ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2016


მიჯნა


О, знал бы я, что так бывает,
Когда пускался на дебют,
Что строчки с кровью - убивают,
Нахлынут горлом и убьют!

ბორის პასტერნაკი.
                       
                                                              მიჯნა


                        რა თქმა უნდა, საამისო მიზეზი ბევრი ჰქონდა, მაგრამ წამითაც არ უნანია. პატარა ამბავი ხომ არ არის, თექვსმეტი წლის ასაკში თვითმკვლელობით ახალი ცხოვრების დაწყება. კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ერთი ნახევარი მოკლა საკუთარი თავის, რადგან იმას, რამაც ხელახალი დაბადების შემდეგ სრულებით დაიკავა მისი არსება, ხელახალ დაბადებამდეც ეჭირა მისი არსების ერთი ნახევარი. მოკვდა თუ არა ხელახლა დაიბადა, რადგან აუცილებლად უნდა შევსებულიყო მისი სიცარიელე.
                        ვინ სისუსტედ აღიქვამს თვითმკვლელობას, ვინ სიძლიერედ. ცდებიან. შეუძლებელია თკივილთა მიჯნაზე გადაბიჯების შემდეგ ჩადენილ საქციელს ან ერთი ეწოდოს, ან მეორე.
                        უცნაურად კი შემოაკვდა საკუთარი თავი. მხოლოდ ხალხისთვის  თავის შეყვარებას ცდილობდა. შეაყვარა კიდეც, მაგრამ ისე, რომ მხოლოდ თვითონ იცოდა. ბავშვებს, ზოგადად, უყვართ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, მეტიც, სხვაგვარად სიცოცხლე არ შეუძლიათ, ვინაიდან მათთვის ეს ხშირად ერთადერთი გზაა საკუთარი თავის დაფასებისა. ჰოდა, ისე შეეჩვია სიკვდილზე ფიქრს, როგორც პატარა ბავშვი ეჩვევა სრულიად უცხო კაცს, თუმცა პატარა ბავშვი ისევე ადვილად თმობს უცხო კაცს, როგორც ეჩვევა, ამან კიდევ ვერაფრით დათმო სიკვდილზე ფიქრი, რამაც დაღუპა კიდეც. იქნებ იმ იმედითაც იკლავდა თავს, რომ ვინმეს მშიერი ლეკვივით აედევნებოდა მისი მონატრების განცდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნანია. უცნაურად კი ჟღერს: საკუთარი თავი შემოაკვდა; მაგრამ სხვაგვარად როგორ შეიძლება ეწოდოს ადამიანის წარმოსახვისა და რეალობის გადაკვეთით განპირობებულ სიკვდილს.
                        როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ის თექვსმეტი წელი, მხოლოდ სიკვდილთან შეგუებისთვის უცოცხლია. როცა საბოლოოდ შეეგუა სიკვდილს, მაშინვე დასჭირდა ხელახლა დაბადება, მიხვდა, რაიმე ისეთი უნდა შეექმნა, მოგვიანებით რომ გააცოცხლებდა. არჩევანში კი არ გაუმართლა. აკი ეუბნებოდნენ, ცხოვრება ფორტეპიანოს გავსო, მისი კლავიშებივით მოკლეა, მაგრამ რისი შექმნაც მისგან შეიძლება უსასრულოაო; ეს კიდე, მაინც და მაინც, ანბანს მიადგა...
რა შექმნა ანბანის გამოყენებით, ეს სხვა საკითხია, თუმცა, ეს კია, არაფრისგან უწევდა ყველაფრის შექმნა, როგორც ღმერთს - ტალახისგან ადამიანის. ტალახისგან კიდევ ღმერთმა რა შექმნა, ამას რომ რამე კარგი შეექმნა... იქნებ თვითმკვლელობით უფალს ქმნილებაც  კი დაუწუნა და საკუთარი თავის ხელახლა შექმნა დაიწყო. თუ ასეა, მაშინ ტალახზე გაცილებით უკეთესი რამ გამოუყენებია საკუთარი მიზნის მისაღწევად, მოგვიანებით, თვითონვე ატყობდა, თავისსავე პირველ ჰიპოსტაზს ბევრად რომ აღემატებოდა. ისიც ქონდა გაგონილი, ადამიანს რაც არ კლავს, ის აძლიერებსო. სწორედ ამ გამოთქმის წყალობით მიხვდა, ჩვეულებრივი ადამიანებისაგან რომ განსხვავდებოდა, თორემ, სხვაგვარად, რამაც მოკლა, ის ვერ გააძლიერებდა.
                        რა თქმა უნდა, ახლა ეცინება საკუთარ წარსულზე, იმ თვისებებზე, რომლებიც ერთდროულად თან გამოარჩევდა მდაბიო ადამიანებისაგან, თან მათსავით მდაბიოს ხდიდა... აწმყოში, ცოტა არ იყოს, სინამდვილე დაკარგა, (ან პირიქით, სინამდვილემ დაკარგა) თუმცა ამაზე ნაკლებად დარდობდა, რადგან ადამიანისთვის ყოველთვის ის არის ნამდვილი, რასაც ეჩვევა. სიკვდილზე ფიქრი ისევ უყვარდა, ან რა გადააყვარებდა ფიქრს იმაზე, რაც ერთადერთ გარდაუვალობათ მიაჩნდა.  წარსულზე ფიქრისას გული თითგამოკრული სიმივით უცახცახებდა, საკუთარი მეტამორფოზის გახსენება კი მაინც სიამოვნებდა. იხსენებს ხოლმე, როგორმა გაკვირვებულმა წაიკითხა პირველად სადარბაზოს კედელზე მინაწერი სტრიქონები:
                                    "რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
                                    წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან."
სიტყვები რომ ბოლომდე გაიაზრა, საშინელი სიცარიელე იგრძნო. ბალახი რომ აუცილებლად დაიტოვებდა მისგან რაღაცას, ეს ნამდვილად იცოდა, (მისი სიდუხჭირიდან გამომდინარე, აუცილებლად კუბოს გარეშე დაიმარხებოდა და მისი გახრწნილი სხეული, ბოლოს და ბოლოს, ნეშომპალად მაინც შეერგებოდა მიწას) თუმცა ბალახის მეტს, ვერავის რომ ვერაფერს დაუტოვებდა, ამან გული ატკინა. ცვლილება იყო საჭირო. იმ ღამით ბევრმა შეკითხვამ შეაწუხა, თუმცა, რა თქმა უნდა, აფორიაქებულმა, აწრიალებულმა ვერცერთს გასცა სათანადო პასუხი (ვერც გასცემდა, რადგან არც ერთ შეკითხვას ზოგადი პასუხი არ გააჩნდა). გადაწყვიტა მეორე დღეს ბევრი მსგავსი სტრიქონი წაეკითხა, რათა, ბოლოს და ბოლოს, ეპოვა საკუთარი არსებობის გამართლება... სადღაც შემთხვევით გადააწყდა სიტყვებს:
                                      "სახრჩობელაზე კიდია კაცი
                                      და სასაცილოდ არ ყოფნით კაცებს."
უცნაურიაო იფიქრა, ადამიანებს ცალ-ცალკე რისაც ეშინიათ, ერთად სასაცილოდ არ ყოფნითო. ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანობა სისულელეა. ერთადერთი გზა შეინარჩუნო ადამიანობა, არის არ იყო ადამის შემცველი, ანუ არ იყო ადამიანი (ადამ"იანი").  პირველად დაფიქრდა ცხოვრებაზე და სწორი დასკვნაც გამოიტანა. ცხოვრება ხომ იმ იდუმალ ხელოვანს გავს, ერთი ხელითა და სინდისით ერთდროულად კუბოსაც რომ ქმნის, და აკვანსაც...ის დღე მთლიანად მსგავსი სტრიქონების კითხვას დაუთმო. ღამით, დაძინება რომ დააპირა, თავი მარტოსულად იგრძნო და ისევ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა გადაწყვიტა, ეს კია, რასაც ჩვეულებრიც ხუთ წუთში ამთავრებდა, ახლა ვერაფრით მოიშორა თავიდან. სურვილის დილეგში ჩავარდნილ ტყვეს დაემსგავსა... გამოსავლის არარსებობის გამო წამოდგა და კალამი აიღო. (დღემდე ვერ ხვდება, რა ეშმაკმა მოუარა) რაღაც აქამდე არ არსებულ განცდას მიენდო და ფურცლის ბოლოში პატარა, წვრილი ასოებით დაჯღაბნა:
                    "ბერწი დღეებით შემდგარი წელი,
                      ჩაივლის ფუჭი იმედით კვლავ და
                      სიკვდილისაგან სიცოცხლეს ველი,
                      რადგან სიცოცხლე, მუდმივად მკლავდა."   

ამ წამიდან გამოვიღვიძებამდე არაფერი ახსოვს. (იმის გარდა, რომ ბნელით მოცულ უფსკრულში თავით მიექანებოდა, თუმცა ეს იმდენად წარმოუდგენლად მიაჩნდა, არაფერი მახსოვსო ფიქრობდა)

*  *  *

გამოეღვიძა თუ არა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა. წარსული ახსოვდა, მაგრამ მასთან ვეღარანაირ კავშირს ვეღარ ხედავდა. ჩვეულებისამებრ გაშალა წიგნი და ცნობისმოყვარეობისაგან გაშტერებული თვალით ამოიკითხა.
                                  "რადგან სიკვდილი დამთავრდა, იმის
                                  ბოლოდან უკვე იწყება ღმერთი."
ვერაფერი გაიგო. სად იყო ღმერთი ?.. კაცმა რომ თქვას, სამართლიანი შეკითხვა გაუჩდა, აკი მისი სიკვდილიც დასრულდა, ღმერთი კი არსად ჩანდა.

*  *  *

ის დღე ნამდვილი ტანჯვა იყო მისთვის. რითაც შორეულ წარსულში (ანუ რამოდენიმე დღის წინ) ჩვეულებრივად კლავდა დროს და სიცოცხლეს დასასრულისაკენ მიერეკებოდა, მსგავსს ვერაფერს დაუდო გული.
რა თქმა უნდა, მიზეზი ვერ იპოვა, რადგან მიზეზი, თერთმეტსართულნაფრენი
განრთხმულიყო ბინძურ მტვერში და სიტყვები : "ბერწი დღეებით შემდგარი წელი..." , ათასი კაცის ფეხით ითელებოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები