„მთვარის შუქზე ადამიანის ლანდი მოჩანს. ქალი შუა გზაზე მირბის. მანქანებს არ ერიდება, თავხედურად უჭრის გზას და წინ მიიწევს. მანქანები ყურისწამღებად წივიან, ყვირიან, ილანძღებიან... ქალი მათ არად აგდებს და ქშენით მიიწევს წინ. ქარში რძისფერი კაბა ტანზე ეტმასნება. თითქოს ვალსს ეცეკვება.. ხუთი წუთის შემდეგ ნაბიჯს ანელებს, ჩერდება..რამდენიმე წამის შემდეგ მიხვდა კიდევ რამდენი ჰქონდა გასავლელი და ადგილს მოსწყდა. თავისი ერთადერთი მგზავრი, მთვარე, მალულად აედევნა“. ვერ მივხვდი რამ გამომაფხიზლა. გაუგებრად წამოვიწიე საწოლიდან. ტელეფონი კიოდა. ალბათ მაღვიძარა თუ დავაყენე შეცდომით მეთქი ვიფიქრე და სივრცეში უმისამართოდ ავაფათურე ხელი. საათი.. წყლის ჭიქა...ბლოკნოტი... ფურცლები.. ტელეფონი.. ვიბრაცია მესიამოვნა და კარგად მოვუჭირე ხელი. ღმერთო ჩემო, მაღვიძარას სხვანაირი ხმა აქვს. ვიღაც მირეკავს. ღამის სამი საათი ხდებოდა. ტელეფონს დავხედე. სახელზე ჟრუანტელმა დამაყარა. გულში უსიამოვნოდ გამიარა რაღაცამ და სადღაც ჩაწყდა. გონებაში ვალაგებდი მისი ზარის სავარაუდო მიზეზებს. ყველა ავისმომასწავებელი იყო. ტელეფონი ისევ გამგმინავად კიოდა... გავბედე და ვუპასუხე. ....... გაოგნებული დავჯექი საწოლზე. ვგრძნობდი, რომ მკერდიდან გული მივარდებოდა. უსიამოვნო შეგრძნებებმა მთელ სხეულში დაიწყეს სიარული, აღარსად წყდებოდნენ... თავში ცივმა ტკივილმა დამარტყა. გამიორმაგდა თავი.. გამისამმაგდა. გულის ფეთქვას თითებშიც კი ვგრძნობდი. წყალი დავლიე. ვცდილობდი გადამეხარშა მომხდარი, მისი სიტყვები, მაგრამ ტვინი არ მპასუხობდა. ცივი იყო. არც ერთი აზრი არ დაგორავდა თავში. მხოლოდ უაზროდ ვაფახუნებდი თვალებს. უკუნეთ სიბნელეში ვხედავდი, რომ ტკივილის ფერი ვხდებოდი. ნელ-ნელა დავპატარვდი, გავნახევრდი, მუჭისხელა გავხდი. გაქრობა ვინატრე, მაგრამ არ გავქრი. ისევ დავწექი. მოვიკუნტე. თვალები დავხუჭე და გამახსენდა ზარი, მისი ხმა, ცრემლები, მისი სიტყვები, მისი ფერი.. თვალები გავახილე. ახლა რა ვქნა? ახლა რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? ფიქრებმა დამცინეს და გამშორდნენ. თავში მხოლოდ ქვიშიანი უდაბნო მქონდა, სადაც ქარიც კი არ ქროდა. ყველაფერი გაშეშებული იყო. თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე. როგორც არასდროს, ისე ვთხოვე ძილს ჩემთან მოსულიყო და ეს კოშმარი სიზმრად ექცია. რაღა დღეს? რაღა ამ შუა ღამისას? რაღა მე? რაღა ჩვენ?
„სახლს მიუახლოვდა. ამოისუნთქა. საიდანღაც უფრო მეტი ენერგია გაუჩნდა, გაძლიერდა, გაორდა, გასამდა. ნაბიჯს შეუნელა და გამართული წავიდა სახლისკენ. ელვა ვარდისფრად იკლაკნებოდა მეწამულ ცაზე. სახლი ბუნდოვნად ჩანდა ნისლში. შესასვლელიც არ უჩანდა იმ მხრიდან, საიდანაც ქალი მიდიოდა. მარჯვნიდან შემოუარა. მთვარეს ღრუბელი ამოფარებოდა. მხოლოდ სიფრიფანა ელვა თუ გაუნათებდა ხანდახან გზას. აი კარი. რამხელა სახლი ყოფილა. თითქოს უფრო პატარა ახსოვდა. გული ძლიერად უფეთქავდა. ყოყმანობდა, მაგრამ ფიქრის დრო აღარ იყო. სახელური ჩამოსწია და სიბნელეში გაუჩინარდა“. დედა.. როგორ მინდა ვთქვა, რომ ბუნდოვნად მახსოვხარ. ასე უფრო გამიმარტივდება შენზე საუბარი. მაგრამ დედა მკაფიოდ მახსოვს ყველა ასაკში. მისი ჩაცმულობა, ქცევა, ლაპარაკი, სუნი, გაბრაზება.. ყოველი სიტყვა. გამომეტყველება. ინტონაციაც კი. ულამაზესი ქალი იყო. გამართული, ჯეირანივით სიარული იცოდა, ქუჩაში ყველა თვალს აყოლებდა. ძალიან მკაცრი იყო. ყოველთვის ბევრ შენიშვნას მაძლევდა, მეგობრებთან კამათის დროს მე მადანაშაულებდა და მათთვის ბოდიშის მოხდას მთხოვდა, ხშირად მსჯიდა, მცემდა კიდეც, მაგრამ ძალიან თუ ვაწყენინებდი ოთახში იკეტებოდა და ჩუმად ტიროდა. ძალიან ძლიერი და სამართლიანი ქალი იყო. ყველა პატივს სცემდა. ის რომ ლაპარაკობდა ყველა ჩუმდებოდა. თუ ვინმე ჩაეჩრებოდა ლაპარაკში თვითონ ჩუმდებოდა და ხმას აღარ იღებდა. ყველაზე მეტად ტყუილისთვის მსჯიდა. ჩემს საყვარელ წიგნს მიმალავდა და სანამ არ ვაღიარებდი შეცდომას, არ მაძლევდა. რამდენიმე მეგობართან ურთიერთობას მიშლიდა. მეუბნებოდა, არ ვიცი, ან შენ არ ხარ მათი ღირსი, ან ისინი შენიო. არასდროს არ მომფერებია. არასდროს არ უთქვამს ერთი თბილი სიტყვაც კი. რაიმე ღირსშესანიშნავ დღეს სხვა დედები გულში თუ იკრავდნენ შვილებს, კოცნიდნენ და ეფერებოდნენ, დედა მხოლოდ მიღიმოდა. თვალებით მიღიმოდა, უსიტყვოდ. მე სხვა დედების ღიაობა უფრო მიკვირდა და მეხამუშებოდა, ვიდრე დედაჩემის დუმილი. 21 წლის ასაკში პრიმა ბალერინა გავხდი და კონცერტის შემდეგ დედამ პირველი და უკანასკნელი შექების გამომხატველი სიტყვა მითხრა: - ყოჩაღ. მერე ერთად წამოვედით, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. ღამით მისი ქვითინი მესმოდა. ზოგჯერ მეგონა არ ვაინტერესებდი, ვეზიზღებოდი. მისთვის სულ ერთი ვიყავი. ერთხელ ჩემს ოთახში შევუსწარი დღიურს კითხულობდა. გავოგნდი. არ მეგონა ჩემი აზრების წაკითხვა თუ უნდოდა. ჩემთან ლაპარაკს რომ იწყებდა მე ჩუმად ვიყავი. არ ველაპარაკებოდი. მხოლოდ თავს ვუქნევდი. ბავშვობაში რომ მეჩხუბებოდა მაშინაც ვდუმდი. ალბათ მეც ჩვევად მექცა სიჩუმე. ალბათ გადამდებია. არადა ვხვდებოდი თვითონაც უჭირდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ პასუხს მაინც არ ვცემდი. ვერ ვცემდი. არ შემეძლო მასთან საუბარი. დედაჩემთან საუბარი.. და ასე უსიტყვოდ ვცხოვრობდით ერთად. მეშინოდა მისი? კი, ძალიან მეშინოდა. მეშინოდა მისი ცუდად ყოფნის, მეშინოდა მისი ტკივილის, მისი სიჩუმის. ისე მეშინოდა, რომ ღამღამობით ხშირად ვიღვიძებდი და ყურადღებით ვუსმენდი სუნთქავდა თუ არა. სამყაროში ჩემს სიკვდილზე მეტად მისი სიკვდილის მეშინოდა. სიგიჟემდე მიყვარდა... „სიბნელეში ხელებს აცეცებდა. ჯერ მხოლოდ სიცარიელე ხვდებოდა ხელში. ფრთხილად, დაძაბული დგამდა ნაბიჯებს. ცდილობდა თვალები უფრო ფართოდ გაეხილა. თვალებში ვარდისფერი ელვის ტეხილი ედგა. წინ გაწვდილ, გაშეშებულ ხელში ხის საგანი იგრძნო. მოდუნდა. ბოლოს რამდენი წლის წინ იყო ამ სახლში. კარგად აღარ ახსოვდა. შეიძლება შეუცვალეს კიდეც ნივთებს ადგილი. მაგრამ კიბეს ხომ ვერ გადადგამდნენ. ჰო, კიბეა. საოცრად გაუხარდა. ისევ აჩქარდა. 1... 2... 3... შიშნარევი სითამამით ადიოდა საფეხურებზე. იქნებ არ ღირს? იქნებ გვიანია? მაგრამ შეიძლება ადრეა კიდეც.. ფეხის ყოველ დადგმაზე ჭრიალებდა საფეხური და ქალიც უფრო კრთებოდა. მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. იქნებ არ უნდა მოვსულიყავი?!“ სიჩუმემ გამაღვიძა. უსაზღვრო დუმილისგან ყურები მეტკინა. წამძინებია. ფანჯრიდან ვერცხლისფერი სხივები იღვრებოდა. 6 საათი ხდებოდა. ავდექი. სიცივე ფეხებით შევიგრძენი. იატაკი ყინულივით ცივი იყო. უცებ გავტყაპუნდი, თაროდან პატარა ყუთი ჩამოვიღე და ისევ ჩავწექი. სითბო შემომეხვია. რამდენი ხანია ეს ყუთი არ გამხსენებია. არადა ბავშვობის ყველა მოგონებას მასში ვინახავდი. სათუთად გავხსენი და მოგონებების უსაშველო ორომტრალში ჩავიძირე. რა აღარ იყო ყუთში: კენჭები, ნაჭრის ნაფლეთები, სამაჯურები, ბარათები, პატარა თოჯინა, თილისმები, ძველი დღიური, სანთლები, სურათები. თითეული ნივთი ჩემი წარსული იყო, ჩემი ნაწილი იყო.. მე ვიყავი... მამას დედა დიდი ხანი უყვარდა. მაგრამ დედაჩემი ძალიან ამაყი იყო და არც კი უფიქრია, რომ შეიძლებოდა ოდესმე ვინმესთვის თავი გაეყადრებინა. მამას მეტი რომ აღარ შეეძლო დედა მოიტაცა. დედას დიდი ხანი უფიქრია და მოტაცებული რომ არ დარქმეოდა უთქვამს, ახლა ჩემს სახლში გამიშვი და ხვალ ჩემი ნებით გამოგყვებიო. მეორე დღეს დედა გათხოვდა. დედას მამა არ უყვარდა... ფეხმძიმე დედაჩემის სურათი ავიღე. თეთრი კაბა ეცვა და თავზე გვირილების გვირგვინი ედგა. ალბათ მამამ გადაუღო.. ერთხელ დედა და მამა ჩემთვის პაწაწინა ტანსაცმლის საყიდლად მიდიოდნენ მაღაზიაში. გზაში ქორწილის მანქანები შეხვედრიათ. უცებ მამას მანქანას წინ ლეკვი გადმოხტომია. მამამ ლეკვს ააცილა, მაგრამ მექორწილეებს შეეჯახა. 5 კაცი მოკლა. ახალდაქორწინებულებიც. მამაჩემი დაიჭირეს. 23 წლით. 23 წელი მარტო ვცხოვრობდით მე და დედა. 23 წელი კაცს არ დაუდგამს ფეხი ჩვენს ოჯახში. 23 წელი არ გვილაპარაკია მე და დედას მამაზე. ან რა უნდა გველაპარაკა მასზე, ვინც არ არსებობდა ჩემთვის. ჩემთვის მხოლოდ მამაჩემი კი არ იყო უცხო, არამედ ზოგადად, მამა. ვერ ვხვდებოდი მამის ადგილს, მამის როლს. არ ვიცოდი. არ შემეძლო. არც მიჭირდა მამაზე საუბარი, რადგან მამა მხოლოდ ოთხი ბგერა იყო ჩემთვის. ამ ამბის გაგების შემდეგ მხოლოდ დედაჩემის ქმარი მტკიოდა, და არა მამა. დედაჩემის ქმარი არ მინახავს 23 წელი. და არა მამა... უემოციოდ ვათვალიერებდი მის სურათებს. გრძნობა მხოლოდ საერთო ნაკვეთების პოვნისას მქონდა. მეღიმებოდა. მიკვირდა. ადრე თვალებიც მიცრემლიანდებოდა. ახლა მხოლოდ ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. ზუსტად ვიცოდი სული სადაც მქონდა. რადგან სული მტკიოდა. დედა მტკიოდა. რა უნდა ქნას? ნეტა არ იტიროს... მარტო გავუშვა თუ გავყვე... როგორ უნდა იცხოვროს?! ნეტა უყვარს?! ხომ შეიძლება ეზიზღებოდეს.. ადანაშაულებდეს.. რამდენის ცხოვრება აურდაურია მამამ... დედაჩემის ქმარმა.. აპატიებს?! ფიქრებისგან თავი ამტკივდა. ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი. ცრემლები ჩემში გამეფებული ტკივილის ყველაზე მდაბიო გამოხატულება იქნებოდა. ვერ ვხვდებოდი რა მექნა. მე და დედა 5 წელია ერთად აღარ ცხოვრობდით. ჯერ ისედაც შორს ვიყავთ ერთმანეთისგან და ფიზიკურმა მანძილმა უფრო დაგვაშორა, უფრო აგვატკია ერთმანეთი. მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. მხოლოდ მისთვის ვაკეთებდი ყველაფერს. ჩემით რომ ეამაყა. ვიცოდი მხოლოდ გამიღიმებდა ჩემი წარმატების გაგებისას, მაგრამ ეს ღიმილი ყველაზე ძლიერ ჩახუტებას მერჩივნა. დედაჩემის შეკერილი თოჯინა მომხვდა ხელში. 6 წლის რომ გავხდი დედამ ჯერ ჩემთვის შეკერილი ვარდისფერი კაბა ჩამაცვა, შემდეგ იმავე ტანსაცმელში გამოწყობილი თავისი შეკერილი თოჯინა მაჩუქა, რომელსაც თვალების მაგივრად ორი ლურჯი ღილი ჰქონდა. თურმე თვალებით მამას ვგავარ. შავ-თეთრ სურათებში მამის თვალის ფერს ვერ ვარჩევდი. მერე მითხრა დედამ ლურჯი თვალები აქვს, შენსავითო. წარსულის გახსენებამ გამაღიმა, ტკივილი შემიმსუბუქა. ყუთი ისევ თაროზე დავაბრუნე. ფარდა გავწიე. დღის სინათლე შემოიჭრა ღამის უსაშველო უკუნში. ღამემ თავისი სასტიკი ძალები ამოწურა და ნებდებოდა. დედასთან უნდა