ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2016


მელანოMANia

"მხოლოდ ოცნება გვაიძულებს, შევურიგდეთ სინამდვილეს."
ერიხ მარია რემარკი
მელანო (თავი მეშვიდე)
მელანომ და მე ვიჩხუბეთ, სწორედ ამიტომ არ ვჩანდი...
თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებაში სასიკეთო ძვრებიც დაიწყო.
სრულიად მოულოდნელად სამსახური გამომიჩნდა ჩემთვის უცნობ და ამავე დროს,
აზარტული საქმიანობის სფეროში.
დღეიდან, სადაზღვევო აგენტის პროფესიას უნდა დავეუფლო.
პროფესია ხმამაღალი ნათქვამია, რაკიღა ნებისმიერს, ვისაც სურვილი და ე.წ. "skills" გააჩნია,
შეუძლია სცადოს ბედი ამ მეტად გამომწვევ და საინტერესო საქმიანობაში.
რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ავტომობილების დაზღვევა მევალება,
ეს იმ ვითარების საპირწონედ, რომ აქამდე საჭესთანაც არ მჯდარვარ,
დასაქოქ მანქანაშიც კი, თუმცა ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით
და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, უკეთ რომ ითქვას:
"Si vis pacem, para bellum."
ჩემთვის სრულიად უცხო და არაფრისმთქმელ ფრაზებს ალილუიასავით ვიზეპირებ
და "პირველი ნადავლის" მოლოდინში ვარ, თევზაობას ჰგავს ეს ყველაფერი,
თუმცა გარინდული მეთევზის ნაცვლად, პირში საღერღელაშლილი ორატორი
და ცბიერი დიპლომატი უნდა იყო.
ჩემს სადაზღვევო ისტორიებზე საუბარს სხვა დროსაც მოვახერხებთ,
რადგან იქიდან წასასვლელი არსად მაქვს, შესაბამისად სათქმელიც დამიგროვდება ადრე თუ გვიან,
თქვენამდე მოსატანი.
მელანოს მივუბრუნდეთ.
ქუჩის სკვერებიდან პირდაპირ მის სახლში გადავინაცვლე.
მელანო ზემო ბახტრიონზე ცხოვრობს, შესაძლოა ითქვას,
რომ ფანასკერტელის ქუჩელია სანახევროდ.
მთელი ზაფხული გრილ და ნათელ ოთახებიან ბინაში გავატარეთ, თან ისე,
რომ ვერც ვიგრძენით "ფერიცვალების" მოახლოვება.
პირველი ვიზიტისას მეგონა, რომ მსგავსი შეხვედრა აღარასდროს განმეორდებოდა,
მაგრამ ყოველ შემდეგ ჯერზე ვაცნობიერებდი, რომ ვიწამლებოდი მისით
და ეს მომაკვდინებელ სიამოვნებას მგვრიდა.
"Infected mushroom" ასე შევარქვი მელანოს, თუმცა არასოდეს უკითხავს ამ სიტყვების განმარტება,
ალბათ იცოდა და სწორედ ამიტომაც სდუმდა.
ვიჩხუბეთ მეთქი, ზემოთ ვთქვი, თუმცა იქამდე მოსაყოლი იმდენია,
რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
ყოველი ვიზიტი გათენებამდე მისულ ალერსსა და ხვევნა-კოცნაში გადიოდა.
რა თქმა უნდა არასოდეს გვყოფნიდა ერთმანეთი და მეტადრე დრო,
ეგ ხომ ისედაც არავის ყოფნის ამ რუტინულ
და ერთფეროვან ყოფაში.
მისი სახლიდან ფეხაკრეფით გამოსულს არაერთხელ მითქვამს გულში გიორგი საჯაიას სიტყვები:
"ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული"...
მერე კი:
"და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!"
თუმცა უახლოეს ტაქსოპარკამდე ძაღლების გაბმული ყეფა მაცილებდა ხოლმე,
არად ვაგდებდი ოთხფეხების ღამისეულ ბორგვას
და გამთენიისას უკვე სახლში ვიყავი, როგორც წესი,
იქვე, ნუცუბიძეზე.
ერთხელაც, მორიგი ვიზიტისას, მელანომ თავისი წარსული ცხოვრების შესახებ მიამბო
და ის ღამე ყველაზე მოკლე გამოდგა განვლილ ღამეთა შორის.
მელანოს ნაამბობს კარგად გავიხსენებ და შემდეგ თავში მოგიყვებით მასზე, მის გარეშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები