ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2016


ქალაქში წვიმს (თბილისური დრამა / თავი I)

  ვფიქრობ, წვიმა ადამიანს ჰგავს. ის ხშირად გვევლინება, თუმცა ერთმა ძლიერმა წვიმამ, შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს. ის მშვიდიცაა და  ამავდროულად დამანგრეველიც, ასე, რომ შეიძლება წარუშლელი კვალი დატოვოს წლების განმავლობაში, სხვა და სხვა სტიქიური მოვლენებით. ადამიანიც ხომ ასეა? ქვეყნად ევლინება პატარა ბავშვი, რომელსაც არავინ უწყის რისი შექმნა, ან პირიქით განადგურება შეუძლია.  შესაძლოა ისტორიული პერსონაც გახდეს, უდიდესი გმირი თავისი ქვეყნის ან ყველაზე უმოწყალო დიქტატორიც კი კაცობრიობის ისტორიაში და ასე დატოვოს ისეთი კვალი, როგორ კვალსაც ტოვებს წვიმა სტიქიის დროს. ჩემთვის კი წვიმა, ფანჯრის მინებზე მოვარდნილი ის წვეთებია, რომელიც ასე მიმოფანტა ქარმა. დიახ, საათობით შემიძლია ვუყურო ამ ყველაფერს და ღია სარკმელთან მდგომი, ღრმად ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი. შევეხო წვიმის წვეთებს და ამ თითქოს უბრალო ქმედებამ, არა ერთი ემოცია აღძრას ჩემში. იცით მე არც გმირი ვარ და არც დიქტატორი, თუმცა წვიმა ძალიან მიყვარს. ერთადერთი რისი სურვილიც მაქვს ცოტა უცნაურია, მაგრამ მინდა ,რომ ჩემი სახელი და გვარი ისე უმნიშვნელოდ და უკვალოდ არ გაქრეს, როგორც წვიმა ქრება, ხანგძლივი დროის შემდეგ უკვალოდ. ვცდილობ ბევრი რამ მოვასწრო ცხოვრებაში და  ეს ამოუწურავი ენერგია გარკვეულ საქმეს მოვახმარო. ამჟამად ერთ-ერთი თეატრის მსახიობი ვარ, თუმცა არც ეს მომხდარა ასე მარტივად. უბრალოდ იქ ყველაფერია იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინო. თეატრის სცენაზე გაცოცხლებული ამბები ხომ, იმდენად ჰგავს რეალურ ცხოვრებას, რომ თანამედროვე დროში, მსახიობებს აღარ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა, ამა თუ იმ როლის შესასრულებლად. 3 წელია რაც მსახიობი გავხდი, თუმცა ჩემში ბევრად ადრე შეამოაღწია ხელოვნების სიყვარულმა. სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე აღმოვჩნდი სცენაზე, თუმცა, ეს არ ყოფილა თეატრალური უნივერსიტეტის დამსახურება, საერთო ჯამში უსახსრობის გამო, საბუთები არც შემიტანია იქ, უბრალოდ ერთმა კარგმა ადამიანმა, წლებით ადრე შენიშნა ჩემი ტალანტი და სხვა და სხვა რეჟისორებთან დიდი ხვეწნა მუდარისა და თავდაუზოგავი ენთუზიაზმის შემდეგ, მომახვედრა კიდეც ამ სცენაზე. საკმაოდ მოკლე ხანში მოლოდინებიც გავუმართლე და ერთ-ერთ დასშიც წარმატებით ჩავირიცხე. შემდეგ მეორე ხარისხოვანი როლი მომცეს და კარგად მახსოვს, ეს იყო დადგმა "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", XV საუკუნის ცხოვრება, გადმოტანილი სცენაზე და ჰიუგოს ეს უკვდავი ნაწარმოები ნამდვილად ფანტასტიური გამოვიდა და პრემიერაც სრული ანშლაგით შედგა. სწორედ მაშინ ვიგრძენი ,თუ რა უდიდესი ძალა ჰქონია პუბლიკიდან წამოსულ იმ სიყვარულს, რომელიც შენში იჭრება და მხურვალე ტაშის ფონზე, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას სხეულში.
ყველაფერი კი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი თეატრის რეჟისორის ასისტეტთან, შესარჩევ გასაუბრებაზე დამიბარეს. თეატრი თბილისის ერთ ძველ უბანში მდებარეობდა, ხოლო მისი ეს უძველესი არქიტექტურა, თავიდანვე ამაღელვებელი გახდა ჩემთვის, ხოლო რაც შეეხება შეხვედრას, ახლაც კი მახსოვს იმ კვამლის უსიამოვნო სუნი, რომელსაც მთელი ოთახი მოეცვა. მამაკაცი კი მიმოდიოდა აქეთ-იქით და ასეთი ფორმით, მისვამდა უამრავ კითხვას ჩემს შესახებ.
-ესე იგი, გაგა ხომ?
-გეგა...
-ხო გეგა. აბა რას მეტყვი შენს შესახებ?-უმეტყველო მზერით შემომხედა და რიგით მერამდენე ღერს გადაუკიდა, ვერ გეტყვით.
-ვარ, გეგა... ბახტაძე. 20 წლის და სწავლის გაგრძელება მსურს თქვენთან.
-რატომ მსახიობობა?
-უკაცრავად?- ცოტათი დამაბნია მისმა კითხვამ
-რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
-იმიტომ რომ მსახიობი ვარ.
-სადმე გითამაშიათ?
-არსად.
-აკი მსახიობი ვარო?
-მე ვგრძნობ ამას.
-მსახიობობას? -უცნაურად ჩაეცინა მამაკაცს.
-დიახ.
-თქვენ უნდა განასახიეროთ არა ერთი პერსონაჟი. უნდა გააცოცხლოთ ეს ყველაფერი სცენაზე, თქვენ კიდევ მხოლოდ და მხოლოდ გრძნობთ ამას. გამოცდილება კი საერთოდ არ გქონიათ.
-მთავარი ხომ გრძნობაა?
-უკაცრავად?!-ვატყობ, რომ ამჯერად თვითონ დაიბნა, ჩემი პასუხით.
-მე შემიძლია შევიგრძნო ყოველი როლი, ყოველი სიტყვა და ემოცია. მსახიობობა კი გაცოცხლებული ემოციებია ხომ? როგორ შეიძლება გრძნობების გარეშე ითამაშო სცენაზე, მე კიდევ ვგრძნობ თქო, ამ ყველაფერს. მე მსახიობი ვარ.
მამაკაცმა რაღაც დროის მანძილზე, მშვიდად მიყურა თვალებში, ღრმა ნაფაზის შემდეგ კი გაეღიმა და განაგრძო:
-თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ, ჩავთვალოთ, რომ ეს გასაუბრება უბრალოდ ფორმალობაა და სხვა არაფერი.
-ესე იგი ამიყვანთ?
-რა განიჭებთ, ყველაზე დიდ ბედნიერებას? -მოკლედ მომიჭრა კითხვა.
-მეგობრები და ...
-ადამიანებზე არ ვსაუბრობ, გეგა. ისე ზოგადად?
-წვიმა.
მოულოდნელად, გულიანად გადაიხარხარა და ისევ ჩემსკენ შემოტრიალდა -ესე იგი ცუდია, რომ ხშირად არ წვიმს ხომ?
-რა ვიცი, ალბათ-მხრები ავიჩეჩე მეც.
-და ბედნიერი ხარ მაშინ როდესაც...
-დიახ, როდესაც ქალაქში წვიმს.

                                                                                                              ***
  ასეთ არა პროგნოზირებად სიტუაციებში ხშირად აღმოვჩენილვარ, თუმცა უკან დაბრუნებულს უცნაური გრძნობა დამეუფლა, რომელიც რატომღაც ჩემს ბავშვობის წლებს მახსენებდა. იქაურობა იმდენად ჰგავდა 90-იანების პერიოდში შეჩერებულ დროს, რომ თვალთ წარმომიდგა ის გრძელი, ვიტყოდი უსასრულოდ ბნელი წლები. ალბათ იმ ოთახის სიძველემ, ან არქიტექტურულმა ნიმუშებმა გამოიწვია ეს ყველაფერი თუმცა, გზად მახსენდებოდა ყოველი დღე და ყოველი ღამე. მახსოვს მაშინ თბილისში ახალი ჩამოსულები ვიყავით მე და მამა, როდესაც ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ცხოვრება ძალიან გაჭირდა და საკვები თითქმის არც იშოვებოდა თუ არ ჩავთვლით პურის დაუსრულებელ რიგებს, რომელსაც უამრავი მაცხოვრებელი აწყდებოდა სხვა და სხვა მხრიდან და ასე არღვევდნენ ხელოვნურად შექმნილ "ვითომ" ბარიერებს. შინ დაბრუნებულს კი, არც შუქი და არც წყალი გვხვდებოდა. ეს ყველაფერი რაღაც ჯაჭვურად იყო ერთმანეთზე გადაბმული და სიტყვაზე, თუ გვქონდა სინათლე, არ გვქონდა წყალი ან პირიქით, გვქონდა წყალი, მაგრამ არა სინათლე. რა დამავიწყებს თუნდაც იმ საბჭოთა მწვანე და ცისფერი ფერის “ტეტრადებს” და გაყინულ საკლასო ოთახებს. ან და ქუჩაში "მოდერნ თოქინგის" აჟღერებულ ჰანგებზე, გაურკვეველი მიმართულებით მორბენალ, ასევე გაურკვეველი დანიშნულების მქონე 16-17 წლის ბიჭებს, ე.წ "კულინარიელებს". ეს იყო შავ-თეთრი ეპოქა, რომლემაც ამდენი რამ შემოინახა გონებაში, მაგრამ დაუჯერებლად მოგეჩვენებათ თუ გეტყვით, რომ მაშინ ბევრად უფრო დიდი სიყვარული და პატივესცემა იყო ხალხში, ვიდრე ახლაა. უშუქობისა და პურის რიგების მიუხედავად, ეს ასე იყო ან ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში ლაგდებოდა შავ-თეთრი კადრები, ასეთ ლამაზ ფერებში, რასაც სიყვარულს ვეძახდი. ყველანი ძალიან ყურადღებიანი იყვნენ ჩემი და მამაჩემის მიმართ. ხშირად გვაწვდიდნენ საკვებს და ერთ მუშტად შეკრულ სამეზობლოს, დღიდან დღემდე ასე გავქონდა თავი, უკეთესობის მოლოდინში. დედა თითქმის არც მახსოვს, რადგან ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი როდესაც ის დაიღუპა. ამის შემდეგ მამამ მიატოვა ჩვენი კუთხე და ამ არეულობისდა მიუხედავად აქეთ წამოვედით საცხოვრებლად. როგორც შემდგომ გავიგე, იქ სახლი გაუყიდია და სწორედ იმ ფულით გადმოვსახლით ქალაქში. ალბათ ნანობდა კიდეც, რომ პატარა შვილით ამ ქაოტურ სიტუაციაში ამოყო თავი თუმცა უკან დასახევი გზა აღარც ჰქონია. მე ვამაყობ მისით რომ ასე უდრეკად იდგა და თვალს უსწორებდა რეალობას ,რომელიც მის თვალწინ იშლებოდა "საბჭოთა ხელისუფლების" ხელით. თითქოს ამით მისი შვილის მომავალიც ინგრეოდა, რადგან იმედი როგორც ასეთი სიტყვა, - სიტყვადაც კი აღარ გამოიყენებდნენ მაშინ. თუმცა ეს ყველაფერი დასრულდა და ახლა თავად ვიკლევ გზას, შავ-თეთრი ბავშვობიდან დიდ სცენამდე, რასაც თეატრი ჰქვია. დიდად არც ამის მომხრე ყოფილა მამაჩემი, თუმცა სწორედ მისი სკოლის დროინდელი მეგობრის დახმარებით აღმოვჩნდი სცენაზე და სწორედ მასზე მიმითითა ასისტენტმა გასაუბრების დროს, რომ არიან ადამიანები რომლებიც დიდ პოტენციალს ხედავდნენ ჩემში. ხო და მეც აქ ვარ ამ სცენაზე. გასაუბრების შემდგომ მალევე დამიკავშირდნენ და როლზეც დამამტკიცეს. დანარჩენი კი თავისთავად აეწყო. შევიძინე მეგობრები და ყოველდღიურად ვიზრდები ,როგორც მსახიობი. მაქვს უამრავ გამოცდილ ადამიანთან შეხება, რაც რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტს მმატებს, როგორც ხელოვანს. მიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებსა და ხედვებს, ყოველი დეტალებისა თუ ნიუანსების მიმართ. დღის ბოლოს კი ემოციებით სრულად დატვირთული ვბრუნდები სახლში, სადაც მელოდება მშობელი, რომელმაც ჩემთან ერთად განვლო პერიოდი დაღმასვლიდან - აღმასვლამდე. ლამფის შუქთან შექმნილი ჩვენი ოცნებები და დღემდე გაურკვეველ ადგილზე მდებარე "მეცხრე ბლოკი". ასეა თუ ისე, არის რაღაცეები რაც ტკბილადაც მახსენდება, ხოლო დროთა განმავლობაში სიტუაციაც შედარებით დალაგდა, თუმცა არა ჩემი ოჯახისთვის. იმ განუკითხაობის პერიოდში მამაჩემს უფროსი ძმა მოუკლეს, რის შემდეგაც ძმისშვილის აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. ხანდახან იმაზეც კი მიფიქრია რომ მამაჩემი და ლაშა ბევრად უფრო გავდნენ ერთმანეთს ვიდრე, მე და მამა. წლებთან ერთად ის უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან ვიდრე მე. ახლა უკვე საერთო საქმიანობაც წამოიწყეს ოჯახური ბიზნესის სახით, რაზედაც თავიდანვე უარი ვთქვი თეატრში დატვირთული რეჟიმისდა გამო. ალბათ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ვერ ეგუება მამა ჩემს პროფესიას. მე კი შეუპოვრად განვაგრძობ გზას ჩემი ოცნებებისკენ.

                                                                                                            ***
თბილისი

(ჩვენი დრო) 

ერთ დილასაც გზად მიმავალს  შევამჩნიე, რომ თეატრის მახლობლად უამრავი ადამიანი ირეოდა. იქ იყვნენ სტუდენტები, მეგობრები და მათ შორის ბევრი უცხო სახეც. ცოტათი გამაკვირდა ასეთ დროს მათი გარეთ ხილვა თუმცა არ შევიმჩნიე და ჩვეულებრივ განვაგრძე გზა. უკნიდან მალევე ნაცნობი ხმაც შემომესმა. ეს ჩემი დასელი და უახლოესი მეგობარი, ნიკა იყო, რომელმაც შორიდან შემნიშნა და მაშინვე წამომეწია.
-აქ რა ხდება?- ვკითხე მას.
-ვიღაც უცხოელები არიან, ზუსტად არ ვიცი...
-მერე?
-საერთაშორისო კონკურსი მზადდება და ხალხს ეძებენ სეზონისთვის.
-სხვა და სხვა თეატრებიდან?
-ზუსტად არ ვიცი თქო, მგონი მარტო ჩვენგან არჩევენ.
-და ესენი?-ახალგაზრდებზე ვანიშნე.
-თვითონ შიგნით არიან. ჩვენ კიდევ არ გვიშვებენ, ჯერჯერობით... ხო მართლა, ის კაცი გკითხულობდა. -შესასვლელთან მდგარ, არჩილზე მიმითითა რომელიც სწორედ ის, არჩილია, ვისი დამსახურებითაც აღმოვჩნდი აქ.
-დიდი ხანია, აქ არის?
-საკმაოდ.
-კაი მაშინ მერე გნახავ...-და პირდაპირ მისკენ გავემართე.
-მიდი...


-გეგა - სწრაფად მომიახლოვდა და ხელკავ გაყრილი სტუდენტებისგან მოშორებით გამიყვანა - სალაპარაკო გვაქვს.
-რა ხდება, აბა?
-მოკლედ, ესენი სერიოზული ხალხი არიან და აპირებენ...
-ეგ უკვე გავიგე - მოკლედ მოვუჭერი.
-ხოდა შენ მინდა, რომ აღმოჩნდე მათ დასში. ხელმძღვანელობას ველაპარაკე...
-არჩილ, მე აქ მინდა ყოფნა. კოლექტივს შევეწყე და ყველაფერი ნორმალურად ხდება.
-კი მაგრამ, ის მხოლოდ ერთი სეზონი გრძელდება.
-ჯერ ეს ესაა სცენაზე დავდექი, ისინი არ მოგცემენ ამის საშუალებას.
-ვინ ისინი?
-ხელმძღვანელობა.
-ეგ მოგვარებადია...
-ვინ წაიყვანს მეორე ხარისხოვან მსახიობს თავის დასში?!
-მივხედავ თქო, ხომ გითხარი.
-არ ვიცი. ასე აღარ მინდა...
-ვერ გავიგე, გეგა?!
-თავად მინდა წარმატებას მივაღწიო.
-ისევ იჩხუბეთ ხომ სახლში?- ფრთხილად მომიახლოვდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ეგ არაფერ შუაშია.
-გეგა მომისმინე! რა დროც არ უნდა გავიდეს, მამაშენი მაინც ვერ მიხვდება, თუ რატომ არის სცენა ასეთი მნიშვნელოვანი, შენთვის. მას ძალიან ვაფასებ და ეს შენც იცი....
-ვიცი.
-მაგრამ, მისი ბრალი არ არის, რომ ასეთი გახდა. ასე რომ იფიქრე ჩემს ნათქვამზე. ახლა  კი ერთ ადგილას ვარ მისასვლელი, საღამომდე შენ გადაწყვიტე და დამიკავშირდი. -სიტყვის დასასრულს, გზის მეორე მხარეს გადავიდა და გზას მშვიდად გაუყვა, როგორც ახასიათებდა ხოლმე. მშვიდი, დაბლა დახრილი მზერით.
-არჩილ...-მოულოდნელად მისკენ მივტრიალდი და...- რატომ მაინც და მაინც მე?
-ეგ ღმერთმა იცის, გეგა-გამიღიმა და მეტი არც არაფერი უთქვამს. მოგვიანებით რეპეტიციაც გადაიდო და სრულ გაურკვევლობაში მყოფები, სახლისკენ დავიშალეთ. შინ მისულს კი ორივენი სახლში დამხვდნენ.

-კარგ დროს მოხვედი. -მაგიდისკენ მიმითითა მამამ, რომელიც ლაშასთან ერთად სადილისთვის ემზადებოდა -სკამი მოსწიე და ჩვენთან დაჯექი.
-არ მშია -პიჯაკი შემოსასვლელში ჩამოვკიდე და ოთახისკენ გავეშურე.
-მოხდა რამე? 
-მერე ვილაპარაკოთ, ოთახში შევალ.
-ცოტა ხნით დაგველაპარაკე-მითხრა ლაშამ, ბოთლი აიღო და ჭიქაში ღვინო ჩამომისხა. -მოდი, გესიამოვნება.
-გეგა...
-რაღაც კარგი ვარიანტი გამოჩნდა - შესვლა გადავიფიქრე და მათ მივუახლოვდი.
-თეატრში?
-ხო, თეატრში.
-რა ხდება?
-ზუსტად არც ვიცი მაგრამ, როგორც, არჩილმა მითხრა, თუ ყველაფერი გამოვიდა ზაფხულში ერთი თვით წასვლა მომიწევს.
-სად?-ჩამეძია ლაშა.
-საზღვარგარეთ. რაღაც საერთაშორისო კონკურსია და ქართული თეატრიც იღებს მონაწილეობას.
-კი მაგრამ, ზაფხულში ჩვენთანაც ბევრი საქმეა -გარკვირვებულმა მამაჩემმა ხელები გაშალა და თან ლაშას გადახედა.
-თქვენ ხომ ორნიც მშვენივრად ართმევთ თავს?
-მერე ეს იმას არ ნიშნავს, რომ წახვიდე და მშობელი აქ დატოვო, რომელსაც ასე ჭირდები.
-ეს მნიშვნელოვანია-ვუთხარი მე
-და მამაშენი?
-რას გულისხმობ?
-მამაშენი არ არის მნიშვნელოვანი?- ჭიქა გვერდზე გაწია და მაგიდაზე ხელებ დაყრდნობით ფეხზე წამოდგა ლაშა. -ამდენი ხანი არაფერს ვამბობდი და აჰაა... მიდიხარ ხომ?
-შენ ნუ ერევი!
-მე დიდი ხანია უკვე ჩარეული ვარ ამ საქმეში, თუმცა შენ არა. კითხე მამაშენს თუ რა გარჯა გვიწევს ამ ყველაფრისთვის.
-თავად გადავწყვიტავთ ყველაფერს თქო!- წუთით სიბრაზე მომერია და მისკენ გავიწიე
-გეგა!.. - მაგიდაზე მუშტის ძლიერი დარტყმით, მამაც ფეხზე წამოიჭრა -საკმარისია უკვე...
-შენ როგორ მელაპარაკები მამაზე, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა ჩემთვის. -ვუპასუხე მას.
-ჩემთვისაც, გეგა ჩემთვისაც და სწორედ ამიტომ გელაპარაკები.
-და რას მეუბნები, რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს? ამას მეუბნები?
-ორივენი ახლავე დასხედით- იყვირა მამამ და წუთით სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ასე ვიდექით უმეტყველოდ ერთმანეთის პირისპირ, შემდეგ კი უხმოდ მივუჯექი მაგიდას. -არჩილს მე დაველაპარაკები... -ბოლოს ისევ თავად განაგრძო
-არჩილისგან რა გინდა?
-ავუხსნი, რომ ოჯახში რთული პერიოდი გვაქვს და არ გამოვა ეგ საქმე.
-ჯერ არც არაფერი ხდება.
-რომც მოხდეს, გეგა. წინასწარ ხომ უნდა იცოდეს კაცმა?! 
-ის არაფერ შუაშია თქო. მამა მე თვითონ მინდა იქ წასვლა.
-შვილო მომისმინე, ხომ შეგიძლია?
-შენ არ მისმენ მამა. ვერ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩემთვის?
-რაღაც მიზერულ ხელფასზე მუშაობა? -უსიამოვნოდ გაეღიმა ლაშას.
  აღარაფერი მითქვამს მათთვის. წამით გადავხედე ორივეს და ცივად გავედი ოთახიდან, ისინი კი სუფრასთან დავტოვე. ასეთ სცენებს უკვე დიდი ხანია შევეჩვიე ,თუმცა მათთან რაღაცის მტკიცების სურვილი უკვე აღარ მქონდა. პიჯაკს მოვკიდე ხელი და გარეთ გავედი. ვიფიქრე ცოტა ხნით მარტოდ დარჩენილი, დავფიქრედებოდი ყველაფერზე იმის იმედით, რომ ისინიც ასევე დაფიქრდებოდნენ ჩემს ნათქვამზე, სახლიდან წამოსვლის შემდგომ.

                 
                                                                                                        (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები