს ჩემი ნაცნობი მხატვრის ჩამოსვლის ამბავიც მომივიდა წერილით. მეც სხვა ბინა უნდა მეშოვა. ჩვენც უფრო ნაკლებად პრესტიჟულ უბანში გადავსახლდით. *****
ის მაღაზიის ვიტრინიდან უცქერდა. ახალი, თეთრყდიანი წიგნის წარდგინება ახალი ჩატარებული იყო იმ წიგნების მაღაზიაში და ... არც უკითხავს ფასი, არც დაუნახავს ავტორი, ისე ჩაიკითხა სახლში არც მისულა. გონს რომ მოვიდა, უკვე გვიანი იყო და თვალებიც იმიტომ სტკიოდა_ლამპიონების შუქი სრულყოფილი კითხვისთვის არ იყო ალბათ საკმარისი. მას მერე ყოველ ღამე ამ წიგნით ხვდებოდა სიზმრებს . მის ლოგინთან პატარა ხის ტუმბოზე მუდმივი ადგილი მოიპოვა მაშოს ახალმა „მეგობარმა“. რამდენიმე თვის შემდეგ მაშო კვლავ ეწვია იგივე მაღაზიას და იგივე ავტორის სხვა წიგნი იკითხა. ცოტა ეუცნაურა გამყიდველი გოგონა ოდნავ კეკლუცად რომ იღიმებოდა მის სიტყვებზე. გვერდიდან საკმაოდ ღრმა და ბოხი ხმა მოესმა : როგორ მოგწონთ ამ მწერლის შემოქმედებაო. მაშომ ისე უპასუხა, ზედაც რომ არ შეუხედავს კითხვის ავტორისათვის. მის პასუხში ჩანდა კომპეტენტურობა, შთაგონების უნარი, სიღრმეში წვდომის შესაძლებლობა და რომანით განსხვავებული ისტორიებისა და შეგრძნებების სამყაროში ნამოგზაურები ჭკვიანი ქალის აზრები და უაღრესად კეთილშობილური და ზებუნებრივი, წმინდა გრძნობები. ერთ თვეში ახალი რომანი დაიწერა, რომლის გაყიდვებმა რეკორდულ რიცხვებს მიაღწია. *************** მაშოს მეორე ქმარი მწერალი გახლდათ. რომანებს წერდა და ლიტერატურული საღამოების ფავორიტად ითვლებოდა. ქალებიც ბუზებივით ეხვია მის რომანებსაც და მასაც. სიყვარულისგან გაბუჟებული მაშო ცდილობდა მისი მუზა ყოფილიყო და ათას სისულელეს, ათას სიცელქეს და სიბავშვეს სჩადიოდა. უნარი ქონდა მაშოს, ცუდი მოგონებები სადღაც, შორს, პასიურ მეხსიერებაში გადაეგდო, ან სულაც დაევიწყებინა სამუდამოდ და კვლავაც სჯეროდა, რომ ყოველი მისი რომანი მას ეძღვნებოდა. მის წიგნებს სათუთად ინახავდა, ყოველ პირველ ეგზემპლიარს, და ქმრის არყოფნაში ყოველ ფურცელს ეფერებოდა. არასდროს არ უთქვამს მწერალს იმის შესახებ, ვის უძღვნიდა თავის რომანებს, რომელიც სავსე იყო ვნებით და სიგიჟეებით, არც მაშოს უკითხავს არასდროს, რადგან სჯეროდა რომ მასზე ფიქრში და მასზე ოცნებაში ეწერინებოდა ყოველი ხაზი და ყოველი აბზაცი. ის ხომ მისი მუზა იყო_ ასე უწოდებდა მას ქმარი. ჟოლოსფერი და შოკოლადისსურნელოვანი სამყარო ერთ დღეს ერთმა ესენციად ქცეულმა საათმა გახსნა და უფერობად აქცია. მისი ქმარი, მის საწოლში სხვას ყნოსავდა, სხვას ეუბნებოდა იგივე სიტყვებს, რასაც თავის ცოლს, სხვას უსრესდა გაგიჟებული კერტებს, ისევე უკბენდა ტუჩებს, როგორც მას, იმ დროს როცა მეუღლე დასასვენებლად 1 კვირით გაუშვა მთაში. ისე წავიდა მაშო იმ სახლიდან, მხოლოდ ყოველდღიურად საჭირო ნივთები წაიღო.... ინგლისურად. მაშოს მესამე გატაცება, სიყვარული თუ ქმარი, კინორეჟისორი იყო. იმ 3 წელიწადში მისი ფილმები საოცარი პოპულარობით სარგებლობდა. ეს იყო ახალი სიტყვა კინოხელოვნებაში და ახალგაზრდა და შეუხედავ რეჟისორს ყველა ქედს უხრიდა და ეთაყვანებოდა. ერთხელ შეჰბედა მაშომ, შენს ფილმებში მათამაშეო, ერთი ეპიზოდური როლი მაინცო, მან კი უპასუხა რომ ის მისი მუზა იყო და მუზას ასე ვერ გააუბრალოებდა, მის ფილმებში ხომ მოკვდავი მსახიობები თამაშობდნენ! ამ პასუხს დასჯერდა მაშო და კვლავაც მორჩილად განაგრძობდა მის მუზად ყოფნას, მისი სურვილების და ოცნებების აღმსრულებლის როლის თამაშს და მის ძიძად მუშაობას. ბედნიერი იყო, საოცრად ბედნიერი და გამთბარი. თუმც, ვინ თქვა სამი და სამართალიო? პრემიერაზე, ფილმის ბოლოში დაწერილმა ერთმა წინადადებამ მას თვალები დაუბნელა, აუხილა და თან დაუბნელა ერთდროულად. ასეც ხდება ხოლმე, როცა უზომოდ გწამს, როცა უსაზღვროდ გჯერა და... სულ რამდენიმე სიტყვას შეუძლია შენი რწმენა ფერფლად აქციოს, ისე, უმტკივნეულოდ და უმსვლელობოდ დაწვას შენში ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნია. "ეძღვნება, ჩემს მუზას ...." და რა თქმა უუნდა მისი სახელის არც ერთ ასოს და არც ერთ ბგერას არ ემთხვეოდა მიძღვნის ადრესატი. **** მესამე ქმრისგან წამოსვლის შემდეგ (მე მაშინ უკვე სტუდენტი აღარ ვიყავი და ერთ სოლიდურ ფირმაში ვმუშაობდი სტაჟიორად) მომიკითხა მაშომ. მე მუდამ ვცდილობდი საქმის კურსში ვყოფილიყავი მისი ცხოვრების მიმდინარეობის შესახებ, თუმც მისი მესამე ქმარი იმდენად უშნო იყო, ვერ წარმოვიდგენდი რომ ის მას გულს ატკენდა ოდესმე. ცუდია რომ ვცდებოდი. არ ვიცი, თავის ხელში აყვანა ვისწავლე, თუ მაშოს მიმართ გრძნობებს შევეჩვიე და ამის ბრალი იყო ის, რომ მის შეხებაზე და მასთან საუბარზე უკვე ისე მძაფრად აღარ ვრეაგირებდი. ის ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი იყო და მხოლოდ მას ვუზიარებდი ჩემი ინტიმური ცხოვრების დეტალებსაც კი. მხოლოდ მას შეეძლო ასე გაგებით მიეღო ჩემი არჩევანი... ის კვლავ ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ამაზე ჩემს პარტნიორს ოდნავ მწვავე რეაქცია ჰქონდა, თუმც მალე დაასკვნა რომ ამის მიზეზი არ ჰქონდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. მე ვიცვლიდი ბინას და მაშოც იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი სისხლის მწვავე მოწოლა, როცა ავარიაში მოვყევი და ფეხმოტეხილსა და დამტვრეულს საკმაოდ გულდასმით მივლიდა. მაშინ შევიგრძენი პირველად მისი მკერდისა და ოფლის სურნელი. რთული იყო, ძალიან რთული და მტკივნეული, თავშეკავება. როგორც გვიან შევიტყვე, ჩემი საავადმყოფოში რეანიმაციაში წოლის პერიოდში გაუცვნია მაშოს ერთი გიჟი პოეტი... **** მაშოს მეოთხე ქმარი პოეტი იყო. ეს იყო სრული შემთხვევითობა, გრძელი ამბავია მათი შეხვედრის და გაცნობის ისტორია, მით უფრო გრძელი მოსაყოლია მათი შეჩვევის და შეყვარების პროცესი. მაშო ფრთხილობდა, თავს ეწინააღმდეგებოდა და არ აძლევდა უფლებას შეჩვეოდა, ეფიქრა მასზე. მიზეზი მათი გაცნობის ჭილაძისადმი მიძღვნილი საღამო გახდა, სადაც მაშო მეგობრის მდგომარეობით გამოწვეული დარდის განსაქარვებლად წავიდა. დიდად არ აღფრთოვანებულა პოეტის მიერ წარმოთქმული ლექსებით, თუმც მისი ბუნებითა და ადამიანურობით აღფრთოვანებული ნამდვილად იყო. გული უგრძნობდა მაშოს, არ უნდოდა ხელოვანთან ჰქონოდა რაიმე საერთო, შიშობდა, ობოლი კრავივით დამფრთხალი და მიუსაფარი. პოეტს მცირე ძალისხმევა არ დასჭირვებია მაშოს გულის დასამყრობ-დასამონებლად. მაძებრის ყნოსვა არ ატყუებდა. ქალური ინტუიცია უბიძგებდა არ დანებებულიყო და ეს დიდებული არსება მიეთვისებინა. მათ ჯვარი დაიწერეს და მაშო უსაზღვროდ ბედნიერი იყო. პოეტიც ბედნიერი იყო, ხელში ატოტებული დაატარებდა თავის ხორცშესხმულ გაადამიანებულ მუზას. თაფლობის თვე საოცრად რომანტიულად გაატარეს. გვირილებითა და ჟასმინებით, ბადაგად ქცეული და მათრობელა იყო ერთად გატარებული 12 დღე. შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა, ოდნავ არაჩვეულებრივი მოვალეობით ყოფილიყო მუზა. ის გასუსული იჯდა თავის ოთახში სანამ პოეტი მუშოაბდა და შემოქმედებით ქარბორბალას შებმოდა. ჩუმად შეჰქონდა საკვები, როგორც დიუმას რომანებში მეტუსაღეებს შეჰქონდათ სალაფავი. ოღონდ ეს სალაფავი არ იყო, გაცილებით მეტი იყო ვიდრე სალაფავი, ლამაზად ლანგარზე დაწყობილი ახლადგამოწურული წვენები, სხვადასხვა რეცეპტებით მომზადებული სხვადასხვა დელიკატესი და ნუგბარი. შემოქმედებითი ჩაკეტილობის მერე დგებოდა ვნებათშეწირვის დღეები_ იყო ვნებიანი გიჟური ღამეები, ხორციელი სურვილებისა და სისუსტეებისთვის მხსხვერპლად შეწირული მხურვალე და ნასიამოვნები სხეულები. ამდაგვარი ვნებიანი ღამეები მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი იყო, რადგან პოეტი მეგობრებთან აუცილებელ ურთიერთობებს იმიზეზებდა, სინამდვილის დასაფარად. მაშოც ალბათ ხვდებოდა მის მისწრაფებებსა და ავამდყოფურ წარმოსახვებს აბრალებდა მის ცხოვრების წესს. პოეტი ამაღლებულ გრძნობებსა და თვისებებს ასხამდა ხოტბას ( ასე იყო მოდაში), მაშო კი, მისი მეუღლე მისივე მორალისა და სისწორის დოკუმენტალური დასტური იყო. გამოდიოდა წიგნები, იმართებოდა პოეზიის საღამოები, ბრიალებდა აღფრთოვანებული თვალები და ... არსად მისი სახელი, არსად მისი პორტრეტი, არსად მისი სახე....და ჰოი საოცრებავ! მიძღვნა ! იყო ერთი, რომელსაც დიდსულოვნად არ მიაქცია მაშომ ყურადღება, იყო მეორე მიძღვნა, რომელსაც მცირე მცდელობის შემდეგ მოუძებნა ახსნა, მესამე..., მეოთხე.... როგორ ცდებოდა, როგორ შეცდა... ბოლო საღამოს შემთხვევით მოსმენილმა ფრაზებმა მას თვალი აუხილა. პოეტს თავის მიერ შექმნილ საკუთარ ბიოგრაფიაში მაშო ფსიქოლოგიურ მოძალადედ ყავდა შეყვანილი. პოეტი ყვებოდა , თუ როგორ უფრთხილდებოდა მაშოს ფაქიზ და ავადმყოფურ ფსიქიკას, მისი გრძნობების გათელვას როგორ უფრთხოდა, მიყენებული დიდი ტკივილისაგან თავის ასაცილებლად რამხელა მსხვერპლს იღებდა და გვერდით ყავდა ქალი, რომელიც არ უყვარდა, მხოლოდ ზრუნავდა მასზე და მაღალფარდოვან ფრაზებს იხმარიებდა საკუთარი დიდსულოვნების აღსაწერ-დასახასიათებლად. მაშო გაღიმებული წავიდა მისგან, ისე როგორც იცოდა, ინგლისურად. ამჯერადაც არაფერი ფასეული წაუღია. ************** კარი რომ გავუღე, მეგონა აქვითინებული ქალი ჩამივარდებოდა ხელებში, მაგრამ ვცდებოდი, მშვიდად მომეალერსა და დაიკავა თავისი ადგილი. ***************** ხელოვანი, რომელიც ჩემი პარტნიორის დამ გაგვაცნო, ერთი უბრალო მხატვარი იყო. უბრალო და არავისთვის ნაცნობი მხატვარი, თორემ პიროვნება ნიჭიერი იქნებოდა, რადგან თავად აიძულა ლიზი მოეყვანა და წარმოედგინა ჩვენთვის. ერთი თვის თავზე მაშო მასთან გადაბარგდა. ისე, როგორც იცოდა ხოლმე, მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა: „მას ვჭირდები“. მაშოს არც დაუმყარებია დიდი იმედები მასზე. უბრალოდ მიხვდა რომ სჭირდებოდა და უსიყვარულოდ გაყვა , უსიყვარულოდ მიენდო და ცდილობდა მას ცხოვრებაზე ხელი არ ჩაექნია. ყველაფერს ცდილობდა მისთვის, რაც შესწევდა, არ უყვარდა, მაგრამ კარგად თამაშობდა მოსიყვარულე ადამიანს, მაგის მეტი რა უსწავლია, სიყავრულსაც ხომ სწავლა უნდა ! ერთ საღამოსაც დაუჯდა და სთხოვა მისი პორტრეტი დაეხატა, მანაც დაიწყო ხატვა და ჯერ მთავარი კონტური მოხაზულიც არ ქონდა, რომ შეჩერდა და უთხრა რომ დაღლილი იყო და მერე გააგრძელებდა. ეს „მერე“ ეტყობა მაინც ვერ დადგა. მეტი ამ თხოვნით ის აღარ შეუწუხებია მაშოს. კვლავ ხალისიანი იყო, გრძნობდა რა თავისი დანიშნულების მნიშვნელობას. ვფიქრობ შემთხვევითი არ იყო მაშოსთან თანაცხოვრების შემდეგ ამ მხატვრის პოპულარობა და მის მიმართ წარმოქმნილი ინტერესი. ოფიცილურ შეხვედრებზე მაშოს არსად დაატარებდა. არც მაშოს გამოუჩენია ზედმეტი სურვილი და ინტერესი მის გვერდით ეწოწიალა ასეთ საღამოებსა თუ წვეულებებზე. მაშო წყნარი, მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებით ცხოვრობდა. გიჟური ვნება არ იწვოდა მასში, თუმც მხატვრის სურვილებსა და ავადმყოფურ ფანტაზიებს მორჩილად აღასრულებდა. ერთ ღამეს განგებ თუ შემთხვევით, დაეთხოვა თავის „პატრონს“ და ბებოს სახლის მოსანახულებლად წავიდა. არავინ იცის გადაიფიქრა იქ წასვლა თუ არც უფიქრია, რადგან დილით ადრე მაშო ბაზრიდან დატვირთული დაბრუნდა სახლში, მისი სტუდიოს კარები ოდნავ შემოღებული დაუხვდა, შეიხედა და ნახა, მისი მხატვარი როგორი ენთუზიაზმით ხატავდა ახალგაზრდა შიშველ სხეულებზე. კარებთან დაალაგა ყველაფერი და წავიდა. წავიდა ... გულიც არ ტკენია, რადგან ამის ნიჭი დაეკარგა უკვე, თურმე ესეც შეუძლება დაკარგოს ადამიანმა. უგრძნობ სხეულად ქცეულიყო, თითქოს ტკივილიც აღარ შეეძლო, იმდენად დაბუჟებული იყო მისი გრძნობები, სისხლს ვეღარ ატარებდა, ცრემლს ვეღარ წარმოქმნიდა, ვერ განიცდიდა. ასე მიდიოდა მანამ, სანამ ხიდს არ მიადგა, ხიდს... რამხელა მისტიური მნიშვნელობა აქვს ხიდს... მაკავშირებელს ერთი ნაპირისა მეორესთან. გადახედა აღელვებულ მდინარეს და მას ჩაეხუტა. ცურვა იცოდა, მაგრამ ... მეთევზეებმა ამოიყვანეს. ამოიყვანეს_არა, ამოიტანეს ქალის გალურჯებული სხეული, ნოემბერი იდგა და არ თბილოდა, უფრო ციოდა, ვიდრე გრილოდა და დასრულდა ერთი ისტორია. დასრულდა ერთი ქალის ისტორია. დასრულდა ერთი ისტორია და გაგრძელდა მეორე. რაღა თქმა უნდა ტელევიზიით გადასცეს ამბავი შუახნის ქალბატონის დაღუპვისა. მისი პირადობით დაადგინეს ვინაობა. საღამოს გადაცემაშიც გაიმეორეს და ამ ყველაფერს უსმენდა მხატვარიც, რომელიც ამაოდ ელოდა მეუღლის დაბრუნებას, პოეტიც_რომელსაც თვალზე ცრემლი მოადგა, აბა პოეტებს ტირილი კარგად შესწევთ, უსმენდა რეჟისორიც, რომელმაც დაღონებული ყოფილი მეუღლის როლი კარგად დადგა და კარგად შეასრულა, მეტი რა შეეძლო?, უსმენდა ტენორიც და მწერალიც, რომელთაც ალბათ გულწრფელად განიცადეს მაშოს დაღუპვა. ************** ერთ წელიწადში ტენორი თავის კონცერტს სწორედ ყოფილ მეუღლეს უძღვნის, მწერალი რომანს აწერს:ეძღვნება საყვარელ მეუღლეს და მეგობარს, ჩემს მაშოს, ჩემს მუზას", რეჟისორიც თავისი მორიგი ფილმის პრემიერაზე გამოდის სიტყვით და ადვილი მისახვედრია რასაც ამბობს და მისი ფილმიც უფრო წარმატებული ხდება, ვიდრე შეიძლებოდა გამხდარიყო, პოეტიც თავის მორიგ ლექსს არქმევს მაშოს სახელს და მხატვარმაც ის ტილო დაასრულა, რომელზეც მაშოს პორტრეტი დაიწყო და არც დაიწყო. იქნებ მაშოს გახარებოდა კიდეც ეს ყველაფერი, იქნებ უფრო ადრეც“ მომკვდარიყო“ ეს რომ სცოდნოდა, ან იქნებ არც დაეკავშირებინა მათთვის თავისი ძვირფასი ცხოვრება?! *************** სამსახურში საქმეებს შევყევი და დროის შეგრძნება დავკარგე, ამიტომ სახლში გვიან მივედი. კარი რომ გავაღე, სასტუმრო ოთახის საძინებელში მკრთალმა შუქმა გამაკვირვა. მე საკმაოდ ყურადღებიანი ვარ და მახსოვდა რომ არაფერი დამიტოვებია ჩართული. ფრთხილად შევედი ოთახში და აკანკალებული მაშო დამხვდა ლოგინში. აბაზანაში სველი ტანსაცმელი ეყარა, ოღონდ მაშოს ტანსაცმელს არ გავდა. ვერ მოვითმინე , კითხვები დავაყარე... გვიან მოვედი გონს რომ ქალს საუბრის უნარი წართმეოდა. მაშინვე ცხელი ჩაი მოვუტანე და გათბობის ქვაბს ავუწიე, სახლში ოდნავ გრილოდა. საინფორმაციო არხებს ნაკლებად ვუყურებ ხოლმე, თუმც შეშფოთებულს გულმა მიგრძნო და ჩავრთე ტელევიზორი. ცოტა ხანში განმეორებით გადაცემაში აჩვენეს როგორ ამოიყვანეს გალურჯებული ქალი წყლიდან პოლიციელებმა და პირადობით როგორ დაადგინეს მისი ვინაობა. სხეულში სისხლი გამეყინა. წამოვხტი და მაშოს ოთახში რამდენჯერმე ისტერიულად შევიხედე. მას მშვიდად ეძინა. მივედი და სახეზე შევეხე. ცრუმორწმუნე არ ვარ, თუმც არც იმდენად ჩახლართული დეტექტიური აზროვნების უნარით არ ვარ დაჯილდოებული, რომ ამ ყველაფრის სხვაგვარი ახსნა მომენახა, თუ არა მეფიქრა რომ მაშოს მოჩვენება იყო ჩემთან შემოპარული, ხმასაც რომ არ მცემდა.... შემდეგ ტანსაცმელს მივვარდი... მივხვდი რომ ნამდვილად არ იყო მაშოს ტანსაცმელი. **************** რაც მეორე დღეს მაშომ მომიყვა უძინარსა და გამოშტერებულს, ჩემი წარმოსახვის საზღვრებს სცილდებოდა: _ მთელი ჩემი ცხოვრება ისე გამოვიდა რომ ვიღაცის შთაგონების წყაროდ ვიყავი ქცეული, ნებით თუ უნებლიეთ. არასდროს ვყოფილვარ განდიდების მანიით შეპყრობილი, თუმც გულს ნამდვილად მტკენდა უპასუხო პატივისცემა და ზრუნვა. სამწუხაროდ ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და ეს ალბათ ჩემი ბრალიცაა, ღალატსა და უმადურობას ვერ ვიტან. უსამართლობას ვერ ვიტან და მგონი ეს შენ ყველაზე კარგად მოგეხსენება. უსამართლობისა და უპატივცემულობის შეგრძნებამ გაანადგურა ჩემში სიყვარულის უნარის ბოლო მარცვლებიც. ბოლოს გადავწყვიტე ბოლოჯერ მეცადა ბედი, თუმც უსიყვარულოდ მიმეძღვნა იმისთვის თავი, ვისაც ვუყვარდი. ისიც ვიცი ის მხატვარი შენც რომ ვნებიანი თვალებით გიყურებდა ხოლმე, მგონი არც შენ გამოგპარვია მისი მისწრაფებანი. მიუხედავად ამისა მაინც გაუმაძღარია ადამიანის ბუნება (ამ დროს ის საოცრად ჭკვიანურად იღიმოდა). მინდოდა ბებოს საფლავი მომენახულებინა, მაგრამ უეცრად თავში ერთი აზრი მომივიდა. სახლში დავბრუნდი პროდუქტით და როცა სახლში ინტიმური სცენა დამხვდა , გამოსამშვიდობებელი საღამოს გარეშე წამოვედი. ერთ რამეს მივხვდი, რომ მათთვის სიკვდილის შემდეგ უფრო დიდი მუზა ვიქნებოდი და მკვდარი უფრო მეტს გავუკეთებდი მათ შემოქმედებას, ვიდრე ცოცხალი. ხიდზე მდგომსა და სასოწარკვეთილს, თვალში უცხო სხეული მომხვდა და დაუფიქრებლად გადავხტი. ნაპირზე გამოვათრიე და მივხვდი რომ უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი ქალი იყო ჩემს წინ. მე გონება გამინათდა, სანამ ხელები მთლად გამეყინებოდა გავუცვალე ტანისამოსი, საბუთები და მხოლოდ დედაჩემის ნაქონი მძივი დავიტოვე სახსოვრად. 2 მეტრი მექნებოდა გავლილი რომ შენი სახლის გასაღები გამახსენდა და ისა და სველი ფული ამოვაცალე ჩემი ჩანთიდან. ასე მოვხვდი შენს სახლში _დაასრულა მაშომ, რომლის ახლანდელ სახელსა და გვარს ფეხებით რომ ჩამომკიდოთ ვერ გაგიმხელთ. მაშოს სიკვდილის შემდეგ მისი „ყოფილები“ წარმოუდგენლად პოპულარულები გახდნენ. ბოღმა მახრჩობდა, მაშო კი დიდსულოვნებისკენ მომიწოდებდა. ჩემმა დახშულმა და ჩატუმბულმა გრძნობებმა პანდორას ყუთივით ამოხეთქა. წარმოუდგენელი რამეების უფლება მივეცი საკუთარ თავს, ისეთისაც კი, რასაც სხვებთანაც კი ვერ წარმოვიდგენდი. მისმა აღსარებამ ჩემში იდუმალი და შეუცნობელი გრძნობები და სურვილები გააღვიძა. შეიძლება მეც მოვმწიფდი და გავიზარდე ამისათვის , შევიძინე გამოცდილება და სამყაროც უფრო რეალურად შევაფას-შევიცანი. მაშო, ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი მეგობარი და საყვარელი... ჩემი ქალღმერთი! ის ახლა ბედნეირი ქალია. მისი ცხოვრებისეული მისია დასრულებულია. ახლა ის საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ყოველგვარი განკითხვისა და გაკიცხვის შიშისაგან თავისუფალი. კვირაობით ასე ვაკვირდებით ადამიანებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას და შემდეგ ერთმანეთს ვუამბობთ გამვლელებში ამოცნობილ ისტორიებს. მაშო კვლავ ხელსაქმითაა დაკავებული და ბედნერი სიბერისათვის ინახავს თანხებს. მგრძნობიარე არსება ასე შეიძლება იქცეს პრაგმატულ ადამიანად. ცხოვრება აპირკეთბს და ძერწავს ახალ ადამიანებს ძველისგან. ახლაც, როცა ამ ადამიანების დანაოჭებულსა თუ ქორფა სახეებს ვუყურებ, შემიძლია წარმოვიდგინო, დორიან გრეის პორტრეტივით, რამდენ ბოროტებას გაუსვია შტრიხი მათ სახეებზე, ან რამდენი რამ შეიძლება კიდევ დაატყდეთ თავს მიამიტსა და მგრძნობიარე სულებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბევრჯერ გამჩენია სურვილი , ქუჩაში, მეტროში ან სადმე ადამიანების სახეს და ქცევასაც დავაკვირვებოდი. კარგი ნაწარმოებია თხრობის ინდივიდუალობით, თუმცა ნაწარმოების დრამატულობამ ვერ მომხიბლა არ მოვიდა ემოცია. ბევრჯერ გამჩენია სურვილი , ქუჩაში, მეტროში ან სადმე ადამიანების სახეს და ქცევასაც დავაკვირვებოდი. კარგი ნაწარმოებია თხრობის ინდივიდუალობით, თუმცა ნაწარმოების დრამატულობამ ვერ მომხიბლა არ მოვიდა ემოცია.
3. ამაზე უკეთესი ფილმი რა უნდა იყოს, ამაზე უფრო საინტერესო, უფრო სასაცილო, უფრო დრამატული, უფრო სატირალი და უფრო სასიხარულო ვიდრე აი ეს ხალხი, რომლებიც ფარისევლები არიან....:) კარგი, ასე იყოს ...მე მომეწონა ჟანრის ასე გადაწყვეტა ამაზე უკეთესი ფილმი რა უნდა იყოს, ამაზე უფრო საინტერესო, უფრო სასაცილო, უფრო დრამატული, უფრო სატირალი და უფრო სასიხარულო ვიდრე აი ეს ხალხი, რომლებიც ფარისევლები არიან....:) კარგი, ასე იყოს ...მე მომეწონა ჟანრის ასე გადაწყვეტა
2. მადლობა "ჭა" რომ წაიკითხე. მაშოს მრავალჯერ გათხოვება საჭირო გახდა აზრის გადმოსაცემად მაშო არც ისე მოდიდან გადასული სახელია. მიხარია თუ მიზანს მივაღწიე და დროში დავკარგე მკითხველი, რადგან იგივე ისტორია ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება :) მადლობა "ჭა" რომ წაიკითხე. მაშოს მრავალჯერ გათხოვება საჭირო გახდა აზრის გადმოსაცემად მაშო არც ისე მოდიდან გადასული სახელია. მიხარია თუ მიზანს მივაღწიე და დროში დავკარგე მკითხველი, რადგან იგივე ისტორია ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება :)
1. საინტესო ბედი ჰქონია მაშოს...- მეგონა ოთხ და ხუთი ქმარი, მარტო ჰოლივუდის ვარსკვლავებს ყავდათ...:))
ისეთ თხრობაა, სახელიც .." მაშო"...- ცოტა უფრო წინა პერიოდის ამბავი მეგონა, იმ პერიოდისა ჯერ რომ არ იყო ინტერნეტი... -უცებ ლეპტოპი გაიჩითა...:) და მხოლოდ მაგით მივხვდი რომ თანამედროვე პერსონაჟებთან მქონდა საქმე...:-* საინტესო ბედი ჰქონია მაშოს...- მეგონა ოთხ და ხუთი ქმარი, მარტო ჰოლივუდის ვარსკვლავებს ყავდათ...:))
ისეთ თხრობაა, სახელიც .." მაშო"...- ცოტა უფრო წინა პერიოდის ამბავი მეგონა, იმ პერიოდისა ჯერ რომ არ იყო ინტერნეტი... -უცებ ლეპტოპი გაიჩითა...:) და მხოლოდ მაგით მივხვდი რომ თანამედროვე პერსონაჟებთან მქონდა საქმე...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|