წავსულიყავი. ვიცოდი არ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ მის შინაგან ტკივილს გავიზიარებდი. მხოლოდ ახლა დავფიქრდი, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს სანამ დამირეკავდა. ჩვენ ხომ 2 თვეა არ გვილაპარაკია. მხოლოდ ახლა გავიაზრე მისი ტკივილი, რომელმაც ხმაც კი ამოაღებინა. სასწრაფოდ ჩავიცვი და დედასთან წავედი. „30... 31... რამდენი საფეხური ჰქონია ამ კიბეს. მგონი დავბერდი. იქნებ ისიც დაბერდა - ფიქრობდა ქალი. გაუბედავად დადგა ფეხი ბოლო საფეხურზე. სად იქნება?! კაბინეტში?! საძინებელში?! ბიბლიოთეკაში?! ქალი ერთბაშად დამშვიდდა. საძინებლის კარი ნახევრად ღია იყო. იქიდან წარსული სიმყუდროვის შუქი გამოდიოდა. იატაკი ისევ აჭრიალდა. ქალი კარებს მიუახლოდა. აქ არის!!. მისი სუნთქვა ესმის. ღრმა სუნთქვა. ასე არასდროს ყოფილა თავის თავში დაურწმუნებელი. იცოდა კარებს თუ შეაღებდა რაღაც ახალი მოხდებოდა. რაღაც სიძველენარევი ახალი. იქნებ არ იყო ამისთვის მზად?! რატომ წამოვიდა საერთოდ. უკან დახევის დრო აღარ იყო. მის ცხოვრებას ცვლილება სჭირდებოდა. და ეს სიახლე კარის მიღმა ღრმად სუნთქავდა. კარებს უფრო ძლიერად მიაწვა და ლურჯ თვალებს წააწყდა. არ ელოდა ასეთ სიღრმეს.. ლურჯ თვალებში 23 წელი ეწერა. არა უბრალოდ ეწერა, არამედ კადრებად გადიოდა... არც ერთს არ გაუღიმია. რამდენიმე წუთი უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს. ქალმა სრულიად უადგილო საგანი შენიშნა და მთელი გულით ინანა თავისი ცხოვრების ყველა წუთი... თოფის ხმამ ქალი შეაკრთო. უჩუმრად მივიდა მაგიდასთან. არც წერილი.. არც რაიმე სიტყვა.. ერთი სიტყვა მაინც. თუნდაც ბგერა... რაიმე დაეტოვა... ტკივილის გარდა დაეტოვა რაიმე. ქალის ცხოვრების ჩათვლით 7 ადამიანის ცოდვა წაიღო და წავიდა“. ბოლოს ამ სახლში 5 წლის წინ ვიყავი. ყველაფერი ისევ ისე იყო. ხელშეუხებელი. დედაჩემიც კი უცვლელად იჯდა თავის სავარძელში. ისევ ისე მიყურებდა. ოღონდ თვალებში სევდისფრად გაჰკრავდა ნაცრისფერი. არ ვიცოდი რა მეთქვა, რა მექნა... ჩემთვის მოულოდნელად მივედი, ძირს დავჯექი და თავი კალთაში ჩავუდე. თავზე ხელი დამადო. ეს იყო სამყაროში ყველაზე მძიმე, თბილი და მზუნველი ხელი. ჩვენ ყოველთვის მარტოები ვიყავით და თან არც ვიყავით მარტოები. ერთმანეთი გვყავდა და თან არც გვყავდა. ერთმანეთის გვესმოდა და არც გვესმოდა. მაგრამ ვიცოდი რომ ის იყო და მანაც იცოდა, რომ მე ვიყავი და ეს გვყოფნიდა. საღამომდე ასე ვიყავით. არც ერთს ამოგვიღია ხმა. ახლა დღე დანებდა ღამეს. ფარ-ხმალი დაყარა და ძალების აღსადგენად მიიმალა... საიდანღაც ძაღლების გაბმული ყეფა ისმოდა. ნელ-ნელა ეს ხმაც დაპატარავდა და მიიკარგა. მამა მომიკვდა. მამა, რომელიც არც არასდროს მყოლია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა შეფასებებისთვის <3 პ.ს. არც მე მომწონს ფინტიკოზა, მაგრამ 11 წლის რომ ვიყავი მაშინ დავრეგისტრირდი აქ და ახლა სახელს ვეღარ ვიცვლი :) მადლობა შეფასებებისთვის <3 პ.ს. არც მე მომწონს ფინტიკოზა, მაგრამ 11 წლის რომ ვიყავი მაშინ დავრეგისტრირდი აქ და ახლა სახელს ვეღარ ვიცვლი :)
6. ძალიან არეული და ამასთან სუსტი თხრობაა. უბრალოდ რეალობის მხატრულად გადმოცემის მცდელობა იყო, მაგრამ აკლია გამხატვრულება. ავტორი: ფინტიკოზა1997 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 0 ძალიან არეული და ამასთან სუსტი თხრობაა. უბრალოდ რეალობის მხატრულად გადმოცემის მცდელობა იყო, მაგრამ აკლია გამხატვრულება. ავტორი: ფინტიკოზა1997 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 0
5. მართალია აიზეკაზიმოვი. ფინტიკოზა რა სახელია? მართალია აიზეკაზიმოვი. ფინტიკოზა რა სახელია?
4. ძალიან საინტერესო იყო. ის ქალი დედაჩემს მაგონებს. პ.ს. სახელი გადაირქვი რა ძალიან საინტერესო იყო. ის ქალი დედაჩემს მაგონებს. პ.ს. სახელი გადაირქვი რა
3. იასონ, ქალის პერსონაჟი საოცრად ძლიერი პიროვნებაა, რომელიც უსიყვარულოდ გათხოვდა და უქმროდ ზრდიდა შვილს. არანაირ ემოციას არ გამოხატავდა არასდროს. ყველაფერს თავის თავში იკლავდა. ჰოდა, მე ასე წარმოვიდგინე, რომ თოფის ხმა მხოლოდ შეაკრთობდა მას და პანიკაში არ ჩააგდებდა <3 . შენს წარმოსახვას თუ შევეწინააღმდეგე, მაპატიე <3 დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ)) . იასონ, ქალის პერსონაჟი საოცრად ძლიერი პიროვნებაა, რომელიც უსიყვარულოდ გათხოვდა და უქმროდ ზრდიდა შვილს. არანაირ ემოციას არ გამოხატავდა არასდროს. ყველაფერს თავის თავში იკლავდა. ჰოდა, მე ასე წარმოვიდგინე, რომ თოფის ხმა მხოლოდ შეაკრთობდა მას და პანიკაში არ ჩააგდებდა <3 . შენს წარმოსახვას თუ შევეწინააღმდეგე, მაპატიე <3 დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ)) .
2. მომწონს ემოციური ფინთიკოზა.ს ამბები.
მიხარია რომ გამოჩნდი! მომწონს ემოციური ფინთიკოზა.ს ამბები.
მიხარია რომ გამოჩნდი!
1. "თოფის ხმამ ქალი შეაკრთო" ? მალადეც, ძაან მაგარი გული ჰქონია, ბევრ მეომარზე უფრო მაგარი.
ხოდა ბოლო სტრიქონი ჯობდა ასეთი არ ყოფილიყო.
საერთოდ, საინტერესო იყო.
"თოფის ხმამ ქალი შეაკრთო" ? მალადეც, ძაან მაგარი გული ჰქონია, ბევრ მეომარზე უფრო მაგარი.
ხოდა ბოლო სტრიქონი ჯობდა ასეთი არ ყოფილიყო.
საერთოდ, საინტერესო იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|