ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2016


მელანოMANia

"რაც ნაკლებად თვლიან თავს ცოდვილად, მით მეტად ცოდვილნი არიან".
წმინდა იოანე ოქროპირი
ბართლომე (თავი მესამე)
აი, მეორე ისტორიის მოსაყოლადაც მოვიცალე, თუმცა ეს ამბავი მელანოსთვის მოთხრობილი მაქვს,
მკითხველისთვის მაინც საინტერესო იქნება, თან ხომ გსმენიათ: "repetitio est mater studiorum",
აქ, ამ ისტორიაში ზღვარი გაივლება ჩემს არარაობასა და რაობას შორის,
თქვენ კი მორიგი შტრიხის დაჭერას შეძლებთ ჩემი პორტრეტის თქვენეული ვერსიის დახატვისათვის.
რა თქმა უნდა ეს ამბავიც კაზინოში გადამხდა თავს.
შენობა ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთში ტოტალიზატორი იმართებოდა,
ხოლო მეორე გადავსებული იყო ჭრელა-ჭრულა სლოტ აპარატებით, რომელთა ციმციმიც თვალს მჭრიდა
და ნერწყვს ვყლაპავდი, ისე მინდოდა თამაში.
ბილეთს ვგულშემატკივრობდი ხალხით გადავსებულ ტოტალიზატორში,
ვისაც სკამი აღარ გვერგო ფეხზე დამდგარი ვქომაგობდით საყვარელ,
უფრო ხშირად კი ბილეთში მითითებულ ნებისმიერ გუნდს.
ჩემს წინ არცთუ დაბალი აღნაგობის, მხრებში მოხრილი, თმაგაჩეჩილი ბიჭი იდგა,
ფულს ითვლიდა და ათ ლარიანი ჩამოუვარდა მეტ-ნაკლებად მცირედი დასტიდან,
ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ ითვლიდა, ეტყობა ბლომად თანხას აგებდა და ძალიან ნერვიულობდა,
ასეთ დროს დარჩენილი ფულის თვლა მოთამაშეთა წესია.
"დასტას გამორიყული კუპიურა" პირდაპირ ჩემს მარჯვენა ფეხთან აღმოჩნდა, არ ვიცი რა დამემართა,
თითქოს გული გამიჩერდა და აკ. წერეთლის სახე 42 სმ-ით საიმედოდ გადავფარე და ქანდაკებასავით გავშეშდი.
დაახლოებით 17-18 წუთი ასე გაყინული ვიდექი და დღემდე, ეს ყველაზე მტანჯველი წუთებია ჩემთვის,
როცა საკუთარ სიმცირეს და არარაობას სულ უფრო ახლოდან ვუცქერდი და ვაკვირდებოდი,
ხოლო თვალებში საბოლოოდ მაშინ ჩავხედე, როცა ყურთან ჩურჩული გაისმა: " აიღე ბართლომე, მას არაფერი უნახავს",
თუმცა ხმა ამჯერად შინაგანი არ ყოფილა და მეგობარმა გააჟღერა ჩემს გადახურებულ და ოფლიან კეფასთან.
მერამდენედ წამომასხა ცივმა ოფლმა. პირი გამიშრა. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა იმ მომენტში და ერთიანად ჩავეყლაპე,
მაგრამ რას გავაწყობდი, უხერხულად დავიხარე, "აკაკის" ჩემი მარჯვენა ფეხი მოვაცილე და
ფული თვალის დახამხამებაში ჯიბეში მოვითავსე.
ბუნებრივია, "ნადავლი" შუაზე უნდა გამეყო, ასეც მოვიქეცი, პატივცემული "აკაკი" "ჯავახიშვილებად" დავახურდავე,
ზუსტად 15 წამში წავაგე ჩემი წილი ერთ-ერთ სლოტ აპარატზე, რათა იქაურობას დროულად გავცლოდი.
იმ ღამით თვითმკვლელობაზე ყველაზე მეტხანს ვფიქრობდი,
მაგრამ აქაც ჩემმა სიმხდალემ მიშველა და გამთენიისას ამგვარ ფიქრებში გართულს,
რის ვაი-ვაგლახით ტანსაცმლიანად მიმეძინა სავარძელში.
ამ ისტორიის დასასრულს მეოთხე თავში მოგახსენებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები