ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2016


გამართლება და სხვა ტექსტები

გამართლება

ყველაფერი მარტივად შეგიძლია
მოაწყო.
გაჩერებაზე მისვლისთანავე თუ ავტობუსი მოვიდა -
ე.ი გაგიმართლა!
რატომ უნდა დაემდურო ცხოვრებას?
ადექი და პატარა გამართლებაც აღნიშნე.
იყიდე რამე იაფფასიანი გაზიანი სასმელი
ჩააწვეთე შიგ - გაჭრილი თითის დასამუშავებლად
გადანახული არყის წვეთები
და მოიყუდე.
ეგაა ცხოვრება,
რომ გაგიმართლებს და
ბოლომდე ირგებ.

*******************************
უცოდველი კაცივით
გავრიყე საკუთარი თავი...
არაფრის თქმა არ
მსურს.
პირამიდების ხიბლი,
საიდუმლოშია.
იყავი ჩუმი და
იქნები საინტერესო...
გინდა იგლოვო?
-დაწერე!
ან სამზარეულო დაალაგე
ისე თითქოს ვინმეს ელოდე.
არავინ მოვა,საკუთარი თავის გარდა!
ეგეც საქმეა-
საკუთარი თავი რომ დაგეწვევა სადილზე...
*****************************
ყველაფერს ეჩვევი კაცი,
სიკვდილს განსაკუთრებით მარტივად.
ერთ დილას თვალს გაახელ
განვლილ დღეებს გონებაში მიმოიხილავ
ყველაფერს შეკრებ,დააჯამებ,
და მიხვდები რომ მკვდარი ყოფილხარ.
და რა?! -არაფერი.
დგები,სამზარეულოში გადიხარ,
ჭამას იწყებ.
ესეც ასე:
შენი პროტესტი დაიბადა ,როგორც არწივი
და მიიცვალა ,როგორც პეპელა.
შენ შეერწმი გზას სამზარეულოდან
ტუალეტამდე და
პირიქით.
**********************
როცა ვერც კითხულობ.
ვერც წერ
და
ვერც სასურველ ქალს ეხვევი
უნდა ადგე და
სამი ჭიქა არაყი გადაკრა.
სამჯერ აგემო სიმწარე
სხეულს.
სოლიდარობა, რომ
იგრძნოს
სულმა.
*************
შენი ხელები მომენატრა,
ჩემს მხრებზე
მჭიდროდ შემოწყობილი...
გაძარცვულ შენობასავით
ყველგან მამჩნევია
შენი თითების
ანაბეჭდები.
**********************
არაფერი არ უნდა შეცვალო...
ყველა განშორება
შენს
ცხოვრებაში
იქნებ იმისთვის მოეწყო,
რომ
მერე ბედნიერი
შეხვედრა
შედგეს!
*****************************
როგორ უნდა გაიყვანო კაცმა ათი საათი,
როცა იცი,რომ ათ საათში ის მოვა. -
შეგიძლია ადგე და წინ და უკან იარო
ლექსები წერო ან
დაუწერელ
ლექსებზე
იფიქრო.
იკითხო წიგნები
ან საკუთარი ძველი ნაწერები,
რომლებიც უკვე აღარ გეკუთვნის შენ.
შეგიძლია დალიო
და კედელს
თავი
ურტყა
ან სულაც საწოლში მიიყუჟო -
და ძილს მოახრჩობინო
ლოდინის დრო.
ყველაფერი შეგიძლია მოიფიქრო,
ყველაფერი შეგიძლია გააკეთო,
მაგრამ დაკარგულ ათ საათს
ვინ დააბრუნებს?
*****************************
თქვენ ხომ არ იცით,
რა
რთულია
დაბადო ლექსი.
და
უფრო
რთული-
დაბადებამდე
მისი ტარება.
*************************
უნდა
ისწავლო
ლექსების მოთმენა,
რომელთაც ვერ წერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები