| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 16 მაისი, 2016 |
კერპები მწიკვლს ვერ ჰგუობენ!
-მობრძანდიიით!- ეს ბოლო, გაგრძელებული ხმოვანი გულითადობის აქცენტირებას ემსახურებოდა, რასაც ღიმილი უფრო ამაგრებდა. ხაზგასმულ უბრალოებასთან შერწყმული ოდნავ შესამჩნევი მედიდურობა ეტყობოდა, ცნობილი ადამიანების ნაშიერებს რომ სჩვევიათ. მასპინძელი ასაკის პირობაზე სოლიდურად გამოიყურებოდა, ძველი პეწის შენარჩუნებას ჯერაც ახერხებდა. ახალგაზრდა სტუმარს, რომელსაც დაახლოებით ასეთად წარმოედგინა, მისაღებში შეუძღვა და ძველებურ, ფერგადასულ სავარძელზე მიუთითა. ახლადმოსული სავარძლის წინა ნაწილზე მსუბუქად ჩამოჯდა და ოთახი მოათვალიერა. დიასახლისისა არ იყოს, ბინაც მოძველებულად, მაგრამ პეწშენარჩუნებულად გამოიყურებოდა. -თქვენი სახელი?- იკითხა მასპინძელმა და ისიც სტუმრის წინ სავარძელში ჩაეშვა. -ნათია! -კეთილი! სხვათა შორის, როგორც მითხრეს, ძალიან ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებით. -ა, ეს ალბათ ქალბატონმა ზანდამ, არა?- ნათიას მორიდებულად გაეღიმა. -დიახ და არა მარტო მან. -ქალბატონი ზანდა ჩემი თემის ხელმძღვანელია. -ვიცი, ამავე დროს, ალექსის დიდი თაყვანისმცემელიც.- სახელი „ალექსი” განსაკუთრებული მოწიწებით წარმოსთქვა. -ბატონ ალექსი ალიმბარელს ვინ არ სცემს ჩვენში თაყვანს. თეატრალურზე სულ მისი სახელი მესმოდა. მის ჩანაწერებს გვასმენინებდნენ. ის ფაქტიურად უკვე ლეგენდაა. -ეჰ, ჩემო კარგო, სამწუხაროდ, ლეგენდებიც მალე ხუნდებიან.- მასპინძელმა უცებ მოიწყინა, - ძნელი გზა განვლო. არც თაყვანისცემა დაკლებია და არც ტალახის სროლა თავის დროზე. ალბათ, გაგონილი გექნებათ.- მასპინძელი გამომცდელად შეაჩერდა. სტუმარმა უხმოდ დაუქნია თავი. -ამას სიბერეში ძალიან განიცდიდა. ბოლო წლებში მაინც, დედას გარდაცვალების შემდეგ საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. უმადურობას ვერ ეგუებოდა. ჩვენ ხომ დიდი ადამიანის დაფასება სიცოცხლეში არ გვჩვევია. თანაც ახლა ისეთი დროა. არც კი მეგონა, თუ კიდევ ახსოვდა მამა ვინმეს. -როგორ არა, ქალბატონო ლამარა! ქართული თეატრი ამ სახელის გარეშე წარმოუდგენელია. -სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის. ამდენი ხანია ვიბრძვი და სახლმუზეუმის სტატუსის მინიჭებას ვერ ვეღირსე. ხომ ხვდებით, ეს მე არ მჭირდება, ეს საზოგადოებისთვისაა საჭირო. -რა თქმა უნდა. ისე მშვენიერი ბინა გქონიათ. ალბათ დიდიხნის აშენებული იქნება. -საკმაოდ. ეს ბინა მამასათვის- ჯერ კიდევ ახალგაზრდა, დამწყები მოღვაწისთვის- 37-ში გადაუციათ. მანამდე ვინ ცხოვრობდა, ვერ გეტყვით. მაგრამ ამაზე არ ღირს. მოკლედ, ჩემო კარგო, ზანდა მელაპარაკა შენს გეგმებზე. მადლობის მეტი რა მეთქმის. მე ყველანაირად შეგიწყობ ხელს. ბევრი მასალა ჯერაც არ არის დამუშავებული. აფიშები, ჩანაწერები, პირადი წერილები, როლების ხელნაწერები. ასე, რომ სამუშაო ბევრი გექნებათ.
* * * ბატონი ალექსის კაბინეტი საკმაოდ მოზრდილი იყო. დამტვერილ თაროებზე ჩამწკრივებული წიგნები, მოსწავლის ლურჯი რვეულები, უბის წიგნაკები; უჯრებში ლამაზად ჩაწყობილი სიგელები, ჯილდოები, პარტიის მადლობები პირველ ხანებში მოწიწებისა და ხელშეუხებლობის განცდას უჩენდა. მერედამერე თანდათან შეეჩვია. ყველაფრის ნახვას ვერ ასწრებდა. წიგნებს მხოლოდ ფურცლავდა და ქიმიური ფანქრით არშიაზე მინაწერებს კითხულობდა. მაგალითად ასეთებს: „მეტი სითამამეა საჭირო ბურჟუაზიული თეატრის კრიტიკისას.”, „როგორ ზუსტად წვდება ეს კაცი ახალი მშენებლობის კანონებს. აფერუმ!”, „ეს ცილისწამებაა,მე არაფერშუაში ვარ!”. საგულისხმოებს რვეულში იწერდა. დროდადრო ქალბატონი ლამარა შემოაკითხავდა. კარებში გაჩერდებოდა და ზრდილობისთვის ჰკითხავდა რამეს, მერე ყავას შესთავაზებდა. ნათიას ერთი პასუხი ჰქონდა: „ნუ სწუხდებით, ქალბატონო ლამარა, დროს ვერ წავირთმევ. მასპინძელი დიდ ინტერესს იჩენდა ახალგაზრდა მკვლევარის ჩანაწერების მიმართ. ამაში უცნაური თითქოს არაფერი იყო,მაგრამ ნათიას ეჩვენებოდა, რომ დიასახლისი მას ზვერავდა, თითქოს რაღაცის შიში ჰქონდა. ასე გავიდა ერთი თვე.ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში გაეცნო, ბევრად არ განსხვავდებოდა ოფიციალურ ჟურნალებში ამოკითხული მასალებისგან. პრემიერები, ცნობილი როლები, პომპეზური ღონისძიებები, ფოტოები ძველი ჟურნალებიდან მრავლად იყო, მაგრამ ისეთები, სადაც მისი ოჯახური და სამეგობროს ცხოვრება იქნებოდა ასახული- ნაკლებად. თითქოს საგანგებოდ გაენადგურებინათ. ორი ფოტო, შემთხვევით ლუნაჩარსკის ძველ გამოცემაში რომ წააწყდა, სრულიად გამაოგნებელი იყო. ერთ მათგანზე მთელი დასი აღებეჭდათ. როგორც მაშინ იყო მიღებული, უკანა რიგში ძირითადად მამაკაცები იდგნენ, შუაში მთავარი რეჟისორი ჩაეყენებინათ. წინა რიგში კი ქალები ჩამომსხდარიყვნენ სკამებზე. ახალგაზრდები, ლაღები და ბედნიერები ჩანდნენ. ფოტო წაღვერში გადაეღოთ და 1934 წლით იყო დათარიღებული. აი მეორე ფოტოც- ოთხი წლის შემდეგ გადაღებული. აქ დასი ბევრად შეთხელებულია. მკაცრი და დათრგუნული სახეები აქვთ. რეჟისორიც სხვაა. იმ დღესაც ჩვეულებრივ მიაკითხა ალიმბარაშვილების ძველ სახლს სოლოლაკში. გადაიცვა და წესისამებრ შეუდგა საქმეს. უნებურად ჭერზე, კუთხეში აბლაბუდა შენიშნა. მისი მზერა ზედა თაროებმა მიიპყრო. სულ ზემოთ, ჭერთან, სადაც მაღალი ფორმატის წიგნები- ენციკლოპედიები ეწყო, რომლითაც არასდროს დაინტერესებულა. მოეჩვენა, რომ ისინი საჭიროზე წინ იყო გამოწეული. მსუბუქი კიბე მიაჩოჩა, ავიდა და წიგნები გამოსწია. უკან ორი, სხვადასხვა სისქის საქაღალდე შენიშნა, საგანგებოდ გადამალული. საქაღალდეები საგულდაგულოდ შეეკრათ. სქლად დადებული მტვერი ცხადჰყოფდა, რომ მათ დიდიხანია არავინ შეხებოდა. გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო. ჩამოვიდა, საქაღალდეებს მტვერი ფრთხილად გადაწმინდა და მაგიდაზე დააწყო. კარგახანს გახსნა უჭირდა. მერე პირველი მათგანის გაკვანძული ზონარი გაჭრა. შიგ რამდენიმე ლურჯყდიანი რვეული აღმოაჩინა. დანომრილი რვეულები საგულდაგულოდ იყო ჩაწყობილი. ეტყობოდა, აქამდე არავის გადაეშალა. სხვადასხვა დროს გაკეთებული ჩანაწერები ჩანდა, ზოგი თარიღიანი, ზოგიც უთარიღო. მაგრამ, როგორც მიხვდა, ჩანაწერები 30-იანი წლების შუახანებიდან იწყებოდა და 40-იანების დასაწყისში წყდებოდა. მეორე საქაღალდეში ერთადერთი ფურცელი იდო, რომელზეც, ლურჯყდიანი რვეულებისგან განსხვავებული გაკრული ხელით ეწერა: „ლაერტ: მე ჩემს დაგებულ მახეშივე თავი გავყავი და რაც რომ სხვისთვის განვიზრახე მოღალატურად, თვითვე მისპობს იგი სიცოცხლეს...”
* * * „8 ნოემბერი, 1936.
„გამოკრული განაწილება რომ ვნახე, თვალებს არ დავუჯერე. ნუთუ ეს მართალია! ლაერტის როლი ჩემი ოცნება იყო. უკვე წარმოსახული მაქვს ეს სახე. ლაერტი არ არის მამის ან დის სიკვდილისთვის შურისმაძიებელი, ის სამეფო კარის ინტრიგის მსხვერპლია. ამას თავადაც გრძნობს, მაგრამ არ შეუძლია საერთო აზრს წინააღმდეგობა გაუწიოს. სიტუაციის პრესს ვერ უძლებს. ეს არის მისი პიროვნული ტრაგიზმის საფუძველი. უკვე ზეამოცანაც ნათლად მაქვს წარმოდგენილი. ლიზიკო დიდებული ოფელიაა. მაოცებს მისი გარდასახვის უნარი. მისი ოფელია ტრადიციულად ნაზი და უმწეო კი არა, მებრძოლი და შეუპოვარია. აფერუმ, ქალო! ! საოცარია, აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი?”
„დღეს მძიმე დღე გვქონდა. თეატრს პარტიის ხელმძღვანელი ეწვია, იდეოლოგიის მდივანთან ერთად. ყველა ძალიან ვნერვიულობდით. მთავარმა რეჟისორმა რატომღაც რეპეტიცია არ შეწყვიტა და დირექტორის კაბინეტში დაგვიანებით შევიდა. მსახიობებისთვის არ დაუძახიათ. როგორც მოგვიანებით გამოვიდა ხმა, მდივნის შენიშვნაზე უპასუხნია, რომ მისთვის რეპეტიცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ვინმეს სტუმრობა. მდივანს მწარედ ჩაუცინია და უთქვამს- ამ „ვინმემ” ვაითუ ეს ცუდად დაგიმახსოვროსო. არ ვიცი, დაგვიანებას გულისხმობდა , თუ სიტყვებს. ალბათ, ორივეს. ამბობენ, დირექტორი გაშრაო. მსმენია, ჩვენს რეჟისორს წარსულში პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელთან მძიმე ურთიერთობა ჰქონია. არ ვიცი, რამდენად მართალია. ის კი ვიცი, ძალზედ გამომწვევად კი გამოუვიდა. ამგვარი რამ ხშირად სჩვევია. ამბობენ სტალინის გარემოცვაში ჰყავს მფარველიო. ნიჭიერებას კი ნამდვილად ვერ წაართმევ.”
„ლიზიკო რაღაც შეიცვალა ამ ბოლო დროს. დათრგუნული და ჩაკეტილი გახდა. რომ ვეკითხები- რა გჭირს-მეთქი, დედაჩემზე ვნერვიულობო- მეუბნება. არ უნდა იყოს მართალი, რაც მახსოვს, დედა სულ ცუდად ჰყავდა. ამასწინათ უცბად შემეჩეხა რეჟისორის კაბინეტიდან გამოსული. აღელვებული და აწითლებული ჩანდა. რა დაგემართა-მეთქი, არც შემომხედა, ისე აუჩქარა ფეხს.ნუთუ ისიც... ხატიჯეს მთავარ როლზე რომ დანიშნა იმან, გულმა რაღაც ცუდი მიგრძნო. ამგვარი რამეები სასურველი როლის მიცემით იწყება. ასეთია მსახიობი ქალის ხვედრი. უსათუოდ უნდა დაველაპარაკო. თუ ეს მართალი გამოდგა... ლაერტ: თუნდ ერთი წვეთიც ჩემის სისხლისა მშვიდი იყოს, ჩემს ბუშობას დაამტკიცებდა...”
„დღეს თეატრში ცკ-ს კულტურის განყოფილების გამგე მობრძანდა და ცკ-ს მდივნის განკარგულება გაგვაცნო. თეატრის იდეური მიმართულების გაძლიერების მიზნით მთავარი რეჟისორის თანამდებობა გაუქმდა და სამხატვრო საბჭო შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად ვიღაც პოლიტიკოსის დანიშვნას აპირებენ. ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ ვერაფერს ამბობს. „ცუდ ამბებს ვხედავთ, კვლავაც უნდა ცუდს მოველოდეთ...”
„გაოგნებული ვარ. რაღაც ხდება ჩემს თავს. თავიდან რეპეტიციები რიგიანად მიდიოდა. მერე, არ ვიცი, რა მოხდა. რეჟისორი უკმაყოფილოა. ხშირ-ხშირად ეწევა და თმას იწვალებს. ეს ნერვიულობის ნიშანია. ბოლო დღეებში რაღაც ისე არ მესალმება. დღეს დუელის სცენაზე რეპეტიცია შეწყვიტა. ძალიან არ მინდა ვიფიქრო,მაგრამ მგონი სხვას ეძებს ამ როლზე. ვინ შეიძლება იყოს? ნუთუ ზარნაძე- ის კოხტაპრუწა. ის გაუნათლებელი. სტანისლავსკი პარტიული მუშაკი რომ ჰგონია და „ქმედითი ანალიზი”- ცკ-ს მოხსენება. კარგად ვიცი, მამამისის მღვდლობას რომ მალავს. უნდა აღვიარო, როლისთვის გარეგნობით უფრო შესაფერისია, მერე ეს ხომ არ არის მთავარი? მაგრამ იმ დესპოტის ახირებებს ვინ ჩაწვდება. თუ მართლა მომხსნა როლიდან, მაშინ მე ვიცი... ლაერტ: ამ საქმეს თითქო სინიდისი ჩემი უარობს.”
ნათია გაოგნებული იყო. როგორ არ ესადაგებოდა ამ დღიურების დამწერის სახე მის საზოგადოებრივ იმიჯს. ბევრს ფიქრობდა, ეჩვენებინა, თუ არა ეს ჩანაწერები ლამარასთვის, რომელმაც აშკარად არაფერი იცოდა მის არსებობაზე. ბოლოს გადაწყვიტა, რომ არ იყო საჭირო. მობილურით ასლები გადაიღო და შეინახა.
„იმან გამომიძახა. ვეება კაბინეტში ორნი ვიყავით. რაღაცას წერდა კარგახანს. მერე თავი ასწია და შემომხედა. პენსნედან გამოსხლეტილ მის გამჭოლ მზერას თვალი ვერ გავუსწორე. -რა დაივიწყე სიფხიზლე, თუ გაგაბრუეს კონტრევოლუციონერებმა.- პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა, ასე იცოდა. -იქნებ თავიანთ მხარეზეც გადაგიბირეს! სვოლოჩი! დამაცადონ, ყველას მოუვლი! -რას ბრძანებთ, მე... -აბა რას მისჩერებიხარ მონუსხული კურდღელივით პირში გველს და ელოდები, როდის გადაგყლაპავს. გაინძერი ცოტა. ახლა საქმე დასწრებაზეა. -მიბრძანეთ, ამხანაგო, ვლადიმერ... -გაიგეთ, ეგ თქვენი ხულიგანი რეჟისორი კამლაძესთან არის ჩახუტებული, კამლაძე- სტალინთან. თუ დაგვასწრეს, პრაშჩაი, გალუბჩიკ მოი! -მაინც რა? მე მზადა ვარ. „მე მზა ვარ, მაგ საქმეში მოგყვე, ხელმწიფე!” -როგორ ვერ ხვდები. დვიგატსა ნადა! მოსკოვიდან მავნებელთა გამომჟღავნების მოცემულ გეგმას შესრულება უნდა. თეატრში ანტისაბჭოთა ორგანიზაცია რომ აქვთ ჩამოყალიბებული, ვერ ხვდები? -რომელი, მრჩეველთა დარბაზზე ბრძანებთ? ეს ხომ... -დურრაკ ნიშასტნი! დავიჯერო, ასე გულუბრყვილო ხარ. აბა პირდაპირ „ფაშისტურს” ხომ არ უწოდებდნენ. ბოროტმოქმედი ყოველთვის ნიღაბს ატარებს. ჯერ ერთი- რა საჭირო იყო სამხატვრო საბEჭოს პარალელურად ეს ბურჟუაზიული დანამატი. მერე ვერ ხედავ, რა ხალხია შეყვანილი წევრებად? ყველა ძველი ფედერალისტი და ყოფილი ეროვნულდემოკრატი. სად არის შენი პოლიტიკური სიფხიზლე. -მართალი გითხრათ, აქამდე ვერ ვხვდებოდი. ძალზედ ოსტატურად ინიღბებიან. -ხოდა მაგ ნიღაბს ჩამოხსნა უნდა. ისიც იცოდე, როცა ფაქტი არ არსებობს, მას ქმნიან. შენზე კარგად მაგას ვინ გააკეთებს. იმ ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფის მხილებაც ხომ შენი საქმეა. წადი, დროს ნუ ჰკარგავ.ხვალ მაგიდაზე უნდა მედოს შენი განცხადება, თუ არა და შენს თავს დააბრალე! „ლაერტ: არ გავექცევი მე დაწყევლას თუნდ საუკუნოს, არად ჩავაგდებ საიქიოს და სააქაოს. და რაც მომივა, მომივიდეს!”
„ჰამლეტის” პრემიერამ ბრწყინვალედ ჩაიარა. თუმცა მთავარი როლის შემსრულებელი შედარებით უფერულად გამოიყურებოდა. აპლოდისმენტები არ ცხრებოდა. ჩემმა ლაერტმა დიდი ტაში დაიმსახურა. მაგრამ ეს როლი აღარ მაკმაყოფილებს. წარმოდგენას პარტიული ამხანაგები ესწრებოდნენ. დასის საეჭვო ელემენტებისგან გაწმენდის შემდეგ ბევრი მსახიობი ახლებმა შეცვალეს. საკუთარ წარსულს რომ უმალავ პარტიას, რას ფიქრობ? ყველამ თავის თავს დააბრალოს! ლაერტ: მე ჩემსა დაშნას ზედ წავუსვამ სწორედ მაგ შხამსა...”
„დღეს ლიზიკოს შევხვდი. არტისტულ კაფეში ორნი ვუსხედით მაგიდას. ღელავდა. მითხრა, ჯობია ნუღარ შევხვდებითო. ეს საშინელება იყო. რატომ-მეთქი, რომ ვკითხე, არ მინდა მოგატყუო, სიმართლის თქმა კი არ შემიძლიაო. მაშინ ავფეთქდი, იქნებ ვინმეა ჩამდგარი ჩვენს შორის-მეთქი. არა, ჭორებს ნუ დაუჯერებო. რა ჭორებს, განა ჭორების ობიექტიც გახდი-მეთქი? თუ ასეა, შენზეც ლაპარაკობენ რაღაცებსო. სულ არ მაინტერესებს, მეშურნეები რას მიგონებენ, მე შენი ბედი მაღელვებს-მეთქი. მაშინ ცრემლები წასკდა და მითხრა, ძალიან გთხოვ, ნურაფერს მკითხავ. ერთი ვიცი, მე შენთან მართალი ვარო. გაოგნებული ვარ! მე კი უმსგავსი, უგრძნობელი, გაუბედავი, საქმეს ვექცევი, თითქოს მე არ შემეხებოდეს... მე ხომ მტრედის გულღვიძლი მიდგას და არც ნაღველა გამაჩნია, რომ ვიგრძნო რამე. ეს რომ არ იყოს, ყვავ-ყორანნი ამა ქვეყნისა იმ მონის მძორით უნდა დამეძღო...”
„საქართველოს პარტიის ცეკას მდივანს- ამხ ვლადიმერ ნოეს-ძე კვარაცხელიას!
მინდა გაცნობოთ იმ მდგომარეობის შესახებ, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ორგანიზაციაში ბოლო დროს თეატრში მოკალათებული ანტისაბჭოთა ელემენტების წყალობით. ხელოვნების მიმართ პარტიის გენერალური ხაზის გვერდის ავლით თეატრის ყოფილი მთავარი რეჟისორი დაადგა ბურჟუაზიულ-ფორმალისტურ გზას. რეპერტუარიდან ნელ-ნელა განიდევნა ჩვენი დიადი ეპოქის ამსახველი სპექტაკლები. სამაგიეროდ მომრავლდა უიდეო, მავნე უცხოური ავტორების პიესები. იდევნებიან ის პროგრესული ძალები, რომლებიც ამ ხაზს არ ეთანხმებიან. ამის მაგალითი თავად გახლავართ. ჩემი კრიტიკული მიდგომის გამო მომხსნეს ერთერთ როლზე და ის თავიანთი საიდუმლო ორგანიზაციის წევრს- უნიჭო მსახიობს მისცეს. ისინი, როგორც წესი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაზეც უკვე გწერდით. ეს ორგანიზაცია- ე.წ. „მრჩეველთა დარბაზი”, რომელიც რატომღაც სამხატვრო საბჭოს პარალელურად შეთითხნეს, აშკარად ანტისაბჭოთა სულისკვეთებას აღვივებს, ვითომდა ხელოვნების შირმით. ამაზე მეტყველებს მანიფესტი, რომელიც მძაფრი ნაციონალისტური სულისკვეთებით არის გამსჭვალული. გთხოვთ, მიაქციოთ თქვენი ყურადრება შექმნილ სიტუაციას და მიიღოთ ზომები, რათა შემთხვევითმა ადამიანებმა ხელოვნებაში ვერ შეძლონ ახალგაზრდობის გონების მოწამლა და ბურჟუაზიულ-დეკადენტური ესთეტიკის დამკვიდრება.”
ალ. ალიმბარაშვილი
„თეატრში მდუმარება გამეფებულა. აქტიორები საგრიმიოროში განმარტოების დროსაც კი ჩუმად საუბრობენ. ხალხი ერთმანეთს არ ენდობა. „იმათ” არავინ ახსენებს. ეს სასაფლაოს მდუმარებაა. „თითქოს ქვეყანა იყოს ბაღი, გაუმარგლავი, რაშიაც ხარობს მხოლოდ ღვარძლი...” ყველა გამირბის რატომღაც. მე რა შუაში ვარ? ის მოვიმოქმედე, რაც მევალებოდა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს.! გამოძიება ჩემი გეგმით როდი მუშაობს. ლიზიკოს დაკარგვა ძალზედ განვიცადე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისიც ამ სიბინძურეში იყო გარეული! როგორც ჩანს, იმან ჩაითრია. ეტყობა ამაზე მეუბნებოდა, სიმართლის თქმა არ ძალმიძსო. მე კი რა არ ვიფიქრე. ჩემთვის როგორია ყოფილი მეგობრების დამნაშავეებად აღმოჩენა? მაგრამ ყველამ თავის თავს დააბრალოს. როგორც ჩანს, ახლის შექმნა მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია.”
„1938 წ. 2 ნოემბერი. რა ბედნიერებაა!ქართული კულტურის დღეების მონაწილე მქვია. დელეგაციაში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, თეატრის წამყვანი მსახიობები, მოცეკვავეთა დასი და ხელმძღვანელი ამხანაგები შედიან. ცნობილ სასტუმროში დაგვაბინავეს. შაბათს კრემლში მოგვიწყეს მიღება. ბელადი განცალკევებით იდგა და თავისი თეთრი კიტელით რაღაც შარავანდმოსილად გამოიყურებოდა. უკან ერთ რიგად პოლიტბიუროს წევრი ამხანაგები ჩამწკრივებულიყვნენ დაძაბულად მომღიმარი სახეებით. ყველაზე წინ „ის” იდგა თავისი განუყრელი პენსნეთი და ყურადღებით ათვალიერებდა დარბაზს. ბელადი რაღაცას ესაუბრებოდა თავის ძველ სემინარიელ მეგობარს, რომელიც საგანგებოდ ჩასვეს დელეგაციაში. ამხანაგი სტალინი იცინოდა. ჩვენამდე ხმა ვერ აღწევდა. მერე მომღერალთა გუნდისკენ შებრუნდა. რაღაც უთხრა ლოტბარს, რომელმაც თავი დაუქნია ღიმილით. უცებ გაისმა დაგუდული „ჰარი-ჰარალალო, ნეტავი გოგო, მე და შენ”. ყურს არ დავუჯერე, ეს ბელადი იყო. ოღონდ ერთი ტაქტით დაბლა მღეროდა. გუნდი დაიძაბა. ქეთუსამ, რომელიც ამ სიმღერაში ქალის პარტიას ასრულებდა, უცებ აუღო ალღო. თუმცა ცოტა კი გაუჭირდა დაბალი ბგერების აღება:
„ნეტავი, ბიჭო, მე და შენ ყანები მოგვცა ტრიალი. მე და შენ ტყეში შეგვლალა, ყანები დარჩა ტიალი.”
განსაკუთრებით უჭირდა „ბიჭოს” წარმოთქმა. მისი პარტნიორი ხომ თვითონ ბელადი იყო. აი, მისამღერის დროც დადგა. ლოტბარმა იმარჯვა. გუნდიც დროზე გადავიდა შესაბამის ტონალობაზე, გადავრჩით. ეს სიგიჟე იყო. ქეთუსას სახე წაშლილი ჰქონდა. როგორც იქნა, სიმღერა დასრულდა. აპლოდისმენტებს ბოლო არ უჩანდა, ვიდრე ბელადმა ხელით არ ანიშნა- დაწყნარდითო. როგორც შემდეგ გაზეთებმა დაწერეს, ამ სიმღერას ახალგაზრდა სოსო ლადო აღნიაშვილის გუნდში მღეროდა, ოღონდ არა სოლოს. შეხვედრის ბოლოს პენსნეიანმა რამდენიმე მსახიობი გამოგვარჩია და ბელადის წინაშე წარგვადგინა. ჩემზე თქვა, დადიანის პიესაში ახალგაზრდა კობას ეს ასრულებს, სულ ახლახან ჰამლეტიც ითამაშაო. სტალინმა შემომხედა და გამიღიმა. იმ ღამეს არ დამძინებია.”
* * * ქალბატონი ზანდა მოუცლელი ჩანდა, ორჯერ გადადო შეხვედრა.თავაზიანად უბოდიშებდა, როგორც ჩვეოდა. ბოლოს, როგორც იქნა, შინ დაიბარა. მაგიდაზე პრინტერზე ამობეჭდილი ფურცლები ეყარა. ზანდა დაბალ სავარძელში ჩამჯდარიყო და ფეხი ფეხზე გადაედო. ნათიაც ჩამოჯდა. მასპინძელმა სიგარეტს მოუკიდა. -როგორ ხარ, დედუკა? -არა მიშავს. -საკმაოდ კარგად გამოიყურები, მინდა გითხრა. ნამშობიარევი ქალები რომ არიან მეორე დღეს. ნათიას გაეღიმა: -ჰო, როგორც იქნა, დავასრულე. -ძალიან კარგი! ხომ არ გაგიჭირდა, დედუკა, ლამარასთან რაიმე პრობლემა ხომ არ გქონია? -არანაირი. -საერთოდ არაფერი? -არაფერი მახსენდება ისეთი. რატომ მეკითხებით? -ისე, უბრალოდ. მოკლედ, წავიკითხე შენი შავი პირი. ფანტასტიურია! გილოცავ! კარგი ანალიზი გაქვს გაკეთებული. ეპოქისაც და ბატონი ალექსის აქტიორული განვითარების გზისა. მასალის ორგანიზებაც კარგად შეგძლებია. ვიცი, როგორი რთულია ზღვა მასალაში გაგნება. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დასძლევდი. შენ ხომ ჩემი ერთერთი გამორჩეული სტუდენტი იყავი.- ნათიას მოეჩვენა, რომ რაღაცისთვის ამზადებდნენ. -ოღონდ რაღაც მაინც არის გასასწორებელი, დედუკა! შენ ახალგაზრდა ხარ და შესაძლოა ეს ვერ გაითვალისწინე. ახალგაზრდობა ხომ ძირითადად რადიკალიზმით გამოირჩევა. დღიურების ციტირება რა საჭირო იყო, არ მესმის. ჩვენ ხომ ხელოვანი გვაინტერესებს და არა პიროვნება. ეს პიკანტური დეტალები არაფერს მატებს მის წარსულს. -კი, მაგრამ, ქალბატონო ზანდა... -ვიცი, ვიცი, რასაც იტყვი. პიროვნება და მისი ხელოვნება რამ გაყოო, ხომ გითხარი, ყველაფერი მესმის-თქო. მაგრამ , არის საკითხები, რომელთა გამო დუმილი სჯობს. არის ოჯახები, ვისაც ამ ფაქტების გამომზეურება ტკივილს მიაყენებს.- ზანდამ სიგარეტი ღრმად მოქაჩა. -კი, მაგრამ, საზოგადოებამ სიმართლე ხომ უნდა იცოდეს! -შენ გგონია, რაც შენ ახლა გაიგე, აღმოჩენაა?- ხელმძღვანელის სახეზე ფამილარობა ირონიამ შეცვალა. -ახალგაზრდები ყოველთვის თავდაჯერებულები არიან. საზოგადოებისთვის, ყოველ შემთხვევაში თეატრალებისთვის, ეს ამბები კარგახანია ცნობილია, ჩემო კარგო! ესეც და ბევრი სხვაც. მძიმე დრო იყო, წითელი ბორბლის პრესს ყველა ვერ უძლებდა. საზოგადოებას ყოველთვის უჯობს, თავი ქვიშაში ჰქონდეს ჩაყოფილი, ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მისი მშვიდი არსებობისთვის კერპებია საჭირო, კერპები კი მწიკვლს ვერ ჰგუობენ. -ქალბატონო ზანდა,- ნათია აღელდა. -თქვენ იცით, როგორ პატივს გცემთ, მაგრამ ასე შეკრეჭილის დაბეჭდვას მირჩევნია, საერთოდ არ გამოქვეყნდეს. ლოგიკური ჯაჭვი დაირღვევა. -ეგ შენი გადასაწყვეტია, ჩემო კარგო!- მასპინძლის ხმაში ცუდად შენიღბული სიბრაზე გაკრთა. -„მოამბე” ამ სახით ვერ დაბეჭდავს, გენაცვალე! ნამდვილად ვიცი ბატონი ალეკოს პოზიცია. თუ შენი შრომა არ გენანება...- ზანდამ მხრები აიჩეჩა. ნათია ახლა მიხვდა, რატომ იკითხა რედაქტორმა, მცირე სტატია რომ მიუტანა, ლამარამ თუ იცის ამის შესახებო. აი, რატომ უჭიანურებდა გამოქვეყნებას. ამ ტანდემს კომუნიკაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდესო- გაიფიქრა. -მოკლედ, მე გითხარი. დანარჩენი შენ გადაწყვიტე!- ზანდამ მუხლზე შემოდებული ფეხი ჩამოიღო. ნათია მიხვდა, აუდიენცია დასრულდა. წამოდგა.ხელი სწრაფად წამოავლო მაგიდაზე გაფანტულ ფურცლებს და ჩანთაში ჩაიტენა. მოეჩვენა, რომ ნაბეჭდი საოცრად დამძიმებულიყო.
2016, V
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ვანო.გლ. გეთანხმები სრული 100% -ით. დასკვნებიც მაშინ ჩამოვიყალიბე, როცა კოლმოგოროვის წიგნები ყურადღებით ვნახე. მიეზღოს სინდისისამებრ. იმიტომაც დაკარგა რუსეთმა მათემატიკოსები და საქართველომ ფიზიკოსები.
ვანო.გლ. გეთანხმები სრული 100% -ით. დასკვნებიც მაშინ ჩამოვიყალიბე, როცა კოლმოგოროვის წიგნები ყურადღებით ვნახე. მიეზღოს სინდისისამებრ. იმიტომაც დაკარგა რუსეთმა მათემატიკოსები და საქართველომ ფიზიკოსები.
11. ბატონ ლიჩელს ბოდიში, თემის გაოფებისთვის, მაგრამ ნეფერატრის ბოლო კომენტარს არ შემიძლია არ გამოვეხმაურო. კოლმოგოროვმა შეასრულა სახელმწიფო დაკვეთა: შექმნილიყო ისეთი სახელმძღვანელო რომ საშუალო უნარების ბავშვს ვერ დაეძლია, ხოლო ნიჭიერს ხელი შეწყობყობოდა და სწრაფად განვითარებულიყო. მან ეს დაკვეთა წარმატებით შეასრულა..შედეგი სახეზეა: ერთის მხრივ საზოგადოებას (პოსტსაბჭოურ ქვეყნებში) არ შეუძლია უმარტივესი ფაქტების გაანალიზება და შეცდომებს შეცდომებზე უშვებს და მეორეს მხრივ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათემატიკის ფაკულტეტზე რუსულად მოლაპარაკე შტაფი მთელის 65%. დასკვენები თქვენ გააკეთედ (რაც დავწერე ეს შეიძლება ჩაითვალოს 10-ის ბოლო წინადადების მხარდაჭერად). ბატონ ლიჩელს ბოდიში, თემის გაოფებისთვის, მაგრამ ნეფერატრის ბოლო კომენტარს არ შემიძლია არ გამოვეხმაურო. კოლმოგოროვმა შეასრულა სახელმწიფო დაკვეთა: შექმნილიყო ისეთი სახელმძღვანელო რომ საშუალო უნარების ბავშვს ვერ დაეძლია, ხოლო ნიჭიერს ხელი შეწყობყობოდა და სწრაფად განვითარებულიყო. მან ეს დაკვეთა წარმატებით შეასრულა..შედეგი სახეზეა: ერთის მხრივ საზოგადოებას (პოსტსაბჭოურ ქვეყნებში) არ შეუძლია უმარტივესი ფაქტების გაანალიზება და შეცდომებს შეცდომებზე უშვებს და მეორეს მხრივ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათემატიკის ფაკულტეტზე რუსულად მოლაპარაკე შტაფი მთელის 65%. დასკვენები თქვენ გააკეთედ (რაც დავწერე ეს შეიძლება ჩაითვალოს 10-ის ბოლო წინადადების მხარდაჭერად).
10. ქართული ამბები ვიცოდი, პროფესორ ლუზინის საქმე არ ვიცოდი. კოლმოგოროვი არამზადა რომ იყო, მათემატიკის წიგნებსაც ემჩნეოდა.
ქართული ამბები ვიცოდი, პროფესორ ლუზინის საქმე არ ვიცოდი. კოლმოგოროვი არამზადა რომ იყო, მათემატიკის წიგნებსაც ემჩნეოდა.
9. მეორე შენიშვნა სუნდა ვუპასუხო. იმდროის უბედურება ის იყო რომ ''დანოსი'' დმასახურებათ ეთველბოდათ....დაწინაურებისთვის და ბინის მისაღებათ დაწერილ განცხადებებეში აღნიშნავდნენხოლმე თავიანთ დამსხურებას. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას არალეგალურ ჟურნალ ''საქრთველოს მოამბეში'' რომლის რამდენიმე ნომერი 78-ში გამოიცა იყო დოკუმენტები, რომლებიც ''სასიქადულო მსახიობების'' როლს ააშკარავებდნენ ახმეტელის რეპრესიაში..
საქართველო რა თქმა უნდა გამონაკლისი არ იყო. მოსკოვში ბევრად უარესები ხდებოდა. ამ ოციოდე წლის წინ გამოქვეყნდა პროფ. ლუზინის საქმე..რამაც მთელი რუსული მათემატიკური სამყარო შოკში ჩააგდო, დაგვანახა რომ საბჭოთა პროპაგანდით კერპებათ ქცეული კოლმოგოროვი, ალექსანდროვი და სხვა უბრალოდ არამზადები ყოფილან. კარიერის ერთი საფეხურით მაღლა ასვლისთვის თავიანთი მასწავლებელი გაწირეს.
მეორე შენიშვნა სუნდა ვუპასუხო. იმდროის უბედურება ის იყო რომ ``დანოსი`` დმასახურებათ ეთველბოდათ....დაწინაურებისთვის და ბინის მისაღებათ დაწერილ განცხადებებეში აღნიშნავდნენხოლმე თავიანთ დამსხურებას. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას არალეგალურ ჟურნალ ``საქრთველოს მოამბეში`` რომლის რამდენიმე ნომერი 78-ში გამოიცა იყო დოკუმენტები, რომლებიც ``სასიქადულო მსახიობების`` როლს ააშკარავებდნენ ახმეტელის რეპრესიაში..
საქართველო რა თქმა უნდა გამონაკლისი არ იყო. მოსკოვში ბევრად უარესები ხდებოდა. ამ ოციოდე წლის წინ გამოქვეყნდა პროფ. ლუზინის საქმე..რამაც მთელი რუსული მათემატიკური სამყარო შოკში ჩააგდო, დაგვანახა რომ საბჭოთა პროპაგანდით კერპებათ ქცეული კოლმოგოროვი, ალექსანდროვი და სხვა უბრალოდ არამზადები ყოფილან. კარიერის ერთი საფეხურით მაღლა ასვლისთვის თავიანთი მასწავლებელი გაწირეს.
8. დიდებულია! შექსპირიც როგორ მოუხდა ჩვენს გაჭირვებულ ცხოვრებას! მართალია სანდრო ახმეტელს ჰამლეტი არ დაუდგამს..მაგრამ, რომ დაედგა დიდი ალბათობით ვასაძეს მოიწვევდა... დიდებულია! შექსპირიც როგორ მოუხდა ჩვენს გაჭირვებულ ცხოვრებას! მართალია სანდრო ახმეტელს ჰამლეტი არ დაუდგამს..მაგრამ, რომ დაედგა დიდი ალბათობით ვასაძეს მოიწვევდა...
7. „დღეს მძიმე დღე გვქონდა. თეატრს პარტიის ხელმძღვანელი ეწვია, იდეოლოგიის მდივანთან ერთად. ყველა ძალიან ვნერვიულობდით. მთავარმა რეჟისორმა რატომღაც რეპეტიცია არ შეწყვიტა და დირექტორის კაბინეტში დაგვიანებით შევიდა. მსახიობებისთვის არ დაუძახიათ. როგორც მოგვიანებით გამოვიდა ხმა, მდივნის შენიშვნაზე უპასუხნია, რომ მისთვის რეპეტიცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, მე კი იმდროინდელი რეჟისორი გამახსენდა.
„დღეს მძიმე დღე გვქონდა. თეატრს პარტიის ხელმძღვანელი ეწვია, იდეოლოგიის მდივანთან ერთად. ყველა ძალიან ვნერვიულობდით. მთავარმა რეჟისორმა რატომღაც რეპეტიცია არ შეწყვიტა და დირექტორის კაბინეტში დაგვიანებით შევიდა. მსახიობებისთვის არ დაუძახიათ. როგორც მოგვიანებით გამოვიდა ხმა, მდივნის შენიშვნაზე უპასუხნია, რომ მისთვის რეპეტიცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, მე კი იმდროინდელი რეჟისორი გამახსენდა.
6. ერთ დიდ, იმდროინდელ მსახიობზე მოარული ჭორი გამახსენდა.
ნიშანდობლივია, რომ ჩანაწერების ავტორი დარწმუნებულია თავისი ქმედების სიმართლეში, ახლის შესაქმელად მსხვერპლის აუცილებლობაში.
ერთ დიდ, იმდროინდელ მსახიობზე მოარული ჭორი გამახსენდა.
ნიშანდობლივია, რომ ჩანაწერების ავტორი დარწმუნებულია თავისი ქმედების სიმართლეში, ახლის შესაქმელად მსხვერპლის აუცილებლობაში.
5. კარგი ნაწერია...კითხულობ ერთი მსახიობის ამბებს და თვალწინ გიცოცხლდება მთელი ეპოქა...განსაკუთრებით მომეწონა ბელადის წამღერების ეპიზოდი...აქ ყველაზე კარგად ჩანს თუ რა მუხტი ტრიალებდა ზოგადად ,იმ დროს , ჰაერში...:) ადგილ-ადგილ კორექტურები შემხვდა, რასაც ავტორი ჩაასწორებს ერთი თვალის გადავლებით...:-*
მეც იგივე კითხვა გამიჩნდა, რაც იასონს ...:-* და თუ მაინც შემონახული ექნებოდა ალექსის თავის დღიურში საკუთარი "დანოსის" ამბები , ეს იქნებოდა დაწერილი ძალიან ირიბად, გაკვრით...რაღაც ამბავს თანმოყოლილი...აი, აუცილებლობას რომ მოითხოვდა მისი ხსენება, თუ არა, აც კი ახსენებდა...-წამოცდენასავით...
და კიდევ ის რომ , ეს ავტორი, ნებისმიერ თემაზე სანტერესოდ წერს ...ითრევს მკითხველს...
კარგი ნაწერია...კითხულობ ერთი მსახიობის ამბებს და თვალწინ გიცოცხლდება მთელი ეპოქა...განსაკუთრებით მომეწონა ბელადის წამღერების ეპიზოდი...აქ ყველაზე კარგად ჩანს თუ რა მუხტი ტრიალებდა ზოგადად ,იმ დროს , ჰაერში...:) ადგილ-ადგილ კორექტურები შემხვდა, რასაც ავტორი ჩაასწორებს ერთი თვალის გადავლებით...:-*
მეც იგივე კითხვა გამიჩნდა, რაც იასონს ...:-* და თუ მაინც შემონახული ექნებოდა ალექსის თავის დღიურში საკუთარი "დანოსის" ამბები , ეს იქნებოდა დაწერილი ძალიან ირიბად, გაკვრით...რაღაც ამბავს თანმოყოლილი...აი, აუცილებლობას რომ მოითხოვდა მისი ხსენება, თუ არა, აც კი ახსენებდა...-წამოცდენასავით...
და კიდევ ის რომ , ეს ავტორი, ნებისმიერ თემაზე სანტერესოდ წერს ...ითრევს მკითხველს...
4. "ნათია გაოგნებული იყო. როგორ არ ესადაგებოდა ამ დღიურების დამწერის სახე მის საზოგადოებრივ იმიჯს. " > ნახსენებია დღიური; "ოღონდ რაღაც მაინც არის გასასწორებელი, დედუკა! შენ ახალგაზრდა ხარ და შესაძლოა ეს ვერ გაითვალისწინე. ახალგაზრდობა ხომ ძირითადად რადიკალიზმით გამოირჩევა. დღიურების ციტირება რა საჭირო იყო, არ მესმის." >> ნახსენებია დღიური.
ვფიქრობ აუცილებელი არაა დღიური კალენდარს მიჰყვებოდეს. შეიძლება ათი წლის მერე გააკეთო ერთი ჩანაწერი, რომელიც მთლიანად იწონის სიცოცხლეს (მათ შორის ვიღაცის)...
ძალიან გამიჭირდა წაკითხვა "ცეკა-ტეკას" რომ გადავეყარე ნაწერში... მაინც გავედი ბოლოში. ვფიქრობ რაღაც აკლია-სავით, ფრთხილი ნაწერია, როგორიც საბჭოთა წლებს უხდებოდა. 37-იანების შემდეგ წლებს. ემოციურად უკეთესს ველოდი, რადგან სულ ველოდები ამ გვერდზე შედევრს. ამან და ამის წინამ ცოტათი კი გამიცრუა იმედი, მაგრამ ეგ არაფერია, ვიცი რომ აქ ერთ დღეს რაღაც არაჩვეულებრივს წავიკითხავ. "ნათია გაოგნებული იყო. როგორ არ ესადაგებოდა ამ დღიურების დამწერის სახე მის საზოგადოებრივ იმიჯს. " > ნახსენებია დღიური; "ოღონდ რაღაც მაინც არის გასასწორებელი, დედუკა! შენ ახალგაზრდა ხარ და შესაძლოა ეს ვერ გაითვალისწინე. ახალგაზრდობა ხომ ძირითადად რადიკალიზმით გამოირჩევა. დღიურების ციტირება რა საჭირო იყო, არ მესმის." >> ნახსენებია დღიური.
ვფიქრობ აუცილებელი არაა დღიური კალენდარს მიჰყვებოდეს. შეიძლება ათი წლის მერე გააკეთო ერთი ჩანაწერი, რომელიც მთლიანად იწონის სიცოცხლეს (მათ შორის ვიღაცის)...
ძალიან გამიჭირდა წაკითხვა "ცეკა-ტეკას" რომ გადავეყარე ნაწერში... მაინც გავედი ბოლოში. ვფიქრობ რაღაც აკლია-სავით, ფრთხილი ნაწერია, როგორიც საბჭოთა წლებს უხდებოდა. 37-იანების შემდეგ წლებს. ემოციურად უკეთესს ველოდი, რადგან სულ ველოდები ამ გვერდზე შედევრს. ამან და ამის წინამ ცოტათი კი გამიცრუა იმედი, მაგრამ ეგ არაფერია, ვიცი რომ აქ ერთ დღეს რაღაც არაჩვეულებრივს წავიკითხავ.
3. მადლბა, რომ კითკულობთ. თუ ყურადღება მიაქციეთ, ეს სხვადასხვა დროის ჩანაწერები იყო. დღიური არსად არ არის ნახსენები. მადლბა, რომ კითკულობთ. თუ ყურადღება მიაქციეთ, ეს სხვადასხვა დროის ჩანაწერები იყო. დღიური არსად არ არის ნახსენები.
2. მშვენიერი ნაწერია, უზადოდ გამართული. ერთი კითხვა მაინც მრჩება და გამხელილი ჯობს: დღიურებში შესაძლოა ყველაფერს გულახდილად წერდა, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რომ "დანოსის" წერილს თუ მის ასლს შეინახავდა "ალექსი" .
მშვენიერი ნაწერია, უზადოდ გამართული. ერთი კითხვა მაინც მრჩება და გამხელილი ჯობს: დღიურებში შესაძლოა ყველაფერს გულახდილად წერდა, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რომ "დანოსის" წერილს თუ მის ასლს შეინახავდა "ალექსი" .
1. ლაერტედან ჰამლეტამდე...
რამდენი ასეთი ისტორიაა აბლაბუდებს მიღმა, ჯერ კიდევ...
რატომ ჭირდება ყველა ეპოქას კერპი-უმწიკვლო კერპები?
გამართული მოთხრობა, ტრადიციულად.
ლაერტედან ჰამლეტამდე...
რამდენი ასეთი ისტორიაა აბლაბუდებს მიღმა, ჯერ კიდევ...
რატომ ჭირდება ყველა ეპოქას კერპი-უმწიკვლო კერპები?
გამართული მოთხრობა, ტრადიციულად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|