ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2016


სოციალური ქსელი და თვითმკვლელობა

სოციალური თვითმკვლელობა -
(ქსელში)...
. . .
ერთ წვიმიან
და თუნდაც მზიან დღეს,
დილით გაიღვიძო და ყველაფერი დაასრულო.
"თაგუნიას" მარცხენა ღილაკს,თითი ჩამოკრა
და დაადუმო საკუთარი
აქტივობა.
მშობლიურ ქალაქში უცხო სხეულად ამოზრდილ აგურის გროვასავით,
შეიზიზღო და ჩამოანგრიო კედელი,
რომელიც შუაზე ჰყოფს რეალობას
და უმოწყალოდ გაშორებს ახლობლებს.
ჩამოშალო,
ის ყოვლისდამტევი კედელი-დაფა,
რომელზედაც იწერებოდა შენი ყოველ დღიური ანგარიში...
შენი ყოველ დღიური მოთქმა,თუ სიხარული,ხმითა - არა,თავ-ბოლო ერთი -
მათთვის,ვინც იყვნენ კედელს იქეთ-
დანაყრებულნი და ჩათბილულნი!
უნდა შეძლო - დაუმიზნო ისარი სწორად,
რათა პირველივე ''წკაპ''-ზე მონიტორმა იცვალოს ფერი.
რათა შეიღებოს კედელი
თეთრად,
რადგან შენი სისხლი არის თეთრი.
მან შეეისრუტა დასაშვებზე
ასი ათასჯერ მეტი გამოსხივება.
(გულს ნუ გაიტეხ,
კედელთან აღესრულა გარსია ლორკაც)...
ანდალუსიელი მეამბოხე ბიჭი,
რომელსაც სწამდა მზის ამოსვლის
და კიპარისების ნაცეკვი ტანგოს...
შენ კი დღეს პირველად შეიგრძენი აისის სპექტრი,
როცა თავი აიღე ოთკუთხედი ეკრანიდან.
რა საჭიროა?
გაღება ფანჯრის
და მეოთხედან ვარდნა
ფატალური დასასრულისთვის.
დღეს,ყველაფერი მარტივია
შეგიძლია თავი მოიკლა და ცოცხალი დარჩე.
წამოხვიდე შენი სივრციდან-
მიატოვო ყველა ვისაც უყვარდი
მიატოვო ყველა ვინც გაგიცნო
მიატოვო ყველა ვისთვისაც გახდი ყოველ დღიურობა!
ისინი შენს გარეშე,
შენ,მათ გარეშე...
საინტერესოა არა?
ბავშვობაში ხომ ოცნებობდი გენახა ეს ყოველივე,
მაგრამ ჯოჯოხეთის გეშინოდა.
ახლა საქმე სხვა გვარადაა -
სოც.ქსელიდან თვითმკვლელის სული,
სხეულთან ერთად
დედამიწაზე ინაცვლებს.
. . .
დღეს,შეგიძლია თამამი იყო!
2016წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები